კვების დარღვევა ბავშვებში - მიზეზები და რეკომენდაციები

გააზიარე:

კვება კომპლექსური პროცესია, რომელიც სხეულის სხვადასხვა სისტემის ურთიერთშეთანხმებულ მუშაობას მოითხოვს, ეს კოორდინირებული თანამშრომლობა კი ბავშვობაში შეძენილ უნარებს ემყარება. კვების ჯაჭვის რომელიმე რგოლის მუშაობის შეფერხება კვების დარღვევას და მასთან დაკავშირებულ გართულებებს იწვევს.

განვითარების პედიატრი/ნეონატოლოგი ირმა გოცირიძე ამბობს, რომ, ეპიდემიოლოგიური კვლევების თანახმად, ბავშვების 25%-ს კვების ესა თუ ის დარღვევა აღენიშნება, განვითარების შეფერხების დროს კი მაჩვენებელი 80%-მდე იზრდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, პედიატრიულ ასაკში კვებითი დარღვევა არის სამედიცინო მდგომარეობა, როდესაც ბავშვი თავს არიდებს`ვერ იღებს განსაზღვრულ საკვებს.

კვებითი დარღვევის მიზეზის დასადგენად ფაქტორთა ოთხი ძირითადი ჯგუფის განხილვაა საჭირო. ესენია სამედიცინო ფაქტორები, ფსიქოსოციალური ფაქტორები, ნუტრიენტების ხელმისაწვდომობა და კვების უნარები. მათ შორის ყოველთვის მჭიდრო კავშირია, შესაბამისად, ერთი ჯგუფის ფაქტორთა უარყოფითი გავლენა ყველა დანარჩენზე აისახება.

– რატომ ვანიჭებთ ესოდენ დიდ მნიშვნელობას დაბალანსებულ კვებას?

– სწორი კვება ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია. ის უზრუნველყოფს ბავშვის სხეულს სასიცოცხლოდ აუცილებელი ნუტრიენტებით (მინერალებით, ვიტამინებით), აძლევს ფუნქციონირებისთვის საჭირო ძალასა და ენერგიას, ეწევა შესაძლო დაავადებების (მაგალითად, დიაბეტის, სიმსუქნის, კიბოს) პრევენციას.

– არსებობს თუ არა ყოველდღიური ნორმა?

– ბავშვთა კვება ყოველთვის აქტუალური თემა იყო და დღემდე ასეთია. მრავალი სერიოზული საერთაშორისო სამედიცინო კვლევითი ორგანიზაცია მუშაობს ამ კუთხით, ადგენს სტანდარტებსა და რეკომენდაციებს.

ბავშვის მოზარდ ორგანიზმს სწორი განვითარებისთვის სჭირდება ასაკის შესაბამისი რაოდენობის კალორია, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები.

სიცოცხლის პირველ დღეებში ხდება ახალშობილის ადაპტაცია გარემოსთან, მიმდინარეობს საკვების (ბუნებრივის, ხელოვნურის) შერჩევა. თუ ბავშვი ჭამის შემდეგ არ ჭირვეულობს და მალე იძინებს – ესე იგი საკვები ჰყოფნის.

2-დან 4 თვემდე დედის რძის ან ხელოვნური საკვების მასა, რომელსაც ბავშვი დღე-ღამეში იღებს, მისი სხეულის მასის დახლოებით 1`6-ს უნდა შეადგენდეს.

5-6 თვიდან ვიწყებთ დამატებითი საკვების მიცემას და ბავშვი საშუალოდ 5-ჯერად კვებაზე გადაგვყავს.

6-8 თვიდან ბავშვმა დღე-ღამეში 1000-1100 მლ საკვები უნდა მიიღოს. აქედან მხოლოდ ნახევარი უნდა იყოს დედის რძე ან ხელოვნური ნარევი, ნახევარს კი შეადგენდეს ბოსტნეული, ხორცი, ხილფაფა, ხაჭო, ბურღულის ფაფა, კვერცხის გული და წვენი.

9 თვიდან ბავშვის ყოველდღიური რაციონი ნელ-ნელა ემსგავსება ზრდასრულის მენიუს. 1 წლამდე ის საშუალოდ 1200-1300 მლ საკვებს იღებს.

2 წლის ბავშვის მენიუ არა მარტო მრავალფეროვანი, არამედ სწორად დაბალანსებულიც უნდა იყოს. მაგალითად, თევზისა და ხორცის გარნირად უნდა მოვუმზადოთ არა კარტოფილი, არამედ ბრინჯი. კუჭში დუღილის პროცესის თავიდან ასაცილებლად ხილი არ უნდა მივცეთ უშუალოდ ჭამის შემდეგ. 2 წლიდან გადავდივართ სამ-ოთხჯერად სრულფასოვან კვებაზე, შუალედებში ორჯერადი წახემსებით (ხილიც ხემსში შედის).

4-5 წლის ბავშვი დღეში საშუალოდ 2000 მლ საკვებს უნდა იღებდეს. მოცულობა უმჯობესია ასე განაწილდეს: 30% – საუზმე, 35% – სადილი, 20% – ვახშამი.

მნიშვნელოვანია, ჯანმრთელი კვება უწყვეტ პროცესად განვიხილოთ. შინ თუ საბავშვო ბაღში ის ერთსა და იმავე პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. უფროსების (მშობლებისა და აღმზრდელების) პირადი მაგალითი ბავშვების სწავლებისა და წახალისების საუკეთესო საშუალებაა.

ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს საკვები ოთხივე ძირითადი ჯგუფიდან. ეს ჯგუფებია:

ა) ხილი და ბოსტნეული;

ბ) პურეული, ბურღულეული (კარგი იქნება, თუ ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა დაუცეხვავ მარცვლეულზე გადავიყვანთ);

გ) რძე და რძის ნაწარმი, სასურველია, დაბალი ცხიმიანობისა;

დ) საქონლის მჭლე ხორცი, ფრინველის ხორცი, თევზი, კვერცხი, პარკოსნები, თხილეული.

– რატომ ამბობს ჩვილი ჭამაზე უარს?

– მიზეზი ბევრია. მაგალითად, დედა შფოთავს, ღელავს, სადღაც ჩქარობს; რძემ გემო იცვალა (დედის ჰორმონების სიჭარბის ან მავნე ჩვევების გამო); საკვებმა ალერგიული რეაქცია გამოიწვია; ამოჭრა დაიწყო კბილებმა; ბავშვი ძუძუს მოაშორეს და ჭამაზე უარით გამოხატავს პროტესტს; სცხელა ან სცივა; ვაქცინაციის გამო გაღიზიანებულია და მადა არ აქვს.

– რა იწვევს გარდატეხის ასაკში კვებით დარღვევებს?

– არსებობს მოსაზრება, რომ კვების დარღვევებს ასაკობრივი თავისებურებებიც ახასიათებს. 11 წლამდე წინა პლანზეა სამედიცინო პრობლემები, პრეტენზიული, რეზისტენტული და სელექტიური ჭამა, საკვების ფობია (ამ ცნებათა განმარტებას ქვემოთ შემოგთავაზებთ) და ემოციური აშლილობა, ხოლო 11-12 წლიდან – ფსიქოემოციური პრობლემები, რომლებსაც ნერვულ ანორექსიამდე, ბულემიამდე და კომპულსიურ (უკონტროლო) გადაჭარბებულ კვებამდე მივყავართ.

კვების ქცევითი დარღვევები, თავის მხრივ, რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: გენეტიკურ განწყობაზე, ემოციებსა და ბავშვობის ასაკში ჩამოყალიბებულ ქცევებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, ასეთ პაციენტებს დროულად გაეწიოთ ადეკვატური დახმარება: ჩაუტარდეთ ქცევის მაკორეგირებელი თერაპია, მიეცეთ კვებითი რეკომენდაციები, საჭიროების შემთხვევაში დაენიშნოთ სათანადო მედიკამენტები.

მნიშვნელოვანი ცნებები

– როდესაც ბავშვი უარს ამბობს ახალი, უცნობი პროდუქტის გასინჯვაზე, საქმე გვაქვს ნეოფობიასთან. ის უმთავრესად 18-24 თვის ასაკში იჩენს თავს და შესაძლოა რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა და წლებიც კი გაგრძელდეს. სანამ სამედიცინო თუ ფსიქოემოციური ფაქტორების შესწავლაზე გადავიდოდეთ, უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკი და სოციალური გარემო, ოჯახი, სადაც ის იზრდება და ატარებს დროის უმეტეს ნაწილს.

“პრეტენზიულ მჭამელებს” უწოდებენ ბავშვებს, რომლებიც ძალიან ცოტას ჭამენ. ეს ტერმინი ნეოფობიასაც მოიცავს. მის გადასალახავად ერთი და იმავე პროდუქტის ხშირად შეთავაზებაა საჭირო. მეორე მხრივ, თუ მეტისმეტად ხშირად შესთავაზებთ, შესაძლოა, ბავშვმაც მეტი წინააღმდეგობა გაგიწიოთ.

მიუხედავად იმისა, რომ პრეტენზიული ჭამა ბავშვის განვითარების ერთ-ერთ ეტაპად მიიჩნევა, ის მაინც საყურადღებოა, ვინაიდან შეიცავს წონის კლების რისკს. ბავშვები, რომლებიც, მიუხედავად პრეტენზიული ჭამისა, ნორმის შესაბამისად იმატებენ წონას, ჯანმრთელებად მიიჩნევიან. ასეთ ბავშვებზე მხოლოდ დაკვირვებაა საჭირო. მნიშვნელოვანწილად მშობლისა თუ აღმზრდელის მიდგომაზეა დამოკიდებული, ჩამოუყალიბდებათ თუ არა პრეტენზიულ მჭამელებს ზრდასრულ ასაკში კვებითი დარღვევები.

სელექტიური ანუ შერჩევითი ჭამა მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი მხოლოდ ისეთ საკვებს ჭამს, რომელსაც უსაფრთხოდ ან მისაღებად მიიჩნევს. ის ერიდება განსაზღვრული გემოს, სტრუქტურის, ფერის საკვებს. ზოგიერთს განსაზღვრული ტიპის საკვების არათუ ჭამა, დანახვაც კი ზიზღს ჰგვრის. შერჩევითი ჭამა შესაძლოა ზრდასრულ ასაკშიც დარჩეს. ეს მდგომარეობა არ არის საშიში, რადგან ბავშვი მაინც იღებს ზრდა-განვითარებისთვის საჭირო რაოდენობის ნუტრიენტებს.

რეზისტენტული მჭამელები კი საკმაოდ ბევრ საკვებზე ამბობენ უარს – მათი რაციონი უმეტესად 10-12 სახის პროდუქტისგან შედგება. შესაბამისად, ვერც ზრდა-განვითარებისთვის საჭირო რაოდენობის ნუტრიენტებს იღებენ. როცა ახალ საჭმელს სთავაზობენ, ასეთი ბავშვი შფოთავს, ეწყება ტანტრუმი, გულს ირევს ან ავად ხდება. ამ მდგომარეობას, წესისამებრ, ორალურ-მოტორული ჩამორჩენა ან სენსორული ინტეგრაციის დისფუნქცია უდევს  საფუძვლად. ეს პრობლემა არ არის გარდამავალი და ემოციურად ძნელად სამართავია, თუმცა შეფასებისა და სწორი ინტერვენციის შედეგად სტრესული მდგომარეობა იცვლება.

საზოგადოდ, ნეოფობია, მძაფრი რეაქცია ახალ საკვებზე ბავშვის ტიპური განვითარების ერთ-ერთი სტადიაა, რომელიც 2-3 წლის ასაკში დგება, მაგრამ რეზისტენტულ მჭამელებთან ის უფრო მწვავედ, ტირილით, ღებინებით, ტანტრუმით გამოიხატება.

რჩევები პრეტენზიული მჭამელების დედებს

ა) გადაამოწმეთ, ზედმეტად ბევრ რძეს ან სხვა ტკბილ სითხეებს ხომ არ სვამს ბავშვი. სითხე იოლად ავსებს კუჭს და შიმშილის შეგრძნებას ასუსტებს. სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის, რძის საშუალო დღიური ოდენობა 0,5 ლიტრია.

ბ) შესთავაზეთ მხოლოდ ერთი ახალი პროდუქტი, უმჯობესია, საყვარელ საჭმელთან ერთად.

გ) რამდენჯერმე შესთავაზეთ ერთი და იგივე ახალი პროდუქტი, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტად ხშირმა და დაჟინებულმა მცდელობამ შესაძლოა უკურეაქცია გამოიწვიოს.

დ) არასასურველი საჭმლის შეჭმისთვის ნუ დაპირდებით ჯილდოდ საყვარელ ტკბილეულს. ეს სტრატეგია ეფექტურია, მაგრამ ტკბილეულისადმი მიდრეკილებას ზრდის.

არამც და არამც:

* არ დააძალოთ ბავშვს ჭამა, არ აიძულოთ თეფშის მოსუფთავება.

* არ ეჩხუბოთ.

* არ მისცეთ შენიშვნა სხვა ბავშვების თანდასწრებით.

კვებითი დარღვევების სამედიცინო ფაქტორებია:

* ვირუსებით, ბაქტერიებით, სოკოებით გამოწვეული ინფექციური დაავადებები (ანგინა, აფთოზური სტომატიტი, ეპიგლოტიტი, გასტროენტერიტი);

* ენტერობიოზი (ნაწლავის ჭია) – ის იწვევს მუდმივ უმადობას, პერიოდულ დიარეას, გულისრევას, სიფითრეს;

* კვებითი ალერგია ძროხის რძეზე;

* ფუნქციური ყაბზობა (შეკრულობა);

* მაგნიუმის უკმარისობა – იწვევს გულისრევას, ღებინებას, დაღლილობას, კუნთების სისუსტეს;

* სისხლში კალციუმის მაღალი შემცველობა;

* ზოგიერთი მედიკამენტის გვერდითი ეფექტი;

* გულის ქრონიკული დაავადებები, სისხლის დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;

* დისფაგია (ყლაპვის გაძნელება) – მძიმე რეფლუქსი, საყლაპავის თანდაყოლილი ანომალიები და სხვა;

* მეტაბოლიზმის გაძლიერებით მიმდინარე დაავადებები (დიაბეტი, შიდსი), შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები;

* კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ცელიაკია, ბილიარული ატრეზია, ღვიძლის დაავადებები;

* ავთვისებიანი წარმონაქმნი.

ყველა ამ ფაქტორს შეუძლია, მალნუტრიციამდე მიგვიყვანოს. მალნუტრიცია არის წონის დეფიციტი, რომელიც უმეტესად არასაკმარისი და`ან დაუბალანსებელი კვებით, მონელებისა და შეწოვის დარღვევით არის გამოწვეული. ჩამოთვლილთა გარდა, მისი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია არასაკმარისი კვება (ხელოვნური საკვების არასწორი, ნაკლებკონცენტრირებული სახით მომზადება), კვების არასწორი რეჟიმი, ანორექსია, სიღარიბე, ბავშვის საჭიროებათა უგულებელყოფა.

სხვა მიზეზები

– ბავშვებში კვების დარღვევა შესაძლოა განპირობებული იყოს ისეთი ნევროლოგიური, ნეირობიოლოგიური და ფსიქიკური დარღვევებით, როგორიცაა შფოთვა, დეპრესია, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი, სენსორული პრობლემები, გემოების აღქმის შეუძლებლობა, ბიპოლარული აშლილობა, აუტიზმი.

კვებითი დარღვევების უმეტესობა, როგორც აღვნიშნეთ, ორგანული ხასიათისაა. ამასთან, მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მათი მართვის კონცეფცია ფსიქოსოციალური და სამედიცინო ფაქტორების შეჯერებით უნდა შემუშავდეს. პედიატრიულ ასაკში დარღვევები იშვიათად შემოიფარგლება ბავშვით – ეს ოჯახის პრობლემაცაა. მიზეზის დადგენასა და მკურნალობის სწორი სტრატეგიის შემუშავებაში, სასურველია, პროფესიონალთა ინტერდისციპლინური გუნდი ჩაერთოს.

რეკომენდაციები კვების ჯანსაღი მოდელის ჩამოსაყალიბებლად

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიკითხოთ: ბავშვი, რომელიც კვებაზე უარს ამბობს, ბედნიერად და ჯანმრთელად გამოიყურება? იმატებს წონასა და სიმაღლეს? მშიერი რჩება თუ შიმშილს სხვა სასუსნავით იკლავს? სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით ხდება მკურნალობის ინდივიდუალური გეგმის შერჩევა.

კვების სწორი მოდელის შექმნაზე დაბადების პირველივე წლიდან უნდა ვიზრუნოთ, რადგან სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება საკვებისადმი ბავშვის დამოკიდებულება. კვება უნდა იყოს მრავალჯერადი, მცირე ულუფებით; უფროსები ბავშვებს ჭამის დროს ქცევის მაგალითს უნდა აძლევდნენ. სასურველია, ბავშვები ხშირად საუზმობდნენ, სადილობდნენ და ვახშმობდნენ ოჯახის დანარჩენ წევრებთან ერთად. მნიშვნელოვანია, ბავშვის ირგვლივ (შინ თუ საბავშვი ბაღში) მხოლოდ ჯანმრთელი საკვები მოიპოვებოდეს.

არ არის სწორი დაშინებით კვება, რადგან ამ დროს მონელებისთვის საჭირო ფერმენტები სრულად ვერ გამომუშავდება. შესაბამისად, ასე მიღებული საკვები ბალასტია კუჭისთვის.

არაფრით არ შეიძლება ბავშვის დაშინება – შესაძლოა, ფობია ჩამოუყალიბდეს.

“ვიღაცის ხათრით” ჭამაც იძულების ფორმაა და, მაშასადამე, გაუმართლებელია.

ხშირად ბავშვებს ასაკისთვის შეუსაბამოდ დიდ ულუფებს სთავაზობენ და აძალებენ. ულუფის ზომა მნიშვნელოვანია! ის ბავშვის ასაკისა და საკვების ტიპის (კალორიულობისა და ნუტრიენტების შემცველობის) მიხედვით გამოითვლება.

თუ საკვები მდიდარია სასარგებლო ნივთიერებებით, მცირე ულუფამაც კი შეიძლება ორგანიზმის მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს. წასახემსებლად შევთავაზოთ დაჭრილი ხილ-ბოსტნეული და არა ტკბილეულით სავსე ლანგარი. ბავშვის ორგანიზმი თავად განსაზღვრავს, რამდენი საკვები სჭირდება.

მარი მარღანია

გააზიარე: