საშინაო დავალება

გააზიარე:

საშინაო დავალება ბავშვისთვის შესაძლოა სტრესის მიზეზად იქცეს. სასურველია, მშობლებმა დაწყებითი კლასებიდანვე ვასწავლოთ შვილებს დროის სწორად განაწილება, რომ საშინაო დავალებაც სრულფასოვნად შეასრულონ და დასვენებისა და გართობისთვისაც საკმარისი დრო დარჩეთ.

გთავაზობთ სკოლის ფსიქოლოგთა ეროვნული ასოციაციის (National Association of School Psychologists) ოფიციალურ ვებგვერდზე (NASPonline.org.) განთავსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორ შეგვიძლია მშობლებს, გავუხალისოთ და გავუმარტივოთ ბავშვებს საშინაო დავალების შესრულების პროცესი.

საშინაო დავალების შესრულების გასაადვილებლად ორი ძირითადი სტრატეგია არსებობს. პირველი გულისხმობს მკაფიო რუტინის ჩამოყალიბებას, სად და როდის უნდა შესრულდეს საშინაო დავალება და ამისთვის ყოველდღიური გეგმის ჩამოყალიბებას. მეორე სტრატეგიაა საშინაო დავალების კარგად შესრულების შემთხვევაში ბავშვის დაჯილდოება. ეს სტრატეგია ისეთი ბავშვებისთვისაა, რომლებისთვისაც კარგი ნიშანი მოტივაციის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს.

რუტინა

ნებისმიერი სახის დავალება გაცილებით ადვილი შესასრულებელი იქნება, თუ პროცესს ერთგვარი რუტინის მიხედვით წარმართავთ. რუტინის შემუშავებით მხოლოდ საშინაო დავალების შესრულების პროცესს კი არ გაუადვილებთ ბავშვს, არამედ დროის სწორად განაწილების ჩვევას და პასუხისმგებლობის გრძნობასაც გამოუმუშავებთ, რაც არა მხოლოდ სკოლაში, არამედ მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოადგება.

ნაბიჯი პირველი – შეარჩიეთ ადგილი

შეარჩიეთ სახლში ისეთი ადგილი, სადაც ბავშვს ყურადღებას არაფერი გაუფანტავს. ზოგი საკუთარ ოთახში, საწერ მაგიდასთან ამჯობინებს მუშაობას, ზოგი კი  სასადილო მაგიდასთან. ზოგს ურჩევნია, დამოუკიდებლად შეასრულოს საშინაო დავალება და მერე აჩვენოს მშობელს შესამოწმებლად, ზოგს – მშობლის თანდასწრებით იმუშაოს და თუ გაუჭირდა, დახმარება სთხოვოს.

ნაბიჯი მეორე – მოაწყვეთ შერჩეული ადგილი

მას შემდეგ, რაც ბავშვთან ერთად შეარჩევთ სამეცადინო ადგილს, აღჭურვეთ ის საჭირო ინვენტარით. დარწმუნდით, რომ მაგიდაზე ყველა საჭირო ნივთი ეტევა. ბავშვთან ერთად მოიმარაგეთ საწერი კალამი, ფანქარი, მარკერი, სახაზავი, კალკულატორი, მაკრატელი, წებო, რვეულები, წიგნები, ლეპტოპი და ყველა სხვა ნივთი, რაც კი დავალების შესასრულებლად დასჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვსაც ისევე სჭირდება კომფორტული სივრცე სამუშაოდ, როგორც ზრდასრულს. ადგილის მოწყობაში ბავშვმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან მიზანი სწორედ მისი კომფორტი და შრომის ნაყოფიერებაა.

ნაბიჯი მესამე – დააწესეთ დრო

სასურველია, ბავშვი მიეჩვიოს საშინაო დავალების ყოველდღე ერთსა და იმავე დროს შესრულებას. ეს დრო ბავშვის განრიგის მიხედვით შეარჩიეთ. ზოგს სკოლიდან დაბრუნებისას დრო სჭირდება, რომ ისადილოს, დაისვენოს, ითამაშოს და მხოლოდ ამის შემდეგ ახერხებს საშინაო დავალებაზე კონცენტრაციას, ზოგს კი, პირიქით, ურჩევნია, სკოლიდან დაბრუნებისთანავე მოითავოს საშინაო დავალება და მერეღა დაისვენოს და გადაერთოს სხვა აქტივობაზე.

ეცადეთ, მეტისმეტად არ გადასწიოთ საშინაო დავალების შესრულების დრო, თორემ ბავშვი დაიღლება და მოითენთება.

ნაბიჯი მეოთხე – შეიმუშავეთ გეგმა

სანამ ბავშვი მეცადინეობას შეუდგება, ერთად გაიარეთ ყველა საგნის დავალება, დარწმუნდით, რომ ბავშვს ესმის თითოეული მათგანის აზრი და ყველა საჭირო ნივთი მომარაგებული აქვს. განსაზღვრეთ, დაახლოებით რამდენი ხანი დასჭირდება თითოეული დავალების შესასრულებლად, დაგეგმეთ, როგორი თანმიმდევრობით შეასრულებს. ზოგს ურჩევნია, ჯერ რთული დავალება მოითავოს და მერე გადავიდეს მარტივზე, ზოგი კი მარტივით იწყებს და რთულს ბოლოსთვის მოიტოვებს ხოლმე. რომელი სტრატეგია ამართლებს თქვენს შვილთან, ადვილად შეატყობთ: თუ მეცადინეობა ისე ღლის, რომ ბოლოს რთულზე კონცენტრაციის თავი აღარ აქვს, უმჯობესია, რთულით დაიწყოს და შედარებით მარტივი დავალებები ბოლოსთვის მოიტოვოს.

წამახალისებელი სისტემა

ზოგი ბავშვისთვის მთავარი მოტივატორი კარგი ნიშანია, ზოგისთვის კი ის არაფერს ნიშნავს, ამიტომ მშობლებს სხვა წამახალისებელი პრიზის მოფიქრება მოგიწევთ, რათა ბავშვი პასუხისმგებლობით მოეკიდოს საშინაო დავალებას.

მარტივი წამახალისებელი სისტემები

ყველაზე მარტივი და მრავალნაცადი წამახალისებელი სისტემა გულისხმობს ბავშვისთვის იმის შეხსენებას, რა სახალისო აქტივობები ელოდება წინ მას შემდეგ, რაც მეცადინეობას დაასრულებს: საყვარელი ტელეგადაცემის ყურება, მეგობრებთან ერთად ეზოში თამაში, კომპიუტერით გართობა... როდესაც რაღაც სასიამოვნოს ელოდები, მოტივაციაც იმატებს, რომ სწრაფად და კარგად შეასრულო საშინაო დავალება.

დახვეწილი წამახალისებელი სისტემები

ასეთი სისტემების შემუშავებას მშობლების მხრივ მეტი თავდადება სჭირდება. ისინი უმთავრესად საშუალოზე რთული ქცევის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. აჯობებს, ბავშვიც დაიხმაროთ – მასთან ერთად მოიფიქროთ სისტემა, რომლის მეშვეობითაც ის ყოველდღე დააგროვებს ქულებს, დღის ბოლოს კი ამ ქულების მიხედვით ჯილდოს მიიღებს.

საშინაო დავალებასთან ერთად ეს სისტემა შესაძლოა ქცევის ზოგად წესებსაც მოიცავდეს. შეგიძლიათ ჩამოწეროთ წესები, რომლებიც ბავშვმა დღის განმავლობაში უნდა დაიცვას: შინ დაბრუნებისას ხელების დაბანა, სუფრასთან კარგად მოქცევა, ეზოდან ამოსვლა, როდესაც მშობელი დაუძახებს, ძილის წინ კბილების გამოხეხვა და თავის მოწესრიგება. თითოეულ პუნქტს მიანიჭეთ ესა თუ ის ქულა, მერე კი დააწესეთ ზღურბლი, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც ბავშვი ჯილდოს დაიმსახურებს.

შეგიძლიათ, დავალებები ბავშვის ქცევისა და შესაძლებლობების მიხედვით გაართულოთ ან, პირიქით გაამარტივოთ, ისე, რომ თქვენს შვილს მოერგოს.

შესვენებები

ძალიან მნიშვნელოვანია დღის გეგმაში შესვენებების ჩართვა. ზოგიერთ ბავშვს საშინაო დავალების შესრულებისას პერიოდულად (მაგალითად,15 წუთში ერთხელ) შესვენება სჭირდება, ზოგს ურჩევნია, ერთი დავალება დაასრულოს და მერეღა შეისვენოს, ზოგი კი საქმის ბოლომდე მიყვანას და მერე დასვენებას ამჯობინებს. იმაზეც უნდა შეთანხმდეთ, რას გააკეთებს ბავშვი შესვენებების დროს: მეგობარს დაურეკავს და გაესაუბრება, პლანშეტში ერთ თამაშს ითამაშებს თუ წაიხემსებს. გაითვალისწინეთ, რომ შესვენება მეტისმეტად დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, რომ ბავშვს სამუშაო განწყობა არ დაეკარგოს. სასურველია შესვენების დრო და ხანგრძლივობაც ბავშვთან შეთანხმებით განსაზღვროთ.

დაისახეთ მიზანი

იმისთვის, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ, ანუ ასწავლოთ ბავშვს საშინაო დავალების დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შესრულება, უნდა გააცნობიეროთ, რა უშლის ხელს ამაში და შესაბამისად იმოქმედოთ. თუ ბავშვი დავალებას ბოლო წუთებამდე დებს, მერე კი სამეცადინოდ აღარც ენერგია რჩება და აღარც სურვილი, საჭიროა, ამ პრობლემის აღმოფხვრაზე იმუშაოთ. თუ, სკოლიდან მოსული, ფაციფუცით იწყებს მეცადინეობას, რომ დავალება მალე მოილიოს და მეგობრებთან ერთად ეზოში თამაში შეძლოს, შედეგად კი შეცდომები მოსდის, სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრას უნდა ეცადოთ. გასაგებად აუხსენით ბავშვს, რისი ბრალია, რომ დავალებას სათანადოდ ვერ ასრულებს და მასთან ერთად იმუშავეთ სიტუაციის გამოსწორებაზე. დაე, თქვენი საშინაო დავალებაც ეს იყოს.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: