ნეკა სებისკვერაძე: “ვფიქრობ, გაუმართლა მას, ვისაც ხელოვნების ენა ესმის”

გააზიარე:

“ყოველგვარი საქმე პროფესიონალიზმს, ცოდნას და შრომისუნარიანობას მოითხოვს, თუმცა ხელოვნება ის ერთადერთია, რასაც ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის შეუძლია სიამოვნების მინიჭება. ალბათ, სწორედ ამით არის ის განსაკუთრებული, – გვითხრა მომღერალმა ნეკა სებისკვერაძემ, – ვფიქრობ, ძალიან გაუმართლა ყველას, ვისაც ხელოვნების ენა ესმის. კიდევ უფრო ბედნიერია ის ხალხი, ვინც ღმერთმა ხელოვნების მსახურად აქცია, მიუხედავად იმისა, რომ მათი ცხოვრება ნამდვილად არ არის ადვილი – ნიჭს დიდი ხელშეწყობა და განვითარება სჭირდება. წარმატების მისაღწევად შრომა, მონდომება, პასუხისმგებლობის გრძნობაც აუცილებელია”.

მუსიკალურ კარიერაში წარმატებისთვის თავად ნეკამაც უდიდესი რესურსი გაიღო – თანდაყოლილ ნიჭს განვითარების შესაძლებლობა მისცა; ბევრი იშრომა, ისწავლა და დღეს ქართული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია. ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. მიაჩნია, რომ ძალიან გაუმართლა, რადგან რამდენიმე წელი თავისი სპეციალობით იმუშავა – ისრაელის ქართულენოვან ტელეარხზე, საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რადიო “უცნობში”, ბეჭდვით მედიაში... მენეჯერული საქმიანობაც არაერთხელ სცადა, თუმცა მუსიკა, რომელიც ექვსი წლიდან შეიჭრა მის ცხოვრებაში, მისთვის კვლავ მთავარ საქმიანობად რჩება. სცენა ის სივრცეა, რომელსაც ყველაზე მეტი დრო დავუთმე და ამით ბედნიერი ვარო, გვითხრა.

დავინტერესდით, ამჟამად რა პროექტზე მუშაობს და რა სიახლეს სთავაზობს მსმენელს.

– პანდემია მთელ მსოფლიოში მტკივნეულად შეეხო სახელოვნებო სფეროს. ჩვენც ვემორჩილებით რეგულაციებს. ამ მდგომარეობამ ჩემი წლევანდელი გეგმები რადიკალურად შეცვალა, ბევრი პროექტი გაჩერდა და ჯერ კიდევ ბუნდოვანია, წლის ბოლომდე რა იქნება. მიუხედავად ყველაფრისა, ხანგრძლივი პაუზა არ ამიღია – გამოვუშვი ახალი მუსიკალური ვიდეოკლიპი კომპოზიტორ ლილიკო ნემსაძის სიმღერაზე “რაღაც გაქრა” გვანცა მეფარიშვილის რეჟისორობით, მომღერალ დათო ნოზაძესთან ერთად ჩავწერე ახალი დუეტი – ინოლა გურგულიას “რწმენა”. რაც შეეხება კონცერტებს, ჯერ მხოლოდ ღია ცის ქვეშ გამართვას გვთავაზობენ, დარბაზების გახსნას ველოდებით. ცხოვრება, მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება და ადამიანებმა მასთან გამკლავება, ყოველდღიურობის ჩვეულ კალაპოტში დაბრუნება უნდა შევძლოთ.

დარგის პრობლემები

– ხელოვანს არაერთი ბარიერის გადალახვა, არაერთ პრობლემასთან გამკლავება უწევს. პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და სახელოვნებო სფეროს განვითარებას მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობაც უშლის ხელს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონებში კულტურული ცხოვრება მეტად გააქტიურდეს, ეს არა მარტო ხელოვანი ადამიანებისთვისაა აუცილებელი, არამედ, პირველ რიგში, მოსახლეობისთვის, რომლის განწყობასა და განვითარებაზეც, მერწმუნეთ, კულტურულ პროცესებში ჩართულობა დადებითად აისახება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელზეც აქცენტის დასმა ღირს, საპროდიუსერო ინსტიტუტის განვითარებაა.

არტისტები, რომლებიც საქართველოს საზღვრებს გარეთ დამკვიდრდნენ, საცხოვრებლადაც იქვე დარჩნენ, რაც ბუნებრივი პროცესია. ერთი რამ ფაქტია: ქართულ ნიჭს უცხოელი პროდიუსერები და აგენტები უყურადღებოდ არასოდეს ტოვებენ და სწორი მენეჯმენტის პირობებში ხელოვანები დიდ წარმატებასაც აღწევენ, საქართველოში კი ხშირად მოტივაცია ეკარგებათ, რადგან არ აქვთ სათანადო სამუშაო პირობები, სათანადო ანაზღაურება, თვითგადარჩენაზე ფიქრი კი შემოქმედებით პროცესებს აფერხებს. თვითრეალიზაციისთვის ნიჭი არ კმარა, აუცილებელია სწორად მოქმედება, რასაც პროფესიონალ პროდიუსერთა და მენეჯერთა ჯგუფი უნდა გეგმავდეს და არა თავად არტისტი.

ოჯახი

– ტრადიციულ ქართულ ოჯახში გავიზარდე. მშობლები უკვე ასაკში იყვნენ, როცა შეუღლდნენ და ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობაც დიდია. ბავშვობის წლები, ერთი მხრივ, უშუქობასთან, ნავთის სუნთან, უწყლობასთან და არეულობასთან ასოცირდება, მეორე მხრივ კი ბევრ ნათელ მოგონებასთან, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მუსიკასთან, ხელოვნებასთან და იმ აქტივობებთან, რომლებშიც, მშობლების წყალობით, ექვსი წლიდან ვიყავი ჩართული. დავამთავრე 57-ე საშუალო სკოლა და ევგენი მიქელაძის სახელობის საკრავიერი კოლეჯი. ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონებები უკავშირდება წარმატებებს, რომლებსაც მუსიკაში ვაღწევდი. თითოეული წინ გადადგმული ნაბიჯი დიდი სტიმული იყო ჩემთვის. მშობლების მადლიერი ვარ, რომ ამ გზაზე დამაყენეს და არჩევანის თავისუფლება მომცეს.

პორტრეტი

გამორჩეულად უყვარს ზრდილობიანი და მოწესრიგებული ადამიანები. აფასებს მადლიერების და პასუხისმგებლობის გრძნობას. სიამოვნებს პოზიტიურ ხალხთან ურთიერთობა. თავადაც ყოველთვის ცდილობს, საყვარელ ადამიანებს კომფორტული გარემო შეუქმნას.

– ცხოვრების განმავლობაში უამრავ სხვადასხვა პროფესიისა თუ ხასიათის ადამიანს შევხვდი. მათგან ბევრი ვისწავლე და მათი დახმარებით ბევრი რამ აღმოვაჩინე. არ მიჭირს სხვადასხვა ფსიქოტიპის პიროვნებებთან ურთიერთობა, საბოლოოდ კი თავად ვირჩევ, ვინ რა დოზით შემოვუშვა ჩემს ცხოვრებაში.

ამბობს, რომ მისი ცხოვრების ყველაზე ნათელი წუთები და სიამაყის განცდაც შვილებს უკავშირდება. სწორედ ისინი არიან ნეკასთვის შთაგონების წყაროც და მთავარი მამოძრავებელი ძალაც. მიაჩნია, რომ ბედნიერება ბევრ რამეშია – ურთიერთობებში, აღმოჩენებში, სიახლეებში, თითოეული დღის გათენებაში, მთავარია, გვინდოდეს მისი დანახვა. სურს, ყოველთვის მართალი იყოს საკუთარ თავთან და მისი ცხოვრების კრედოც ეს არის.

დარწმუნებულია, რომ გამორჩეულ ქალაქში ცხოვრობს, რომელიც ძალიან უყვარს.

– რეალისტი ვარ, ოცნების კოშკებს არ ვაგებ... ჩემი ყველაზე დიდი სურვილი მშვიდობიან და გაერთიანებულ საქართველოში ცხოვრებაა. სტაბილურობა და სიმშვიდე ის არის, რაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება და რაც ყველა ოჯახზე აისახება. 

ჯანმრთელობის რეცეპტი

– ხელოვნება ოკეანესავით უკიდეგანო სივრცეა, აღმოჩენებისა და ახალი შეგრძნებების ულევი წყარო. ეს ყველაფერი კი, ცხადია, განწყობაზე, სულიერ მდგომარეობაზე აისახება.

ყოველგვარი სნეულების ჟამს უაღრესად მნიშვნელოვანია განწყობა, შემართება – როგორ დახვდები ამა თუ იმ დაავადებას. მჯერა, რომ ადამიანს, გარკვეულწილად, შეუძლია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა. როცა სწამს, რომ განიკურნება, როცა სჯერა ექიმის და წამლის, შედეგიც უკეთესია. ბრძოლისუნარიანობა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია – ბევრ წამალზე მეტად მნიშვნელოვანიც კი.

ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვნად მიმაჩნია. სამწუხაროდ, ბოლო დროს აქტიურად ვარჯიშს ვერ ვახერხებ, თუმცა ბევრს დავდივარ. ვცდილობ, მეტი დრო გავატარო სუფთა ჰაერზე. უმეტესად შინ მომზადებული კერძებით ვიკვებები. ვცდილობ, ნატურალური და ჯანსაღი პროდუქტებისგან შემდგარი რაციონი მქონდეს და ისე მოვამზადო, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგონ. საზოგადოდ, ძალიან მიყვარს კულინარია და სამზარეულოში ტრიალი დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაში, ვფიქრობ, აქტიური როლი უნდა შეასრულოს მედიამ. მაქსიმალურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები. თუ ადამიანი საკუთარ თავს ოდნავ მაინც სცემს პატივს, ამ მიმართულებასაც უნდა დაუთმოს ცოტაოდენო დრო. ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა არც ისე ძნელია, როდესაც ამ ცნების მნიშვნელობა გააზრებული გაქვს.

მთავარი სათქმელი

– მეტი სიყვარული გავცეთ, მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიპოვოთ საკუთარ თავში ძალა, სხვისი წარმატება გვიხაროდეს. ვიყოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები და შეგვეძლოს იმის დაფასება, რაც ღმერთმა მოგვცა.

 თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: