ჩაბჟირების შესახებ

გააზიარე:

თუ თქვენი შვილი არასოდეს ჩაბჟირებულა, ძალიან გაგიმართლათ, რადგან ჩაბჟირებული ბავშვი მაინცდამაინც სასიამოვნო საყურებელი არ არის მშობლისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მძიმე საყურებელია, ჩაბჟირება ბავშვს არ ვნებს.

  • რა არის ჩაბჟირება?

ბავშვი ტირის – ტკივილის, შიშის ან ბრაზის გამო. შუა ტირილში სუნთქვა ეკვრის, ფითრდება ან ლურჯდება და გონებას კარგავს.
ეს ქცევის დარღვევა არ არის, უნებლიე მდგომარეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ამ დროს საკუთარ თავს ვერ აკონტროლებს.
ჩაბჟირება უმეტესად წუთზე ნაკლებ ხანს გრძელდება. ზოგჯერ ძალიან ჰგავს კრუნჩხვას, მაგრამ ტვინის ელექტროენცეფალოგრამაზე (EEG) კრუნჩხვისთვის დამახასიათებელი სურათი არ ისახება, ამიტომ ბავშვს არ სჭირდება კრუნჩხვის სამკურნალო მედიკამენტების მიღება.
ჩაბჟირება აღენიშნება ბავშვების 4-5%-ს, როგორც ბიჭებს, ისე გოგონებსაც. უფრო მეტად – ამ უკანასკნელთ. პირველი ეპიზოდი, წესისამებრ, 6-დან 18 თვემდე ასაკში ვითარდება. 2 წლიდან მისი განვითარების რისკი თითქმის ნულის ტოლია. 7 წლისთვის ჩაბჟირების ეპიზოდები წყდება. ყოფილა შემთხვევები, ჩაბჟირება დაბადებიდან მეორე-მესამე კვირას დასწყებიათ ბავშვებს ან 4 წლისთვის შეწყვეტილა.

  • როგორ მიმდინარეობს

მტირალი ბავშვი უეცრად წყვეტს ხმების გამოშვებას, არადა, რომ შეხედავ, გგონია, ისევ ტირის. ეს განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, როდესაც ბავშვი განზრახ იკავებს სუნთქვას: ამ დროს ადამიანი ღრმად ჩაისუნთქავს და სუნთქვას მერე წყვეტს, ჩაბჟირებამდე კი ბავშვი არ ჩაისუნთქავს, პირიქით, ჰაერს გარეთ უშვებს.
იმის მიხედვით, ფითრდება ბავშვი ამ დროს თუ ლურჯდება, განსხვავებენ ჩაბჟირების ფერმკრთალ და ციანოზურ ეპიზოდებს. ციანოზური ეპიზოდები უფრო ხშირია. არის შემთხვევები, როდესაც ბავშვს ორივე ტიპისთვის დამახასიათებელი ფერი ედება. ასეთ ეპიზოდებს შერეულს უწოდებენ.

  • ციანოზური ეპიზოდი

ციანოზური ეპიზოდი უმეტესად მაშინ ვითარდება, როდესაც ბავშვი იმედგაცრუებულია ან ბრაზობს. ამ დროს ის ხმამაღლა იწყებს ტირილს, თხუთმეტიოდე წამში კი უეცრად ჩუმდება, სუნთქვას წყვეტს და ლურჯდება. ამას თითქმის ყოველთვის მოსდევს გონების დაკარგვა. ბავშვი თითქოს ხევდება და ირკალება. ეს მდგომარეობა დაახლოებით ერთ წუთს გასტანს. მერე სუნთქვა თანდათან ხშირდება და ბოლოს მწყობრში დგება. გონს მოსული ბავშვი დაღლილობას გრძნობს, ისევე როგორც პანიკური შეტევის ეპიზოდის შემდეგ.
იშვიათად ბავშვს შესაძლოა გონს მოსვლის შემდეგაც გაჰყვეს ბრაზი, რამაც, დიდი შანსია, ხელახალი ჩაბჟირება გამოიწვიოს.

  • ფერმკრთალი ეპიზოდი

ფერმკრთალი ეპიზოდი უმეტესად გამოწვეულია უეცარი შიშით ან ტკივილით. მაგალითად, ბავშვმა შესაძლოა სირბილის დროს ფეხი წამოჰკრას, წაიქცეს, თავი დაარტყას და ამის გამო ჩაბჟირდეს. ამ დროს ჩაბჟირებას იწვევს არა თავის ტრავმა, არამედ უეცარი ტკივილი, რომელსაც ბავშვი თავის დარტყმისას განიცდის. ეპიზოდი იწყება იმით, რომ ბავშვს სუნთქვა უხშირდება და ოდნავ წამოიტირებს. შესაძლოა, არც კი წამოიტიროს – პირი გააღოს, თითქოს ტირილს აპირებსო, მაგრამ ხმა არ გამოსცეს. თუ ატირდა, ესეც მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდება. შემდეგ ბავშვი ფერს კარგავს და გული მისდის. შესაძლოა, ამ დროს ოფლმაც დაასხას, გახევდეს, უნებლიეთ აამოძრაოს კიდურები ან მოშარდოს.
ფერმკრთალი ეპიზოდიც წუთზე ნაკლებ ხანს გრძელდება. გონს მოსული ბავშვი რამდენიმე საათის განმავლობაში მოთენთილია.
სხეულის გახევებას და უნებლიე მოძრაობებს რეფლექსურ ანოქსიკურ კრუნჩხვებს (Reflex Anoxic Seizures) უწოდებენ. ეს არ არის ეპილეფსიური კრუნჩხვები, თუმცაღა ძალიან ჰგავს. რეფლექსური ანოქსიკური კრუნჩხვები გამოწვეულია გულისცემისა და სისხლის წნევის მკვეთრი დაქვეითებით, რის გამოც ტვინისთვის სისხლის მიწოდება ერთბაშად იკლებს.

  • რამდენად ხშირია

სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვა სიხშირით ბჟირდება: ზოგი – დღეში რამდენჯერმე, ზოგი – წელიწადში ერთხელ. ჩაბჟირების ეპიზოდები თავდაპირველად შესაძლოა კვირა- ან თვეგამოშვებით განვითარდეს, მერე და მერე კი გახშირდეს და კვირაში 6-ამდეც კი ავიდეს. გახსოვდეთ: რა სიხშირითაც არ უნდა ბჟირდებოდეს ბავშვი, ეს მის ტვინს ზიანს არ მიაყენებს და არც ეპილეფსიის განვითარების რისკს გაზრდის. თითქმის ნულის ტოლია შანსი, ჩაბჟირება ბავშვის სიკვდილით დასრულდეს. სამედიცინო ლიტერატურაში აღწერილია რამდენიმე მსგავსი შემთხვევა, თუმცა მიზეზი ყოველთვის თანმხლები დაავადება იყო, უმეტესად – გულისა ან ფილტვისა.

  • გამომწვევი მიზეზები

ძლიერი სტრესი – ბრაზი, შიში, ტკივილი – ანელებს გულისცემას და აქვეითებს სისხლის წნევას, რასაც გონების დაკარგვამდე მივყავართ. ანემიური ბავშვები უფრო ხშირად ბჟირდებიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანემია თავისთავად იწვევს ჩაბჟირებას – იმ ბავშვების უმეტესობა, რომლებსაც ჩაბჟირება ახასიათებთ, სავსებით ჯანმრთელია.
განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკაც: ხშირია, როდესაც ოჯახის რამდენიმე წევრს აწუხებს ეს პრობლემა.

  • საჭირო კვლევები

ჩაბჟირების დიაგნოსტიკისთვის არც კომპიუტერული ტომოგრაფიაა (CT) საჭირო, არც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), არც ელექტროენცეფალოგრამა. ექიმისთვის მშობლის მონათხრობიც საკმარისია. უფრო უკეთესი იქნება, თუ ეპიზოდს კამერით ჩაიწერთ, რათა ექიმმა უკეთ აღიქვას, რას აკეთებს ბავშვი ამ დროს. ეპიზოდის ხანგრძლივობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს – დაკვირვებისას ის შესაძლოა უფრო ხანგრძლივი მოგეჩვენოთ, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ სინამდვილეში წუთზე ნაკლებ ხანს გაგრძელებულა. თუ ჩაბჟირებული ბავშვი კანკალებს და ეს ორ წუთზე მეტხანს გრძელდება, იღებენ ელექტროენცეფალოგრამას, რადგან შესაძლოა, ეს კრუნჩხვა იყოს (თუმცა მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია). ექიმმა შესაძლოა დანიშნოს სისხლის საერთო ანალიზიც იმის გასარკვევად, ანემია ხომ არ აქვს ბავშვს, რადგან ანემიის მკურნალობა თავისთავად შეამცირებს ჩაბჟირების ეპიზოდების სიხშირეს.

  • როგორ მოვიქცეთ ჩაბჟირების დროს

ჩაბჟირებას მკურნალობა არ სჭირდება. რამდენიმე მარტივი წესის დაცვა საკმარისია:
* ჩაბჟირებულ ბავშვს თავი გულის დონეზე მაღლა არ უნდა ედოს, რათა ტვინისთვის სისხლის მიწოდება იოლად აღდგეს.
* გულწასულს ხელში ნუ აიყვანთ - იწვეს, სანამ გონს მოვა, უმჯობესია, გვერდზე. თუ ბავშვი სამ წუთზე მეტია უგონოდაა და არც სუნთქვა აღუდგება, ხელოვნური სუნთქვა უნდა ჩატარდეს.
* თუ ბავშვს ჩაბჟირების ეპიზოდი დღეში რამდენჯერმე უმეორდება და ეს გავლენას ახდენს მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ერთადერთი მედიკამენტი, რომელიც ექიმმა შეიძლება დაუნიშნოს, რკინაა - განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ბავშვს ანემია, რკინის მიღება რამდენადმე გააიშვიათებს ჩაბჟირების ეპიზოდებს.

მართალია, იმედგაცრუება და ბრაზი პროვოცირებას უწევს ჩაბჟირებას, მაგრამ მშობელმა არ უნდა გადაუხვიოს ოჯახში მიღებულ წესებს და იმის შიშით, არ ჩაბჟირდესო, ბავშვს ყველა ახირება არ უნდა აუსრულოს – ჩაბჟირება, როგორც უკვე აღვნიშნე, არ არის ქცევის დარღვევა, მაგრამ დიდი შანსია, ასეთი მიდგომით ბავშვს ქცევის ნამდვილი დარღვევა ჩამოუყალიბდეს და შემდგომ სწორედ ახირებათა აუსრულებლობა ექცეს ჩაბჟირების მიზეზად.
ერთი სიტყვით, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ჩაბჟირებას და ეცადეთ, ის ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად არ აქციოთ. გახსოვდეთ: მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად მძიმე საყურებელია, ჩაბჟირება ბავშვს მალე გაუვლის და რამდენიმე წელიწადში ეს ამბავი აღარც თქვენ გემახსოვრებათ და აღარც მას.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: