რეკლამომანია - როგორ დავიცვათ ბავშვები მავნე გავლენისგან
გააზიარე:
ბავშვებს ყოველდღიურად უხდებათ შეხება რეკლამასთან: ტელევიზორში, მულტფილმებს შორის, იუთუბზე, სადაც ვიდეოს ყურებისას ეკრანზე წამდაუწუმ ხტება სარეკლამო კლიპი... საზოგადოდ, ინტერნეტსივრცეში ბავშვებს გამუდმებით სთავაზობენ ტკბილეულს, სათამაშოებს თუ სხვა სასურველ ნივთებს, რომლებზე უარის თქმაც მათ ძალიან უჭირთ.
სწორად გათვლილი რეკლამა მართლაც კარგად მუშაობს. მაგალითად, რაც უფრო მეტ დროს ატარებს ბავშვი ეკრანთან, მით მეტ სათამაშოს ითხოვს, რადგან რეკლამების მეშვეობით მას ყოველდღიურად მიეწოდება ინფორმაცია ამ ნივთების შესახებ. რეკლამა ბავშვს გაზვიადებულ წარმოდგენას უქმნის ამა თუ იმ ნივთზე და მისთვის ადვილი არ არის საცდურთან გამკლავება.
რა გავლენას მოახდენს რეკლამა ბავშვზე, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: ასაკზე, ცოდნაზე, ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე. მშობლებს შეგვიძლია, ვაკონტროლოთ ეს პროცესი და, ამასთან, დავეხმაროთ შვილებს ცდუნებისგან თავის დაღწევაში. ამისთვის საჭიროა, ხშირად ვესაუბროთ იმაზე, რატომ მოეწონათ შეთავაზებული პროდუქტი და ერთად განვიხილოთ მისი პლუსები და მინუსები. თუ ბავშვის ასაკი საშუალებას გაძლევთ, აუხსენით, რომ რეკლამა ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს. ისიც დაუმატეთ, რა მიზნით წარმოაჩენენ რეკლამაში პროდუქტს იმაზე უკეთესად, ვიდრე სინამდვილეშია, საუკეთესო შემთხვევაში კი ჯობია იმაზე იზრუნოთ, რომ ბავშვის თვალთახედვის არეში რაც შეიძლება ნაკლები რეკლამა მოხვდეს.
ასაკი და რეკლამა
ორ წლამდე ასაკის ბავშვები სრულიად ვერ ასხვავებენ რეკლამას ეკრანზე ნანახი სხვა ვიდეოებისგან.
3-დან 6 წლამდე:
• ხვდებიან განსხვავებას სარეკლამო რგოლსა და სხვა ვიდეოპროდუქციას შორის, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რომ ვიდეო, სადაც ადამიანები, ხშირად – ბავშვებთან ერთად, სხვადასხვა პროდუქტს ხსნიან, აღწერენ და შემდეგ თამაშობენ, რეკლამაა და არა უბრალოდ გასართობი გადაცემა.
• ვერ აცნობიერებენ, რომ რეკლამის მიზანი წარმოდგენილი ნივთების გაყიდვაა.
• რეკლამაში წარმოდგენილი პროდუქციის მხოლოდ დადებით მხარეებს ხედავენ და ხშირად გაზვიადებული წარმოდგენა ექმნებათ ამა თუ იმ პროდუქტზე.
ამ ასაკის ბავშვებს უნდა შეუზღუდოთ, საზოგადოდ, ეკრანთან გასატარებელი დრო, განსაკუთრებით კი რეკლამებზე წვდომა, რათა გამუდმებით არ გაუჩნდეთ რეკლამირებული პროდუქციის შეძენის სურვილი და არ დაეუფლოთ იმედგაცრუება, რადგან ყველაფერს ვერ მიიღებენ.
იუთუბი საშუალებას იძლევა, გამოიწეროთ არხები, რომლებსაც თქვენი შვილი ხშირად უყურებს. ამ შემთხვევაში ეკრანზე სარეკლამო რგოლები აღარ გამოჩნდება. შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ საერთოდ გააუქმოთ რეკლამა იუთუბზე და ონლაინ თამაშების ზოგიერთ საიტზე.
7-დან 11 წლამდე
• ამ ასაკის ბავშვი ხვდება, რომ რეკლამა წარმოდგენილი პროდუქტის გაყიდვას ისახავს მიზნად.
• იშვიათად ამოიცნობს რეკლამაში ფარულ მესიჯებს.
• ხშირად ხვდება, რომ რეკლამაში ნაჩვენები პროდუქცია შესაძლოა ზუსტად ისეთი არ იყოს, როგორადაც აღწერენ, ანუ რეკლამა ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს და რეკლამირებულ პროდუქტს, დიდი ალბათობით, ექნება ნაკლიც.
• რაც უნდა კარგად იყოს გათვლილი რეკლამა, ყოველთვის აღარ უჩნდება ნანახი პროდუქტის შეძენის სურვილი.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სასურველია, ამ ასაკის ბავშვებსაც შეუზღუდოთ რეკლამაზე წვდომა. გარდა ამისა, ესაუბროთ, აუხსნათ, რომ არსებობს ნივთები, რომლებიც მათი რეკლამის ნახვის შემდეგ იდეალური მოეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეში შესაძლოა მავნეც კი იყოს ჯანმრთელობისთვის, რაზეც რეკლამაში არაფერს ამბობენ. მოუყვანეთ მაგალითები, როდესაც რეკლამაში წარმოჩენილი პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საზიანო გამოდგა, აჩვენეთ, რა უსიამოვნო შედეგი გამოიღო მისმა მოხმარებამ. არ აქვს მნიშვნელობა, უხარისხო სათამაშო იქნება ეს, ჯანმრთელობისთვის მავნე ტკბილეული თუ კოსმეტიკა, – მთავარია ბავშვმა დაინახოს, რომ რეკლამის დამკვეთების მთავარი მიზანი პროდუქციის გაყიდვაა, ხოლო ადამიანები კარგად უნდა დაფიქრდნენ, თავად გაერკვიონ აღწერილი პროდუქტების ავ-კარგში და მერეღა გადაწყვიტონ, შეიძინონ თუ არა.
დარწმუნდით, რომ ბავშვი ხვდება რეკლამის არსს. დაუსვით კითხვები: რა პროდუქტის რეკლამაა? რისთვის არის განკუთვნილი ეს პროდუქტი? რამხელა ბავშვებისთვისაა?
ქვემოთ მოყვანილი კითხვები დაგეხმარებათ, განუვითაროთ ბავშვებს რეკლამის მიმართ კრიტიკული მიდგომა:
• რა გრძნობებს აღგიძრავს ეს რეკლამა – პროდუქტის შეძენის სურვილს? ბედნიერებას? შიშს?
• ამ რეკლამაში მონაწილე ცნობილ ადამიანს ფული გადაუხადეს, რათა ეთქვა, რომ აღნიშნულ პროდუქტს იყენებს და ძალიან მოსწონს. როგორ ფიქრობ, ის თამაშობს თუ გულწრფელია?
• მართლა ჰგონია, რომ კაკაოს კოლოფზე დახატული ბაჭია გადმოხტება და მასთან ერთად რძის მდინარეში გაისეირნებს თუ ეს სარეკლამო ხრიკია? რა მიზნით გამოიყენეს რეკლამის შემქმნელებმა ეს ხრიკი?
• რა მიზანი აქვს რეკლამას, როდესაც სწრაფი კვების ობიექტში ულუფის შეძენის შემთხვევაში სათამაშოს უფასოდ გაძლევს? შენზე ზრუნავს თუ მეტი პროდუქციის გაყიდვა სურს?
12-დან 13 წლამდე
• უმეტესად ხვდებიან რეკლამების ფარულ მესიჯებს, კრიტიკულად უდგებიან მათ და პროდუქტის ყიდვამდე დამოუკიდებლადაც მოიპოვებენ მის შესახებ ინფორმაციას.
• ვერ ამოიცნობენ შენიღბულ რეკლამას, ეგრეთ წოდებულ Pროდუცტ პლაცემენტ-ს, რომელსაც ხშირად იყენებენ ფილმებსა და მულტფილმებში.
• ვერ ხვდებიან, რომ სოციალურ სივრცეში განთავსებულ რეკლამაზე დაწკაპებით ინფორმაცია რეკლამის შემქმნელებს მიეწოდება ან ეკრანზე ამომხტარი რეკლამის ბმულზე გადასვლით გარკვეულ საიტებს რეიტინგი ემატება.
• ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ სოციალური პლატფორმები: ფეისბუქი, ტვიტერი, ინსტაგრამი, იუთუბი – მისი აქტივობის ისტორიას მისთვის გამიზნული რეკლამების შესათავაზებლად იყენებენ.
ამ ასაკის ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენენ სანახაობათა ინდუსტრიისა და სპორტის ცნობილი სახეები და ეგრეთ წოდებული ინფლუენსერები. აუცილებლად უნდა ესაუბროთ და აუხსნათ, რომ ინფლუენსერები – ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად გვიჩვენებენ თავიანთ “უნაკლო” ცხოვრებას სხვადასხვა სოციალური პლატფორმის მეშვეობით, შეფარულად ძალიან ბევრ პროდუქტს არეკლამებენ და ხშირად არ არიან გულწრფელები, როდესაც გვიყვებიან, რომ რომელიღაც სახის კრემმა მისი ცხოვრება შეცვალა, ან რომ ყოველდღიურად სვამენ რომელიღაც გასახდომ კოქტეილს და მისი მეშვეობით გასაოცარ შედეგებს იღებენ. ბავშვს უნდა ავუხსნათ, რომ ამ ადამიანებს კომპანიების წარმომადგენლები ფულს უხდიან, რათა მათ პროდუქციას რეკლამა გაუწიონ და არც რეკლამის დამკვეთი და არც მასში მონაწილე ადამიანები ამ დროს სხვის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე არ ფიქრობენ.
სასურველია, ამ ასაკის ბავშვებს ავუხსნათ ისიც, რომ ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელებში ცხოვრების მხოლოდ საუკეთესო მომენტებს აქვეყნებენ, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან თავ-თავიანთი ნაკლოვანებებით და რთული პერიოდებით. ბოლო დროს ბევრი მათგანი ალაპარაკდა სოციალური მედიის სიყალბეზე, აზიარებენ თავიანთი ცხოვრების ურთულეს მომენტებს, ყვებიან თინეიჯერობისდროინდელ გამოწვევებზე, იმაზე, როგორ გაუმკლავდნენ მათ, ამხნევებენ მოზარდებს და ურჩევენ, არავის და არაფრის გამო არ შეიცვალონ, უერთგულონ საკუთარ მიზანს და შეიყვარონ საკუთარი თავი. ეცადეთ ბავშვმა მსგავსი მესიჯები ნახოს. ამ შემთხვევაში ყალბი იდეალური ცხოვრების ამსახველი ვიდეოები მასზე ნაკლებ გავლენას მოახდენს.
ლიკა ქათამაძე