ბედნიერი ბავშვობა
გააზიარე:
კუდაპრეხილი ბუჩოსა და თევზი “ნატალოს” ამბავი ანუ როგორ შევურჩიოთ ბავშვს შინაური ცხოველები
სწავლა დამთავრდა! რა სჯობს ახლა სოფლის ორღობეში სირბილს ან აგარაკზე, ბიბინა ბალახში კოტრიალს!
მართლაც შეუდარებელია ზაფხული! როცა გინდა, ჰამაკში ჩახტები და გულის წასვლამდე იქანავებ, როცა გინდა, ბუჩოსთან ერთად მდინარეზე გაეშურები და რაც წყალში თევზია, ერთიანად დააფრთხობ... ჰო, მართლა, ბუჩოსა და მისთანებზე მინდა გესაუბროთ.
ალბათ მიმიხვდით – ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ვგულისხმობ. თუმცა არა მარტო ოთხფეხებს – ფრთოსნებსაც, კუდფარფლიანებსაც... ერთი სიტყვით, დედაბუნების ყველა იმ სულიერ წარმომადგენელს, ასე რომ უყვართ პაწია ონავრებს.
ყურშა და მაუგლი
თუ მეხსიერება არ მღალატობს, ველური ბიჭუნას არც ერთ მეგობარს ყურშა არ რქმევია, მაგრამ ამჯერად ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მთავარია, გავარკვიოთ, როგორ უნდა იმეგობროს ბავშვმა ძაღლთან. თურმე ამასაც ცოდნა სჭირდება.
მოდით, პასუხი გავცეთ ერთ მნიშვნელოვან შეკითხვას: რა ასაკში ვაჩუქოთ პატარას ლეკვი?
სპეციალისტები გვირჩევენ, თუ ბავშვის დაბადებამდე ოჯახში ოთხფეხა წევრი არ გყოლიათ, მის შეძენას ნურც იჩქარებთ, სანამ ბავშვი წლინახევრისა არ გახდებაო. შეიძლება, ეს აზრი გამართლებულიც იყოს: ძაღლი ოჯახის წევრია, რომელსაც არანაკლები ყურადღება და სითბო სჭირდება, ვიდრე პაწია ჭირვეულ არსებას, რომ აღარაფერი ვთქვათ გასტრონომიულ კაპრიზებზე. ორი პაწიას ერთდროული აღზრდა კი ახალგამომცხვარ დედ-მამას ცოტა არ იყოს გაუჭირდება. თანაც ბავშვი წლამდე მაინც ვერ გააცნობიერებს, რომ გვერდით ჭკვიანი და მზრუნველი მეგობარი ჰყავს. ასე რომ, თუკი მეზობლის ლეკვი კაბის კალთაზე არ გექაჩებათ, წამიყვანე და დამაპურეო, უმჯობესია დაიცადოთ, სანამ ბავშვი წამოიზრდება.
მიყვარს ძაღლები, მაგრამ...
მაგრამ მათი ყოლა ნამდვილი ხათაბალაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვს ცხოველის ბეწვზე ალერგია აქვს. თუკი თქვენს პაწიას ატოპური (იგივე ალერგიული) დერმატიტი აწუხებს, დიდია ალბათობა, ვერც ძაღლისა და კატის ბეწვი აიტანოს. იგივე შეიძლება ითქვას ფრინველის ბუმბულზეც და, თქვენ წარმოიდგინეთ, თევზებზეც, უფრო სწორად – მათ საკვებზე. ეს უკანასკნელი, როგორც ალერგოლოგებმა გაარკვიეს, მძლავრი ალერგენი (ალერგიის გამომწვევი) ყოფილა. თუკი ბავშვს ცხოველთან თუ თუთიყუშთან თამაშის ან აკვარიუმის დათვალიერების დროს ხველა (უმეტესად – სპაზმური) ან ცხვირცემინება დაეწყო, კანზე კი გამოაყარა, ცხოველთა სამყაროს ამ უწყინარ წარმომადგენლებთან კონტაქტი განუსაზღვრელი ვადით უნდა გადადოთ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება შინაურმა ცხოველმა, ამ შემთხვევაში – ფისუნია-კატამ, შეგიქმნათ, ყბადაღებული ტოქსოპლაზმოზია. ეს პათოლოგია, რომლის გამომწვევი მიკროორგანიზმი კატის ბეწვსაა ჩაფრენილი, განსაკუთრებით საშიშია ორსულებისთვის, უფრო სწორად – ნაყოფისთვის. თუ ფეხმძიმე ტოქსოპლაზმოზით დაავადდა, ან სპონტანური აბორტი (მუცლის მოშლა) განვითარდება, ან ნაყოფის განვითარების მანკები ჩამოყალიბდება. თავად ბავშვს ფუმფულა ულვაშასთან თამაში არ ავნებს, თუმცა სანამ პატარას სამი წელი არ შეუსრულდება, ფისუნიას მოყვანას მაინც არ გირჩევთ – პატარა ონავარი კაწრია აფთართან ერთად გულიანად ნამდვილად ვერ გაერთობა, კუდითაც ითრევს, ყურებითაც... ერთი სიტყვით, ბრძოლა გარდაუვალია!
ვმეგობრობთ ასე
იმისთვის, რომ ნამცეცა საყვარელმა არსებებმა – კუდაპრეხილებმა, ყურდაცქვეტილებმა, ბუმბულიანებმა და ჯავშნოსნებმა (ალბათ მიმიხვდით, რომ კუებს ვგულისხმობ) თქვენს გვერდით თავი მშვიდად და ბედნიერად იგრძნონ, კარგად მოექეცით და ბავშვსაც იგივე მოსთხოვეთ. შინაური ცხოველი სათამაშო არ არის. იგი ოჯახის სრულფასოვანი წევრია, პატარასთვის კი – ერთგული მეგობარი, რომლის დახმარებითაც ბავშვს ისეთი მნიშვნელოვანი თვისებები გამოუმუშავდება, როგორიც არის პასუხისმგებლობა, მზრუნველობის სურვილი, კომუნიკაბელურობა. გარდა ამისა, ცხოველებთან მეგობრობა სასიკეთოდ მოქმედებს ბავშვის ჯანმრთელობაზე, პირველ რიგში – ნერვულ სისტემაზე.
ასე რომ, თუკი ჰიგიენური ნორმების დაცვა და მენიუს შერჩევა თქვენთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, თბილ და ფუმფულა არსებას თქვენს ჭერქვეშ პატარა კუთხე გამოუძებნეთ.
ბავშვების საუკეთესო მეგობრები არიან ნაგაზი, კოლი, ერდელტერიერი და ზოგიერთი ქუჩის ძაღლი. ტაქსები, სკოჩტერიერები და პეკინესები კი გვარიანი “ეგოისტები” ბრძანდებიან, ასე რომ, მათთან დამეგობრება ბავშვს ცოტათი გაუჭირდება.
ინა ვაჩიბერიძე