სიცოცხლის პირველი თვე
გააზიარე:
პირველ დღეებში შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თქვენი პატარა არაფერს აკეთებს, გარდა ძილისა, ჭამისა და პამპერსის დასვრისა. პირველი თვის ბოლოს შეამჩნევთ, რომ ის უფრო კომუნიკაბელური გახდა და თქვენს ქცევაზე საპასუხო რეაქციას გამოხატავს. ნელ-ნელა იმასაც შეამჩნევთ, რომ გიყურებთ, როცა ხელში გიჭირავთ, გისმენთ, ხოლო როცა რამე უნდა, თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს. მაგრამ ვიდრე ეს ყველაფერი მოხდება, თქვენმა პატარამ ცვლილებების მთელი კასკადი უნდა გაიაროს.
გარეგნობა და ზრდა
დაბადებისას ბავშვის სხეულში დიდი რაოდენობით სითხეა, რომელსაც პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში დაკარგავს და, შესაბამისად, წონასაც დაიკლებს. ახალშობილების უმეტესობა პირველ ხუთ დღეში საწყისი წონის მეათედს კარგავს, მომდევნო ხუთ დღეში კი ისევ იმატებს. შესაბამისად, სიცოცხლის მეათე დღისთვის იმავე წონას უბრუნდება, რა წონისაც დაიბადა.
წონის შემდგომი მატება გოგონებსა და ბიჭებს შორის მცირედი განსხვავებით მიმდინარეობს, თუმცა საერთო ტემპი ყველა ჯანმრთელი პატარასთვის ერთნაირია. ყველაზე სწრაფად წონას მეშვიდე-მეათე დღეს და მესამე-მეექვსე კვირას იმატებენ. წონის საშუალო ყოველდღიური ნამატი 20-30 გრამს შეადგენს.
რაც შეეხება სიგრძეს, პირველი თვის განმავლობაში ბავშვი 4,5-5 სმ-ით იზრდება.
დიდი მნიშვნელობა აქვს თავის გარშემოწერილობის ზრდასაც. ახალშობილის თავისა და ტანის თანაფარდობა სხვაგვარია, ვიდრე ზრდასრულისა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ტანთან შედარებით დიდი თავით იბადება, ახალშობილობის პერიოდში მისი თავის ქალა ინტენსიურად განაგრძობს ზრდას. დაბადებისას ბავშვის თავის გარშემოწერილობა საშუალოდ 35 სმ-ია, პირველი თვის ბოლოსთვის კი 38 სმ-მდე იზრდება. გოგოებსა და ბიჭებს შორის სხვაობა შესაძლოა 1 სმ-მდე იყოს.
საკმაო ინტენსივობით იცვლება პოზაც ანუ კიდურებისა და ტორსის განლაგება ერთმანეთის მიმართ. მუცლადყოფნის პერიოდს პატარა ემბრიონის პოზაში ატარებს – ყველა კიდური მოხრილია და მუცლისკენაა მიზიდული. დაბადების შემდეგ ბავშვი ნელ-ნელა იწყებს კიდურების გაშლას. დაბადებისას პატარას კიდურები გარეთ აქვს მიტრიალებული, დროთა განმავლობაში კი შიგნით შეუბრუნდება.
სამშობიარო გზებში გავლით გამოწვეული ცვლილებები – მსხლისებური თავი, ნაკაწრები თავის ქალაზე, ქუთუთოების შეშუპება და სიწითლე – მესამე კვირის ბოლოსთვის გაივლის. თავიდან თმა ნელ-ნელა დაცვივდება და ახლით შეცვლება. მანამდე შესაძლოა შეამჩნიოთ, რომ თმა იმ ადგილებში ცვივა, რომლებიც ძილის დროს ხშირად ეხახუნება ბალიშს. ეს ადგილები დროებით შესაძლოა გამელოტებულიც დარჩეს, მაგრამ მალე ახალი და ძლიერი თმის ღერებით დაიფარება. ამას შესაძლოა 1-2 თვე დასჭირდეს.
ნორმალური განვითარების კიდევ ერთი მაგალითია სახეზე აკნესმაგვარი ან მუწუკოვანი გამონაყარი, რომელიც 4-5 კვირაში ალაგდება. ეს გამონაყარი ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივაციის და მუცლად ყოფნის პერიოდში პლაცენტისგან მიღებული ჰორმონების გავლენით ჩნდება.
ახალშობილის კანის კიდევ ერთი თავისებურებაა მოლურჯო-მოწითალოდ აჭრელება. კიდურებს და წარზიდულ ნაწილებს შესაძლოა უფრო მოლურჯო ელფერი დაჰკრავდეს. ეს ყველაფერი სისხლძარღვების უმწიფრობით არის გამოწვეული – ტემპერატურული ცვლილების გავლენით ძარღვები ადვილად იკუმშება, რის გამოც კანის კონკრეტულ უბანში სისხლის მიმოქცევა მცირდება და კანი ფერმკრთალდება ან მოლურჯო ელფერს იღებს.
სიცოცხლის მე-10-20 დღეებში ჭიპლარის მოშუშების პროცესი მიმდინარეობს. როცა ჭიპლარის ნარჩენი კარგად მოშრება და მოძვრება, მის ადგილას სუფთა, კარგად შეხორცებული კანი დაგხვდებათ. თუ ჭიპის რგოლს ორი კვირის განმავლობაში ვერ შეატყვეთ მსგავსი ცვლილებები, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
რეფლექსები
პირველი კვირების განმავლობაში ახალშობილის აქტივობა რეფლექტორულია, რაც ნიშნავს, რომ ის გაუთვითცნობიერებლად ასრულებს ამა თუ იმ მოქმედებას. ამ რეფლექსების ნაწილს შემდგომ ყველა პატარა კარგავს, ნაწილი კი მოზრდილ ასაკში ნებით მოქმედებებად გადაიქცევა. ახალშობილობის პერიოდში არსებული რეფლექსები უპირატესად კვებასა და კოორდინაციას უკავშირდება.
ახალშობილს უმთავრესად კვებასთან დაკავშირებული რეფლექსები აქვს. ყველაზე ძლიერი წოვის რეფლექსია. ის ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში ყალიბდება. თუ პირთან თითს ან რამე საგანს მივუტანთ, პატარა მაშინვე დაიწყებს წოვას.
ამ ასაკში ძლიერად არის განვითარებული ე.წ. ხორთუმის რეფლექსიც: თუ ბავშვს პირის კუთხეზე თითს ან რამე საგანს შევახებთ, ის მაშინვე ეცდება, ამ საგანს პირით წაეტანოს, რადგან ძუძუ ჰგონია.
პირველი ღიმილი
პირველი ღიმილი ძილის დროს ჩნდება. რატომ – გაურკვეველია. პატარა ამ დროს ან გამოფხიზლებას იწყებს, ან რამე შინაგან იმპულსს პასუხობს. პირველი თვის ბოლოს კი ბავშვი უკვე თქვენი ღიმილის ან ქცევის პასუხად იღიმება.
ღიმილს დიდი მნიშვნელობა აქვს – ის თქვენსა და ახალშობილს შორის კომუნიკაციის საწყისია. დროთა განმავლობაში აღმოაჩენთ, რომ ბავშვის ღიმილისა და რეაქციების პროგნოზირებას სწავლობთ. ამასთან, ეს თქვენი პირველი თამაში გახდება. ამ თამაშით აჩვენებთ პატარას, რომ მისი ფიქრები და გრძნობები თქვენთვის მნიშვნელოვანია და რომ მას უკვე შეუძლია გარემოზე ზემოქმედება. ეს შეგრძნებები აუცილებელია ჯანსაღი თვითშეფასებისა და სიცოცხლის ხალისის გასაღვივებლად.
მხედველობა
სიცოცხლის პირველი თვის განმავლობაში ბავშვს მხედველობა მთლიანად ეცვლება. დაბადებისას ახალშობილს პერიფერიული მხედველობა აქვს განვითარებული, რომელიც ნელ-ნელა ცენტრალიზდება – ბავშვი ფოკუსში გამართულად ხედვას სწავლობს. ახალშობილები ყველაზე უკეთესად 20-40 სმ-ით დაშორებულ საგნებს ხედავენ, ერთი თვის შემდეგ კი ფოკუსური მანძილი 90 სმ-მდე იზრდება.
ამავე დროს, პატარებს ძალიან უყვართ მოძრავი საგნებისთვის თვალის გაყოლება. განსაკუთრებით კარგად აღიქვამენ შავ-თეთრ და კონტრასტულად შეფერილ საგნებს.
დაბადებისას ბავშვის თვალი სინათლის მიმართ მგრძნობიარეა, გუგა კი უფრო მცირე ზომისაა, რათა თვალი ზედმეტი სხივებისგან დაიცვას. ორი კვირის შემდეგ გუგა ნელ-ნელა იზრდება, რაც თვალს საშუალებას აძლევს, უფრო მეტი ფერი და ფორმა აღიქვას. რაც უფრო მეტ კონტრასტულ ფერსა და ფორმას ხედავს პატარა, მით უფრო ინტერესდება საგნებით, ამიტომ შესაბამისი სათამაშოებით მოამარაგეთ.
სმენა
სმენის სკრინინგი ყველა ახალშობილს უტარდება სამშობიარო სახლში. პირველი თვის განმავლობაში ბავშვები დიდ ყურადღებას აქცევენ ადამიანის ხმას, განსაკუთრებით – თუ მაღალ ტონალობაში ან ენის მოჩლექით ესაუბრებიან. როცა ელაპარაკებით, ის თავს თქვენკენ აბრუნებს და მზერის თქვენზე ფიქსაციას ცდილობს. დროთა განმავლობაში, თუ დაუკვირდებით, იმასაც შეატყობთ, რომ ცდილობს, თქვენს რიტმულ მეტყველებას (ლექსს, სიმღერას) ხელ-ფეხის მოძრაობა ააყოლოს.
სხვადასხვა ხმაზე ახალშობილი სხვადასხვანაირად რეაგირებს. თავდაპირველად ხმაურსა და ხალხმრავლობას თითქოს უგულებელყოფს, ხმადაბალი საუბრის ან მუსიკის გაგონებისას კი მაშინვე ყურებს ქცვეტს და ცდილობს, თვალით იპოვოს ბგერების წყარო.
პატარებს სმენითი მეხსიერებაც ძალიან კარგი აქვთ. კვლევამ აჩვენა, რომ როცა დედა ხშირად უყვებოდა შვილს ერთსა და იმავე ამბავს ან უმღეროდა ერთსა და იმავე სიმღერას მუცლადყოფნის პერიოდში, დაბადების შემდეგ ის ნაცნობი ტექსტისა თუ მელოდიის გაგონებისას უფრო ყურადღებით იწყებდა მოსმენას.
სეირნობა და მგზავრობა
გარემოს გამოცვლა და სუფთა ჰაერი ყოველთვის კარგია, ამიტომ ნუ მოაკლებთ სეირნობას, განსაკუთრებით – კარგ ამინდში, მაგრამ ვინაიდან თბოსარეგულაციო და სხვა საკომპენსაციო მექანიზმები ბავშვს ჯერ კიდევ სუსტად აქვს განვითარებული, რამდენიმე ნიუანსი გაითვალისწინეთ:
* მოარიდეთ ბავშვის კანი მზის პირდაპირ სხივებს. დაახურეთ ქუდი და გყავდეთ ჩრდილში.
* მზისგან დამცავი კრემის მთელ კანზე წასმა საჭირო არ არის (6 თვემდე). პირიქით, წაუსვით მხოლოდ სახესა და ხელის ზურგებზე, მანამდე კი მცირე უბანზე მოსინჯეთ, ალერგიას ხომ არ მისცემს.
* ზაფხულში ბავშვის ნივთებიც მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, ვინაიდან შეიძლება ძლიერ გახურდეს, პატარას კანზე მიედოს და დაწვას.
* თუ სიცივეში გიწევთ ბავშვის გარეთ გაყვანა, აუცილებლად დაახურეთ ქუდი, რომელიც კარგად დაიცავს მის ყურებს.
* იმაში დასარწმუნებლად, რომ პატარას არ სცივა, შეუმოწმეთ ხელ-ფეხი და გულმკერდი. ხელ-ფეხი ბავშვს ყოველთვის შედარებით გრილი აქვს, განსაკუთრებით – ახალშობილობის პერიოდში, და ამან არ შეგაშინოთ, გულმკერდი კი აუცილებლად თბილი უნდა ჰქონდეს! თუ პატარას ხელ-ფეხი გაუცივდა და/ან გულმკერდი გრილი აქვს, სასწრაფოდ გაათბეთ.
რაც შეეხება მგზავრობას და მოგზაურობას, პირველი რჩევაა, ამ დროს მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ბავშვის დღის რეჟიმი. თუ დილით ადრე იღვიძებს ხოლმე, მგზავრობასაც ადრე შეუდექით.
იმისთვის, რომ თქვენც და თქვენმა პატარამაც მინიმალური დისკომფორტი განიცადოთ დასასვენებლად წასვლისას, რამდენიმე რჩევას მოგცემთ:
* ბავშვი უფრო ადვილად შეეჩვევა ახალ გარემოს, თუ თან წაიყოლებთ მისთვის ნაცნობ ნივთებს – სათამაშოს, საპონს, პირსახოცს...
* ბავშვის ნივთების ჩალაგებისას ეცადეთ, ყველაფერი, რაც შეიძლება გზაში დაგჭირდეთ: პამპერსი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, გადასაფარებელი, სველი ხელსაწმენდები, წყლისა თუ ფაფის ბოთლები, – ადვილად ხელმისაწვდომი იყოს.
* გაუთვალისწინებელი შემთხვევები ყოველთვის ხდება, განსაკუთრებით – თუ პირველად მგზავრობთ ბავშვთან ერთად. თუ პატარას ბოთლით კვებავთ, იმაზე მეტი საკვები წაიღეთ, ვიდრე შეიძლება დაგჭირდეთ – ეს თავიდან აგაცილებთ უხერხულობას, თუ მგზავრობა მეტისმეტად გაჭიანურდა (მაგალითად, საცობში მოხვდით).
ადრეული გონებრივი განვითარება
თქვენი შვილისთვის სამყაროს ცენტრი თქვენ ხართ. როცა უცინით, ისიც იცინის, როცა აქებთ – იფერებს, როცა უბრაზდებით – წუხს.
კვლევები მოწმობს, რომ სიცოცხლის პირველი სამი წელი უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარებისთვის, – სწორედ ამ პერიოდში იზრდება ტვინი ყველაზე ინტენსიურად და ბევრ ახალს იგებს და ითვისებს. ბავშვის ტვინის აქტივობა ორჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე ზრდასრულისა. შეგიმჩნევიათ, რა ადვილად იმახსოვრებს პატარა უცხო (და უცხოენოვან) სიტყვებს, მაშინ როცა უფროსისთვის ახლის სწავლა საკმაოდ დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული?
წლების განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ბავშვის გონებრივი განვითარება გენეტიკაზე იყო დამოკიდებული. გენეტიკა, რა თქმა უნდა, თავის როლს ასრულებს, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა აქვს გარემოს, რომელშიც პატარა იზრდება. ის უდიდეს გავლენას ახდენს ბავშვის ემოციებზე, მომავალში ხალხთან ურთიერთობასა და თვით ფიქრის პროცესზეც კი.
კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვს თავისი პოტენციალის ბოლომდე გამოსავლენად ზრუნვის კონკრეტული ელემენტები სჭირდება:
* ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის განსაკუთრებულია, უყვართ და აფასებენ;
* თავს უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს;
* უნდა იცნობდეს და ენდობოდეს თავის გარემოცვას;
* უნდა ასწავლოთ, როგორ გაართვას თავი ახალ ამოცანებს;
* მას სჭირდება ბალანსი თავისუფლებასა და საზღვრებს შორის;
* სჭირდება გარემო, სავსე სხვადასხვანაირი თამაშებით, წიგნებით, სათამაშოებით, მუსიკით, უცხო ენებითა და აღმოჩენებით.
საბედნიეროდ, ეს ის გარემოა, რომელიც ყველა მშობელს უნდა თავისი შვილისთვის: კარგი კვება, თბილი ოჯახური ატმოსფერო, დრო და სივრცე გართობისთვის, კარგი წიგნები, კომუნიკაცია და, რაც მთავარია, თავისუფლება, რათა ბავშვმა თვითონვე შეისწავლოს სამყარო. ეს ყველაფერი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან იწყება, ამიტომ ნუ გადადებთ ბავშვის გონებრივ განვითარებაზე ზრუნვას, პირიქით, რაც შეიძლება მალე შეუდექით ამ თავგადასავლებით სავსე გზას.
სესილი ცირეკიძე