ტატიანა შატილოვა – საქართველოში აკადემიური ოფთალმოლოგიის ფუძემდებელი

გააზიარე:

უკვე რამდენიმე წელია, რუბრიკით "მედიცინის კორიფეები" ვიხსენებთ ექიმებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ქართულ მედიცინაში. როდესაც მათ ნაცნობებსა და ახლობლებს ვესაუბრები, მათ შესახებ ბიოგრაფიულ ცნობებს ვაგროვებ, ჩემთვისაც ისეთი ახლობლები  ხდებიან, მგონია, პირადად ვიცნობდი. ამჯერად ტატიანა შატილოვათი ვარ შთაგონებული, ქალით, რომელმაც მეცნიერებასა თუ პრაქტიკულ მედიცინაში ერთნაირ წარმატებას მიაღწია, რომელიც იყო ექიმი, ამ სიტყვის საუკეთესო მნიშვნელობით.

დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც სტატიის მომზადებაში დამეხმარა: ქართული მედიცინის მოამაგეს ხუტა პაჭკორიას, ტატიანა შატილოვას კოლეგებს – ნინო თავბერიძეს, ქეთევან ტყებუჩავას, ირინა თოდუას, ირინა ონიანს, მერაბ დვალს, ასევე – დიდი მეცნიერის დისშვილს ირინა შატილოვას და შვილიშვილს – თინათინს.

ტატიანა შატილოვა 1913 წლის 27 მაისს ბათუმში დაიბადა. შატილოვების წინაპრებს შატილში უცხოვრიათ. მეფის მთავრობას დაუმორჩილებელი ხევსურები კურსკის გუბერნიაში გადაუსახლებია და შატილოვებად ჩაუწერია. ალექსანდრეს, ტატიანას მამას, და მის შვიდივე და-ძმას იმ დროისთვის კარგი განათლება ჰქონიათ მიღებული. ალექსანდრე სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის დაუპატიმრებიათ და მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტიდან გაურიცხავთ, მაგრამ სწავლას მოწყურებულმა ახალგაზრდამ ფარ-ხმალი არ დაყარა და... ისტორიაში შევიდა როგორც ქართული ოფთალმოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საუკეთესო დიაგნოსტი და თვალის ქირურგი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის გამგე.

ალექსანდრე კეთილშობილი და პრინციპული ადამიანი ყოფილა. საქართველოში სტუმრად მყოფ იმპერატორთან შეხვედრაზეც კი უარი უთქვამს, რუსებზე გაბრაზებულს. ომის დუხჭირ წლებში კი საავადმყოფოში კოლეგებისთვის დაჰქონდა თურმე საჭმელი და ტკბილეული. მის სახლთან მუდამ მოწყალების მთხოვნელთა ჯარი იდგა და ისიც დაუნანებლად არიგებდა ფულს.

ტატიანას მამის მხრიდანაც და დედის მხრიდანაც უფროსი ნახევარდები ჰყავდა. “Моя, твоя и общая”, – ასე ეხუმრებოდა ხოლმე ალექსანდრე ცოლს, ზინაიდა სიმჩენკოს. ზინაიდა ცნობილი ინჟინრის ქალიშვილი იყო. მამამისი ოდესღაც ბაქო-ბათუმის ნავთობსადენზე მუშაობდა და ბათუმში საკუთარი სახლიც ჰქონდა.

1918 წელს შატილოვების ოჯახი თბილისში დასახლდა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ახლანდელ რომის ქუჩაზე, ლამაზ, ძველებურ სახლში, რომელიც ვენეციის ხედებით იყო მოხატული. ალექსანდრე ავადმყოფებს შინაც იღებდა. მაგიდაზე ჯამი ედგა, რომელშიც, ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენ ფულს ტოვებდა გასამრჯელოდ, ხოლო ვისაც სჭირდებოდა, იღებდა. ბევრ მძიმე პაციენტს ალექსანდრე თვეობით უფასოდ მკურნალობდა. ბავშვთა განყოფილება იმ დროს არ არსებობდა, ამიტომ ავადმყოფ ბავშვებს შატილოვები თავისთან იტოვებდნენ და უვლიდნენ.

ასეთ ოჯახში იზრდებოდა ტატიანა. “დედამ მწიგნობრობა შემაყვარა, მამამ ბუნება, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო გამაცნო”, – იხსენებდა მოგვიანებით. გოგონა, რომელიც მამასთან ერთად აკვირდებოდა ვარსკვლავებს, კარგა ხანს ასტრონომობაზე ოცნებობდა. მაგრამ საბოლოოდ, უფროსი დის, ქეთევანის მსგავსად, მამის გზა აირჩია.

გერმანული სკოლის დამთავრების შემდეგ ტატიანამ თსსუ-ში შეისწავლა მედიცინა და თვალის სნეულებათა კათედრაზე დაიწყო მუშაობა. მამისავე რჩევით, საქართველოში ანატომიის ფუძემდებლის ვლადიმერ ჟღენტის მოწაფე გახდა და პათოლოგიურ ანატომიაში დახელოვნდა, რაც ძალიან გამოადგა მოსკოვში, ჰელმჰოლცის სახელობის თვალის კლინიკაში, სადაც პროფესორ ელენე ლევკოევასთან ჰისტომორფოლოგიას სწავლობდა. ამ ცოდნით შეიარაღებული დაბრუნდა ტატიანა შატილოვა თბილისში და მორფოლოგიური ლაბორატორია და ტუბერკულოზური კაბინეტი დააარსა.

ომი და მშვიდობა

1937 წლის რეპრესიები ტატიანას დის, ელენეს ოჯახსაც შეეხო. სიძე გადაასახლეს და დახვრიტეს, ელენე დააპატიმრეს. მათი 6 წლის გოგონა, ირინა, უპატრონოდ დარჩა. ზინაიდამ შვილიშვილს საკუთარი ფეხით ჩააკითხა მოსკოვში და წამოიყვანა. თავის დაზღვევის მიზნით ირინა ტატიანამ იშვილა.

შატილოვების ოჯახში რამდენიმე თაობა ცხოვრობდა: ალექსანდრე და ზინაიდა, ტატიანა და მისი მეუღლე, სერგეი ნუნუიანი, თბილისის საავიაციო ქარხნის ინჟინერი, და ირინა, რომელიც გათხოვებამდე მათთან დარჩა და დღესაც ტკბილად იხსენებს ბებია-ბაბუასა და დეიდა-დედობილთან გატარებულ წლებს.

ამასობაში მეორე მსოფლიო ომიც დაიწყო. ექიმები ფრონტს დასჭირდა. ტატიანა ომის დაწყებისთანავე თბილისში, საბჭოს ქუჩაზე მდებარე გარნიზონის პოლიკლინიკაში გაანაწილეს. სწორედ იქ გაიცნო სიმონიკა ფხაკაძე, მეან-გინეკოლოგი, რომელთანაც ოცი წლის შემდეგ მეორე ოჯახი შექმნა.

1944 წელს ტატიანას ნაწლავების გადახლართვა დაემართა და საკმაოდ რთული ოპერაცის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

– ცოტა რომ მომჯობინებულიყო, მანგლისში წავედით. ნაცნობმა წაგვიყვანა სატვირთო მანქანით და ისე ნელა მიდიოდა, დაღამებულზე ძლივს ჩავაღწიეთ, – იხსენებს ქალბატონი ირინა.

ტატიანა კვლავ თსსუ-ს თვალის სნეულებათა კათედრას და შეროზიას ქუჩაზე მდებარე თვალის კლინიკას დაუბრუნდა. მალე საკანდიდატო დისერტაციაც დაიცვა იმ დროისთვის ძალიან აქტუალურ თემაზე – თვალის ტუბერკულოზური დაავადების ანატუბერკულინით მკურნალობაზე.

რიაზანში

1949 წელს ალექსანდრე შატილოვი გარდაიცვალა. ტატიანას უკვე მთელ საბჭოთა კავშირში იცნობდნენ. 1953 წელს საბჭოთა კავშირის მთავარმა ოფთალმოლოგმა ალექსანდრ სავაიტოვმა მას რიაზანში, მოსკოვიდან ორასიოდე კილომეტრზე, პავლოვის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში, თვალის სნეულებათა კათედრის გამგის ადგილი შესთავაზა. ტატიანამ მიიღო წინადადება და ქმარ-შვილთან ერთად (ნატალია უკვე ათი წლის ჰყავდათ) რიაზანში გადავიდა საცხოვრებლად. დაქვრივებულ ზინაიდასთან ოჯახის მეგობარი, ალექსანდრეს ყოფილი პაციენტი, ფსიქოლოგი აპოლონ შეროზია დასახლდა და შვილივით უვლიდა.

რიაზანში გატარებული პირველი წლები იოლი არ ყოფილა – უცნობ ადგილას, უცნობ ადამიანებთან ერთად, ტატიანას უამრავი საქმე ჰქონდა გასაკეთებელი. შვიდი წელი მუხლჩაუხრელად შრომობდა – ფაქტობრივად მან ჩამოაყალიბა თვალის სნეულებათა კათედრა, მოამზადა კადრები, ხელმძღვანელობდა დისერტაციებს, დააარსა ოფთალმოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება. დისერტაციაც იქვე დაასრულა – თვალის სისხლძარღვებისა და ნერვების ცვლილებათა მნიშვნელობაზე გლაუკომის პათოგენეზში. ტატიანას დღესაც რიაზანში ოფთალმოლოგიის ფუძემდებლად იხსენიებენ.

ქართული ოფთალმოლოგიის დედუფალი

1960 წელს ტატიანა, უკვე პროფესორის სტატუსით, თსსუ-ს თვალის სნეულებათა კათედრაზე მიიწვიეს. თბილისში დაბრუნებიდან ერთ კვირაში  მოულოდნელად გარდაეცვალა მეუღლე – როგორც ჩანს, მოსკოვში გადატანილმა გულის ოპერაციამ მისი ავადმყოფობა ბოლომდე ვერ აღმოფხვრა.

1964 წელს, თვალის სნეულებათა კათედრის გამგის, პროფესორ ივანე სიხარულიძის გარდაცვალების შემდეგ, მისი ადგილი ტატიანამ დაიკავა. მან ოფთალმოლოგების მთელი თაობა აღზარდა და ას ორმოცამდე სამეცნიერო ნაშრომი შექმნა.

ტატიანა შატილოვას მეტად მრავალმხრივი სამეცნიერო ინტერესები ჰქონდა. მაგალითად, შეისწავლა თვალის ცილიარული სხეულის ნერვული აპარატი,  თვალის სისხლძარღვების მორფოლოგია, გამოიგონა კვლევის ახალი მეთოდი – ელექტროცილიოგრაფია, პირველმა განაცხადა, რომ გლაუკომა სისხლძარღვების პათოლოგიაა, შეისწავლა თვალის თრომბოზები, ბადურას დისტროფიები... განსაკუთრებით აინტერესებდა თვალის ასაკობრივი ცვლილებები, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ არა მხოლოდ ოფთალმოლოგთა, არამედ გერონტოლოგთა ყრილობებსა და კონფერენციებში. დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მოხუცებულობითი შორსმხედველობის პრევენციას. ამისთვის რეკომენდაციას უწევდა თვალის ვარჯიშებს.

ტატიანას დამსახურებით საქართველო ერთ-ერთი პიონერი გახდა თვალის მიკროქირურგიული ოპერაციების დარგში. საგრძნობლად გაფართოვდა ოფთალმოქირურგიული ოპერაციების დიაპაზონი. ტატიანა შატილოვამ დანერგა ენუკლეაციის შემდგომი და საცრემლე არხის კორუნდის კერამიკული ენდოპროთეზები, ემბრიონული სკლერის გადანერგვა ბადურას ზოგიერთი დაავადების დროს, ლიმბოტომია მიოპიის საკორექციოდ, ლოყის ლორწოვანის გადანერგვა თვალის დამწვრობისას, შეიმუშავა გლაუკომის ოპერაციული მკურნალობის ახალი მეთოდი – მუსკულენკლეიზისი... ორ უკანასკნელ ოპერაციაზე საავტორო უფლებაც ჰქონდა მიღებული. მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოში კერატოპლასტიკას, პირველმა გადანერგა რქოვანა.

ერთ ამერიკელ მეზღვაურს ტატიანამ ჩამოცლილი ბადურა აღუდგინა.  ეს ამბავი საბჭოთა ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე მოხვდა. ტატიანა შატილოვას მიერ ჩატარებული ემბრიონული ქსოვილის გადანერგვის შესახებ ხმამ ევროპამდეც მიაღწია. ტატიანას ჯერ იტალიელებმა ჩამოაკითხეს ოპერაციისთვის, 1990 წელს კი თვითონვე მიიწვიეს იტალიაში.

ტატიანა შატილოვა წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილისის ოფთალმოლოგთა საზოგადოებას, იყო სხვა საზოგადოებების და ნიუ-იორკის სამედიცინო აკადემიის წევრიც. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, შრომის წითელი დროშის ორდენი, სამამულო ომის მეორე ხარისხის ორდენი და სხვა. 2002 წელს აშშ-ის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა წლის ადამიანების სიაშიც შეიყვანა და წლის ქალად დაასახელა.

–  ერთხელ უცხოეთში მოღვაწე ქართველ მეცნიერზე სევერიან ბუაძეზე სტატია გამოვაქვეყნე. ტატიანას მეუღლემ, სიმონ ფხაკაძემ, რომ წაიკითხა ეს სტატია, გაახსენდა სევერიანი, რომელსაც ქუთაისში მის მეზობლად უცხოვრია. შემდეგ სიმონიკას დახმარებით ბევრი რამ გახდა ცნობილი სევერიანზე. მოგვიანებით, როდესაც ინფექციონისტ ეთერ ბოცვაძეს მივუძღვენი სტატია სათაურით “ქართული ინფექციონისტების დედუფალი”, ტატიანამ მითხრა, გეტყობათ, ძველი ქართული კარგად იცითო, – იხსენებს ხუტა პაჭკორია, – ძალიან მოეწონა, ეს სიტყვა რომ გამოვიყენე და, ვფიქრობ, თვითონაც იმსახურებს, ქართული ოფთალმოლოგიის დედუფალი ვუწოდოთ.

კოლეგების თვალით

ირინა თოდუა, მედიცინის დოქტორი, ექიმი ოფთალმოლოგი:

–  ტატიანას იდეები ლამის ნახევარი საუკუნით უსწრებდა დროს. ჩვენც, მისი მოწაფეებიც, სიხარულით ვასხამდით ხორცს მის იდეებს. საერთაშორისო კონფერენციებზე ჩვენი კათედრის შრომებს განსაკუთრებით ელოდნენ ხოლმე. თუ ტატიანას უნდა წაეკითხა მოხსენება, იმავე თემით სხვა აღარ გამოვიდოდა.

1976 წელს ტატიანასთან ერთად ვიყავი ოდესაში, ოფთალმოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე. ფილატოვის ინსტიტუტის თანამშრომელმა თაფლის კონსერვანტად გამოყენებაზე ილაპარაკა. ცოტა ხნის წინ პატენტი მიეღოთ და გახარებული იყო. ტატიანამ გულდაწყვეტით მითხრა, აი, რას ნიშნავს, რომ ჩვენი ყველა ნაშრომი არ იბეჭდებაო, მოხსენების შემდეგ კი ტრიბუნაზე ავიდა და გამოაცხადა, ჩვენ თაფლის კონსერვანტად გამოყენების ოცწლიანი გამოცდილება გვაქვსო. შედეგებიც გააცნო დაინტერესებულ აუდიტორიას.

უამრავი გამოგონება ჰქონდა. ბევრი მათგანი, ქვეყანა რომ აირია, განაცხადად დარჩა და დაპატენტება ვეღარ მოუხერხდა: ლიმბოტომია, კორუნდის კერამიკის ენდოპროთეზები, თვალის მექანიკური მრავალფუნქციური მასაჟორი. საკითხის დეტალური შესწავლის გარეშე არაფერს აკეთებდა. ყველა კითხვაზე აკადემიური, ჩამოყალიბებული პასუხი ჰქონდა.

მისი ნაშრომების დიდი ნაწილი პროფილაქტიკას, ადრეულ დიაგნოსტიკას და თვალის ფუნქციის შენარჩუნებას ეძღვნებოდა. ამის მაგალითია პრესბიოპიის ვარჯშები, რომლებიც ჩვენ ჯერ კიდევ 80-იან წლებში დავიწყეთ.

მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეებთან საკმაოდ მკაცრი იყო, ყველას ძალიან გვიყვარდა. პაციენტის ისტორიის შევსების უფლება მანამდე არ მომცა, სანამ თვეში ერთხელ თითო თავობით მთელი სახელმძღვანელო არ ჩავაბარე. პირველი ისტორია რუსულად შევავსე, რადგან რუსული სკოლა მქონდა დამთავრებული და ამ ენაზე წერა უფრო მეხერხებოდა. კაბინეტში დამიბარა (ასე იცოდა – სხვების თანდასწრებით არ მოგცემდა შენიშვნას): მე შატილოვა ვარ და ქართულად ვწერ ყველაფერს, შენ კი თოდუა ხარ და რუსულად წერო?! ეს იყო ერთადერთი შენიშვნა, რომელიც კი მისგან მიმიღია.

ნინო თავბერიძე, მედიცინის დოქტორი, ექიმი ოფთალმოლოგი:

– ვიდრე ასპირანტურაში ჩავაბარებდი, ტატიანა ალექსანდროვნამ დამიბარა და მითხრა: ხომ იცი, ოჯახის მოვლა ადვილი არ არის, ექიმობა გაცილებით რთულია, მაგრამ კიდევ უფრო რთულია მეცნიერება; შენი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ აწონ-დაწონეო.

ბევრს ზრუნავდა ახალგაზრდებზე. თეორიულადაც გვწვრთნიდა და პრაქტიკულ რჩევებსაც გვაძლევდა. მისი ხელმძღვანელობით ჩამოვყალიბდი პრაქტიკოს ექიმად. პირველი ოპერაციაც მან გამაკეთებინა. ხომ კარგი პედაგოგი, დიდი მეცნიერი, ბრწყინვალე გამოგონებების ავტორი იყო, მაგრამ კლინიცისტი – კიდევ უფრო უკეთესი. მთელ საბჭოთა კავშირში, ყველა წამყვან კლინიკაში დიდად აფასებდნენ. ბევრ ოფთალმოლოგთან მეგობრობდა. ბევრ უცხოელ კოლეგასთანაც ჰქონდა ურთიერთობა.

დაუღალავი იყო, ახალგაზრდული შემართებისა. სამედიცინო უნივერსიტეტში არსებობდა ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭო, რომელსაც ამირან გამყრელიძე ხელმძღვანელობდა. მე ამ საბჭოს მდივანი გახლდით. ბაკურიანში ყოველწლიურად ვმართავდით კონფერენციებს, რომლებზეც ახალგაზრდა ექიმები გამოდიოდნენ. ცნობილი მეცნიერების დასწრება ჩვენთვის დიდი პატივი იყო. ერთხელ ტატიანა მივიწვიე. შეუძლოდ გრძნობდა თავს, მაგრამ დამთანხმდა. გზაში ბევრი კურიოზი გადაგვხდა. ერთგან მანქანაც გაგვიჩერდა და ჩვენთან ერთად ტატიანაც აწვებოდა ჩვენს ოთხთვალას.

ძალიან მეგობრული იყო. ოჯახიც ასეთი ჰქონდა. მისი მეუღლე კ. ჩაჩავას სახელობის მეანობა-გინეკოლოგიის ინსტიტუტში ქირურგიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ტატიანას ყოველმხრივ უწყობდა ხელს. ცოლ-ქმარი თავისუფალ დროს უმეტესად ერთად ატარებდა.

1990-იან წლებში, ცხოვრება რომ გაჭირდა, ოფთალმოლოგთა საზოგადოების  ხელმძღვანელი, მერაბ დვალი, რითაც შეეძლო, ეხმარებოდა ოფთალმოლოგებს, მათ შორის ტატიანასაც. 2013 წელს ბატონი მერაბის თაოსნობით თსსუ-მ ტატიანა შატილოვას დაბადების მე-100 წლისთავი აღნიშნა და რეზიდენტებისთვის მისი სახელობის ყოველწლიური სტიპენდია დააწესა.

ქეთევან ტყებუჩავა, მედიცინის დოქტორი, ექიმი ოფთალმოლოგი:

– ქალბატონი ტატიანა განსაკუთრებული პედაგოგი გახლდათ. ახალგაზრდა ექიმებისთვის დიდი სკოლა იყო ოთხშაბათის შემოვლები –  ტატიანა სინჯავდა განყოფილების ყველა პაციენტს, ესაუბრებოდა მათ მკურნალ ექიმებს.  შემოვლის შემდეგ მისი შენიშვნების ძალიან გვეშინოდა.

ბოლო ხანს ხშირად იწონებენ თავს უნიკალური ოპერაციებით. მოწაფეებს გვახსოვს, რა ვირტუოზულად ატარებდა ქალბატონი ტატიანა მართლაც უნიკალურ ოპერაციებს, რომლებიც ახლაც კი, ტექნიკური მიღწევების ეპოქაში, ძალიან რთულად მიიჩნევა.

დღეს ღეროვანი უჯრედების ბუმია, 1964 წელს კი ამიერკავკასიის ოფთალმოლოგთა ყრილობის ჟურნალში დაიბეჭდა სტატია ტატიანას მიერ დანერგილ მეთოდზე – ქსოვილოვან თერაპიაზე, თვალში ემბრიონული ქსოვილის ჩანერგვაზე, რომელიც თვალის კვებას უზრუნველყოფდა. ეს ძალიან შედეგიანი მეთოდი გახლდათ, მაგალითად, გართულებული ახლომხედველობის და ბადურას პიგმენტური დეგენერაციის დროს.

უამრავი ნოვაციის ავტორი გახლდათ. ვატარებდით ექსპერიმენტებს ბოცვრებსა და თაგვებზე, შედეგებს კლინიკურ პრაქტიკაში ვნერგავდით. თუმცა სამეცნიერო დასკვნის გამოტანას არ ჩქარობდა, თვეობით, წლობით აკვირდებოდა შედეგებს და მერეღა დებდა.

ტატიანა შატილოვამ დანერგა მელიტირებული (თაფლში შენახული) სკლერის გადანერგვაც – ამ მეთოდით სკლერა 6-12 თვეც კი ინახებოდა.

იმ პერიოდში დიაგნოსტიკა ძალიან რთული იყო. ტატიანა ზოგჯერ საათობით იკვლევდა პაციენტს, რომ პათოლოგიის კერა ეპოვა და დიაგნოზი დაესვა. ბევრჯერ ერთი შეხედვით გადაურჩენელი თვალიც გადაურჩენია. ერთხელ 9 წლის ბავშვი მიუყვანეს – თავით დიდ მინას დასჯახებოდა და ნამსხვრევი თვალში ჰქონდა ჩარჩენილი. მინის სოლი ბლანტ სითხეში – თვალის მინისებურ სხეულში –დაცურავდა. ამოღება თითქმის წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ რომ არ ამოგეღო, ბავშვი თვალს დაკარგავდა. რომ ვერაფერი გააწყო, ტატიანამ საოპერაციო მაგიდა გადმოგვაყირავებინა. ბავშვი პირქვე დაეკიდა და  მინის ნამსხვრევი საკუთარმა სიმძიმემ ქვემოთ ჩამოიტანა. ქალბატონი ტატიანა მუხლებზე დადგა და ასე ამოუღო მინა. მეტად ასეთი რამ არც მინახავს და არც გამიგონია.

მასთან ურთიერთობა არ იყო ადვილი. ძალიან მომთხოვნი გახლდათ როგორც საკუთარი თავის, ისე კოლეგებისა და მოსწავლეების მიმართ. მისი შიში, რიდი და დიდი სიყვარული გვქონდა. ალბათ ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ყველა დისერტაციას თავიდან ბოლომდე გულდასმით კითხულობდა და აანალიზებდა.

პირად ურთიერთობაში კი ძალიან თბილი, რბილი და სასიამოვნო გახლდათ. კოლეგებისა და მოწაფეების პირადი ცხოვრებაც აინტერესებდა, კარგი რჩევების მოცემაც იცოდა... თავყრილობებზე ჩვენი ტოლი ხდებოდა, ჩვენთან ერთად ილხენდა.

ძალიან უყვარდა ცხოველები. ვინ მოთვლის, რამდენი ძაღლისთვის გაუკეთებია კატარაქტის ოპერაცია. გამორიცხული იყო, ვინმესთვის დახმარებაზე უარი ეთქვა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტშიც ხშირად დავდიოდით ოპერაციების ჩასატარებლად.

ბებია

– თბილი, მეგობრული ოჯახი გვქონდა, – იხსენებს თინათინ შატილოვა, – ბაბუს, სიმონიკა ფხაკაძეს, პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ვაჟი, გოგი. ყველა ერთად ვცხოვრობდით. ბებია და ბაბუა სამზარეულოს არ გვაკარებდნენ. ორივე არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებდა. ბებიას ხშირად დავყავდი სამსახურში, მაგრამ მაფრთხილებდა, ექიმობა მძიმე შრომააო... არც მე მიფიქრია, მედიცინას გავყოლოდი. ყურადღებიანი, მოსიყვარულე იყო, მაგრამ როცა საქმე სწავლას ეხებოდა – მკაცრი და მომთხოვნი. ძალიან უყვარდა ბუნებაში სეირნობა. უამრავი ადგილი მოგვივლია ერთად. უყვარდა სტუმრები, თვითონაც უკრავდა ფორტეპიანოზე და თუ იცოდა, რომ სტუმარიც უკრავდა, ისე არ გაუშვებდა, რამის დაკვრა არ ეთხოვა.

ბებია 2006 წელს, 93 წლისა გარდაიცვალა. უკანასკნელ დღემდე მუშაობდა, სწავლობდა, კითხულობდა, წერდა...

 მარი აშუღაშვილი

გააზიარე: