როგორ დავძლიოთ შაქარზე დამოკიდებულება
გააზიარე:
შაქარი არ არის პირველი, რაც მოგაგონდებათ, როდესაც მავნე ნივთიერებებზე დამოკიდებულებას ახსენებენ, თუმცა მეცნიერები აღიარებენ, რომ შაქარზე დამოკიდებულება ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე არანაკლებ საშიში ფენომენია.
შაქარი დაბალმოლეკულური, მარტივი ნახშირწყლების ტიპია. ის ბუნებრივად შედის ხილის, ბოსტნეულის, რძის ნაწარმის შემადგენლობაში, ზოგიერთ მზა პროდუქტს კი მწარმოებლები შაქარს ხელოვნურად ამატებენ. სწორედ ეს დამატებული ანუ თავისუფალი შაქარია ჯანმრთელობისთვის საზიანო. ის ზედმეტი კალორიების წყაროა, კვებით ღირებულებას კი საკვებს ვერ სძენს, ვერ უზრუნველყოფს ორგანიზმს იმ ნივთიერებებით, რომლებიც მისი სრულყოფილი ფუნქციობისთვის არის საჭირო.
რითია საშიში შაქარზე დამოკიდებულება
შაქრიან საკვებზე და სასმელზე ემოციური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება შაქარზე დამოკიდებულების სახელწოდებით არის ცნობილი.
რატომ ახასიათებს შაქარს მიჩვევა? თუ, მაგალითად, შოკოლადის ფილას შეჭამთ, მასში შემავალი მარტივი ნახშირწყლები სწრაფად გარდაიქმნება გლუკოზად, რაც სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრ მომატებას გამოიწვევს. პანკრეასის ჰორმონ ინსულინის დახმარებით გლუკოზა სისხლიდან უჯრედებში გადავა, რასაც სისხლში მისი დონის დაწევა მოჰყვება. როდესაც გლუკოზა იწევს, ადამიანს ისევ უნდება ტკბილეული. ამგვარად, იკვრება ერთგვარი მანკიერი წრე.
მარტივი ნახშირწყლები ხილში, ბოსტნეულსა და რძის ნაწარმშიც მოიპოვება, თუმცა ისინი ბოჭკოსა და ცილასაც შეიცავენ, რაც გლუკოზის დონის აწევას აფერხებს, ტკბილეული კი – არა. ბევრი პროდუქტი – მაგალითად, თეთრი ბრინჯი და თეთრი ფქვილის ნაწარმი – შეიცავს რთულ ნახშირწყლებს, რომლებსაც ორგანიზმი მარტივ ნახშირწყლებამდე შლის – მათაც შეუძლიათ, სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრი ცვალებადობა გამოიწვიონ. არანაკლებ მავნეა მაღალრაფინირებული პროდუქტები – თეთრი პური, კრეკერები, მაკარონი.
როგორ ვითარდება
შაქრის მიღება ორგანიზმში ქმნის ხანმოკლე პიკს და იწვევს ენერგიის მოზღვავებას. დოფამინის დონის მომატება ამაღლებულ განწყობას აღძრავს, ენდორფინებისა კი სხვა ქიმიურ ნაერთებთან შეკავშირების შემდეგ ადამიანს მხნეობას მატებს. როცა ადამიანი ამ კავშირს აღმოაჩენს, ის შესაძლოა უნებლიეთ შაქარზე გახდეს დამოკიდებული, იქამდეც კი, რომ ემოციური სტრესის დროს შაქარი იყოს მისი ერთადერთი მხსნელი.
შაქარზე დამოკიდებულება, სხვა მავნე დამოკიდებულებებისგან განსხვავებით, ადვილი ამოსაცნობია. მისი მთავარი ნიშანია ტკბილეულისკენ ძლიერი ლტოლვა. შაქარზე დამოკიდებულება, ბუნებრივია, იწვევს წონის მატებას, რაც უარყოფითად აისახება თვითშეფასებაზე, თვითშეფასების დაქვეითება, უმწეობა და სასოწარკვეთილება კი, თავის მხრივ, უფრო მეტი შაქრის მოხმარებისკენ უბიძგებს ადამიანს.
შაქარზე დამოკიდებულების განსაკუთრებით შემაშფოთებელი ასპექტია ზედმეტის ჭამა, რის გამოც ადამიანს საკუთარი თავის მიმართ დანაშაულის შეგრძნება და ზოგჯერ ზიზღიც კი ეუფლება.
შაქარზე დამოკიდებულება და შფოთვა
შფოთვას და შაქრის მოთხოვნილებას ერთმანეთთან პირდაპირი კავშირი აქვს. კვებითი პათოლოგიები, მათ შორის – ზედმეტის ჭამა და ანორექსია, სწორედ ამ მიზეზების გამო ვითარდება. ადამიანები, რომლებიც ასეთი პათოლოგიებით იტანჯებიან, ხშირად ფსიქოლოგიურ და ემოციურ პრობლემებს ებრძვიან. სტრესული კვება შფოთვასა და კვებით პათოლოგიებს შორის კავშირის გავრცელებული მაგალითია და შაქრის მოხმარებაც ხშირად სტრესულ კვებასთან ასოცირდება. შფოთვა იწვევს სტრესის ჰორმონ კორტიზოლის გამოყოფას, რაც ზოგიერთს საკვების გაძლიერებულ მოთხოვნილებას აღუძრავს, ზოგს კი პირიქით. შაქრით მდიდარი პროდუქტების მიღებას საბოლოოდ, როგორც წესი, წონის მატებამდე მივყავართ და მიუხედავად იმისა, რომ შაქარი თავის ტვინში სეროტონინის დონის მატებასთან და, შესაბამისად, სიხარულის განცდასთანაც ასოცირდება, მას შეუძლია ასწიოს შფოთვის ხარისხი, როგორც კი შაქრის დონე დაიწევს და დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება მოიმატებს.
უნდა ვიცოდეთ, რომ საკვები მხოლოდ მცირე ხნით ამსუბუქებს ემოციურ დაძაბულობას. ემოციურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებთან მებრძოლ ადამიანს პროფესიული თერაპია სჭირდება.
შაქარზე დამოკიდებულება და ალკოჰოლიზმი
არსებობს გენეტიკური კავშირი, რომლის დროსაც ალკოჰოლდამოკიდებული მშობლების შვილებს შაქარზე დამოკიდებულება უვითარდებათ. ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შაქარი თავის ტვინში დოფამინის იმავე რეცეპტორებზე მოქმედებს, რომლებზეც ალკოჰოლდამოკიდებულებში – ალკოჰოლი. ეს ტკბილეულზე დამოკიდებულ ადამიანებს ალკოჰოლის მოხმარებისკენ უბიძგებს, ალკოჰოლდამოკიდებული პირები კი, თავის მხრივ, უფრო მეტად ეტანებიან ტკბილეულს. თუ მშობლები ჭარბად მოიხმარენ ალკოჰოლს და შაქარს, მათ შვილებს ორივენაირი დამოკიდებულებისადმი განწყობა გადაეცემათ.
როგორ ვებრძოლოთ შაქარზე დამოკიდებულებას
რაციონიდან შაქრის ერთბაშად ამოღებამ შესაძლოა მოხსნის სინდრომი გამოიწვიოს: მოუსვენრობა, უგუნებობა, მოთენთილობა, უძლურება. თუმცა ამ ტიპის დიეტების არსი ორგანიზმის შაქრისგან გაწმენდაა. რაციონიდან იღებენ ყველაფერს, რაც შაქარს შეიცავს, მათ შორის – ხილს, რძეს და რაფინირებული ფქვილის ნაწარმს. ასეთი რაციონის დიდხანს შენარჩუნება ძნელია, გარკვეული ხნის შემდეგ ადამიანები ადრინდელ კვებით ჩვევებს უბრუნდებიან, რათა მათ ტვინში კვლავ გამოიყოს სპეციფიკური ქიმიური ნაერთები.
გაცილებით უკეთესი ალტერნატივაა, მოხდეს ერთგვარი გაცვლა უსარგებლო ტკბილეულისა ბუნებრივ და ჯანსაღ პროდუქტებზე. ცვლილების დასაწყებად ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გააანალიზოს, რომ შაქარზეა დამოკიდებული. ამ დამოკიდებულების დასაძლევად კი სპეციალისტები შემდეგ რეკომენდაციებს გვთავაზობენ:
* ხელახლა გავწვრთნათ გემოვნების რეცეპტორები. ამისთვის საკმარისია, რაციონიდან ყოველ კვირა თითო ტკბილი პროდუქტი ამოვიღოთ. მაგალითად, სადილს აღარ დავაყოლოთ დესერტი, ჩაისა თუ ყავაში ნაკლები შაქარი ჩავიყაროთ. დროთა განმავლობაში ტკბილზე მოთხოვნილება დაიკლებს.
* ტკბილზე უარი არ ვთქვათ, მაგრამ მივიღოთ ის სხვა წყაროებიდან. მაგალითად, მივირთვათ ცოცხალი კენკრა, ფაფა შაქრის ნაცვლად ხილით ან ჩირით შევკაზმოთ, ვსვათ ნაკლებცხიმიანი რძე.
* ნელი ნაბიჯით ვიაროთ მიზნისკენ: კვების რაციონში ნელ-ნელა გავზარდოთ ხილისა და ბოსტნეულის წილი; მივეჩვიოთ მეტი წყლის სმას; მივეჩვიოთ მზა საკვების ეტიკეტზე მითითებული შემადგენლობის შემოწმებას. მცირე და მარტივი ცვლილებები უფრო ადვილი განსახორციებელელია. რამდენიმე კვირაში კი შედეგს თავადაც შეამჩნევთ.
* შაქრისადმი ლტოლვის შესუსტებაში ცილა დავიხმაროთ. ცილოვანი საკვების (ხორცი, კვერცხი, პარკოსნები, თხილეული) მონელებას ორგანიზმი მეტ დროს ანდომებს და დანაყრების შეგრძნებაც ხანგრძლივია. ცილა, რაფინირებული ნახშირწყლებისა და შაქრისგან განსხვავებით, სისხლში გლუკოზის დონის მკვეთრ მატებას არ იწვევს.
* ჩავრთოთ რაციონში ბოჭკოვანი პროდუქტები: ხილი, ბოსტნეული, მსხვილი ბურღული. უფრო მალეც დავნაყრდებით და თავსაც უფრო ენერგიულად ვიგრძნობთ.
* ვერიდოთ არა მხოლოდ ხელოვნურ დამატკბობლებს, რომლებიც ზოგჯერ ზრდის კიდეც შაქრის მოთხოვნილებას, არამედ ე.წ. “ჯანსაღ დამატკბობლებსაც” – ყავისფერ შაქარს, შაქრის ლერწმის წვენს, თაფლს. მართალია, თაფლი უფრო მდიდარია საკვები ნივთიერებებით, მაგრამ მასში შემავალი შაქარიც ისევე იწვევს სისხლში გლუკოზის დონის მატებას, როგორც ჩვეულებრივი.
* ვივარჯიშოთ. ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესი კვების რეჟიმზეც მოქმედებს. ადამიანი თავს უკეთესად გრძნობს და უფრო მეტადაა მოტივირებული, ჯანსაღი პროდუქტი მიირთვას.
* აქტიური ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად ველოსიპედით სეირნობა, ცურვა და უბრალო სიარულიც კი საკმარისია. გვირჩევენ, მისი ხანგრძლივობა ნელ-ნელა კვირაში 150 წუთამდე გავზარდოთ.
მარიამ რამაზაშვილი