გურამ დოლენჯაშვილის ორი ფერი, რომელიც სამყაროს იტევს

გააზიარე:

უნიკალური ხელწერა, შავ-თეთრის ფენომენალური გრადაცია, პეიზაჟები, რომლებსაც ფოტოებისგან ძნელად გაარჩევთ და არც კი დაიჯერებთ, რომ ნახატია – ეს გურამ დოლენჯაშვილის შემოქმედებაა.

საქართველოს რესპუბლიკის დამსახურებული მხატვარი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, დაჯილდოებულია საიმპერატორო აკადემიის ოქროს ჯვრის ორდენით “ხელოვნების მსახურებისთვის”. მას იცნობენ ევროპაში, აზიაში, ამერიკის ორივე კონტინენტზე, ავსტრალიაში. მისი ნახატები გამოფენილია მსოფლიოს არაერთი ქვეყნის გალერეებსა და საგამოფენო დარბაზებში, ამშვენებს პრესტიჟულ მუზეუმებს.

1988 წელს თბილისის მხატვრის სახლში გამართა პერსონალური გამოფენა. მას შემდეგ 32 წელი გავიდა. ამა წლის 21 სექტემბერს ქართველ საზოგადოებას კვლავ მიეცემა საშუალება, “ზამთრის მხატვრის” შემოქმედებით ისიამოვნოს.

– ამბობენ, რომ წარმატებისათვის 10 პროცენტი ნიჭია საჭირო, დანარჩენი 90 პროცენტი კი – შრომა. ცხოვრებაში რამე ღირებულს რომ მიაღწიო, მხოლოდ ნიჭი და შრომა არ არის საკმარისი, კიდევ ბევრი რამ განაპირობებს წარმატებას, – ამბობს ბატონი გურამი, – მხატვარს უნდა ჰქონდეს ჭკუა! მან უნდა წარმართოს ღმერთისგან ნაბოძები ნიჭი სწორი მიმართულებით.

ბევრი სამწუხარო მაგალითია, თუ როგორ შეეწირენ უნიჭიერესი მხატვრები ალკოჰოლს, ნარკოტიკს და ძალიან ახალგაზრდები წავიდნენ ამ ქვეყნიდან.

მე თავად ვარ ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითი: არასდროს მომიწევია სიგარეტი, სუფრაზე ვსვამდი იმდენს, რამდენიც მსურდა. ძალიან მიყვარს ათი-თორმეტი კაცისგან შემდგარი სიყვარულით გაჟღენთილი ლამაზი თავყრილობები.

მურმანსკიდან ალიასკამდე მოვიარე ეგზოტიკური მხარეები. კამჩატკაზე მოგზაურობის დროს ავედი ვულკან ავაჩაზე. რამდენიმეჯერ ვიყავი არქტიკაში, ჩუკოტკაში კი ესკიმოსებთან ერთად ვნადირობდი ვეშაპებზე და ზღვის ლომებზე, მარტოდმარტო დავეხეტებოდი ჩუკოტკის მიუვალ კლდე-ღრეებში. გარწმუნებთ, იქ ისეთი ურთულესი პირობებია, ალკოჰოლის მოყვარული კაცი ერთ კილომეტრსაც ვერ გაივლის. 

მხატვრის იდეალი

– ჰარმონიულად უნდა მუშაობდეს ჭკუა-გონება, თვალი, ხელი... უნდა იყო მიზანდასახული და შეუპოვარი.

სულ მეფიქრება: რა ფენომენია, რომ მიქელანჯელომ 24 წლის ასაკში შექმნა “პიეტა”?

მახსენდება რომენ როლანის სიტყვები: “მიქელანჯელო მაგალითია იმისა, რა შეუძლია ერთ ადამიანს ერთი სიცოცხლის განმავლობაში”.

ის, რომ კარგი მხატვარი აუცილებლად ზეთის საღებავში უნდა იყოს ამოსვრილი, ტალახიანი ფეხსაცმელი ეცვას და ბერეტი ეხუროს, მხოლოდ სტერეოტიპია.

პირველი ნაბიჯები

– როგორც ყველა ბავშვმა, მეც საბავშვო ბაღში დავიწყე ხატვა, თუმცა, მათგან განსხვავებით, მე გავყევი ამ პროფესიას და დღემდე ვეუფლები. სიხარულით და სიყვარულით ვხატავდი მშობლიურ იმერეთს, რასაც, ღმერთის დახმარებით, ყოველთვის წარმატება მოჰქონდა ჩემთვის.

მე არავინ მეკითხება, რატომ და რისთვის მივიღე გადაწყვეტილება, გამოვსულიყავი მხატვარი. ზემოთ ზის მამაზეციერი და ის განაგებს ყველა ჩვენგანის ბედს. ჩვენ კი შეგვიძლია, დაუღალავი შრომით, ჭკუით და გონებით მივიდეთ იმ საზღვრამდე, რაც დაბადებისთანავე დაგვაბედეს.

ვამაყობ იმით, რომ ბევრი ურთულესი პრობლემა გადავლახე და არ დავნებდი. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ მიზანდასახული და შრომისმოყვარე ვარ. წარმატება შეიძლება ვიღაცისთვის სიამაყის საფუძველი იყოს, მაგრამ ჩემთვის ის ამ დიდი ბრძოლის ერთ-ერთი შედეგია. მთელი ჩემი არსი გამარჯვებისკენაა მიმართული, თუმცა ცხოვრებაში მარცხი უფრო მეტია, ვიდრე გამარჯვება.

პოლიტიკის შესახებ

– კულტურაზე ორიენტირებული მთავრობა საქართველოში ჩემს ახალგაზრდობაში მახსოვს. ყვაოდა თეატრი და კინო, ეწყობოდა სახელმწიფოს ხარჯზე ფესტივალები, გამოფენები, კონკურსები. ერთა შორის იყო ურთიერთპატივისცემა და სიყვარული.

...მაგრამ საბჭოთა კავშირი, ამავე დროს, იყო დიდი ბოროტება, რეპრესიული, დამამცირებელი და თავისუფლების აღმკვეთი სისტემა. თითქმის ყველაფერი ჩარჩოებში იყო მოქცეული. წარმოუდგენელიც კი იყო განსაკუთრებული, თავისუფალი შემოქმედების არსებობა.

თითქმის ყველა მხატვარი მუშაობდა სახელმწიფო დაკვეთებზე. ჰონორარი იმდენად მცირე იყო, იძულებული ხდებოდნენ, მუდმივად “ხალტურაზე” ეფიქრათ. ეს ხდებოდა წლების განმავლობაში და საბოლოოდ უნიჭიერესი, დიდი პერსპექტივის მქონე მხატვარი გადაიქცეოდა ჩვეულებრივ ხელოსნად.

90-იანი წლებიდან დაიწყო ომი და უბედურება, რომელიც დღემდე გრძელდება. თითქმის დაცარიელდა საქართველო. გაიკრიფენ სხვადასხვა ქვეყანაში. მუშაობენ დამამცირებელ სამუშაოზე მშობლების და შვილების გადასარჩენად.

ქუთაისს ათი წლის განმავლობაში ელექტროენერგია არ ღირსებია. იძულებული ვიყავი, შემეწყვიტა სახელოსნოში მუშაობა. ლამპისთვის ნავთსაც კი ვერ ვშოულობდი. ზამთარში, სიცივეში, ვიჯექი ჩაბნელებულ ოთახში, საათობით ვუყურებდი კედლებზე მოლიცლიცე შუქს და ჩამოღვენთილ სანთელს. ვოცნებობდი მხოლოდ ერთს: მქონოდა კარგი განათება, სადაც შემეძლებოდა, დღედაღამ მეხატა გამადიდებელი შუშის ქვეშ ჩემი იმერული პეიზაჟები...

ვეღარ გავუძელი ასეთ დამამცირებელ ყოფას და წავედი საზღვარგარეთ ბედის საძიებლად...

მეც მერგო ემიგრანტის როლი, რომელიც ოცდაათი წელი გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში დაკავებული ვიყავი მხოლოდ შემოქმედებითი საქმიანობით და, საბედნიეროდ, ავიცდინე ქუჩაში ყოველდღიური დგომა. ეს მოხდა ჩემდა უნებურად, ნახატების სტილის და თვითმყოფადობის გამო.

თვითრეალიზაციის შესაძლებლობა საქართველოში ხელოვანისთვის თითქმის არ არსებობს. მოსპეს და გაანადგურეს კულტურის სამინისტრო. კულტურა მდორედ, თვითდინებით მიიზლაზნება გაურკვეველი მიმართულებით.

ოჯახი

– მამა არ მახსოვს, სამამულო ომის დროს დაიკარგა. მყავდა უბრალო, მაგრამ საოცრად კარგი დედა გელათიდან – ნინა დოღონაძე. მეუღლე იზო ჭუმბურიძეა, პედაგოგი. გაისად გვისრულდება შეუღლების ორმოცდაათი წელი, ოქროს ქორწილი. მყავს შვილები – თეონა და ზურაბი.

თეონა დოლენჯაშვილი ცნობილი მწერალია, “საბას” ორგზის ლაურეატი. ჰყავს ორი შვილი: ლუკა და ელენე.

ზურაბ დოლენჯაშვილი არქიტექტორია, “ეკო ბინას” დამფუძნებელი. ჰყავს სამი შვილი: გურამი, გაბრიელი და მარიამი.

ავტოპორტრეტი

– მაბრაზებს ტყუილი, ღალატი, დაუფასებლობა, უმადურობა, გაუტანლობა, ამპარტავნობა და ყველაფერი ის, რაც ჩვეულებრივ ადამიანს უნდა აბრაზებდეს.

მიყვარს მელოდიური მუსიკა და ისეთი პოეზია, სადაც არის მუსიკა.

მაქვს ქალისადმი უდიდესი სიყვარული და მოწიწება. ეს გრძნობა ბავშვობიდან მოდის. მასში არის რაღაც საიდუმლო, განუმეორებული და საოცრად ტკბილი. ოცი წლის წინათ, როგორც იქნა, მოვიცალე და შევქმენი 32 სიუჟეტისგან შემდგარი სერია “ქალი სივრცეში”.

დამოუკიდებელი პიროვნება ვარ. არავის არაფერს ვთხოვ და არც მაქვს უფლება, მოვითხოვო. ამიტომ ვცდილობ, ვიყო ცოტა ადამიანის გარემოცვაში, ჩემთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ერთად, ვისთანაც მშვიდად ვგრძნობ თავს.

ვმუშაობ განსაკუთრებული სისტემით, არაბუნებრივად. თვეობით და წლობით ვარ ჩაკეტილი სახელოსნოში და ვხატავ დილამდე. როცა ჩიტები გალობას იწყებენ, მაშინ მთავრდება იმ დღის ნორმა ჩემი მუშაობისა. მძინავს მხოლოდ სამი-ოთხი საათი. სამაგიეროდ, დღისით რამდენიმეჯერ მივწვები ტახტზე და ათიოდე წუთით ვითიშები. ლეონარდო და ვინჩის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი და ჯანსაღი ძილი.

მოვიარე ცა და დედამიწა, უამრავ გამოფენაში მიმიღია მონაწილეობა. ათიათასობით ჩემი თაყვანისმცემელი ვნახე. ჩემს შემოქმედებაში არ ვიტყუები და არავითარი იზმი არ გამაჩნია. ვხატავ მხოლოდ კლასიკურ სტილში, რეალისტურად.

ღმერთმა ჩამინერგა სიყვარული ჩემი იმერეთის დათოვლილი ურმისა. ვარ ეროვნებით ქართველი. მიყვარს სოფელში მომუშავე გლეხკაცი და საქართველოს საოცარი ბუნება.

მთავარი სათქმელი

უცხოეთში ერთმა ცნობილმა ექიმმა ფსიქოლოგმა დაწერა ჟურნალში, გურამის ნახატები ამშვიდებს ნერვებს და მის გამოფენას სამკურნალო თვისებები აქვსო. მე ვერ გავბედე ასეთი რეკლამის გაკეთება თორემ, ჩემს ადგილას რომ ყოფილიყო უფრო კომერციული ნიჭის პატრონი, ვიდრე მე ვარ, ნამდვილად გამდიდრდებოდა.

2010 წელს მიმიწვიეს რესპუბლიკა ჩუვაშიაში, რომელიც ერთი წელი გაგრძელდა. ნოვოჩებოქსარის გარდა პერსონალური გამოფენები მქონდა კაზანის კრემლში და რესპუბლიკა მარი ელის სახელმწიფო მუზეუმში. ჩემს ნახატებზე შეიქმნა 5 ვიდეო რგოლი, რომელიც 25 წუთის ხანგრძლივობისაა და მათმა ბანლეოლოგიურმა საავადმყოფებმა ჩემი ნახატების ფართოდ გამოყენება დაიწყეს. დარბაზში ოცამდე კაცი სავარძელში ზის, უსმენს მშვენიერ მუსიკას, უყურებს ჩემს ნახატებს და, როგორც მითხრეს, დამშვიდებულ ხასიათზე გამოდის სეანსიდან. ჩემთან არავინ შეთანხმებულა და ეს ჩემი ნებართვის გარეშე ხდება. ღმერთმა ყველას ჯანმრთელობა მისცეს! ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი შემოქმედება ადამიანებს სიმშვიდეს მოუტანს და დაეხმარება.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: