ყველაფერი სხეულის ტემპერატურის შესახებ

გააზიარე:

სხეულის ტემპერატურა

ცხელი განსაცდელი

უცნობი გენეზის ცხელება

ფებრილური გულყრა

გვეშინოდეს თუ არა ცხელების

სიცივეს კაცი მოუკლავს?

 

სხეულის ტემპერატურა

ადამიანის სხეულის ტემპერატურა ორგანიზმში სითბოს წარმოქმნასა და გაცემას შორის არსებული ბალანსია. განურჩევლად იმისა, როგორი ტემპერატურაა გარემოში, სხეულის ტემპერატურა საკმაოდ ვიწრო ფარგლებში მერყეობს. ამ ფენომენს ჰომოთერმულობა (ტემპერატურის მუდმივობა) ეწოდება. სხეულში წარმოქმნილ და გაცემულ სითბოს შორის წონასწორობა თერმორეგულაციის მექანიზმებით მყარდება. მთავარი რეგულატორი თერმორეგულაციის ცენტრია, რომელიც თავის ტვინში, კერძოდ, ჰიპოთალამუსის წინა ნაწილში მდებარეობს. სწორედ ის უბრძანებს სხეულს, რამდენი სითბო წარმოქმნას თუ გასცეს, რათა მოთხოვნას უპასუხოს და ბიოლოგიურად აქტიური დარჩეს.

 

მიმატება და გამოკლება

სითბოს წარმოქმნა-გაცემის მექანიზმები სითბოს მეტაბოლიზმის ნაყოფია. მეტაბოლიზმი ყველა ორგანოსა თუ ქსოვილში მიმდინარეობს, მაგრამ სხვადასხვა ინტენსივობით. ყველაზე ადვილად სითბო ჩონჩხის კუნთებში წარმოიქმნება. მაგალითად, ცივ გარემოში მოხვედრისას კუნთებში იმატებს ნივთიერებათა ცვლა, იწევს ტონუსი და, ამის კვალობაზე, სხეულის ტემპერატურაც. თერმოგენეზი ფიზიკური აქტივობის შედეგადაც ძლიერდება. თუ ამ მექანიზმებით სხეულმა სათანადო სითბო ვერ მიიღო, ამოქმედდება გეგმა ბ – კანკალი ანუ ჩონჩხის კუნთების უნებლიე შეკუმშვა, რომლის დროსაც კუნთების მეტაბოლიზმი 5-ჯერ იზრდება და შედეგად უფრო მეტი სითბო წარმოიქმნება. მეტაბოლური აქტივობის ზრდაში სტრესის ჰორმონებიც მონაწილეობის.

თერმოგენეზის მხრივ აქტიურ ორგანოებად, გარდა კუნთებისა, მიიჩნევა ღვიძლი და თირკმელები.

სითბოს კარგვა სხვადასხვა გზით ხდება: დაბალი ტემპერატურის მქონე საგნებთან შეხებით, აორთქლებით, ოფლის გამოყოფით... თერმოლიზი მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ორგანოებისა და ქსოვილების განლაგებაზე. ზედაპირული სტრუქტურები: კანი, ჩონჩხის კუნთები, – უფრო მეტ სითბოს გასცემს და უფრო ადვილად ცივდება, ვიდრე ღრმად მდებარე, კარგად "შეფუთნული" ორგანოები, ამიტომ ყველა ორგანოს სხვადასხვა ტემპერატურა აქვს. მეტიც – განსხვავებულია ტემპერატურა, მაგალითად, კანის სხვადასხვა უბანში. ამიტომაც ენიჭება დიდი მნიშვნელობა, სად არის გაზომილი სხეულის ტემპერატურა.

 

ასაკობრივი თერმორეგულაცია

მახსოვს, ბებიაჩემი ზაფხულობით ნატრობდა, ოღონდ აგრილდეს და ზამთარზე ძვირი როგორ დამცდებაო, ზამთრობით კი წუწუნებდა – ოღონდ დათბეს და ხმის ამომღები აღარ ვარო. ბავშვობაში ბებიაჩემის “ჩამოუყალიბებელ სეზონურ გემოვნებაზე” ბევრს ვხალისობდი, მაგრამ როცა წამოვიზარდე და ბიოლოგიის სწავლა დავიწყე, მივხვდი, პრობლემა ბებოს ხასიათში კი არა, მის ასაკში იყო. საქმე ის არის, რომ ასაკთან ერთად თერმორეგულაციის მექანიზმებიც იცვლება, ამიტომ ხანდაზმულებს უფრო უჭირთ სიცხისა თუ სიცივის ატანა.

თავისებური თერმორეგულაცია აქვთ ახალშობილებსაც: მათი სხეული სითბოს უფრო ინტენსიურად გასცემს, ვიდრე წარმოქმნის, ნაკლებად შესწევს გადახურების დროს – სითბოს გაცემის, ხოლო გადაცივების დროს სითბოს წარმოქმნის  უნარი და ა.შ., ამიტომ ახალშობილებისა და ხანდაზმულების მიმართ ერთიორად მეტი ყურადღება გვმართებს.

 

სხეულის ტემპერატურა

სხეულის ნორმალურ ტემპერატურას საკმაოდ ფართო დიაპაზონი აქვს. ის დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, აქტივობაზე, დღის მონაკვეთსა და, როგორც უკვე ითქვა, გაზომვის ადგილზეც.

ნორმალურ დიაპაზონად მიიჩნევა:

* აქსილარული (იღლიის ფოსოში გაზომილი) ტემპერატურისთვის – 35.8 ⁰ c – 37.0 ⁰ c;

* რექტალური (სწორ ნაწლავში გაზომილი) ტემპერატურისთვის – 36.1 ⁰ c – 37.8 ⁰ c;

* ორალური (პირის ღრუში გაზომილი) ტემპერატურისთვის – 35.8 ⁰ c -37.3 ⁰ c.

 

თერმომეტრია

უპირველეს ყოვლისა, რას ვაკეთებთ, როდესაც ცხელებას ვეჭვობთ? სავარაუდო ავადმყოფს შუბლზე ხელს ან ტუჩებს ვადებთ. როგორც გაირკვა, სხეულის ტემპერატურის სუბიექტურ შეფასებას არცთუ მცირე დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ჰქონია. კვლევის შედეგების თანახმად, მისი მგრძნობელობა 74%-დან 97%-მდე, სპეციფიკურობა კი 19%-დან 86%-მდე მერყეობს. ამიტომ თანამედროვე გაიდლაინები ექიმებს ურჩევს, ღირებულად მიიჩნიოს ტემპერატურის მომატების თაობაზე მშობლის სუბიექტური აზრი. თუმცა, ცხადია, მხოლოდ ამ მონაცემებით ვერ ვიხელმძღვანელებთ.

სხეულის ტემპერატურა ყველასთვის ნაცნობი ხელსაწყოთი – თერმომეტრით იზომება. არჩევანი საკმაოდ ფართოა. საქართველოში კვლავაც პოპულარულია ვერცხლისწყლიანი შუშის თერმომეტრი, თუმცა ამერიკის პედიატრიის აკადემია გვირჩევს, მის გამოყენებას ვერიდოთ – შუშა ადვილად ტყდება, ვერცხლისწყალი კი შხამია. თუ მაინც გიწევთ მისი ხმარება, აუცილებლად საკუთარ ბუდეში მოათავსეთ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას შეინახეთ. ყველაზე უსაფრთხოდ და, იმავდროულად, სანდოდ ელექტრონული თერმომეტრი მიიჩნევა. მას გაზომვის მონაცემები ციფრულ ეკრანზე გამოაქვს, აქვს მეხსიერება, ხმოვანი სიგნალი, წყალგაუმტარია, ადვილად არ ტყდება, არ შეიცავს ვერცხლისწყალს და სწრაფია. მისი ნაკლოვანებებია სიძვირე და ის, რომ ყველა მოდელი არ ირეცხება და არ დეზინფიცირდება. თუ ელექტრონული თერომეტრის შეძენას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ არსებობს ერთჯერადი მოდელებიც, რომლებსაც აკუმულატორი არ ეცვლება. ისინი დაახლოებით 2000 გაზომვაზე გეყოფათ. ელექტრონული თერმომეტრის სახესხვაობაა საწოვარა, რომელიც ძალზე მოხერხებულია ჩვილის პატრონებისთვის.

ზემოხსენებულთა გარდა, არსებობს თხევადკრისტალური, ინფრაწითელი, ფაზური ცვლილებების ქიმიური თერმომეტრები, თერმოპლასტირი და სხვა. ჩვენ ელექტრონული და ვერცხლიწყლიანი თერმომეტრების გამოყენების წესებს გაგაცნობთ, რადგან ჩვენს სინამდვილეში ყველაზე მეტად სწორედ ეს ორია გავრცელებული.

 

სად გავზომოთ

იდეალური იქნებოდა ტემპერატურის გაზომვა იქ, სადაც თერმორეგულაციის ცენტრია – ჰიპოთალამუსში. ცენტრალური ტემპერატურა საუკეთესოდ იზომება ფილტვის არტერიის დონეზე. არსებობს ინვაზიური მეთოდები, რომლებიც ფილტვის არტერიის სისხლის ტემპერატურას ზომავს და ყველაზე ღირებულად მიიჩნევა, მაგრამ, ცხადია, მათ მხოლოდ რეანიმაციისა და ქირურგიული ჩარევის დროს იყენებენ, ჩვეულებრივ კი გაზომვა ხდება ამ მონაცემებთან ყველაზე უკეთეს კორელაციაში მყოფ წერტილებში. ეს ის ადგილებია, რომლებიც სისხლით კარგად მარაგდება, იზოლირებულია გარემოსგან და არ შეიცავს რისკს. ამ კრიტერიუმების მიხედვით, მიღებულია ტემპერატურის გაზომვა პირის ღრუში, სწორ ნაწლავსა და იღლიაში. შედარებით იშვიათად ტემპერატურას ზომავენ შუბლზე, საფეთქელზე და გარეთა სასმენ მილშიც.

* პირის ღრუ: მოათავსეთ თერმომეტრი ენის ქვეშ, მოკუმეთ პირი, ისუნთქეთ ცხვირით. თერმომეტრი ტუჩებით მყარად დააფიქსირეთ ერთ ადგილას. დაიცადეთ 3 წუთი ან მანამდე, სანამ მოწყობილება ხმოვან სიგნალს გამოსცემს. გაზომვის წინ აუცილებელია კბილების პროთეზის მოხსნა.

* სწორი ნაწლავი: ტემპერატურის გაზომვის ეს მეთოდი ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებთანაა რეკომენდებული. პირის ღრუში სიცხის გაზომვა მათთვის საფრთხის შემცველია. თერმომეტრის წვერზე წაუსვით ვაზელინი და ნაზად შეაცურეთ სწორ ნაწლავში. ფრთხილად იყავით, მოწყობილობა მეტისმეტად ღრმად არ მოათავსოთ. თუ ბავშვი წინააღმდეგობას გიწევთ, შესაძლოა, თერმომეტრი გატყდეს, ამიტომ ჯობს, სხვა მეთოდი გამოიყენოთ. შედეგი ნახეთ 3 წუთის ან ხმოვანი სიგნალის შემდეგ.

* იღლია: თერმომეტრი მოათავსეთ მშრალ იღლიის ფოსოში ისე, რომ ვერცხლისწყლის საცავი ფოსოს ცენტრში მოხვდეს და ხელით მჭიდროდ დააფიქსირეთ. დაიცადეთ 5 წუთი ელექტრონული თერმომეტრის შემთხვევაში ან 7-10 წუთი ვერცხლისწყლიანი თერმომეტრის შემთხვევაში.

 

სიცხის გაზომვის წესები

გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ თერმომეტრი აუცილებლად უნდა გაწმინდოთ ცივი წყლით ან სპირტით. თბილი წყლით გაწმენდა არ შეიძლება. გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ თერმომეტრის მაჩვენებელი (ვერცხლისწყლის სვეტი, ციფრული გამოსახულება) საწყის პოზიციაზეა. თერმომეტრიის მონაცემები ვალიდური რომ იყოს, მძიმე ვარჯიშიდან ან ცხელი აბაზანის მიღებიდან სიცხის გაზომვამდე, სულ მცირე, ერთი საათი უნდა გავიდეს, მოწევიდან, საკვების მიღებიდან, ცხელი სასმლის დალევიდან – 20-30 წუთი (განსაკუთრებით – პირის ღრუში გაზომვისას). არ შეიძლება ერთი და იმავე თერმომეტრის გამოყენება სხვადასხვა ადგილზე; იქონიეთ ორი, ერთი – რექტალური, მეორე კი ორალური გამოყენებისთვის.

სხეულის ნორმალური ტემპერატურა ნაწილობრივ დამოკიდებულია:

* ასაკზე – 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვების ტემპერატურა 1-2 გრადუსით ვარირებს;

* დღე-ღამის მონაკვეთზე – სადღეღამისო ტემპერატურა მერყეობს 1 გრადუსის ფარგლებში, ეცემა ღამით, მინიმალურია დილის 5 საათისთვის, პიკს აღწევს 17-18 საათზე;

* გაზომვის ტიპზე – ორალურად იზომება, ანალურად, შუბლზე თუ იღლიაში. სხვადასხვა ადგილას ტემპერატურის მაჩვენებლების ზუსტი კორელაცია უცნობია, თუმცა მიღებულია შემდეგი რეკომენდაციები:

. საშუალო ნორმალური ტემპერატურა პირის ღრუში – 37 ⁰ c;

. საშუალო რექტალური ტემპერატურა – 0.3-0.6 ⁰ c -ით მეტი, ვიდრე ორალური;

. საშუალო აქსიალური ტემპერატურა – 0.3-0.6 ⁰ c -ით ნაკლები, ვიდრე პირის ღრუში.

 

ცხელი განსაცდელი

სხეულის საშუალო ნორმალური ტემპერატურა 36.1 ⁰ c -დან 37.2 ⁰ c -მდე მერყეობს. ტემპერატურის დროებით მომატებას ცხელება ეწოდება და ჯანმრთელობის პრობლემაზე მიუთითებს, თუმცა თავისთავად დაავადება არ არის – მხოლოდ სიმპტომია, რომლის მიღმაც ავადმყოფობათა დიდი მრავალფეროვნება იმალება.

ცხელება ყველა ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ განსაკუთრებით ყურადსაღებია ბავშვებთან. ცალკე საუბრის თემაა ხანდაზმულები, რომლებთანაც ცხელება, ისევე როგორც ყველა ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური პროცესი, რამდენადმე სახეცვლილია (ამის გამო ხანდაზმულებთან ავადმყოფობა ხშირად ცხელებითი რეაქციის გარეშე მიმდინარეობს, რაც მის გამოვლენას ერთიორად ართულებს).

ცხელების ყველაზე გავრცელებული მიზეზი ინფექციაა. მიკრობების შეტევის საპასუხოდ შინაგანი “თერმოსტატი” სხეულის ტემპერატურას მაღლა სწევს. ასეთ გადართვა-გადატვირთვას ჰიპოთალამუსი სავსებით გააზრებულად ახდენს – მაღალი ტემპერატურა მიკრობების განადგურების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ამიტომ ცხელება ორგანიზმის არასპეციფიკურ დაცვით-შეგუებით რეაქციად განიხილება. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მისი მეშვეობით ორგანიზმი პრობლემასთან გამკლავებას ცდილობს – ჰომეოსტაზი უფრო მაღალ დონეზე ადის, ხდება იმუნური ძალების გაძლიერება. ერთი სიტყვით, ჩაღდება ბრძოლა მტრის წინააღმდეგ. თუ გავითვალისწინებთ, რომ 39 ⁰ c -ზე პათოგენური მიკრობების დიდი ნაწილი მაღალ ტემპერატურაზე ვირულენტობას კარგავს, გასაგებია, რატომ მიიჩნევა ტემპერატურის მატება დაცვით რეაქციად.

სხეულის ტემპერატურა მხოლოდ მიკრობების შეტევისას არ იმატებს – ცხელების მიზეზი შესაძლოა იყოს არაინფექციური წარმოშობის ანთებითი პროცესიც და არაანთებითი დაავადებაც, რომლის დროსაც სხეულის ტემპერატურის მომატება სითბოს წარმოქმნასა და გაცემას შორის არსებული წონასწორობის დარღვევის შედეგია. თუ ინფექციის დროს ტემპერატურის მომატება გამიზნულად ხდება, არაანთებეითი დაავადების შემთხვევაში საქმე პირიქითაა – თერმორეგულაციის ცენტრი ტემპერატურის ნორმალიზებას ცდილობს, მაგრამ თერმორეგულაციის დარღვევის გამო მიზანს ვერ აღწევს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გამოყოფენ ცხელების მიზეზთა ორ ძირითად ჯგუფს – ინფექციურს და არაინფექციურს. პირველი მოიცავს ვირუსულ, ბაქტერიულ, სოკოვან, პროტოზოულ, ზოონოზურ ინფექციებს, ვაქცინაციას, მეორე კი შეიძლება ავთვისებიანი სიმსივნის, ტრავმის, სისხლჩაქცევის, თრომბოზის, ენდოკრინული პათოლოგიის, სისტემური დაავადების, ნაწლავის დაავადების და სხვათა ბრალი იყოს.

სხეულის ტემპერატურის მატება ასევე შეიძლება გამოიწვიოს:

* ფიზიკურმა აქტივობამ;

* მაღალ ტემპერატურაზე და მაღალი ტენიანობის გარემოში ყოფნამ;

* საკვების მიღებამ;

* ძლიერმა ემოციამ;

* ზოგიერთმა წამალმა – ანტიბიოტიკებმა, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებმა, არტერული წნევის დამაქვეითებელმა პრეპარატებმა;

* კბილების ამოსვლამ (მაგრამ არა უმეტეს 37.7 ⁰ c -ისა);

* თბილმა ტანსაცმელმა;

* მენსტრუაციამ.

 

ცხელ-ცხელი ფაქტები

არ არის საჭირო განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური კვლევის ჩატარება იმის დასამტკიცებლად, რომ ცხელება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლინიკური ნიშანია – ამას საკუთარ თავსა და ირგვლივ მყოფებზე დაკვირვებაც დაგვანახებს. რაც შეეხება სტატისტიკას, აშშ-ს მონაცემებით, გადაუდებელი დახმარების განყოფილებას პედიატრიული პაციენტების 20-25% ცხელების გამო მიმართავს. შემთხვევათა მეოთხედში ტემპერატურა 39⁰ c და მეტია. ცხელების წილად მოდის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევათა 55%. ამ ბავშვების 1%-ს მძიმე ბაქტერიული ინფექცია: მენინგიტი, სეფსისი, ენტერიტი, პნევმონია, პერიკარდიტი, – უდასტურდება. დაახლოებით იგივე სურათია ევროპასა და აზიაშიც. ცხელების გავრცელებაზე რასისა და სქესის გავლენა შემჩნეული არ არის.

ცალკე აღნიშვნის ღირსია უცნობი ეტიოლოგიის ცხელება – სხეულის ტემპერატურის მომატება გაურკვეველი მიზეზით. კეთილთვისებიანი მიმდინარეობა მას პაციენტების მხოლოდ 5-15%-თან აქვს. მაშასადამე, უცნობი ეტიოლოგიის ცხელებას უმეტესად მძიმე პათოლოგია იწვევს, რომლის პირველი ნიშანი სწორედ ცხელებაა.

 

ცხელი კლინიკა

მიზეზთა მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ცხელებას სხვადასხვა ტიპის სიმპტომები ახლავს თან, ამიტომ მის კლინიკურ სურათზე საუბარი ძნელია. მაგრამ, თავის მხრივ, ცხელებაც იწვევს სხვადასხვა სიმპტომს:

* ოფლიანობას;

* შემცივნებას;

* კანკალს;

* თავის ტკივილს;

* კუნთების ტკივილს;

* მადის დაქვეითებას;

* აგზნებას;

* საერთო სისუსტეს;

* დეჰიდრატაციას (გაუწყლოებას).

ეს სიმპტომები ზოგთან მეტად არის გამოხატული, ზოგთან – ნაკლებად. რა თქმა უნდა, მათი სიმძიმე ცხელების გამომწვევს დაავადებაზეც არის დამოკიდებული, მაგრამ მნიშვნელობა აქვს თავად ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებსაც. ზოგი პაციენტი იოლად იტანს მაღალ ტემპერატურას. მათ სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება უფრო მეტ დისკომოფორტს უქმნის, ვიდრე თავად ცხელება. ზოგს კი მაღალი ტემპერატურა ძალიან აწუხებს და ანტიპირეტიკების გარეშე ვერ ძლებს. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ცხელების სიმძიმე დაავადების სიმძიმის პირდაპირპროპორციული არ არის. არც ტემპერატურის მაჩვენებელს აქვს პირდაპირი კავშირი ავადმყოფობის გამოსავალსა და პროგნოზთან. პირიქით, ხშირად ძალზე შემაწუხებელი კლინიკური ნიშნებით მიმდინარე მაღალი სიცხე პროგნოზულად უფრო კეთილსაიმედოა, ვიდრე “შეუმჩნეველი” სუბფებრილიტეტი.

 

ცხელ კვალზე

ცხელება ხშირად დაავადების პირველი კლინიკური ნიშანია. ზოგ შემთხვევაში თუ მის უკან მდგომი დაავადება იოლი ამოსაცნობია და სამედიცინო საკითხებში ღრმად ჩახედვას არც კი მოითხოვს, ზოგჯერ ცხელების მიზეზის დადგენა სპეციალისტებსაც უჭირთ. თავად ცხელება არასპეფიციკური კლინიკური ნიშანია, ანუ მხოლოდ მის მიხედვით სწორი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანმხლებ ფაქტორებს.

რას ვაქცევთ ყურადღებას:

1.            ტემპერატურის სიმაღლეს. ცხელებაზე ვსაუბრობთ, როცა სხეულის ორალური ტემპერატურა აღემატება 37.3 ⁰ c -ს, რექტალური – 37.7 ⁰ c -ს, აქსილარული – 37 ⁰ c -ს.

ცხელება შეიძლება იყოს:

* სუბფებრილური – 37 ⁰ c -დან 37.9 ⁰ c -მდე;

* ფებრილური 38 ⁰ c -დან – 40.5 ⁰ c -მდე;

* ჰიპერთერმული – 41 ⁰ c და მეტი.

სუბფებრილიტეტის მიზეზი ძნლეი დასადგენია. სხეულის ტემპერატურის მცირე მომატება იშვიათადაა მწვავე ინფექციის ნიშანი – უმეტესად ვეგეტატიური დარღვევის გამოხატულებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა თან ახლავს თავის ტკივილი, გულის ტკივილი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და სხვა. თუმცა არც ის არის გამორიცხული, სუბფებრილიტეტის უკან ინფექციურ-ანთებითი დაავადება, მაგალითად, ტუბერკულოზი იდგეს.

ფებრილური ტემპერატურა კი უმეტესად ინფექციებს ახასიათებს. ის, წესისამებრ, არ იწვევს ძლიერ დისკომფორტს და სიცოცხლას საფრთხეს არ უქადის, თუმცა ყურადღების მოდუნება ამ დროს არ შეიძლება. 5 წლამდე ასაკის ბავშვთა 5%-ს მის ფონზე ფებრილური გულყრა უვითარდება, რომელსაც უბრალო ენით კრუნჩხვას უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ კრუნჩხვის ალბათობა უფრო მეტად ტემპერატურის მატების სისწრაფეზეა დამოკიდებული და არა სიმაღლეზე. ჰიპერპირექსიის მთავარი მიზეზი ნერვული სისტემის ინფექციაა.

2.            ცხელების ხანგრძლივობა. ხანმოკლედ მიიჩნევა ორ კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობის ცხელება. მისი მიზეზი უმეტესად მწვავე ინფექციაა. ხანგრძლივი ეწოდება ცხელებას, რომელიც ორ კვირაზე მეტხანს გასტანს.

როცა ცხელების გახანგრძლივებას სხვა კლინიკური ნიშნები არ ახლავს თან, ნაკლებსავარაუდოა, საქმე ვირუსულ ინფექციასთან გვქონდეს. უფრო მეტად უცნობი ბაქტერიული ინფექცია, ტუბერკულოზი ან არაინფექციური გენეზის (სიმსივნით, სისტემური დაავადებით გამოწვეული) ცხელება უნდა ვიეჭვოთ. გაურკვეველი გენეზის ცხელების მქონე პაციენტებს ორი კვირის განმავლობაში აკვირდებიან (თუ მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა). თუ ტემპერატურა ნორმას არ დაუბრუნდა და არც მიზეზი გაირკვა, რეკომენდებულია ჰოსპიტალიზაცია შემდგომი დიაგნოსტიკის მიზნით.

3.            ეპიდემიოლოგიური ვითარება. ცხელების დროს, უპირველეს ყოვლისა, ცხადია, იმ ინფექციებს ვეჭვობთ, რომლებიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული ამა თუ იმ რეგიონში. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოგზაურობის ანამნეზს, დაავადებულებთან კონტაქტს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ზოგჯერ გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, ივიწყებენ ცხელების სხვა მიზეზებს და არცთუ იშვიათად დიაგნოსტიკური შეცდომა მოსდით.

4.            ფონური დააავდებები. მათი გათვალისწინება იმის დადგენაში გვეხმარება, არსებული ქრონიკული დაავადების გამწვავებაა ცხელება თუ ახალი პრობლემის გამოხატულება. გავრცელებულ დააავადებათაგან ცხელება შეიძლება გამოიწვიოს კრონის დაავადებამ, წყლულოვანმა კოლიტმა, სისტემურმა წითელმა მგლურამ, რევმატოიდულმა ართრიტმა, ქვედა კიდურების თრომბოფლებიტმა, ავთვისებიანმა წარმონაქმნმა...

5.            დამატებითი ნიშნები. არსებითი მნიშვნელობა ენიჭება დამატებით კლინიკურ ნიშნებს. ხშირად სწორედ მათი წყალობით სვამენ ცხელების გამომწვევი დაავადების სავარაუდო დიაგნოზს. ესენია:

* კანისმხრივი სიმპტომები – გამონაყარი, სისხლჩაქცევები და სხვა;

* ლიმფური ჯირკვლების ლოკალური რეგიონული ან დიფუზური გადიდება;

* რესპირაციული სიმპტომები – ხველა, ნახველის გამოყოფა, ქოშინი, აუსკულტაციური მონაცემები;

* კატარული მოვლენები – გამონადენი ცხვირიდან, ყურიდან, ცვლილებები ხახაში;

* ნაწლავური სიმპტომები – დიარეა, სისხლი ან ლორწო განავალში, გაუწყლოება;

* სახსროვანი სიმპტომები – ართრიტი, სახსრების ტკივილი, მოძრაობის გაძნელება;

* გულისმიერი სიმპტომები – რიტმის დარღვევა, გულის უკმარისობა, პერიკარდიტი;

* საშარდე სისტემის სიმპტომები – წვა, ტკივილი შარდვის დროს, გამონადენი;

* ნევროლოგიური სიმპტომები – მენინგეალური ნიშნები, ტვინის დაზიანების ნიშნები;

* ჰემატოლოგიური სიმპტომები – ანემია, ნეიტროფილების დაქვეითება, ლიმფოციტების მომატება და სხვა.

ვინაიდან ცხელების სპეფიციკური ნიშნები არ არსებობს, ერთი და იმავე დამატებით სიმპტომს სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა კლინიკური ღირებულება აქვს. მაგალითად, თავის ტკივილი ხშირად ახლავს თან ცხელებას, მაგრამ ხანდაზმულებთან, უპირველეს ყოვლისა, საფეთქლის არტერიიტის გამორიცხვაა საჭირო; შარდში ცილა არცთუ იშვიათად თავად ცხელების შედეგად ჩნდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, თირკმლის პათოლოგიის გამოვლინება იყოს და ა.შ.

6.            ინფორმაცია მიღებულ მედიკამენტებზე – სტატისტიკური მონაცემებით, მედიკამენტების გვერდითი მოვლენების 3-5% ცხელების წილად მოდის. ხშირად ტემპერატურული რეაქციით ვლინდება წამლის მიმართ მომატებული მგძნობელობაც. ცხელება შეიძლება განვითარდეს წამლის მიღებიდამ როგორც მცირე ხნის, ისე რამდენიმე კვირის შემდეგ. უკანასკნელ შემთხვევაში მიზეზშედეგობრიობის დადგენა უფრო ჭირს. წამლისმიერ ცხელებას, სხვა გენეზის ცხელებათაგან განსხვავებით, სპეციფიკური ნიშნები არ ახასიათებს. მიზეზის დამადასტურებელი ერთადერთი ნიშანია მისი გაქრობა წამლის მიღების შეწყვეტის შემდეგ, თუმცა ესეც შეიძლება მოხდეს არა მოხსნისთანავე, არამედ რამდენიმე დღეში, ამიტომ თუ მაღალი ტემპერატურა წამლის მოხსნიდან ერთ კვირაზე მეტხანს გაგრძელდა, საქმე გვაქვს არა წამლისმიერ ცხელებასთან, არამედ სხვა პრობლემასთან.

7.            ავადმყოფის მდგომარეობა – მას წამყვანი როლი ენიჭება არა მარტო დიაგნოსტიკაში, არამედ შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრაშიც. თუ ავადმყოფის მდგომარეობა მძიმე არ არის, ექიმმა შესაძლოა ლოდინისა და დაკვირვების ტაქტიკა აირჩიოს. ზოგჯერ მდგომარეობის დინამიკაც იძლევა დიაგნოსტიკური თვალსაზრისით ღირებულ ინფორმაციას: თუ ტემპერატურა სპონტანურად დაუბრუნდა ნორმას, სავარაუდოა ვირუსული ინფექცია, თუ მედიკამენტის მოხსნის ფონზე შეწყდა – წამლისმიერი ცხელება, თუ მდგომარეობა დამძიმდა – ბაქტერიული ინფექცია და ა.შ.

8.            გამონაყარი – ზოგიერთ ინფექციურ დაავადებას დამახასიათებელი გამონაყარიც ახლავს თან. ეს დაავადების დიაგნოსტიკას აადვილებს. მაკულურ-პაპულური გამონაყარი ახასითებს წითურას, წითელას, ენტეროვირუსულ ინფექციას, ვეზიკულური – ჰერპესს, ჩუტყვავილას, სარტყლისებრ ლიქენს, პემფიგუსს, პეტექიური – სეპტიური ემბოლიას, რიკეტსიოზს და ა.შ.

 

ცხელი მოგზაურობა

თუ უცხოეთიდან ახლახან დაბრუნდით და ტემპერატურა იღლიის ფოსოში 37.4 ⁰ c -ზე მაღალი გაქვთ, მოგზაურთა ცხელება გქონიათ.

მოგზაურთა ცხელების მიზეზი, ბუნებრივია, მონახულებულ რეგიონზეა დამოკიდებული. ყველაზე გავრცელებული მიზეზებია მალარია, ამებიაზი, ჰისტოპლაზმოზი, ყვითელი ცხელება, ლეიშმანიოზი, დენგეს ცხელება, ლასას ცხელება, მარსელის ცხელება, პაპატაჩის ცხელება, ცუცუგამუშის ცხელება, მენინგოკოკური ინფექცია, რიკეტსიოზი, ტკიპისმიერი ცხელება, შებრუნებითი ტიფი, შისტოსომოზი, საზოგადოდ, ინფექციური დაავადებები.

გასათვალისწინებელია სხვა ქვეყნების კვებისა თუ ქცევის თავისებურებები და ჰიგიენური პრობლემებიც: დაუმუშავებელი, ნახევრად უმი ხორცის ჭამის ტრადიცია, არაპასტერიზებული რძის მოხმარება, დაბინძურებული წყალი და სხვა.

ზოგადი პრინციპები ასეთია:

* ყველას, ვინც ახლახან დაბრუნდა დაავადების ენდემური კერიდან და აქვს ცხელება, უნდა ჩაუტარდეს კვლევა მალარიაზე.

* თუ ადამიანმა ბუნებრივ წყალსატევში იბანავა ან ჩაყვინთა, ჩნდება ეჭვი ლეპტოსპიროზის თაობაზე. ამავე ეჭვს აღძრავს კონტაქტი ძაღლებთან, სხვა შინაურ ცხოველებთან. ლეპტოსპიროზზე მიუთითებს სიყვითლე, კონიუნქტივების ჰიპერემია, ღვიძლის მსუბუქი დაზიანება. სიყვითლე ასევე ახასიათებს ტიფოიდურ ცხელებას, ყვითელ ცხელებას, პარტახტიან ტიფს.

* თუ პაციენტს ჰქონდა კონტაქტი ახალ სქესობრივ პარტნიორთან და აღენიშნება ლიმფური ჯირკვლების გადიდება, გამონაყარი, თრომბოციტების ოდენობის დაქვეითება, აუცილებელია აივ ინფექციაზე გამოკვლევა.

* უმი რძის მიღება და სიმპტომების 7 დღეზე მეტხანს გაგრძელება ბრუცელოზს გვაფიქრებინებს.

* მაკულურ-პაპულური გამონაყარის (ლაქა, მშრალი მუწუკი, კვანძი) დროს საჭიროა დენგეს ცხელების, რიკეტსიოზის, ტიფის, პირველადი აივ ინფექციის გამორიცხვა.

* კანის წყლულოვანი დაზიანება აფრიკულ ან ამერიკულ ტრიპანოსომოზს, ოქროსფერ სტაფილოკოკს, ციმბირის წყლულს, ჰისტოპლაზმოზს ახასიათებს.

* აუცრელ პირებთან ყელის ტკივილი შესაძლოა დიფტერიაზე მიანიშნებდეს.

* მუცლის ტკივილი ახასიათებს.

* დიარეა პარაზიტულ ან ბაქტერიულ ინფექციაზე მიუთითებსმეტყველებს.

* ღვიძლის გადიდება ვირუსული ჰეპატიტის ნიშანია.

ცხელების მიზეზის დასადგენად და შემდგომი ტაქტიკის ასარჩევად შესაძლოა დაგჭირდეთ რამდენიმე ლაბორატორიული თუ ინსტრუმენტული გამოკვლევის ჩატარება. მათ შორისაა:

* სისხლის საერთო ანალიზი;

* შარდის საერთო ანალიზი;

* სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა;

* სისხლის, ნახველის, განავლის, შარდის, თავზურგტვინის სითხის კულტურალური კვლევა;

* სეროლოგიური კვლევა;

* რენტგენოგრაფია;

* ექოსკოპია;

* კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

 

 

უცნობი გენეზის ცხელება

სიცხის მიზეზის დადგენა ზოგჯერ ზემოთ ჩამოთვლილი კვლევების მეშვეობითაც კი ვერ ხერხდება. ასეთ სიცხეს მედიცინაში უცნობი წარმოშობის ცხელებას უწოდებენ, სიტყვა “გენეზი” (“გენეზისი”) კი “წარმოშობის” ბერძნული ეკვივალენტია.

ცხელება ექიმისთვის დიდი თავსატეხია: გარდა იმისა, რომ შესაძლოა, საქმე მეტად იშვიათ დაავადებასთან ჰქონდეს, დიაგნოსტიკურ სირთულეს ქმნის ის გარემოებაც, რომ ზოგჯერ ცხელების მიზეზი არა ეგზოტიკური სნეულება, არამედ ატიპურად მიმდინარე ბანალური დაავადებაა.

ცნობილია, რომ დამნაშავე შემთხვევის ადგილზე ყოველთვის ტოვებს კვალს. გამომძიებლის მიზანი სწორედ ამ კვალის პოვნა და ამოცნობაა. ასეა უცნობი გენეზის ცხელების დროსაც. მთავარია, ექიმმა მიაგნოს იმ ნიშანს, რომელიც მას სწორ დიაგნოზამდე მიიყვანს. ასეთი ნიშნები კი ზოგჯერ ისე საგულდაგულოდაა დამალული, მართლაც ძნელად შესამჩნევ-ამოსაცნობია. ამიტომ უცნობი წარმოშოიბს ცხელება ექიმის ძალზე მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს: ის დეტექტივად უნდა იქცეს - შეძლოს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი სიმპტომების დიფერენცირება, საჭირო, ინფორმაციული და მოცემულ შემთხვევაში გამართლებული კვლევების დანიშვნა, გამოკვლევის შედეგების სწორი ინტერპრეტირება, დაავადების მიმდინარეობის თავისებურებათა გათვალისწინება, უსარგებლო ინფორმაციის გამოყოფა, ავადმყოფისა და მისი ახლო ნათესავების ავადმყოფობის ისტორიის დეტალური გამოძიება, მათი ცხოვრების წესის გაანალიზება...

ამჟამად მიღებული განმარტების თანახმად, უცნობად მიიჩნევა ცხელება, როდესაც სხეულის ტემპერატურა  38.3 ⁰ c -ზე მაღალია,  გრძელდება სამ კვირაზე მეტხანს და დიაგნოზი, ადეკვატური გამოკვლევის მიუხედავად, უცნობი რჩება.

უცნობი გენეზის ცხელება ექიმისთვის, ტრადიციისამებრ, ინფექციურ პროცესთან ასოცირდება. სინამდვილეში ასეთი ცხელების მიზეზებს შორის ინფექციების წილი 50%-ზე ნაკლებია. გამოყოფენ უცნობი გენეზის ცხელების რამდენიმე ჯგუფს: კლასიკურს, ნოზოკომიურს, ნეიტროპენიულს და აივასოცირებულს.

* ნოზოკომიური – ჰოსპიტალიზებული პაციენტების – ცხელების მიზეზი უმეტესად ფარული საავადმყოფოსშიდა ინფექცია, რომელიმე მედიკამენტი, სისხლძარღვშიდა კათეტერის ინფიცირება, ფილტვის არტერიის ემბოლიაა;

* ნეიტროპენიულ ცხელებას ასპერგილოზი, კანდიდემია, პერიანალური ინფექციები იწვევს;

* კლასიკური ტიპის უცნობი გენეზის ცხელება ინფექციების, ავთვისებანი სიმსივნეების, ანთებითი დაავადებების, მედიკამენტების მიზეზით ვითარდება;

* აივინფიცირებულ პაციენტებთან კი სხეულის ტემპერატურის მომატების მიზეზი არაჰოჯკინის ლიმფომა, მედიკამენტები და მიკობაქტერიული ინფექციები გახლავთ.

 

სამუდამოდ უცნობი

უცნობის გენეზის ცხელების დროს საჭიროა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და დეტალური კვლევა, თუმცა არ არის გამორიცხული, მიუხედავად სრულყოფილი გამოკვლევის, დიაგნოზი მაინც ვერ დასვან. ასე ხდება უცნობი გენეზის ცხელების შემთხვევათა 5-9%-ში. მიზეზი სხვადასხვა რამაა: დაავადების თავისებურება, კვლევის დონე, გამოყენებული მეთოდების ადეკვატურობა, ატიპური მიმიდნარეობა...

ზოგჯერ ცხელება თავისთავად გაივლის და აღარ მეორდება. ასეთ დროს ინფექცია უნდა ვიეჭვოთ - შესაძლოა, პაციენტი სპონტანურად განიკურნოს, მაგალითად, ტუბერკულოზისგან. ნაკლებმოსალოდნელია ასეთი რამ სიმსივნური პროცესის ან სისტემური ვასკულიტის დროს. არსებობს ე.წ. პერიოდული ცხელება. ეს არის დაავადება, რომელიც რემისია–რეციდივის მონაცვლეობით მიმდინარეობს. ყოველი რეციდივი ექიმმა შესაძლოა ახალ დაავადებად მიიჩნიოს და ხელახლა დაიწყოს მისი მიზეზის ძიება.

როგორც ხედავთ,  ცხელების მიზეზის დადგენის ერთადერთი საშუალება ზოგჯერ პაციენტზე ხანგრძლივი დაკვირვებაა.

 

 

ფებრილური გულყრა

სიცხიანი ბავშვის მოვლა ყველა დედისთვის ჩვეულებრივი რამაა – აბა, ბავშვი ისე როგორ გაიზრდება, სიცხე არ მისცეს, არ გაცივდეს?! მაგრამ თუ სიცხესთან ერთად პატარამ გონება დაკარგა, ტონურ-კლონური კრუნჩხვა და უნებლიე შარდვა დაეწყო, გალურჯდა, ოჯახის წევრები პანიკას ეძლევიან: ზოგი ბავშვის გონს მოყვანას ცდილობს, ზოგი – ენის დაჭერას და ა.შ. რამდენიმე წუთში კრუნჩხვა თავისთავად გაივლის, დაღლილი პატარა ჩაიძინებს, სასწრაფო დახმარების ექიმები კი მის ნაცვლად დედებსა და და ბებიებს უტარებენ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.

რა მოხდა? – ბავშვს ფებრილური გულყრა განუვითარდა.

თავად სახელწოდება გვეუბნება, რომ ეს არის გულყრა, რომელიც მაღალ სიცხეს ახლავს თან. ის უმთავრესად 6 თვიდან 5 წლამდეა მოსალოდნელი. შეტევა ხშირად ცხელების პირველი 24 საათის განმავლობაში ვითარდება, რამდენიმე წამიდან 10 წუთამდე გრძელდება და ხანმოკლე ძილის პერიოდი მოსდევს. იმ ბავშვების მესამედს (და არა ყველას!), რომლებმაც ერთხელ უკვე გადაიტანეს ფებრილური გულყრა, ის მეორედაც უვითარდება. თუ ბავშვს გულყრა ორჯერ ჰქონდა, მომავალში მისი განვითარების ალბათობა 50%-ს აღწევს (ანუ ყოველ მეორესთანაა მოსალოდნელი). გულყრის გამეორების რისკი უფრო მაღალია, თუ ის პირველად წლამდე განვითარდა. ასიდან მხოლოდ ცხრას აქვს გადატანილი სამი და მეტი გულყრა.

 

როგორ მოვიქცეთ კრუნჩხვის დროს:

* დააწვინეთ ბავშვი გვერდზე ან მუცელზე, უმჯობესია, იატაკზე, თავქვეშ ამოუდეთ ბალიში;

* მოაშორეთ ყველა ბასრი საგანი;

* გადააადგილეთ მხოლოდ მაშინ, თუ უსაფრთხო ადგილას არ იმყოფება;

* შეუხსენით მჭიდროდ შეკრული ტანსაცმელი;

* პირში არაფერი ჩაუდოთ;

* არ დაუჭიროთ ენა – საკმარისია, გვერდზე დააწვინოთ, რომ სასუნთქი გზების დახშობის საშიშროება აღარ იქნება;

* თუ შეტევა 5 წუთზე მეტხანს გაგრძელდა, გამოიძახეთ სასწრაფო.

კრუნჩხვის კუპირებისთვის ბავშვს ზოგჯერ დიაზეპამს უკეთებენ, თუმცა ეს არ არის აუცილებელი – როგორც აღვნიშნეთ, გულყრა უმეტესად თავისთავად გაივლის.

 

გულყრის შემდეგ

მთავარი, რაც გულყრის შემდეგ უნდა გაკეთდეს, მისი ბუნების დადგენაა. საქმე ის გახლავთ, რომ სიცხისა და გულყრის თანხვედრა ერთმნიშვნელოვნად ფებრილურ გულყრაზე არ მიუთითებს, ამიტომ უნდა გამოირიცხოს ყველა ის დაავადება, რომელიც სიცხესაც იწვევს და გულყრასაც. უპირველეს ყოვლისა, ნეიროინფექცია. შესაძლოა, მაღალი ტემპერატურა ძლიერი დიარეით ან/და ღებინებით მიმდინარე ინფექციის გამოხატულება იყოს, დიარეამ და ღებინებამ კი ორგანიზმის გაუწყლოება გამოიწვიოს და გულყრაც ამის გამო განვითარდეს. გამოსარიცხია ეპილეფსიაც. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ასაკს (6 თვიდან 5 წლამდე ფებრილური გულყრა უფრო მეტადაა სავარაუდო), ახლო ნათესავებში ფებრილური გულყრის არსებობას. დიფერენცირებაში ექიმს ძალიან ეხმარება გულყრის დეტალური აღწერა – როდის დაიწყო, რის ფონზე, რამდენ ხანს გაგრძელდა, რომელი კუნთები მონაწილეობდა, რა მოხდა გულყრის შემდეგ და ა.შ., ამიტომ შეტევის დროს მშობელი მობილიზებული უნდა იყოს და ყველა დეტალი დაიმახსოვროს. ექიმს უნდა აცნობოთ ისიც, თუ მორიგი შეტევის დროს რამე უჩვეულო შეამჩნიეთ.

შესაძლოა, საჭირო გახდეს გამოკვლევაც.

მოარული აზრის საპირისპიროდ, კვლევები მოწმობს, რომ ანტიპირეტული მედიკამენტები ფებრილური გულყრის პრევენციას ვერ ახდენს.

საბედნიეროდ, ფებრილური გულყრა შორეულ პერსპექტივაში პრობლემებს არ წარმოშობს. არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ის სიკვდილს, თავის ტვინის დაზიანებას, სწავლის პრობლემას, ეპილეფსიას იწვევდეს. ასე რომ, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ხუთ წლამდე მოიცადეთ და გულყრებიც გაივლის.

გვეშინოდეს თუ არა ცხელების

 არ არსებობს ადამიანი, რომლისთვისაც ერთხელ მაინც არ აეწიოს სიცხეს. ტემპერატურის მომატება საგანგაშო ნიშნად არ მიიჩნევა. მეტიც – ყოველთვის არც ექიმის ჩარევას მოითხოვს. გამოცდილი მშობლები ხშირად თვითონაც მშვენივრად მართავენ ცხელებას. მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, თითქოს მაღალი ტემპერატურა სრულიად უწყინარი რამ იყოს. სასურველია, ვიცნობდეთ საშიშ სიმპტომებს, რათა მალევე შევაფასოთ ვითარება და აუცილებლობის შემთხვევაში ბავშვსა თუ მოზარდს სათანადო დახმარება გავუწიოთ.

 

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვილებთან ტემპერატურის მცირედი მომატებაც კი საყურადღებოა – შესაძლოა, მძიმე ინფექციაზე მიუთითებდეს. მცირე ასაკში თავისებურია სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებაც, ამიტომ ექიმს მიმართეთ, თუ:

* ბავშვი 3 თვეზე ნაკლები ასაკისაა და მისი რექტალური ტემპერატურა 38 ⁰ c ან მეტია,

* ბავშვი 3-დან 6 თვემდე ასაკისაა და მისი რექტალური ტემპერატურა აღემატება 38.9 ⁰ c -ს ან

* არ აღემატება ამ მაჩვენებელს, მაგრამ ბავშვი უჩვეულოდ აგზნებული ან მოდუნებულია.

ალბათ გაგიგონიათ, რომ ჩვილებში ცხელება შესაძლოა თბილმა ტანსაცმელმა და ცხელმა გარემომაც გამოიწვიოს, ვინაიდან პატარებს თერმორეგულაცია რამდენადმე სუსტი აქვთ.

თუნდაც ეჭვობდეთ, რომ ჩვილის მაღალი ტემპერატურა ჩაცმულობის ან გარემოს ბრალია, ბავშვი ექიმს უნდა აჩვენოთ.

რაც შეეხება უფროსი ასაკის ბავშვებს, საგანგაშო არაფერია, თუ ბავშვი, მიუხედავად სიცხისა, თამაშობს, ჭამს, სვამს, გიღიმით, შემოდის კონტაქტში, კანის ფერი ნორმალური აქვს. ნურც ის შეგაშინებთ, თუ ცხელების გამო პატარამ მადა დაკარგა. მთავარია, საკმარის სითხეს იღებდეს და მიღებული სითხის ოდენობის შესაბამისად შარდავდეს. შემდეგი ნიშნების არსებობისას კი აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს:

* ბავშვი ვერ იღვიძებს, თუ იღვიძებს, სიფხიზლეს ვერ ინარჩუნებს;

* მისუსტებული ხმით განუწყვეტლივ ტირის ან კივის;

* კანი ფერმკრთალი, ჭრელი, ლურჯი, ნაცრისფერი აქვს;

* დაქვეითებული აქვს კანის ნორმალური ტონუსი;

* აღებინებს ნაღვლის წვენით;

* გულმკერდი ჩადრეკილი აქვს;

* სუნთქვის სიხშირე წუთში 60-ზე მეტია;

* აქვს სველი ხიხინი;

* ამობერილი და მოპულსირეა ყიფლიბანდი;

* მაღალი ტემპერატურის ფონზე ვითარდება კრუნჩხვა;

* კისრის კუნთები რიგიდულია;

* ჩნდება გამონაყარი, რომელიც ზეწოლისას არ იცვლის ფერს;

* სიცხეს თან ახლავს თავის ან მუცლის ძლიერი ტკივილი ან სხვა სიმპტომი, რომელიც ძლიერ დისკომფორტს უქმნის ავადმყოფს.

მიმართეთ ექიმს მაშინაც, როცა მდგომარეობა ასეთი მძიმე არ არის, მაგრამ ცხელება ხუთ დღეზე მეტია გრძელდება.

მოზრდილებთან ექიმის ჩარევის აუცილებლომაზე მიანიშნებს:

* ტემპერატურა – 39.4 ⁰ c და მეტი;

* ძლიერი თავის ტკივილი;

* კისრის კუნთების რიგიდულობა;

* ცნობიერების დარღვევა;

* შეუჩერებელი ღებინება;

* სუნთქვის გაძნელება, ტკივილი გულმკერდის არეში;

* მუცლის ტკივილი ან მტკივნეული შარდვა;

* კრუნჩხვები.

 

 

ცხელების მართვა

ცხელების მართვა, უწინარეს ყოვლისა, მის მიზეზზეა დამოკიდებული. არაანთებითი დაავადებისა და მედიკამენტებით გამოწვეული ცხელების დროს ანტიპირეტულ საშუალებებს არ უნიშნავენ. ძირითადი დაავადების მკურნალობა (ან ცხელების გამომწვევი მედიკამენტის მოხსნა) ნორმაში აბრუნებს ტემპერატურას. ვეგეტატიური წარმოშობის ცხელების დროს სიცხის დამწევებზე ეფექტურია სედაციური პრეპარატები, სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ვარჯიში. თუ საქმე უცნობი გენეზის ცხელებასთან გვაქვს, მკურნალობის ტაქტიკას, კონკრეტული ვითარების შესაბამისად, ექიმი განსაზღვრავს. თუ მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, მკურნალობისგან თავის შეკავება ჯობს. მით უმეტეს, თერაპიის ფონზე კლინიკური სურათი შესაძლოა წაიშალოს და გამომწვევი პათოლოგიის დადგენა უფრო მეტად გაჭირდეს. თუმცა ისეც ხდება, რომ მკურნალობას დიაგნოსტიკის მეთოდად იყენებენ და სწორედ მისი ეფექტურობა-უეფექტობის მიხედვით მსჯელობენ დაავადების შესაძლო მიზეზზე.

როგორც აღვნიშნეთ, ცხელება ყველაზე ხშირად ინფექციის – სხეულში მიკრობთა შეჭრის – საპასუხო რეაქციაა: ამ გზით აიძულებს ორგანიზმი დაუპატიჟებელ სტუმრებს მისი ტერიტორიის დატოვებას. ისიც ითქვა, რომ ცხელება იმუნურ სისტემას ააქტიურებს. მისი დათრგუნვა ზოგიერთ შემთხვევაში არა გამოჯანმრთელებას, არამედ მდგომარეობის დამძიმებას უწყობს ხელს, ამიტომ განსაზღვრულ ეტაპამდე სიცხის დამწევი საშუალების მიღება არ არის სწორი. თუ ტემპერატურამ მეტისმეტად აიწია, ტაქტიკა იცვლება – სცენაზე ანტიპირეტული პრეპარატები გამოდიან. ბავშვებისთვის რეკომენდებულია აცეტამინოფენი (პარაცეტამოლი) და იბუპროფენი (ნუროფენი). მოზრდილებს შეუძლიათ ასპირინის მიღებაც, მაგრამ პატარებისთვის ის აკრძალულია.

სიცხის დამწევი პრეპარატების გამოყენებას თავისი წესები აქვს:

* სწორად შეარჩიეთ დოზა: პარაცეტამოლის შემთხვევაში – 10-15 მგ`კგ, იბუპროფენის შემთხვევაში – 5-10 მგ`კგ;

* დღის განმავლობაში შეიძლება მაქსიმუმ 4 დოზის მიღება;

* არ შეიძლება აცეტამიჰოფენისა და იბუპროფენის კომბინირებული (ერთდროული) მიღება ეფექტის გაზრდის მიზნით;

* გაითვალისწინეთ, რომ სიცხის დამწევს შეიცავს გაციების საწინააღმდეგო აბები და ჩაიც და მკაცრად აკონტროლეთ წამლების შემადგენლობა. სხვაგვარად დოზის გადაჭარბების რისკი მოიმატებს, აცეტამინოფენის ზედოზირება კი ღვიძლს ვნებს.

* თუ დამწევის მიღების შემდეგ სიცხემ მალევე აიწია და წამლის მიღებიდან 6 საათზე ნაკლებია გასული, სიცხის დასაწევად ამჯერად სხვა საშუალება გამოიყენეთ და პირველი პრეპარატის მიღებიდან მხოლოდ 6 საათის შემდეგ მიიღეთ მისი მორიგი დოზა.

* არ აქვს მნიშვნელობა, სიროფი გამოიყენეთ, აბი თუ რექტალური სანთელი – მოქმედი ნივთიერება ყველა შემთხვევაში ერთია.

* პატარებთან რეკომენდებულია სიროფის გამოყენება, მოზრდილებთან – ტაბლეტებისა, სიცხის დამწევი სწრაფი ეფექტი კი რექტალურ სანთლებს აქვს.

* არ შეიძლება გახსნილი სიროფის დიდხანს შენახვა.

* რექტალური სანთელი მაცივარში შეინახეთ, ოღონდ არა საყინულეში.

 

ცივწყალგადასხმული

არსებობს ტერმინი “ვარდისფერი ტიპის ცხელება”. ამ დროს კიდურები ცხელია, სახე – წითელი, ავადმყოფს აქვს სიცხის შეგრძნება. ამ დროს ტემპერატურის დასაწევად შეიძლება ე.წ. ფიზიკური მეთოდების გამოყენება. ზოგადი რეკომენდაციები ასეთია:

* 30-32 ⁰ c ტემპერატურის წყალში დაასველეთ ღრუბელი და ავადმყოფს სხეული გაუგრილეთ. პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ 3-4-ჯერ 30-წუთიანი ინტერვალებით.

ოთახის ტემპერატურის წყლით გაწმენდა ნაკლებეფექტიანია, ვიდრე 30-32-გრადუსიანი წყლით.

არყის ან ძმრის დამატება ეფექტს არ ზრდის, პირიქით, შესაძლოა ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

ცხელების მართვის ფიზიკურ მეთოდებს მიეკუთვნება ტანსაცმლის გახდა და განიავებაც.

ფიზიკური მეთოდები არ გამოიყენება თეთრი ტიპის ცხელების დროს, როდესაც პაციენტი გაფითრებულია და კიდურები ცივი აქვს.

 

ფიზიკური მეთოდების გამოყენებისას სითბო აორთქლებისა და კონვექციის გზით იკარგება. კანი გრილდება, მაგრამ არ მცირდება პროსტაგლანდინების კონცენტრაცია, არ იხსნება ცხელების მიზეზი, არ იცვლება ჰიპოთალამუსის ბრძანება. არც ის არის გამორიცხული, ამ მეთოდებმა კანკალი ან სხვა არასასურველი ეფექტებაი გამოიწვიოს, რადგან ორგანიზმი ცდილობს, შეინარჩუნოს მაღალი ტემპერატურა, რომელიც ჰიპოთალამუსის ბრძანებით არის განსაზღვრული, ამიტომ ფიზიკური მეთოდები ფარმაკოთერაპიასთან ერთად უნდა გამოიყენოთ.

 

კიდევ რა უნდა გავაკეთოთ:

* თუ პაციენტი თავს ცუდად გრძნობს და ტემპერატურა 38-38.5 ⁰ c -ზე მაღალია, რეკომენდებულია წოლითი რეჟიმი.

* ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 20 ⁰ c -ს, ძილის დროს კი არსებულზე 3-4 გრადუსით ნაკლები იყოს.

* არ შეიძლება ბავშვის (მოზარდის) არც გაშიშვლება, არც ჩაფუთნა. თუ კანკალებს ან, პირიქით, ძლიერ ოფლიანდება, ოდნავ უფრო თბილად ან შილიფად ჩააცვით. ბავშვს ისე უნდა ეცვას, რომ, უპირველეს ყოვლისა, თვითონ გრძნობდეს თავს კომფორტულად.

* გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად რეგულარულად შესთავაზეთ სითხე. თუ ბუნებრივ კვებაზეა, ხშირად აწოვეთ ძუძუ. გაუწყლოებაზე მიუთითებს ჩავარდნილი ყიფლიბანდი, პირის სიმშრალე, ჩაცვენილი თვალები, ცრემლის არქონა. თუ ეს ნიშნები გამოვლინდა, მიმართეთ ექიმს.

* თვითნებურად ნუ გამოიყენებთ ანტიბიოტიკებს. ასევე არ შეიძლება თვითნებურად მკურნალობის შეწყვეტა.

* კვებეთ მადის შესაფერისად.

* ხშირად გაანიავეთ ოთახი. დაალაგეთ სველი წესით. ხშირად გამოცვალეთ თეთრეული.

ინფექციური დაავადებების პრევენციაში კი დაგეხმარებათ:

* ხელების ხშირი ბანა, განსაკუთრებით – ჭამის წინ, ტუალეტით სარგებლობის, ხალხმრავალ ადგილას ყოფნის, ავადმყოფთან კონტაქტის, ცხოველთან კონტაქტის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შემდეგ.

* თან ატარეთ სადეზინფეციო ხსნარი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ხელების დაბანის საშუალება არ გექნებათ.

* ეცადეთ, დაუბანელი ხელებით არ შეეხოთ ცხვირს, ტუჩებსა და თვალებს, რადგან ეს ის სამი მთავარი კარიბჭეა, საიდანაც ვირუსები და ბაქტერიები ორგანიზმში აღწევს.

* დაიფარეთ პირი ხველების და ცხვირი ცემინების დროს.

* არ გამოიყენოთ საერთო ჭურჭელი.

* რეგულარულად და დროულად ჩაიტარეთ აცრები. აიცერით სეზონურ გრიპზე.

 

 

სიცივეს კაცი მოუკლავს?

ცნობილია, რომ ზამთრის სუსხი სხეულის გაკაჟებას, გაჯანსაღებას უწყობს ხელს. ტყუილად ხომ არ გვირჩევენ ექიმები, ზამთარში ცოტა ხნით მაინც წავიდეთ მთის კურორტზე – ინფექციების შემოსევას უფრო ადვილად გაუმკლავდებითო. მაგრამ მეტისმეტი არც სიცივე ვარგა – გადაცივება ორგანიზმისთვის ძალზე სახიფათოა, ზოგჯერ – სასიკვდილოც კი.

ჰიპოთერმია – ასე ეწოდება მდგომარეობას, რომელიც შენობაში თუ მის გარეთ ტემპერატურის მკვეთრი დაცემის შედეგად ვითარდება. ის განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის – როგორც უკვე ითქვა, მათ თბორეგულაციის მექანიზმები რამდენადმე სუსტი აქვთ და გარემოს ტემპერატურის ნებისმიერ ცვლილებას ძნელად იტანენ.

ჩვენს ორგანიზმს, სისხლძარღვების შევიწროება-გაფართოებით დაწყებული, კანკალით დამთავრებული, ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნების არაერთი საშუალება აქვს, მაგრამ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე კომპენსატორული მექანიზმები ნაკლებეფექტურია. შედეგად ზიანდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები.

 

სიცივით გამოცდა

ჰიპოთერმია შეიძლება განუვითარდეს ყველას, ვისაც გარეთ, სიცივეში, დიდხანს უწევს ყოფნა, თუმცა არ არის გამორიცხული, შენობაშიც დაგემართოთ. ამასთან, რისკი არსებობს არა მხოლოდ ზამთარში, არამედ შედარებით თბილ სეზონზეც, თუ წვიმაში მოჰყევით, მეტისმეტად გაოფლიანდით ან ცივი წყლით დასველდით.

სიფრთხილე გმართებთ ზაფხულშიც, თუ შენობა, რომელშიც ბევრ დროს ატარებთ, ძლიერ კონდიცირდება.

ჰიპოთერმიის რისკი იმატებს ზოგიერთი მედიკამენტის ზემოქმედების, ალკოჰოლის  ზემოქმედების, შაქრიანი დიაბეტის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, პარკისონის დაავადების ფონზე.

ყველაზე ხშირად ჰიპოთერმიის მსხვერპლად გვევლინებიან :

* ხანდაზმულები, რომლებიც არაადეკვატურად იკვებებიან, იცვამენ ან თბებიან;

* უმეთვალყურეოდ დარჩენილი ბავშვები;

* ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები;

* ფსიქიკურად დაავადებულები;

* პირები, რომლებიც ბევრ დროს ატარებენ ღია ცის ქვეშ – უსახლკაროები, ტურისტები, მონადირეები.

 

საშიში სიცივე

აშშ-ში ჰიპოთერმიით ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი იღუპება. მათი ნახევარი 65 წელს გადაცილებულია.

ჰიპოთერმია ვერაგია: თავდაპირველად ადამიანი ვერც კი გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს, ვინაიდან სიცივე თავის ტვინზე მოქმედებს და გონების დაბინდვას, აზროვნების შეფერხებას, სიცივის აღქმის დაქვეითებას იწვევს, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ დროს თანამდგომი იყოს ფხიზლად, დროულად იეჭვოს მდგომარეობის გაუარესება, გამოიძახოს სასწრაფო და საჭიროების შემთხვევაში პირველადი დახმარებაც გასწიოს. ასე რომ, გულდასმით წაიკითხეთ სტატია და კარგად დაიმახსოვრეთ გადაცივების პირველი ნიშნები და სამოქმედო გეგმა.

 

ვეძებთ მინიშნებებს

როგორც აღვნიშნეთ, საწყის ეტაპზე ჰიპოთერმიაზე ეჭვის მიტანა ძნელია.  თუ ხანდაზმული ბრძანდებით და მარტო ცხოვრობთ, ხშირად უნდა აკონტროლოთ ოთახის ტემპერატურა. ცივ და სუსხიან ამინდში სთხოვეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, მეზობლებს, განსაკუთრებული ყურადღება მოგაქციონ, ხშირად მოგინახულონ, დაგირეკონ... თუ თქვენს მახლობლად ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში უყურადღებოდ ნუ დატოვებთ – გამუდმებით გყავდეთ ხაზზე.

ჰიპოთერმიის პირველი ნიშნებია:

* ცივი კიდურები;

* შესივებული სახე;

* ფერმკრთალი კანი;

* შენელებული საუბარი;

* კანკალი (თუმცა არა ყოველთვის).

მოგვიანებით ვლინდება:

* მოძრაობის შენელება;

* კიდურების დაუმორჩილებლობა;

* გულის რიტმის შენელება;

* სუნთქვის შენელება;

* გონების დაბინდვა, ცნობიერების დაკარგვა.

ჩვილებთან გადაცივებაზე მიუთითებს ძალიან ცივი ფერმკრთალი ან აწითლებული კანი და სისუსტე.

თუ ამ ნიშნებთან ერთად თერმომეტრმა 35 გრადუსზე ნაკლები აჩვენა, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე, გამოიძახეთ სასწრაფო და დაიწყეთ პირველი დახმარება:

* უპირველეს ყოვლისა, მოაშორეთ ადამიანი ცივ ან სველ ადგილს;

* თუ შესაძლებელია, გახადეთ სველი ტანსაცმელი;

* დააფარეთ მშრალი პლედი;

* გაუთბეთ სხეულის ცენტრალური ნაწილი;

* თუ თბილი ნივთები არ გაქვთ, გაათბეთ ადამიანი საკუთარი სხეულით – კანით კანთან კონტაქტით;

* დაალევინეთ ცხელი სასმელი, ოღონდ არა ალკოჰოლიანი ან კოფეინიანი – ეს აკრძალულია;

* არ გაათბოთ ცხელი აბაზანით ან სათბურით;

* გათბობის შემდეგ ტემპერატურის შესანარჩუნებლად თბილ გარემოში დატოვეთ. პლედი მოახვიეთ თავზეც.

ძალიან ძლიერი ჰიპოთერმიის დროს ადამიანი გონებას კარგავს და შესაძლოა, სუნთქვაც შეწყვიტოს. გარდაცვლილიც რომ გეგონოთ, მაინც ჩაუტარეთ პირველი დახმარება, სანამ არ გამოფხიზლდება ან სასწრაფო არ მოვა. საბედნიეროდ, ასეთი პაციენტების რეანიმაცია ხშირად წარმატებით ხერხდება.

 

მოყინვა

მოყინვა გადაცივებით გამოწვეული სხეულის დაზიანებაა. უმეტესად ზიანდება ცხვირი, ყურები, ხელისა და ფეხის თითები. დაზიანების ადგილას იკარგება მგრძნობელობა, ფერი. მოყინვამ შესაძლოა სამუდამოდ დააზიანოს სხეული, მძიმე შემთხვევებში ამპუტაციაც კი გამოიწვიოს.

მოყინვის პირველი ნიშანია თეთრი ან მოყვითალო-მონაცრისფრო კანი, რომელიც უჩვეულოდ მაგარი, უხეშია. ასეთ დროს აუცილებლად უნდა შემოწმდეს, აქვს თუ არა ადამიანს ჰიპოთერმიაც, რადგან ეს უკანასკნელი კიდევ უფრო საშიში მდგომარეობაა.

მოყინვის დროს სამოქმედო გეგმა ჰიპოთერმიისას ჰგავს:

* რაც შეიძლება სწრაფად მოათავსეთ მოყინული ადამიანი თბილ ოთახში;

* თუ მდგომარეობა გამოუვალი არ არის, არ შეიძლება სიარული მოყინულ კიდურებზე – ეს დაზიანების ალბათბას ზრდის;

* დაზიანებული უბანი მოათავსეთ თბილ (არა ცხელ) წყალში (ტემპერატურა დაუზიანებელი უბნისთვის ოპტიმალური უნდა იყოს);

* გაათბეთ დაზიანებული ადგილი (მაგალითად, მოყინული ხელები იღლიების ქვეშ ამოადებინეთ);

* არ დაუზილოთ მოყინული უბანი;

* არ გამოიყენოთ გასათბობად სათბური ან რადიატორი.

 

როგორ ავიცილოთ თავიდან ჰიპოთერმია

* პირველი რჩევა, შესაძლოა, სასაცილოც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია, ამ რჩევას შეხვდებით ყველა სამედიცინო პუბლიკაციაში. როგორც ჩანს, საკითხი აქტუალურია. ერთი სიტყვით, თუ არ გსურთ, გადაცივება დაგემართოთ, როგორც შინ, ისე გარეთ თბილად უნდა ჩაიცვათ, განსაკუთრებით – თუ თოვლიან ან წვიმიან ამინდში მოგიწიათ შინიდან გასვლა. არ დაივიწყოთ წყალგაუმატარი ქურთუკი, ფეხსაცმელები და ქუდი.

* ცივ ამინდში სახლში ტემპერატურა 20 გრადუსი უნდა იყოს.

* სითბოს ეკონომიისთვის დაკეტეთ ოთახები, რომლებსაც არ იყენებთ. დაახშეთ ამ ოთახებში სავენტილაციო ხვრელები. თუ ოთახში ნიავი იგრძენით, შეამოწმეთ, ხომ არ უბერავს ორპირი.

* სათანადოდ იკვებეთ. თუ იშიმშილებთ, შემცირდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, რომელიც სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

* ნურც მეტისმეტად თბილად ჩაიცვამთ. ჭარბი ოფლიანობა სითბოს კარგვას აძლიერებს და ჰიპოთერმიის დამძიმებას უწყობს ხელს.

* არ დააძინოთ ბავშვი (განსაკუთრებით – წლამდე ასაკისა) ცივ ოთახში.

* არ დატოვოთ პატარა მანქანაში მარტო.

 

თუ მანქანაში ხართ და ირგვლივ დასახლებული პუნქტი არ არის:

* მანქანის ანტენას ნათელი ფერის ქსოვილი შემოახვიეთ, რათა სამაშველო სამსახურმა ადვილად დაგინახოთ.

* საბარგულიდან გადმოიტანეთ ყველაფერი, რაც შეიძლება დაგჭირდეთ.

* მთელი სხეული (მათ შორის – თავიც) დამატებით შეიფუთნეთ – პლედით, ტანსაცმლით, გაზეთით, ნებისმიერი სხვა საშუალებით.

* გამათბობელი საათში 10 წუთით ჩართეთ და ოდნავ გამოაღეთ ფანჯარა, რომ ჟანგბადი შემოუშვათ.

* ჯდომის დროს ამოძრავეთ ხელები და ფეხები.

* არ ჭამოთ თოვლი –  ის სხეულის ტემპერატურას დააქვეითებს.

* არ დაიძინოთ.

მოამზადა გვანცა გოგოლაძემ

გააზიარე: