გამონადენი – უწყინარი და საშიში

გააზიარე:

 

 

 

 

თვალში საცემი პრობლემა 

გამონადენი ცხვირიდან

გოგირდი ყურში – ნორმა თუ პათოლოგია?

საშოდან გამონადენი – რა გვეშლება?

გამონადენი ასოდან

ის, რაც არ უნდა გამოგრჩეთ

 

ორგანიზმში მიმდინარე რთულ ბიოქიმიურ პროცესებს გარეგნული გამოხატულებაც აქვს. სწორედ მათზე დაკვირვებით ვხვდებით, რა ხდება ჩვენს სხეულში, რომელი დაავადება იკრებს ძალას, რომელი შეტევაზე გადმოდის და რომელი კაპიტულაციისთვის ემზადება, ამიტომ ჯანმრთელობის შენარჩუნების ერთ-ერთი გზა ორგანიზმზე დაკვირვება და იმ ნიშნების შემჩნევაა, რომლებიც ავადმყოფობას ჩვეულებრივი მდგომარეობისგან განასხვავებს.

თუმცა ზოგჯერ საქმე არც ისე მარტივადაა. მაგალითად, საკმაოდ უცნაური სიმპტომია გამონადენი: ზოგჯერ უწყინარია, ზოგჯერ – ძალიან საშიში, ხან დაავადების უტყუარი ნიშანია, ხან – ჯანმრთელობის დასტური, ამიტომ სულ ადვილად შეიძლება შევცდეთ – არარსებულ პრობლემას დავუწყოთ ბრძოლა ან მაშინ დავყაროთ იარაღი, როცა ომისთვის უნდა ვემზადებოდეთ.

მოდი, გავიგოთ, რა ნორმაა და რა – პათოლოგია და როგორ მოვიქცეთ, თუ თვალიდან, ყურიდან, ცხვირიდან, სასქესო ორგანოებიდან თუ ნაწლავებიდან უცნაური სითხე დის.

 

***

 

თვალში საცემი პრობლემა

დადებითი თუ უარყოფითი ემოციები საცრემლე ჯირკვლებს რომ ააქტიურებს, ყველამ ვიცით, ამიტომ ცრემლებს მყისვე მძაფრ განცდებს ვუკავშირებთ. მაგრამ მათ პროზაული მიზეზიც აქვთ: ცრემლის გამოყოფა შესაძლოა დაავადების ან რომელიმე გარეგანი ფაქტორის ზემოქმედების შედეგი იყოს. ზოგჯერ კი თვალებიდან უცნაური სითხე ჟონავს...

 

უწყინარი გამონადენი

ალბათ, შეგიმჩნევიათ გაღვიძებისას თვალის კუთხეში დაგროვილი მცირეოდენი გამონადენი. ასეთი გამონადენი ყველას აქვს და ის აბსოლუტურ ნორმად მიიჩნევა. გამონადენი ყვითელია და სქელი, ზოგჯერ – წებოვანი ან ფუფხისმაგვარი. ის ლორწოს, კანის უჯრედები, ჭუჭყისა და სხვა ნაწილაკების ბუნებრივი ნარევია. ძილის დროს თვალებს არ ვახამხამებთ, ამიტომ გამონადენი თვალს ვერ შორდება და მის კუთხეში ან წამწამებზე გროვდება.

ზოგს მეტი სეკრეტი გამოეყოფა თვალიდან, ზოგს – ნაკლები. ეს ინდივიდუალური თავისებურებაა და არავითარ შემთხვევაში არ მიუთითებს დარღვევაზე. მაგრამ თუ ასეთი გამონადენი მუდმივია, აქვს უჩვეულო კონსისტენცია ან ფერი და ერთვის მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, სავარაუდოდ, ორგანიზმში რაღაც მოიშალა. ასეთ დროს, ცხადია, ექიმს უნდა მიმართოთ.

პათოლოგიად არც ცრემლის გამოყოფა მიიჩნევა. პირიქით, ეს აუცილებელია მხედველობისთვის. ცრემლი თვალს ატენიანებს და ასუფთავებს – მიკრობებსა და უცხო ნაწილაკებს აშორებს. მაგრამ აქაც არსებობს ნორმა. ჭარბი ცრემლდენა, ისევე როგორც თვალის სიმშრალე, ავადმყოფობის ნიშანია.

 

დაბრკოლება არხში

ცრემლდენაც არის და ცრემლდენაც. ზოგჯერ ცრემლები ღაპაღუპით მოდის, მაშინაც კი, როდესაც საერთოდ არ გეტირებათ. ამ უსიამოვნებას უნდა ველოდოთ, თუ საცრემლე არხი დაიხშო – ცრემლს აღარსად აქვს წასასვლელი და ისღა დარჩენია, გარეთ გადმოიღვაროს.

საცრემლე არხის დახშობა ხშირია ახალშობილებთან, თუმცა მისგან არც მოზრდილები არიან დაზღვეულნი. ინფექციამ, ტრავმამ, სიმსივნემ ცრემლს ნებისმიერ ასაკში შეიძლება გადაუღობოს გზა.

დარღვევის მთავარი ნიშანი, როგორც ითქვა, უხვი ცრემლდენაა. თვალები ჩაწითლებულია, ჩასისხლიანებული, მათი შიდა კუთხეები – შესივებული და მტკივანი, მხედველობა – დაბინდული, ქუთუთოები – ქერქით დაფარული. ზოგჯერ ჩირქიანი გამონადენიც ჩნდება, რადგან ცრემლის დინების ნორმალური პროცესის შეფერხება ინფექციის განვითარებას უწყობს ხელს. ამავე მიზეზით ხშირია განმეორებითი ინფექციაც.

სამკურნალოდ ინიშნება ანტიბიოტიკების შემცველი თვალის წვეთები. ახალშობილებთან ეფექტურია მასაჟი. შესაძლოა, საჭირო გახდეს მცირე ქირურგიული ჩარევაც. საცრემლე არხის დახშობა მკურნალობას კარგად ექვემდებარება.

 

ვიყოთ ყურადღებით

ყურადღებას მოითხოვს თვალიდან გამოყოფილი ნებისმიერი სხვა სეკრეტიც. უმეტესად პრობლემა იოლი მოსაგვარებელია, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, თვალიდან გამონადენი სერიოზულ პათოლოგიაზე მიუთითებდეს და საფუძვლიან სამედიცინო ჩარევას მოითხოვდეს.

გამონადენი შესაძლოა იყოს უფერული, მწვანე, ყვითელი, ჟონავდეს ცალი ან ორივე თვალიდან, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც.

თვალიდან გამონადენს ბევრი რამ იწვევს: ალერგია, ინფექცია, ქიმიური გამღიზიანებლის ზემოქმედება, დაბინძურებული ჰაერი. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული მიზეზები.

 

შეტევა ლორწოვანზე

კონიუნქტივიტი თვალიდან გამონადენის ყველაზე ხშირი მიზეზია. ამასთან, სწორედ გამონადენის ხაასიათის მიხედვით გახლავთ შესაძლებელი სხვადასხვა წარმოშობის კონიუნქტივიტის ერთმანეთისგან დიფერენცირება.

ბლანტი გამონადენი და უხვი ცრემლდენა ალერგიაზე მიუთითებს. თუ მტვრისა და სხვა ალერგენების ზემოქმედების პასუხად განვითარებულმა ალერგიულმა რეაქციამ თვალებიც ჩაითრია, ცხვირიდან გამონადენს, ქავილს, ხველას თვალიდან გამონადენიც ემატება.

ყველაზე გავრცელებული ალერგენები ყვავილის მტვერი, მტვრის ტკიპა, ცხოველის ბეწვი და ობია. როდესაც ეს ნივთიერებები თვალში ხვდება, ორგანიზმი ჰისტამინის გამომუშავებას იწყებს. მისი გავლენით შუპდება კონიუნქტივის სისხლძარღვები. სწორედ ამის შედეგია ალერგიული კონიუნქტივიტის ნიშნები – ქავილსა და გამონადენთან ერთად თვალის სიწითლე, წვის შეგრძნება, ქუთუთოების შეშუპება, განსაკუთრებით – დილაობით. ბუნებრივია, დაავადებას სეზონურობა ახასიათებს. ხშირია ალერგიის ოჯახური ფორმები.

ალერგიის მკურნალობის საუკეთესო გზა ალერგენთან კონტაქტის შეზღუდვაა. ამისთვის ორი პირობა უნდა შესრულდეს: ვიცოდეთ, რომელი ალერგენი გვიმწარებს სიცოცხლეს და შესაძლებელი იყოს მისგან თავის დაღწევა. სამკურნალოდ ინიშნება ანტიჰისტამინები და დეკონგესტანტები თვალის წვეთების სახით. ისინი ეფექტურია, მაგრამ ზოგჯერ თვალებს აშრობს და დამატებით პრობლემებს უდებს სათავეს, ამიტომ თვალის წვეთების გამოყენება ხუთ დღეზე მეტხანს არ არის რეკომენდებული. უფრო მძიმე მდგომარეობის დროს მსუბუქი სტეროიდების ადგილობრივი ფორმები ინიშნება. მკურნალობა, ჩვეულებრივ, ეფექტურია, მაგრამ თუ ალერგენთან კონტაქტი გაგრძელდა, სიმპტომები შესაძლოა შენარჩუნდეს.

ინფექციური კონიუნქტივიტი ძალიან გავრცელებულია. გვხვდება როგორც ბავშვებთან, ისე მოზრდილებთან, განსაკუთრებით – გვიან შემოდგომაზე და ზამთარში. კონიუნქტივის ანთება ბაქტერიულიც შეიძლება იყოს და ვირუსულიც.

ვირუსული კონიუნქტივიტი წყლისმაგვარ გამონადენს იწვევს, ბაქტერიული ინფექციის დროს კი თვალიდან სქელი, ბლანტი სითხე დის. გამონადენს თან ახლავს სიწითლე, ქავილი, ცრემლდენა, წვა. ვირუსული კონიუნქტივიტი უმეტესად ადენოვირუსული ინფექციის შედეგია, შესაბამისად, წინ უძღვის ყელის ტკივილი, ხველა, სურდო.

ვირუსულ კონიუნქტივიტს ანტივირუსული და ალერგიის საწინააღმდეგო თვალის წვეთებით მკურნალობენ. მსუბუქი კონიუნქტივიტის მკურნალობა ბინაზე ხდება, მაგრამ თუ რამდენიმე დღეში მდგომარეობა არ გამოკეთდა, ექიმთან ხელმეორედ მისვლა მოგიწევთ.

უხვი მწვანე ან ყვითელი, სქელი, ბლანტი გამონადენი ბაქტერიული ინფექციის ნიშანია. ამ დროს შეშუპებულია ქუთუთოები, თვალიდან დის ლორწო, ჩირქი ან ცრემლი. გამონადენი ხმება და წამწამებსა და ქუთუთოებზე რჩება. ძილის დროს წამწამები შესაძლოა ერთმანეთს მიეწებოს და თვალების გახელა გაგიჭირდეთ. სკლერები ვარდისფერი ან წითელია (თუმცა შესაძლოა, ცვლილებები სკლერებს არც შეეხოს), მომატებულია მგრძნობელობა სინათლის მიმართ.

ბაქტერიული კონიუნქტივიტის დროს ანტიბიოტიკების შემცველი წვეთები ინიშნება. შესაძლოა, ექიმმა სხვა წამალიც გირჩიოთ.

ინფექციური კონინუქტივიტი ძალზე გადამდები დაავადებაა და სეზონურად ეპიდემიასავით ვრცელდება. მას უფრო ადვილად აარიდებთ თავს, თუ ხშირად დაიბანთ ხელებს, არ მოისვამთ თვალზე  დაუბანელ ხელს და, საზოგადოდ, დაიცავთ ინფექციასთან ბრძოლის წესებს.

ექიმს მიმართეთ, თუ მკურნალობის შედეგად:

* მდგომარეობა არ გაუმჯობესდა;

* თვალი აგტკივდათ;

* დაგიქვეითდათ მხედველობა;

* ქუთუთოები და კანი თვალების გარშემო შეშუპდა და გაწითლდა;

* სხვა სიმპტომებს დაერთო თავის ტკივილიც.

 

ჩირქოვანი გამონადენი

ჩირქოვანი გამონადენი რქოვანას ანთებას, კერატიტსაც ახასიათებს. კერატიტს უმთავრესად სტაფილოკოკი ან ფსევდომონა იწვევს. ის ყურადღებას მოითხოვს – ნებაზე მიშვებულმა დაავადებამ შესაძლოა მხედველობას შეუქმნას საფრთხე.

თვალის ინფექციის შედეგად შესაძლოა განვითარდეს რქოვანას წყლულიც. მას დაუყოვნებლივ სჭირდება მკურნალობა, ვინაიდან ძლიერ აზიანებს მხედველობას.

ქუთუთოების ცელულიტი ქუთუთოებისა და მათ ირგვლივ არსებული კანის ინფექციაა, როგორც წესი, ცალმხრივი. ხშირად ის ბაქტერიული კონიუნქტივიტის გართულებად გვევლინება.

ჩირქოვან გამონადენს იწვევს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიც – გონორეა, ქლამიდიოზი. ამ დროს გამონადენი სხვა ორგანოებიდანაც ჩნდება. მათ შესახებ ქვემოთ ვისაუბრებთ.

სიფრთხილე გვმართებს ჰერპესვირუსთან, რომელიც კერატიტის განვითარებას გვიქადის.

ჩირქოვანი გამონადენი შესაძლოა უცხო სხეულის ბრალიც იყოს. თუ ის თვალში მოხვდა და ჩარჩა, მხედველობის ორგანო ჩირქის გამომუშავებას დაიწყებს.

 

ექიმს მიმართეთ, თუ:

* გაწუხებთ თვალის მზარდი ტკივილი;

* ქუთუთოები შესივებული ან წითელია;

* მხედველობა დაგებინდათ, დაგიქვეითდათ;

* გაქვთ მაღალი სიცხე;

* ანტიბიოტიკით მკურნალობის მიუხედავად,    ჩირქოვანი გამონადენი არ გაქრა.

 

 

 

გამონადენი ცხვირიდან

 

ცხვირიდან გამონადენი ცხვირის ლორწოვანის შეშუპებისა და ლორწოს ჭარბი გამომუშავების შედეგია. ის ან გარეთ გამოდის, ან უკან, ყელში გადადის. უკანასკნელ შემთხვევაში სურდოსთან ერთად ხველა და ყელის ტკივილიც შეგაწუხებთ. ცხვირიდან გამონადენის მიზეზი ყველაზე ხშირად გაციება, გრიპი და სინუსური ინფექციაა. სამივე მათგანი, ბუნებრივია, უმეტესად ზამთარში გვხვდება. ზედა სასუნთქი გზების ინფექცია ზოგჯერ მხოლოდ სურდოთი ვლინდება, ზოგჯერ კი თან ახლავს ცხელება, ყელისა თუ ყურის ტკივილი, ხველა, ცემინება... დაახლოებით ერთ კვირაში ინფექცია თავისთავად გაივლის.

ცხვირიდან გამონადენი შესაძლოა იყოს ალერგიის, ცხვირის წვეთების ხანგრძლივი გამოყენების, ნაზალური პოლიპების, ვაზომოტორული რინიტის, ორსულობის ბრალიც. ვინაიდან ინფექციებზე ბევრჯერ გვისაუბრია, ამჯერად თქვენს ყურადღებას ცხვირიდან გამონადენის გამომწვევ სხვა მიზეზებზე შევაჩერებ.

 

წანაზარდები ცხვირში

ნაზალური პოლიპები ცხვირში, ცხვირის დანამატ წიაღში ან ცხვირის ღრუსა და წიაღების გასაყარზე არსებული წარმონაქმნებია.

პოლიპები, როგორც ჩანს, წარმოიქმნება ცხვირის ლორწოვანის ხანგრძლივი შეშუპების ან გაღიზიანების შედეგად, რაც, თავის მხრივ, ალერგიას, ასთმას და სასუნთქი გზების ინფექციას სდევს თან, თუმცა უცნობია, ზოგს რატომ უჩნდება პოლიპები, ზოგს კი - არა. ასეა თუ ისე, ნაზალური პოლიპების წარმოქმნის ალბათობა იმატებს, როდესაც გაქვთ ასთმა, ქრონიკული სინუსური ინფექცია, ცისტური ფიბროზი, თივის ცხელება.

სიმპტომები უმთავრესად პოლიპების ზომაზეა დამოკიდებული. პატარა წანაზარდები პრობლემებს არ იწვევს, დიდმა კი შესაძლოა ცხვირის ღრუს ან დანამატი წიაღების ბლოკირება გამოიწვიოს. თუ პოლიპებმა ჰაერსავალი გზები დაბლოკა, სინუსური ინფექცია განვითარდება. მას ამოიცნობთ ცხვირიდან გამონადენით, ცხვირის გაჭედვით, ხშირი ცემინებით, ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითება-დაკარგვით, თავის ტკივილით.

 

დიაგნოსტიკა-მკურნალობის შესახებ

ექიმი ცხვირის ღრუს დაათვალიერებს. იქ პოლიპების აღმოჩენა ძნელი არ არის, თუმცა ზოგჯერ უფრო საფუძვლიანი კვლევაც ხდება საჭირო.

პოლიპებით გამოწვეული სიმპტომების შესამსუბუქებლად სხვადასხვა წამალი ინიშნება, თუმცა მედიკამენტები მხოლოდ სიმპტომებს ამსუბუქებს და იშვიათად აღმოფხვრის მიზეზს.

როდესაც მედიკამენტები უეფექტოა ან პოლიპები მეტისმეტად დიდია, ოპერაცია ინიშნება. პოლიპებს ქირურგიული გზით აშორებენ. სამწუხაროდ, არ არის გამორიცხული, ოპერაციის შემდეგ წანაზარდები ისევ გაჩნდეს.

პოლიპების ზრდის პრევენცია შეუძლებელია, თუმცა ამის გამომწვევი მდგომარეობის აღკვეთა წანაზარდების გაჩენის ალბათობას საგრძნობლად შეამცირებს, ამიტომ აკონტროლეთ ალერგია და დროულად უმკურნალეთ ცხვირის ღრუსა და სინუსების ინფექციებს.

 

რაღაც სხვა

ზოგჯერ ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედვა და ცემინება არც ალერგიის შედეგია და არც გაციების. ასეთი "უმიზეზო" სურდოს ერთ-ერთი მიზეზია არაალერგიული რინოპათია, იგივე ვაზომოტორული რინიტი. მისი წარმოშობის ზუსტი მიზეზი უცნობია. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ არაალერგიული რინოპათია ვითარდება, როდესაც რაიმე ფაქტორი ცხვირის ლორწოვანის გაღიზიანებას იწვევს. ასეთი ფაქტორებია: მშრალი ჰავა, ჰაერის დაბინძურება, ალკოჰოლი, ზოგიერთი მედიკამენტი, მწარე საკვები, ძლიერი ემოცია, მძაფრი სუნი (პარფიუმერიისა, საწმენდი საშუალებისა) და სხვ.

დაავადების დიაგნოსტიკა ცხვირიდან გამონადენის, ცემინების, ნესტოების გაჭედვის სხვა მიზეზების გამორიცხვით ხდება.

ექიმი აღნუსხავს თქვენს სიმპტომებს, გკითხავთ, როგორია თქვენი საცხოვრებელი და სამუშაო გარემო. ზოგჯერ მდგომარეობის გამოსასწორებლად გამაღიზიანებელი ფაქტორების აღმოფხვრაც საკმარისია. შესაძლოა, შვება მოგგვაროთ გაჭედვის საწინააღმდეგო ან ანტიჰისტამინურმა ნაზალურმა სპრეიმ ან კორტიკოსტეროიდების შემცველმა პრეპარატებმაც.

 

საშინაო დავალება

რა მიზეზიც არ ჰქონდეს ნაზალურ გამონადენს, რამდენიმე წესის დაცვა მდგომარეობას საგრძნობლად შეამსუბუქებს.

მიუხედავად იმისა, რომ ცხვირიდან წყალივით მომავალი ლორწო არცთუ ისე სასიამოვნო რამაა, ნესტოების გაჭედვას ნამდვილად სჯობს. მეტიც:                                                          ჩვენი მიზანი გამონადენის შეჩერება კი არა, გათხელება და გამოძევებაა. ამ მიზნის მიღწევაში სითხეები დაგეხმარებათ, ამიტომ სვით ბევრი, განსაკუთრებით - წყალი. შეიძლება ჩაის, კომპოტის, ხილის ნატურალური წვენების სმაც. დაგეხმარებათ შემდეგი საშუალებებიც:

* თბილი კომპრესი - დღეში რამდენიმეჯერ სახეზე დაიდეთ ნამიანი ცხვირსახოცი;

* ორთქლის ინჰალაცია დღეში 2-4-ჯერ (მაგალითად, დაჯექით სააბაზანოში და მოუშვით ცხელი წყალი);

* ინჰალტორით ფიზიოლოგიური ხსნარის შესუნთქვა;

* ოთახში ჰაერის დატენიანება;

* მარილიანი ნაზალური სპრეის შესხურება დღეში 3-4 ჯერ.

* ცხვირის გამორეცხვა - შეგიძლიათ, იყიდოთ ან თავად მოამზადოთ მარილწყალი - 1 ჭიქა (240 მლ) ცხელ წყალში გახსნათ ნახევარი ჩაის კოვზი (3 გ) მარილი და ცოტაოდენი საკვები სოდა.

მდგომარეობა ხშირად წოლის დროს მძიმდება, ამიტომ მეტი დრო გაატარეთ ფეხზე, დაწოლისას კი თავი მაღალ სასთუმალზე დადეთ.

 

ცხვირიდან გამონადენს სხვადასხვა წამლით ებრძვიან. სურდოს საწინააღმდეგო საშუალებები სისხლძარღვებს ავიწროებს, შეშუპებას აცხრობს და მდგომარეობას აუმჯობესებს, მაგრამ ასეთი პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება არ შეიძლება, თორემ საპირისიპირო შედეგს მიიღებთ. ალერგიის დროს ანტიჰისტამინური პრეპარატები ინიშნება, თუმცა მათთანაც სიფრთხილე გმართებთ - ზოგიერთი მათგანი ძილიანობას იწვევს. ერთი სიტყვით, ექსპერიმენტებს ერიდეთ და რჩევა ექიმს ჰკითხეთ. სრულიად უსაფრთხოა მარილიანი წყალი. ის ნებისმიერ ასაკში თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

 

მიმართეთ ექიმს, თუ:

* გამონადენს (ან ცხვირის გაჭედვას) ერთვის შუბლის, თვალბუდეების ტკივილი, მხედველობის გაუარესება;

* გტკივათ ყელი, გაქვთ თეთრი/ყვითელი ლაქები ნუშურა ჯირკვლებზე;

* გამონადენს აქვს უსიამოვნო სუნი ან უჩვეულო ფერი (არ არის თეთრი ან ყვითელი) ან დის მხოლოდ ცალი ნესტოდან;

* გამონადენს თან ახლავს ხველა, რომელიც ათ დღეზე მეტია გრძელდება;

* გამონადენს თან ახლავს ხველა და მოყვითალო-მომწვანო ან ნაცრისფერი ნახველი;

* გამონადენს თან ახლავს მაღალი ტემპერატურა;

* გამონადენი გაჩნდა თავის ტვინის ტრავმის შემდეგ;

* სიმპტომები 3 კვირაზე მეტია გრძელდება.

 

გოგირდი ყურში – ნორმა თუ პათოლოგია?

 

ჩირქოვანი, ლორწოვანი თუ სხვა ტიპის გამონადენი შესაძლოა ყურშიც გაჩნდეს. როდესაც საუბარი სმენის ორგანოს ეხება, ამ ჩამონათვალს კიდევ ერთი სეკრეტი ემატება – გოგირდოვანი მასა. ეს უკანასკნელი ყურიდან გამონადენის ყველაზე ხშირი ფორმაა. მაგრამ ნორმაა ეს თუ პათოლოგია და საჭიროა თუ არა მისი მოცილება?

 

გოგირდი გარეთა სასმენ მილში წარმოიქმნება. ეს უკანასკნელი ყურის ხილული ნაწილიდან შუა ყურამდეა გადაჭიმული. ამ უბანში კანი სპეციფიკურ ჯირკვლებს შეიცავს, რომლებიც გოგირდს გამოიმუშავებს.

ჯირკვლებიდან გამოთავისუფლების შემდეგ გოგირდი ნელა გადაადგილდება ყურის ხილული ნაწილისკენ და ან თავისთავად, ან ბანაობისას ყურს სცილდება.

ყურში არსებული ჯირკვლები მუდმივად გამოიმუშავებს გოგირდს, შესაბამისად, სასმენ მილში ყოველთვის არის საკმარისი ცვილი.

ყურის გოგირდს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. უპირველეს ყოვლისა, ის ატენიანებს სასმენი მილის კანს, რითაც ყურის გამოშრობას გვაცილებს თავიდან. მეორე: შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც მავნე მიკრობებს ანადგურებს და ინფექციისგან გვიცავს. დაბოლოს, გოგირდი ერთგვარი ფარია, აღმართული გარე სამყაროსა და ყურის შიდა სტრუქტურებს შორის. როდესაც მტვერი, ჭუჭყი და სხვა არასასურველი ნაწილაკები სმენის ორგანოში ხვდება, გოგირდი შთანთქავს მათ და ყურის სიღრმეში მოხვედრის საშუალებას არ აძლევს. ასე რომ, მისი გაქრობა ნამდვილად ვერ მოგვიტანს სიკეთეს. შესაბამისად, შეცდომაა გოგირდთან შეურიგებელი ბრძოლა და ათასგვარი საშუალებით ყურის სიღრმეებში შეღწევის სურვილი – იქიდან გოგირდს ვერ მოვსპობთ და არც არის საჭირო. რეგულარული ბანა ყურის სისუფთავის შესანარჩუნებლად სავსებით საკმარისია. გოგირდის მოსაშორებლად შეგიძლიათ, გარეთა ყური პირსახოცითაც გაიწმინდოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ამისთვის ბამბის ჩხირი, თითი ან სხვა გრძელი საგანი – სასმენი მილი და დაფის აპკი ძალიან რბილია და ადვილად ზიანდება. გარდა ამისა, ზეწოლის შედეგად გოგირდი შესაძლოა უფრო ღრმად შეიტანოთ ყურში. დაუკვირდით: გოგირდის დანიშნულებაა, მავნე ნაწილაკები ყურის სიღრმეში არ მოხვდეს, თქვენ კი ზედმეტი აქტიურობით სწორედ საპირისპიროს შეუწყობთ ხელს.

 

გოგირდოვანი ბლოკადა

გამონადენიც არის და გამონადენიც. ზოგი ადამიანის ყური დიდი რაოდენობით გოგირდს გამოიმუშავებს და მხოლოდ ბანაობა საქმეს ვეღარ შველის. როდესაც გოგირდი ჭარბად გროვდება ან მეტისმეტად სქელია და ბუნებრივი გზით მისი ჩამობანა ვერ ხერხდება, ყალიბდება გოგირდის საცობი.

არც ის არის გამორიცხული, ბლოკირების მიზეზი ბამბის ტამპონით ან სხვა საგნით ყურის გაწმენდის მცდელობა იყოს. როგორც ითქვა, ამის შედეგად გოგირდი არათუ გარეთ ვერ გამოდის, არამედ  უფრო ღრმად იჭრება ყურში, საიდანაც მისი გამოძევება გაცილებით ძნელია.

გოგირდოვან ბლოკადას ამოიცნობთ:

* დაზიანებული ყურის ტკივილით;

* დაზიანების მხარეს სისავსის, დაგუბების შეგრძნება, სმენის დაქვეითებით;

* ტინიტუსით (ხმაურით ყურში);

* თავბრუხვევით.

 

ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ. გაითვალისწინეთ: მსგავსი კლინიკური ნიშნები ყურის არაერთ დაავადებას ახასიათებს. იმის განსაზღვრას, ჩივილების მიზეზი გოგირდის საცობია თუ სხვა პათოლოგია, თქვენ ვერ მოახერხებთ, ეს ექიმის პრეროგატივაა, ამიტომ პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას ნუ ეცდებით.

ჭარბი გოგირდის ევაკუაციაც, უმჯობესია, ექიმს მიანდოთ – თქვენი მცდელობა შესაძლოა დაფის აპკის გახევის და მძიმე გართულების მიზეზად იქცეს. ექიმი დაგინიშნავთ მედიკამენტებს, რომლებიც გოგირდს არბილებს და მისგან გათავისუფლებას უწყობს ხელს.

თუ ყურის წვეთებით მკურნალობამ ვერ გიშველათ, ირიგაციას (გამორეცხვას) ჩაგიტარებენ. ეს ინვაზიური პროცედურაა და, ცხადია, ექიმს უნდა მიანდოთ.

თუ გოგირდის საცობი ხშირად ჩნდება, დამარბილებელ წვეთებს პრევენციული მიზნითაც დაგინიშნავენ, თუმცა დღესდღეობით არ არსებობს ისეთი საშუალება, რომელიც პრობლემის განმეორებას სრულიად გამორიცხავს.

 

ცურვის ცუდი შედეგი

 

მოცურავის ყური – ასე მოიხსენიებენ გარეთა ყურის ანთებას, რომელიც ყურიდან გამონადენის ხშირი მიზეზია. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ დაავადების განვითარებაში უმეტესად ცურვას მიუძღვის ბრალი. ინფექციას ბაქტერიები და სოკოები იწვევს. ანთებითი პროცესი ზოგჯერ მთელ სიგრძეზე აზიანებს სასმენ მილს, ზოგჯერ  კი გარკვეულ უბანზე ლოკალიზდება. სასმენი მილი ყველაზე ხშირად ფსევდომონასა და სტაფილოკოკს იზიდავს. სოკოვანი ინფექცია შედარებით იშვიათია. ამ შემთხვევაში აგრესორებად შავი ასპერგილუსი და თეთრი კანდიდა გვევლინებიან.

არსებობს ავთვისებიანი გარეგანი ოტიტი – ყურის ანთების იშვიათი, თუმცა ძალიან აგრესიული ფორმა, რომელიც საფეთქლის ძვალზე ვრცელდება და ძვლის ინფექციას – ოსტეომიელიტს იწვევს.

მწვავე გარეთა ოტიტის განვითარების ალბათობა იმატებს, როდესაც გაქვთ ალერგია, ფსორიაზი, ეგზემა, სებორეული დერმატიტი. დაავადების რისკფაქტორებად ასევე მიიჩნევა:

* ყურში წყლის მოხვედრა, განსაკუთრებით – ცურვისას;

* ყურის გაწმენდის დროს სასმენი მილის დაზიანება;

* სასმენი აპარატის გამოყენება (განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოწყობილობას სათანადოდ არ წმენდენ);

* ყურში გამაღიზიანებელი ნივთიერებების (მაგალითად, თმის ლაქის) მოხვედრა.

 

გამონადენის შესახებ

გამონადენი გარეთა ოტიტის ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია. ის თეთრი ან ყვითელია და უსიამოვნო სუნი აქვს. გამონადენს თან ახლავს ყურის ტკივილი და სიწითლე. სასმენი მილი შესაძლოა შეშუპებულიც იყოს. ზოგჯერ შეშუპება იმდენად ძლიერია, რომ მილი იხშობა და ბგერას ვეღარ ატარებს.

სოკოვანი ინფექციისთვის ყურის ტკივილზე მეტად ქავილია დამახასიათებელი. ჩნდება ყურის დაგუბების შეგრძნებაც. ასპერგილუსით გამოწვეული ინფექციის დროს წარმოიქმნება ნაცრისფერი, შავი ან ყვითელი წერტილები, რომლებსაც გარს ბამბისმაგვარი ნივთიერება აკრავს. კანდიდოზი ამგვარ ცვლილებას არ იწვევს. მისთვის სქელი, კრემისმაგვარი, თეთრი გამონადენია დამახასიათებელი.

ბაქტერიული ანთების სამკურნალოდ წვეთებს დაგინიშნავენ, რომლებიც მჟავას და კორტიკოსტეროიდებს შეიცავს. ზოგჯერ საჭიროა ადგილობრივი ანტიბიოტიკების გამოყენებაც, იშვიათად კი მათი სისტემური ფორმა, ტაბლეტები ინიშნება. მკურნალობის დაწყებამდე ექიმი აუცილებლად გაწმენდს ყურს, მოაცილებს მას ჭუჭყს, ჩირქს. სასმენი მილის გაწმენდის შემდეგ სმენა, როგორც წესი, აღდგება.

ტკივილს ანალგეტიკები შეგიმსუბუქებთ. ისინი განსაკუთრებით დაგეხმარებათ პირველი 24-48 საათის განმავლობაში, სანამ ანთება ჩაცხრობას დაიწყებს.

სოკოვანი ინფექციის დროსაც საგულდაგულოდ ასუფთავებენ სასმენ მილს და სოკოს საწინააღმდეგო წვეთებს გამოწერენ. შესაძლოა, განმეორებითი გაწმენდაც გახდეს საჭირო. ზოგიერთი პროფესიონალის აზრით, სოკოვანი დაავადების დროს განსაკუთრებით ეფექტურია სპირტისა და თეთრი ძმრის ნარევი: სპირტი მილის გამოშრობას უწყობს ხელს, ძმარი კი მჟავა გარემოს აღადგენს. შეგახსენებთ, სოკოების გამრავლება სწორედ მჟავატუტოვანი დისბალანსის შედეგია.

როგორც ბაქტერიული, ისე სოკოვანი ინფექციის დროს აუცილებელია ყურის სიმშრალის შენარჩუნება, სანამ ინფექცია არ გაივლის.

 

პრობლემების გულში

ყურიდან გამონადენი შესაძლოა შუა ოტიტის ბრალიც იყოს. შუა ოტიტი შუა ყურის ანთებაა, ბავშვთა ყველაზე გავრცელებული ინფექცია. ის, წესისამებრ, გაციების, გრიპის შედეგია და ყველაზე ხშირად წლის ცივ პერიოდში იჩენს თავს, ამიტომ ოტიტთან ერთად პატარას შესაძლოა სასუნთქი გზების ინფექციის ნიშნებიც ჰქონდეს – ცხელება, ხველა, ყელის ტკივილი, სურდო. ოტიტის ამოცნობა ძნელი არ არის: ყურის ძლიერი ტკივილი, განსაკუთრებით – ღამით, უძილობა, მოუსვენრობა, ტირილი... შესაძლოა, ყურიდან სითხემაც გამოჟონოს. გამომწვევისა და მდგომარეობის სირთულის მიხედვით, გამონადენი ლორწოვანი ან ჩირქიანია.

ხშირად მწვავე ოტიტი თავისთავად გაივლის. ტკივილის დასაამებლად ანალგეტიკების გამოყენებაა რეკომენდებული. მათთან ერთად ყურის წვეთებსაც გამოწერენ.

 

შავი ხვრელი ყურში

ყურიდან გამონადენი თუ გაჩნდა, უნდა შემოწმდეს, პერფორირებული (გახვრეტილი) ხომ არ არის დაფის აპკი. პერფორაციის დროს გამონადენი თეთრია, ლორწოვანი, ზოგჯერ შეიცავს სისხლს.

დაფის აპკი თხელი ქსოვილია, რომელიც გარეთა ყურს შუა ყურისგან მიჯნავს. მის პერფორაციას იწვევს:

* შუა ყურის ანთება – ინფექცია ხშირად იწვევს შუა ყურში სითხის დაგროვებას. დაგროვილი სითხე დაფის აპკს აწვება და შესაძლოა, მისი მთლიანობა დაარღვიოს;

* ბაროტრავმა – ამ დროს დაფის აპკის პერფორაცია ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობის შედეგია. ბაროტრავმა ხშირია ფრენის დროს. შესაძლოა, განვითარდეს ავტოსაგზაო ავარიის, წყალქვეშ ცურვის დროსაც;

* აკუსტიკური ტრავმა – ამ შემთხვევაში დაფის აპკი ძლიერი ხმაურის ან აფეთქების შედეგად იხევა, თუმცა ძლიერი ბგერითი ტალღა იშვიათად იწვევს ასეთ შედეგს;

* უცხო სხეული – ნებისმიერ უცხო სხეულს, მათ შორის – ყურის საწმენდ ბამბის ჩხირს, შეუძლია, დააზიანოს დაფის აპკი, განსაკუთრებით – ბავშვებთან;

* თავის ტვინის ძლიერი ტრავმა.

დაფის აპკის პერფორაცია ვლინდება:

* ყურის ტკივილით;

* ყურიდან ლორწოვანი, ჩირქოვანი ან სისხლიანი გამონადენით;

* სმენის დაქვეითებით;

* თავბრუხვევით;

* ტინიტუსით;

* გულისრევით, ღებინებით (თავბრუხვევის შედეგად).

 

დარღვეული ჰარმონია

დაფის აპკს ორი უმთავრესი დანიშნულება აქვს. პირველი: ის სმენით აღქმაში მონაწილეობს (როდესაც ბგერითი ტალღა დაფის აპკს ხვდება, ეს უკანასკნელი ვიბრირებს, რაც ბგერითი ტალღის ნერვულ იმპულსად გარდაქმნის პირველი ეტაპია). მეორე: ბარიერული ფუნქცია აკისრია – შუა ყურს წყლის, ბაქტერიებისა და უცხო სხეულებისგან იცავს.

ამის კვალობაზე, დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა იწვევს:

* სმენის დაქვეითებას, რომელიც, წესისამებრ, დროებითია და დაფის აპკის მთლიანობის აღდგენამდე გასტანს. სმენის დაქვეითების ხარისხი დაზიანების სიმძიმეზეა დამოკიდებული;

* შუა ყურის ინფექციას – დაფის აპკის მთლიანობის დარღვევისას ბაქტერიები ადვილად იჭრებიან შუა ყურში;

* შუა ყურის კისტას – ქოლესტეატომა ძალიან იშვიათი გართულებაა. ის კანის უჯრედებისა და სხვა ნარჩენებისგან შედგება და დაფის აპკის ხანგრძლივი დაზიანების შედეგად ყალიბდება.

დაფის აპკის მთლიანობა უმეტესად თავისთავად აღდგება, თუმცა არ არის გამორიცხული, პრობლემის მოსაგვარებლად ქირურგიული ჩარევა გახდეს საჭირო.

დაფის აპკის პერფორაციის თავიდან ასაცილებლად:

* დროულად უმკურნალეთ ოტიტს. გახსოვდეთ მისი სიმპტომები: ყურის ტკივილი, ცხელება, ცხვირის გაჭედვა, სმენის დაქვეითება, ბავშვებთან – მოუსვენრობა.

* დაიცავით ყურები ფრენის დროს – არ დაიძინოთ აფრენისას და დაშვებისას და ამ დროს სპეციალური დამცავი გამოიყენეთ. თუ გაციების ან ალერგიის გამო ცხვირის გაჭედვას ან ყურების დაგუბებას უჩივით, თავი არიდეთ ფრენას.

* ერიდეთ ხმაურს. თუ მეტისმეტად ხმაურიან გარემოში მუშაობა ან ცხოვრება გიწევთ, გამოიყენეთ დამცავი.

* არ შეიყოთ ყურში არავითარი გრძელი, წვეტიანინივთი. მკაცრად აკონტროლეთ პატარებიც.

 

ახლა კი შევაჯამოთ. მიმართეთ ექიმს, თუ:

* უჩივით ყურიდან ნებისმიერი ტიპის გამონადენს;

* გამონადენი გაჩნდა ტრავმის შედეგად;

* გამონადენი 5 დღეზე მეტია გრძელდება;

* თან ახლავს ყურის ძლიერი ტკივილი, ცხელება, თავის ტკივილი;

* დაგიქვეითდათ სმენა;

* შეამჩნიეთ სახის ასიმეტრია ან სახის კუნთების სისუსტე.

 

საშოდან გამონადენი – რა გვეშლება?

ტუალეტის ქაღალდზე ან საცვალზე გამონადენი შეამჩნიეთ? ალბათ, თქვენს ცხოვრებაში ეს პირველად არ ხდება. ექიმთან მისვლას ვერ ახერხებთ (ან გერიდებათ) და უკვე წლებია, ვაგინალურ გამონადენს თავად ებრძვით? ათასგვარი სპრეი, გელი თუ საპონი მოსინჯეთ, მაგრამ უშედეგოდ? ზოგჯერ სისუფთავისა და სიმშრალის შეგრძნებით ტკბებით, ზოგჯერ კი გამონადენი ისეთი უხვია, რომ ჰიგიენური საფენის გარეშე ფონს გასვლა გიჭირთ? მოდი, გავიგოთ, სად უშვებთ შეცდომას.

 

რატომ ვებრძვით?

საშოდან გამონადენს მრავალი დაავადება იწვევს. ის შესაძლოა იყოს სქელი, პასტისმაგვარი ან თხელი, გამჭვირვალე, მღვრიე ან სისხლიანი, თეთრი, ყვითელი, მწვანე, უსუნო ან სუნიანი, თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც, თავისთავად გაქრეს ან მკურნალობა დასჭირდეს... მთავარი ის არის, რომ ვაგინალური გამონადენი ყოველთვის პრობლემაზე არ მიუთითებს. შესაბამისად, ყოველთვის არც მასთან ბრძოლაა გამართლებული.

 

რა არის ნორმალური?

საშვილოსნოს ყელსა და საშოს კედლებზე განლაგებულია პატარა ჯირკვლები, რომლებიც ლორწოს გამოიმუშავებს. ის აუცილებელია, რადგან ხელს უწყობს საშოს ჯანმრთელობისა და სისუფთავის შენარჩუნებას: წმენდს და ძველ უჯრედებს აშორებს, ატენიანებს და ინფექციისგან იცავს. ამგვარ “ფიზიოლოგიურ აბაზანას” საშო ყოველდღე იღებს, მაგრამ ეს პროცესი ზოგჯერ სრულიად შეუმჩნეველია ან თვის მხოლოდ განსაზღვრულ დღეებში (მაგალითად, ოვულაციის პერიოდში) გვახსენებს თავს.

განსაკუთრებით ინტენსიურად გამონადენის წარმოქმნა რეპროდუქციულ ასაკში მიმდინარეობს. ნორმალური გამონადენი ოდნავ თხელია, ბლანტი, თეთრი ან გამჭვირვალე, მისი რაოდენობა კი უმთავრესად ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. ამასთან, როგორც ითქვა, გამოყოფილი ლორწოს რაოდენობა მენსტრუალური ციკლის განმავლობაშიც იცვლება. ამის მიზეზი ჰორმონული ცვლილებებია. საშოდან ნორმალური გამონადენის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს ოვულაციის დროს, ორსულობისას, აღგზნებისას. ამგვარი გამონადენი  პათოლოგიად არ მიიჩნევა და, შესაბამისად, არც მკურნალობს მოითხოვს.

მშვიდად ყოფნას ვერ გირჩევთ, თუ, მაგალითად, გამონადენს მყრალი სუნი აქვს ან საშოს ძლიერი ქავილი ახლავს თან. საზოგადოდ, პრობლემაზე მიუთითებს:

* გამონადენის სუნის შეცვლა. განსაკუთრებით საყურადღებოა მყრალი გამონადენი;

* ფერის შეცვლა, მეტადრე – თუ გამონადენი მწვანე ან მონაცრისფროა;

* ტექსტურის შეცვლა – ქაფიანი ან ხაჭოსმაგვარი კონსისტენცია;

* თანმხლები სიმპტომები – ქავილი, წვა, შეშუპება, სიწითლე საშოს მიდამოში;

* სისხლიანი მინარევი.

 

გამონადენი როგორც სიმპტომი

საშოდან პათოლოგიური გამონადენი მრავალ ინფექციას ახასიათებს. ინფექციურ პათოლოგიათა სამეული ასე გამოიყურება:

* ბაქტერიული ვაგინოზი;

* საშოს სოკოვანი ინფექცია;

* სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები – გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონიაზი.

საშოდან უჩვეულო გამონადენის მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს:

* მენოპაუზა ან ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელსაც ესტროგენის დონის დაქვეითება ახასიათებს – ამ ჰორმონის დეფიციტი საშოს სიმშრალეს იწვევს და გამონადენთან ერთად სხვა ნიშნებითაც ვლინდება (ე.წ. ატროფიული ვაგინიტი);

* უცხო სხეული საშოში – ეს უმეტესად დავიწყებული ტამპონია. ამ დროს ვაგინალურ გამონადენს უსიამოვნო სუნი აქვს;

* საშოს გაღიზიანება – საშოს ბიოქიმიურ შემადგენლობაზე უარყოფითად მოქმედებს ქიმიური ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს სარეცხი საშუალებები, ქსოვილის დამარბილებლები, სპრეი, კრემები, ფხვნილები და ინტიმური ჰიგიენის ზოგიერთი საშუალება;

* სხვა დაავადებები – იშვიათად საშოდან გამონადენი დერმატოლოგიური პრობლემების ან სასქესო ორგანოების ავთვისებიანი დაავადების შედეგია.

 

-----------

ბაქტერიების სამიზნე

თუ საშოს ბაქტერიებმა შეაფარეს თავი, ბაქტერიული ვაგინოზი განვითარდება. ეს 15-დან 44 წლამდე ასაკის ქალებში ყველაზე გავრცელებული ვაგინალური ინფექციაა.

მეცნიერებს ჯერაც ვერ დაუდგენიათ ბაქტერიული ვაგინოზის მიზეზი. უფრო სწორად, დაუდგენელია, რატომ ემართება ინფექცია ზოგ ქალს, ზოგს კი – არა. უცნობია ინფექციის გადაცემის გზებიც. რაც ვიცით, ისაა, რომ ინფექცია უმეტესად სქესობრივად აქტიურ ქალებთან გვხვდება და სასარგებლო და მავნე ბაქტერიებს შორის ბალანსის დარღვევის შედეგია. დარღვეული წონასწორობა მავნე ბაქტერიების გააქტიურებას და დაავადების განვითარებას იწვევს. ბალანსი ადვილად დაირღვევა, თუ იყენებთ არომატულ ჰიგიენურ საშუალებებს, ბანაობისას იტარებთ საშოს აბაზანებს, ხშირად იცვლით სქესობრივ პარტნიორს.

ვიცით ისიც, რომ ვაგინოზი არ ვრცელდება კონტაქტური გზით – უნიტაზის ზედაპირიდან, აუზიდან, თეთრეულიდან.

ვინაიდან ბაქტერიული ვაგინოზის გადაცემის გზები უცნობია, არც მისი პრევენციის ეფექტური საშუალებები არსებობს.

 

როგორ ამოვიცნოთ

ბაქტერიულ ვაგინოზს ახასიათებს თხელი, მოთეთრო-მონაცრისფრო გამონადენი საშოდან, ტკივილი, ქავილი ან წვა საშოს მიდამოში, წვა შარდვის დროს, გამონაყარი საშოს ირგვლივ, ძლიერი თევზისმაგვარი სუნი, რომელიც განსაკუთრებით იგრძნობა სქესობრივი კონტაქტის შემდეგ. თუმცა არც დაავადების უსიმპტომო ფორმებია იშვიათი.

 

რატომ ვუფრთხით ინფექციას?

უსიამოვნო სუნი და ჭარბი გამონადენი არავის სიამოვნებს, მაგრამ ბაქტერიულ ვაგინოზს სხვა მიზეზითაც ვუფრთხით – ის სხვა დაავადებების, მათ შორის – სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, ალბათობას ზრდის. ეს ინფექციები კი, თავის მხრივ, მენჯის ანთებით დაავადებას იწვევს, რომელიც უნაყოფობის მიზეზად მიიჩნევა.

ნებაზე მიშვებული ბაქტერიული ვაგინოზის დროს იმატებს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით ინფიცირების რისკიც, – ცხადია, თუ გაქვთ სქესობრივი კონტაქტი აივინფიცირებულთან, – და პირიქით: თუ თავად ხართ აივინფიცირებული, ბაქტერიული ვაგინოზის შემთხვევაში მეტია ალბათობა, ინფექცია პარტნიორს გადასდოთ.

თუ ბაქტერიული ვაგინოზის მსხვერპლი ორსულია, იმატებს ნაადრევი მშობიარობის ან მცირე მასის ახალშობილის დაბადების რისკიც.

 

მკურნალობის შესახებ

ბაქტერიული ვაგინოზი ზოგჯერ თავისთავად გაივლის, თუმცა ამის იმედად ყოფნას არ გირჩევთ. აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ მკურნალობა. გახსოვდეთ, მედიკამენტების მიღება უნდა გააგრძელოთ იმდენ ხანს, რამდენსაც ექიმი დაგინიშნავთ, მიუხედავად იმისა, რომ სიმპტომები მალევე გაქრება.

მკურნალობა ამცირებს სქესობრივი გზით გადამდები ზოგიერთი ინფექციის განვითარების ალბათობას. არც ის არის გამორიცხული, დაავადება მკურნალობის შემდეგ ისევ დაბრუნდეს. პარტნიორი მამაკაცის მკურნალობა, როგორც წესი, არ არის საჭირო. 

 

---

სოკოები შეტევაზე

საშოს სოკოვან ინფექციას სოკო კანდიდას უნდა ვუმადლოდეთ. ვაგინალური კანდიდოზი ძალზე გავრცელებული დაავადებაა – ოთხიდან სამ ქალს სიცოცხლეში ერთხელ მაინც აქვს გადატანილი, ქალების ნახევარს კი – ორჯერ ან მეტჯერ. მართალია, ქალები მისგან არც ერთ ასაკში არ არიან დაზღვეულნი, მაგრამ ვაგინალური კანდიდოზი შედარებით იშვიათია პუბერტატულ პერიოდში და მენოპაუზის შემდეგ. სამაგიეროდ, რისკი იმატებს თუ:

* ხართ ორსულად;

* გაქვთ დიაბეტი და არ აკონტროლებთ სისხლში შაქრის დონეს;

* იღებთ ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ესტროგენს შეიცავს;

* ხშირად იღებთ ანტიბიოტიკებს, განსაკუთებით – ამოქსიცილინს ან სტეროიდებს;

* დაქვეითებული გაქვთ იმუნიტეტი;

* იტარებთ საშოს აბაზანას ან იყენებთ ინტიმური ჰიგიენის სურნელოვან საშუალებებს.

 

აღმართში მოწეული ქვა

სოკო კანდიდა საშოში მუდმივად ბინადრობს, მაგრამ უმეტესად არაფერს აშავებს, არის თავისთვის და შეტევისთვის ხელსაყრელ დროს ელოდება. ასეთი დრო კი მაშინ დგება, როდესაც საშოს მჟავატუტოვანი ბალანსი ირღვევა ან იმუნიტეტი სუსტდება. ამიტომ არის ინფექცია ესოდენ ხშირი ანტიბიოტიკოთერაპიის, შიდსის, დიაბეტისა და იმუნოსუპრესიით მიმდინარე დაავადებების ფონზე.

 

ამოვიცნოთ სოკო

სქელი, თეთრი, ხაჭოსმაგვარი გამონადენი სოკოვანი ინფექციის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. გამონადენს არ აქვს უსიამოვნო სუნი. მასთან ერთად დაავადებას ახასიათებს საშოს ძლიერი ქავილი, წვა, სიწითლე, შეშუპება საშოს მიდამოში, ტკივილი შარდვისა და სქესობრივი კონტაქტის დროს. შესაძლოა, ჩამოთვლილთაგან მხოლოდ რამდენიმე სიმპტომმა იჩინოს თავი.

 

სქესობრივი გზითაც ვრცელდება?

სოკოვანი ინფექცია არ შედის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ჩამონათვალში, ვინაიდან ის შესაძლოა სხვა გზითაც დაგემართოთ, მაგრამ ინფიცირების ერთ-ერთი გზა ნამდვილადაა სქესობრივი კონტაქტი.

საბედნიეროდ, დაავადება საშიში არ არის და არც მძიმე გართულებებს იწვევს, მაგრამ ქავილი ზოგჯერ იმდენად ინტენსიურია, რომ დაავადების ნაკლებად აგრესიული ბუნება ქალისთვის დიდი ვერაფერი შეღავათია.

 

მკურნალობის შესახებ

სოკოვან ინფექციას, როგორც წესი, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით მკურნალობენ. არსებობს მათი სხვადასხვა ფორმა – მალამო, ვაგინალური სანთლები... ადგილობრივი მოქმედების პრეპარატებთან ერთად ექიმმა შესაძლოა სისტემური მედიკამენტებიც გამოგიწეროთ. ორსულობის დროს მკურნალობა სოკოს საწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალებებით ტარდება – აბებმა შესაძლოა ნაყოფის დეფექტები გამოიწვიოს.

მკურნალობა ზოგჯერ პარტნიორსაც სჭირდება. სტატისტიკური მონაცემებით, სოკოვანი ინფექცია იმ მამაკაცების 15%-ს უვითარდება, რომლებსაც დაუცველი სქესობრივი კავშირი ჰქონდათ სოკოვანი ინფექციით დაავადებულ ქალთან. დიაბეტიანი მამაკაცებისთვის რისკი განსაკუთრებით მაღალია.

თუ წლის განმავლობაში ოთხზე მეტჯერ გადაიტანეთ სოკოვანი ინფექცია ან დაავადებამ სათანადო მკურნალობის შემდეგაც კი არ გაიარა, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტების რეგულარული მიღება დაგჭირდებათ.

 

სიმარტივის სირთულეები

სოკოვანი ინფექცია, როგორც ვთქვით, ნაკლებად აგრესიული ბუნებისაა, მკურნალობასაც ადვილად ექვემდებარება და არც საშიშ გართულებებს იწვევს, თუმცა ეს სიკეთე ზოგჯერ პრობლემების წყაროდ იქცევა. საქმე ის არის, რომ სოკოვან ინფექციას მისი სიმარტივის გამო სერიოზულად არ აღიქვამენ და არც მკურნალობას ჩქარობენ. მეტიც – თვითნებურად იწყებენ მკურნალობას. ასე მოქცევას არ გირჩევთ. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ სოკოვან ინფექციას არ აქვს სპეციფიკური ნიშნები, მისი მსგავსი კლინიკური სურათი არაერთი ვაგინალური პათოლოგიის, მათ შორის – სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, დროსაც გვხვდება, ისინი კი არცთუ ისე უწყინარი დაავადებებია და სერიოზულ გართულებებს გვიქადის. ასე რომ, შეუიარაღებელი თვალით, ლაბორატორიული დადასტურების გარეშე, ზუსტი დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. შესაბამისად, შესაძლოა, სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტებით სულ სხვა დააავადებას “მკურნალობდეთ”, ეს კი ორმაგად უარყოფით შედეგს მოგიტანთ: ჯერ ერთი, ვერ განიკურნებით, მეორე – სოკოს საწინააღმდეგო პრეპარეტების შეუსაბამო გამოყენების შედეგად მათ მიმართ რეზისტენტობა ჩამოყალიბდება და თუ მომავალში ნამდვილად დაგემართათ სოკოვანი ინფექცია, მკურნალობა ერთიორად გართულდება. გარდა ამისა, სოკოვანი ინფექციის საწინააღმდეგო ზოგიერთი მედიკამენტი ასუსტებს ჩასახვის საწინააღმდეგო ბარიერულ საშუალებებს და არასასურველი ორსულობისა თუ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის რისკს ზრდის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ სოკოვან ინფექციად შესაძლოა ძალზე სერიოზული დაავადება მიიჩნიოთ და მკურნალობის დაგვიანებით შეუქცევადი ცვლილებების განვითარებას შეუწყოთ ხელი. ამიტომ თუ ეჭვობთ, რომ თქვენს სასქესო ორგანოებში სოკოები გამრავლდნენ, აუცილებელად მიმართეთ ექიმს.

 

---------

 

საშინაო დავალება საშოს ჯანმრთელობისთვის

საშოს სისუფთავე და სიმშრალე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არც ის დაივიწყოთ, რომ ინფექციის განვითარებას ზოგჯერ ჰიგიენის წესების უგულებელყოფა კი არა, მათი ზედმეტად გულმოდგინე დაცვა იწვევს. საშოს სწორი ჰიგიენის წესები ასეთია:

* ჩაიბანეთ წინიდან უკუმიმართულებით.

* ბანაობის შემდეგ საგულდაგულოდ გაიმშრალეთ ინტიმური ადგილები სუფთა, მშრალი ქსოვილის ან ქაღალდის პირსახოცით.

* შესაძლოა, პირსახოცზე მეტად ფენით გაშრობა გესიამოვნოთ – გაღიზიანებულ უბნებზე ქსოვილის მოხვედრა ზოგჯერ ქავილს და წვას აძლიერებს.

* ატარეთ თავისუფალი ტანსაცმელი, ერიდეთ მოჭერილ სამოსსა და თეთრეულს, უარი თქვით სინთეტიკაზე, უპირატესობა მიანიჭეთ ბამბას – ეს უკანასკნელი არ იწვევს ჩახურებას, დანოტივებას, ხელს უწყობს ორგანოების განიავებას.

* სველი სამოსი თუ საცურაო კოსტიუმი მალევე გამოიცვალეთ.

* ერიდეთ ჰიგიენურ სპრეის, არომატიზატორებს, სარეცხ ფხვნილებს, განსაკუთრებით – სასქესო ორგანოებზე მათ მოხვედრას.

* ტამპონი თუ საფენი ხშირად გამოიცვალეთ.

* ინფექციის დროს გამოიყენეთ ჰიგიენური საფენი და არა ტამპონი.

* გახსოვდეთ, საშოს თავადაც აქვს გაწმენდის მექანიზმი და გარეგანი ჩარევა არ სჭირდება, ამიტომ ნუ ჩაიტარებთ აბაზანებს. აბაზანა აღიზიანებს საშოს, გამოდევნის საჭირო ბაქტერიებს და, ამრიგად, ცვლის ბაქტერიულ ბალანსს, ხელს უწყობს ინფექციის გავრცელებას საშვილოსნოსკენ და ზრდის მენჯის ანთებითი დაავადების რისკს, ეს დაავადება კი შვილოსნობის უნარს აქვეითებს. ასე რომ, დაიბანეთ მხოლოდ ვულვა.

* უსიამოვნო სუნი, როგორც წესი, არა საშოდან, არამედ მის ირგვლივ მდებარე უბნებიდან მოდის. ამ ადგილების რეგულარული დაბანა ნეიტრალური საპნითა და წყლით პრობლემას ადვილად მოაგვარებს.

* თუ დიაბეტი გაქვთ, აკონტროლეთ სისხლში შაქრის დონე.

* სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თავიდან ასაცილებლად სქესობრივი კონტაქტის დროს ბარიერული საშუალებებით დაიცავით თავი.

 

მიმართეთ ექიმს, თუ:

* გამონადენი უჩვეულოა, უეცრად იცვალა ფერი, რაოდენობა, კონსისტენცია, აქვს უცნაური ან მყრალი სუნი, ურევია სისხლი;

* გაქვთ ცხელება, ტკივილი მუცლისა თუ მენჯის არეში, ქავილი, წვა, სიწითლე, გაღიზიანებული კანი;

* გაქვთ წყლულები, ბუშტუკები ან სხვა გამონაყარი საშოსა და ვულვაზე;

* გრძნობთ წვას შარდვის დროს, ხშირად გინდებათ შარდვა.

 

 

-----------

სახიფათო გზები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია უკვე არაერთხელ ვახსენეთ. ერთი მხრივ, საშოდან გამონადენის მიზეზი შესაძლოა თავად ეს ინფექციები იყოს, მეორე მხრივ, გამონადენის გამომწვევი სხვა დაავადებები სგგი-ს განვითარების ალბათობას ზრდის. ვინაიდან ეს ინფექციები ორივე სქესის წარმომადგენლებთან გვხვდება, ქვემოთ მამაკაცის ჯანმრთელობასაც შევეხებით.

სამედიცინო განათლება არ არის საჭირო იმის მისახვედრად, როგორ ხდება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელება. გარდა სქესობრივი კონტაქტისა, ეს ინფექციები შესაძლოა ინფიცირებული დედისგან ნაყოფსაც გადაეცეს უშუალოდ მშობიარობის დროს.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადება ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დაავადებულმა არც კი იცის, რომ ავადაა. სხვათა შორის, სწორედ ასეთი ადამიანია ეპიდემიოლოგიურად ყველაზე საშიში. ისიც გაითვალისწინეთ, რომ სიმპტომები შესაძლოა ინფიცირებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გამოვლინდეს და თუ მრავალი პარტნიორი გყავთ, დამნაშავის პოვნა არც ისე ადვილი იქნება.

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები იმუნიტეტს არ ტოვებს. თუ სარისკო ქცევა გაგრძელდა, ყოველთვის არსებობს ინფექციის განმეორების ალბათობა. სარისკოდ კი მიიჩნევა დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, მრავალი პარტნიორის ყოლა, პარტნიორის ხშირი ცვლა.

პრევენციის ყველაზე ეფექტური, უფრო სწორად, უტყუარი საშუალება სქესობრივ ცხოვრებაზე უარის თქმაა. სხვა შემთხვევაში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გავრცელების ალბათობა ყოველთვის იარსებებს. ქვემოთ მოცემული რჩევები კი მხოლოდ რისკის შემცირებას უწყობს ხელს. ესენია: დაუცველი სქესობრივი კონტაქტისთვის თავის არიდება, ბარიერული საშუალებების სწორად გამოყენება და ხანგრძლივად ერთი პარტნიორის ყოლა. ცხადია, პრევენცია მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ იმავე პრინციპებს მისდევს თქვენი პარტნიორიც.

სქესობრივი გზით გადამდები დაავადება რამდენიმე ათეულია. ჩვენ მხოლოდ მათ შევეხებით, რომლებიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული.

 

ქლამიდიოზი სქესობრივი გზით გადამდები ყველაზე გავრცელებული ინფექციაა. მას ბაქტერია სახელად ჩჰლამყდია ტრაცჰომატის იწვევს. დაავადება ქალებსაც ემართებათ და კაცებსაც. გამონადენი ქლამიდიოზის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომია. მას მძაფრი სუნი აქვს. ასევე მოსალოდნელია წვა შარდვისას, ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს. თუ ინფექცია გავრცობილია, შესაძლოა, ამ ნიშნებს დაერთოს ზოგადი სიმპტომებიც – ცხელება, ღებინება.

ქლამიდიოზი მამაკაცებთანაც იწვევს გამონადენს, ასევე – წვას ან ქავილს ასოს მიდამოში, ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის ტკივილსა და შესივებას.

თუ ქლამიდიამ სწორი ნაწლავიც დააზიანა, რექტალურ ტკივილს, გამონადენს, ზოგჯერ სისხლდენასაც უნდა ელოდოთ.

ქალებსაც და კაცებსაც შესაძლოა ქლამიდიოზის ფონზე ე.წ. რეაქტიული ართრიტი განუვითარდეთ.

თუ დედაა ინფიცირებული, იმატებს ახალშობილის თვალისა და ფილტვების ინფექციის ალბათობა. ასევე მაღალია ნაადრევი მშობიარობისა და, შესაბამისად, მცირე წონის ახალშობილის დაბადების რისკი.

 

გონორეაც ბაქტერიული ინფექციაა. ის განსაკუთრებით ხშირია 15-დან 24 წლამდე ასაკში. ქალებთან უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომებიც არცთუ მასშტაბურია და ხშირად შეცდომით შარდის ბუშტის ან საშოს ინფექციად ფასდება. ცხადია, კლინიკური მიმდინარეობის ამგვარი თავისებურება ზრდის გართულების ალბათობას. გამოვლენილი დაავადებისთვის დამახასიათებელია მოყვითალო-მოთეთრო გამონადენი საშოდან, ტკივილი და წვა შარდვისას, შესაძლოა, მენსტრუაციულ პერიოდებს შორის სისხლიანი გამონადენიც შეამჩნიოთ.

გონორეა მამაკაცებთანაც თეთრ, ყვითელ ან მწვანე გამონადენს იწვევს. ასევე ახასიათებს წვა შარდვისას, სათესლეების ტკივილი ან შეშუპება. დაავადება კლინიკურად უმეტესად სწორედ მამაკაცებთან ვლინდება.

გამონადენი, ქავილი, ტკივილი, სისხლდენა ახასიათებს რექტალურ ინფექციასაც. მოსალოდნელია, ამ სიმპტომებს ნაწლავთა მტკივნეული მოქმედებაც დაერთოდ.

სახსრების დაზიანება გონორეასაც შეუძლია. ასეთი გართულება ძალზე საყურადღებოა.

 

ტრიქომონიაზი პარაზიტული დაავადებაა. ისიც ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ, განსაკუთრებით – საწყის ეტაპზე. გამოვლენილ დაავადებას ახასიათებს მყრალი გამონადენი საშოდან. გამონადენი თეთრი, მწვანე, ნაცრისფერი ან ყვითელია. თან ერთვის გენიტალიების სიწითლე, წვა, ქავილი, ტკივილი შარდვისა და სქესობრივი კავშირის დროს.

დაავადება მამაკაცებთანაც იშვიათად ვლინდება კლინიკურად. ტრიქომონიაზი უნდა იეჭვოთ ასოდან გამონადენის, შარდვისა თუ ეაკულაციის შემდგომი წვის, პენისის გაღიზიანების შემთხვევაში.

 

შედეგები

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები მეტად საყურადღებოა და დროულ ჩარევას მოითხოვს. ჩამოთვლილი ინფექციები ქალებთან მენჯის ანთებით დაავადებას იწვევს, ეს უკანასკნელი კი რეპროდუქციულ სისტემას აზიანებს და საშვილოსნოსგარე ორსულობისა და უნაყოფობის მიზეზად იქცევა. ქალებს, რომლებსაც ამგვარი ინფექცია ერთზე მეტჯერ დამართვიათ, მაღალი აქვთ სერიოზული რეპროდუქციული პრობლემების რისკი.

ნებაზე მიშვებული დაავადება ზრდის შიდსის განვითარებისა თუ სხვისთვის გადაცემის ალბათობას.

საშიშია ორსულობის დროს განვითარებული ინფექციაც.

სქესობრივი გზით გადადები ინფექციები უარყოფითად მოქმედებს მამაკაცის რეპროდუქციულ უნარზეც.

კარგი ის გახლავთ, რომ ქლამიდიოზიც, გონორეაც და ტრიქომონიაზიც იკურნება. თუმცა მედიკამენტები უკვე არსებულ დაზიანებას ვერ აღმოფხვრის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი მკურნალობის დროულად დაწყება. ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მკურნალობის პროცესში იკრძალება სქესობრივი კონტაქტი. თუ მკურნალობიდან რამდენიმე დღეში მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ექიმს უნდა მიმართოთ.

 

----

გამონადენი ასოდან

ასოდან გამონადენი მხოლოდ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ბრალი არ არის. მას არაერთი სხვა დაავადებაც იწვევს, ზოგჯერ კი ის საერთოდ არ გახლავთ პათოლოგიის ნიშანი. მაგალითად, ნორმაა პრეეაკულატის გამოყოფა. ეს გახლავთ სითხე, რომელიც ასოდან სქესობრივი აგზნების დროს, ეაკულაციამდე გამოიყოფა. ის უფერულია, გამჭვირვალე და, სხვათა შორის, მეტად მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია – იმავე გზით ტოვებს ასოს, რომლითაც შარდი და სპერმა და საშარდე გზებში შარდის მიერ დატოვებულ მჟავა გარემოს ანეიტრალებს, რითაც სპერმას იცავს. პრეეაკულატი სულ რამდენიმე წვეთია, ასე რომ, მამაკაცი უმეტესად ვერც კი ამჩნევს მას, მაგრამ თუ ეაკულაციამდე ასოს თავზე მცირეოდენი  გამჭვირვალე გამონადენი მაინც შეამჩნიეთ, არ შეშინდეთ – ეს ის სითხეა, რომელიც თქვენი მამაკაცური ფუნქციის შესრულებას უწყობს ხელს.

საინტერესო ფაქტი: ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგჯერ სპერმატოზოიდები არა სპერმაში, არამედ პრეეაკულატშია, ამიტომ არსებობს ალბათობა, ორსულობა პრეეაკულატის საშოში მოხვედრამაც გამოიწვიოს.

საშარდე გზების ინფექცია საშარდე სისტემაზე მიკრობების თავდასხმის შედეგია. მამაკაცებთან იშვიათად გვხვდება, მეტადრე – 50 წლამდე, წლების მატებასთან ერთად კი საშარდე გზების ინფექციის განვითარების ალბათობაც იმატებს. ამ ინფექციას თეთრი, ქაფიანი გამონადენი ახასიათებს. ზოგჯერ ასოდან სისხლიც დის. მტკივნეული შარდვა, წვა შარდვის დროს, შარდის ბუშტის ბოლომდე დაცლის შეუძლებლობა, ხშირი შარდვა, შარდვის შეუკავებლობა ის ნიშნებია, რომელთა დროსაც საშარდე გზების ინფექცია უნდა იეჭვოთ.

ვინაიდან დაავადება უმეტესად ბაქტერიული ბუნებისაა, მკურნალობენ ანტიბიოტიკებით, თუმცა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: ნებისმიერი წამალი, მით უმეტეს ანტიტიობიკი, ექიმის მითითებით, შესაბამისი ოდენობითა და ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ. მხოლოდ ასე ექნება მკურნალობას შედეგი.

ურეთრიტი, შარდსადენის ანთება, ასოდან გამონადენის ყველაზე ხშირი მიზეზია. თავად ურეთრიტს კი სხვადასხვა პათოლოგია იწვევს. ის უმეტესად საშარდე გზების ინფექციის (ამ დროს დამნაშავე უმეტესად ნაწლავის ჩხირია) ფონზე ვითარდება. ურეთრიტს ასევე იწვევს ქლამიდიოზი, გონორეა, ჰერპესი და ციტომეგალოვირუსი. შესაძლოა, ქიმიური გამღიზიანებლების და ტრავმის შედეგიც იყოს.

გარდა გამონადენისა, დაავადებას ახასიათებს დიზურია (წვა შარდვისას), ხშირი შარდვა, უნებლიე შარდვა, მოშარდვის იმპერატიული სურვილი, ქავილი და შეშუპება ასოს მიდამოში, სისხლიანი შარდი, ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს. ურეთრიტის ფონზე იმატებს ცისტიტის, ეპიდიდიმიტის, ორქიტის, პროსტატიტის განვითარების რისკი. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, მკურნალობა დროულად დაიწყოთ და ბოლომდე მიიყვანოთ. თავად მკურნალობა კი მიზეზზეა დამოკიდებული.

ბალანიტი სასქესო ასოს თავის ანთებაა. ეს ინფექცია სიცოცხლეში ერთხელ მაინც მამაკაცების 3-11%-ს ემართება. მას იწვევს ყველაფერი, რაც კანსა თუ ასოს თავს აღიზიანებს, მათ შორის – ძლიერი საპონი და სხვა ქიმიური ნივთიერებები. ბალანიტი იწვევს ასოს თავის შეშუპებას, ქავილს, შეწითლებას, მყრალ გამონადენს ასოდან. დაავადების მიზეზი ყველაზე ხშირად სოკოვანი ინფექციაა. შაქრიანი დიაბეტის არსებობა ბალანიტის განვითარების რისკს ზრდის. არ არის გამორიცხული, სასქესო ასოს თავის ანთება არასათანადო ჰიგიენის შედეგიც იყოს. ზოგჯერ კი დაავადებას საპნის ცუდად ჩამობანაც იწვევს. მკურნალობა, როგორც წესი, ადგილობრივია და მიზეზზეა დამოკიდებული. საჭიროა ჰიგიენის მოწესრიგებაც.

 

ის, რაც არ უნდა გამოგრჩეთ

 

ყველაფერი, რაც სწორი ნაწლავიდან მოედინება (ცხადია, ფეკალური მასების გარდა), ყურადღებას მოითხოვს. ეს უმეტესად ლორწო ან ჩირქია. მათ შეამჩნევთ საცვალზე, ტუალეტის ქაღალდზე, ზოგჯერ – ფეკალურ მასებზეც. არც ის არის გამორიცხული, დეფეკაციის სურვილი გქონდეთ, მაგრამ მხოლოდ ლორწოზე გახვიდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღება გმართებთ. რექტალური გამონადენი ნაწლავის არაერთი მძიმე დაავადების დროს გვხვდება. ზოგჯერ ის პრობლემის პირველი ნიშანია. ამ ეტაპზე მკურნალობის დაწყება დაავადების წინსვლას შეაჩერებს და საგრძნობლად უკეთეს შედეგს მოგვცემს. ამიტომ, თუ ნაწლავიდან გამონადენი შეამჩნიეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ახლა კი – იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც რექტალური გამონადენის გაჩენისას უნდა ვიეჭვოთ.

 

სწორხაზოვანი პრობლემები

სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებას პროქტიტი ეწოდება. გამონადენი მისი ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია. გამონადენი ლორწოვანია, ზოგჯერ – ჩირქოვანი. თან სდევს სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, ტკივილი უკანა ტანის მიდამოში ან მუცლის მარცხენა ნაწილში, ნაწლავის სისავსის შეგრძნება, დიარეა, მტკივნეული დეფეკაცია. სიმპტომები ზოგჯერ მალევე ქრება, ზოგჯერ კი ქრონიკულად გრძელდება. დაავადების დიაგნოსტიკის დროს მთავარი პროქტიტის მიზეზის დადგენაა. ამაზეა დამოკიდებული მკურნალობაც და მისი შედეგიც.

პროქტიტს არაერთი დაავადება იწვევს. რექტალური გამონადენის არსებობისას ყველა მათგანის გამორიცხვაა საჭირო.

პროქტიტი ხშირად გვხვდება ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე პირებთან (ეს სახელწოდება კრონის დაავადებასა და წყლულოვან კოლიტს აერთიანებს). სტატისტიკური მონაცემებით, ნაწლავის ანთებითი დაავადების მქონე ასიდან 30 პაციენტს პროქტიტი აღენიშნება. ეს დაავადება ვლინდება მძიმე დიარეით, ზოგჯერ – დიარეისა და ყაბზობის მონაცვლეობით, მუცლის ტკივილით, საერთო სისუსტით.

პროქტიტის კიდევ ერთი მიზეზი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა: გონორეა, ქლამიდიოზი, გენიტალური ჰერპესი. განსაკუთრებით დიდია ალბათობა სარისკო სქესობრივი ქცევისას. ანალური სექსი ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია. თუმცა სწორი ნაწლავის მიდამოში მიკრობებმა შესაძლოა სასქესო ორგანოებიდანაც გადაინაცვლონ.

ნაწლავის დაზიანება სხვა მიკრობებსაც შეუძლიათ: სალმონელას, შიგელას, კამპილობაქტერიას. შეგახსენებთ: ისინი საკვებისმიერი ინფექციის გამომწვევები არიან. ინფიცირება გულისრევითა და ღებინებით, დიარეითა და მუცლის ჭვლით ამოიცნობა.

ანტიბიოტიკების მიმართაც სიფრთხილე გმართებთ. მოგეხსენებათ, ანტიბიოტიკები სასარგებლო ბაქტერიებსაც ანადგურებენ, შედეგად კი პათოგენური მიკრობი კლოსტრიდიუმ დეფიცილე აქტიურდება და სწორ ნაწლავში იწყებს გამრავლებას. ესეც პროქტიტის განვითარებას გვიქადის.

არ არის გამორიცხული, პროქტიტი კიბოს სამკურნალოდ ჩატარებული სხივური თერაპიის შედეგად განვითარდეს, თუ დასხივება სწორი ნაწლავის ან მის მიმდებარე უბნებზე მოხდა. რადიაციული პროქტიტი სხივური თერაპიის დროს იწყება და უმეტესად მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე თვე გრძელდება, ზოგჯერ კი წლობით აწუხებს პაციენტს.

ზოგჯერ პროქტიტი მსხვილ ნაწლავზე ჩატარებული ოპერაციის – ნაწლავის ამოკვეთისა და გარეთ გამოტანის, ე.წ. სტომის დადების შემდეგ იჩენს თავს. ამ ფორმას დივერსიულ პროქტიტს უწოდებენ.

ნებაზე მიშვებული დაავადება გართულებათა წყებას იწვევს. ესენია:

* ანემია. მისი მიზეზი ნაწლავიდან ქრონიკული სისხლდენაა. ანემია ვლინდება თავის ტკივილით, სისუსტით, თავბრუსხვევით, ქოშინით, სიფითრით;

* წყლული – ქრონიკული ანთება ლორწოვანს აზიანებს და ღია წყლულებს აჩენს;

* ფისტულა – თუ წყლულმა ნაწლავის მთელი კედელი დააზიანა, ფისტულა განვითარდება. ამ დროს არანორმალური კავშირი მყარდება ნაწლავსა და კანს ან სხვა ორგანოებს, ყველაზე ხშირად – შარდის ბუშტსა და საშოს, შორის.

 

ჩირქის კერა

ანალური აბსცესი ანუსთან ლოკალიზებული ჩირქოვანი კერაა. ის ათიდან ცხრა შემთხვევაში ანუსის შიდა ჯირკვლების მწვავე ინფექციის შედეგია. ანუსის შიდა ჯირკვლები სითხეს გამოიმუშავებს. როდესაც მათი სადინარები იხშობა, სითხე გუბდება, ინფიცირდება და აბსცესი ყალიბდება.

აბსცესი შესაძლოა ჩამოყალიბდეს ტრავმის ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის ფონზეც. არც ის არის გამორიცხული, პრობლემის პირველწყარო კრონის დაავადება ან დივერტიკულიტი იყოს. დაავადება ორივე სქესის წარმომადგენლებთან გვხვდება ნებისმიერ ასაკში.

რისკი იმატებს იმუნოდეფიციტის, შაქრიანი დიაბეტის, ნაწლავის ანთებითი დაავადების, ქიმიოთერაპიის, სტეროიდების ხანგრძლივი მიღების დროს.

 

როგორ ვლინდება

ანალური აბსცესის დროს გამონადენი, ცხადია, ჩირქოვანია. თან ახლავს მოპულსირე ტკივილი, რომელიც ძლიერდება ნაწლავის მოქმედების, ხველების, ჯდომის დროს. მოსალოდნელია ყაბზობა, ცხელება, შემცივნება, ღამის ოფლიანობა, სისუსტე, დაღლილობა. ანუსის ირგვლივ მიდამო შეწითლებულია და მტკივნეული.

დაავადებას რექტალური დათვალიერებით ამოიცნობენ. დიაგნოსტიკის დროს ყურადღება ექცევა ცხელებას, სიწითლეს და მტკივნეულ გამობერილობას ანალურ მიდამოში. დათვალიერებისას ჩანს დეფექტი, საიდანაც ჩირქი, სისხლი ან განავალი დის. სხვა დაავადებების გამოსარიცხად შესაძლოა ჩატარდეს პროქტოსიგმოიდოსკოპია ან სხვა კვლევები.

ანალური აბსცესი თავისთავად იშვიათად გაივლის. მხოლოდ ანტიბიოტიკებიც იშვიათად შველის საქმეს. უმეტესად საჭიროა ქირურგიული ჩარევა.

ანალური აბსცესის მკურნალობა, წესისამებრ, ჩირქის დრენირებას გულისხმობს. ეს შეიძლება ამბულატორიულად, ადგილობრივი ანესთეზიით გაკეთდეს. არც ის არის გამორიცხული, უფრო ღრმა ნარკოზი დაგჭირდეთ. იმუნიტეტდაქვეითებულ პირებს, რომლებსაც მძიმე ინფექციური დაავადების განვითარების რისკი აქვთ, ჰოსპიტალიზაციაც სჭირდებათ.

 

ჭირმა თავი არ დამალა

თუ აბსცესს არ ვუმკურნალეთ, ჩამოყალიბდება ანალური ფისტულა – ჩირქი დაგროვდება და ბოლოს კანის გავლით გარეთ გამოვა. ანალური ფისტულა პატარა მილია ინფიცირებულ ანალურ უბანსა და კანს შორის. ის აბსცესის მქონე პაციენტების ნახევარს უვითარდება.

იშვიათად ფისტულა ტიბერკულოზის, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის, ნაწლავის ქრონიკული დაავადების ფონზეც ყალიბდება.

ანალური ფისტულა ტკივილით, სიწითლით, ანუსის ირგვლივ შეშუპებით, სისხლდენით, მტკივნეული შარდვითა და დეფეკაციით, ცხელებით და მყრალი გამონადენით ამოიცნობა.

ზოგჯერ ფისტულა თავისთავად იხურება, მერე კი ისევ ჩნდება, თუმცა მისი ნებაზე მიშვება არამც და არამც არ შეიძლება – შესაძლოა, საქმე მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ გართულებამდე მივიდეს. ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი ჩივილების არსებობისას აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტს.

ფისტულას ქირურგიულად მკურნალობენ.

 

ბუასილი

სწორი ნაწლავის ქვედა ვენების ვარიკოზული გაგანიერება, იგივე ბუასილი ან ჰემოროი, ასევე იწვევს უკანა ტანიდან გამონადენს. გამონადენი ბუასილის აუცილებელი ნიშანი არ არის, თუმცა მისი არსებობისას ჰემოროის გამორიცხვაც საჭიროა.

ბუასილზე მიუთითებს დეფეკაციის დროს სისხლდენა, ძლიერი ქავილი ანუსის მიდამოში, ტკივილი ანუსის ირგვლივ, შეშუპება, ანალურ არხთან კვანძის არსებობა.

ჰემოროი ძალზე გავრცელებული დაავადებაა. მისი განვითარების ალბათობა იმატებს ისეთი ფაქტორების ზემოქმედებისას, რომლებიც ნაწლავში წნევას ზრდის. მათ რიცხვშია ქრონიკული შეკრულობა, ორსულობა, დიდხანს ჯდომა.

ბუასილის მკურნალობა კომპლექსურია. საწყის სტადიებზე პრობლემა შესაძლოა ცხოვრების წესის შეცვლამ და ნაწლავთა მოქმედების მოწესრიგებამაც მოაგვაროს. შესაძლოა, დაგჭირდეთ კონსერვატიული მკურნალობაც. უფრო რთულ შემთვევებში საქმეში ქირურგები ერთვებიან. დღეს ბუასილის სამკურნალოდ მეტად ეფექტური მეთოდები არსებობს.

გახსოვდეთ, სისხლდენა ბევრ სხვა დაავადებასაც ახასიათებს. ზოგიერთი მათგანი ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის, ამიტომ თვითდიაგნოსტიკა, რბილად რომ ვთქვათ, უგუნური საქციელია. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

ანალური კიბო

ერთ-ერთი დაავადება, რომელიც პაციენტმა შესაძლოა შეცდომით ბუასილად მიიჩნიოს, ანალური ხვრელის კიბოა. ეს კიბოს იშვიათი ფორმაა, თუმცა ბოლო დროს მისი გავრცელების მაჩვენებელმა მოიმატა. დაავადების განვითარების რისკს ზრდის იმუნიტეტის დაქვეითება, სარისკო სქესობრივი ქცევა, მდედრობითი სქესი, თამბაქოს წევა. ყველაზე ძლიერ რისკფაქტორად პაპილომავირუსით ინფიცირება მიიჩნევა. ეს მიკროორგანიზმი კიბოს შემთხვევათა 91%-ში ვლინდება. ანალური კიბოს განვითარების რისკი იმატებს, თუ პაციენტს პაპილომავირუსთან დაკავშირებული სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეც აქვს. ქალებთან ასეთია საშვილოსნოს ყელისა და საშოს კიბო, მამაკაცებთან – სასქესო ასოს კიბო.

ანალური კიბოს დიაგნოზი ყველაზე ხშირად 60 წლის მახლობელ ასაკში დაისმის, 35 წლამდე კი ის ძალიან იშვიათია. თავდაპირველად დაავადება ბუასილს ჰგავს – გამონადენი და სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, ქავილი, ტკივილი, ნაწლავთა მოქმედების ცვლილება, ანალურ მიდამოში ლიმფური კვანძების გადიდება. თუ ეს სიმპტომები შეამჩნიეთ, მიმართეთ პროფესიონალს. უმეტესად მათ უკან მართლაც ბუასილი დგას, მაგრამ არ არის გამორიცხული, საქმე ავთვისებიან დაავადებასთან გვქონდეს, ადრეული დიაგნოსტიკა კი თავიდან აგაცილებთ სავალალო შედეგს.

კიბოს დასადასტურებლად ექიმი თითითაც გაგსინჯავთ და ლაბორატორიულ თუ აპარატულ კვლევებსაც ჩაგიტარებთ – ანოსკოპიას, პროქტოსკოპიას, ბიოფსიას. პროგნოზი დაავადების სტადიასა და პაციენტის საერთო მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ამის მიხედვით ტარდება მკურნალობაც, რომელიც ქირურგიულ ოპერაციას, სხივურ თერაპიას და ქიმიოთერაპიას მოიცავს.

მოამზადა გვანცა გოგოლაძემ

გააზიარე: