დაღლილობა, მოთენთილობა - რა გვაცლის ენერგიას
გააზიარე:
გაფანტული სკლეროზი-დაუძლეველი დაღლილობა
COVID-19 გრძელვადიანი ეფექტები
როგორ შევივსოთ ენერგიის მარაგი
ვინ არ დაღლილა მძიმე სამუშაო დღის, ხანგრძლივი სიარულის, ვარჯიშის ან თუნდაც ჩვეულებრივი საოჯახო საქმეების შესრულების შემდეგ. ასეთი დაღლილობა ყველასთვის ნაცნობია. ამ დროს ვიცით, რამ დაგვღალა და ისიც ვიცით, რომ ჩვენი წამალი კარგი გამოძინებაა, რის შემდეგაც თავს ჩიტივით მსუბუქად ვიგრძნობთ. მაგრამ არსებობს სხვა დაღლილობაც – მედიცინაში ამ სიტყვას არაერთი დაავადების სიმპტომების ჩამონათვალში შეხვდებით და ის არა მხოლოდ ფიზიკურ გადაღლას, არამედ ნებისმიერი მიზეზით გამოწვეულ მოთენთილობასა და გამოფიტულობას გულისხმობს. გადატვირთული რეჟიმი, არასწორი კვება, არასაკმარისი ძილი, მჯდომარე, პასიური ცხოვრება... უამრავი რამ მუშაობს დაღლილობის სასარგებლოდ. თუ ამ ფაქტორების აღმოფხვრამ დაღლილობა არ გააქრო, შესაძლოა, მის მიღმა რომელიმე დაავადება იმალებოდეს.
სამედიცინო განმარტებით, დაღლილობა არის ყოველდღიური ენერგიის ნაკლებობა; გამოფიტულობა, რომელიც გამოძინების შემდეგ არ ქრება. თუ ეს შეგრძნება თვეზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, დაღლილობა მწვავეა, თუ 1-დან 6 თვემდე ან უფრო მეტხანს – ქრონიკული. დაღლილობა ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ფუნქციობას და აქვეითებს მისი ცხოვრების ხარისხს.
ხშირად ჩვენ ერთი და იმავე მნიშვნელობით ვიყენებთ ორ ცნებას: დაღლილობას და სისუსტეს. ეს მთლად მართებული არ არის. დაღლილობა იგივე გამოფიტულობაა, როდესაც ადამიანს ენერგიის ნაკლებობის გამო დასვენების მოთხოვნილება უჩნდება. სისუსტე კი ფიზიკურ დაუძლურებას, კუნთების ძალის ნაკლებობას, უღონობას გულისხმობს. დასუსტებულ ადამიანს ხელების, ფეხების და სხეულის სხვა ნაწილების კუნთების ასამოძრავებლად დამატებითი ძალისხმევა სჭირდება.
ნორმა თუ პათოლოგია
დაღლილობა შესაძლოა იყოს ბუნებრივი პასუხი ფიზიკურ დატვირთვაზე, ემოციურ სტრესზე, მოწყენილობაზე ან ძილის ნაკლებობაზე. ამ შემთხვევაში ის ჩვეულებრივ რეაქციად მიიჩნევა. თუმცა არ არის გამორიცხული, დაღლილობის შეგრძნება რომელიმე ფსიქიკური ან ფიზიკური პათოლოგიით იყოს გამოწვეული, ამიტომ თუ მან არ გაიარა გამოძინების, დანაყრების ან სტრესული გარემოს გამოცვლის შემდეგ, მისი მიზეზის დასადგენად ექიმს უნდა მივმართოთ.
დაღლილობის გავრცელებული მიზეზებია:
მეტაბოლური /ენდოკრინული ცვლილებები
ორსულობა; ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება; ანემია; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა; დიაბეტი; ორგანიზმში ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა; თირკმლის დაავადებები; ღვიძლის დაავადებები; კუშინგის დაავადება
ინფექციური დაავადებები
ინფექციური მონონუკლეოზი; ჰეპატიებტი; ტუბერკულოზი; ციტომეგალოვირუსული ინფექცია; აივ ინფექცია; გრიპი; მალარია და სხვა ინფექციური დაავადებები, მათ შორის – კოვიდ-19.
გულისა და ფილტვის დაავადებები
ფილტვების ანთება; არითმია; ასთმა; ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდი); გულის შეგუბებითი უკმარისობა; კორონარული არტერიების დაავადება; სარქველების დაზიანება
მედიკამენტები
ანტიდეპრესანტები; შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებები; დამამშვიდებლები; ანტიჰისტამინური საშუალებები; სტეროიდები; სტატინები; არტერიული წნევის დამარეგულირებელი ზოგიერთი მედიკამენტი; ზოგიერთი მედიკამენტის ან ნარკოტიკული ნივთიერების მიღების შეწყვეტა
ფსიქოემოციური დარღვევები
სტრესი, დეპრესია; შფოთვა; ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება; ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება; კვების დარღვევები (ბულიმია, ანორექსია); მწუხარება და გლოვა, გამოწვეული ისეთი ცხოვრებისეული ცვლილებებით, როგორიცაა, მაგალითად, სახლის გამოცვლა, განქორწინება და სხვა
ძილთან დაკავშირებული პრობლემები
გვიანობამდე მუშაობა; ღამის ცვლაში მუშაობა; სასაათე სარტყლის შეცვლა; ძილის აპნოე; რეფლუქსეზოფაგიტი; უძილობა; ნარკოლეფსია
ვიტამინებისა და ელემენტების უკმარისობა
ვიტამინ B12-ის დეფიციტი; D ვიტამინის დეფიციტი; ფოლიუმის მჟავას უკმარისობა; რკინის უკმარისობა
სხვა მიზეზები
კიბო; რევმატული დაავადებები, მაგალითად, რევმატოიდული ართრიტი და სისტემური წითელი მგლურა; ფიბრომიალგია; ქრონიკული დაღლილობის სინდრომი; ჰიპერტონია (არტერიული წნევის ქრონიკული მატება); სიმსუქნე; ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია; ქრონიკული ტკივილი; ზედმეტი ან არასაკმარისი ფიზიკური აქტიურობა
სიმპტომები
დაღლილობის მთავარი სიმპტომი, როგორც უკვე ვთქვით, დაღლილობის შეგრძნებაა, რომელიც დასვენებისა და გამოძინების შემდეგაც გრძელდება. ამასთან ერთად, დაღლილობის დროს ადამიანს უჭირს ყოველდღიური საოჯახო თუ სამსახურებრივი საქმეების შესრულება, ოჯახის წევრების მოვლა.
დაღლილობა შესაძლოა ფიზიკური, გონებრივი ან ემოციური ცვლილებებით გამოიხატოს. მას შესაძლოა თან ახლდეს:
* კუნთების ტკივილი;
* აპათია და მოტივაციის ნაკლებობა;
* დღისით ძილიანობა;
* კონცენტრაციის დარღვევა და ახალი უნარ-ჩვევების ათვისების სირთულე;
* კუჭ-ნაწლავის პრობლემები (შებერილობა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა);
* თავის ტკივილი;
* გაღიზიანება და ჭირვეულობა;
* რეაქციების შენელება;
* მხედველობის დაბინდვა.
ამ სიმპტომებს ამძიმებს დაძაბულობა, გადატვირთვა. ისინი შესაძლოა გამოვლინდეს ფიზიკური დატვირთვიდან რამდენიმე საათის შემდეგ ან მეორე დღეს.
დიაგნოზი
დაღლილობის დიაგნოზის დასმა არც ისე ადვილია, რადგან მისი მიზეზები და სიმპტომები მრავალფეროვანი და არასპეციფიკურია.
ექიმი შეეცდება დაადგინოს:
* დაღლილობის ხარისხი;
* დაღლილობის ხასიათი (მაგალითად, დღის რომელ პერიოდში მძიმდება ან მსუბუქდება სიმპტომები, შვებას ჰგვრის თუ არა პაციენტს ხანმოკლე ძილი და სხვა);
* ძილის ხარისხი;
* ემოციური მდგომარეობა და სტრესის დონე.
თუ ადამიანი ყოველდღიურად ჩაინიშნავს, რომელ საათებში და რამდენ ხანს ეძინა, ღამით რამდენჯერ გამოეღვიძა და ა.შ., ექიმს ეს დიდად დაეხმარება დიაგნოზის დასმაში.
ექიმი პაციენტს გასინჯავს, გამოჰკითხავს, რას უჩივის, რომელ მედიკამენტებს იღებს, როგორია მისი ცხოვრების წესი და ჩვევები, კვების სტილი, რამდენად ხშირად იღებს კოფეინს, ხომ არ არის ნარკოტიკების მომხმარებელი, რამდენად ხშირად და რა რაოდენობით იღებს ალკოჰოლს, როგორია მისი სამსახური და ძილის რუტინა. სიმპტომების გათვალისწინებით, შესაძლოა დაუნიშნოს სისხლისა და შარდის ანალიზები, რომელიმე ორგანოს ინსტუმენტული გამოკვლევა, შეავსებინოს ფსიქიკური ჯანმრთელობის კითხვარი. ამ გზით ის გამორიცხავს დაღლილობის ისეთ მიზეზებს, როგორიცაა ინფექცია, ჰორმონული დაავადება, ანემია, ღვიძლის ან თირკმელების დაავადება და სხვა. შესაძლოა, ძილის მონიტორინგიც შესთავაზოს, რათა ძილის დარღვევა გამორიცხოს.
მკურნალობა
როდესაც დაღლილობის მიზეზი დადგენილია, იწყება მკურნალობა და დაღლილობაც მცირდება, მაგრამ ძილის, კვებისა და ფიზიკური აქტიურობის რეჟიმის მოწესრიგება ნებისმიერ შემთხვევაში საჭიროა. ამისთვის რამდენიმე რჩევას შემოგთავაზებთ:
ძილი
* შეეცადეთ, ყოველდღე, უქმე დღეებშიც კი, ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ.
* საწოლ ოთახში იყოს კომფორტული ტემპერატურა (ძილისთვის კომფორტულად მიიჩნევა 15,5-19,5 გრადუსი).
* საწოლ ოთახში იყოს სიბნელე და სიწყნარე.
* დაძინებამდე ერთი საათის განმავლობაში მოერიდეთ ეკრანს. გამოსხივება და ხმა ტვინის აქტივობას ასტიმულირებს და გავლენას ახდენს ძილის ხარისხზე.
* მოერიდეთ ძილის წინ ჭამას.
* ძილის მოახლოებისთანავე შეეცადეთ, ფიზიკურადაც და გონებრივადაც დაისვენოთ. სტრესული და შემაშფოთებელი ფიქრებისგან თავის დაღწევაში შესაძლოა დაგეხმაროთ თბილი აბაზანა და მშვიდი მუსიკა.
* ძილის მოწესრიგებაში ძილის დღიურის წარმოებაც დაგეხმარებათ.
კვება
დაღლილობასა და ენერგიულობაზე დიდ გავლენას ახდენს კვება. ზომიერი, დაბალანსებული დიეტა კარგი ჯანმრთელობისა და კარგი ძილის საწინდარია.
* მიირთვით დღეში რამდენჯერმე, ზომიერი ულუფებით.
* ერიდეთ შაქრის შემცველ და ნაკლებად სასარგებლო საკვებს.
* მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული.
* შუადღისას და საღამოს ერიდეთ კოფეინის მიღებას.
ვარჯიში
რეგულარული ფიზიკური დატვირთვა ამცირებს დაღლილობას და აუმჯობესებს ძილს.
* თუ დიდი ხანია, ფიზიკურად არ გიაქტიურიათ, თანდათან უნდა დაიწყოთ.
* უნდა ივარჯიშოთ დღის იმ მონაკვეთში, როდესაც ყველაზე პროდუქტიული ხართ.
საჭესთან
მანქანის მართვის დროს დაღლილობა ხშირად იქცევა უბედური შემთხვევის მიზეზად, ამიტომ ნებისმიერი მძღოლი უნდა შეჩერდეს და რამდენიმე წუთით წაიძინოს ან საჭე სხვას დაუთმოს, თუ მანქანის მართვისას მთქნარება და თვალების ხშირი ხამხამი დაეწყო, არ ახსოვს, როგორ გაიარა ბოლო რამდენიმე კოლომეტრი, გადავიდა ზოლს გარეთ, უჭირს კონცენტრირება.
გაფანტული სკლეროზი - დაუძლეველი დაღლილობა
დაღლილობა უამრავ დაავადებას ახლავს თან, მაგრამ გაფანტული სკლეროზის დროს ის განსაკუთრებულია. გარშემო მყოფებს ხშირად არ ესმით, რატომ ერიდება ადამიანი მათთან ურთიერთობას, ვისთანაც თავს ყოველთვის კარგად გრძნობდა, რატომ ამბობს უარს საქმიანობაზე, რომელიც მანამდე სიამოვნებას ანიჭებდა, რატომ ურჩევნია საღამოობით წამოწოლა ოჯახურ შეკრებებს ან, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ასე გულმოდგინედ რატომ უფრთხილდება ენერგიას.
დაღლილობა გაფანტული სკლეროზის მქონე ათი ადამიანიდან რვას მაინც აწუხებს და ხელს უშლის საოჯახო თუ სამსახურებრივ საქმიანობაში.
არსებობს რამდენიმე ხერხი, რათა გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანმა დაზოგოს და ისე გაანაწილოს თავისი შეზღუდული ენერგია, რომ საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს და ცხოვრების ფერხულიდან არ ამოვარდეს.
დაავადების რეზიუმე
გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის – თავის ტვინისა და ზურგის ტვინის – დაავადებაა, რომლის დროსაც იმუნური სისტემა თავს ესხმის ნერვული ბოჭკოების გარეთა, მიელინის გარსს. ეს ართულებს ტვინსა და დანარჩენ სხეულს შორის კავშირს და საბოლოოდ ნერვების შეუქცევად დაზიანებას იწვევს.
გაფანტული სკლეროზი უმეტესად 20-დან 40 წლამდე იჩენს თავს და ქალებთან ორ-სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე კაცებთან. მისი განვითარების რისკს ზრდის ავადმყოფობის ოჯახური ისტორია, ზოგიერთი ინფექცია (მათ შორის – მონონუკლეოზის გამომწვევი ეპშტეინ-ბარის ვირუსი), ჩრდილოეთევროპული წარმოშობა, D ვიტამინის დეფიციტი, ზოგიერთი ავტოიმუნური დაავადება, მწეველობა...
გაფანტული სკლეროზის ნიშნები და სიმპტომები სხვადასხვანაირია და იმაზეა დამოკიდებული, რომელი ნერვებია დაზიანებული და რამდენად ბევრია დაზიანებული ადგილი. ზოგიერთი თუ სიარულის უნარსაც კარგავს, ზოგს უმნიშვნელო სიმპტომების ფონზე რემისიის ხანგრძლივი პერიოდები აქვს, რომელთა განმავლობაში ახალი სიმპტომები არ იჩენს თავს.
გაფანტული სკლეროზის ნიშნებია კიდურების დაბუჟება ან სისუსტე, ელექტრული შოკის შეგრძნება კისრის განსაზღვრული მოძრაობისას (განსაკუთრებით – თავის დახრისას), მთელი სხეულის ან მისი რომელიმე ნაწილის ტრემორი (კანკალი), კოორდინაციის დარღვევა, მერყევი სიარული, მხედველობის დაბინდვა, მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, ბუნდოვანი მეტყველება, თავბრუხვევა, ჩხვლეტა ან ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში, სქესობრივი პორბლემები, დეფეკაციისა და შარდის ბუშტის პრობლემები და სხვა.
თუმცა ამ სიმპტომებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია დაღლილობას.
მიზეზები
ჯერ კიდევ დაუდგენელია, რა იწვევს დაღლილობას და გამოფიტულობას გაფანტული სკლეროზის დროს, თუმცა ცნობილია, რომ არსებობს მისი ორი ტიპი: პირველადი და მეორეული.
პირველადი დაღლილობა უშუალოდ დაავადებას უკავშირდება. მის განვითარებას მეცნიერები რამდენიმე მიზეზს მიაწერენ. ერთი მათგანია იმუნური სისტემის ჰორმონები, ციტოკინები, რომლებიც გაფანტული სკლეროზის დროს მიმდინარე ანთებითი პროცესის შედეგად გამოიყოფა. ციტოკინები იწვევს სისუსტეს და დაღლილობას გრიპისა თუ სხვა ინფექციური დაავადების დროსაც. მიზეზებად მიიჩნევა დემიელინიზაცია და ნერვის გამტარობის დაქვეითებაც, რომელიც თანდათანობით ამცირებს კუნთების გამძლეობასა და სიმტკიცეს.
დაღლილობის კიდევ ერთი სავარაუდო მიზეზია თავის ტვინში არსებული ნერვული გზების დაზიანება, რის გამოც ტვინს მეტი რეგიონის ამოქმედება სჭირდება იმ ამოცანის შესასრულებლად, რომლსაც მანამდე ერთი რეგიონიც ართმევდა თავს. ადამიანის ტვინში არსებობს ნერვული ქსელები, რომლებსაც არ იყენებენ ჯანმრთელი ტვინის მქონე ადამიანები, მაგრამ იყენებენ გაფანტული სკლეროზით დაავადებულები დაზიანების კომპენსაციის მიზნით. ამ დაავადების დროს ტვინს ზოგჯერ მარტივი დავალების შესასრულებლადაც კი დამატებითი უბნების ამოქმედება უწევს, რაც გონებრივი მუშაობის სიჩქარეს ანელებს. შედარებისთვის: როდესაც კომპიუტერი სხვადასხვა პროგრამაზე ერთდროულად მუშაობას, მისი სიჩქარე იკლებს.
დაღლილობის მიზეზი შესაძლოა სხვა დაავადება ან ვიტამინების დეფიციტი იყოს, ამიტომ უნდა დავრწმუნდეთ, რომ დაღლილობა ნამდვილად გაფანტული სკლეროზის ბრალია და არა სხვა ისეთი რამისა, რასაც განსხვავებული მკურნალობა სჭირდება.
მეორეული დაღლილობა განპირობებულია გაფანტული სკლეროზის სხვა სიმპტომებით, მაგალითად, დეპრესიით, შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლით, რაც ავადმყოფს ღამღამობით აღვიძებს. ასეთივე მიზეზებია ღამღამობით კუნთების სპაზმები და ტკივილი, ოთახის მაღალი ტემპერატურა (რადგან გაფანტული სკლეროზის დროს სითბოსადმი მგრძნობელობა იმატებს), ზოგიერთი მედიკამენტი (ტკივილგამაყუჩებლები, ანტიდეპრესანტები), ქრონიკული სტრესი...
გასათვალისწინებელია, რომ დამატებით იღლება ადამიანი, რომელსაც მნიშვნელოვანი ძალისხმევის დახარჯვა უწევს ყოველდღიური საქმიანობის (ჩაცმა, კბილების გახეხვა, დაბანა, საჭმლის მომზადება) შესასრულებლად.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მკვლევრებმა დაადგინეს, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, მით უფრო დიდია ალბათობა, დაღლილობა გარეგანი ფაქტორებით (მედიკამენტებით, დეპრესიით, სტრესით) იყოს გამოწვეული და არა თავად დაავადებით.
უკიდურესად გამოფიტული
გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს დაღლილობის განსაკუთრებული ფორმა აღენიშნებათ. ეს არის უკიდურესი და მუდმივი გონებრივი და`ან ფიზიკური დაღლილობა, სისუსტე და გამოფიტულობა. ზოგიერთი ავადმყოფი აღნიშნავს, რომ სხეული ისე სტკივა, როგორც გრიპის დროს, საწოლიდან ასადგომადაც კი ძალ-ღონის მოკრება სჭირდება, რაც უფრო ახლოვდება საღამო, მით უფრო უჭირს კონცენტრაცია და საუბრისას სიტყვების პოვნა. გაფანტული სკლეროზის დაღლილობა პათოლოგიური, დაუძლეველი მოთენთილობაა, რომელიც:
* ყოველდღიურია;
* შესაძლოა, დილაადრიან, კარგი გამოძინების შემდეგაც კი იგრძნობოდეს;
* იმატებს დღის განმავლობაში;
* იმატებს სითბოსა და მაღალი ტენიანობის პირობებში;
* მოულოდნელად იჩენს თავს;
* უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვეულებრივი დაღლილობა;
* აფერხებს ყოველდღიურ საქმიანობას.
გაფნტული სკლეროზით დაავადებული ზოგიერთი ადამიანი გულდაწყვეტით აღნიშნავს, რომ ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები ან დამსაქმებლები ეჭვით ეკიდებიან მათ ჩივილებს, ჰგონიათ, რომ ისინი დეპრესიაში არიან ან უბრალოდ თავს არიდებენ მუშაობას, თუმცა ამ დაავადების თანმხლები დაღლილობის ობიექტური შეფასება მართლაც რთულია. მეცნიერები ცდილობენ შეიმუშაონ ტესტი, რომელიც დაღლილობის მარკერად გამოდგება და რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება დაღლილობის გაზომვა და შეფასება.
დაღლილობის მართვა
თუ დაღლილობა ადამიანს სერიოზულ პრობლემას უქმნის, მან ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია. დაღლილობის მიზეზის ადრეული გამოვლენა ხელს შეუწყობს მკურნალობის ეფექტური გეგმის შემუშავებას.
დაღლილობის მართვის სტრატეგია მოიცავს:
* ოკუპაციურ თერაპიას, რომელიც ადამიანს საქმიანობას გაუადვილებს და ენერგიას დააზოგვინებს;
* ფიზიკურ თერაპიას, რომელიც ასწავლის ადამიანს, როგორ დაზოგოს ენერგია სიარულისა თუ მუშაობის დროს;
* რეგულარულ ვარჯიშს ფიზიკური ფორმის შესანარჩუნებლად;
* ძილის რეგულირებას, რაც გულისხმობს გაფანტული სკლეროზის სხვა ისეთი სიმპტომების მკურნალობასაც, რომლებიც ხელს უშლის ძილს (ასეთია, მაგალითად, სპასტიკურობა, შარდვის დარღვევა);
* ფსიქოლოგიურ დახმარებას – სტრესის მართვას, რელაქსაციას, დამხმარე ჯგუფის წევრობას ან ფსიქოთერაპიას;
* სითბოს მართვის სტრატეგიების სწავლებას გადახურების ან გადაცივების თავიდან ასაცილებლად.
წამლები
გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებული დაღლილობის სამკურნალოდ შესაძლებელია მედიკამენტების გამოყენება. ამ მედიკამენტების კლინიკურმა კვლევებმა არაერთგვაროვანი შედეგები აჩვენა, ამიტომ ამჟამად არც ერთი მათგანი არ არის დამტკიცებული აშშ-ს სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მიერ, თუმცა მათ მაინც იყენებენ. ასეთი წამლების ეტიკეტზე მითითებულია, რომ ისინი გაფანტული სკლეროზით გამოწვეული დაღლილობის დროს არის რეკომენდებული.
ერთ-ერთი პოპულარული პრეპარატია აცეტილ-L-კარნიტინი – ამინმჟავა, რომელიც სხეულის თითქმის ყველა უჯრედში გვხვდება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავებისგან ენერგიის გამომუშავებაში, ზრდის ნერვული უჯრედების აქტიურობას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. როგორც უკვე ვთქვით, ამ პრეპარატის ეფექტიანობის საკმარისი მტკიცებულება ჯერჯერობით არ არსებობს. გარდა ამისა, მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს სისხლის გამათხელებელი და სხვა წამლების მოქმედებაზე. ამიტომ თუ პაციენტი აცეტილ-L-კარნიტინის (ან ნებისმიერი სხვა საკვები დანამატის) მიღებას გადაწყვეტს, აუცილებლად ექიმს უნდა შეუთანხმდეს.
კოვზის თეორია
ძნელია გაუმკლავდე დაღლილობას, თუ მის ბუნებას არ იცნობ, ამიტომ ექიმები პაციენტებს ურჩევენ დღიურის წარმოებას, რომელშიც ჩაინიშნავენ, რომელ მომენტში იგრძნეს დაღლილობა, რას აკეთებდნენ ამ დროს ან რა ხდებოდა მათ გარშემო. დაღლილობის ხარისხი შეიძლება ყოველდღიურად იცვლებოდეს, მაგრამ ჩანაწერების წყალობით ნათელი გახდება, დღის რომელ მონაკვეთში იღლებიან ყველაზე მეტად და რა აძლიერებს დაღლილობას.
გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, ღლის ჩვეული ცხოვრება: სამსახური, ოჯახი, ურთიერთობები და პასუხისმგებლობები. ამასთან გასამკლავებლად ზოგიერთი ექიმი პაციენტებს “კოვზის თეორიას” სთავაზობს. ეს მიდგომა ადამიანს იმის განსაზღვრაში ეხმარება, რა არის მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და რაზე შეუძლია უარის თქმა.
მეთოდის არსი ასეთია: ადამიანმა უნდა წარმოიდგინოს, რომ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ 10 კოვზის თითოჯერ გამოყენების უფლება აქვს და როდესაც რაიმე აქტივობის შესრულების არჩევანის წინაშე დადგება, ჰკითხოს საკუთარ თავს, უღირს თუ არა ამისთვის ერთი კოვზის დახარჯვა.
უმჯობესია, პაციენტმა თავისი “კოვზები” დილით გამოიყენოს, მაგალითად, ვახშმის ნაცვლად ახლობლებს ლანჩზე შეხვდეს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაც დილისთვის გადადოს.
ბევრმა არ იცის, რა ძლიერი დაღლილობა ახასიათებს გაფანტულ სკლეროზს და შესაძლოა, რომელიმე აქტივობაზე უარის თქმა სიზარმაცეს ან უყურადღებობას მიაწეროს, ამიტომ პაციენტებმა კარგად უნდა აღუწერონ თავიანთი მდგომარეობა ოჯახის წევრებსა და ახლო მეგობრებს. თვალსაჩინოებისთვის შეადარონ ის ქრონიკულ ტკივილს, რომელიც ართმევს მათ ურთიერთობის უნარს და ხალისს და აუხსნან, რომ ის ზოგჯერ ქრება, ზოგჯერ კი უკან ბრუნდება.
კოვზის თეორიის ერთ-ერთი ვერსია შეიმუშავა ტეხასში მცხოვრებმა კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორმა, რომელსაც 24 წლის ასაკში დაუსვეს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი. ნებისმიერი აქტივობის წინ ის ასეთ შეკითხვას უსვამს საკუთარ თავს: რამდენი ენერგიის დახარჯვა მომიწევს მეგობრებთან ერთად სადილობისთვის? ეს ჩემთვის მუშაობა უფრო იქნება თუ გართობა?
დაღლილობის ფსიქოლოგია
დაღლილობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ემოციური სფეროც. როდესაც ადამიანი რამეს ვერ აკეთებს, ემოციურად იღლება და უმცირდება ისეთი რამის კეთების მოტივაცია, რაც ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვს.
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებსაც დაღლილობა აწუხებთ, რეალურთან შედარებით დაბალ შეფასებას აძლევენ თავიანთ კოგნიტიურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს. ამ დროს შესაძლოა ეფექტიანი აღმოჩნდეს კოგნიტიური ქცევითი თერაპია. თერაპევტი პაციენტს უხსნის, რომ თავის დადანაშაულება მას აცლის ენერგიას, რომელიც შეეძლო მნიშვნელოვან საქმეებზე დაეხარჯა; ეხმარება მას გონივრული და მიღწევადი მიზნების დასახვაში და ასწავლის, რომ დასვენებაც აუცილებელია.
გაფანტული სკლეროზის თანმხლები ნებისმიერი, განსაკუთრებით კი დეპრესიასთან დაკავშირებული დაღლილობის დროს სასარგებლოა იოგა, კუნთების რელაქსაციური ვარჯიშები, ხუთწუთიანი მედიტაცია საათში ერთხელ.
ოთხი P
არსებობს სხვა მეთოდიკებიც, რომლებიც პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, შეამციროს დაღლილობა ან ისე მაინც გაანაწილოს ენერგია, რომ მუშაობა შეძლოს.
რეაბილიტოლოგები გვთავაზობენ ენერგიის მართვის მეთოდიკას – ე.წ. ოთხ P-ს. ის ოთხ ნაბიჯს მოიცავს: დაგეგმვას (planning), პოზიციონირებას (positioning), პრიორიტეტის მინიჭებას (prioritizing) და ტემპის შენარჩუნებას (pacing).
დაგეგმვა გულისხმობს დღის ორგანიზებას ენერგიის ოპტიმიზაციით. მაგალითად, თუ დაღლილობის დღიური აჩვენებს პაციენტს, რომ მისი აქტიურობა დილის შუა საათებში აღწევს პიკს, ნახევარი საათის შემდეგ კი იღლება, მნიშვნელოვანი დავალებების შესასრულებლად ამ დროს გამოიყენებს.
პოზიციონირება ფიზიკურ პოზას ეხება. მაგალითად, დგომა უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს, ვიდრე ჯდომა, ასე რომ, ისეთი საქმეები, როგორიცაა კერძის მომზადება ან თავის მოვლა, პაციენტმა უმჯობესია დამჯდარმა შეასრულოს – ეს მას დღის ბოლოსთვის გარკვეულ ენერგიას დააზოგვინებს.
ყოველდღიურ ენერგიას 25 პროცენტით ზოგავს ერგონომიულ სავარძელში ჯდომა, ვინაიდან ხელს უწყობს სწორი პოზის შენარჩუნებას, თავისუფალ სუნთქვას და უზრუნველყოფს, რომ ადამიანმა ერთდროულად კუნთების ერთ ჯგუფზე მეტი არ დატვირთოს.
მშვიდი ფერები, სიგრილე, რბილი სინათლე ამცირებს დაღლილობის გარეგან ფაქტორებს. ოფისში და სახლის იმ ნაწილში, სადაც ადამიანი უმეტეს დროს ატარებს, – მაგალითად, სამზარეულოში, – სივრცე ისე უნდა მოეწყოს, რომ ავადმყოფს ბევრი მოძრაობა არ მოუწიოს. შეიძლება, მთელი კვირის სადილი შაბათ-კვირას მომზადდეს და გაიყინოს, სამუშო დღეებში კი უბრალოდ გალღვეს და გათბეს.
რას გულისხმობს პრიორიტეტის მინიჭება და ტემპის შენარჩუნება?
როდესაც გაფანტული სკლეროზით დაავადებული ადამიანი თავს კარგად გრძნობს, ხშირად ბოლომდე იხარჯება, შედეგად კი დღის ბოლოსთვის ისე იფიტება, რომ ძალ-ღონის აღსადგენად ორი-სამი დღე სჭირდება. ამიტომ საჭიროა დღის განმავლობაში გეგმური შესვენებების მოწყობა, მაშინაც კი, როცა თავად ავადმყოფი ამის საჭიროებას ვერ გრძნობს. ოკუპაციური თერაპევტები პაციენტებს დღის, კვირის, თვის განმავლობაში პრიორიტეტების დალაგებაში ეხმარებიან. ეს მხოლოდ დაღლილობის მართვას კი არ უწყობს ხელს, არამედ ოჯახის წევრებსაც ეხმარება, პაციენტის შესაძლებლობებში გაერკვიონ. შეიძლება, შედგეს საოჯახო კალენდარი, რათა ყველამ იცოდეს, როდის იგეგმება მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელთათვისაც პაციენტმა წინასწარ უნდა დაისვენოს. ოჯახის სხვა წევრებმა უნდა აუხსნან ბავშვებს, რომ სამსახურიდან დაბრუნებული დედა ძალიან დაღლილია და უნდა დაისვენოს, ვიდრე საშინაო დავალების შესრულებაში მიეხმარება და ა.შ.
ვარჯიში
დაღლილობა და ვარჯიში თითქოს ურთიერთსაპირისპირო ცნებებია. სინამდვილეში გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ, ამბობენ, რომ ეს საგრძნობლად ამცირებს მათ დაღლილობას, აუმჯობესებს მათ ძილსა და განწყობას.
შესაძლოა, დაღლილობა რამდენიმე წუთში დაატყდეს თავს ადამიანს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ის ფიზიკური თერაპევტისგან რამდენიმე სხვადასხვანაირ ვარჯიშსაც ისწავლის – ისეთსაც, რომელსაც მინიმალური ან ზომიერი დაღლილობისას შეასრულებს და ისეთსაც, რომელსაც ძლიერი დაღლილობის დროსაც გაართმევს თავს. მაგალითად, როცა დაღლილობა ისეთი ძლიერია, რომ ადამიანი საწოლიდანაც კი ვერ დგება, დიაფრაგმული სუნთქვის ვარჯიშები ან რამდენიმე მარტივი გაჭიმვა ენერგიას შემატებს. ისეთი ვარჯიშების შესასრულებლად კი, რომლებიც ძალების აღდგენას არ ემსახურება, ძვირფასი ენერგიის დახარჯვა არ ღირს.
COVID-19: გრძელვადიანი ეფექტები
პაციენტები, რომლებსაც კორონავირუსული ინფექციის შედეგად მწვავე რესპირატორული სინდრომი განუვითარდათ, ხშირად უჩივიან დაღლილობას, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დაღლილობა შესაძლოა მათაც ჰქონდეთ, ვინც დაავადება მსუბუქად გადაიტანა და უკვე გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა.
გახანგრძლივებული COVID-19-ის სიმპტომები ზოგჯერ თვეობით გრძელდება, ვინაიდან ვირუსი აზიანებს ფილტვებს, გულს, ტვინს.
“გრძელვადიანი კოვიდ-19-ის” განვითარების დიდი რისკი აქვთ ხანდაზმულ, სერიოზული სამედიცინო მდგომარეობების მქონე ადამიანებს, მაგრამ მისგან არც ჯანმრთელი ახალგაზრდები არიან დაზღვეულნი და შესაძლოა, ინფექციიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ცუდად გრძნობდნენ თავს. გრძელვადიანი კოვიდის ყველაზე გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია:
* დაღლილობა;
* ჰაერის უკმარისობა;
* ხველა;
* სახსრების ტკივილი;
* მკერდის ტკივილი.
სხვა სიმპტომები, რომლებიც ასევე შეიძლება გახანგრძლივდეს, არის:
* კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი;
* გულისცემის აჩქარება;
* სუნის ან გემოს შეგრძნების უნარის დაკარგვა;
* მეხსიერების, კონცენტრაციის ან ძილის პრობლემები;
* გამონაყარი ან თმის ცვენა.
წარსული გამოცდილება
ვინაიდან ახალი COVID-19-ის გრძელვადიანი შედეგების პროგნოზირება რთულია, მეცნიერები ითვალისწინებენ იმ გრძელვადიან ეფექტებს, რომლებიც ვლინდება მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის (SARS) გამომწვევი სხვა ვირუსული ინფექციების გადატანის შემდეგ. მაგალითად, ისეთებისა, როგორიცაა შუა აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS), ეპშტეინ-ბარის ვირუსით (EBV) გამოწვეული ინფექცია, Q-ცხელების ვირუსით გამოწვეული ინფექცია. დაღლილობა ამ დროს საკმაოდ დიდხანს გრძელდება, ზოგჯერ – წელიწადი და მეტიც. შესაძლოა გამოვლინდეს მუდმივი დაღლილობის შეგრძნებით, კუნთების ტკივილით, სისუსტითა და დეპრესიით და ზოგჯერ ადამიანს იმის საშუალებასაც კი არ აძლევს, სამსახურს დაუბრუნდეს.
მკვლევარები რეკომენდაციას აძლევენ ექიმებს, ყურადღებით დააკვირდნენ COVID-19-გადატანილი ადამიანების ორგანოთა მუშაობას გამოჯანმრთელების შემდეგ. ასეთი პაციენტების დასახმარებლად ბევრი დიდი სამედიცინო ცენტრი სპეციალიზებულ კლინიკებსაც კი ხსნის.
სიმსივნის თანამგზავრი
ავთვისებიანი სიმსივნის მქონე ადამიანთა 80%-100% უჩივის დაღლილობას. ის მკვეთრად განსხვავდება ყოველდღიური საქმიანობით გამოწვეული დაღლილობისგან. ადამიანი თავს უსუსურად, გამოწურულად გრძნობს. ზოგჯერ დაღლილობა მცირე ხნით იკლებს, მაგრამ მალე მთელი სისრულით ბრუნდება. ადამიანი შესაძლოა დაღალოს ჭამამ, ხელების დაბანამ, ტელევიზორის პულტის გამოყენებამაც კი, უჭირდეს ფიქრი, გადაადგილება. სიმსივნით დაავადებული ზოგიერთი ადამიანისთვის ეს უფრო შემაწუხებელია, ვიდრე ავადმყოფობის ან მისი მკურნალობის თანმხლები ტკივილი, გულისრევა, ღებინება ან დეპრესია.
რა იწვევს
კიბოსთან დაკავშირებული დაღლილობის მიზეზები ხშირად ძნელი დასადგენია, რადგან მის განვითარებაში მრავალი ფაქტორია ჩართული. ეს შეიძლება იყოს თავად სიმსივნე ან მისი მკურნალობის გვერდითი ეფექტი. ბოლომდე არ არის დადგენილი, რა იწვევს დაღლილობას. სავარაუდო მიზეზებად მიიჩნევა:
* ცილებისა და ჰორმონების დონის ცვლილება თავად კიბოს ან მისი მკურნალობის გამო;
* მკურნალობისას სიმსივნურთან ერთად ნორმალური უჯრედების გამადგურება და ორგანიზმში უჯრედების ნარჩენების დაგროვება. გასასუფთავებლად და დაზიანებული ქსოვილების აღსადგენად ორგანიზმი დამატებით ენერგიას ხარჯავს;
* ავთვისებიანი სიმსივნის მიერ წარმოქმნილი ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება ნორმალური უჯრედების მუშაობაზე.
დამატებითი ფაქტორებია ოპერაცია, სტრესი, შფოთვა და სხვა.
როდემდე
სიმსივნით და მისი მკურნალობით განპირობებული დაღლილობა შესაძლოა რამდენიმე კვირა, თვე და წელიც კი გაგრძელდეს. მას, ვისაც მხოლოდ ქირურგიული ჩარევა უტარდება, ოპერაციიდან გარკვეული ხნის შემდეგ დაღლილობა, წესისამებრ, უმცირდება ან უქრება. ქიმიოთერაპია, დამიზნებითი თერაპია, იმუნოთერაპია დაღლილობას იწვევს, თუმცა მომდევნო პროცედურამდე ის შეიძლება შემცირდეს. სხივური თერაპიის შემდეგ დაღლილობა იმატებს და ხშირად მკურნალობის დასრულების შემდეგაც რამდენიმე თვე გრძელდება.
სხვადასხვა დღეს დაღლილობა შესაძლოა სხვადასხვა სიმძიმისა იყოს. ზოგჯერ ის ისეთი ძლიერია, რომ ავადმყოფს უჭირს ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ურთიერთობა, ჩვეულებრივი საქმიანობა, მკურნალობის გეგმის მიყოლა. ასეთ დროს მისთვის კარგია მსგავსი გამოცდილების მქონე ადამიანებთან კონტაქტი.
ანემიის სიმპტომი
ანემია ის მდგომარეობაა, როდესაც ორგანიზმს არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის ჯანმრთელი ერითროციტი. ერითროციტები სისხლის წითელი უჯრედებია. მათი მთავარი მოვალეობაა, ჟანგბადის მოლეკულებით მოამარაგონ სხეულის ყველა ნაწილი. ანემია ძირითადად დაღლილობითა და სისუსტით ვლინდება.
ანემიის მრავალი ფორმა არსებობს: აპლაზიური, რკინადეფიციტური, ნამგლისებრუჯრედოვანი, ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული, თალასემია. მისი ნიშნები და სიმპტომები მიზეზზეა დამოკიდებული, თუმცა ხდება ისეც, რომ უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
ანემიის ტიპური ნიშნებია:
* დაღლილობა;
* სისუსტე;
* ფერმკრთალი ან მოყვითალო კანი;
* არარეგულარული გულისცემა;
* Ჰაერის უკმარისობა;
* თავბრუხვევა;
* მკერდის ტკივილი;
* ცივი ხელები და ფეხები;
* თავის ტკივილი.
მსუბუქი ანემია შესაძლოა შეუმჩნეველი დარჩეს, მაგრამ თუ დამძიმდა, სიმპტომებიც თვალსაჩინო ხდება.
ანემიის მკურნალობა დანამატების მიღებას გულისხმობს. ზოგიერთი ტიპის ანემიას თავიდან გვაცილებს სწორი კვება.
ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები
დაღლილობა დამახასიათებელია ფარისებრი ჯირკვლის ზოგიერთ დაავადებისთვის. ბევრ პაციენტს მის დასაძლევად ყოველდღიური ბრძოლა უწევს. შესაძლოა, დაღლილობამ ადამიანს მოძრაობაშიც კი შეუშალოს ხელი. ზოგიერთი სამსახურში ისე იღლება, შინ დაბრუნებისთანავე ეძინება.
ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების (ჰიპოთირეოზის) დროს დაღლილობას სხეულის მეტაბოლიზმის შენელება განაპირობებს, ხოლო ზედმეტი აქტიურობის (ჰიპერთირეოზის) დროს – მეტაბოლიზმის აჩქარება, რაც ძილსაც არღვევს.
მკურნალობამ დაავადების სხვა სიმტპომებთან ერთად, წესით, დაღლილობაც უნდა გააქროს, თუმცა ზოგი პაციენტი მკურნალობის ფონზეც კი დაღლილი და გამოფიტულია.
როგორ გავუმკლავდეთ
თუ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები გაქვთ, გულმოდგინედ უნდა დაიცვათ წამლის მიღების წესები:
* არ გამოტოვოთ დღე.
* თუ წამლის მიღება დაგავიწყდათ, გაგახსენდებათ თუ არა, მაშინვე დალიეთ.
* ჰიპერთირეოზის საწინააღმდეგო თირეოტროპული პრეპარატების მიღება შეიძლება ჭამის დროსაც და უზმოზეც.
* ლევოთიროქსინი მიიღეთ უზმოზე, მიაყოლეთ წყალი. ამის შემდეგ 30 წუთი ნურაფერს შეჭამთ.
* ლევოთიროქსინის მიღება სასურველია კალციუმის, რკინის, ქოლესტეროლის დამწევი პრეპარატებისგან ოთხსაათიანი დაშორებით. სხვაგვარად შესაძლოა წამალის შეწოვას ხელი შეეშალოს.
* სულ მცირე, ოთხი საათი უნდა გავიდეს ლევოთიროქსინის მიღებიდან სოიის ან გრეიპფრუტის მიღებამდეც.
* შეატყობინეთ ექიმს, თუ სხვა მედიკამენტებს, დანამატებს ან სპეციალურ საკვებს იღებთ, რადგან ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა ხელი შეუშალოს ლევოთიროქსინის შეწოვას.
ენერგიის მოსამატებლად
ენერგიის დეფიციტის დროს დიდია შაქრიანი საკვების მიღების ცდუნება. ეს გამოსავალი არ არის. შაქარს შეუძლია, დროებით ასწიოს ადამიანის ენერგეტიკული დონე, მაგრამ ენერგიის მოზღვავებას გამოფიტულობა მოჰყვება, ამიტომ უმჯობესია, ტკბილეულის ნაცვლად ჯანსაღი საკვები მივიღოთ. რეკომენდებულია კოფეინისა და ალკოჰოლის შემცველი სასმელების შემცირებაც. პაციენტმა თავი უნდა არიდოს იოდის შემცველ პრეპარატებსა და დანამატებსაც.
ფიბრომიალგია
ფიბრომიალგია ქრონიკული მდგომარეობაა, რომელსაც ქრონიკული გავრცობილი ტკივილი ახასიათებს. შემთხვევათა სამ მეოთხედში დაღლილობა ერთ-ერთი მთავარი ჩივილია.
ფიბრომიალგიით გამოწვეული დაღლილობა ჩვეულებრივი დაღლილობისგან განსხვავდება. მას ახასიათებს ფიზიკური დაღლილობა, რომელსაც გამოძინება ვერ შველის, ენერგიისა და მოტივაციის ნაკლებობა, დეპრესიული განწყობა, ფიქრისა და კონცენტრაციის გაძნელება.
ფიბრომიალგიური დაღლილობა ხშირად ძლიერ გავლენას ახდენს შრომისუნარიანობაზე.
დაღლილობის მიზეზები
ექიმები და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ფიბრომიალგიასთან დაკავშირებული დაღლილობის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძილის დარღვევა. კიდევ ერთ მიზეზად მიიჩნევა ნერვული სისტემის მიერ ტკივილის სიგნალების არასწორად ინტერპრეტაცია ან მისი გადაჭარბებული რეაგირება. ერთ-ერთი თეორიის თანახმად კი ადამიანს ტკივილი ღლის.
როგორ ვმართოთ
ფიბრომიალგიური დაღლილობის მართვა შესაძლებელია მედიკამენტებითა და ცხოვრების წესის შეცვლით, თუმცა მისგან თავის ბოლომდე დაღწევა შესაძლოა ვერ მოხერხდეს.
დაღლილობის შესამცირებლად საჭიროა:
1. მიზეზის დადგენა. დაღლილობა ზოგჯერ არასწორი კვების, სტრესული გარემოს, ძილის დარღვევის შედეგია. თუ ადამიანმა ყოველდღიური საქმიანობის აღნუსხვა დაიწყო, დაღლილობის მიზეზსაც იოლად მიაგნებს. ეს შესაძლოა ისეთი უბრალო რამ აღმოჩნდეს, როგორიცაა შაქრიანი საკვების მიღება ან დილის ვარჯიშის გამოტოვება.
2. რეგულარული ვარჯიში. ძნელია, თავს ვარჯიში აიძულო, როდესაც დაღლილი ხარ ან გტკივა, მაგრამ ვარჯიში დაღლილობის მართვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. ის ზრდის კუნთოვან მასას და ძალას და აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას, ბონუსად კი გამოიყოფა ენდორფინები, რომლებიც ამაღლებს ძილის ხარისხს და განწყობას, მატებს ენერგიას. ვარჯიში ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს და ტკივილს. ფიბრომიალგიის მქონე ადამიანებისთვის ერთნაირად ეფექტურია როგორც აერობული, ისე კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები. ყველაზე მარტივი, რითაც ვარჯიშის დაწყება შეიძლება, დღეში ნახევარსაათიანი საირულია, რომლის ტემპი და ხანგრძლივობა თანდათან უნდა გაზარდოს.
3. კვების მოწესრიგება. არ არსებობს დიეტა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში შეამცირებს ფიბრომიალგიის სიმპტომებს, მაგრამ ყველასთვის კარგია ჯანსაღი, დაბალანსებული კვება. რაციონს უნდა დაემატოს ხილი, ბოსტნეული, გაუწმენდავი, დაუმუშავებელი მარცვლეული, ჯანსაღი ცხიმები, ცილები, შეიზღუდოს შემწვარი, მარილიანი და შაქრიანი საკვები. ამასთან, პაციენტმა უნდა შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა.
ფიბრომიალგიის სიმპტომები შესაძლოა გააძლიეროს საკვებმა, რომელიც შეიცავს ფერმენტულ ოლიგოსაქარიდებს, დისაქარიდებს, მონოსაქარიდებს და პოლიოლებს, გლუტენს, ისეთ დანამატებს, როგორიცაა ასპარტამი, ნატრიუმის გლუტამატი...
4. ძილისწინა რუტინის შემუშავება. მართალია, ფიბრომიალგიურ დაღლილობას გამოძინებაც ვერ შველის, მაგრამ კარგი ძილი დროთა განმავლობაში ბევრ სასიკეთო ცვლილებას გამოიწვევს.
მნიშვნელოვანია ძილის წინ დასვენება. რეკომენდებულია ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება, მოხერხებული ლეიბის შეძენა, საძინებელში სიგრილისა და სიბნელის უზრუნველყოფა, ალკოჰოლის, ნიკოტინის, კოფეინის და ეკრანთან გატარებული დროის შეზღუდვა (დაძინებამდე ერთი საათი ეკრანს ჯობია საერთოდ არ უყუროთ), ძილის წინ თბილი აბაზანის მიღება.
5. ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მოგვარება. ფიბრომიალგიის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ თანმხლები მდგომარეობები: მოუსვენარი ფეხების სინდრომი, უძილობა, დეპრესია ან შფოთვა. ისინი ამძიმებენ დაღლილობას.
ჯანმრთელობის ისტორიის გათვალისწინებით, ექიმმა შესაძლოა ურჩიოს პაციენტს საძილე აბები, თუ ცუდად იკვებება – მულტივიტამინები, ანტიდეპრესანტები, რკინის დანამატები ანემიის სამკურნალოდ...
6. სტრესის შემცირება. სტრესი შესაძლოა მუდმივმა ტკივილმაც გამოიწვიოს. მისი შემცირების შესანიშნავი გზაა იოგა, ციგონგი, ტაი ჩი, მედიტაცია... თუ პაციენტი თავად ვერ ახერხებს სტრესის მართვას, აჯობებს, ფსიქოლოგს მიმართოს.
ქრონიკულად დაღლილი
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი სერიოზული დაავადებაა, რომელიც სხეულის არაერთ სისტემაზე მოქმედებს. მას მიალგიურ ენცეფალომიელიტსაც უწოდებენ. დაავადება იმდენად ფიტავს ადამიანს, არათუ ჩვეული საქმიანობა, ზოგჯერ, საწოლიდანაც წამოდგომაც კი უჭირს.
დაავადების მიზეზი უცნობია. ის უმთავრესად 40-დან 60 წლამდე ასაკის ადამიანებთან აღირიცხება, უფრო ხშირად – ქალებთან. დაღლილობისა, ახასიათებს ძილის დარღვევა, სისუსტე ფიზიკური თუ გონებრივი დატვირთვის შემდგომ, ფიქრისა და კონცენტრაციის გაძნელება, ტკივილი, თავბრუხვევა.
ქრონიკული დაღლილობა არაპროგნოზირებადია, როდის გამოვლინდება ან გაქრება მისი სიმპტომები, წინასწარ არავინ იცის.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ამ დაავადების დასადგენი სპეციფიკური ტესტი არ არსებობს. ექიმი საფუძვლიანად შეისწავლის პაციენტის ჯანმრთელობის ისტორიას, სიმპტომებს, სისხლის, შარდის და სხვა მონაცემებს, მათი დახმარებით გამორიცხავს სხვა დაავადებებს და ქრონიკული დაღლილობის დიაგნოზს ამის შემდეგ დასვამს.
მკურნალობის დროს ითვალისწინებენ წამყვან პრობლემას, მაგალითად, ძილის დარღვევისას ჯერ ძილს აწესრიგებენ. პაციენტს ურჩევენ, თავისი საქმიანობის მართვის ახალი სტრატეგიები ისწავლოს, როდესაც თავს უკეთ იგრძნობს, ისე არ დაიტვირთოს, რომ მდგომარეობა ისევ გაიუარესოს. არ სცადოს მკურნალობა ექიმთან შეუთანხმებლად. ქრონიკული დაღლილობის მკურნალობის ზოგიერთი მეთოდი, რომლებსაც ფართოდ უწევენ რეკლამირებას, მეცნიერულად არ არის შესწავლილი, ხშირად ძვირად ღირებულია და შესაძლოა, საშიშიც აღმოჩნდეს.
როგორ შევივსოთ ენერგიის მარაგი
მართალია, დაღლილობასა და გამოფიტულობას სულ სხვადასხვა რამ იწვევს: ძილის უკმარისობა, დაძაბული სამუშაო, ავადმყოფობა, – მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესი ნებისმიერ შემთხვევაში დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენასა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
ენერგიის მთავარი წყარო
ენერგიის ერთ-ერთი მთავარი წყარო, რა თქმა უნდა, საკვებია. ასე რომ, მის შესანარჩუნებლად აუცილებელია ჯანსაღი კვება. საკვებისგან მიღებული ენერგია, როგორც იცით, კალორიებით იზომება. თუ საკმარისი კალორია არ მივიღეთ, “საწვავი” დაგვაკლდება და ენერგია შემოგველევა, ზედმეტი კალორიების მიღებით კი ორგანიზმს გადავტვირთავთ. ასე რომ, ბალანსის დაცვა უნდა ვისწავლოთ. მაგრამ ენერგია მხოლოდ კალორიების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული. ზოგიერთი საკვები კალორიებს უხვად გვაწვდის, მაგრამ მცირე კვებითი ღირებულება აქვს, ვერ ქმნის ორგანიზმში ჯანსაღი ენერგიის მარაგს და შესაძლოა, გვავნოს კიდეც. ასეთი “ცარიელი” კალორიების წყაროა დამუშავებული და ულტრადამუშავებული პროდუქტები: კანფეტები, ჩიპსები, ტკბილი გაზიანი სასმელები...
ენერგეტიკული საკვები
არსებობს ჯანსაღი საკვები, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ, როდესაც დაღლილობას გრძნობთ და სასწრაფოდ გჭირდებათ ენერგიის მომატება. მთელი დღის სამყოფი ენერგიით შესავსებად კი რაციონში უნდა ჩართოთ გაუწმენდავი, დაუმუშავებელი მარცვლეული, თხილეული, ხილი, მწვანე ბოსტნეული.
რეკომენდებულია დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვები – მასში შემავალ შაქარს ორგანიზმი ნელ-ნელა შლის, შესაბამისად, ენერგიაც ნელ-ნელა გამოიყოფა და უფრო მეტხანს გვყოფნის.
ასეთია გაუწმენდავი მარცვლეული, თხილეული, ზოგიერთი ხილი (ყურძენი, ვაშლი, ფორთოხალი, ატამი, მსხალი, გრეიფრუტი), ბოსტნეული, ბოჭკოთი მდიდარი პარკოსნები (ბარდა, ლობიო).
ენერგიის მდიდარი წყაროა ბანანი. ერთ-ერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ის უკეთესად გვინარჩუნებს ენერგიას და აღადგენს მეტაბოლიზმს, ვიდრე სპორტული სასმელები.
მნიშვნელოვანია სითხის სათანადო რაოდენობით მიღებაც, ვინაიდან დაღლილობა შესაძლოა დეჰიდრატაციის შედეგიც იყოს.
ყავა
მრავალ ჩვენგანს ყავა კარგ გამამხნევებელ და გამომაფხიზლებელ საშუალებად მიაჩნია. საინტერესოა, ნამდვილად შეუძლია მას სხეულის ენერგიით შევსება? ჰარვარდის სამედიცინო სკოლის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ კოფეინი, რომელსაც ბუნებრივად შეიცავს ყავა, ჩაი და კაკაო, მართლაც აუმჯობესებს კონცენტრაციის და ინფორმაციის აღქმის უნარს. გარდა ამისა, ზრდის გულისცემის სიხშირეს, რამაც შესაძლოა გარკვეული ხნით ფიზიკური ძალაც შეგვმატოს.
მათზე, ვინც რეგულარულად სვამს ყავას, კოფეინი ასე არ მოქმედებს, რადგან ორგანიზმი ამ ნივთიერების მიმართ ტოლერანტობას გამოიმუშავებს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი არ ღირს ყავის ყოველდღიური ულუფის გაზრდა, ვინაიდან შესაძლოა, კოფეინზე დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდეს.
ყავისგან მაქსიმალურ ეფექტს მიიღებთ, თუ მას დილის ათის ნახევრიდან თორმეტის ნახევრამდე დალევთ – იმ დროს, როდესაც სხეულში ჰორმონ კორტიზოლის დონე ყველაზე მაღალია. ეს ჰორმონი ნითიერებათა ცვლის დარეგულირებაში გვეხმარება.
ვარჯიში, თუნდაც მსუბუქი
ვის არ უგრძნია უეცარი დაღლილობა და გამოთიშვა შუა სამუშაო დღეს. ამ დროს ხანმოკლე წავარჯიშებაც კი ძალიან სასარგებლოა. ადგომა, გაჭიმვა, ოთახში გასეირნება საკმარისია ენერგიის აღსადგენად. როდესაც ასეთი მცირე აქტიურობაც კი ეფექტიანია, წარმოიდგინეთ, როგორ აგვავსებს ენერგიით უფრო ხანგრძლივი ვარჯიში.
საქმე ის არის, რომ:
* ვარჯიშის დროს კუნთებში უფრო მეტი ენერგია გამომუშავდება;
* ვარჯიში აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, რის შედეგადაც ჟანგბადი უფრო მალე აღწევს სხეულის ყველა ნაწილს.
* ვარჯიში ასტიმულირებს სტრესის ჰორმონების ზომიერ გამოყოფას, რაც მატებს ენერგიასა და სიფხიზლეს.
ენერგიის მომატებას, სტრესისა და დაღლილობის დაძლევას ხელს უწყობს იოგა და მედიტაციაც. მათ შფოთვისა და დეპრესიის სიმპტომების შემცირებაც შეუძლიათ.
დაბალანსებულ კვებასა და ვარჯიშთან ერთად არც ძილის მოწესრიგება უნდა დაგვავიწყდეს. კარგი ძილი მხნეობასა და ენერგიას შეგვმატებს.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა