ახალშობილი იზრდება: სიცოცხლის მეორე-მესამე თვე
გააზიარე:
სიცოცხლის მეორე თვიდან, ბევრი უძილო ღამის, დაბნეულობისა და ნერვიულობის შემდეგ, შეამჩნევთ, რომ ბავშვს კვებისა და ძილის გარკვეული რუტინა გამოუმუშავდა. თქვენც მიეჩვევით ოჯახის ახალ წევრს და მისი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამასთან, მიიღებთ უდიდეს ჯილდოს – ბავშვის პირველ ღიმილს. და ეს მხოლოდ დასაწყისია...
სიცოცხლის მეორე და მესამე თვეს ბავშვი კარგავს ახალშობილისთვის დამახასიათებელ ბევრ რეფლექსს და იძენს საკუთარ მოძრაობებზე კონტროლის უნარს. შეამჩნევთ, რომ ის ინტერესით ითვალიერებს ხელებს, იკვლევს გარემოს და ხალხს, იღიმება თქვენი ხმის გაგონებისას, თქვენი დანახვისას. ზოგი ბავშვი ამ ასაკში "ლაპარაკსაც" იწყებს – ღუღუნით გეხმაურებათ, როცა მიმართავთ. ნელ-ნელა მისი მომავალი ტემპერამენტი და ხასიათის შტრიხებიც გამოიკვეთება.
ზოგი ცვლილება სწრაფად ხდება, ზოგი – ნელა. ცვლილებათა ნელი ტემპი იმას არ ნიშნავს, რომ პატარა ცუდად ვითარდება. პირიქით, მისი ორგანიზმი და ნერვული სისტემა დიდი ცვლილებებისთვის ემზადება და იკრებს ძალას.
ფიზიკური განვითარება
სიცოცხლის მეორე და მესამე თვეს ორგანიზმი იმავე ტემპით განაგრძობს ზრდას, რომლითაც პირველი თვის განმავლობაში იზრდებოდა. ბავშვი თვეში 700-900 გრამს და 2,5-4 სმ-ს იმატებს, თავის გარშემოწერილობა კი 1,25 სმ–ით იზრდება.
მეორე თვის ბოლოსთვის ყიფლიბანდები ისევ ღიაა, თუმცა დაპატარავებულია, ხოლო მესამე თვის ბოლოსთვის, წესისამებრ, იხურება (თუმცა არის შემთხვევები, როცა დიდი ყიფლიბანდი 6-8 ან 12-24 თვემდეც კი რჩება ღია). ამ ასაკში თავი ტანთან შედარებით პროპორციულად დიდია. განვითარების მომდევნო ეტაპზე ტანის ზრდის ტემპი თავის ზრდის ტემპს ნელ-ნელა უთანაბრდება და უსწრებს.
მეორე თვის ბოლოსთვის ბავშვი აქტიურად ამოძრავებს ხელ-ფეხს, უვითარდება კუნთები, სწრაფად ეზრდება ძვლები და ამის გამო გამხდარი ჩანს.
მოძრაობა
შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ბავშვი ამ პერიოდში ცოტას მოძრაობს. ასე არ არის; უბრალოდ, მისი მოძრაობები გაცნობიერებული და ნებითი ხდება.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კისრის კუნთების გაძლიერებაა. ბავშვს ახლა უფრო ხშირად უჭირავს თავი მაღლა მუცელზე წოლისას, შეუძლია, მიატრიალ-მოატრიალოს კიდეც. ასე რომ, ჩვილის თავის მუდმივად სწორ პოზიციაში დაჭერა აღარ დაგჭირდებათ.
მუცლის კუნთები კისრის კუნთებზე ნელა ვითარდება და მაგრდება, ამიტომ ნუ შეშფოთდებით, თუ ბავშვი ზურგზე წოლისას ვერ ახერხებს თავის წამოწევას და ტრიალს.
ფეხის კუნთები ამ ასაკში აქტიურად ვითარდება. ორი თვიდან იწყება კიდურების გასწორებაც – ფეხები, რომლებიც აქამდე გარეთ იყურებოდა, ნელ-ნელა შიგნით ბრუნდება. თუმცა ფეხის მოძრაობები ამ დროისთვის უფრო რეფლექტორული ხასიათისაა, ასე რომ, შესაძლოა, პატარამ უნებლიეთ წიხლიც გითავაზოთ. ნუ დატოვებთ ამ პერიოდში ბავშვს უყურადღებოდ. თუ თამაში გენდომებათ, უმჯობესია, იატაკზე დააწვინოთ.
მხედველობა
სიცოცხლის პირველი თვის ბოლოს ბავშვის მხედველობის ფოკუსური მანძილი (მანძილი, რომელზეც თვალი გარკვევით აღიქვამს გამოსახულებას) 30,5 სმ-ს არ აღემატება, ამიტომ ის მხოლოდ ახლომდებარე საგნებს შეისწავლის, ყველაზე საინტერესო ობიექტი კი მისთვის ადამიანის სახეა. როგორც კი ხელში აიყვანთ, მაშინვე სახეზე დაგაკვირდებათ და თვალებში შემოგხედავთ. ნელ-ნელა ის თქვენი გამომეტყველებითაც დაინტერესდება. დაიწყებს საკუთარი თავის სარკეში თვალიერებას და გაეპრანჭება კიდეც. შეიძინეთ სპეციალური საბავშვო სარკე, რომელიც არ ტყდება და პატარას საწოლზე ისე დაუმაგრეთ, რომ ხშირად ჩაიხედოს ხოლმე. ამით კარგად გაერთობა, როცა თქვენ გვერდით არ ეყოლებით.
სიცოცხლის პირველ კვირებში ბავშვს უჭირს მოძრავ საგანზე ფოკუსირება – თუ სწრაფად გადაიტანთ სათამაშოს ერთი ხელიდან მეორეში ან თავს გააქნევთ, პატარა ფოკუსს დაკარგავს და სივრცეში დაიწყებს ყურებას. ორი თვისთვის ესეც შეიცვლება – ბავშვის თვალები უფრო კოორდინირებულად დაიწყებს მოძრაობას და ორივე ერთ წერტილზე ფოკუსირდება. პატარაც უფრო ყურადღებით დააკვირდება უძრავ თუ მოძრავ საგნებს. სამი თვის ასაკისთვის, როცა ბავშვის ხელის მოძრაობა ნებითი და კონტროლირებადი გახდება, ის ეცდება, მოძრავ საგანს შეეხოს, ჩაებღაუჭოს. პირველ ხანებში მიზანს ალბათ ხშირად ააცილებს, მაგრამ პრაქტიკა კოორდინაციის უნარს განუვითარებს.
ნელ–ნელა გაიზრდება ფოკუსური მანძილიც. შეამჩნევთ, რომ პატარა შორიდანვე გხედავთ და გცნობთ ან მიიწევს საყვარელი სათამაშოსკენ, რომელიც მოშორებით დევს, ოთხი თვის ასაკისთვის კი ფანჯარაშიც დაიწყებს ყურებას.
ორი–სამი თვის ასაკში ვითარდება ფერების აღქმაც. სიცოცხლის პირველ თვეს ბავშვი მხოლოდ შავ-თეთრ და ძალიან ინტენსიურ ფერებს აღიქვამს, პასტელურ და ბაცს – ვერა, ოთხი თვის ასაკისთვის კი მას ფერთა მთელი გამის აღქმა შეუძლია.
რაც უფრო უვითარდება ბავშვს მხედველობა, მით უფრო მეტი ინტერესით აკვირდება ის გარემოს. ერთი თვისთვის მისი საყვარელი ფორმები სწორი ხაზებია, სამი თვისთვის უფრო მრგვალი ფორმები აინტერესებს (სასურველია, სათამაშოებიც ასეთივე შეურჩიოთ – მრგვალი და ფერადი). ამიტომ არის, რომ ადამიანის სახეს ასეთი ინტერესით აკვირდება.
სმენა
ბავშვებს ყველაზე მეტად ადამიანის ხმის მოსმენა უყვართ, დედის ხმა კი მათთვის განსაკუთრებულია, რადგან სითბოსთან, სიმშვიდესთან, კმაყოფილებასთან ასოცირდება. ქალის ხმის გაგონება პატარებს უფრო სიამოვნებთ, ვინაიდან ის უფრო მაღალი ტონალობისაა. თუ მასთან საუბრისას ხმას დაიწვრილებთ, უფრო ნელა ილაპარაკებთ და თვალებსა და პირს ჩვეულებრივზე ფართოდ გააღებთ, ბავშვის ყურადღებას უფრო ადვილად მიიქცევთ და დაინახავთ, რომ ეს მას ღიმილსაც მოჰგვრის.
როცა ბავშვს ხშირად ელაპარაკებიან ან ხშირად ესმის უფროსების დიალოგი, ის იმაზე ადრე ხვდება მეტყველების მნიშვნელოვნებას, ვიდრე ნათქვამის შინაარსს გაიგებდეს ან თავად დაიწყებდეს ლაპარაკს, ამიტომ ეცადეთ, პატარას ხშირად ესაუბროთ ნებისმიერ თემაზე, ისევე, როგორც უფროსს ესაუბრებოდით.
ერთი თვისთვის ბავშვი უკვე ცნობს თქვენს ხმას, თუნდაც მეზობელი ოთახიდან ესმოდეს და ეს მას სიმშვიდეს ჰგვრის. როცა საუბრისას გიღიმით ან გეღუღუნებათ, თქვენს სახეზე გამოხატული ღიმილი მიახვედრებს, რომ საუბარი ორმხრივი პროცესია. საუბრის ეს მარტივი სახე ასწავლის პატარას კომუნიკაციის წესებს – ინტონაციის და ტემპის ცვლას, მოსმენას და პასუხის გაცემას.
ორი თვის ასაკში ბავშვი ღუღუნს იწყებს, გარკვეულ მარცვლებს წარმოთქვამს ("ააჰ-ააჰ", "ოოჰ-ოოჰ"). შეგიძლიათ, თქვენც "მის ენაზე" ესაუბროთ, ოღონდ იცოდეთ, რომ ეს ენამოჩლექით საუბარს არ ნიშნავს. ბავშვს, რომელსაც ენის მოჩლექით ელაპარაკებიან, მეტყველების უნარი უფრო ძნელად უვითარდება.
შეგიძლიათ, უკითხოთ წიგნები. მართალია, შინაარსს ვერ გაიგებს, მაგრამ თქვენი ხმის მელოდიურობას დაიმახსოვრებს. ჩვილ ბავშვებს კარგი სმენითი მეხსიერება აქვთ. მოგვიანებით ისინი უფრო მეტი ინტერესით ისმენენ იმ ზღაპრებს, ლექსებს, მოთხრობებს, რომლებსაც ადრეულ ბავშვობაში უკითხავდნენ.
ოთხი თვისთვის ბავშვი ახალი უცნაური ბგერების/მარცვლების გამოცემას იწყებს ("მუჰ-მუჰ..." "ბაჰ-ბაჰ..."). მას უკვე შეუძლია მოსმენილი ფრაზების აღქმა და შესაბამის რეაქციას ამჟღავნებს თანამოსაუბრის ინტონაციაზე: თუ ნაზად და თბილად ეტყვით რამეს, გაიღიმებს, თუ გაუბრაზდებით – იტირებს. გახსოვდეთ: ის, თუ როგორ ელაპარაკებით პატარას, დიდ გავლენას ახდენს მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე.
ემოციური და სოციალური განვითარება
როცა ბავშვი ბევრ დროს ატარებს ოჯახის წევრებთან, იცის, რომ ისინი მას აჭმევენ, უვლიან, ართობენ და ეფერებიან. შესაბამისად, ოჯახურ გარემოში თავს კარგად გრძნობს, ეს სასიამოვნო შეგრძნება კი ღიმილს ჰგვრის.
პატარას სიცოცხლის პირველივე თვიდან შეუძლია სხვადასხვა გამომეტყველების მიღება, მეორე თვისთვის კი უკვე შეგნებულად იღიმება და იცვლის მიმიკას.
ღიმილი ბავშვის სოციალურ-ემოციური განვითარების პირველი და უმნიშვნელოვანესი ასპექტია. რაც უფრო მეტ დროს ატარებს თქვენთან, რაც უფრო მეტად გეცნობათ და გიახლოვდებათ, მით უფრო მეტს იღიმება, ეს კი დადებითად მოქმედებს მის გონებრივ განვითარებაზე. მეორე მხრივ, ღიმილით/კისკისით პატარას ყურადღება გადააქვს შინაგანი გამღიზიანებლებისგან (შიმშილი, კოლიკა, დაღლილობა). ღიმილი და თამაში ბავშვის სოციალიზაციას უწყობს ხელს, აფართოებს მის სამყაროს და ინტერესების სფეროს. სამი თვის ასაკისთვის ბავშვი უკვე ღიმილით ერთვება დიალოგში და უფრო მეტს გეკონტაქტებათ.
რა თქმა უნდა, ჩვილი ყველა უფროსთან ასეთი მხიარული და მეგობრული არ არის. ის ენდობა მშობლებს, დედმამიშვილებს, ბებია-ბაბუას, ძიძას – ერთი სიტყვით, იმ რამდენიმე ადამიანს, ვინც ბევრ დროს ატარებს მასთან და ზრუნავს მასზე, უცხოებს კი პატარა ეჭვითა და ინტერესით აკვირდება. ის, რომ ბავშვი ასეთ მცირე ასაკში არჩევს ნაცნობს და უცნობს, მიუთითებს, რომ ის სოციალურ კავშირებში იწყებს გარკვევას.
სამი-ოთხი თვიდან პატარა სხვა ბავშვების მიმართაც იჩენს ინტერესს. თუ მეორე ოთახიდან ან ეზოდან ბავშვების ხმა გაიგონა, მზერით ცდილობს მათ მოძებნას.
კვება
იდეალურ შემთხვევაში, ბავშვმა 4-6 თვემდე მხოლოდ ძუძუ უნდა წოვოს. საუკეთესო გზა იმის განსაზღვრისთვის, საკმარის საკვებს იღებს თუ არა, მისი წონის, სიგრძისა და თავის გარშემოწერილობის რეგულარული შემოწმებაა. ძუძუზე მყოფი პატარა კვებას დღის ნებისმიერ მონაკვეთში ითხოვს.
სიცოცხლის მეორე თვეს ბავშვმა ერთ ჯერზე შესაძლოა 120-150 მლ მიირთვას, ოთხი თვისთვის კი მისი ულუფა 180 მლ–მდე გაიზარდოს (ეს მონაცემები, რა თქმა უნდა, საშუალოა – რეალურად ყველა ბავშვის მოთხოვნილება ინდივიდუალურია, მეტიც – კვებიდან კვებამდეც კი იცვლება). 4 თვის ბავშვი დღიურად 750-900 მლ–ს უნდა იღებდეს.
თუ ბუნებრივ კვებაზე მყოფი პატარა წონას არ იმატებს ან გამუდმებით გამოხატავს შიმშილს, შესაძლოა, დედის რძე არ ჰყოფნიდეს. აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია.
თუ ბავშვის დღიურ რაციონში რამეს შეცვლით, ეს მაშინვე აისახება მისი კუჭის მოქმედებაზე. ამ ასაკში ნაწლავები უფრო მეტს იტევს, შესაბამისად, მეტს იწოვს და კუჭის მოქმედებაც იშვიათდება, განავლოვანი მასები კი უფრო ფორმული ხდება. იშვიათდება ჭამის შემდეგ წამოქაფებაც.
დაბადებისას ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა უმწიფარია. მის მომწიფებას რამდენიმე კვირა სჭირდება. რაც უფრო მწიფდება ნაწლავთა ფუნქცია, მით უფრო იმატებს ინტერვალი კუჭის მოქმედებებს შორის. 2-3 თვის ბავშვს, ბუნებრივ თუ ხელოვნურ კვებაზე მყოფს, შესაძლოა დღეში ერთზე მეტად არც კი ჰქონდეს კუჭის მოქმედება (იშვიათად ბავშვებს რამდენიმედღიანი ინტერვალებიც კი აქვთ). დედის რძე ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებისგან შედგება. თუ ბავშვი ძუძუზეა, რძე შესაძლოა მთლიანად შეიწოვოს ნაწლავში და გამოსაყოფი აღარაფერი დარჩეს. სწორედ ამით აიხსნება კუჭის მოქმედების გაიშვიათება. ეს შეკრულობაში ნუ აგერევათ, ვინაიდან ბუნებრივ კვებაზე მყოფ პატარებს შეკრულობა თითქმის არასდროს აწუხებთ.
ძილი
მეორე თვის ბოლოსთვის ბავშვი უფრო სოციალური ხდება და დღის განმავლობაში უფრო მეტ დროს ატარებს ფხიზლად, ძილით კი უფრო ფრთხილად სძინავს. იმავდროულად, იმატებს მისი კუჭის მოცულობა, შესაბამისად, კვებაც უფრო იშვიათად სჭირდება. ღამით ერთი კვება შესაძლოა გამოტოვოს კიდეც. სამ თვეს მიტანებული ბავშვების უმეტესობას ღამით 6-8 საათი გადაბმულად სძინავს.
სესილი ცირეკიძე