მშრალი შამპუნის გამოყენების წესები

გააზიარე:

ცხიმიანი თმა, დამეთანხმებით, ძნელი მოსავლელია, ხოლო თუ თავის ხშირად დასაბანად  ვერ იცლი, შესაძლოა, კოშმარად გექცეს. ასეთ დროს – და არამხოლოდ – მხსნელად მშრალი შამპუნი გვევლინება. ის სწრაფად და ეფექტურად იწოვს ზედმეტ ცხიმს, მოცულობას ანიჭებს თმას და ვარცხნილობას კიდევ ცოტა ხნით უხანგრძლივებს სიცოცხლეს.

მართალია, მშრალი შამპუნი პოპულარული პროდუქტია, მაგრამ მისი გამოყენება არცთუ ისე მარტივია. არასწორი გამოყენების ყველაზე ხშირი შედეგი თმის ძირების თეთრად შეღებვაა. ამასთანავე, ფორმულები განუწყვეტლივ ვითარდება, იცვლება და ახლა მშრალი შამპუნი არა მარტო ტრადიციული სპრეის, არამედ უკვე ქაფის, მუსის და პუდრის სახითაც შეგხვდებათ. თითოეული მათგანი ამა თუ იმ ტიპის თმისთვისაა ეფექტური. აქედან გამომდინარე, ურიგო არ იქნება, უფრო ახლოს გავეცნოთ მშრალი შამპუნის სახეობებს და მათი სწორად გამოყენების ტექნიკას: როგორ დავიდოთ, რამდენ ხანს გავიჩეროთ თავზე და, რაც მთავარია, როგორ შევარჩიოთ.

ვარჩევთ

თავდაპირველად უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშრალი შამპუნი თხევადს ვერ შეცვლის, ის ამისთვის არ არის განკუთვნილი. მიუხედავად იმისა, რომ მშრალი შამპუნიც შამპუნია, ის თმას არ ასუფთავებს – მხოლოდ ცხიმს იწოვს.

როგორც უკვე ვთქვით, მშრალი შამპუნი სხვადასხვა ფორმით გამოდის ბაზარზე. თუ თხელი ტექსტურის თმა გაქვთ, არ გირჩევთ პუდრის გამოყენებას – ის თმას ამძიმებს და კიდევ უფრო თხელის შესახედაობას აძლევს. პუდრი რეკომენდებულია სქელი და ცხიმიანი თმისთვის, რადგან ცხიმს სწრაფად შეიწოვს და სქელ თმას ვერ დაამძიმებს. თხელი თმისთვის კი სპრეი ან აეროზოლი ჯობია, რადგან მალე შრება და თმას მოცულობას მატებს.

მშრალი შამპუნის არჩევისას ყურადღებით წაიკითხეთ აღწერილობა, რადგან ისიც, ჩვეულებრივი შამპუნის მსგავსად, სხვადასხვანაირი თმისთვის სხვადასხვანაირი უნდა შეარჩიოთ.

თუ ხვეული თმა გაქვთ, გირჩევთ მშრალ შამპუნს დამატენიანებელი ეფექტით.

თუ შეღებილი თმა გაქვთ, შეარჩიეთ შესაბამის ფერის მშრალი შამპუნი – ის ახალამოსულ თეთრ ძირებს დანარჩენ თმასთან მიახლოებულ ფერს მისცემს.

მოხმარების წესები

პირველი ნაბიჯი: თმის მომზადება და განაწილება

უპირველეს ყოვლისა, შეანჯღრიეთ ბოთლი, რომ შიგთავსი თანაბრად განაწილდეს ჯერ ბოთლში, მერე კი თქვენს თმაზე. ყოველ შემთხვევაში, აეროზოლს, სპრეის და ქაფს ეს ნამდვილად სჭირდება. მხოლოდ პუდრის შემთხვევაში შეგიძლიათ აუაროთ გვერდი ამ ნაბიჯს.

ამის შემდეგ მოიმარჯვეთ სავარცხელი. მშრალი შამპუნი სწორად რომ განაწილდეს, თმა კონებად უნდა დაყოთ და თითოეული კონის ძირზე დაიდოთ შამპუნი.

დაიწყეთ ყველაზე ცხიმიანი ნაწილით.

ნაბიჯი მეორე – შამპუნის დატანა

ბოთლის თავი თმიდან დაახლოებით 20 სანტიმეტრის მოშორებით დაიჭირეთ, თმის ძირებს დაუმიზნეთ და ზემოთ-ქვემოთ მოძრაობით დაიტანეთ თმაზე. არავითარ შემთხვევაში არ ისხუროთ მეტისმეტად ახლო მანძილიდან, თორემ შესაძლოა, თმაზე თეთრი ლაქა დაგიტოვოთ და დაბანა მოგიწიოთ მის მოსაშორებლად, რაც მშრალი შამპუნის არსებობას აზრს დაუკარგავს.

ეცადეთ, შამპუნი მხოლოდ ცხიმიან ადგილებზე მოიხვედროთ. არ არის საჭირო მისი მთელ თავზე შესხმა. რაოდენობა დამოკიდებულია არა მხოლოდ იმაზე, რამდენად გაცხიმიანებული გაქვთ თმა, არამედ, ზოგადად, თქვენი თმის ტიპზე. რაც უფრო სქელია თმა, მით უფრო მეტი შამპუნი დაგჭირდებათ.

ეცადეთ, არ გადააჭარბოთ. თუ ჩვეულებრივ შამპუნს დიდი რაოდენობით შეიზელთ თმაში, არაფერი დაშავდება, მაგრამ მშრალი შამპუნის რაოდენობას თუ გადაამეტებთ, თმა გამოშრება, ხისტი და ცხიმიანზე გაცილებით უსიამოვნო შესახედავი გახდება. თავიდან ძალიან ცოტა დაიდეთ; თუ შეატყობთ, რომ თმაზე ცხიმი დარჩა, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიმატეთ შამპუნი.

მესამე ნაბიჯი: შეზელა

მშრალი შამპუნის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ სწორი მოხმარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ იძლევა შედეგს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისი თმაზე წასმით საქმე დამთავრებულია და შეგიძლიათ, იმწამსვე გახვიდეთ სახლიდან.

მას შემდეგ, რაც თმაზე დაიდებთ, რამდენიმე წამი აცადეთ რომ კარგად ჩაჯდეს თმის ძირებში, მერე კი თითებით შეიზილეთ, რომ მისმა ინგრედიენტებმა კარგად შეაღწიოს თმაში.

თუ ატყობთ, რომ თმა მეტისმეტად აგეჩეჩათ ან გაგიფუვდათ, მასაჟის შემდეგ სავარცხლით ჩამოივარცხნეთ. არ შეგეშინდეთ, რომ ისევ ცხიმიან იერს მიიღებს – ამაზე მშრალი შამპუნი იზრუნებს.

რამდენ ხანს გრძელდება მოქმედება

მშრალი შამპუნის ხშირი გამოყენება საბოლოოდ ვნებს თმასა და კანს. ექსპერტები გვირჩევენ მშრალი შამპუნი ზედიზედ მაქსიმუმ ორჯერ გამოვიყენოთ. ამის შემდეგ აუცილებლია თმის ჩვეულებრივი შამპუნით ჩამობანა.

მშრალი შამპუნის კომპონენტები გარკვეული დროის შემდეგ თმის ფოლიკულებს ახშობს და ცხიმს აკავებს, რითაც ხელს უშლის თავის კანის ბინადარი სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას. შედეგად შესაძლოა ფოლიკულიტი ან ჭარბი ქერტლი მიიღოთ. ფოლიკულიტი, თმის ფოლიკულების ანთება, შესაძლოა გამოიხატოს წითელი გამონაყარით ან სითხიანი ბუშტუკებით, რითაც ძალიან ჰგავს აკნეს, ოღონდ თავის კანზე განვითარებულს. ეცადეთ, საქმე აქამდე არ მიიყვანოთ, რადგან ფოლიკულიტთან ბრძოლა არცთუ მარტივი და სასიამოვნოა.

ზოგადი რჩევები

• მშრალი შამპუნი უმჯობესია ღამით დაიდოთ. მართალია, მისი გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შედეგიანია, მაგრამ საუკეთესო შედეგისთვის უმჯობესია, ღამით, დაძინებამდე შეიზილოთ თმაში – ამით მეტ დროს მისცემთ ცხიმის შესაწოვად და დილით თმას ბუნებრივი შესახედაობა ექნება.

• თუ შეღებილი თმა გაქვთ, შეარჩიეთ მშრალი შამპუნი, რომელსაც ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ფორმულა აქვს.

• თუ სარჭი თმაზე ძნელად მაგრდება, მშრალი შამპუნი ასხურეთ, რამდენიმე წამი გააჩერეთ, მერე კი თმაში ჩაიმაგრეთ – აღარ მოგძვრებათ.

• მშრალი შამპუნი დაგეხმარებათ მაშინაც, თუ ვარცხნილობის გაკეთებისას ზედმეტი მოგივიდათ ლაქი ან მუსი და თმა ცხიმიანს დაემსგავსა – დაიდეთ მშრალი შამპუნი და ის სწრაფად შეიწოვს ზედმეტ ცხიმს.

• თუ მშრალი შამპუნის გამოყენებისას თქვენი მიზანი თმის ტექსტურის გაუმჯობესება და მოცულობის მიცემაა, უმჯობესია, შამპუნი მხოლოდ თმის ძირებში შეიზილოთ, ხოლო თუ თმიდან ცხიმის მოშორება გინდათ – მხოლოდ იმ ადგილებში, სადაც ჭარბი ცხიმია.

• მშრალი შამპუნი მხოლოდ და მხოლოდ მშრალ თმაზე უნდა დაიდოთ.

• ქაფის კონსისტენციის მშრალი შამპუნი უმჯობესია არა უშუალოდ თმაზე, არამედ ხელზე დაისხათ, მერე კი თითებით შეიზილოთ თმის იმ ნაწილებზე, სადაც ზედმეტი ცხიმია.

• თუ მშრალი შამპუნის ხმარება ახლახან დაიწყეთ და ატყობთ, რომ მისი გამოყენების შემდეგ კანი გექავებათ, თმა ჩვეულებრივზე მეტად გცვივათ, ქერტლი გაგიჩნდათ ან მოგემატათ, დიდი შანსია, ალერგიული რეაქცია გქონდეთ, ამიტომ ან შეცვალეთ შამპუნი, ან ცოტა ხნით თავი შეიკავეთ მისი გამოყენებისგან, რათა დარწმუნდეთ, რომ აღნიშნული სიმპტომები ნამდვილად მისი მოხმარებით იყო გამოწვეული.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: