C ვიტამინი და კანი
გააზიარე:
ექსპერტები ამბობენ, რომ კანის მოვლის რუტინას აქვს თავისი შესანიშნავი სამეული: SPF, C ვიტამინი და რეტინოლი. თუ ამ სამი საშუალებით შეიარაღდებით, გლუვი, ნაზი და სხივოსანი კანი გექნებათ.
მზისგან დამცავ საშუალებებზე უკვე ვისაუბრეთ. ამჯერად C ვიტამინზე ვილაპარაკოთ.
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, C ვიტამინი თავის მოვლის იმ საშუალებათაგანია, რომლებსაც ბოლო დროს ყველაზე ხშირად ეძებენ გუგლის საძიებო სისტემაში.
აქვე უნდა ითქვას, რომ სახის მოსავლელად C ვიტამინის გამოყენება არ არის სიახლე, უბრალოდ, ბოლო ხანს ტრენდული გახდა. თანამედროვე შრატები თუ დამატენიანებელი კრემები მას უხვად შეიცავს. მის მნიშვნელობაზე ბევრს საუბრობენ ბიუთი ბლოგერებიც.
მაინც რა მნიშვნელობა აქვს C ვიტამინს კანისთვის, რა ასაკიდანაა რეკომენდებული მისი გამოყენება და რა სახით?
რას წარმოადგენს C ვიტამინი
C ვიტამინი ანტიოქსიდანტია. ესე იგი, ოქსიდაციურ დაზიანებასთან მებრძოლი ძლიერი აგენტი. ის ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც განსაზღვრულ პირობებში, მათ შორის – დაბინძურებისა და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგად, წარმოიქმნება ჩვენს ორგანიზმში.
ოქსიდაციური დაზიანების დროს იმუნური სისტემა პათოგენებთან საბრძოლველად აქტიურდება. სწორედ ამ დროს ენიჭება C ვიტამინს უდიდესი მნიშვნელობა, რადგან ის სისხლის თეთრ უჯრედებს ანთებასთან ბრძოლაში ეხმარება.
როდის დავიწყოთ?
არ არსებობს განსაზღვრული ასაკი, როცა რეკომენდებულია სახის მოვლის რუტინაში C ვიტამინის ჩართვა. უმჯობესია, ეს საკითხი პირად დერმატოლოგსა ან კოსმეტოლოგთან კონსულტაციის საფუძველზე, თქვენი კანის ტიპისა და მდგომარეობის მიხედვით გადაწყვიტოთ. მაგრამ ნამდვილად უკეთესი იქნება, თუ მის გამოყენებას მანამდე დაიწყებთ, სანამ სახეზე პირველი ნაოჭები გაჩნდება.
როგორ მივიღოთ C ვიტამინი
განსაზღვრული რაოდენობით C ვიტამინი ორგანიზმისთვის აუცილებელია და რაკი მისი გამომუშავება არ შეგვიძლია, ის სხვაგვარად უნდა მივიღოთ: ვჭამოთ ამ ვიტამინით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, ვსვათ ასკორბინის მჟავას დანამატები, ხოლო საუკეთესო ეფექტისთვის ადგილობრივადაც გამოვიყენოთ მისი შემცველი საშუალებები, რომლებიც ბაზარზე მრავლადაა.
რას აკეთებს C ვიტამინი ჩვენი კანისთვის?
მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: აბალანსებს და ერთგვაროვნებას ანიჭებს კანის სტრუქტურას და ფერს, ამცირებს პიგმენტაციას, ხელს უშლის კანიდან კოლაგენის გამოდევნას, ბზინვარებას მატებს კანს, აქრობს წვრილ ზედაპირულ ნაოჭებს. C ვიტამინი ჩემპიონია დაბერების საწინააღმდეგო საშუალებათა შორის.
დაბერების საწინააღმდეგო მოქმედება
როგორც უკვე ვთქვით, C ვიტამინის შემცველი სახის მოვლის საშუალებები ასტიმულირებს კანში კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც ასაკთან ერთად იკლებს. კოლაგენი ცილაა, რომელიც კანს ამკვრივებს და ელასტიკურობას ანიჭებს. მისი დაკარგვისას კანი ეშვება, ნაოჭდება და მალე ბერდება. C ვიტამინი კი ხელს უწყობს უკვე გაჩენილი წვრილი ნაოჭების გაქრობას და ხელს უშლის ახლების წარმოქმნას.
გამონაყართან ბრძოლა
C ვიტამინი ანთების საწინააღმდეგო საშუალებაცაა. მისი შემცველი შრატი აქრობს სიწითლეს და გამონაყარს. C ვიტამინს აკნესგან დარჩენილი ნაწიბურების სამკურნალოდაც იყენებენ. იმისთვის, რომ კანმა ის კარგად შეიწოვოს, ექსპერტები გვირჩევენ, სახე ჯერ კარგად გავიწმინდოთ სკრაბით, დავიტენიანოთ ტონიკით და მერე წავისვათ C ვიტამინის შემცველი შრატი.
მზისგან დაცვა
C ვიტამინს მზისგან დამცავი თვისებები არ გააჩნია, პირიქით, კანზე მისი დატანა მზესთან მიფიცხებამდე ან უბრალოდ გარეთ გასვლამდე, თუ მზისგან დამცავი არ გისვიათ, არ შეიძლება – მას შეუძლია, გააძლიეროს მზის სხივების ზემოქმედება და კანი დაგწვათ. C ვიტამინის გამოყენება უმჯობესია მზის აბაზანის შემდეგ, რადგან შესანიშნავად ამშვიდებს კანს.
დღის რომელ მონაკვეთში გამოვიყენოთ?
C ვიტამინის შემცველი შრატის წასმა შეიძლება როგორც დილით, ისე საღამოსაც, გაწმენდილ და ტონიკით დატენიანებული კანზე. დღის განმავლობაში ის დაგიცავთ ისეთი მავნე გარეგანი ფაქტორებისგან, როგორიცაა გამონაბოლქვი, სიგარეტის კვამლი, ქიმიკატები, რომლებიც ატმოსფეროში ტრიალებს. აქვე შეგახსენებთ: რასაც არ უნდა ისვამდეთ სახეზე დღის განმავლობაში, არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ დამატებით მზისგან დამცავი საცხის წასმა.
რა ფორმით გვხვდება C ვიტამინი?
* სახის ნიღაბი – შეიძლება გაღიზიანებულ კანზე დადება. ამშვიდებს, აცხრობს შესივებას.
* გამწმენდი – კარგი ეფექტი აქვს C ვიტამინის შემცველ სხვა საშუალებებთან ერთად.
* შრატი – მისი გამოყენება ყოველდღე შეიძლება, დღეში ორჯერაც კი.
* დამატენიანებელი – ანოტივებს, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას. მისი გამოყენებაც ყოველდღე შეიძლება, რა თქმა უნდა, კანის ტიპის შესაბამისად.
* თვალის საცხი – C ვიტამინის შემცველი საცხი საგრძნობლად ამცირებს მუქ წრეებს თვალების ქვეშ და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.
რას მივაქციოთ ყურადღება
* პროდუქტის ტიპს – არ აქვს მნიშვნელობა რას იყენებთ: შრატს, დამატენიანებელს თუ თვალის საცხს; პროდუქტი თქვენი კანის ტიპსა და საჭიროებებს უნდა შეესაბამებოდეს.
* ფორმას – C ვიტამინის შემცველი სხვადასხვა პროდუქტი გამოდის სხვადასხვა ფორმით, რომლებიც ასევე სხვადასხვანაირადაა ფორმულირებული. ცხიმიანი და ნორმალური კანისთვის საუკეთესო ეფექტი აქვს ასკორბინის მჟავას, ხოლო მშრალი და მგრძნობიარე კანისთვის უმჯობესია შედარებით მსუბუქად მოქმედი მაგნიუმის ასკორბილის ფოსფატი გამოიყენოთ, რომელიც C ვიტამინის წყალში ხსნადი ფორმაა.
* კონცენტრაცია – თუ ახლა იწყებთ კანის მოვლის რუტინაში C ვიტამინის შეტანას, ექსპერტები გირჩევენ, დაიწყოთ ყველაზე მცირე, 10%-15%-იანი კონცენტრაციით და ნელ-ნელა გაზარდოთ.
* PH-ს – კანის მიერ C ვიტამინის შეწოვა ნაწილობრივ მის მჟავატუტოვან ბალანსზეცაა დამოკიდებული. ნორმალური კანისთვის დაბალი მჟავიანობა, დაახლოებით 3.5, ნორმაა. მგრძნობიარე კანისთვის უნდა გამოიყენოთ ფორმულა, რომლის PH 5-6-ია.
* შენახვის პირობები – განურჩევლად იმისა, წყალზეა დამზადებული პროდუქტი თუ უწყლოდ, შეინახეთ ისეთ ადგილას, სადაც მზის სხივები არ მოხვდება. საუკეთესო შემთხვევაში – ბნელ და გრილ სათავსში.
C ვიტამინის შემცველი საშუალებები სახის კანისთვის საკმაოდ უვნებელია, თუ დაიცავთ წესებს, არ დაგავიწყდებათ მზისგან დამცავი საცხის გამოყენება, სწორად შეარჩევთ, მოიხმართ და შეინახავთ პროდუქტს და, რა თქმა უნდა, მცირე დოზებით დაიწყებთ.
თუ ამჩნევთ, რომ მას შემდეგ, რაც C ვიტამინის გამოყენება დაიწყეთ, კანი გაგიღიზიანდათ და გაგიწითლდათ, შესაძლოა, პროდუქტი თქვენი კანისთვის არასწორად გქონდეთ შერჩეული და მისი შეცვლა მოგიწიოთ. ნუღა გააგრძელებთ მის გამოყენებას, რათა სერიოზული ალერგიული რეაქცია არ გამოიწვიოთ.
კიდევ ერთი რამ, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ის არის, რომ C ვიტამინის შემცველი პროდუქტები ჰაერთან ურთიერთქმედებისას მალე ფუჭდება, ამიტომ გამოყენების შემდეგ ქილას თავსახური კარგად დაახურეთ.
ლიკა ქათამაძე