სურსათის შენახვის წესები

გააზიარე:

მთელი დღის დამქანცველი მუშაობის შემდეგ სურსათის საყიდლად წასვლა ნამდვილად არ არის საუკეთესო აზრი, ამიტომ მარაგის შევსებას ბევრი კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ ამჯობინებს. თუმცა შინ მიტანილი თუ სწორად არ დააბინავეთ, შესაძლოა, რამდენიმე დღეში ისევ მოგიწიოთ მარკეტში წასვლა – არასწორად შენახული პროდუქტი დროზე ადრე გაგიფუჭდებათ.

სურსათში ბაქტერიები რომ არ გამრავლდეს, ობი რომ არ მოეკიდოს, გემო არ შეეცვალოს და სასარგებლო ნივთიერებების ბალანსიც შეინარჩუნოს, მისი შენახვის წესები უნდა დავიცვათ.

განსაზღვრული სახეობის საკვები განსაზღვრულ პირობებში ინახება, რადგან მასზე გავლენას ახდენს გარე ფაქტორები – ტემპერატურა, სინათლე, ჟანგბადი.

მარაგს ზოგი სარდაფში ინახავს, ზოგი – საკუჭნაოში, უმეტესობა კი მაცივარში. მაცივარი სწორედ ამისთვის არსებობს, მაგრამ სურსათის უბრალოდ თავისუფალ ადგილას დალაგება არასწორია, რადგან თითოეული განყოფილება, განსაზღვრული პროდუქტისთვისაა განკუთვნილი.

ვალაგებთ მაცივარს

მაცივარში, მართალია, გრილა, მაგრამ ყველგან ერთი და იგივე ტემპერატურა არ არის. იქ მუდმივად ცირკულირებს ჰაერი. შედარებით ცივი ქვედა ნაწილში ტრიალებს, ხოლო თბილი ზემოთ მიემართება. ასე რომ, თუ ქვედა განყოფილებაში 2-3 გრადუსი ტემპერატურაა, ზედაში 6-8 გრადუსამდეა. ყველაზე თბილი ადგილი კარია, თუმცა ზედა და ქვედა ნაწილში ტემპერატურა იქაც სხვადასხვაა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოსტნეულის განყოფილება მაცივრის ქვედა ნაწილშია, ტემპერატურა იქ 6-9 გრადუსს აღწევს. რატომ? მინის თარო, რომელიც ბოსტნეულის კალათებს ახურავს, აკავებს ტემპერატურას და ნესტს.

პროდუქტების უმრავლესობა – ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის ნაწარმი, ბოსტნეული, ზეთის ზოგიერთი სახეობა, მდოგვის, სხვადასხვა საწებლის გახსნილი ქილები – მაცივარში უნდა შეინახოთ.

მთავარი წესები:

* ნუ გააღებთ მაცივარს ხშირად და დიდი ხნით, რათა გაცივების ციკლი არ დაირღვეს.

* ნუ შეინახავთ შეუფუთავ პროდუქტს – შესაძლოა, გამოშრეს და გემო არ დაკარგოს.

* ნუ გარეცხავთ ხილსა და ბოსტნეულს მაცივარში შელაგებამდე.

* ხორცი და თევზი უმჯობესია ჰერმეტულად შეფუთული შეინახოთ.

* ზედა თარო უმჯობესია მზა კერძებისთვის, გვიანფუჭებადი სურსათისთვის, სასმელებისთვის გამოიყენოთ. შუა თაროები უფრო მგრძნობიარე  პროდუქტს – რძის ნაწარმს დაუთმეთ, ხოლო ქვედა თარო, ყველაზე ცივი ადგილი, ძეხვეულის, ხორცისა და თევზისთვის მოიტოვეთ.

* ხილ-ბოსტნეული აუცილებლად კალათებში ჩაალაგეთ. ბოსტნეულმა ხილის გემო რომ არ მიიღოს, ერთად ნუ ჩააწყობთ.

* გადავსებულ მაცივარში ჰაერი კარგად არ ცირკულირებს, ამიტომ შესაძლოა, პროდუქტი დროზე ადრე გაფუჭდეს.

* მაცივრის კარზე განთავსებულ თაროებზე უმჯობესია კონსერვანტების შემცველი პროდუქტი, მაგალითად, საწებლები, სასმელები ჩაალაგოთ.

მაცივარი, სარდაფი თუ ხილის კალათა?

ხილსა და ბოსტნეულს, რომელიც კარგად იტანს გრილ კლიმატს, აუცილებლად მაცივარში მიუჩინეთ ადგილი, მაგალითად, სალათას, თეთრ კომბოსტოს, ბროკოლის, კიტრს, ისპანახს, ჭარხალს. ვაშლი, ქლიავი, ალუბალიც შეგიძლიათ მაცივარში შეინახოთ. მაგრამ არამც და არამც არ დააბინაოთ მაცივარში პროდუქტი, რომელიც ტროპიკულ ტემპერატურასაა შეჩვეული, მაგალითად, ბანანი, ანანასი, მანგო, პაპაია, პაპრიკა, ყაბაყი, პომიდორი, ბადრიჯანი, გოგრა, კარტოფილი. ისინი სარდაფში ან საკუჭნაოში, სიგრილეში (13-15 გრადუსზე) შეინახეთ.

სხვადასხვა სახეობის ხილი უმჯობესია ცალ-ცალკე დააწყოთ, რადგან მრავალი მათგანი, მაგალითად, ვაშლი, გარგარი, ბანანი, მსხალი, ატამი, ეთილენს გამოყოფს, ეს ნივთიერება კი დამწიფებას უწყობს ხელს და შესაძლოა მეზობლად დალაგებული ხილი ზედმეტად დაამწიფოს ან გააფუჭოს. ასევეა პომიდორიც, ამიტომ უმჯობესია, ისიც ცალკე კალათაში მოათავსოთ.

სიბნელის მოყვარული

არამალფუჭებადი პროდუქტის – ბრინჯის, კუსკუსის, მანანის ბურღულის, ფქვილის შესანახად საუკეთესო ადგილია საკუჭნაო, რადგან მათ სიბნელე და სიგრილე (15-20 გრადუსი) უყვართ. თუ საკუჭნაო არ გაქვთ, სამზარეულოში შეურჩიეთ ისეთი ადგილი, სადაც სიმშრალეა და შედარებით გრილა. გახსნილი პაკეტიდან ფქვილი და ბურღული აუცილებლად ჰერმეტულად დახურულ მინის ან უჟანგავი ფოლადის ქილაში გადაყარეთ.

სიბნელე უყვარს კარტოფილსაც. სინათლეზე ის მწვანდება და მომწამვლელ ნივთიერება სოლანინს გამოიმუშავებს. სიბნელეში დააწყვეთ ასევე ხახვი, ნიორი, ზეითუნის ზეთი, პური და თაფლი.

ავოკადო კარგად მწიფს ოთახის ტემპერატურაზე, ოღონდ აუცილებლად ქაღალდში გაახვიეთ, რადგან სინათლე არ უხდება.

სანელებლები

სანელებლების ადგილი სამზარეულოა. გემო და სასარგებლო თვისებები რომ შეინარჩუნონ, მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას დააწყვეთ. ნუ შეინახავთ მაცივარში – ადვილად დატენიანდება. ჩაყარეთ  ჰერმეტულად დახურული ლითონის ან ფაიფურის ჭურჭელში, რადგან ჰაერზე ადვილად კარგავს არომატს. კერძის მომზადებისას, განსაკუთრებით – თუ სამზარეულოში ორთქლი ტრიალებს, თავღიას ნუ დატოვებთ. ნურც გაზქურის ახლოს მიუჩენთ ადგილს. მათ შესანახად საუკეთესო ადგილი უჯრაა.

პური

პურის შესანახად იდეალური ტემპერატურა 18-22 გრადუსია. სასურველია, ის სპეციალურ საპურეში შეინახოთ, სადაც ჰაერი ცირკულირებს. საპურე უმჯობესია ბუნებრივი მასალისგან იყოს დამზადებული და სუნთქავდეს, თორემ პური გამოყოფილი ნესტის ზემოქმედებით მალე დაობდება. რომ არ დაგიობდეთ, ქაღალდში ან ტილოში გაახვიეთ – ის ნესტს შეიწოვს და პურს დაობებას გადაარჩენს.

გააზიარე: