ფრჩხილების მოდელირება - ყველაფერი ხელოვნური ფრჩხილების შესახებ

გააზიარე:

სადაც არ უნდა მუშაობდეთ, ყველაზე მეტი ჯაფა მაინც ხელებს ადგება, ფრჩხილებს ლაქი სცილდება, ფირფიტები იფცქვნება ან იმტვრევა.

ფრჩხილების მოვლა არც ისე ცოტა დროს მოითხოვს, ამიტომ ხელოვნური ფრჩხილები ბევრისთვის გამოსავალია.

რომელია ხელოვნური ფრჩხილების დამაგრების ყველაზე გავრცელებული ტექნიკა, რა პლუსები და მინუსები აქვს ამ პროცედურებს და მავნეა თუ არა ჯანმრთელობისთვის? ამ კითხვებზე ჩვენი სტატია გიპასუხებთ. 

რატომ ხელოვნური?

ფრჩხილების მოდელირებას ბუნებრივი ფრჩხილების გასამაგრებლად ან დასაგრძელებლად მიმართავენ. გარდა ამისა, ხელოვნური ფრჩხილები ბუნებრივზე მეტად ბზინავს და გაცილებით მეტხანს ძლებს.

მინუსები:

* პროცედურა ბევრ დროს მოითხოვს;

* შესაძლოა, ფრჩხილი დააზიანოს;

* დიდხანს მოგიწევთ ერთი და იმავე ფერის ტარება.

ფრჩხილის მოდელირებისთვის სხვადასხვა მასალას იყენებენ, წესისამებრ ― აკრილს, გელს ან მინაბოჭკოს.

რომელი როდის

მათ, ვისაც ხშირად აქვთ შეხება წყალთან, ― მაგალითად, პროფესიული საქმიანობის გამო, ― აკრილს ვურჩევთ. ის ასევე საუკეთესოა სუსტი, მტვრევადი ფრჩხილებისთვის.

თუ ჯანსაღი ფრჩხილები გაქვთ და უბრალოდ დაგრძელება გინდათ ან ოცნებობთ, ლაქმა დიდხანს გაგიძლოთ, გელით მოდელირებას გირჩევთ.

მინაბოჭკო ყველაზე გამძლეა, ამიტომ ის საუკეთესოა მაშინ, როდესაც ხელებს ძლიერი დატვირთვა ადგას ან მოტეხილი ფრჩხილის აღდგენა სურთ.

ნაბიჯ–ნაბიჯ

მოდელირებამდე ფრჩხილები ჯერ ფორმაში უნდა მოიყვანოთ: ნუნები და გაუხეშებული ადგილები მოიჭრათ, კიდეები და ზედაპირი გაიქლიბოთ, რათა ხელოვნური ფრჩხილისთვის გამოყენებული მასალა კარგად დაემაგროს ფირფიტას და დიდხანს გაძლოს. მომდევნო ნაბიჯი ფრჩხილების დეზინფექციაა, მაგალითად, კონცენტრირებული ალკოჰოლით, ბოლოს კი ფრჩხილი სპეციალური პრაიმერით მუშავდება. გაითვალისწინეთ: დაბალი ხარისხის ზოგიერთი პრაიმერი მჟავას შეიცავს და შესაძლოა, ფრჩხილი დაგიზიანოთ.

ამის შემდეგ უკვე შეიძლება ხელოვნური ფრჩხილების დამაგრება.

სწრაფი დაგრძელება

ტიფსები მზა ხელოვნური ფრჩხილებია, რომლებიც ბუნებრივ ფრჩხილებზე წებოთი მაგრდება. წებო ძალიან სწრაფად შრება, ამიტომ ეცადეთ, ტიფსი ფაქიზად და ზედმიწევნით სწორად დაიმაგროთ. გაშრობის შემდეგ შეიძლება მისი დამოკლება სასურველ სიგრძემდე.

დაგრძელება შაბლონითაც შესაძლებელია. ეს ტექნიკა გულისხმობს ფრჩხილის კიდეზე სპეციალური შაბლონის დადებას, მასზე და ფრჩხილზე გელის გადასმას და გელის გაშრობის შემდეგ შაბლონის მოხსნას. ამის შემდეგ ფრჩხილი სინთეტიკური მასალით იფარება.

აკრილი

ეს შედარებით რთული ტექნიკაა. დაგჭირდებათ ე. წ. აკრილატის ფხვნილი, სპეციალური სითხე და ფუნჯი. ფუნჯს ჯერ სითხეში ამოვაწობთ, მერე ― ფხვნილში. ქიმიური პროცესების შედეგად აქ წარმოიქმნება ჟელესმაგვარი სტრუქტურა, რომელიც ფრჩხილზე ისმება. ძალიან მნიშვნელოვანია სითხისა და ფხვნილის სწორი პროპორციით შეზავება, თანაც ჟელე ძალიან მალე მკვრივდება, ამიტომ სწრაფად უნდა იმუშაოთ. ორთქლი, რომელიც ქიმიური რექციის დროს წარმოიქმნება, არ ჩაისუნთქოთ. საერთოდ კი, უმჯობესია, ამის გაკეთება პროფესიონალს მიანდოთ.

პლუსები:

* გელზე მტკიცეა და თხელი;

* ჰგავს ბუნებრივ ფრჩხილს.

მინუსები:

* არ ახასიათებს ნატურალური ბზინვარება;

* ელექტროქლიბის გარეშე ვერ მოიძრობთ;

* წარმოქმნის ორთქლს, რომელიც არ უნდა ჩაისუნთქოთ.

გელი

გელით ფრჩხილების მოდელირება სწრაფი და მარტივი პროცედურაა. მასალად გამოიყენება აკრილატის გელი. რომელსაც სამ ფენად ისვამენ ფრჩხილებზე, ყოველ მომდევნოს ― წინას გაშრობის შემდეგ. აკრილისგან განსხვავებით, გელი მანამდე არ მკვრივდება, სანამ სპეციალური აპარატიდან UV სხივებით არ დაასხივებენ.

პლუსები:

* აქვს ბუნებრივი ბზინვარება;

* არ წარმოქმნის ორთქლს;

* ძალიან ელასტიკურია

მინუსები:

* ძალიან სქელია

* არც ისე მტკიცეა, შესაძლოა, ადვილად დაზიანდეს;

* მოცილებისას მთლიანად იქლიბება.

მინაბოჭკო

ეს შედარებით ახალი ტექნიკაა და ჯერ ფართოდ არ არის გავრცელებული, რადგან ძვირია და დიდ გამოცდილებას მოითხოვს. საუკეთესოა დამტვრეული, დაბზარული ფრჩხილების აღსადგენად, თუმცა მისი მეშვეობით ფრჩხილის ფირფიტების დაგრძელებაც შეიძლება.

მინაბოჭკოს თხელი ბადე ფრჩხილის ფორმაზე უნდა მოჭრათ, მერე ფრჩხილზე წებო გადაისვათ და ბადე დაიფინოთ, ბოლოს კი დაისხათ სპეციალური სპრეი, რომლის მეშვეობითაც ბადე ჯერ გათხევადდება, მერე გამყარდება.

ფრჩხილების დასაგრძელებლად მინაბოჭკოს ძაფებს იყენებენ. მათ გელით აწებებენ ფრჩხილის წვერზე, კარგად ანაწილებენ და გასამაგრებლად 120 წამის განმავლობაში ულტრაიისფერი სხივებით ასხივებენ.

პლუსები:

* შესაძლებელია პატარა ბზარების ამოვსება;

* უფრო მტკიცეა და თხელი, ვიდრე აკრილი.

მინუსები:

* აცეტონმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს;

* დიდ გამოცდილებას მოითხოვს, ამიტომ უმჯობესია, სალონში გაიკეთოთ;

* ძვირია.

ხანგრძლივობა

რამდენ ხანს გაძლებს ხელოვნური ფრჩხილი, იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად იზრდება ბუნებრივი. გელსა და აკრილს უმეტესად 3-5 კვირის შემდეგ სჭირდება განახლება - უნდა შეივსოთ ბუნებრივი ფრჩხილის ამოსული ნაწილი ან არსებული ფენა მოიშოროთ და ხელახლა გაიკეთოთ.

მოხსნა

ხელოვნური ფრჩხილი ფენა-ფენა იხსნება სპეციალური მექანიკური ან ელექტროქლიბით. პროცესი სიფრთხილეს და ოსტატობას მოითხოვს, რომ ფრჩხილის ფირფიტა არ დაზიანდეს.

მავნეა თუ არა

თუ ხელოვნურ ფრჩხილებს ხშირად იკეთებთ, საკუთარის დაზიანება ნუ გაგაკვირვებთ. სინთეტიკური მასალა ჟანგბადს არ ატარებს, მეტიც ― ტენს აცლის ბუნებრივ ფრჩხილს, ფრჩხილი რბილდება, მყიფე და ტალღოვანი ხდება. ხელოვნური ფრჩხილების ქვეშ ადვილად მრავლდება ბაქტერიები და სოკოები.

ფრჩხილს აზიანებს აცეტონის აბაზანებიც და კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდის მიკრობების მიმართ. ამ დროს იმატებს ანთების რისკიც.

სინთეზურმა საშუალებებმა შესაძლოა კონტაქტური ალერგია გამოიწვიოს, რომელიც ქავილით, სიწითლით, გამონაყარით გამოიხატება.

ექსპერტები შიშობენ, რომ ულტრაიისფერი სხივები, რომლებსაც ამ პროცედურებისთვის საჭირო აპარატი ასხივებს, ხელს უწყობს კანის კიბოს განვითარებას. აპარატი მართლაც ვნებს კანს, მისი რეგულარული მოხმარება კანის დაბერებას აჩქარებს, მაგრამ ჯერ არ ჩატარებულა საკმარისი რაოდენობის კვლევა იმის დასამტკიცებლად, რომ ფრჩხილის დაგრძელების პროცედურები მართლაც ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.

თუ ხელოვნურ ფრჩხილებს დიდხანს ატარებთ, ბუნებრივს შეიძლება 5-6 თვეც კი დასჭირდეს თავდაპირველი სტაბილურობის აღსადგენად.

საშიშია თუ არა ორსულებისთვის

ხელოვნური ფრჩხილები ორსულებისთვის თავისთავად არ არის მავნე, თუმცა, თუ ანთება ან სოკოვანი ინფექცია განვითარდა, ამან შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს მომავალი დედის ჯანმრთელობაზე.

აკრილატმა შესაძლოა ალერგიული რეაქციები გამოიწვიოს, ამიტომ ექსპერტები ორსულებს გელს ურჩევენ.

ხელოვნური ფრჩხილების მოსაცილებელი ხსნარით მოშორებისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ხსნარი რაც შეიძლება ნაკლებ გამხსნელს ― აცეტონს, ფენოლს ან ტრიქლორეთილენს შეიცავდეს. გარდა ამისა, მოხსნისას ფანჯრები გააღეთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მავნე ნივთიერება ჩაისუნთქოთ.

რჩევები

* მოდელირება ყოველგვარ ფრჩხილს არ მიესადაგება, ამიტომ გირჩევთ, უპირველეს ყოვლისა, სპეციალისტთან გაიაროთ კონსულტაცია იმის თაობაზე, შეესაბამება თუ არა თქვენი ფრჩხილის სტრუქტურა მოდელირების პროცედურას.

* ხელოვნური ფრჩხილი იშვიათად ტყდება, მაგრამ ძალიან მტკივნეულია. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, პროცედურის ჩატარება პროფესიონალს ანდოთ, ფრჩხილების გაკეთების შემდეგ კი ხელებს მოუაროთ და მოუფრთხილდეთ.

* თუ აქამდე მოკლე ფრჩილებს ატარებდით, ერთბაშად დაგრძელებას არ გირჩევთ ― ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში გრძელ ფრჩხილებს შეეჩვევით, შესაძლოა, სხეულიც დაიშავოთ. უმჯობესია, ნელ-ნელა მოუმატოთ სიგრძეს.

* ხელოვნურ ფრჩხილებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. უპირატესობა მაღალი ხარისხის ფრჩხილის ზეთებსა და ხელის კრემებს მიანიჭეთ, რათა კანი და ფრჩხილები საკმარისი ტენით უზრუნველყოთ.

* სალონში ყურადღება მიაქციეთ ჰიგიენას.

* LED ნათურა ულტრაიისფერთან შედარებით დამზოგველია. თუ დასხივება ულტრაიისფერი ნათურით გიწევთ, გირჩევთ, სპეციალური ხელთათმანები გაიკეთოთ, რომლებსაც თითის წვერები ღია აქვს, ან ხელებზე ნახევარი საათით ადრე მაღალი SPF–ინდექსის მქონე მზისგან დამცავი კრემი წაისვათ.

* თუ ხელოვნურ ფრჩხილზე ლაქს ისვამთ, უაცეტონო მოსაშორებელი საშუალება შეარჩიეთ ― აცეტონმა შესაძლოა დააჩქაროს ხელოვნური ფრჩხილის აძრობა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: