კენჭები სხეულში

გააზიარე:

თირკმელებსა და ნაღვლის ბუშტში კენჭები იმდენად გავრცელებულია, მათი არსებობა აღარავის უკვირს, მაგრამ მყარი წარმონაქმნები მხოლოდ საშარდე და სანაღვლე ორგანოებში როდი ჩნდება – ნაცნობი თუ უცნობი მიზეზების წყალობით ისინი შესაძლოა სხვა ადგილებშიც წარმოიქმნას.

მოდი, ვნახოთ, სად რა აჩენს კენჭებს და როგორ ავიცილოთ თავიდან მათი წარმოქმნა.

კენჭები თირკმელებში

ქვები შარდის ბუშტში

საუნჯე ნაღვლის ბუშტში

ქვები პანკრეასში

სხეულის სხვა ნაწილებში

 * * *

კენჭები თირკმელებში

საშარდე სისტემაში კენჭების არსებობას ნეფროლითიაზს ან უროლითიაზს უწოდებენ. კენჭები შესაძლოა იყოს თირკმელებში, შარდსაწვეთში, შარდის ბუშტში. მაგრამ საგანგაშო არაფერია – თუ ჯანმრთელობას დროულად მივხედეთ, ეს წარმონაქმნები სერიოზულ გართულებას არ გამოიწვევს.

თირკმელებში კენჭები უამრავ ადამიანს უჩნდება. მაგალითად, აშშ–ში ასიდან თერთმეტ მამაკაცს და ექვს ქალს სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონია კენჭოვანი დაავადება. კენჭები ერთ ან ორივე თირკმელში ჩნდება და ზომითა და ფორმით განსხვავდება ერთმანეთისგან: შეიძლება იყოს ქვიშის მარცვლისოდენა, ბარდის მარცვლისოდენა, იშვიათად – გოლფის ბურთისოდენაც, გლუვი ან უსწორმასწორო, ყვითელი ან ყავისფერი.

თირკმლის პატარა კენჭმა შესაძლოა შეუფერხებლად, ტკივილის გარეშე ან მცირე ტკივილის თანხლებით გაიაროს საშარდე გზებში, დიდი კი შესაძლოა გაიჭედოს და შარდის დინება შეაფერხოს. კენჭის გაჭედვა ძლიერ ტკივილს და სისხლდენას იწვევს. ამ დროს დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რათა კენჭის გამოდევნაში დაგეხმაროთ და საშარდე გზების ინფექცია თავიდან აგაცილოთ.

შემადგენლობის მიხედვით

კენჭების მკურნალობა მათ ზომაზე, ადგილმდებარეობასა და შემადგენლობაზეა დამოკიდებული, ამიტომ პაციენტის გამოკვლევისას ყველა ამ პარამეტრს ადგენენ.

შემადგენლობის მიხედვით კენჭების მხოლოდ ოთხი ტიპი არსებობს:

* ყველაზე მეტად კალციუმის კენჭებია გავრცელებული, უმთავრესად – კალციუმის ოქსალატისა (არსებობს კალციუმის ფოსფატის კენჭებიც). საკვებიდან მიღებული კალციუმი არ ზრდის კენჭების წარმოქმნის რისკს – მისი ჭარბი მიღებისას ძვლებისა და კუნთების მიერ გამოუყენებელი ნაწილი თირკმელებში ხვდება და იქიდან შარდთან ერთად გამოიდევნება. კენჭები მხოლოდ მაშინ წარმოიქმნება, როცა თირკმელებიდან კალციუმის გამოდევნა ფერხდება და ის შარდში არსებულ სხვა ნარჩენ პროდუქტებს უერთდება.

* შარდმჟავას კენჭები შესაძლოა ჩამოყალიბდეს, როცა შარდში მეტისმეტად ბევრი შარდმჟავაა. ასეთი რამ მოსალოდნელია თევზის, მოლუსკების, ხორცის, განსაკუთრებით – შიგნეულის, დიდი რაოდენობით ჭამისას.

* სტრუვიტული ანუ ინფექციური კენჭები საშარდე გზების ინფექციის დროს წარმოიქმნება – მოულოდნელად, თვალსა და ხელს შუა ჩნდება და საკმაოდ დიდ ზომებსაც აღწევს.

* ცისტინის კენჭები ცისტინურიის შედეგია. ეს არის გენეტიკური დაავადება, რომლის დროსაც ამინმჟავა ცისტინი თირკმელებში ვერ უკუშეიწოვება და შარდთან ერთად ტოვებს ორგანიზმს.

მაინც რა იწვევს

თირკმელებში კენჭების წარმოქმნის უშუალო მიზეზი შარდში განსაზღვრული მინერალების – კალციუმის, ოქსალატისა და ფოსფორის – მაღალი შემცველობაა. მცირე რაოდენობით ეს მინერალები ყოველთვის არის შარდში და პრობლემებს არ იწვევს, მაგრამ თუ ადამიანს კენჭების წარმოქმნის რისკის ფაქტორიც აქვს და მათი ჩამოყალიბებს ხელშემწყობ საკვებსაც ხშირად ჭამს, იმატებს შარდში ამ მინერალების შემცველობა, შესაბამისად, კენჭების წარმოქმნის რისკიც.

ვის ემუქრება

კენჭების გაჩენის ალბათობა შედარებით მეტი აქვთ მამაკაცებს, აგრეთვე – კენჭოვანი დაავადების ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანებს ანუ მათ, ვის მშობლებს, და–ძმას ან სხვა ახლო ნათესავებსაც კენჭები ჰქონიათ. და კიდევ: თუ ადამიანს ერთხელ მაინც ჰქონია კენჭი, უმეტესად მეორედაც უჩნდება.

კენჭოვანი დაავადების განვითარების ალბათობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცხოვრების წესიც: კენჭები გაცილებით ხშირად უჩნდებათ იმ ადამიანებს, რომლებიც საკმარისი რაოდენობის სითხეს არ იღებენ.

რისკის ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება:

* ამა თუ იმ მიზეზით საშარდე გზების დახშობა (ობსტრუქცია);

* ქრონიკული ან გახანგრძლივებული ანთებითი პროცესი ნაწლავებში;

* თირკმლის ცისტური დაავადება, მასში სითხით სავსე ჩანართების არსებობა;

* ცისტინურია;

* საჭმლის მონელების პრობლემები ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირურგიული ჩარევის ისტორია;

* პოდაგრა – დაავადება, რომელიც სახსრების მტკივნეულ შეშუპებას იწვევს;

* ჰიპერკალციურია – შარდში კალციუმის სიჭარბე;

* ჰიპეროქსალურია – შარდი ოქსალატების სიჭარბე;

* ჰიპერპარათირეოიდიზმი – ამ შემთხვევაში ფარისებრახლო ჯირკვლები ჭარბად გამოიმუშავებს პარათირეოიდულ ჰორმონს, რაც სისხლში კალციუმის ოდენობის მატებას იწვევს;

* ჰიპერურიკოზურია – შარდში შარდმჟავას მარილების სიჭარბე;

* სიმსუქნე;

* საშარდე გზების განმეორებითი ან შებრუნებითი ინფექცია ;

* თირკმლის მილაკოვანი აციდოზი – ამ დროს თირკმელები მჟავებს შარდში ვერ გამოყოფს, რაც სისხლში მათ მატებას განაპირობებს.

კენჭების წარმოქმნის რისკს ზრდის ზოგიერთი მედიკამენტების ხანგრძლივი მიღებაც. მათ რიცხვს მიეკუთვნება შარდმდენები, კალციუმის ბაზაზე დაფუძნებული ანტაციდები (კუჭის მჟავიანობის გამანეიტრალებელი საშუალებები), ინდინავირი (აივ ინფექციის სამკურნალო პრეპარატი), ტოპირამატი (კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება).

გართულებები

თუ ვიმკურნალეთ, კენჭები ფაქტობრივად არ გამოიწვევს გართეულებას, მკურნალობის გარეშე კი შესაძლოა განვითარდეს ჰემატურია (სისხლნარევი შარდი), წელის ძლიერი ტკივილი, საშარდე გზების, მათ შორის – თირკმელების ინფექცია, რაც უარეს შემთხვევაში ამ ორგანოთა ფუნქციის დაკარგვას გამოიწვევს.

როგორ ამოვიცნოთ

მართალია, თირკმელებში კენჭები უმეტესად უსიმპტომოდ არსებობს, მაგრამ ზოგჯერ ნიშანსაც გვაძლევს. თირკმელებში კენჭების არსებობაზე მიუთითებს:

* თირკმლის ჭვალი – ძლიერი, მწვავე ტკივილი წელ-ზურგის არეში, რაც თირკმლის შარდით გადავსების ბრალია. შესაძლოა, ტკივილი გავრცელდეს მუცლის ქვედა ნაწილში ან საზარდულში, მალევე გაყუჩდეს ან დიდხანს გაგრძელდეს, ან პერიოდულად გაჩნდეს და გაქრეს. ტკივილთან ერთად მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, ცხელება, შემცივნება;

* შარდის შეფერვა ვარდისფრად, წითლად ან ყავისფრად;

* მოშარდვის ხშირი სურვილი;

* ტკივილი შარდვის დროს;

* შარდის გამოყოფის შეუძლებლობა ან მცირე ულუფებით შარდვა;

* ამღვრეული ან უსიამოვნო სუნიანი შარდი.

რომელიმე ამ სიმპტომის არსებობისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

დიაგნოზი

იმის დასადგენად, ჩივილები შარდკენჭოვანი დაავადებით არის თუ არა გამოწვეული, ექიმი შეააფასებს პაციენტის პირად და ოჯახურ სამედიცინო ისტორიას, კვების სტილს, ფიზიკური გასინჯვის, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის შედეგებს.

* ლაბორატორიულად იკვლევენ შარდსა და სისხლს. შარდში ამოწმებენ სისხლის და იმ მინერალების შემცველობას, რომლებიც თირკმელებში კენჭების წარმოქმნას იწვევს, აგრეთვე – ლეიკოციტებს (სისხლის თეთრ უჯრედებს) და ბაქტერიებს, რომელთა არსებობაც ინფექციაზე მეტყველებს. ზოგიერთი მინერალის სიჭრბის დადგენა სისხლის ანალიზითაც შესაძლებელია.

* გამოსახვითი კვლევის მიზანია, გამოავლინოს თირკმელებში არსებული კენჭები და დარღვევა, რომელმაც მათი წარმოქმნა გამოიწვია, მაგალითად საშარდე გზების ობსტრუქცია ან თანდაყოლილი დეფექტი. გამოსახვითია ულტრაბგერითი გამოკვლევა, მუცლის ღრუს რენტგენოლოგიური გამოკვლევა (ამ უკანასკნელმა შესაძლოა აჩვენოს საშარდე გზებში კენჭების მდებარეობა, თუმცა რენტგენზე ყველა ტიპის კენჭი არ ჩანს), კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) კონტრასტით და მის გარეშე.

მკურნალობა

კენჭებს, როგორც ვთქვით, მათი ზომის, ადგილმდებარეობისა და ტიპის გათვალისწინებით მკურნალობენ. პატარა კენჭმა შესაძლოა თავისთავად გაიაროს საშარდე გზებში. მის აღმოსაჩენად ექიმმა შესაძლოა შარდის შენახვა და ლაბორატორიული გამოკვლევა მოგთხოვოთ. პატარა კენჭის არსებობისას შეიძლება ექმმა გირჩიოთ ბევრი სითხის სმა, რაც მის დაბადებაში დაგეხმარებათ. საჭიროების შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებელსაც დაგინიშნავთ. თუ კენჭი დიდია, ახშობს საშარდე გზას ან იწვევს ძლიერ ტკივილს, საჭიროა მისი სასწრაფოდ ამოღება, ღებინებისა და გაუწყლოების მოსახსნელად კი – სითხის ინტრავენურად გადასხმა.

როგორ იღებენ კენჭებს

დიდი კენჭების მოსაცილებლად რამდენიმე მეთოდი გამოიყენება:

* დარტყმით-ტალღოვანი ლითოტრიფსია. ამ დროს მძლავრი ულტრაბგერითი ტალღებით კენჭს პატარა ნაწილებად შლიან და ისე გამოდევნიან საშარდე გზებიდან. შესაძლოა, პროცედურა ზოგადი ანესთეზიით ჩატარდეს.

* ცისტოსკოპია და ურეთროსკოპია. ამ დროს ექიმი ცისტოსკოპით შიგნიდან ათვალიერებს შარდსადენს (ურეთრას) და შარდის ბუშტს, შარდსაწვეთებს და თირკმლის მენჯებს, აღმოჩენილ კენჭს კი იღებს ან პატარა ნატეხებად შლის. პროცედურა ანესთეზიით ტარდება.

* პერკუტანეული (კანგავლითი) ნეფროლითოტომია – ზურგზე გაკეთებული მცირე ნახვრეტიდან ექიმს სხეულში შეჰყავს ნეფროსკოპი და კენჭი მისი საშუალებით ამოაქვს. დიდი კენჭის დასაშლელეად ლაზერსაც იყენებენ.

ამ პროცედურებამდე ან მათ შემდეგ უროლოგმა შესაძლოა ზურგიდან ან შარდის ბუშტიდან საშარდე გზებში ჩააყენოს თხელი მოქნილი მილი –შარდსაწვეთის სტენტი, რათა კენჭების ნამსხვრევები ადვილად გამოვიდეს გარეთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან

თუ ვიცით, რამ გამოიწვია საშარდე გზებში კენჭების წარმოქმნა, მათი ხელმეორედ გაჩენისგან უფრო იოლად დავიზღვევთ თავს. კენჭის შემადგენლობის მიხედვით, ადამიანმა უნდა შეიცვალოს კვების სტილი და საკვები რაციონი.

სითხე

საკმარისი სითხის მიღება შემთხვევათა უმეტესობაში კენჭოვანი დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა. ბევრი სითხე შარდს აზავებს და შარდთან ერთად სხეულიდან გამოდევნის იმ მინერალებს, რომლებისგანაც ქვები წარმოქმნება.

საუკეთესო არჩევანია წყალი, თუმცა სხვა სითხეებიც გამოდგება, განსაკუთრებით – ციტრუსისგან დამზადებული სასმელები (ლიმონის, ფორთოხლის წვენი): მათში შემავალი ციტრატი კრისტალების კენჭებად გადაქცევას აფერხებს.

სითხის მიღება ეზღუდებათ თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებს, მან კი, ვისაც ეს პრობლემა არ აწუხებს, დღეში 6–8 ჭიქა (1.5–2 ლიტრი) მაინც უნდა სვას, ცისტინის კენჭების არსებობისას – კიდევ უფრო მეტი.

მეტი სითხეა საჭირო ისეთ ადგილას ყოფნისას, სადაც გარემოს ტემპერატურა მაღალია, მუშაობისას, ვარჯიშისას, როდესაც ოფლიანობის გამო სითხის დიდი მარაგი იკარგება.

იმის განსაზღვრა, იღებს თუ არა საკმარის სითხეს ადამიანი, შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში შარდის შეგროვებით. ამ გზით ექიმი გაარკვევს, რამდენს შარდავს პაციენტი და სჭირდება თუ არა მეტი სითხის მიღება.

ზოგჯერ შარდს აგროვებენ თირკმელში კენჭის გავლის ან მისი მოცილების შემდგომი 24 საათის განმავლობაშიც და გამოყოფილი შარდის ოდენობასთან ერთად მინერალების შემცველობასაც ამოწმებენ.

წამლები

კენჭის განმეორებითი წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად ექიმმა შესაძლოა წამლები გამოგიწეროთ. მათი მიღება გრძელდება რამდენიმე კვირას, რამდენიმე თვეს, ზოგჯერ – მეტხანსაც.

სტრუვიტული კენჭების არსებობისას ანტიბიოტიკი 1-6 კვირით ან მეტი ხნით ინიშნება. სხვა ტიპის კენჭების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა თვეების განმავლობაში მოგიწიოთ კალიუმის ციტრატის მიღება. შარდმჟავას მაღალი შემცველობისას შესაძლოა დაინიშნოს ალოპურინოლი, საჭიროებისამებრ -შარდმდენები და სხვა. თუმცა ზოგიერთ ამ წამალს სერიოზული გვერდითი მოვლენებიც ახასიათებს, მით უმეტეს – ხანგრძლივი მიღებისას, ამიტომ აუცილებლად უნდა აცნობოთ ექიმს ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.

ოპერაცია ფარისებრახლო ჯირკვალზე

იმ ადამიანების სისხლში, რომლებსაც ფარისებრახლო ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება (ჰიპერპარათირეოდიზმი) აქვთ, ჭარბადაა კალციუმი, რაც კენჭების წარმოქმნას უწყობს ხელს. ჰიპერპარათირეოდიზმის დადგენის შემდეგ ხშირად ოპერაცია ტარდება –პარათირეოიდული ჯირკვლები იკვეთება.

როგორ ვიკვებოთ

როგორც უკვე ვთქვით, კენჭების გაჩენის თავიდან აცილების მთავარი გზა საკმარისი სითხის მიღებაა, თუმცა კვებასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რეკომენდებულია დაახლოებით იმ დიეტური რეკომენდაციების შესრულება, რომლებსაც ჰიპერტენზიის პრევენციისთვის იღებენ – დამტკიცებულია, რომ ხილ-ბოსტნეულის, უცხიმო რძის ნაწარმის, თევზის, ფრინველის, პარკოსნების, თხილეულის, მცენარეული ზეთის მიღება და ცხიმიანი საკვებისა და ტკბილეულის შეზღუდვა თირკმელებში ქვების ჩამოყალიბების რისკს ამცირებს. გასათვალისწინებელია კენჭების შემადგენლობაც:

* თუ კალციუმის ოქსალატის კენჭები აღმოაგჩნდათ, შარდში ოქსალატის ოდენობის შესამცირებლად უნდა ერიდოთ თხილეულს, არაქისს, რევანდს, ისპანახს, ხორბლის ქატოს. უნდა შეზღუდოთ ნატრიუმის ანუ მარილის მიღებაც. გაითვალისწინეთ, რომ მარილით მდიდარია კონსერვები, სხვადასხვა მზა საკვები, განსაკუთრებით – სწრაფი. ნაკლები უნდა მიიღოთ ცხოველური ცილაც (საქონლის, ქათმის, ღორის ხორცი და გულ-ღვიძლი, კვერცხი, თევზი, რძე და მისი ნაწარმი). ცხოველური ცილოვანი საკვები უნდა ჩაანაცვლოთ მცენარეულით: ლობიოთი, ბარდით, ოსპით.

მნიშვნელოვანია საკვების საშუალებით საკმარისი რაოდენობის კალციუმის მიღებაც. ის კენჭებს არ აჩენს – პირიქით, სისხლში კალციუმის ნორმალური შემცველობა აფერხებს მათ წარმოქმნას. ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ ოქსალატის მცირე შემცველობის მქონე მცენარეული საკვები (კალციუმით გამდიდრებული წვენები, ბურღულეული, პური, ზოგიერთი ბოსტნეული და პარკოსანი).

* კალციუმის ფოსფატის კენჭების არსებობის შემთხვევაშიც იგივე რეკომენდაციები უნდა შეასრულოთ, ოღონდ მცენარეული ცილების მხრივ მეტი თავისუფლება გენიჭებათ: მათი მარაგი შეგიძლიათ შეივსოთ არა მხოლოდ პარკოსნებით, არამედ თხილით, კაკლით, ნუშით, ნუშის კარაქით, კეშიუთი, კეშიუს კარაქით, ფსტით, მზესუმზირათი, სოიით და მისი ნაწარმით (სოიის რძე, სოიის თხილის კარაქი, ტოფუ).

* ცხოველური ცილა შარდმჟავას კენჭების აღმოჩენის შემთხვევაშიც იზღუდება. რეკომენდაციები იგივეა, რაც ფოსფატის კენჭების არსებობისას, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი ემატება: თუ ჭარბი წონა გაქვთ, დაკლება მოგიწევთ.

* ცისტინის კენჭების პრევენციისთვის კი მთავარია საკმარისი რაოდენობის წყლის სმა. აჯობებს, სითხის სადღეღამისო რაოდენობა თქვენს ექიმს შეუთანხმოთ.

ქვები შარდის ბუშტში

შარდის ბუშტში ქვების არსებობა უმეტესად 50 წელს გადაცილებული მამაკაცების ხვედრია. მათი წარმოქმნის მექანიზმი მარტივია: თუ შარდის ბუშტი ბოლომდე არ დაიცალა, შარდი კონცენტრირდება. კონცენტრირებულ შარდში კი მინერალები კრისტალდება და ქვებს წარმოქმნის.

შარდის ბუშტის კენჭების წარმოქმნას განაპირობებს ზოგიერთი ინფექცია, ბუშტში არსებული ნებისმიერი უცხო სხეული, მდგომარეობები, რომელთა დროსაც დარღვეულია შარდის შეკავება, დაგროვება ან გამოყოფა. მათგან ყველაზე ხშირია ორი: პროსტატის ჯირკვლის გადიდება და ნერვების დაზიანების გამო განვითარებული ნეიროგენული შარდის ბუშტი. ბუშტის დაცლას ორივე მდგომარეობა აფერხებს.

შესაბამისად, შარდის ბუშტში ქვების წარმოქმნის ალბათობას ზრდის:

* ობსტრუქცია – გამოწვეული არა მხოლოდ პროსტატის ადენომით, არამედ ნებისმიერი მდგომარეობით, რომელიც ბლოკავს ბუშტიდან შარდსადენში შარდის გადასვლას;

* შარდის ბუშტის მაკონტროლებელი ნერვების დაზიანება, რაც მოსალოდნელია ინსულტის, ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების, პარკინსონის დაავადების, დიაბეტის, თიაქრის და ზოგიერთი სხვა პათოლოგიის შემთხვევაში.

შარდის ბუშტში კენჭების გაჩენის სხვა მიზეზებია:

* საშარდე გზების ინფექციით ან მენჯის სხივური თერაპიით გამოწვეული ანთება;

* Სამედიცინო ხელსაწყოები – შარდის ბუშტის კათეტერი, საშარდე გზების სტენტი და სხვა.;

* თირკმლის კენჭები – მართალია, კენჭები თირკმელსა და შარდის ბუშტში სხვადასხვა გზით წარმოიქმნება, მაგრამ შესაძლოა, თირკმლის მცირე ზომის კენჭები შარდსაწვეთის გავლით შარდის ბუშტში მოხვდეს და თუ არ გამოიდევნა, იქვე გაიზარდოს და ქვებად იქცეს.

რა ახასიათებს

ზოგჯერ ადამიანი შარდის ბუშტში დიდი ქვის არსებობასაც ვერ გრძნობს, ზოგჯერ კი მცირე კენჭიც შესამჩნევია, თუ შარდის ბუშტის კედელი გააღიზიანა ან შარდის ნაკადი შეაფერხა. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი, მტკივნეული და გახშირებული შარდვა, შარდვის გაძნელება, შარდის ნაკადის შეწყვეტა, შარდში სისხლის შერევა, შარდის ამღვრევა ან უჩვეულოდ გამუქება.

გართულებები

შარდის ბუშტის ქვებმა, უსიმპტომოდ არსებულმაც კი, შესაძლოა, გართულებებს დაუდოს სათავე, გამოიწვიოს შარდის ბუშტის ქრონიკული პრობლემები, ტკივილი, ხშირი შარდვა. შესაძლოა, კენჭი შარდსადენის გამოსასვლელთან ჩაჯდეს და შარდის ნაკადი დაბლოკოს. ხშირად საშარდე გზების განმეორებითი ბაქტერიული ინფექციის მიზეზადაც იქცევა.

პრევენცია

შარდის ბუშტში ქვები, წესისამებრ, იმ მიზეზების გამო ჩნდება, რომელთა თავიდან აცილებაც ძნელია, მაგრამ შეგვიძლია, მათი ჩამოყალიბების ალბათობა შევამციროთ. თუ შარდვისას რამე უჩვეულოს შეამჩნიეთ, საქმის კურსში ჩააყენეთ ექიმი. პროსტატის გადიდებისა თუ სხვა უროლოგიური დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა საგრძნობლად სწევს დაბლა შარდის ბუშტში კენჭების გაჩენის რისკს.

სვით ბევრი სითხე, განსაკუთრებით – წყალი. ეს შეამცირებს შარდის ბუშტში მინერალების კონცენტრაციას. წყლის ოდენობა დამოკიდებულია თქვენს ასაკზე, წონაზე, ჯანმრთელობაზე, აქტივობის ხარისხზე. აჯობებს, ეს საკითხიც ექიმს შეუთანხმოთ.

დიაგნოსტიკა

შარდის ბუშტის ქვების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება:

* ფიზიკური გასინჯვა – მუცლის გასინჯვით ექიმმა შესაძლოა იგრძნოს შარდის ბუშტის გაფართოება, სწორი ნაწლავიდან გასინჯვისას კი პროსტატის ზომას შეაფასებს;

* შარდის ანალიზი – მოწმდება მასში სისხლის, ბაქტერიებისა და კრისტალიზებული მინერალების მიკროსკოპული რაოდენობა, დგინდება საშარდე გზების ინფექციის მიზეზი;

* კომპიუტერული ტომოგრაფია – მისი დახმარებით ძალიან პატარა კენჭების აღმ,ოჩენაც კია შესაძლებელი. ეს ერთ–ერთი ყველაზე მგრძნობიარე ტესტია შარდის ბუშტის ნებისმიერი სახის ქვების დიაგნოსტიკისას;

* ულტრაბგერითი გამოკვლევა – გვაძლევს სურათს, რომელიც კენჭების აღმოჩენას უწყობს ხელს;

* რენტგენოგრაფია – გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთი ტიპის კენჭი რენტგენზე არ ჩანს.

მკურნალობა

პატარა კენჭი შესაძლოა ბევრი წყლის სმის შედეგადაც გამოიდევნოს, მაგრამ ვინაიდან კენჭის წარმოქმნის მიზეზი ხშირად ბუშტის დაცლის შეუძლებლობაა, წყალი ყოველთვის არ არის საკმარისია ქვის გამოსატანად. ამ შემთხვევაში ქვას შლიან შარდის ბუშტში სპეციალური აპარატის შეყვანით ან, თუ ის მეტისმეტად დიდი ან ძნელი დასაშლელია, ქირურგიული ოპერაციით იღებენ. თუ ქვების მიზეზი ობსტრუქცია ან პროსტატის გადიდებაა, საჭიროა ამ პრობლემების ოპერაციული მკურნალობაც.

პროსტატაში

ძალიან პატარა, ყაყაჩოს თესლის ზომის კენჭები შეიძლება გაჩნდეს წინამდებარე ჯირკვალშიც, რომელიც შარდის ბუშტის ახლოს მდებარეობს და სპერმის დასაცავად წვენს წარმოქმნის. ასეთი კენჭები უმეტესად უდასტურდებათ საშუალო და უფროსი ასაკის მამაკაცებს. მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ თუ დაინფიცირდა და პროსტატის ანთება გამოიწვია, ანტიბიოტიკური ან სხვა სახის ჩარევა გახდება საჭირო.

პროსტატის ქვები პირველადი ან მეოეულია. პირველადი ანუ ენდოგენური ქვების გაჩენის მიზეზია პროსტატის სადინარების დახშობა, პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (გადიდება) ან ქრონიკული ანთება. მეორეული ქვები ძირითადად შარდსადენის მიდამოებში ჩნდება, რაც შარდის რეფლუქსით ანუ შარდსადინარიდან პროსტატაში შარდის შესვლითაა გამოწვეული. პროსტატის ქვები უმეტესად უსიმპტომოა, ამიტომ მათ, წესისამებრ, შემთხვევით აღმოაჩენენ ტრანსრექტალური (სწორი ნაწლავიდან) ულტრასონოგრაფიული გამოკვლევისას, რომელიც პროსტატის ადენომის სადიაგნოსტიკოდ ტარდება.

კენჭები, რომლებსაც ქრონიკული პროსტატიტი ახლავს თან, ზოგჯერ მენჯის ქრონიკულ ტკივილს იწვევს. შესაძლებელია, თუმცაღა იშვიათად, შედარებით დიდი ზომის მეორეულმა კენჭებმა მოშრდვა გააძნელოს.

პროსტატის კენჭების 80%-ზე მეტი კალციუმის ფოსფატისგან შედგება. ისინი კარგად ჩანს ტრანსრექტალური ულტრასონოგრაფიით და კომპიუტერული ტომოგრაფიით. მკურნალობა ხშირად არ არის საჭირო, მაგრამ თუ მათ გამო მოშარდვა ჭირს ან ქრონიკული ტკივილები იჩენს თავს, კენჭების მოსაცილებლად ტრანსურეთრულ ელექტრორეზექციულ მარყუჟს ან ჰოლმიუმს ლაზერს მიმართავენ.

საუნჯე ნაღვლის ბუშტში

ნაღვლის ბუშტში კენჭები მხოლოდ ორი ნივთიერებისგან - ქოლესტეროლისა და ბილირუბინისგან წარმოიქმნება, მაგრამ განსხვავებულია მათი ზომა, ფორმა და რაოდენობა. კენჭების ზომა შესაძლოა ქვიშის მარცვლისოდენადან გოლფის ბურთისოდენამდე მერყეობდეს, იყოს მხოლოდ ერთი დიდი, ასობით პატარა ან ერთდროულად დიდებიც და პატარებიც. ნაღვლის კენჭები, როგორც წესი, უწყინარია, მაგრამ თუ სანაღვლე გზებში გაიჭედა, ნაღვლის კოლიკას - მტკივნეულ ჭვალს იწვევს, რომელიც მკურნალობის გარეშე მძიმე გართულებებში გადაიზრდება.

ნაღვლის ბუშტის კენჭების უმეტესობა (ასიდან სამოცდათხუთმეტი) ქოლესტეროლისგან არის წამოქმნილი და მოყვითალო-მომწვანოა. შედარებით იშვიათია პიგმენტური ქვები. ისინი ბილირუბინისგან წარმოიქმნება და მუქი ფერისაა. ზოგ ადამიანს ერთდროულად ორივე ტიპის ქვები აქვს.

ნაღვლის კენჭების ჩამოყალიბება მოსალოდნელია, როცა:

* ნაღველი შეიცავს მეტისმეტად ბევრ ქოლესტეროლს, მეტისმეტად ბევრ ბილირუბინს ან საკმარისზე ნაკლებ ნაღვლის მჟავების მარილებს;

* ნაღვლის ბუშტი მთლიანად არ იცლება ან იშვიათად იცლება.

რისკის ფაქტორი

ქოლელითიაზის ანუ ნაღვლის ბუშტში კენჭების განვითარების მაღალი რისკი აქვთ:

* ქალებს, განსაკუთრებით - როცა მომატებულია ესტროგენების დონე ორსულობის, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენების გამო;

* ასაკოვან პირებს;

* ნაღვლის ბუშტის კენჭების ოჯახური ისტორიის მქონე პირებს;

* ჭარბწონიანებს;

* მათ, ვინც წონა სწრაფად დაიკლო;

* მათ, ვინც უმთავრესად რაფინირებული, ნახშირწყლებით მდიდარი მაღალკალორიული სურსათით იკვებება და მცირე რაოდენობით იღებს ბოჭკოს;

* ციროზის, ნაღვლის სადინარის ინფექციის, ჰემოლიზური ანემიის (რომელიც სისხლის წითელი უჯრედების დაშლით მიმდინარეობს), ნაწლავის ზოგიერთი იმ დაავადების მქონე პირებს, რომლებიც გავლენას ახდენს საკვები ნივთიერებების შეწოვაზე (ასეთია, მაგალითად, კრონის დაავადება).

რისკი ასევე იმატებს სისხლში ტრიგლიცერიდების მომატებისა და მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლის (HDL) შემცირების, მეტაბოლური სინდრომის, დიაბეტის, ინსულინრეზისტენტობის დროს.

რა შუაშია წონა

ჭარბი წონა და სიმსუქნე ზრდის ნაღვლის კენჭების ჩამოყალიბების ალბათობას, განსაკუთრებით - ქალებში. მიზეზებად განიხილება ჭარბწონიანების ნაღველში ქოლესტეროლის ნორმაზე მაღალი შემცველობა, ნაღვლის ბუშტის დიდი ზომა, რაც ხელს უშლის მის ნორმალურ დაცლას. ზოგიერთი კვლევის თანახმად, ნაღვლის კენჭოვანი დაავადება იმ ადამიანებს უფრო მეტად ემართებათ, რომლებსაც ჭარბი ცხიმი წელის გარშემო აქვთ დაგროვილი, ვიდრე მათ, ვისაც ცხიმი უმთავრესად თეძოებსა და ბარძაყებზე აქვს ჩალაგებული.

ცალკე საკითხია წონის სწრაფი კლება. ამ შემთხვევაში კენჭების წარმოქმნის მიზეზია ღვიძლის მიერ დამატებითი ქოლესტეროლის გამომუშავება და ნაღვლის ბუშტის არასათანადო დაცლა. იგივე ხდება წონის დასაკლები ოპერაციის შემთხვევაშიც.

კენჭების წარმოქმნის მიზეზად შეიძლება იქცეს წონის ხელახალი აკრეფაც. რაც მეტ კილოგრამს იკლებს და იმატებს ადამიანი, კენჭების გაჩენის ალბათობაც მეტია. ამიტომ, თუ წონის დაკლება გადაწყვიტეთ, ეცადეთ, ნელა დაიკლოთ და მიღწეული წონა შეინარჩუნოთ. რეკომენდებულია, ექვსი თვის განმავლობაში საწყისი წონის 5-10 პროცენტი მოიშოროთ. ამასთან, მიირთვათ ჯანსაღი საკვები, რეგულარულად დაიტვირთოთ ფიზიკურად. კვირაში, სულ მცირე, 150 წუთი დაუთმეთ საშუალო ინტენსივობის ფიზიკურ დატვირთვას: სწრაფ სიარულს, სწრაფ ცეკვას, სირბილს.

სიმპტომები და მიზეზები

ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობას, როგორც წესი, ვერც კი ვგრძნობთ, მაგრამ თუ რომელიმე მათგანმა ნაღვლის სადინარი დაბლოკა, ბუშტი ვეღარ დაიცლება, ნაღველი დაგროვდება და მტკივნეულ შეტევას გამოიწვევს. ტკივილი მუცლის ზედა მარჯვენა ნაწილში ზოგჯერ რამდენიმე საათი გრძელდება. შეტევები ხშირად მოსდევს მძიმე საკვების მიღებას და უმეტესად საღამოს ან ღამით იწყება. თუ ადამიანს უკვე გადაუტანია ნაღვლის ბუშტის თუნდაც ერთი შეტევა, დიდი ალბათობით, მას სხვებიც მოჰყვება.

შეტევა მთავრდება, როდესაც კენჭი ადგილს შეიცვლის და ნაღვლის სადინარი გათავისუფლდება. თუ სადინარი რამდენიმე საათზე მეტხანს დარჩა დაბლოკილი, გართულებებია მოსალოდნელი.

რით რთულდება

ხშირად ადამიანი სწორედ გართულების დროს აღმოაჩენს, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭები აქვს. გართულებებს, რომლებიც კენჭის სადინარში ჩაჭედვის შემთხვევაში ვითარდება, მიეკუთვნება ნაღვლის ბუშტის ანთება, ნაღვლის ბუშტის, სანაღვლე გზების ან ღვიძლის მძიმე დაზიანება, ინფექცია, პანკრეატიტი, ნაღვლის ბუშტის კიბო. მკურნალობის გარეშე ამ მდგომარეობებმა ადამიანი შესაძლოა სიკვდილამდეც კი მიიყვანოს.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ნაღვლის ბუშტის შეტევის დროს ან მის შემდეგ გაქვთ:

* ტკივილი მუცლის არეში, რომელიც რამდენიმე საათია გრძელდება;

* გულისრევა და ღებინება;

* ცხელება (თუნდაც სუსტი) ან შემცივნება;

* კანის ან სკლერების სიყვითლე;

* მუქი, ჩაისფერი შარდი და ღია ფერის განავალი.

ეს სიმპტომები შესაძლოა ინფექციაზე ან ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის ან პანკრეასის ანთებაზე მიუთითებდეს.

ნაღვლის კოლიკის სიმპტომები შესაძლოა ჰგავდეს აპენდიციტის, კუჭის/თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, პანკრეატიტის, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების სიმპტომებს, რომლებიც ასევე სასწრაფო მკურნალობას მოითხოვს.

დიაგნოზი

პაციენტის გამოკითხვასა და გასინჯვასთან ერთად ტარდება სისხლის ანალიზი, რომელმაც შესაძლოა ნაღვლის სადინარების, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის, ღვიძლის ინფექციის ან ანთების ნიშნები გამოაჩინოს. თავად ნაღვლის ბუშტის კენჭების აღმოსაჩენად საუკეთესო მეთოდია ულტრაბგერითი გამოკვლევა. ხშირად მისი დახმარებით შემთხვევით პოულობენ ჩუმ, უსიმპტომო კენჭებს. კომპიუტერულ ტომოგრაფიას (CT) იყენებენ პანკრეასის, ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის სადინარების გამოსაკვლევად, სანაღვლე გზების დახშობის აღმოსაჩენად, თუმცა შესაძლოა, კენჭები არც გამოჩნდეს. მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვით (MRI) ნაღვლის კენჭების აღმოჩენა სანაღვლე გზების სადინარშიც კია შესაძლებელი. ქოლესცინტიგრაფიას ანუ ჰეპატობილიარულ სკანირებას უსაფრთხო რადიაქტიური ნივთიერებით ატარებენ. მისი მეშვეობით ადგენენ ნაღვლის ბუშტის პათოლოგიურ შეკუმშვას და ნაღვლის სადინარების ბლოკირებას. ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია გასტროენდოსკოპიასა და რენტგენოგრაფიას აერთიანებს. ის ექიმს დაზიანებული ადგილის აღმოჩენაშიც ეხმარება და, ამასთან ერთად, მკურნალობაშიც - მისი მეშვეობით შესაძლებელია ნაღვლის საერთო სადინარში ჩაჭედილი კენჭის მოცილება.

ქირურგიული მკურნალობა

როდესაც ნაღვლის ბუშტში კენჭები თავისთვის, უსიმპტომოდ არსებობს, მკურნალობა არ არის საჭირო, მაგრამ შეტევის ან სხვა სიმპტომის არსებობის შემთხვევაში ექიმს აუცილებლად დაუკავშირდით. შესაძლოა, სიმპტომები გაქრეს, მაგრამ, დიდი ალბათობით, კვლავ გაჩნდება.

ნაღვლის კენჭებისგან გასათავისუფლებლად ნაღვლის ბუშტს მთლიანად იღებენ. ქოლესტეროლის ქვების დროს შესაძლოა არაქირურგიული მკურნალობაც შედეგიანი აღმოჩნდეს, მაგრამ პიგმენტური ქვები ნებისმიერ შემთხვევაში ქირურგიული გზითაა მოსაშორებელი. ამ ოპერაციას ქოლეცისტექტომია ეწოდება.

საბედნიეროდ, ნაღვლის ბუშტი არ მიეკუთვნება აუცილებელ ორგანოთა რიცხვს და სრულფასოვნად ცხოვრება მის გარეშეც შესაძლებელია. ოპერაციის შემდეგ ნაღველი ღვიძლიდან პირდაპირ თორმეტგოჯა ნაწლავში ჩადის.

დღეს ძალიან პოპულარულია ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს, ძალიან მალე (უმეტესად - იმავე დღეს) დაბრუნდეს სახლში და დაახლოებით ერთ კვირაში ნორმალურ ფიზიკურ დატვირთვასაც დაუბრუნდეს, თუმცა ზოგჯერ საჭირო ხდება ღია წესით ქოლეცისტექტომიაც. ეს მაშინ, როდესაც ნაღვლის ბუშტის ანთება ძლიერ არის გამოხატული, ბუშტი ინფიცირებულია ან ლაპაროსკოპიის ჩატარებას ხელს უშლის სხვა ოპერაციის შედეგად დარჩენილი ნაწიბურები. თუ ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომიის დროს რაიმე პრობლემა წარმოიშვა, შესაძლებელია, ოპერაცია ღია წესით გაგრძელდეს. ღია წესით ოპერაციის შემდეგ პაციენტს საავადმყოფოში უფრო მეტხანს უწევს დარჩენა და დაახლოებით ერთი თვე მაინც სჭირდება, ვიდრე ნორმალურ ფიზიკურ დატვირთვას დაუბრუნდება.

ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის შემდეგ ზოგი აღნიშნავს, რომ უფრო ხშირად აქვს ნაწლავების მოქმედება და განავალიც უფრო რბილია.

არაქირურგიული მკურნალობა

ნაღვლის ბუშტის არაქირურგიულ მკურნალობას მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში მიმართავენ, მაგალითად, მაშინ, როდესაც ადამიანს ქოლესტეროლის ქვები აქვს და, იმავდროულად, რამე სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა ხელს უშლის ქირურგიულ ჩარევას. ვინაიდან ნაღვლის კენჭები შეიძლება მკურნალობის შემდეგაც წარმოიქმნას, მკურნალობა ძალიან ხანგრძლივია.

ქოლესტეროლის კენჭების მოსაცილებლად ან დასაშლელად ექიმმა შესაძლოა გამოიყენოს ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (ERCP) და ნაღვლის მჟავების შემცველი ზოგიერთი წამალი, მაგალითად, ურსოდიოლი, თუმცა ისინი უფრო მეტად ქოლესტეროლის წვრილი კენჭების დასაშლელად გამოიყენება და ამ შემთხვევაშიც კი წარმონაქმნების სრულ დაშლას თვეები ან წლები სჭირდება.

ძალიან იშვიათად დარტყმით ტალღოვან ლითოტრიფსიასაც მიმართავენ.

რომ არ წარმოიქმნას

ნაღვლის კენჭების თავიდან ასაცილებლად კვება უნდა მოიწესრიგოთ. ეცადეთ, საკვები მდიდარი იყოს ბოჭკოთი (ხილი, ბოსტნეული, ლობიო, ბარდა), ჯანსაღი ცხიმით (თევზის ქონი, ზეითუნის ზეთი), ნახშირწყლებიდან უპირატესობა მიანიჭეთ გარსისგან გაუწმენდავ, დაუმუშავებელ მარცვლეულს, მათ შორის - ყავისფერ ბრინჯს, შვრიას... შეზღუდეთ რაფინირებული, დამუშავებული ნახშირწყლები და შაქარი, არაჯანსაღი ცხიმები, რომლებსაც ხშირად შეიცავს შემწვარი საკვები. სიმსუქნის შემთხვევაში წონა თანდათანობით დაიკელით და შეინარჩუნეთ ჯანსაღი მაჩვენებელი ჯანსაღი კვებისა და რეგულარული ფიზიკური დატვირთვის საშუალებით.

ქვები პანკრეასში

ნაღვლის ბუშტიდან კენჭები შესაძლოა პანკრეასის სადინარში მოხვდეს, მასში ჩაიჭედოს და პანკრეასის წვენის გადმოსვლა შეაფერხოს. ეს პანკრეასის ანთებას გამოიწვევს, რომელიც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიშიც აღმოჩნდეს, ამიტომ ექიმის სასწრაფო ჩარევაა საჭირო, თუ ნაღვლის ბუშტში კენჭების მქონე ადამიანს მუცლის ძლიერი ტკივილი დაეწყო.

ნიშნები

ნაღველკენჭოვანი პანკრეატიტის სიმპტომები შესაძლოა ჰგავდეს ნაღველკენჭოვანი დაავადების ზემოთ განხილულ სიმპტომებს. გარდა ამისა, შესაძლოა, ტკივილი იგრძნობოდეს მუცლის მარცხენა ზედა ნაწილში ან ზურგში. ის, როგორც წესი, უეცრად იწყება, საკმაოდ მწვავეა, მკვეთრი, მჭრელი, ხშირად თან ახლავს გულისრევა და ღებინება. შესაძლოა, განვითარდეს შემცივნება, ცხელება, სიყვითლე.

დიაგნოზი

სისხლის გამოკვლევით შესაძლებელია პანკრეასის ანთების დადაგენა. ამ დროს მომატებულია პანკრეასის ფერმენტების (ამილაზისა და ლიპაზის), ღვიძლის ფერმენტების (ALT ალანინამინოტრანსფერაზის, AST ასპარტატამინოტრანსფერაზის, ტუტე ფოსფატაზის) და ბილირუბინის ოდენობა. პანკრეასის ანთება კარგად დიაგნოსტირდება მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფიით, თუმცა ეს უკანასკნელი ნაკლებად ავლენს ნაღვლის ბუშტის მცირე კენჭებს, ამიტომ თუ პანკრეატიტის მიზეზად ნაღვლის კენჭები ითვლება, მათ აღმოსაჩენად მუცლის ღრუს ექოსკოპიას ატარებენ.

მკურნალობა

ნაღვლის კენჭებით გამოწვეული პანკრეატიტი ჰოსპიტალიზაციას მოითხოვს. მისი მკურნალობის საუკეთესო მეთოდი შიმშილია - სასმლისა და საჭმლის სრული აღკვეთა ანთების ჩაცხრობამდე. აუცილებელი ნივთიერებები პაციენტს ინტრავენური გადასხმით მიეწოდება. სიმპტომები უმეტესად რამდენიმე დღეში გაივლის. მუდმივი ტკივილი და სიცხეები მძიმე პანკრეატიტსა და ანთების კვლავ არსებობაზე მიანიშნებს. თუ პაციენტს 5-7 დღის განმავლობაში არ მიეცა ჭამისა და სმის უფლება, ნუტრიენტების მიწოდებასაც ინტრავენურად იწყებენ ან პაციენტი ზონდით კვებაზე გადაჰყავთ. ხშირად ეს ღონისძიებები საკმარისია, რომ კენჭი დაიძრას და ნაწლავების გავლით სხეულიდან გამოიდევნოს.

ზოგჯერ აუცილებელია პანკრეატიტის გამომწვევი ნაღვლის ქვის სასწრაფოდ მოცილება, ზოგჯერ კი მიზანშეწონილია 24-48 საათი ლოდინი და თუ კენჭი თავისით არ გამოვიდა გარეთ, მისი ენდოსკოპიურად ან ქირურგიულად ამოღება. შესაძლოა, იმავდროულად მიზნშეწონილად მიიჩნიონ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთაც, რაც შეამცირებს მომავალში ნაღველკენჭოვანი პანკრეატიტის განვითარების შანსს. თუ პანკრეასის ქსოვილის ინფიცირება ან ნეკროზი (სიკვდილი) განვითარდა, იყენებენ ანტიბიოტიკებსაც.

გართულება

მკურნალობის გარეშე ნაღველკენჭოვან პანკრეატიტს შესაძლოა სერიოზული გართულებები მოჰყვეს. თუ საჭმლის მომნელებელი წვენი, რომლებსაც ღვიძლი და პანკრეასი გამოიმუშავებს, უკან დაბრუნდა, არსებობს შანსი, განვითარდეს სანაღვლე გზების ანთება - ქოლანგიტი, სიყვითლე (თვალის სკლერისა და კანის გაყვითლება), პანკრეასის ქსოვილის ნეკროზი, რაც საბოლოოდ შეიძლება სიკვდილის მიზეზადაც იქცეს.

როგორ ავიცილოთ

ნაღველკენჭოვანი პანკრეატიტის სრული პრევენცია შეუძლებელია, თუმცა ამ დროსაც იგივე რეკომენდაციებია შესასრულებელი, რომლებიც ნაღვლის კენჭების პრევენციისთვის. რეკომენდებულია ჯანსაღი კვება, ჯანსაღი წონის შენარჩუნება, ქოლესტეროლის ნორმალური დონის შენარჩუნება, დიაბეტის მართვა, ესტროგენების შემცველი მედიკამენტების მიღებისას კი ექიმთან კონსულტაცია იმის თაობაზე, რამდენად ზრდიან ისინი თქვენთვის ნაღვლის ბუშტის ქვების განვითარების რისკს.

ტონზილების ქვები

ტონზილები, ნუშურა ჯირკვლები, ოვალური ფორმის ჯირკვლოვანი ორგანოებია. მდებარეობს ყელის უკანა ნაწილში, ორივე მხარეს, და ბაქტერიებისა და ვირუსებისთვის ერთგვარ ფილტრს ქმნის.

ნუშურების ზედაპირი არათანაბარია. ზოგს მასზე ღრმულები აქვს, რომლებშიც ადვილად გროვდება საკვების ნაწილაკები, ბაქტერიები, ნერწყვი, ლორწო. მათი გამკვრივებისა და ზოგჯერ კალციფიცირების შედეგად წარმოიქმნება ნუშურა ჯირკვლების ქვები - ტონზილოლითები, იგივე საცობები. ქვები უმეტესად იმ ადამიანებს უჩნდებათ, რომლებსაც ხშირად აქვთ ნუშურების ანთება. წარმონაქმნები ბაცი ყვითელია და ადვილად ჩანს, მაგრამ თუ ნუშურების სიღრმეშია განლაგებული, ყელში ჩახედვით ვერ დავინახავთ. ზოგიერთი მათგანის დანახვა მხოლოდ რენტგენზე ან კომპიუტერულ ტომოგრამაზეა შესაძლებელი.

ნიშნები

ტონზილოლითები ნუშურების სიწითლესა და გაღიზიანებას იწვევს, მათზე დაგროვილი ბაქტერიები კი - პირიდან უსიამოვნო სუნს. ზოგიერთ შემთხვევაში ტონზილების ქვებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნუშურების ტკივილი, მათი შეშუპება, ქრონიკული ანთება (ქრონიკული ტონზილიტი), გახდეს ხველის, ყურის არეში ტკივილის, ყლაპვის გაძნელების მიზეზი. მაგრამ შემთხვევათა უმრავლესობაში ქვები არაფერს აშავებს.

გამოსავალი

თუ ადამიანს ხშირად აქვს საცობები, მათგან სამუდამოდ გათავისუფლების საუკეთესო გზა ნუშურების ამოკვეთა. ტონზილექტომია (გლანდების ოპერაცია), ყველა სხვა ოპერაციის მსგავსად, გარკვეულ რისკებს შეიცავს, მაგალითად, გამორიცხული არ არის სისხლდენა ოპერაციის შემდეგ.

თუ ოპერაცია არ გსურთ, საცობების მოცილება შეგიძლიათ ტონზილებზე ბამბის ტამპონის ან კბილის ჯაგრისის უკანა მხარის ნაზად დაჭერით, წყლის ირიგატორით - წყლის სუსტი ნაკადით ნუშურების ჩამორეცხვით, თბილი, მარილიანი ან წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით გაზავებული წყლის გამოვლებით.

ქვების წარმოქმნის პრევენციისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, პირის ღრუს ჰიგიენის დაცვაა აუცილებელი:

* გაიხეხეთ კბილები ჭამის შემდეგ, ძილის წინ და დილით, ადგომის დროს.

* კბილების გახეხვისას ფრთხილად გაიხეხეთ ენაც.

* ყოველდღიურად გამოიყენეთ კბილების ძაფი - ფლოსი.

* რეგულარულად გამოიყენეთ პირის ღრუს სავლები, რომელიც უალკოჰოლო საფუძველზეა დამზადებული.

* ყოველი ჭამის შემდეგ ყელში წყალი გამოივლეთ.

ამ წესების დაცვით შეამცირებით პირის ღრუში ბაქტერიების რაოდენობას და ხელს შეუშლით ქვების წარმოქმნას. თუ ტონზილები მტკივნეულია, ძალიან წითელი ან ადვილად სისხლმდენი, ან თუ ტკივილი ყურამდე ვრცელდება, მიმართეთ ექიმს.

სანერწყვე ჯირკვალში

სანერწყვე ჯირკვლის ქვა შეიძლება ჩამოყალიბდეს როგორც სანერწყვე ჯირკვალში, ისე მის სადინარში და ნერწყვის პირში გადმოსვლა დაბლოკოს. ქვების უმრავლესობა წარმოიქმნება ქვედა ყბისქვეშა ჯირკვლებში, რომლებიც პირის ღრუს ფსკერზე მდებარეობს. შედარებით იშვიათად - ყბაყურა ან ენისქვეშა ჯირკვლებში. ბევრ ადამიანს არა ერთი, არამედ რამდენიმე ქვა აქვს.

მიზეზები და სიმპტომები

სანერწყვე ჯირკვლის ქვების წარმოქმნას უმეტესად ნერწყვში კალციუმის შემცველი ნივთიერებების დაგროვება განაპირობებს. რისკს წარმოშობას ფაქტორები, რომლებიც ამცირებს ნერწყვის გამოყოფას ან ნერწყვის გასქელებას იწვევს: გაუწყლოება, არასწორი კვება, ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის - ანტიჰისტამინური, არტერიული წნევის მარეგულირებელი, ფსიქიატრიული, შარდის ბუშტის მაკონტროლებელი წამლები. ნერწყვის ქვების წარმოქმნის ალბათობამ შესაძლოა სანერწყვე ჯირკვლების ტრავმის დროსაც მოიმატოს.

კენჭები ჩივილებს არ იწვევს, ვიდრე იმ ზომას არ მიაღწევს, რომ სადინარი დაბლოკოს. სადინარის დაბლოკვას მოჰყვება ჯირკვლის ტკივილი და შეშუპება ენის ქვეშ, ყბის ქვეშ ან ყურებთან. ტკივილი ძლიერდება ჭამის დროს. შესაძლოა, მოიმატოს კიდეც. საბოლოოდ კი ამ ყველაფერს ჯირკვლის ანთებამდე და დაჩირქებამდე მივყავართ.

დიაგნოზი და მკურნალობა

ქვების არსებობას, უპირველეს ყოვლისა, სადინარების ფიზიკური გამოკვლევით (დათვალიერებით, ხელით გასინჯვით) ადგენენ, შესაძლოა, საჭირო გახდეს რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია ან ულტრაბგერითი გამოკვლევა.

მკურნალობის მიზანი ქვის ამოღებაა. მცირე ზომის კენჭის მოსაცილებლად მიმართავენ ნერწყვის ნაკადის სტიმულაციას ლიმონით, სხვა ციტრუსებით ან მჟავე კანფეტებით, ან მასაჟითა და დამხმარე იარაღებით, უფრო დიდი ან ძნელად მოსაშორებელი ქვების ამოსაღებად კი ექიმებს მცირე განაკვეთის გაკეთება უწევთ.

არსებობს ახალი და კიდევ უფრო ნაკლებად ინვაზიური მეთოდი - სიალენდოსკოპია, მიკროენდოსკოპის დახმარებით ქვის აღმოჩენა და ამოღება. პროცედურა ადგილობრივი ან მსუბუქი ზოგადი ანესთეზიით ტარდება.

მორეციდივე ქვების და სანერწყვე ჯირკვლის შეუქცევადი დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ჯირკვლის ამოკვეთა.

თუ სანერწყვე ქვებმა ინფიცირება გამოიწვია, ანტიბიოტიკები ინიშნება.

ქვები კბილებზე

კბილებზე ბაქტერიების დაგროვების შედეგად ნალექი წარმოიქმნება. თუ ის რეგულარულად არ მოვაშორეთ, გამკვრივდება და კბილის ქვად გადაიქცევა, რასაც მოჰყვება უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, კბილის გაფუჭება, ღრძილების ანთებას და ზოგჯერ კბილების დაკარგვაც კი.

ამ ყველაფრის თავიდან აცილების ერთადერთი გზა პირის ღრუს ჰიგიენაა:

* კბილები დღეში ორჯერ გაიხეხეთ ჯაგრისით. ელექტროჯაგრისები უკეთესად ასუფთავებს კბილებს, ვიდრე ხელისა.

* ფლოსი გამოიყენეთ დღეში ერთხელ, ფრთხილად.

* ექვს თვეში ერთხელ მიმართეთ სტომატოლოგს. ის ქვებს სპეციალური იარაღით მოგაცილებთ.

კარგად დაბალანსებული კვება ხელს შეუწყობს კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობას. ერიდეთ ჭამას კვებიდან კვებამდე, განსაკუთრებით - წებოვან და შაქრიან საკვებს, აგრეთვე - ნახშირწყლებით მდიდარ სხვა სასუსნავსაც, მაგალითად, კარტოფილის ჩიფსებს. საღამოს, კბილების გახეხვის შემდეგ, აღარც არაფერი ჭამოთ, აღარც დალიოთ (გარდა წყლისა).

ცხვირში ჩამალული

რინოლითი, ცხვირის ქვა, ცხვირის ღრუში არსებული მკვრივი წარმონაქმნია, რომელიც უმეტესად არაფრით ამჟღავნებს თავს, მაგრამ იშვიათად შესაძლოა ცხვირიდან უსიამოვნო სუნის და ადამიანის სოციალური დისკომფორტის მიზეზად იქცეს.

რინოლითი საკმაოდ იშვიათი კირქვული (კალციუმის კარბონატის შემცველი) კონკრემენტია, რომელიც ცხვირში არსებულ უცხო სხეულზე მარილების დალექვით წარმოიქმნება. ცხვირში შემთხვევით მოხვედრილი უცხო სხეულის გარშემო მარილები ლაგდება და ეს სხეული ქვის ცენტრი ხდება.

ცხვირის უცხო სხეულები შეიძლება იყოს ენდოგენური, სხეულიდან მოხვედრილი, და ეგზოგენური - გარედან მოხვედრილი. ენდოგენური უცხო სხეულებია, მაგალითად, გამომშრალი სისხლის კოლტი, კბილები, ძვლის ფრაგმენტები, დანეკროზებული ლორწოვანი გარსი... ეგზოგენურია თესლი, მცენარის სხვა ნაწილები, მწერი, მძივის მარცვალი, მინის ნამსხვრევი, ბამბის ნაგლეჯი...

უცხო სხეულები ცხვირში უმეტესად ნესტოდან ხვდება, იშვიათად - ცხვირის ღრუს უკანა ქოანიდან ხველების ან ღებინების დროს. უცხო სხეული ცხვირში, ჩვეულებრივ, ბავშვობიდანაა ჩარჩენილი. მის გარშემო ანთებითი რეაქცია ვითარდება. სწორედ ეს იწვევს სხეულზე კარბონატების, კალციუმის ფოსფატის, მაგნიუმის, რკინისა და ალუმინის, აგრეთვე ორგანული ნივთიერებების (გლუტამინის მჟავასა და გლიცინის) დალექვას. ქვა თანდათან იზრდება, შესაძლოა გამოიწვიოს ცხვირის ცალი ნესტოს პროგრესირებადი დახშობა, ცხვირიდან ჩირქოვანი, მყრალი გამონადენი, სისხლდენა, ყნოსვის დარღვევა, შედარებით იშვიათად - თავის ტკივილი, სახის ტკივილი და თვალის ცრემლით გადავსება (თუ საცრემლე არხი დაახშო).

ცხვირის ქვას ქირურგიულად აშორებენ.

თავბრუხვევის კრისტალები

იქნებ დაუჯერებელიც მოგეჩვენოთ, მაგრამ შიგნითა ყურში, კერძოდ, ლაბირინთში არსებული პაწია კენჭები, უფრო სწორად, კალციუმის შემცველი კრისტალები, თავბრუხვევის საკმაოდ ხშირი მიზეზია. კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევა (კპპთ) თავბრუხვევის ყველაზე გავრცელებული ტიპია და შიგნითა ყურის ცვლილებებით არის გამოწვეული. ლაბირინთის რკალოვანი არხები სავსეა ენდოლიმფით და ძალიან მგრძნობიარეა ამ სითხის ნებისმიერი მოძრაობის მიმართ. მათი დახმარებით ვგრძნობთ სხეულის მდებარეობას და ვინარჩუნებთ წონასწორობას. ლაბირინთის კარიბჭიდან მოწყვეტილი კრისტალები ენდოლიმფაში ტივტივებს ან სადმე მაგრდება, თავის მოძრაობის დროს კი ტვინში დამაბნეველ შეტყობინებებს გზავნიან სხეულის მდებარეობის შესახებ. სწორედ ეს იწვვს თავბრუხვევას.

მიჩნეულია, რომ კრისტალების მოწყვეტა შედეგია ასაკთან დაკავშირებული დეგენერაციული ცვლილებებისა, ქალა-ტვინის ტრავმისა, ლაბირინთის ანთებისა...

კპპთ-ს დროს ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ ტრიალებს, ან სამყარო ტრიალებს მის გარშემო. ის წონასწორობას კარგავს, ეწყება გულისრევა და ღებინება, ეკარგება სმენა. შეტევა მოულოდნელად იწყება თავის გატოკების შემდეგ. შესაძლოა, გამოიწვიოს საწოლში გადატრიალებამ, თავის მაღლა აწევამ, ვარჯიშმა...

ამ დარღვევას სპეციალური სადიაგნოზო ცდის მეშვეობით ადგენენ. სამკურნალოდაც რეპოზიციური მანევრები გამოიყენება. ამ გზით კრისტალები გამოიდევნება რკალოვანი არხიდან და ლაბირინთის კარიბჭეში ბრუნდება. თუ კპპთ-ის პრობლემა ერთჯერადი მანევრით ვერ მოგვარდა, პაციენტს ურჩევენ, შინ შეასრულოს განსაზღვრული ტიპის ვარჯიშები, მანევრს კი უკვე ამის შემდეგ ატარებს ექიმი. რეპოზიციური მანევრები საკმაოდ შედეგიანია.

ნაწლავში გაჭედილები

ენტეროლითები, წვრილი ნაწლავის ქვები, ან ნაწლავში წარმოიქმნება (პირველადი ეტეროლითიაზი), ან ნაწლავის გარეთ და მერეღა აღმოჩნდება იქ (მეორეული ენტეროლითიაზი).

ენტეროლითიაზი მოსახლეობის 0.3-დან 10-მდე პროცენტს უდასტურდება. პირველადი ენტეროლითიაზის მიზეზია ნაწლავის შევიწროება ნაწლავის ტუბერკულოზის, კრონის დაავადების, ნაწლავის სიმსივნის გამო, ნაწლავის ბრმა ჩანთა, დივერტიკული... მეორეული ენტეროლითები უმეტესად მიგრირებულ ნაღვლის ქვებს წარმოადგენს.

ძალიან იშვიათად ენტეროლითები კლინიკურადაც ამჟღავნებს თავის არსებობას მუცლის ტკივილით, მუცლის შებერვით, გულისრევით და ზოგჯერ - უეცარი ღებინებით, რასაც ნაწლავის სანათურში ენტეროლითის გადანაცლება იწვევს. დიაგნოზის დასასმელად პაციენტს საფუძვლიანად გამოკითხავენ, გასინჯეავენ და რენტგენოგრამას უღბენ. რენტგენოგრაფიით კენჭების გამოვლენა შემთხვევათა მესამედშია შესაძლებელი.

ძალიან იშვიათად ენტეროლითი ნაწლავს ახშობს და გაუვალობას იწვევს, აზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს, სათავეს უდებს ნაწლავის განგრენას, ინვაგინაციას (ნაწლავის ნაწლავში ჩაჭედვას), დივერტიკულიტს, რკინადეფიციტურ ანემიას, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენას, ნაწლავის პერფორაციას (გახეთქვას).

ქვებს ენდოსკოპიურად ან ქირურგიული გზით აშორებენ.

კუნძულები ვენებში

მენჯის ქვედა ნაწილის ვენებში ხშირად პოულობენ გამკვრივებულ, კალციფიცირებულ თრომბებს - ფლებოლითებს. ისინი, როგორც წესი, ხუთმილიმეტრიანია, ოვალური და უმეტესად 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს უდასტურდებათ.

ადმაიანთა უმრავლესობას აზრადაც არ მოსდის, რომ შესაძლოა, ფლებოლითები ჰქონდეს, თუმცა ზოგჯერ ისინი მუცლის ან მენჯის ტკივილის მიზეზებად გვევლინებიან.

ფლებოლითების არსებობაზე ექიმს მიანიშნებს ვარიკოზულად გაგანიერებული (ხშირად - მტკივნეული) ვენები და მუდმივი ყაბზობა (შეკრულობა).

რა აჩენს

ფლებოლითების წარმოქმნის მიზეზებია:

* სისხლის ნაკადის შენელება ვენების დაზიანების (ანომალიები, მალფორმაციები, ვარიკოზი) გამო;

* სისხლის მიმოქცევის დარღვევა;

* მენჯის ვენებში წნევის მომატება (ყაბზობა და გაჭინთვა).

ფლებოლითების ჩამოყალიბების რისკს ზრდის ხანდაზმული ასაკი და ორსულობაც.

დიაგნოზი

ფლებოლითები ჩანს რენტგენოგრამაზე, მაგნიტურ-რეზონანსულ სურათზე. ზოგჯერ მათ ექოსკოპიაც აჩვენებს. არის შემთხვევები, როდესაც რენტგენზე გამოვლენილ ფლებოლითებს შეცდომით თირკმლის ქვებად მიიჩნევენ.

მკურნალობა

ფლებოლითებს, რომლებიც ჩივილებს არ იწვევს, მკურნალობა არ სჭირდება, ძლიერი ტკივილის ან სხვა სიმპტომის არსებობისას კი ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ:

* სკლეროთერაპია - ვარიკოზულ ვენაში შეჰყავთ სპეციალური სითხე, რომელიც აღიზიანებს სისხლძარღვის შიდა გარსს. შედეგად ვენა იჭმუხნება და იხშობა. ზოგჯერ სკლეროთერაპია ენდოვენურ ლაზერულ თერაპიასთანაა კომბინირებული. თუ ეს მეთოდები უშედეგო აღმოჩნდა და სიმპტომები კვლავ შეამწუხებელია, შესაძლოა, დაზიანებული ვენა, რომელშიც ფლებოლითი მდებარეობს, ქირურგიულად ამოიკვეთოს.

თუ ფლებოლითები მხოლოდ უმნიშვნელო ტკივილს იწვევს, შესაძლოა შვება მოგგვაროთ მტკივნეულ არეზე დღეში რამდენჯერმე თბილი სველი ნაჭრის დადებამ და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტების (მაგალითად, იბუპროფენის, ნაპროქსენის) მიღებამ.

როგორ ავიცილოთ თავიდან

ვინაიდან ფლებოლითი თრომბისგან წარმოიქმნება, საჭიროა თრომბების წარმოქმნის პრევენცია, ამისთვის კი შესაძლოა ექიმმა ასპირინი ან სხვა ქამალი გამოგიწეროთ.

რისკს ამცირებს ყოველდღიური მოძრაობა - დღეში 30-წუთიანი გასეირნება ან სხვა აქტივობა.

ნუ ჩაიცვამთ მჭიდრო ტანსაცმელს, განსაკუთრებით - წელს ქვემოთ: ის ვენებზე დამატებით ზეწოლას ახდენს.

პერსპექტივა

ფლებოლითი ხშირად სხეულის დაბერების თანამდევ მოვლენად მიიჩნევა, ამიტომ შემთხვევით მისი აღმოჩენისას მშვიდად იყავით - დიდი ალბათობით, არასდროს გამოიწვევს პრობლემებს და არც ცხოვრების სტილის შეცვლას გაიძულებთ. შეგიძლიათ, მშვიდად გააგრძელოთ ჩვეული ფიზიკური დატვირთვა.

 

გააზიარე: