კისრის თიაქარი - რატომ არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ კისრის ტკივილი

გააზიარე:

რას იფიქრებს ადამიანი, თუ კისრის ქრონიკული ტკივილი დაეწყება? უმეტესობა მას ოსტეოქონდროზს, ე. წ. მარილების დაგროვებას დააბრალებს და უყურადღებოდ დატოვებს. შემთხვევათა ნახევარში დამნაშავე მართლაც ოსტეოქონდროზია, დანარჩენის მიზეზი კი უამრავი რამ შეიძლება იყოს, მათ შორის –  კისრის თიაქარი, რომელიც უყურადღებობის შემთხვევაში მძიმე, შეუქცევად პათოლოგიას – კისრის დისკოს თიაქარს იწვევს.

მალათაშუა დისკოს ფუნქცია

მალათაშუა დისკო გვეხმარება ნებისმიერი ტიპის მოძრაობის შესრულებაში, გვანიჭებს მოქნილობას და ერთმანეთს აშორებს მალებს, ამორტიზაციის საშუალებას აძლევს ხერხემალს. დისკო ძირითადად შედგება წყლისა და კოლაგენური ბოჭკოებისგან, რომლებიც გარს ეკვრის შიგნით მდებარე თხევად ნაწილს და ქმნის ფიბროზულ რგოლს.

დისკოს თიაქარი ფიბროზული რგოლის გახევის შედეგია. თავდაპირველად ვითარდება პროტრუზია – დისკოს რგოლის გამობურცვა, გაჭიმვა, რასაც ზედაპირის დახეთქვა მოჰყვება. ნებაზე მიშვებული პროცესი იმით მთავრდება, რომ დისკოს თხევადი ნაწილი ფიბროზული რგოლის გარეთ გამოდის.

დისკო შეიძლება შიგნითაც ჩაიზნიქოს. გარეთ გამოსული დისკო ეხება და აღიზიანებს ზურგის ტვინიდან გამომავალ ნერვულ ფესვებს და შესაბამისი ადგილის ფუნქციის მოშლამდე (ძლიერი ტკივილი, დაბუჟება, სიხლძარღვოვანი დარღვევები) მივყავართ, ხოლო შიგნით ჩაზნექილი აწვება ზურგის ტვინს, აფერხებს თავზურგტვინის სითხის (ლიქვორის) მიმოცვლას და ცერებრულ, თავის ტვინისმხრივ ჩივილებს იწვევს.

თიაქარი, წესისამებრ, ჩნდება კისრის მე-5 და მე-6 ან მე-6 და მე-7 მალებს შორის. სიმპტომები ამ ორ შემთხვევაში სხვადასხვანაირია.

არსებობს ორი ტიპის თიაქარი – ცრუ და ჭეშმარიტი. ცრუ თიაქარს, ჭეშმარიტისგან განსხვავებით, არ ახასიათებს ე.წ. ფესვობრივი სინდრომი.

წინათ ოსტეოქონდროზისა და კისრის თიაქრის დიაგნოზს უმეტესად მოხუცებულ ასაკში სვამდნენ. ბოლო ხანს პათოლოგიის გაახალგაზრდავება შეინიშნება. ის 25 წლის ასაკშიც კი გვხვდება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს

ხერხემალს ვნებს არასწორი ცხოვრების სტილი, განსაზღვრული ტიპის სამუშაო, როგორც ფიზიკური აქტიურობის უკმარისობა, ისე ხერხემლის ზედმეტი დატვირთვა. სტატისტიკის თანახმად, კისრის თიაქარი უფრო ხშირად ემართებათ მამაკაცებს, რადგან მათი ცხოვრების წესისთვის უფრო ტიპობრივია მძიმე დატვირთვა (ფიზიკური ჯაფა, პროფესიული სპორტი).

ოსტეოქონდროზისა და თიაქრის რისკი ემუქრებათ ადამიანებს, რომლებსაც ხშირად უწევთ ერთი და იმავე მოძრაობის შესრულება ან ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს ყოფნა, აქვთ შაქრიანი დიაბეტი, სისტემური ავტოიმუნური დაავადება, სიმსუქნე, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. თიაქარი შეიძლება ორთოპედიულმა პათოლოგიამაც გამოიწვიოს.

რისკჯგუფს მიაკუთვნებენ:

* სპორტსმენებს;

* მტვირთავებს;

* მასწავლებლებს;

* მკერავებს;

* მუშებს.

დაავადების განვითარებას წინ უძღვის ნივთიერებათა ცვლის დისბალანსი, კერძოდ, დისკოში შემავალი წყლის მასასა და კოლაგენურ ბოჭკოებს შორის ბალანსის დარღვევა. მისი ერთ-ერთი მიზეზია ოსტეოქონდროზიც, რომელიც კისრის სისხლმომარაგებას აუარესებს.

სიმპტომები

თავდაპირველად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. პაციენტი არაფერს უჩივის, სანამ არ დადგება პროტრუზიის პერიოდი. ზოგს ამ პერიოდშიც კი არ აწუხებს დისკომფორტი და ტკივილის შეგრძნება. კისრის თიაქრის ტიპობრივი სიმპტომია კისრის ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება გადაეცეს ბეჭებს, მხრებს და ლავიწის ძვლებს. პაციენტი ასევე შეიძლება უჩიოდეს თავის ძლიერ ტკივილს და თავბრუხვევას, რაც უკვე ნერვის დაზიანებაზე ან მიჭყლეტაზე მეტყველებს. სწორედ ამას უწოდებენ ფესვობრივ სინდრომს.

ტკივილს თან ახლავს ხელების დაბუჟება, რთულდება ზოგიერთი მოძრაობის შესრულება, მაგალითად, თავის მიტრიალება-მოტრიალება, დახრა. გაღვიძებისას ადამიანს კისერი გაშეშებული აქვს, თავის მიტრიალება-მოტრიალების მცდელობა კისრის ძლიერ ტკივილს იწვევს.

შესაძლოა, გაუარესდეს მხედველობაც და ამას არავითარი ოფთალმოლოგიური დარღვევა არ ედოს საფუძვლად.

თიაქრის ადგილას სახიფათო ცვლილებები მიმდინარეობს. სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო კისრის არე განიცდის ჟანგბადოვან შიმშილს, რაც თავის ტვინის მუშაობაზე აისახება. პაციენტი უჩივის თავბრუხვევას, ყურების შუილს, თვალების დაბნელებას, კოორდინაციის დარღვევას. შესაძლოა, საქმე გულის წასვლამდეც მივიდეს.

დიაგნოსტიკა

კისრის ტკივილის გამო პაციენტები თერაპევტთან მიდიან. გამოკითხვის შემდეგ თერაპევტი მათ რენტგენოლოგიურ კვლევაზე გზავნის, კისრის თიაქრის დიაგნოზის დასმის შემდეგ კი პაციენტს ნევროლოგთან გადაამისამართებენ. საჭიროებისამებრ, მას ჩაუტარებენ ხერხემლის მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას, რომელიც ხერხემლის თიაქრის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა.

ლაბორატორიული კვლევებიდან ინფორმაციულია რევმატოლოგიური სინჯები, კვლევა ჩ-რეაქტიულ ცილაზე და სისხლის საერთო ანალიზი. თუ რევმატოლოგიური ფაქტორი დადებითი აღმოჩნდა, რევმატულ ანთებას და სახსრების დაზიანებას ვარაუდობენ.

მოსალოდნელი გართულებები

* ხელების სისუსტე და მოძრაობის გაძნელება – ყველაზე მძიმე შემთხვევებში ვითარდება ხელების დამბლა ან პარეზი, როდესაც თიაქარი მთლიანად აწვება ნერვულ ფესვებს.

* კანის მგრძნობელობის დარღვევა – დაბუჟება და მგრძნობელობის დარღვევა ჯერ თითებზე აღინიშნება, მერე ნელ-ნელა მოედება მტევანს და წინამხარს. საბოლოოდ პროცესი მოიცავს მთელ კიდურს.

* ზურგის ტვინის კომპრესია (ზეწოლა) – ამ დროს ოპერაცია გარდაუვალია. ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა, რადგან თუ ზურგის ტვინის კომპრესია მე-4 მალის დონეზე მოხდა, მოსალოდნელია სუნთქვის გაჩერება, მე-5 მალის დონეზე – ზედა კიდურების დამბლა, მე-6 და მე-7 მალებს შორის კომპრესია კი ზედა და ქვედა კიდურების ბლოკირებას იწვევს.

* სკოლიოზი – ტკივილის გამო პაციენტი იძულებულია, აირჩოს განსაზღვრული პოზა, რასაც ხერხემლის გამრუდებამდე მივყავართ. კისრის ერთ მხარეს ხდება კუნთების ატროფია (განლევა), მეორე მხარეს კი ვითარდება ჰიპერტონუსი (ჭარბი ტონუსი).

მკურნალობა

დაავადების საწყის სტადიაზე ტკივილის სინდრომის მოსახსნელად შესაძლოა ჩატარდეს თერაპიული მკურნალობა. შორს წასულ შემთხვევაში და დიდი ზომის თიაქრის დროს აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.

მკურნალობა მოიცავს სამ დამოუკიდებელ მიმართულებას: მედიკამენტურ თერაპიას, აღდგენით თერაპიას და ქირურგიულ ჩარევას. უმეტესად კომბინირებულ მიდგომას იყენებენ.

მედიკამენტური მკურნალობა ითვალისწინებს შემდეგი ჯგუფის პრეპარატების გამოყენებას:

* არასტეროიდები – ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული ნივთიერებები. ეს პრეპარატები სწრაფად და ეფექტურად ხსნის ტკივილს, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც. თიაქრის გამწვავების ფაზაში 2-3 დღით ინიშნება ძლიერმოქმედი საინექციო საშუალებები, მაგალითად, დიკლოფენაკი, კეტოპროფენი. ამის შემდეგ პაციენტი ტაბლეტებზე გადაჰყავთ. ამ ჯგუფის პრეპარატების მიღება ორ კვირაზე მეტხანს არ შეიძლება. მათთან ერთად ინიშნება კუჭის დამცავი საშუალებები, რათა მინიმუმამდე დავიდეს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის განვითარების რისკი.

* კორტიკოსტეროიდები – ეს ჰორმონული პრეპარატები ინიშნება, როდესაც არასტეროიდები უეფექტოა. განასხვავებენ ხანმოკლე და ხანგრძლივი მოქმედების კორტიკოსტეროიდებს. ხანგრძლივად მოქმედი პრეპარატები შეჰყავთ პირდაპირ სახსრის ღრუში ან კუნთში. ერთი ნემსი საკმარისია, რომ ტკივილმა რამდენიმე თვით გაიაროს. ხანმოკლე მოქმედების პრეპარატები ნაკლებშედეგიანია და მეტი გვერდითი ეფექტი აქვს.

* მიორელაქსანტები – განკუთვნილია სპაზმირებული კუნთების მოსადუნებლად. კისრის თიაქრის გამწვავების პერიოდში მასაჟი აკრძალულია, ამიტომ კუნთების მოსადუნებელ პრეპარატებს (მიდოკალმი, ბაკლოფენი) იყენებენ. წამლების კურსი რამდენიმე კვირა გრძელდება.

* ნეიროპროტექტორები – B1-ის, B6-ისა და B12-ის კომბინაცია ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს ახდენს.

მწვავე პერიოდის შემდეგ პაციენტი გადის რეაბილიტაციას. რეაბილიტაცია მოიცავს მანუალურ თერაპიას, ფიზიოთერაპიას და სამკურნალო ფიზკულტურას. საჭიროა ფიზიოთერაპიის დაახლოებით 20 პროცედურის გავლა. მისი დახმარებით უმჯობესდება სისხლის მომარაგება და მედიკამენტები უკეთესად აღწევს ორგანიზმში.

სამკურნალო ფიზკულტურა აუცილებელია მათთვის, ვისაც მცირე ზომის კისრის თიაქარი აქვს. ვარჯიში მსუბუქი უნდა იყოს, უხეში და მკვეთრი მოძრაობების შესრულება არ შეიძლება. იკრძალება ჩაჯდომა, სიმძიმეების აწევა და თავის მკვეთრად ტრიალი ან დახრა.

თუ მდგომარეობა კონსერვატიული მკურნალობის პირველივე თვეებში არ გაუმჯობესდა ან თიაქრის ზომა 7 მმ-ზე მეტია, ქირურგიული ჩარევა აუცილებელია.

დღესდღეობით კეთდება რამდენიმე ტიპის ოპერაცია. ესენია:

* კისრის წინა სპონდილოდეზი ქეიჯის გამოყენებით – მიდგომა ხდება კისრის წინა ზედაპირიდან, თიაქარს ამოკვეთენ და ქეიჯით მალის სტაბილიზირებას ახდენენ. ქეიჯი ღრუიანი იმპლანტია, რომელიც შემდეგ ძვლის სინთეტიკური ნაერთით ივსება. ეს იწვევს ძვლოვანი ქსოვილის ზრდას და ორი მალის კარგად შეერთებას. ოპერაციის მესამე დღეს პაციენტი სახლში ეწერება. ამ ოპერაციას აქვს უკუჩვენებაც – ის არ უტარდებათ ძლიერ გამოხატული ოსტეოპოროზის მქონე პირებს.

* კისრის თიაქრის ამოკვეთა და დისკოს იმპლანტით ჩანაცვლება – ამ შემთხვევაში ხდება ხელოვნური დისკოს იმპლანტაცია, რომელსაც თითქმის იგივე მახასიათებლები აქვს, რაც ნამდვილ დისკოს. ეს მეთოდი გამოიყენება მხოლოდ პროტრუზიამდელ პერიოდში ანუ მალათაშუა დისკოზე ნახეთქების გაჩენამდე.

ორივე მეთოდი ტექნიკურად ძალიან კარგადაა დამუშავებული და ფართოდაა დანერგილი. რეაბილიტაციის ხანგრძლივობა ორივე შემთხვევაში 3-4 თვეა. ამ ხნის განმავლობაში ორგანიზმი ეჩვევა იმპლანტს.

თუ კისრის თიაქარს დროულად არ ვუმკურნალეთ, შესაძლოა, პაციენტი დაინვალიდდეს, ამიტომ სათანადო ყურადღებით მოეკიდეთ საკუთარ ჯანმრთელობას.

ლელა გაბინაშვილი

 

გააზიარე: