მოვემზადოთ გრიპისთვის
გააზიარე:
ცივი სეზონი ახლოვდება. მისი ერთ-ერთი თანმხლები მოვლენა გრიპია – ვირუსული დაავადება, რომელიც ადვილად ვრცელდება ადამიანისგან ადამიანზე და ხშირად იწვევს ეპიდემიას, ზოგჯერ კი პანდემიასაც – დიდი მასშტაბის ეპიდემიას. მართალია, დაავადებულთა უმრავლესობას გრიპი მსუბუქად გადააქვს, მაგრამ სასიკვდილო გართულებების ალბათობა მაინც არსებობს, ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველ ღონეს ხმარობს ამ დაავადების გავრცელების შესაკავებლად. ჩვენც ყოველწლიურად მოგვიწოდებენ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ, მაგრამ ამ მოწოდებას ცოტა თუ ეხმიანება.
გვესაუბრება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე.
- – ბატონო პაატა, რა საჭიროა ყოველწლიურად გრიპის საწინააღმდეგო აცრა?
– გრიპის ვირუსის გენოტიპი ყოველწლიურად იცვლება. პერიოდულად, დაახლოებით რამდენიმე ათწლეულში ერთხელ, ის შეიძლება ძალიან შეიცვალოს. ამ შემთხვევაში ვიღებთ გრიპის პანდემიას. დანარჩენ შემთხვევებში ცვალებადობა მცირეა. მიუხედავად ამისა, დიდია ალბათობა, წინა წლის ვაქცინამ ახალ ვირუსზე არ იმოქმედოს, ამიტომ ყოველწლიურად ახალი ვაქცინის დამზადებაა საჭირო. მოსალოდნელი ვირუსის ტიპსა და მის ვარიანტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ადგენს და აქვეყნებს, ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები კი ამ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.
- – რას იტყვით გრიპის წლევანდელ ვაქცინაზე?
– წლეულსაც, როგორც ყოველთვის, ახალი (2013-2014 წლის ზამთრის სეზონზე რეკომენდებული) ვაქცინის შემადგენლობა გაზაფხულზევე გახდა ცნობილი. ზოგიერთმა კომპანიამ ოთხი სხვადასხვა კომპონენტის შემცველი ვაქცინა დაამზადა. აქამდე ასეთი რამ არ მომხდარა, მხოლოდ სამკომპონენტიან ვაქცინებს იყენებდნენ. ამ სიახლეს 2009-2010 წლების პანდემიამ მისცა ბიძგი – ზოგიერთმა მწარმოებელმა ვაქცინაში პანდემიურ ვირუსთან ერთად ძველი H1N1-იც ჩართო.
- – ვის უნდა ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინაცია?
– სასურველია, ვაქცინაცია 6 თვეს გადაცილებულ ყველა ადამიანს ჩაუტარდეს. განსაკუთრებით პრიორიტეტული ჯგუფებია:
. 5 წლამდე (განსაკუთრებით – 2 წლამდე) ასაკის ბავშვები;
. 65 წელს გადაცილებულები;
. ორსულები;
. ქრონიკულად მოავადენი (ასთმა, ფილტვების, გულის, თირკმლის, ღვიძლის, ენდოკრინული სისტემის დაავადებები);
. ნერვული სისტემის დარღვევათა მქონე პირები (ცერებრული დამბლა, ეპილეფსია, ინსულტი, გონებრივი უნარშეზრუდულობა, კუნთოვანი დისტროფია);
. ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ანემია, იმუნოდეფიციტი (შიდსი, კიბო), ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი აღემატება 40-ს);
. ჯანდაცვის მუშაკები, მათ შორის – ხანში შესულთა და უნარშეზღუდულთა მომვლელები.
- – რეალურად რამდენი ადამიანი იცრება საქართველოში?
– საქართველოში წელიწადში საშუალოდ ათი ათასამდე ადამიანი იცრება, რაც ცოტაა. 2010 წელს გრიპის მოსალოდნელი ეპიდემიის გამო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 100 000 დოზა მოგვაწოდა და ხალხს უფასოდ ვცრიდით. მიუხედავად ამისა, 30 000 აცრაზეც ვერ ავედით. ექიმები და რისკის სხვა ჯგუფში მყოფი პირებიც კი ვერ ავიყოლიეთ. როდესაც სახელმწიფო ერთხელ შემოგთავაზებს უფასო ვაქცინაციას, შენ კი ვერ გამოიყენებ, მეორედ ამაო ხარჯს აღარ გასწევს. საზოგადოდაც, მრავალ ქვეყანაში მოსახლეობა საკუთარი ხარჯით იცრება, სახელმწიფო გრიპის ვაქცინაციას იშვიათად აფინანსებს. თუმცა ჩვენთან განსაკუთრებული რისკის ჯგუფებში მყოფებს უფასოდ ცრიან. ესენი არიან ჩვილ ბავშვთა სახლებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებში – მცხოვრები ადამიანები, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები და სხვ.
- – როდის ავიცრათ, რომ გრიპის მთელი სეზონი უსაფრთხოდ გავატაროთ?
– აცრისთვის საუკეთესო დროა ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისი, მერე უკვე გრიპიც იწყება. ბევრს ჩვენთან თებერვალში ახსენდება აცრა, ვირუსის გავრცელების პიკზე, როცა მეტი შანსია, ადამიანი უკვე ინფიცირებული იყოს. ამ შემთხვევაში ვაქცინაციას აზრი ეკარგება.
- – აფერხებს თუ ვერა იმუნიზაცია დაავადების გავრცელებას ანუ იცავს თუ ვერა ერთი ადამიანის აცრა გარშემო მყოფებს ვირუსთან კონტაქტისგან?
– სამწუხაროდ, ვერა. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას საზოგადოებრივი ეფექტი ნაკლები აქვს, ის უფრო ინდივიდუალურად იძლევა შედეგს. მარტივად რომ ვთქვათ, აცრილი ადამიანი შეიძლება ვირუსის მატარებელი იყოს, მაგრამ არ დაავადდეს ან დაავადება უფრო იოლად გადაიტანოს.
- – გამოდის, ვაქცინაცია ყოველთვის ვერ დაგვიცავს გრიპისგან...
– ვაქცინაცია ყოველთვის ეფექტიანი არ არის, მაგრამ დამტკიცებულია, რომ თუ დაავადებისგან ვერ დაგვიცვა, გრიპის მძიმე მიმდინარეობისგან ნამდვილად გვიცავს.
- – არის თუ არა შესაძლებლობა, ვაქცინამ გრიპი გამოიწვიოს, თუნდაც მსუბუქი ფორმით?
– ჩვენთან შემოდის დასავლური წარმოშობის ვაქცინები, მათ არავითარი კავშირი არ აქვთ დაავადებასთან, რადგან გრიპის ვირუსს არ შეიცავენ, ასე რომ, არც დაავადების გამოწვევა შეუძლიათ, მხოლოდ იმუნიტეტს გამოგვიმუშავებენ. ცოცხალი ვირუსის შემცველი ვაქცინები, რომლებსაც რუსეთი აწარმოებს, საკმაოდ ეფექტიანია, მაგრამ მსუბუქ დაავადებას იწვევს. ისინი საქართველოში არ შემოდის.
- – გაზაფხულზე მეცნიერები გრიპის უნივერსალურ ვაქცინაზე ალაპარაკდნენ. რა სიახლეა ამ მხრივ?
– ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, რამდენიმე ვაქცინა გამოცდას უკვე გადის, მაგრამ მის დამზადებასა და დანერგვას ალბათ კიდევ საკმაო ხანი დასჭირდება.
- – ვაქცინაციის გარდა, რით დავიცვათ თავი გრიპისგან?
– უპირველესად, აუცილებელია ხელების ხშირი ბანა. ადამიანებს ჰგონიათ, გრიპი მხოლოდ წვეთოვანი გზით გადაეცემა, ანუ მაშინ, როდესაც ხველის, ცემინების ან საუბრის დროს ვირუსის შემცველი ნერწყვის წვეთი ახლოს მყოფი ადამიანის პირში ან ცხვირში ხვდება. სინამდვილეში ის არაპირდაპირი გზითაც ვრცელდება – ეს წვეთი რაიმე საგნის ზედაპირზე ხვდება და თუ ადამიანი მას ხელით შეეხო, მერე კი ეს ხელი პირზე, ცხვირზე ან თვალზე მოისვა, გრიპის ვირუსით დაინფიცირდება. მართალია, გრიპის ვირუსი დიდად გამძლე არ არის – მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისას მაშინვე კვდება, მაგრამ ოთახში ორ საათს ცოცხლობს, ყინვაში კი შვიდ საათამდე, ამიტომ დაუბანელი ხელი ზემოხსენებულ ადგილებზე არ მიიკაროთ, საგულდაგულოდ დაიბანეთ ხელები ყოველი ჭამის წინ, გაისაპნეთ ორჯერ. თუ თავად ხართ დაავადებული, სხვებს რომ ნაკლები საფრთხე შეუქმნათ, გაიკეთეთ ნიღაბი ან ხველისა თუ ცემინებისას ცხვირ-პირზე აიფარეთ ქაღალდის ცხვირსახოცი, ნახმარი ცხვირსახოცი მაშინვე გადააგდეთ, ცხვირის მოხოცვის შემდეგ დაიბანეთ ხელები.
- – აქვს თუ არა აზრი პირბადის ხმარებას?
– პირბადე შეგიძლიათ გამოიყენოთ გრიპის სეზონზე ხალხმრავალ ადგილებში, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე წესი: არ შეიძლება ერთი პირბადის ოთხ საათზე მეტხანს ხმარება, ასევე არ შეიძლება მისი გადბრუნება – ზოგჯერ ერევათ და მეორე მხრიდან იკეთებენ, რაც საშიშია, რადგან შესაძლოა, მასზე არსებული ვირუსი ჩაისუნთქოთ. პირბადე კარგად უნდა იყოს მორგებული, ცხვირზეც მოჭერილი, ისე, რომ ნაპრალიდან ჰაერი არ შედიოდეს, მხოლოდ პირბადის გავლით უნდა ისუნთქოთ.
- – რამდენ ხანს არის გადამდები გრიპით დაავადებული ადამიანი?
– გრიპით დაავადებული ვირუსებს მანამდეც ავრცელებს, ვიდრე თავად იგრძნობს, რომ ავადაა. მიიჩნევა, რომ ადამიანი გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და გამოვლენიდან კიდევ 5-7 დღე (ზოგჯერ – მეტიც).
- – ამ დაავადებას არ მიიჩნევენ სერიოზულ საფრთხედ…
– მართალია, უმეტესად გრიპი მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ არცთუ იშვიათად რთულდება ვირუსული ან ბაქტერიული პნევმონიით, შუა ყურის ანთებით, სინუსიტით, დეჰიდრატაციით, ამწვავებს ქრონიკულ დაავადებებს, მათ შორის – გულის ქრონიკულ უკმარისობას, ასთმას, დიაბეტს და, სამწუხაროდ, გრიპის რამდენიმე შემთხვევა მაინც სიკვდილით მთავრდება.
ამის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზა ყოველ სეზონზე ვაქცინაცია გახლავთ.
გრიპი (მოკლე აღწერა)
ვირუსული დაავადება, რომელიც აინფიცირებს ცხვირს, ყელსა და ფილტვებს. ის მსუბუქადაც მიმდინარეობს და სიკვდილის გამოწვევაც შეუძლია.
სიმპტომები
• ცხელება ან შემცივნება
• ხველა
• ყელის ტკივილი
• სურდო ან ცხვირის გაჭედვა
• კუნთების ტკივილი
• თავის ტკივილი
• დაღლილობა
• ღებინება და დაირეა (უმეტესად – ბავშვებში)
პრევენცია:
ვაქცინაცია და ჰიგიენის წესების დაცვა
სამახსოვრო
თუ გრიპი შეგხვდათ, უმჯობესია, გამოჯანმრთელებამდე შინ დარჩეთ. ამით თავს მოსალოდნელი გართულებისგან დაიცავთ, ხოლო საზოგადოებას – დაავადების გავრცელებისგან;
ჯანმრთელებმაც და დაავადებულებმაც შეძლებისდაგვარად ხშირად იბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით, რათა ხელით ვირუსის გადატანის შესაძლებლობა შემცირდეს.
რაც შეიძლება ხშირად გაანიავეთ საცხოვრებელი ადგილი დაალაგეთ სველი წესით.
თუ დაავადება მიმდინარეობს მძიმედ და უჩვეულოდ ან მიეკუთვნებით გრიპის გართულების მაღალი რისკის ჯგუფს, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების მისაღებად.