გამომაყარა და მექავება!

გააზიარე:

 მსოფლიოს მოსახლეობის 30-40% ამ სნეულებით იტანჯება და მიუხედავად იმისა, რომ მისი მკურნალობის მეთოდები დღითი დღე იხვეწება, პაციენტების რაოდენობა არათუ არ იკლებს, იმატებს კიდეც. საუბარია ალერგიულ დაავადებაზე, რომელიც ჩვენი დროის დილემად იქცა.
ალერგია სხვადასხვანაირად ვლინდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია გამონაყარი, რომელსაც უმეტესად ქავილიც ახლავს თან.
სტატისტიკის თანახმად, ათიდან ორ ადამიანს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ემართება კანის ალერგიული დაავადების ერთ-ერთი ფორმა – ჭინჭრის ციება.
არანაკლებ გავრცელებული ფორმებია ანგიონევროზული შეშუპება, იგივე კვინკეს დაავადება, ატოპიური დერმატიტი და კონტაქტური დერმატიტი.
ალერგიულ დაავადებათა გახშირების ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა დიაგნოსტიკის მეთოდების დახვეწაც იყოს, მაგრამ ვერც ისეთ ფაქტორებს ავუვლით გვერდს, როგორებიც არის გარემოს დაბინძურება, კვების რეჟიმის მოუწესრიგებლობა, შენობისშიდა და შენობისგარეთა ალერგენების (ალერგიის გამომწვევი ნივთიერებების) აგრესიულობის მატება.
დასუსხული კანი
ჭინჭრის ციება, ურტიკარია, პოლიეტიოლოგიური ანუ მრავალი ფაქტორით გამოწვეული დაავადებაა. უმთავრესად კი მიზეზი რომელიმე მედიკამენტი, საკვები, ინფექცია ან მწერის ნაკბენია. არსებობს ჭინჭრის ციების ისეთი ვარიანტებიც, რომლებიც ფიზიკური დატვირთვის, სიცივის, სითბოს, ინსოლაციის, წყალთან კონტაქტის შედეგად ვითარდება.
ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული მორეციდივე ანუ პერიოდული გამწვავებით მიმდინარე ანთებითი დაავადებაა. ბავშვთა ასაკში ამ პათოლოგიას უმთავრესად კვებითი ალერგენები: კვერცხი, რძე, არაქისი, სოია, ხორბალი და სხვები – იწვევს. მოზრდილებში საკვებისმიერი ალერგია იშვიათია.
ატოპიური დერმატიტის გამწვავებას ხშირად ოთახის მტვერიც იწვევს. დაავადების მიმდინარეობას ძალზე ართულებს სტაფილოკოკური და მარტივი ჰერპესის ვირუსით გამოწვეული ინფექციები.
კონტაქტური დერმატიტი ორგვარია: მარტივი, რომელიც კანზე ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების უშუალო ზემოქმედების შედეგად ვითარდება და ალერგიული, რომელიც კანთან ალერგენის კონტაქტით განპირობებული სპეციფიკური იმუნოლოგიური რეაქციის გამოხატულებაა.
მარტივი კონტაქტური დერმატიტი კანთან აგრესიული ფაქტორის პირველსავე კონტაქტს მოჰყვება. მაგალითად, მისი ნიშნები მჟავას ძლიერი დამაზიანებელი ზემოქმედებისთანავე იჩენს თავს. ზოგჯერ ალერგიული რეაქციას ნაკლებად აგრესიულ აგენტთან (მაგალითად, სარეცხ საშუალებასთან) განმეორებითი კონტაქტიც იწვევს.
ალერგიული კონტაქტური დერმატიტის დროს ცვლილებები კანზე ალერგენთან კონტაქტიდან 10-14 დღის შემდეგ ვითარდება.

უეცარი გამონაყარი
კანის ალერგიული დაავადება სხვადასხვანაირად იჩენს თავს. მაგალითად, ჭინჭრის ციების დროს გამონაყარი ძლიერ წააგავს ჭინჭრის ნასუსხს, სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება გაჩნდეს და ძლიერ მქავანაა.
ჭინჭრის ციების განსაკუთრებული ფორმაა კვინკეს შეშუპება, რომელიც სახის, ლორწოვანი გარსებისა და სხეულის სხვა ნაწილების შესიებით გამოიხატება. მას ქავილი არ ახასიათებს, თუმცა შესაძლოა, წვისა და ტკივილის შეგრძნება ახლდეს თან. კვინკეს შეშუპება ძალზე საშიშია, თუ პირისა და ხახის ლორწოვან გარსებზე განვითარდა.
ატოპიური დერმატიტი სამ ასაკობრივ ჯგუფში – ჩვილებში, ბავშვებსა და მოზრდილებში ვლინდება. ბავშვებს კანის პათოლოგიური ცვლილებები უპირატესად შუბლსა და ლოყებზე უვითარდებათ და თავის ქალას თმიან ნაწილსა და ნიკაპს მოიცავს. გამონაყარის საყვარელი ადგილებია იღლიები, იდაყვქვეშა და მუხლქვეშა ფოსოები, მაჯები, ხელის მტევნები. გამონაყარს ხშირად ერთვის კანის ზედა ფენის აქერცვლა და ფუფხის წარმოქმნა. დაზიანებულ კანში იოლად იჭრება ინფექცია და რთულად მიმდინარე პათოლოგიურ პროცესს უდებს სათავეს.
კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი პოლიმორფული ანუ მრავალფეროვანია, თან ახლავს ქავილი, შეშუპება და შეწითლება. 
კანზე გამონაყარს მრავალი დაავადება იწვევს. ვინაიდან კონტაქტური დერმატიტის დროს გამონაყარი მრავალფეროვანია, დიაგნოზის დასმისას უნდა გამოირიცხოს სხვა, ასევე გამონაყარით მიმდინარე პათოლოგიები, მათ შორის – ინფექციური და სიმსივნური დაავადებები, იმუნოდეფიციტით განპირობებული პათოლოგიური მდგომარეობები, ვარიკოზული ეგზემა, სებორეული დერმატიტი, კანდიდოზი, მუნი.

პატარა ქავილმა შეაწუხა
ბავშვთა ასაკში ხშირად გვხვდება ალერგოდერმატოზი, რომლის ყველაზე გავცელებული გამოვლინებაა ატოპიური დერმატიტი, იგივე ატოპიური ეგზემა.
კანის ალერგიის ყველაზე დამახასიათებელი სიმპტომი, რომელმაც შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ ბავშვს ალერგია აქვს, ქავილია. გარდა ამისა, ალერგიულ ბავშვს მცირე ასაკიდანვე აღენიშნება კანის სიმშრალე, სიწითლე, გამონაყარი შუბლზე, ლოყებზე, აქერცვლა.
ალერგია შეიძლება ვიეჭვოთ მაშინაც, როცა დაავადება ქრონიკულ ხასიათს იღებს, მწვავდება რომელიმე საკვების მიღების ან ალერგენთან კონტაქტის შემდეგ, ანდა მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს. ალერგიულ დაავადებას ხშირად თან სდევს ემოციური ლაბილურობა, აღგზნება, უძილობა.
ალერგიული დერმატიტის თავიდან ასაცილებლად სასურველია, ბავშვმა: 
* რაც შეიძლება მეტხანს წოვოს ძუძუ, ხოლო მოგვიანებით მხოლოდ ექიმის მიერ შერჩეული საკვები მიიღოს;
* ხუთ თვემდე არ მიიღოს ცხოველური ცილა, რომელიც უხვადაა ხორცში, თევზში, კვერცხში.
გაითვალისწინეთ: ბავშვები, რომლებსაც მცირე ასაკში გამოაჩნდებათ კანის ალერგია, შემდგომ ბრონქული ასთმის ან ალერგიული რინიტისადმი მიდრეკილებას ამჟღავნებენ, კვების რეჟიმის მოწესრიგებასა და ჰიპოალერგიული დიეტის დაცვას კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ალერგიული დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

რა იწვევს ალერგიულ გამონაყარს:
. შალისა და ხელოვნური ქსოვილის სამოსი;
. საპონი, სარეცხი საშუალებები;
. სუნამოები და კოსმეტიკური საშუალებები;
. მტვერი და ქვიშა;
. სიგარეტის კვამლი;
. კვერცხი, არაქისი, რძე, თევზი, სოია, ხორბალი;
. მტვრის ტკიპა, ხავსის სოკო, მცენარის მტვერი, კატისა და ძაღლის ქერტლი;
. სტრესი;
. კანის ბაქტერიული ინფექცია;
. მშრალი კლიმატი;
. კანის არასრულყოფილი დატენიანება;
. ხანგრძლივი, მეტისმეტად ცხელი აბაზანა ან შხაპი.

ვამხელთ მიზეზს
კანის ალერგიული დაავადებების დიაგნოზს უმთავრესად კლინიკური სურათის საფუძველზე სვამენ. ბავშვთა ასაკში ატოპიური დერმატიტის დროს ალერგოლოგიური ანამნეზის შეკრება განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ამ დროს ყურადღება ექცევა ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობას, ბავშვის კვების ხასიათს, ინფექციებსა და ანტიბიოტიკებით მკურნალობას ჩვილ ასაკში და ა.შ. სასუნთქი სისტემის თანმხლები ალერგიული დაავადების დროს საკმაო ინფორმაციას გვაწვდის ეგზოალერგენებით ჩატარებული კანის სინჯი, აგრეთვე – საერთო და ალერგენსპეციფიკური E იმუნოგლობულინის განსაზღვრა. მძიმე პათოლოგიური პროცესის დროს დიაგნოზის დასმის მიზნით არცთუ იშვიათად კანის ბიოფსიასაც მიმართავენ.
მკურნალობის პრინციპი კანის ალერგიული დაავადების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, ჭინჭრის ციებისა და კვინკეს შეშუპების დროს, უწინარეს ყოვლისა, დგინდება და გამოირიცხება ალერგიის მიზეზი. თუ პრობლემის თავიდათავი საკვებია, ინიშნება ჰიპოალერგენული დიეტა. თუ ალერგიის მიზეზი მედიკამენტია, მისი მიღება უნდა შეწყდეს. 
თუ მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, უნდა გამოირიცხოს სხვა სისტემური დაავადება, რომელმაც შესაძლოა ურტიკარია ან კვინკეს შეშუპება გამოიწვიოს.
უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სიმპტომურ მკურნალობას. ამ დროს ძირითადი საშუალება ანტიჰისტამინური პრეპარატებია, მათი უეფექტობის შემთხვევაში კი კორტიკოსტეროიდები ინიშნება. 
მათ, ვისაც მწერის ნაკბენზე აქვთ ალერგია, ვურჩევთ, თან ატარონ ადრენალინის ამპულა. 
ატოპიური დერმატიტის დროს აუცილებელია ადგილობრვი კორტიკოსტეროიდული საშუალებების, კანის დამატენიანებელი და დამარბილებელი საცხების გამოყენება.
გაითვალისწინეთ: ატოპიური დერმატიტის დროს არ შეიძლება ცხელი აბაზანის მიღება. საპონი უთუოდ დამარბილებელ კრემს უნდა შეიცავდეს. აბაზანაში გახსენით საჭმელი სოდა ან შვრიის ფქვილი. არ არის რეკომენდებული კანზე ზეთის წასმა – ის კანს ეკვრის და მის დატენიანებას აფერხებს. არც პირსახოცით გამშრალებაა მიზანშეწონილი. კარგია დაბანისთანავე დამატენიანებელი კრემის, ვაზელინის ან მინერალური ზეთის გადასმა. არც ლოსიონების გამოყენებას გირჩევთ, ვინაიდან ისინი ბევრ წყალსა და ცოტა ცხიმს შეიცავს. ზოგიერთი მათგანის შემადგენლობაში სპირტიც შედის, რომელიც კანს უფრო მეტად აღიზიანებს. 

ჰიპოალერგენული ხრიკები
კანის ალერგიული დაავადებების დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება კვების კორექციას. დიეტათერაპიის მთავარი მიზანია, რაციონიდან გამოირიცხოს სურსათი, რომელიც ალერგენად არის მიჩნეული. უნდა შეწყდეს იმ პროდუქტების მიღებაც, რომლებიც ჰისტამინის (ალერგიის გამომწვევი ნივთიერების) გამოთავისუფლებას უწყობს ხელს. 
ჩვილებთან განსაკუთრებით აგრესიულია ძროხის რძე, რომელიც 16 სახეობის ანტიგენს შეიცავს. ძლიერი ალერგენული თვისებები აქვს კვერცხს, რომლის მიღებასაც ალერგიულ პირებს ყოველთვის უკრძალავენ. მათთვის არც კვერცხის შემცველი მაიონეზისა და საკონდიტრო ნაწარმის მიღებაა ნებადართული. ცხოველური წარმოშობის ძლიერ ალერგენებს შეიცავს თევზი. ნაკლებად აგრესიულია საქონლის ხორცი. უფრო საფრთხილოა ღორისა და ცხვრისა. მცენარეული ალერგენებიდან აღსანიშნავია ნიგოზი და თხილი. და, რასაკვირველია, არ უნდა გამოგვრჩეს კვებითი დანამატები, არომატული ნივთიერებები და საღებავები, რომლებსაც პროდუქტებს ამატებენ. მეტად აგრესიული დანამატია ტარტრაზინი – მოყვითალო საკვები საღებავი.
კოსმეტიკა, ისევე როგორც სარეცხი საშუალებები, ხშირად გვევლინება კონტაქტური დერმატიტის მიზეზად. მაგალითად, ტუში შეიცავს ემულგატორს, რომელიც ქუთუთოების კანს აზიანებს. თვალის ფანქრის შემადგენლობაში ხშირად შედის ნიკელი, რომელიც ასევე ადგილობრივ ალერგიულ რეაქციას იწვევს. ფრჩხილის ზოგიერთი ლაქი ფორმალდეჰიდს შეიცავს, რომელიც ლაქის გაშრობის შემდეგ კანის ალერგიულ დაზიანებას იწვევს. ამდენად, მას, ვისაც კონტაქტური დერმატიტი აწუხებს, მხოლოდ ჰიპოალერგენული საშუალებების გამოყენებას ვურჩევთ.
ალერგიული გამონაყარის დასამარცხებლად ექიმი გირჩევთ: 
. ადგილობრივ საშუალებებს (კრემებს, მალამოებს), რომლებიც აცხრობს შეშუპებას და ქავილს;
. კორტიკოსტეროიდებს ანუ ჰორმონულ პრეპარატებს;
. ანტიბიოტიკებს კანის ბაქტერიული ინფექციის სამკურნალოდ;
. ანტიჰისტამინურ მედიკამენტებს, რომლებიც უშუალოდ ალერგიულ რეაქციას აქრობს;
. იმუნიტეტის დამთრგუნველ წამლებს;
. ფოტოთერაპიას (სინათლით მკურნალობას). 
ალერგიული დერმატიტის თავიდან ასაცილებლად კი ასე მოიქეცით:
. არ მოაკლოთ კანს ტენი. უხვად წაისვით დამატენიანებელი საშუალებები, განსაკუთრებით – აბაზანისა და შხაპის შემდეგ.
. მაქსიმალურად არიდეთ თავი იმ ფაქტორებს, რომლებზეც გაყრით: სარეცხ საშუალებებს, კოსმეტიკას, ალკოჰოლის შემცველ სითხეებს, ცხოველის ბეწვს.
. ხელებს წამდაუწუმ ნუ დაიბანთ – შესაძლოა, კანი გამოგიშრეთ.
. ერიდეთ კონტრასტულ გარემოს: ჯერ – ცხელს, შემდეგ – ცივს და პირიქით.
. ეცადეთ, ბუნებრივი ქსოვილის სამოსი ატაროთ.
. ტანსაცმელი საგულდაგულოდ გაავლეთ, რომ სარეცხი საშუალება ბოლომდე გააცალოთ.
. აუცილებლად გარეცხეთ ახალნაყიდი სამოსი.

პატარას გამოაყარა

გამონაყარი ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რომლის გამოც მშობლებს პატარა ექიმთან მიჰყავთ. ყველაზე მგრძნობიარე, რა თქმა უნდა, ახალშობილისა და ჩვილის კანია, ამიტომ გამონაყარს ამ ასაკში ძალიან ხშირად ვხვდებით. იმ ცვლილებათა უმრავლესობა, რომლებსაც ბავშვის კანი სიცოცხლის პირველ კვირებში განიცდის, დროებითია და ხშირად ჩარევას არც კი მოითხოვს, თუმცა არსებობს ინფექციური ბუნების და მძიმე სისტემური პათოლოგიებით გამოწვეული დაზიანებებიც. ამ შემთხვევაში მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებაა საჭირო.

დედიკომ რაღაც შეამჩნია
სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება ერთნაირი გამონაყარი გამოიწვიოს, მაგრამ მკურნალობის ტაქტიკა, რასაკვირველია, სხვადასხვანაირი უნდა იყოს. თუ დედამ მიზეზი არასწორად ივარაუდა და თავად დაიწყო “მკურნალობა”, შესაძლოა, დაამძიმოს კიდეც ვითარება, ამიტომ ყველას ვურჩევთ, ყოველგვარი ღონისძიება, რომელიც სცდება ჩვეულებრივი ჰიგიენური პროცედურების ფარგლებს, ყოველგვარი მედიკამენტი, თუნდაც მალამო (მეტადრე – ჰორმონის შემცველი), მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით გამოიყენონ.

ყველაზე უვნებელი
ტოქსიკური ერითემა, მიუხედავად შემაშფოთებელი სახელწოდებისა, სრულიად უვნებელია. 2-3 დღის ახალშობილს სხეულის სხვადასხვა უბანზე წითელი ფერის ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი უჩნდება. გამონაყარის ცენტრში შეიძლება ბუშტუკი – ვეზიკულა შევამჩნიოთ. ბავშვის საერთო მდგომარეობა არ იცვლება – ის ჩვეულებრივ ჭამს, სძინავს, ტირის, აქვს ნორმალური ტემპერატურა. ექიმები ამ მოვლენას პარაფიზიოლოგიურ მდგომარეობათა რიცხვს მიაკუთვნებენ, რითაც ხაზს უსვამენ, რომ ეს ახალ გარემოსთან შეგუების თანხმლები ერთგვარი რეაქციაა და არა პათოლოგია. ტოქსიკურ ერითემას მკურნალობა არ სჭირდება, დედამ ჩვეულებრივ, თუმცა უფრო გულდასმით, უნდა გააგრძელოს ჰიგიენური პროცედურების ჩატარება – ორიოდე დღეში კანი თავისთავად დაიბრუნებს ნორმალურ შეფერილობას.
სახეზე წვრილი თეთრი, მრგვალი, წერტილოვანი წარმონაქმნები ახალშობილთა მილიაა (ახალშობილთა აკნე). ჩვეულებრივ, ისიც სიცოცხლის მეოთხე-მეხუთე დღეს ჩნდება და სამი თვისთვის თავისთავად გაივლის. მილიას პლაცენტიდან ბავშვის ორგანიზმში გადასული დედის ანდროგენული (მამაკაცური) ჰორმონების გავლენით ცხიმოვანი ჯირკვლების სადინართა დაცობა იწვევს. ამ შემთხვევაში ბავშვისთვის ყველაზე მავნებელი “მკურნალობაა”: არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წერტილების ხელით ამოგდება, ანტისეპტიკური საცხის ხმარება – სადინარები შეიძლება უფრო მეტად დავახშოთ და კანი უფრო მეტად გავაღიზიანოთ. 
მილია არც არასწორი კვების შედეგია და არც ალერგიის გამოვლინება, ასე რომ, მეძუძური დედისთვის რაციონის შეზღუდვა საჭირო არ არის.


ბევრი მშობელი გამოყელვის მიზეზად პამპერსს ასახელებს, თუმცა დაოდვილობას ნაჭრის საფენები უფრო ხშირად იწვევს. ასეა თუ ისე, ჩვილებში დერმატიტის ეს სახეობა მართლაც ხშირია. საჯდომზე და შორისის არეში კანი შეწითლებულია, მის ფონზე კი მუქი წითელი კვანძოვანი გამონაყარი შეინიშნება. ზოგჯერ სიწითლეზე ზედაპირული წყლულები (ეროზიები) ჩნდება, შორს წასულ შემთხვევებში კი ეს უბნები ერთიანდება და დაზიანების მოზრდილი კერა ყალიბდება. ასეთი გარემო იდეალურია როგორც ბაქტერიული, ისე სოკოვანი ინფექციის გასავრცელებლად, ამიტომ არც მათი თანდართვაა გამორიცხული. გარდა სველი და დასვრილი საფენის დიდხანს დატოვებისა, მიზეზი შეიძლება იყოს დედის ან ჩვილის მენიუს ცვლილება, რომელიმე მედიკამენტი, რომელიც შარდსა და განავალს მჟავატუტოვან რეაქციას უცვლის და ჩვილის კანისთვის უფრო გამაღიზიანებელს ხდის, საბავშვო კოსმეტიკური საშუალებების ქიმიური კომპონენტები, მჭიდროდ შეკრული საფენი ან სხვა ტანსაცმელი.
საფენისმიერი დერმატიტი თავიდან რომ აიცილოთ:
. ხშირად უცვალეთ ბავშვს საფენი;
. ჩაბანეთ ყოველი დეფეკაციის შემდეგ, კანი, განსაკუთრებით – ნაოჭების არეში, საგულდაგულოდ გაუწმინდეთ, ოღონდ ძალიან ფაქიზად, ყოველგვარი ხახუნის გარეშე – ნაჭერი ან პირსახოცი კანზე უბრალოდ დააფინეთ, რომ სისველე შეიშროს;
. თუ ჩაბანა ვერ მოახერხეთ, გაწმინდეთ სველი ჰიგიენური ხელსახოცით, რომელიც არც ალკოჰოლს შეიცავს და არც სურნელოვან დანამატებს;
. ამის შემდეგ კი კანი საფენქვეშა არეების დამცავი სპეციალური საშუალებით დაამუშავეთ;
. საფენის გაკეთებამდე რამდენიმე წუთით შიშველი დატოვეთ თბილ ოთახში, რომ კანმა ჰაერის აბაზანა მიიღოს.
დაზიანებულ კანს კარგად აშუშებს თუთიის ოქსიდისა და ბენზალკონის შემცველი მალამოები, ინფექციის შემთხვევაში კი ექიმი ანტიფუნგინურ ან ბაქტერიციდულ მალამოს დაგინიშნავთ.
ურჩი ბატონები
თუ ბავშვს უეცრად გამოაყარა, პირველი, რასაც ვეჭვობთ, ბატონებია, თუმცა ეჭვის დადასტურების შემთხვევაშიც კი საქმე “გახსნილად” ვერ ჩაითვლება – ბავშვთა სახადი ინფექცია ხომ რამდენიმეა.
წითელა, წითურა, ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული დაავადებებია. ინფექცია ჰაერწვეთოვანი მექანიზმით გადაეცემა: ინფიცირებული ადამიანი ლაპარაკის, ხველისა თუ ცხვირცემინებისას გარემოში ვირუსის შემცველ უმცირეს წვეთებს გამოყოფს; ეს წვეთები ჰაერში ტრიალებს ან სხვადასხვა ნივთზე ილექება, საიდანაც ვირუსები მეორე ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ჩუტყვავილას დროს გასათვალისწინებელია კონტაქტური გზაც – ამ შემთხვევაში ინფექციის წყაროს ავადმყოფის ნახმარი ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები წარმოადგენს. ამ ინფექციებს მაღალი კონტაგიოზურობა – დასნებოვნების უნარი – ახასიათებს. ყველაზე სწრაფად ისინი დახურულ შენობებში ვრცელდება, ამიტომ ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში: საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ტრანსპორტში. ადამიანის გარეშე ვირუსი სწრაფად იღუპება, ამიტომ მესამე პირის მიერ ინფექციის გადატანა იშვიათია.
დროის შუალედს, რომელიც ვირუსთან შეხვედრიდან დაავადების გამოვლენამდე გადის, ექიმები საინკუბაციო პერიოდს უწოდებენ. ეს პერიოდი ყველა ინფექციას სხვადასხვა აქვს. წითელასთვის ის საშუალოდ 9-10 დღეა, იშვიათად – მეტიც. მაგალითად, ბავშვებს, რომლებმაც საინკუბაციო პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით იმუნოგლობულინი (სპეციფიკური ანტისხეულები) მიიღეს ან სისხლი თუ პლაზმა გადაესხათ, ეს დრო შესაძლოა 21 დღემდეც გაუხანგრძლივდეთ. წითურას საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 15-18 დღეა, ჩუტყვავილასი კი – 10-21 დღე (საშუალოდ – ორი კვირა).

მთავარი სავიზიტო ბარათი
გამონაყარი სამივე ინფექციის სავიზიტო ბარათია. წითელასა და წითურას მოწითალო ფერის მაკულურ-პაპულური (ლაქოვან-კვანძოვანი) გამონაყარი ახასიათებს, თუმცა თითოეულ მათგანს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავისებურებებიც აქვს. მაგალითად, წითელას დროს კანზე უმთავრესად ოდნავ ამოწეული კვანძები შეინიშნება, რომლებიც ერთმანეთთან შერწყმის ტენდენციას ამჟღავნებს. წითურას გამონაყარი უფრო ლაქოვანია.
წითელას დროს გამონაყარი დაავადების მე-4-5 დღეს ჩნდება. პირველი ელემენტები ყურებს უკან, ცხვირზე, ლოყებზე წარმოიშობა და 24 საათში ედება მთელ სახეს, კისერს, გულმკერდის ზედა ნაწილს, ხელებს, შემდეგ ზურგზე, მუცელსა და ფეხებზე წამოყოფს თავს, მესამე დღეს კი – ტერფებზეც. გამონაყარი იმავე თანმიმდევრობით ფერმკრთალდება და ქრება, რომლითაც გაჩნდა.
წითურას გამონაყარიც ზემოდან ქვემოთ ვრცელდება, ოღონდ გაცილებით სწრაფად.
ჩუტყვავილას დროს გამონაყარი თავდაპირველად ბაც ვარდისფერ, 2-4 მმ დიამეტრის ლაქებს წარმოადგენს, რომლებიც მოგვიანებით სითხით სავსე ბუშტუკებად იქცევა. პირველსავე დღეს შიგთავსი იმღვრევა, სკდება, ზედაპირი იჭმუხნება და ფუფხით იფარება. ფუფხი მხოლოდ 1-3 კვირის შემდეგ სცილდება. ეს ელემენტები ერთდროულად კი არა, რამდენიმე ეტაპად წარმოიშობა (ამასთანავე, თითოეულ ეტაპს მდგომარეობის გაუარესება, სხეულის ტემპერატურის მომატება ახლავს თან), ამიტომ ბავშვის კანზე ერთდროულად შეიძლება იყოს ახალი ლაქოვან-პაპულური გამონაყარიც, ბუშტუკებიც და ფუფხიც.
გამონაყარი უპირატესად სახეზე, თავის თმიან ნაწილზე, გულმკერდზე, ზურგზე, თვალის რქოვანაზე, ხახასა და სასქესო ორგანოების ლორწოვანზეა მიმოანტული. 
ძლიერი ქავილი უმთავრესად ჩუტყვავილას ახასიათებს, წითელასა და წითურას დროს ეს სიმპტომი შედარებით სუსტია.
წითელა იწყება ტემპერატურის მომატებით, კონიუნქტივიტით (თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით), მშრალი შემაწუხებელი ხველით, ცხვირცემინებით, სურდოთი, გულმკერდის არეში ფხაჭნის შეგრძნებით. კანზე გამონაყარის გაჩენამდე ერთი-ორი დღით ადრე რბილსა და მაგარ სასაზე უსწორმასწორო წითელი ლაქები შეიმჩნევა. მათ წითელას სადიაგნოზო ნიშნადაც კი მიიჩნევენ. გარდა ამისა, ღრძილებისა და ლოყის ლორწოვანზე, ძირითადი კბილების დონეზე, მონაცრისფრო-მოთეთრო ფერის წარმონაქმნები ჩნდება, ქუთუთოს კიდის გასწვრივ კი შემოფარგლული კონიუქტივიტი ყალიბდება.
წითურას დროს ავადმყოფის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორგანიზმის ინტოქსიკაცია, რომელიც ცხელებით, თავის ტკივილით, უხასიათობით, უმადობით გამოიხატება, იშვიათია. კეფის, კისრის უკანა და სხვა ლიმფური კვანძები დიდდება და ორი კვირის განმავლობაში გადიდებული რჩება.
ჩუტყვავილას თან ახლავს მადის დაქვეითება, სისუტე და ჭირვეულობა.
ამ ინფექციებს სახლში მკურნალობენ, ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ მძიმე ფორმების დროს არის ნაჩვენები.

როგორ ვებრძვით გამონაყარს
ჩუტყვავილას გამონაყარი, თუ არ დაინფიცირდა, ნაკვალევს არ ტოვებს, თუმცა ძლიერი ქავილი ჭრილობაში ინფექციის შეჭრის წინა პირობას ქმნის, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ჰიგიენას, დააჭერით ფრჩხილები, ხშირად დაბანეთ ხელები, გამონაყარის ელემენტები კი ბრილიანტის მწვანის 1%-იანი სპირტხსნარით დამუშავეთ. ქავილის შესამცირებლად ექიმმა შესაძლოა ანტიჰისტამინური პრეპარატიც დაგინიშნოთ.
ჩუტყვავილას დროს ანტივირუსული თერაპია (აციკლოვირი და ზოვირაქსი) ეფექტიანია, თუ დაავადების პირველ 24 საათში დაინიშნა (თუმცა არა ყოველთვის). როცა დაავადება მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს, ეს წამლები საჭირო არ არის.
წითელა შეიძლება გართულდეს ყელის, ფილტვების, ყურის ანთებით, თვალის დაზიანებით, ენცეფალიტით, წითურა – ნერვის ან სახსრის ანთებით, ძალიან იშვიათად – ენცეფალიტით. ჩუტყვავილას ყველაზე ხშირი გართულება კანის ბაქტერიული ინფექციაა. უფრო იშვიათად შესაძლოა განვითარდეს ფილტვების ანთება და ენცეფალიტი (თავის ტვინის ანთება).
ამ სამი ინფექციიდან ორის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოს იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით არის გათვალისწინებული. სახელმწიფო უმაღლესი ხარისხის ვაქცინებით ბვშვთა უსაფრთხო იმუნიზაციას უზრუნველყოფს.
წითელასა და წითურას პროფილაქტიკა ცოცხალი შესუსტებული ვაქცინით ხდება. ამჟამად გამოიყენება. MMღ-II და პრიორიქსი, რომლებიც, გარდა ამ ორი ინფექციისა, ყბაყურასგანაც იცავს. ეროვნული კალენდრის თანახმად, აცრა 1, 5 და 13 წლის ასაკში ტარდება. თუ რაიმე მიზეზით ვაქცინაცია გამოტოვეთ, შეცდომის გამოსწორება ნებიმიერ ასაკში შეიძლება.


რატომ გვაშინებს ფსორიაზი
მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება გადამდები არ არის და არც სიცოცხლისთვის სახიფათო ცვილილებები ახასიათებს, – წესისამებრ, კანზე გამონაყარით შემოიფარგლება, – დაავადებულთა უმრავლესობას ავადმყოფობისა რცხვენია და მალავს. ბევრს სახელწოდების გაგონებაზეც კი შიში იპყრობს და კანის ქავილი უვარდება. ფსორიაზისადმი ასეთი დამოკიდებულება იმის ბრალია, რომ საზოგადოებამ მის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის.

მაინც რასთან გვაქვს საქმე
ფსორიაზი უცნობი გენეზის აუტოიმუნური დაავადებაა. იგი ჩვენშიც ისევეა გავრცელებული, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში – ამ პათოლოგიით მოსახლეობის დაახლოებით 10% იტანჯება. დაავადება, როგორც უკვე ვთქვით, უცნობი გენეზისაა, ანუ მისი უშუალო მიზეზი არ არის ცნობილი, თუმცა ვიცით, რომ მის განვითარებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს მემკვიდრეობა, გარეგანი ფაქტორები და სტრესი. არის შემთხვევები, როცა ერთი კვერცხუჯრედისგან განვითარებულ ტყუპთან ერთს აქვს ეს დაავადება, მეორეს კი არა. ხშირად ის გენეტიკურად მოჰყვება თაობიდან თაობას, შესაძლოა, ერთდროულადაც ჰქონდეს ოჯახის რამდენიმე წევრს… 
მოდი, მარტივად ავხსნათ, რა ხდება ფსორიაზის დროს.
მოგეხსენებათ, კანი რამდენიმე შრისგან შედგება. ბაზალური შრიდან უჯრედები იზრდება და ზედაპირზე ამოდის, მერე კი გარქოვანებას განიცდის და იქერცლება. ნორმაში ეს ციკლი ოცდაათ დღეს გრძელდება, ფსორიაზის დროს კი პროცესი დაჩქარებულია – დამახასიათებელი ფსორიაზული ბალთების მიდამოში უჯრედთა განახლება შვიდ დღეში ერთხელ ხდება. ჭარბი უჯრედები აქერცვლას ვერ ასწრებს და ქერქს წარმოქმნის.
ფსორიაზი ქრონიკული დაავადებაა და, როგორც ყველა ასეთ დაავადებას, რემისიები და გამწვავებები ახასიათებს. რემისია შესაძლოა რამდენიმე წელიწადსაც გაგრძელდეს, მერე კი მაპროვოცირებელი ფაქტორის გავლენით დაავადების სიმპტომებმა ხელახლა იჩინოს თავი.

აი, ასე ვლინდება
არსებობს ფსორიაზის რამდენიმე კლინიკური ფორმა. ყველაზე მეტად კანის ფორმაა გავრცელებული. ამ დროს პროცესი მხოლოდ კანსა და ფრჩხილებს მოიცავს. კანზე სპეციფიკური გამონაყარი, მოვერცხლისფრო ქერქით დაფარული ფსორიაზული ბალთები წარმოიქმნება, ხოლო ფრჩხილებზე – თითისტარისებრი ნაჭდევები. ბალთები დროდადრო ჩნდება, მერე კი მკურნალობის შედეგად, ზოგჯერ – თავისთავადაც, უკვალოდ ქრება. 
ფსორიაზული გამონაყარი სხეულის უპირატესად იმ უბნებზე იჩენს თავს, რომლებიც ყველაზე მეტს მოძრაობს – იდაყვებზე, მუხლებზე, თავის თმიან მიდამოზე. 
ცნობილია ფსორიაზის ლოკალური ფორმებიც, როდესაც დაზიანება მხოლოდ ერთ უბანს მოიცავს, – ასეთია, მაგალითად, თავის თმიანი მიდამოს ფსორიაზი, – და შედარებით მძიმე, გავრცობილი, გენერალიზებული ფორმებიც, როდესაც გამონაყარი მთელ სხეულს ედება და ბუშტუკოვან ელემენტებად ყალიბდება. სიცოცხლისთვის საშიშია ფსორიაზის ერთ-ერთი ტიპი – ცუმბუშის დაავადება.
მძიმე შემთხვევებში, გენერალიზებული ფორმის დროს, მოსალოდნელია ერითროდერმული ფსორიაზის განვითარება. ამ დროს დაზიანებულია კანის 80%. გამონაყარს თან ახლავს ქავილი და ტემპერატურული რეაქცია. პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ფსორიაზის ეს ფორმა სტაციონარულ მკურნალობას მოითხოვს.
არსებობს დაავადების ართროპათიული ფორმებიც. ამ დროს სახსრებიც ზიანდება – მტკივნეულია, ხშირად ანთებადი, დაავადების პროგრესირებამ კი შესაძლოა მოძრაობის შეზღუდვამდეც მიგვიყვანოს.
საბედნიეროდ, დაავადებულთა უმრავლესობას ფსორიაზის კანის ფორმა აქვს.

რა შუაშია სტრესი
ფსორიაზის მაპროვოცირებელი ყველაზე ძლიერი ფაქტორებია სტრესი, ზოგიერთი წამალი, მათ შორის – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები, ალკოჰოლი. შედარებით იშვიათად დაავადების გამწვავებას პროვოცირებას უწევს თამბაქო. რეციდივამდე ზოგჯერ ინტერფერონით მკურნალობასაც მივყავართ. მძიმე ვითარება იქმნება შიდსის დროს – მოგეხსენებათ, ამ დროს დათრგუნულია იმუნური სისტემა, რის გამოც ფსორიაზის რეციდივი უფრო ხშირია. საკვები ამ დაავადების გამწვავებას არ იწვევს, აქ სხვა პრობლემაა – ზოგიერთმა პროდუქტმა, განსაკუთრებით – ალერგიულმა, შესაძლოა ქავილი გამოიწვიოს, ფსორიაზისთვის კი კებნერის ფენომენია დამახასიათებელი – იმ ადგილას, სადაც მოვიქავებთ, შესაძლოა ახალი ბალთა გაჩნდეს. ბევრს მიაჩნია, რომ ფსორიაზის მკურნალია მზე. მზის სხივები უმეტესად მართლაც აუმჯობესებს მდგომარეობას, თუმცა გამორიცხული არ არის, პირიქითაც მოხდეს. 

მიზეზები
* “ფსორიაზული” გენეტიკა. თუ რომელიმე მშობელს ეს დაავადება ჰქონდა, დიდია ალბათობა, შვილსაც გამოაჩნდეს (დამტკიცებულია, რომ ფსორიაზის შემთხვევათა მესამედი მემკვიდრეობითი ბუნებისაა);
* სტრესი;
* ყოველგვარი ქრონიკული ჩირქოვანი პროცესი, მათ შორის – კარიესი, ქრონიკული ტონზილიტი, ქოლეცისტიტი;
. ვირუსული და ბაქტერიული (უმეტესად სტრეპტოკოკული) ინფექციები.

საქმეში დერმატოლოგი ერთვება
დიაგნოზის დასასმელად ათიდან ცხრა შემთხვევაში ვიზუალური შეფასებაც კმარა. სპეციალისტები კვლევის ბიოფსიურ მეთოდსაც იყენებენ, თუმცა იშვიათად – უმეტესად კლინიკური სურათის შეფასება და ანამნეზის შეკრებაც ჰყოფნით. მკურნალობის ფონზე ხდება ფსორიაზის სრულფასოვანი რემისია ანუ პროცესის “მიძინება”, განკურნება კი, სამწუხაროდ, შეუძლებელია. რემისიის დროს მკურნალობა არ არის საჭირო და ადამიანი ჩვეულებრივი რიტმით ცხოვრობს, ოღონდ რამდენიმე არცთუ მკაცრი წესი უნდა დაიცვას: ეცადოს, არ აჰყვეს ნერვებს, თავი არიდოს სტრესს, ალკოჰოლს, ალერგიულ საკვებს (არაალერგიული პროდუქტი არ იკრძალება), მოუაროს კანს, ერიდოს მის მოქავებას, გაკაწვრას... ამ პერიოდში სასურველია კურორტოთერაპიაც.
მკურნალობენ უმთავრესად სტეროიდული მალამოებით, D3 ვიტამინის ანალოგი კრემებითა და ლოსიონებით, ასევე – A ვიტამინის მარილებით. არსებობს ახალი ბიოლოგიური პრეპარატებიც, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია.
არსებობს ფსორიაზის ფორმები, რომლებიც სეზონურად მწვავდება. აფეთქება უმეტესად ზამთრობით ხდება. ფსორიაზს, როგორც აღვნიშნეთ, ულტრაიისფერი სხივებიც უხდება, ასე რომ, გამორიცხული არ არის, ექიმმა გარუჯვა გირჩიოთ.

***
ფიტოდერმატოლოგიური სასწაული
მცენარეულ ნაყენებსა და ნახარშებს ყველაზე ხშირად ალბათ კანის დაავადებათა სამკურნალოდ იყენებენ. ისინი გამონაყარსაც იოლად აქრობენ და სხვა ზედაპირულ დაზიანებასაც აშუშებენ. მოდი, ვნახოთ, რა დერმატოლოგიური სასწაულის მოხდენა შეუძლიათ მცენარეებს.
. დღესდღეობით პოპულარულია შვიტის ნაყენის აბაზანა, რომელიც დადებითად მოქმედებს კანის სტრუქტურაზე, აუმჯობესებს მასში სისხლის მიმოქცევას და ნივთიერებათა ცვლას, აშუშებს ჭრილობებს, წყლულებს. აბაზანისთვის ნაყენი ასე მზადდება: 100 გ შვიტას დაასხით ცხელი წყალი და ერთი საათით დააყენეთ. მზა ნაყენი ჩაასხით წყლით სავსე აბაზანაში და ჩაწექით.
. აბაზანისთვის ორკბილას ნაყენი კი ასე მზადდება: 2 სუფრის კოვზს დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 12 საათით დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ. ეფექტურია ბავშვის პრობლემური კანის მოსაშუშებლად. მოზრდილებსაც შეუძლიათ, მიიღონ ამ ნაყენის აბაზანა და გაიკეთონ საფენები ფურუნკულოზის, ფერიმჭამელების, მუწუკების, ეგზემის დროს.
ან 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს დაასხით 1 ჭიქა წყალი, 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გადმოდგით და ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ, შემდეგ გაფილტრეთ. ამ ნახარშით კარგია თავის დაბანა კანის სხვადასხვა დაავადების, ძირითადად სებორეის დროს.
ან კიდევ: აიღეთ 4 წილი ორკბილას ბალახი, 4 წილი მარწყვის ფოთოლი, 1 წილი კაკლის ფოთოლი და 2 წილი ჭინჭრის ფოთოლი. 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე და დააყენეთ. ამ ნაყენით შეგიძლიათ გაიკეთოთ საფენები ეგზემის დროს.
. თუ შემომსარტყვლელი ლიქენი ან ეგზემა გაწუხებთ, შტოშის წვენის საფენებს გირჩევთ. ეს მეთოდი კარგია ჭრილობის დროსაც – ხელს უწყობს მის მოშუშებას.
. თუ აკნემ შეგაწუხათ, გაწმენდილ-გასუფთავებული სახის კანი მარწყვის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ და წაისვით ბლენდერში ათქვეფილი მარწყვის ფაფა. 15-20 წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ თბილი წყლით ან მოიწმინდეთ თბილ რძეში დასველებული ბამბის ტამპონით. ეს ნიღაბი ავიწროებს ფორებს, ელასტიკურობასა და სიმკვრივეს მატებს კანს და, რაც მთავარია, აქრობს აკნეს.

მოხატული კანი
იმას, რასაც წინათ ხან ფერიმჭამელებს ეძახდნენ და ხან მუწუკებს, ამჟამად ერთი და იმავე სახელით – აკნეთი იხსენიებენ.
სიტყვა “აკნე” გულისხმობს როგორც თავად დაავადებას, ისე მის ცალკეულ ელემენტსაც – ფერიმჭამელას, მუწუკს, პაპულას, პუსტულას...
ფერიმჭამელები ასე ჩნდება: კანის ცხიმოვანი ჯირკვლები ზომაზე მეტ ცხიმს გამოიმუშავებენ. ამას ერთვის თმის ფოლიკულში გარქოვანებული უჯრედების ჭარბი წარმოქმნა. ჭარბი პროდუქტი ფოლიკულში გროვდება და ეს უკანასკნელი იბერება.
თუ ფოლიკულში ბაქტერიები ჩასახლდნენ, ანთებითი პროცესი გარდაუვალია. სწორედ ამ დროს წარმოიქმნება მუწუკი – ანთებადი ფერიმჭამელა.
შესაძლოა, ცხიმით გაჯერებული თმის ფოლიკულის ანთება ბაქტერიების მონაწილეობის გარეშეც დაიწყოს.
აკნეს გარშემო კანი წითლდება, ელემენტები ერთიანდება, ჩირქდება… სწორედ ასე წარმოიქმნება აკნეს აგრესიული ვარიანტები:
. პაპულა – ანთებადი, შეწითლებული, მაგარი, მუწუკისმაგვარი, თუმცა ძალიან პატარა წარმონაქმნი;
. პუსტულა – ჩირქით ამოვსებულ თავს გარს არტყია შეწითლებული კანი;
. ნოდულა – უფრო დიდი ზომის, კანში ღრმად ჩამჯდარი, ძლიერ მტკივანი მუწუკი, რომელმაც შესაძლოა ნაწიბურიც კი დატოვოს;
. კისტა. ეს უკანასკნელი ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს, თანაც არამხოლოდ ადგილობრივი საშუალებებით.


მიზეზ-მიზეზ
ფერიმჭამელებით და, მით უმეტეს, მათი აგრესიული ნაირსახეობებით კანი ყველას როდი ეკაზმება. უცნობია, ზოგს რატომ ემტერება აკნე, ზოგს კი ინდობს, თუმცა დერმატოლოგებმა დანამდვილებით იციან, რომ პრობლემის თავიდათავი ჰორმონული დისბალანსია.
ანდროგენების – მამაკაცური ჰორმონების – დონე სქესობრივი მომწიფების ასაკში იმატებს. ანდროგენები გოგონებსაც აქვთ, შესაბამისად, ჰორმონთა დისბალანსი მათ ორგანიზმშიც იჩენს თავს. მოიმატებს თუ არა ანდროგენის დონე, ცხიმის ჯირკვლები საჭიროზე მეტ ცხიმს გამოიმუშავებენ, რომელსაც სიჭარბის გამო ფოლიკულის ვიწრო არხიდან გამოსვლა უჭირს და სადაც ჩნდება, იქვე გროვდება.
ანდროგენების დონის მერყეობა ასევე შეინიშნება კონტრაცეპტივების მიღების დაწყებისას და შეწყვეტისას. ასევე, თუ ადამიანი ანდროგენის შემცველ მედიკამენტს იღებს, არ არის გამორიცხული, კანზე გამოაყაროს.
ექიმები ვარაუდობენ, რომ აკნეს ფესვები გენებშია საძიებელი. თურმე იმ მოზარდთა მშობლებს, რომლებსაც სახე ფერიმჭამელებითა და მუწუკებით აქვთ დაფარული, გარდატეხის ასაკში ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ.
ამდენად, აკნეს განვითარებას ხელს უწყობს:
. ჰორმონული დისბალანსი, რომელიც მენსტრუაციამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე იჩენს თავს (ანუ გამონაყარი შესაძლოა წმს-ს – წინარემენსტრუაციული სინდრომის – ერთ-ერთი გამოვლინება იყოს);
. ჭარბი ცხიმიანობა, გამოწვეული სპეციფიკური კოსმეტიკის (ძლიერი დამატენიანებლების, მკვებავების) გამოყენებით;
. ჭარბი ცხიმიანობა, გამოწვეული ჩახუთულ გარემოში (გავარვარებულ სამზარეულოში) დიდხანს ყოფნით;
. კანის მექანიკური გაღიზიანება სამოსით (მაგალითად, მჭიდრო საყელოთი) ან პირსახოცით (დაბანის შემდეგ უხეშად გამშრალებისას);
. დაბინძურებული გარემო და მაღალი ტენიანობა (ეს უკანასკნელი ცხიმისა და ოფლის გამოყოფას აძლიერებს);
. და, რაღა თქმა უნდა, ყველა პრობლემის თავიდათავი – სტრესი, თუმცა ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ სტრესი ფერიმჭამელების წარმოქმნას კი არა, არამედ მათ გამწვავებას და მუწუკებად ტრანსფორმირებას უწყობს ხელს.

მოარჯულეთ კანი
კანი მაქსიმალურად რომ დავიცვათ ფერიმჭამელებისგან, ხოლო მათი არსებობის შემთხვევაში – დამუწუკებისგან, საკმარისია ჰიგიენის მარტივი წესების დაცვა.
თუ სახე შავწერტილოვანი გამონაყარით დაგეფარათ, ასე მოიქეცით:
. პირი დაიბანეთ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს. გარდა ამისა, აუცილებელია სახის ჩამობანა ვარჯიშის და, საზოგადოდ, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგაც.
. ჩვეულებრივი საპნის ნაცვლად სპეციალური დასაბანი ქაფი ან გელი გამოიყენეთ. მათ ჭურჭელზე ამოიკითხავთ წარწერას: ცლეანსერ ან ცლეანსინგ, ან სულაც გამართული ქართულით იქნება მითითებული, რომ ზემოაღნიშნული საშუალება იდეალურია ცხიმიანი ან პრობლემური, ფერიმჭამელებისკენ მიდრეკილი კანისთვის.
ქაფი (ან გელი) ნაზად წაისვით სველ სახეზე, თბილი წყლით ჩამოიბანეთ და ფაქიზად შეიმშრალეთ.
დაბანიდან კრემისა თუ სხვა კოსმეტიკური საშუალების წასმამდე, სულ მცირე, 10-15 წუთი უნდა გავიდეს, რათა კანმა გაშრობა მოასწროს.
. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ფერიმჭამელებიანი სახის კანის მოვლა თმის მოვლასაც ითვალისწინებს. თუ კანზე გაყრიათ და თმაც ცხიმიანი გაქვთ, გირჩევთ, თავი ხშირ-ხშირად იბანოთ ცხიმიანი თმისთვის განკუთვნილი შამპუნით, ხოლო თმა შუბლსა და საფეთქლებზე გადაწეული ატაროთ.
. გახსოვდეთ: თუ კანი ძლიერ ცხიმიანია, ფორების შემავიწროებელი საშუალების წასმა რეკომენდებული არ არის. ჭარბი ცხიმისგან გათავისუფლების შემდეგაც კი ასეთი საშუალება მხოლოდ ფორებგაფართოებულ უბნებზე უნდა წაისვათ და არა მთელ სახეზე.
. მამაკაცებს, რომლებსაც აკნე აწუხებთ, ვურჩევთ, წვერის პარსვისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. მათ თავად უნდა გაარკვიონ, რომელი ტიპის სამართებელია უფრო მეტად მისაღები მათი კანისთვის – ელექტრონული თუ მექანიკური. საპარსი საშუალება რაც შეიძლება ბასრი უნდა იყოს, ხოლო წვერი – საგულდაგულოდ დარბილებული. ამისთვის საპარსი ქაფის წასმამდე სპეციალური დამარბილებელი საშუალების გამოყენებას გირჩევთ.
. მსუბუქი აკნეს სამკურნალოდ უმეტესად ადგილობრივი საშუალებებიც საკმარისია. მათ შემადგენლობაში შედის: ბენზოის ზეჟანგი, სალიცილის მჟავა და სხვა.

გააზიარე: