თმის დაგრძელების შესახებ

გააზიარე:

თმა – სქელი თუ თხელი, მოკლე თუ გრძელი, სწორი თუ ტალღოვანი – ქალის გარეგნობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. თუ ბუნებამ სქელი თმით დაგაჯილდოვათ, ჩათვალეთ, რომ თავი ქუდში გაქვთ, რადგან ასეთი თმა ნაკლებად ცხიმიანდება და უამრავი ვარცხნილობის მორგების საშუალებას იძლევა, თხელი თმის მოვლა კი მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ის ადვილად ცხიმიანდება და მისთვის სასურველი ფორმის მიცემაც არც ისე ადვილია.

არანაკლებ მნიშვნელოვანია თმის სიგრძე. ალბათ დამეთანხმებით, რომ ქალები ზოგჯერ იმპულსურად ვიქცევით. მაგალითად, ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ავდგეთ და თმის მოკლედ შეჭრა გადავწყვიტოთ; თავდაპირველად კმაყოფილი ვიქნებით ახალი ვარცხნილობით, მაგრამ გავა კვირა და ისევ მოგვენატრება წელამდე დაყრილი ტალღოვანი თმა.

რა ვიღონოთ ასეთ დროს? გამოსავალი თმის დაგრძელებაა, რასაც ბევრი ქალი და ზოგიერთი მამაკაციც მიმართავს, რათა თმის სასურველი სიგრძე დაიბრუნოს ან, თუ თმა ბუნებრივად არ ეზრდება, სიცოცხლეში ერთხელ მაინც იგრძნოს, როგორია, გქონდეს გრძელი თმა.

რა არის თმის დაგრძელება

ეს არ არის ისეთივე მარტივი რამ, როგორიც, მაგალითად, თმის ფენით გასწორება, რისთვისაც უახლოეს სალონში შეირბენთ და, სავარაუდოდ, ისეთსავე შედეგს მიიღებთ, როგორსაც ძვირად ღირებულ სალონში სტუმრობისას მიიღებდით. თმის დაგრძელება საკმაოდ რთული პროცედურაა, რომლის შედეგიც, უპირველეს ყოვლისა, სტილისტის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

პროფესიონალი სტილისტის მიერ დაგრძელებული თმა თქვენს საკუთარს არ დააზიანებს – ის შეუფერხებლად განაგრძობს ზრდას. შედეგიც, თუ სწორად მოუვლით, დიდხანს გაგყვებათ. არაპროფესიონალურად ჩატარებული პროცედურის შემდეგ კი თმას მაშინვე დაეტყობა, რომ ხელოვნურადაა დაგრძელებული და, რაც მთავარია, თქვენი საკუთარი თმაც დაზიანდება, მისი სტრუქტურის აღდგენა კი საკმაოდ ძნელია.

პირველი ეტაპი – ვარჩევთ თმის ტიპს

ვიდრე უშუალოდ დაგრძელების პროცედურაზე გადახვიდოდეთ, სტილისტთან ერთად უნდა გადაწყვიტოთ, როგორ თმას გამოიყენებთ ამისთვის. არჩევანი საკმაოდ ფართოა, შეგიძლიათ, სალონშივე აარჩიოთ ან ინტერნეტით გამოიწეროთ სასურველი მასალა: ხელოვნური, ბუნებრივი, ლამინირებული ან დაუმუშავებელი.

საუკეთესო ხარისხის და, შესაბამისად, ყველაზე ძვირად ღირებულიც დაუმუშავებელი თმაა, რომელიც დაუზიანებელი კუტიკულითაა წარმოდგენილი. მისი გამოყენებისას შედეგი საუკეთესოა: ეფექტიც ბუნებრივია და თმაც – საკმაოდ გამძლე.

მეორე ეტაპი – ვარგებთ საკუთარს

სტილისტის დახმარებით აარჩიეთ დასაგრძელებელი მასალა, რომელიც რაც შეიძლება  მეტად ჰგავს თქვენს თმას. თუ თავად იწერთ ინტერნეტით, გაითვალისწინეთ:

სქელ თმას თხელი ღერებით ვერ დაიგრძელებთ, ისევე როგორც თხელ თმას სქელი ღერებით – არაბუნებრივი იქნება და, დიდი ალბათობით, არც დამაგრდება.

თუ ბუნებრივად სწორი თმა გაქვთ, დასაგრძელებელი ღერებიც უმჯობესია სწორი შეირჩეს, თუ ტალღოვანი –დაგრძელებაც ტალღოვანი თმით ჯობია. თუ, რა თქა უნდა, საკუთარი თმის კერატინით გასწორებას არ აპირებთ დაგრძელების პროცედურამდე.

თმის დაგრძელების მეთოდები

ზემოთ ჩამოთვლილი საფეხურების გავლის შემდეგ დგება უშუალოდ პროცედურის დროც.

თმის დაგრძელების ორი ყველაზე გავრცელებული მეთოდი არსებობს: ცივი და ცხელი.

თმის დაგრძელება ცივი მეთოდით

თმის დაგრძელების პროცედურების 70-80% სწორედ ცივი მეთოდით ტარდება. მას მრავალი ქალი მიმართავს, რადგან პროცედურა საკმაოდ ხანმოკლეა – დაახლოებით 30-60 წუთი გრძელდება, გააჩნია თმის მოცულობას და მდგომარეობას – და შედარებით იაფიცაა.

ამ პროცედურის დროს საკუთარი თმის ძირებზე 3-5 მმ დიამეტრის მეტალოკერამიკული კაფსულებით ამაგრებენ თმის დამატებით ღერებს. კაფსულას შიგნითა მხარეს აქვს სილიკონის დამცავი რგოლი, რომელიც თქვენი საკუთარი თმისთვის დამცავ ფუნქციას ასრულებს. აუცილებლად მოსთხოვეთ სტილისტს, ყველა კაფსულას ჰქონდეს დამცავი რგოლი. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ საკუთარი თმა დაიზიანოთ ან დამაგრებული ღერები მოგძვრეთ.

თმის ცივი მეთოდით კაფსულებით დაგრძელება საკმაოდ მოხერხებული მეთოდია სქელთმიანი ქალებისთვის, რადგან უფრო ბუნებრივ შედეგს იღებენ. გარდა ამისა, ვინაიდან თმის ბოჭკოები ძირებთან ძალიან ახლოს მაგრდება, ეს ოპტიმალური ვარიანტია მოკლეთმიანი ქალებისთვისაც.

ცივი მეთოდის გამოყენებისას თმა თერმული ჩარევის გარეშე გრძელდება, ამიტომ მინიმალურად ზიანდება საკუთარი ღერები. პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ, თმა ჩვეულებრივ დაიბანოთ, გაიშროთ ფენით, იაროთ აუზზე, ზღვაზე, გაირუჯოთ, თუმცა თმის ვარცხნის დროს სიფრთხილეა საჭირო, რომ კაფსულები არ დაზიანდეს.

თმის დაგრძელების ცივი მეთოდი არ არის რეკომენდებული თხელთმიანებისთვის, რადგან შესაძლოა, კაფსულა გამოგიჩნდეთ (თუნდაც პროცედურა საუკეთესო სტილისტთან ჩაიტაროთ, რომელიც სწორად განსაზღვრავს თქვენი თმის სტრუქტურას, გაითვალისწინებს დაყოფის ხაზებს, სწორად შეარჩევს კაფსულების რაოდენობას და მდებარეობას, თხელი თმის ღერები, დიდი ალბათობით, მაინც ვერ დაფარავს კაფსულებს და დაგრძელება ბუნებრივ ეფექტს კარგავს.

თმის დაგრძელების ცხელი მეთოდი

ეს მეთოდი იდეალურია ბუნებრივად თხელთმიანი ქალებისთვის. პროცედურა საკმაოდ რთულია, გაცილებით რთული, ვიდრე ცივი მეთოდით დაგრძელებისას. პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, ამ შემთხვევაშიც სტილისტის პროფესიონალიზმია, რადგან პროცედურის არაპროფესიონალთან ჩატარებით მხოლოდ ვიზუალურად უეფექტო თმას კი არ მიიღებთ, არამედ შესაძლოა, ჯანმრთელობაც სერიოზულად დაიზიანოთ.

მას შემდეგ, რაც შეარჩევთ დასაგრძელებელ თმას საკუთარი თმის სტრუქტურის, სისქისა და ფორმის მიხედვით, სტილისტი თმის ბოლოებს კერატინის მეშვეობით დაგიმუშავებთ. ოთახის ტემპერატურაზე კერატინი მყარია. მისი დნობის ტემპერატურა დაახლოებით 120-150 გრადუსია.

დამუშავებული თმის ბოლოებს ცხელი დაგრძელების სპეციალური აპარატით მაღალ ტემპერატურაზე მიამაგრებენ თქვენი თმის ძირებს. "წებოდ" გამოიყენება კერატინი, რომელიც 2-3 წამში მყარდება. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სტილისტის სისხარტე და პროფესიონალიზმია.

ცხელი მეთოდით დაგრძელებულ თმას ბუნებრივი ეფექტი აქვს, რადგან გადაბმის ადგილები შეუმჩნეველია – თმაზე გამდნარი და შემდეგ გამაგრებული კერატინი შესაბამის ფერს იღებს.

დაგრძელება არ შეგაწუხებთ, შეგიძლიათ, თამამად გაიშროთ თმა ფენით ან ესტუმროთ საუნას. კერატინის გადნობის ნუ შეგეშინდებათ.

პროცედურა საკმაოდ ხანგრძლივია, დაახლოებით 3-5 საათი გრძელდება. თმის ცხელი მეთოდით დაგრძელება ცივთან შედარებით ძვირად ღირებულია. პროცედურის შემდეგ თმა სპეციალური სავარცხლით უნდა აივარცხნოთ, რათა დაგრძელებული თმის ძირები არ ჩამოიქაჩოს.

რამდენიმე რჩევასაც მოგცემთ, რათა დაგრძელებულმა თმამ რაც შეიძლება მეტხანს გაგიძლოთ:

* არასოდეს მოიშოროთ დაგრძელებული თმა თქვენით.

* არასოდეს წაგიცდეთ ხელი და არ დაივარცხნოთ თმა ძირებიდან.

* შეარჩიეთ თმის მოვლის სპეციალური, დაგრძელებული თმისთვის განკუთვნილი საშუალებები.

* თმის ძირები ყოველთვის კარგად გაიშრეთ, ბოლოები შეგიძლიათ ნოტიო დაიტოვოთ და ბუნებრივად გაშრობის საშუალება მისცეთ.

* სასურველია, დასაძინებლად დაწოლამდე ოდნავ, მოშვებულად შეიკრათ თმა, რათა ძილიში არ აგებურდოთ და შემდეგ გამოხსნისას დაგრძელებული ბოლოები არ დაიზიანოთ

* თუ ამჩნევთ, რომ თქვენს დაგრძელებულ თმას კორექცია სჭირდება, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

* თმა სპეციალური სავარცხლით დაივარცხნეთ.

* საცურაო აუზსა და ზღვაზე სასურველია დამცავი ქუდი გეხუროთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: