სახსარი – მთავარი მამოძრავებელი მექანიზმი

გააზიარე:

მამოძრავებელი მექანიზმი

ართრიტი – სახსრების ანთება

ბურსიტი – სახსრის ბალიშის ანთება

მყესების ანთება – ტენდინიტი

ამოვარდნილობა

გავუფრთხილდეთ სახსრებს

 

იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლომდე შევძლოთ ყოველდღიური საქმიანობისთვის საჭირო ელემენტარული მოძრაობების შესრულება, სახსრების ჯანმრთელობაზე ბავშვობიდანვე უნდა ვიზრუნოთ. მაგრამ სახსართა დაავადებების მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებში რომ გავერკვიოთ, სახსრების აგებულებაზე უნდა შევიქმნათ წარმოდგენა.

ძვლების შეერთების ყველა ადგილი არ არის მოძრავი. უწყვეტი ანუ ფიბროზული შეერთების მაგალითია თავის ქალას ძვლების გადაბმა. დაბადების მომენტისთვის ეს ძვლები ერთმანეთთან არ არის შეზრდილი და მშობიარობისას ოდნავ შესრიალდება ერთმანეთზე, რომ ქალა შევიწროვდეს და ბავშვის თავმა უფრო ადვილად გამოიაროს სამშობიარო გზები. ბავშვის ზრდასთან ერთად ქალას ძვლებიც თანდათანობით ეხორცება ერთმანეთს.

სხეულში უწყვეტი გადაბმის სხვა მაგალითებიც არსებობს, მაგალითად, კბილებისა და ღრძილების შეერთება.

ნაწილობრივ მოძრავი ანუ ხრტილოვანი შეერთებისას ძვლები ერთმანეთს ხრტილით უკავშირდება და მცირედ მოძრაობს. მაგალითად, ხერხემლის მალები. ასეთი შეერთების წყალობის ხერხემალი სვეტივით უძრავი არ არის და მისი გადახრა, სულ ოდნავ მაინც, ნებისმიერ მხარესაა შესაძლებელი.

თავისუფლად მოძრავი ანუ სინოვიური სახსარი რამდენიმენაირია. მათი სახელწოდება უკავშირდება სინოვიურ სითხეს, რომლითაც სასახსრე ღრუა ამოვსებული. ეს არის კვერცხის ცილისებრი კონსისტენციის გამჭვირვალე, ბლანტი სითხე, რომელიც მოძრაობას აადვილებს და სახსრის ზედაპირებს დაზიანებისგან იცავს.

ძირითადი ელემენტები

სინოვიური სახსრის თითოეული ელემენტი მკაცრად განსაზღვრულ ფუნქციას ასრულებს:

* ჰიალინური ხრტილი ძვლების სასახსრე ზედაპირებს ფარავს და ამცირებს სახსარში მოძრაობისას წარმოქმნილ ხახუნს.

* სასახსრე ჩანთა ერთგვარი კაფსულაა, რომელშიც სახსარია მოთავსებული. მისი შიგნითა გარსი, სინოვიური აპკი, სინოვიურ სითხეს გამოიმუშვებს.

* იოგები – ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილის მკვრივი კონები – ძვლებს ერთმანეთთან აკავშირებს, სახსარს ამაგრებს, იცავს მას უსარგებლო მოძრაობისგან და ფორმას უნარჩუნებს.

* სინოვიური აპკი – სასახსრე ჩანთის შიგნითა გარსი – სახსარს ჰერმეტულად ამოფენს შიგნიდან და სინოვიურ სითხეს გამოიმუშავებს.

* მყესები კუნთების დაბოლოებებია. მეორე ბოლოთი მტკიცედაა მიმაგრებული ძვლებზე და კუნთების შეკუმშვა-მოდუნების შედეგად ამოძრავებს მათ.

* ბურსა სითხით სავსე ჩანთა, აბგა, რომელიც სახსარში შესაძლოა რამდენიმეც იყოს. ამცირებს ხახუნს ძვალს, იოგებს, მყესებსა და სხვა მიმდებარე სტრუქტურებს შორის.

* მენისკი მუხლსა და რამდენიმე სხვა სახსარში მდებარე ხრტილის ფირფიტაა, რომელსაც ამორტიზატორის ფუნქცია აქვს.

მოძრავი სახსრის ტიპები

სინოვიური სახსრის ფორმას მის მიერ შესასრულებელი მოძრაობის ტიპი განსაზღვრავს: ერთი, ორი, სამი თუ მეტი ღერძის გარშემო ტრიალი. შესაბამისად, სინოვიური სახსრის რამდენიმე ტიპს გამოყოფენ:

* სფერული სახსარი, რომელშიც მოძრაობა სამი და მეტი ღერძის გარშემო, ფაქტობრივად, ყოველი მიმართულებითაა შესაძლებელი. მისი სასახსრე თავი მრგვალია და მეორე ძვლის სასახსრე ფოსოში ზის. ასეთებია მხრისა და მენჯ-ბარძაყის სახსრები.

* ჭაღისებრი სახსარი, რომელიც, კარის ანჯამების მსგავსად, სახსარს მხოლოდ ერთი ღერძის გარშემო მოხრა-გაშლის საშუალებას აძლევს. მაგალითად, მუხლისა და იდაყვის სახსრები.

* ელიფსური სახსარი, რომლის ოვალური თავიც ელიფსურ ღრმულში ზის. სახსარი ორღერძიანია, წინა-უკანა და გვერდით მოძრაობებს ასრულებს. ასეთი სახსრები მაჯასა და ყბაშია.

* ცილინდრული სახსრის თავისებურებაა ერთი ძვლის თავის ბეჭდისებური მოძრაობა მეორე ძვლის ირგვლივ, ვერტიკალური ღერძის გარშემო. მაგალითად, იდაყვისა და სხივის ძვლებს შორის არსებული ასეთი სახსრის დამსახურებაა, რომ მთელი წინამხრისა და ხელის მტევნის გადატრიალება-გადმოტრიალება შეგვიძლია. იმავე მექანიზმით მუშაობს სახსარი ხერხემლის პირველ და მეორე მალებს შორის.

* ბრტყელი სახსარი სამივე ღერძის გარშემო მოძრაობს, მაგრამ შეზღუდულად. ასეთი სახსარი ბევრია მაჯაში.

* უნაგირა სახსარი ორღერძიანია და ძალიან ჰგავს უნაგირზე შემომჯდარ კაცს. მოძრაობს წინ და უკან და ერთი გვერდიდან მეორე გვერდისკენ. ასეთია ცერა თითის პირველი ფალანგისა და მაჯის შეერთების ადგილას მდებარე სახსარი.

ჰიპერმობილური სახსრები

ზოგიერთი ადამიანის სახსრების მოძრაობის დიაპაზონი აშკარად სცილდება ნორმალურს. ასეთი ჰიპერმობილობა აღინიშნება მხრის, იდაყვის, მაჯის, თითებისა და მუხლის სახსრებში. ბავშვებს, საზოგადოდ, მოზრდილებზე გაცილებით მოქნილი სახსრები აქვთ და ისეთ მოძრაობებს ასრულებენ, დიდ ადამიანს ძალიან რომ გაუჭირდება, თუმცა ჰიპერმობილური სახსრების მქონე ადამიანებთან მაინც ვერ მოვლენ.

შორეული შედეგები

იოგები, შემაერთებელი ქსოვილის მსხვილი ბოჭკოები, სახსრის შემადგენელ ნაწილებს ერთმანეთთან ამაგრებს და ზედმეტი მოძრაობის საშუალებას არ აძლევს, ჰიპერმობილური სახსრების მქონე ადამიანებს კი სუსტი იოგები აქვთ. ისინი ყოველგვარი ძალდატანებისა და დისკომფორტის გარეშე ასრულებენ ურთულეს მოძრაობებს. ამაში თითქოს არაფერია ცუდი, მაგრამ სუსტი იოგები სახსრის ადვილად დაზიანებას განაპირობებს, ამიტომ ჰიპერმობილობის მქონე ადამიანებს არცთუ სასისამოვნო სიურპრიზები ელით. მაგალითად:

* დროთა განმავლობაში ადვილად ემართებათ ართრიტი;

* ხშირად ემართებათ სახსრის ამოვარდნილობა;

* ხშირად აქვთ ბრტყელი ტერფი;

* ზოგჯერ სახსარი ფორმას იცვლის.

ნორმის საზღვრებში

ჰიპერმობილური სახსრები საკმაოდ ხშირად აქვთ აბსოლუტურად ჯანმრთელ ბავშვებს. ამ შემთხვევაში მას კეთილთვისებიან ჰიპერმობილობას უწოდებენ. მისი მიზეზი შესაძლოა იყოს:

* ძვლის ფორმა ან სახსრის სიღრმე;

* კუნთების ტონუსი ან ძალა;

* პროპრიოცეფციის ცუდი გრძნობა (გაჭიმვის ამპლიტუდის შეგრძნების უუნარობა);

* ჰიპერმობილობის ოჯახური ისტორია.

ჰიპერმობილობა ზოგიერთ იშვიათ დაავადებასაც ახლავს: დაუნის სინდრომს, მარფანის სინდრომს, ელერს-დანლოს სინდრომს და სხვა.

თუ სახსრების ჰიპერმობილობას ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა ერთვის, მას სახსრის ჰიპერმობილობის სინდრომს უწოდებენ.

როგორ ვიქცევით

ჰიპერმობილური სახსრების მქონე ადამიანები, როგორც წესი, სხვას არაფერს უჩივიან, მაგრამ ექიმს უნდა მიმართონ, თუ:

* ჰიპერმობილურ სახსარში მოძრაობის დროს ან მის შემდეგ ტკივილი იგრძნეს;

* სახსარმა უეცრად შეიცვალა ფორმა;

* ხელს ან ფეხს ძველებურად ვეღარ ამოძრავებენ.

მკურნალობა კი ტკივილის მოხსნისა და სახსრების გამაგრებისკენაა მიმართული.

ჰიპერმობილურობით გამოწვეული გართულებების რისკის შესამცირებლად:

* აკეთეთ სახსრის გარშემომრტყმელი კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები.

* დაადგინეთ, როგორი უნდა იყოს თითოეული სახსრის მოძრაობის ნორმალური დიაპაზონი, რათა ჰიპერექსტენზია, ზედმეტი გაშლა, თავიდან აიცილოთ.

* ფიზიკური აქტიურობის დროს სახსრები სპეციალური ფიქსატორებით დაიცავით.

* სახსრების გასამაგრებლად ჩაიტარეთ ინდივიდუალურად შერჩეული ფიზიოთერაპიული პროცედურები.

თითების ტკაცუნი

სახსრებს, განსაკუთრებით – თითებისას, ბევრი იტკაცუნებს. ზოგს ტკაცუნის ხმა სიამოვნებს, ზოგს – შეგრძნება, რომელიც გატკაცუნებას სდევს თან, ზოგი ამით ნერვებს იმშვიდებს, ზოგს კი სახსრების გატკაცუნება ჩვევად აქვს ქცეული.

ამბობენ, რომ ტკაცუნი ცუდია სახსრებისთვის – შესაძლოა, ხელი შეუწყოს ართრიტის განვითარებას, გამოიწვიოს სახსრის ტრავმა და ა.შ. კვლევებმა აჩვენა, რომ ტკაცუნი არ იწვევს ართრიტს, თუმცა იშვიათად შესაძლოა იოგები ან მყესები დააზიანოს, ხოლო წლების შემდეგ შეამციროს მოჭერის ძალა.

რა აზიანებს

სახსრების დაზიანების ყველაზე გავრცელებული ფორმებია:

* ართრიტი – სახსრის ანთება, რომელიც იწვევს ტკივილს, შებოჭილობას, შეშუპებას;

* ბურსიტი – სახსრის ბალიშის, სითხით სავსე ჩანთის ანთება;

* ამოვარდნილობა (დისლოკაცია) – ტრავმის გამო ძვლის თავის ჩვეულებრივი პოზიციიდან ამოვარდნა.

 

ართრიტი – სახსრების ანთება

ართრიტი, სახსრის ან სახსრების ანთება, ასზე მეტი დაავადების კრებითი სახელწოდებაა. ის უმთავრესად სახსრებს აზიანებს, თუმცა ართრიტის ზოგიერთი ტიპის დროს სხვა ორგანოებიც ზიანდება, მაგალითად, კანი.

ზრდასრული ადამიანების მეხუთედს ართრიტის რომელიმე ფორმა მაინც აქვს. ეს დაავადება ნებისმიერს შეიძლება დაემართოს, თუმცა ასაკთან ერთად მისი განვითარების ალბათობა იმატებს.

სავარაუდო მიზეზები

ართრიტის მრავალი ფორმის  გამომწვევი უცნობია, თუმცა დადასტურებულია, რომ მისი განვითარების ალბათობას ზრდის:

* ასაკი – წლების მატებასთან ერთად სახსრები სუსტდება და იფიტება;

* სქესი – ართრიტების უმრავლესობა უფრო მეტად ქალებს ემართებათ (ერთ-ერთი გამონაკლისია პოდაგრა);

* გენები – ისეთი  დაავადებები, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა, მაანკილოზებელი სპონდილიტი, კონკრეტულ გენებთანაა დაკავშირებული;

* ჭარბი წონა – ამ დროს ზომაზე მეტად იტვირთება მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრები და ხერხემალი, რაც ართრიტის დაწყებასაც  აჩქარებს და მის დამძიმებასაც უწყობს ხელს;

* ტრავმები;

* ინფექციები – ბაქტერია, ვირუსი, სოკო შესაძლოა სახსრის ინფიცირებისა და ანთების მიზეზად მოგვევლინოს;

* სამუშაო – თუ მძიმე ფიზიკური შრომა გიწევთ, შესაძლოა, უფრო ადვილად დაგემართოთ ოსტეოართრიტი. 

ანთების ნიშნები

ართრიტის მთავარი ნიშანი ტკივილია. გარდა ტკივილისა, მოსალოდნელია:

* ერთი ან მეტი სახსრის შესივება, შებოჭილობა;

* მათი შეწითლება, გახურება;

* შეხებისას მტკივნეულობა;

* მოძრაობის გაძნელება;

* ყოველდღიური საქმიანობის შეზღუდვა.

სიმპტომები სხვადასხვა სიძლიერისაა, მუდმივია ან პერიოდული. შორს წასულ შემთხვევაში სახსარი შეუქცევად დაზიანებას განიცდის.

ართრიტის ყველაზე გავრცელებული ტიპებია ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.

ოსტეოართრიტი

ოსტეოართრიტის დროს ძვლების სასახსრე დაბოლოებებზე არსებული ხრტილი თანდათან იშლება და ძვლოვანი ზედაპირები შიშვლდება. ერთმანეთთან მათი შეხება ტკივილსა და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს. ეს მდგომარეობა თანდათანობით, ასაკთან ერთად ვითარდება, მაგრამ შესაძლოა, ტრავმამ ან ინფექციამ დააჩქაროს.

ოსტეოართრიტი მთელ სახსარს აზიანებს: ძვლებს, შემაერთებელ ქსოვილს (არადა სწორედ ეს ქსოვილი უზრუნველყოფს როგორც კუნთებისა და სახსრის, ისე სახსრის შემადგენელი ნაწილების მჭიდრო კავშირს), სინოვიურ აპკს.

დაავადებამ შესაძლოა ჩაითრიოს თითების, მუხლების, მენჯ-ბარძაყის სახსრები, ხერხემალი.

ნიშნები

ოსტეოართრტის დროს დაზიანებული სახსრების ტკივილი თავს იჩენს მოძრაობის დროს ან მის შემდეგ. შებოჭილობა უმეტესად დილაობით, გაღვიძებისას, ან მოსვენების შემდეგ შეინიშნება. სახსრები მოქნილობას კარგავს, მთელი დიაპაზონით ვეღარ მოძრაობს. მოძრაობას თან ახლავს თავისებური ხმიანობა,  კრეპიტაცია. ზოგჯერ დაზიანებული სახსრის გარშემო ძვლოვანი წანაზარდები ჩნდება. სახსრის შესივება კი მის გარშემო არსებული რბილი ქსოვილის ანთებითაა გამოწვეული.

ოსტეოართრიტი თანდათან მძიმდება და ქრონიკულ ტკივილს იწვევს. შორს წასულ შემთხვევაში სახსრის ტკივილი და შებოჭილობა ადამიანს ყოველდღიური საქმიანობის შესაძლებლობას უსპობს. საბოლოოდ ამ ყველაფერს დეპრესია და ძილის დარღვევაც ერთვის.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზის დასმაში ექიმს რენტგენოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა ეხმარება. მართალია, რენტგენზე ხრტილოვანი ქსოვილი არ ჩანს, მაგრამ კარგად ჩანს სახსარში ძვლებს შორის დარჩენილი ნაპრალი და ძვლოვანი წანაზარდები, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით კი ხრტილოვანი ქსოვილის შეფასებაც შეიძლება. გარდა ამისა, სისხლშიც ამოწმებენ ზოგიერთ პარამეტრს,  ხოლო საჭიროების შემთხვევაში სასახსრე სითხის შესწავლით გამორიცხავენ ინფექციასა და პოდაგრას.

ოსტეოართრიტის სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებლების (პარაცეტამოლისა და ანთების საწინააღმდეგო სხვა არასტრეოიდული საშუალებების) მიღებით, ვარჯიშით, რომელიც აძლიერებს სახსრის გარშემო არსებულ კუნთებს, ზრდის მოქნილობას და ამცირებს ტკივილს. შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ცურვა ან სეირნობაც. პაციენტმა უნდა შეიმუშაოს ყოველდღიური საქმიანობის გასაადვილებელი ტაქტიკა, მაგალითად, თუ მტევნის სახსრები აქვს დაავადებული, კბილები მსხვილტარიანი ჯაგრისით იხეხოს, თუ მუხლის სახსრები – საშხაპეში სკამი დაიდგას და სხვა.

როდესაც ეს მეთოდები აღარ ჭრის, სახსარში ნემსით შეჰყავთ სტეროიდი, რომელიც ამცირებს ტკივილს და ჰიალურონის მჟავა, რომელიც სასახსრე სითხის მაგივრობას ეწევა (კვლევებმა აჩვენა, რომ მეტი დანიშნულება მას არ გააჩნია, მაგალითად, ვერ აღადგენს ხრტილს). ზოგჯერ ოსტეოართროზს ქირურგიულადაც მკურნალობენ – ატარებენ ოსტეოტომიას ან სახსარს ცვლიან.

მდგომარეობას ამსუბუქებს ტაი-ჩი და იოგა, წონის კლება, ცივი და თბილი საფენები, კაფსიკამის შემცველი მალამოები, ორთოპედიული ღაბაშები (სუპინატორები), ყავარჯნები, ჯოხი, ჭოჭინა.

 

რევმატოიდული ართრიტი

რევმატოიდული ართრიტი (რა) ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელსაც ავტოიმუნური დარღვევა იწვევს. ეს ნიშნავს, რომ ამ დროს ადამიანის იმუნური სისტემა შეცდომით საკუთარი სხეულის ქსოვილებს უტევს.

რევმატოიდული ართრიტი სასახსრე ჩანთის შიგნითა მხარეს აზიანებს, რასაც მტკივნეული შეშუპება მოჰყვება, დაავადების საბოლოო შედეგი კი ძვლების ეროზია და სახსრების დეფორმაციაა, რასაც ადამიანი ზოგჯერ ფიზიკურ უუნარობამდე მიჰყავს.

ნიშნები

სახსრები შეხებისას მტკივნეული, ცხელი და შეშუპებულია. შებოჭილობა უმთავრესად გამოხატულია დილაობით და მოსვენების შემდეგ. აღინიშნება დაღლილობა, ტემპერატურის მატება, უმადობა.

რევმატოიდული ართრიტი, უპირველეს ყოვლისა, წვრილ – მტევნებისა და ტერფების – სახსრებს აზიანებს. თანდათან მოიცავს მაჯის, იდაყვის, კოჭის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის, მხრის სახსრებს. სახსრები სხეულის ორივე მხარეს თანაბრად ზიანდება. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულთა 40%-ს სხვა, არასახსროვანი სტრუქტურებიც აქვს დაზიანებული, მათ შორის:

* კანი;

* თვალები;

* ფილტვები;

* თირკმელები;

* სანერწყვე ჯირკვლები;

* ნერვული ქსოვილი;

* ძვლის ტვინი;

* სისხლძარღვები.

რევმატოიდული ართრიტის ნიშნები სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვა სიმძაფრითაა გამოხატული. ისინი პერიოდულად ჩნდება და ქრება. დაავადების გამოვლენის მატებას აფეთქებას უწოდებენ, სიმშვიდის პერიოდს, როდესაც ტკივილი და შეშუპება ცხრება – რემისიას.

იმუნური გაუგებრობა

რევმატოიდული ართრიტის დროს იმუნური სისტემა სინოვიურ გარსს უტევს. შეტევის პასუხად განვითარებული ანთება გარსს ასქელებს. შედეგად სახსრის შემადგენლობაში შემავალი ხრტილი და ძვლები იშლება, სახსრის დამჭერი და გამამაგრებელი მყესები და იოგები სუსტდება და იწელება. სახსარი ფორმას კარგავს.

არავინ იცის, რა არის პროცესის გამშვები, მაგრამ დამტკიცებულია, რომ  გენეტიკური განწყობა ადამიანს უფრო მოწყვლადს ხდის იმ ფაქტორების მიმართ, რომლებმაც შესაძლოა სათავე დაუდოს ართრიტს.

ართრიტების ზოგად რისკფაქტორებთან ერთად რევმატოიდული ართრიტის განვითარებასა და სიმძიმეზე გავლენას ახდენს თამბაქოს წევა, განსაკუთრებით – გენეტიკური განწყობის შემთხვევაში.

გართულებები

რევმატოიდული ართრიტის გართულებათა ჩამონათვალი საკმაოდ შთამბეჭდავია. ესენია:

* ოსტეოპოროზი – რევმატოიდული ართრიტიც და მის სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატებიც ზრდის ოსტეოპოროზის რისკს, ეს დაავადება კი, თავის მხრივ, ასუსტებს ძვლებს და ზრდის მოტეხილობისადმი მიდრეკილებას;

* რევმატოიდული კვანძები – მკვრივი გამობერილობები, რომლებიც უმეტესად ზეწოლის ადგილების გარშემო, მაგალითად, იდაყვებზე ჩნდება, შედარებით იშვიათად – სხეულის სხვა ნაწილებში, მათ შორის – ფილტვებშიც;

* თვალისა და პირის სიმშრალე – რევმატოიდული ართრიტით დაავადებულებს ხშირად ემართებათ შეგრენის სინდრომი, ავტოიმუნური დარღვევა, რომლის დროსაც მცირდება ნერწყვისა და ცრემლის გამოყოფა;

* ინფექციებისადმი მიდრეკილება – რევმატოიდული ართრიტიც და მისი სამკურნალო წამლებიც ასუსტებს იმუნურ სისტემას, რაც ინფექციების გახშირებას განაპირობებს;

* სხეულის კომპოზიციის დარღვევა  –  ცხიმისა და კუნთოვანი მასის თანაფარდობაში იმატებს ცხიმის წილი, თუნდაც სხეულის მასის ინდექსი ნორმალური იყოს;

* კარპული არხის სინდრომი – მაჯის სახსრის ანთების შედეგად შესაძლოა მიიჭყლიტოს ნერვი, რომელიც ხელისა და თითების უდიდეს ნაწილს აინერვირებს და დაბუჟება და ტკივილი გამოიწვიოს;

* გულის პრობლემები – შესაძლოა, მოიმატოს არტერიების თრომბებით დახშობის და გულის გარეთა გარსის, პერიკარდიუმის, ანთების რისკმა;

* ფილტვის პრობლემები – იმატებს ფილტვების ანთებისა და მათში ნაწიბურების წარმოშობის რისკი, მათ კი სუნთქვის უკმარისობამდე მივყავართ;

* ლიმფომა – რევმატოიდული ართრიტი ზრდის ლიმფური კვანძის სიმსივნის, ლიფომის, განვითარების რისკს.

დიაგნოსტიკის სირთულეები

რევმატოიდული ართრიტის  აღმოჩენა შესაძლოა გართულდეს, ვინაიდან ადრეულ სტადიაზე დაავადების სიმპტომები რამდენიმე სხვა დაავადებისას ჰგავს. არ არსებობს დიაგნოზის დამადასტურებელი სპეციალური კვლევა.

გასინჯვისას ყურადღება ექცევა სახსრის შესივებას, სიწითლეს, სიმხურვალეს, აგრეთვე – რეფლექსებს და კუნთოვან ძალას.

სისხლის ანალიზით განისაზღვრება ანთების ინდიკატორები (ჩ რეაქტიული ცილა, ეროთროციტების დალექვის სიჩქარე), რევმატოიდული ფაქტორი და ციკლური ციტრულინირებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულები (Aნტი-ჩჩP).

დაავადების პროგრესზე დასაკვირვებლად რენტგენოლოგიურ კვლევას მიმართავენ, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა და ულტრაბგერითი კვლევა კი მისი სიმძიმის შესაფასებლად ტარდება.

მკურნალობა

მკურნალობა დაავადების სიმძიმესა და ხანდაზმულობაზეა დამოკიდებული. იყენებენ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, სტეროიდებს, ანტირევმატულ პრეპარატებს (ეს წამლები ხელს უშლის დაავადების პროგრესირებას და სახსრებსა და სხვა ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს), ბიოლოგიური აგენტები, რომლებიც იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებს.

დიდი მნიშვნელობა აქვს ვარჯიშს, რომელიც სახსრებს მოქნილობის შენარჩუნებაში დაეხმარება, და პატარ-პატარა ხრიკების შესწავლას, რომლებიც ცხოვრებას გააადვილებს.

შორს წასულ შემთხვევებში ტარდება ოპერაცია, რომლის მიზანი შეიძლება იყოს ანთებადი გარსის ამოკვეთა (სინოვექტომია), მყესის აღდგენა, ძვლების ერთმანეთზე უძრავად მიმაგრება (სახსრის ფუჟირება), ბუნებრივი სახსრის ხელოვნურით შეცვლა.

მნიშვნელოვანია რეგულარეული ვარჯიში. სხვა სიკეთეებთან ერთად ის დაღლილობასთან ბრძოლაშიც დაგეხმარებთ. ვარჯიშის დაწყება შეგიძლიათ სიარულით. ოღნდ ექიმს შეუთანხმდით. არის პერიოდები, როდესაც ვარჯი არაა მიზანშეწონილი.

ზოგიერთი კვლევის თანახმად თევზის ქონი და პალმის ზეთი ამცირებს ტკივილსა და შემოჭილობას რევმატოიდული ართრიტის დროს. ტაი–ჩი კი აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

 

რეაქტიული ართრიტი

რეაქტიული ართრიტი იმით არის საინტერესო, რომ მას სხეულის სხვა ნაწილში, უმეტესად – ნაწლავებში, სასქესო ორგანოებში ან საშარდე გზებში, არსებული ინფექციური ანთება იწვევს. წესისამებრ, რეაქტიული ართრიტის სამიზნეა მუხლები, კოჭ-წვივის სახსრები და ტერფები. პროცესმა შესაძლოა თვალები, კანი და შარდსადენიც ჩაითრიოს. ამ ფორმას ძველად რეიტერის სინდრომს უწოდებდნენ.

რეაქტიული ართრიტი არც ისე ხშირია, მას სიმპტომების გაჩენა-გაქრობა ახასიათებს და დაახლოებით ერთ წელიწადში თავისთავად გაივლის.

როგორ ვლინდება

რეაქტიული ართრიტი ინფექციური აგენტის ზემოქმედებიდან 1-4 კვირაში იწყება. ის შესაძლოა გამოვლინდეს:

* მუხლის, კოჭისა და ტერფის ტკივილითა და შებოჭილობით. ზოგჯერ ამ ნიშნებს ემატება ქუსლების, წელის ან დუნდულების ტკივილიც;

* კონიუნქტივიტით;

* შარდვის დარღვევით – შარდვის გახშირებით, მოშარდვის თანმხლები დისკომფორტით, პროსტატის ან საშვილოსნოს ყელის ანთებით;

* ძვლებთან იოგებისა და მყესების მიმაგრების ადგილის ანთებით;

* ხელის ან ფეხის თითების შეშუპებით (ზოგჯერ ისინი სოსისებს ემსგავსება);

* ხელისგულებსა და ფეხისგულებზე – გამონაყარის, პირში წყლულების გაჩენით;

* წელის ტკივილით, რომელიც  განსაკუთრებით ღამღამობით ან დილაობით იმატებს.

რა იწვევს

რეაქტიული ართრიტი ორგანიზმის პასუხია ინფექციაზე. არადა, შესაძლოა, ამ უკანასკნელის სიმპტომები ისეთი მსუბუქი იყოს, ადამიანს აზრადაც არ მოუვიდეს, რომ ინფექცია აქვს.

რეაქტიული ართრიტის გამოწვევა უამრავ ბაქტერიას შეუძლია, როგორც სქესობრივი გზით გადამდებს, ისე საკვებს ან სასმელს შეყოლებულს. სიის სათავეში არიან:

* ქლამიდია;

* სალმონელა;

* შიგელა;

* იერსინია;

* კამპილობაქტერია;

* კლოსტრიდიუმ დიფიცილე.

რეაქტიული ართრიტი გადამდები არ არის, თუმცა თავად მისი გამომწვევი ბაქტერია გადამდებია. დაავადების სადიაგნოსტიკოდ, გარდა გასინჯვისა, ტარდება სისხლის ანალიზი ანთების აღმოსაჩენად, სახსრის სითხის გამოკვლევა, რენტგენოგრაფია...

მკურნალობა

მკურნალობის მთავარი მიზანია დაავადების სიმპტომების მოხსნა და ინფექციის აღმოფხვრა, რომელიც, დიდი ალბათობით, ისევ არსებობს. მკურნალობაში ერთვება ართრიტის სამკურნალო სხვა საშუალებებიც.

ართრიტების ლექსიკონი

მოკლედ გაგაცნობთ ართრიტის რამდენიმე სხვა ტიპსაც.

პოდაგრა

ეს დაავადება, რომელსაც ნიკრისის ქარსაც უწოდებენ, მართლაც ქარივით იქცევა. იწვევს სახსრების უეცარ, ძლიერ, შეტევით ტკივილის, შეშუპებას, სიწითლესა და დაჭიმულობას. უმეტესად ფეხის ცერისა და ტერფის შემაერთებელი სახსარი ზიანდება. შეტევა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი შესაძლოა ღამით გააღვიძოს ცერა თითის წვის შეგრძნებამ. ტკივილი ისეთი მწვავეა, რომ ადამიანისთვის თხელი საბნის სიმძიმეც კი აუტანელი ხდება. მას სახსარში შარდმჟავას მარილების დაგროვება იწვევს. მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტია პურინებით მდიდარი საკვების  (ხორცის, ზღვის პროდუქტების) შეზღუდვა. 

იუვენილური ართრიტი

იუვენილურ იდიოპათიურ ართრიტს ბავშვთა რევმატოიდულ ართრიტსაც უწოდებენ. ის 16 წლამდე ვითარდება. ართრიტის სიმპტომები ზოგ ბავშვს თუ რამდენიმე თვეში გაუვლის, ზოგს მთელი სიცოცხლე რჩება.

ამ ართრიტის ზოგიერთ ტიპს ისეთი გართულებების გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა ზრდის შეფერხება, სახსრების დაზიანება, თვალების ანთება. დაავადების მკურნალობის მიზანია ტკივილსა და ანთებასთან ბრძოლა, დაზიანებული სახსრის ფუნქციის გაუმჯობესება.

მაანკილოზებელი სპონდილიტი

მაანკილოზებელი სპონდილიტი ანთებითი დაავადება, რომელიც დროთა განმავლობაში ხერხემლის მალების შეერთებას იწვევს. ეს ხერხემალს მოქნილობას უკარგავს. თუ ნეკნები დაზიანდა, ადამიანს ღრმად ჩასუნთქვა აღარ შეუძლია. ეს დაავადება უმეტესად მამაკაცებს ემართებათ. სიმპტომები ადრეულ მოზარდობაში იჩენს თავს. ანთებითმა პროცესმა შესაძლოა თვალებიც მოიცვას.

ამ დაავადებისგან განკურნების საშუალება არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია მისი სიმპტომების შემსუბუქება და პროგრესის შენელება.

ფსორიაზული ართრიტი

ფსორიაზული ართრიტი ფსორიაზით დაავადებულთა ხვედრია. ფსორიაზს კანზე ვერცხლისფერი ქერქით დაფარული წითელი ბალთების გაჩენა ახასიათებს. უმეტესად ჯერ კანის სიმპტომები ვითრდება, მოგვიანებით კი ართრიტი, თუმცა ზოგჯერ პირიქითაც ხდება.

პროცესს შეუძლია, ნებისმიერი სახსარი მოიცვას, მათ შორის – თითებისა და ხერხემლისაც. ფსორიაზის კანის ფორმასაც და ფსორიაზულ ართრიტსაც აფეთქებები და რემისიები ახასიათებს.

მკურნალობა სიმპტომების მართვისა და  სახსრების დაზიანების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა. მკურნალობის გარეშე ადამიანი შესაძლოა დაინვალიდდეს.

სეპტიკური ართრიტი

სეპტიკური ართრიტი სახსრის ინფექციური ანთებაა. მისი გამომწვევი მიკრობები სახსრებში სხეულის სხვა ნაწილებიდან მიაქვს სისხლს ან ტრავმის შედეგად გარედან ხვდება. სეპტიკური ართრიტი ხშირად ემართებათ ჩვილებსა და მოხუცებს. ყველაზე ხშირად მუხლის სახსარს მოიცავს, შედარებით იშვიათად – მენჯ-ბარძაყის, მხრის და სხვა სახსრებს. ინფექციურ ანთებას უნარი შესწევს, მოკლე ხანში ძლიერ დააზიანოს სახსარში შემავალი ხრტილიც და ძვალიც, ამიტომ მკურნალობის დროულ დაწყებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მკურნალობა სახსრის დრენირებას (მისგან ანთებადი სითხის ამოღებას) და ანტიბიოტიკების მიღებას გულისხმობს.

ცერის ართრიტი

ასაკის მატებასთან ერთად ხშირად ვითარდება ცერა თითის მაჯასთან შეერთების ადგილას მდებარე სახსრის ანთება. ამ სახსარს კარპომეტაკარპულს უწოდებენ. მისი ანთება სახსარში შემავალი ხრტილების დაზიანების შედეგია. ართრიტი იწვევს ძლიერ ტკივილს, შეშუპებას, მოძრაობის ძალისა და მოცულობის შემცირებას, რის გამოც ადამიანს უჭირს მარტივი მოქმედებების შესრულება, მაგალითად, სახელურის გადატრიალება ან ქილის გახსნა. მას როგორც მედიკამენტურად, ისე ქირურგიულად მკურნალობენ.

ხელოვნური სახსარი

როდესაც სახსარი ძლიერაა დაზიანებული და თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს, ტარდება ჩამანაცვლებელი ოპერაცია, რომლის დროსაც სახსრის დაზიანებულ ნაწილებს ხელოვნურით ცვლიან.

სახსრის ჩანაცვლება ამცირებს ტკივილს, აუმჯობესებს მოძრაობას. ყველაზე ხშირად მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრები იცვლება. შესაძლებელია მხრის, თითების, კოჭის, იდაყვის სახსრების ჩანაცვლებაც. მნიშვნელოვანია, ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პერიოდში, პაციენტმა ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის რეკომენდაციები, რათა აღდგენილი სახსრის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენოს.

ბურსიტი – სახსრის ბალიშის ანთება

ბურსა, სასახსრე ჩანთა, ბლანტი სითხით სავსე პატარა ტომარაა, რომელიც ძვალსა და სახსრის სხვა მოძრავ ნაწილებს – კუნთებს, მყესებს, კანს – შორის მდებარეობს. ის ერთგვარი ბალიშის ფუნქციას ასრულებს – ამცირებს ხახუნს. ზოგიერთ სახსარში რამდენიმე ბურსაა. მთლიანობაში ჩვენს სხეულში 150-მდე ასეთი პატარა ტომარაა.

ბურსის ანთებას ბურსიტი ჰქვია და უმეტესად მხრის, იდაყვის, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში ვითარდება.

ბურსიტს სხვა სახელებსაც ეძახიან: სტუდენტის იდაყვს, ოლეკრანონის (იდაყვის მორჩის) ბურსიტს, შინამოსამსახურის მუხლს, პრეპატერალურ ბურსიტს, მქსოველის საჯდომს, მცხობელის ცისტას.

ბურსიტი უმეტესად 40 წელს გადაცილებულებს აქვთ. მას იწვევს სახსარზე განმეორებითი ზეწოლა, მუხლებზე ან იდაყვებზე ხანგრძლივი დაყრდნობა, ერთი და იმავე მოძრაობის ხშირი შესრულება, სახსრის გადატვირთვა. შესაბამისად, ბურსიტის რისკს შეიცავს მებაღის საქმიანობა, ნიჩბით თოვლის ან ნაგვის ახვეტა, ხეხვა, ხეზე მუშაობა, ხატვა, ჩოგბურთი, გოლფი, თხილამურებით სრიალი, ბურთის ტყორცნა...

ბურსიტი ასევე შეიძლება განვითარდეს არასწორ პოზიციაში დიდხანს დგომის ან ჯდომის, ვარჯიშის წინ არასათანადოდ მოთელვის, ტრავმის შედეგად.

ალბათობას ზრდის: რეაქცია წამლებზე, ართრიტი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.

ბურსიტი ზოგჯერ ინფექციური წარმოშობისაა. ამ დროს უმეტესად დამნაშავეა ოქროსფერი სტაფილოკოკი.

ძირითადი ნიშნები

ბურსიტის ყველაზე გავრცელებული ნიშანია ტკივილი მოძრაობისა თუ მოსვენების დროს. ის შეიძლება აღმოცენდეს როგორც ნელა, თანდათან, ისე ერთბაშად და ძლიერად, განსაკუთრებით – თუ სახსრის გარშემო კალციუმის ჩანართებია ჩალაგებული. მტკივნეულია სახსარზე შეხებაც.

ბურსიტს ტკივილთან ერთად ახასიათებს სახსრის დაჭიმულობა, მოძრაობის შეზღუდვა, შეშუპება, სიმხურვალე, სიწითლე.

თუ სხეულის ტეპერატურამ 39 გრადუსს მიაღწია, პროცესი გავრცელდა მიმდებარე არეზე ან სხვა სახსრებზე, სახსრის მოძრაობა მკვეთრად შეიზღუდა, საქმის კურსში უნდა ჩააყენოთ ექიმი.

დიაგნოსტიკა

გასინჯვის შემდეგ ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს რენტგენოგრაფიული გამოკვლევა – მისი მეშვეობით დაადგენენ ტკივილის სხვა მიზეზს, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა და ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომლებიც მას სახსრის მდგომარეობის შეფასებაში დაეხმარება. საჭიროა ბურსიდან გამოღებული სითხის შესწავლა ინფექციური პროცესის გამოსარიცხად.

მკურნალობა

თუ ბურსიტი დაგემართათ:

* ერიდეთ ყველა იმ მოძრაობას, რომელმაც შეიძლება მდგომარეობა დაამძიმოს, განსაკუთრებით – განმეორებადს.

* ეცადეთ, დაზიანებული სახსარი მაღლა გქონდეთ აწეული და დაასვენოთ.

* დაზიანებული სახსარი დააფიქსირეთ სპეციალური საფიქსაციო საშუალებით.

* დაზიანების პირველ 2-3 დღეს დღეში 3-4 ჯერ, 15-20 წუთით, დაიდეთ პირსახოცში გახვეული ყინული.

* ძილის დროს არ დაწვეთ მტკივან მხარეს.

* მიიღეთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (იბუპროფენი, ნაპროქსენი).

* მენჯ-ბარძაყის, მუხლის ან კოჭის ბურსიტის დროს ეცადეთ, დიდხანს არ იდგეთ ფეხზე. გვერდზე წოლისას მუხლებს შორის ბალიში ამოიდეთ – შესაძლოა, ტკივილი შეამსუბუქოს. ჩაიცვით უქუსლო, რბილი, კომფორტული ფეხსაცმელი.

თუ ერთ კვირაში თავი უკეთ არ იგრძენით, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, გამოგიწეროთ ანთების საწინააღმდეგო სტეროიდული საშუალებები, რომლებიც უფრო მალე აცხრობს ტკივილს და ანთებას. თუ მკურნალობის დაწყებიდან 3-4 კვირაში სიმპტომები არ შესუსტდა, ისევ მიაკითხეთ ექიმს. შესაძლოა, ანტიბიოტიკის მიღებაც დაგჭირდეთ.

ბურსიტის დროს რეკომენდებულია ფიზიოთერაპია, რომელიც კუნთების გამაგრებასა და სახსრის მოძრაობის არეალის გაზრდაში დაგეხმარებათ. ძალიან იშვიათად, როდესაც ეს საშუალებები არ ჭრის, ქირურგიას მიმართავენ.

პრევენცია

ბურსიტის თავიდან აცილება, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არის შესაძლებელი, თუმცა რამდენიმე წესის დაცვა მის რისკს ამცირებს:

* გამოიყენეთ ბალიში ან სხვა რბილი სადები, როდესაც სახსარი ხანგრძლივად ეხება მაგარ ზედაპირს. მაგალითად, მუხლმოყრილი დგომისას.

* სპორტს თუ მისდევთ, ეცადეთ, ერთი და იგივე მოძრაობები ზედიზედ არ შეასრულოთ.

* ვარჯის წინ აუცილებლად კარგად მოითელეთ.

* ვარჯიში დაიწყეთ ნელა, მსუბუქად, განსაკუთრებით – უცხო მოძრაობის შესრულებისას.

* დიდხანს ნუ იჯდებით.

* ხშირად შეისვენეთ, თუ ერთი და იმავე მოძრაობის დიდხანს შესრულება გიწევთ.

* ეცადეთ, ტანი ყოველთვის გამართულად გეკავოთ.

* შეინარჩუნეთ ჯანსაღი წონა.

* თუ რამე გეტკინათ, მოძრაობას ნუღარ გააგრძელებთ, მტკივანი ადგილი კი ექიმს აჩვენეთ.

მყესების ანთება – ტენდინიტი

მყესები მოქნილი ქსოვილის ზონრებია – დაბოლოებები, რომლებითაც კუნთები ძვლებს ემაგრება. ანთება ყველაზე ხშირად მხრის, იდაყვის, მაჯის, მუხლებისა და ქუსლების სახსრებში შემავალ მყესებს მოიცავს. ზოგიერთ ტენდინიტს თავისი სახელიც აქვს: ჩოგბურთელის იდაყვი, გოლფის მოთამაშის იდაყვი, პიტჩერის (მსროლელი ბეისბოლში) მხარი, მოცურავის მხარი, მოხტუნავის მუხლი.

სიმპტომები

ანთების სიმპტომები მყესისა და ძვლის შეერთების ადგილას ვლინდება. უმთავრესად ესენია:

* მუდმივი ყრუ ტკივილი, რომელიც ძლიერდება დაზიანებული სახსრის ან კიდურის ამოძრავებისას;

* ტკივილი შეხებისას;

* მსუბუქი შეშუპება.

სიმპტომების შემსუბუქება სახლის პირობებშიც შეიძლება, მაგრამ თუ ისინი გახანგრძლივდა ან ჩვეული აქტივობა რამდენიმე დღეში არ აღდგა, ექიმს უნდა მიმართოთ.

მიზეზები და რისკფაქტორები

ტენდინიტი შესაძლოა უეცარმა ტრავმამაც გამოიწვიოს, მაგრამ მისი მთავარი მიზეზი, წესისამებრ, ხშირი განმეორებითი მოძრაობაა, რომელიც ადამიანის საქმიანობას უკავშირდება, ამიტომ ყოველგვარი სპორტული მოძრაობა სწორი ტექნიკით უნდა შევასრულოთ.

ტენდინიტის განვითარების ალბათობას ზრდის:

* ასაკი – ასაკის მატებასთან ერთად მყესები ნაკლებად ელასტიკური ხდება და, შესაბამისად, ადვილადაც ზიანდება;

* საქმიანობა, რომელიც მოითხოვს განმეორებით მოძრაობებს, უხერხულ პოზიციებს, თავს ზევით ხელების ხშირ აწევას, ძალის გამოყენებას;

* სპორტი, განსაკუთრებით – კალათბურთი, ბოულინგი, ბეისბოლი, სირბილი, ცურვა, ჩოგბურთი.

მკურნალობა

ტენდინიტის დიაგნოზის დასმა მხოლოდ გასინჯვითაც შეიძლება, თუმცა შესაძლებელია ექიმმა გამოსახვითი გამოკვლევებიც დანიშნოს.

მკურნალობის მიზანია ტკივილის მოხსნა და ანთების შემცირება. ხშირად საკმარისია დასვენება, ყინულების დადება და ტკივილგამაყუჩებლების დალევა. ზოგჯერ კი საჭირო ხდება ანთების საწინააღდეგო მალამოს შეზელა, კორტიკოსტეროიდების შეყვანა მყესის ირგვლივ. ამ უკანასკნელის გამოყენება არაა რეკომენდებული სამ თვეზე ხანგრძლივად მიმდინარე ტენდინიტის შემთხვევაში, რადგან განმეორებითმა ინექციამ შესაძლებელია შეასუსტოს მყესი და მისი გაგლეჯა გამოიწვიოს.

მიმართავენ ფიზიოთერაპიას, სპეციალურ ვარჯიშებს კუნთების გასაჭიმად და გასაძლიერებლად. ხოლო როცა კონსერვატიული მკუნრალობა უშედეგოა, – ქირურგიულ ჩარევასაც.

RICE

საშინაო მკურნალობისთვის მოწოდებულია RICE ტექნიკა. RICE აბრევიატურაა (rest, ice, compression, elevation) და გულისხმობს:

* დასვენებას – ერიდეთ მოქმედებებს, რომელთა დროსაც იმატებს ტკივილი და შეშუპება. ერიდეთ მტკივან სახსარში მოძრაობას. ქსოვილის აღსადგენად აუცილებელია მოსვენება, მაგრამ არა წოლითი რეჟიმი. შეგიძლიათ, ისეთი მოძრაობები შეასრულოთ, რომლებიც დაზიანებულ მყესს არ დატვირთავს. ძალიან კარგია ცურვა.

* ყინულს – ამცირებს ტკივილს, კუნთების სპაზმს და შეშუპებას. მტკივან ადგილას ყინული დღეში რამდენჯერმე დაიდეთ მაქსიმუმ 20 წუთით. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ყინულიანი წყლის აბაზანა, ერთჯერადი ჭიქით გაყინული წყალი და სხვა.

* კომპრესიას – ვიდრე მყესის ირგვლივ ადგილი შეშუპებულია, სასაურველია, მჭიდროდ გადაიხვიოთ ელასტიკური ბინტით.

* აწევას – დაზიანებული სახსარი ზემოთ ასწიეთ, მუხლის სახსრის ტენდინიტის დროს –გულის დონეზე. ეს შეშუპებას შეამცირებს.

მართალია, დასვენება მკურნალობის გასაღებია, მაგრამ ხანგრძლივმა უმოძრაობამ შესაძლოა სახსარის შებოჭილობა გამოიწვიოს, ამიტომ რამდენიმედღიანი დასვენების შემდეგ სახსარი ფრთხილად აამოძრავეთ სრული დაიპაზონით.

რას ველოდოთ

სათანადო მკურნალობის გარეშე ტენდინიტის დროს იმატებს მყესის გაწყვეტის რისკი. ეს მდგომარეობა ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს. თუ მყესის გაღიზიანება რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე გაგრძელდა, შესაძლოა, განვითარდეს ტენდინოზი – მყესის დეგენერაციული გადაგვარება.

პრევენცია

ტენდინიტის განვითარების ალბათობა რომ შეამციროთ:

* ერიდეთ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც მყესს ძლიერ ტვირთავს. განსაკუთრებით – განმეორებითს. თუ რომელიმე მოძრაობა ან ვარჯიში ტკივილს გაყენებთ, შეჩერდით და შეისვენეთ.

* თუ რომელიმე აქტივობა მუდმივად ტკივილს გაყენებთ, სხვით შეცვალეთ. მაგალითად სირბილი – ცურვით ან ველოსიპედით.

* ყურადღება მიაქციეთ ტექნიკას – ვარჯიშის დროს გაითვალსწინეთ გამოცდილი ინსტრუქტორის მითითებები.

* გაიჭიმეთ – ვარჯიშის შემდეგ, როცა კუნთები გახურებულია, გაჭიმვითი ვარჯიშები შეასრულეთ. ეს გაზრდის სახსრების მოძრაობის დიაპაზონს და შეამცირებს ტრავმების ალბათობას.

* სამსახურში დაარეგულირეთ სკამი, კლავიატურა, ეკრანი თქვენი სიმაღლის, ხელის სიგრძის და სხვა მონაცემების შესაბამისად.

* გაიძლიერეთ კუნთები. ძლიერი კუნთები დატვირთვის სტრესს ადვილად უმკლავდება.

ამოვარდნილობა – სახსრის იძულებითი დისლოკაცია

ამოვარდნილობა სახსარში შემავალი ძვლების დაბოლოებათა ერთმანეთისგან დაცილებაა. მას უმეტესად დაცემა ან დარტყმა იწვევს, ამიტომ ხშირად ემართებათ კონტაქტური სპორტის მიმდევრებს. უმეტესად ვარდება მხრისა და თითის სახსრები, თუმცა შესაძლებელია კოჭის, მუხლის, ბარძაყის, იდაყვის, ყბის სახსრების ამოვარდნაც. ეს მტკივნეული ტრავმა მეყსეულად ცვლის სახსრის ფორმას და ზღუდავს მოძრაობას. ზოგიერთ სახსარს კი განმეორებითი ამოვარდნაც ახასიათებს.

ამოვარდნილობის რისკჯგუფში შედიან ფეხბურთელები, კალათბურთელები, ფრენბურთელები, ჰოკეისტები, მოთხილამურეები, ტანმოვარჯიშეები. ხშირია ამოვარდნილობა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, თუ სახსარმა ძლიერი დარტყმა მიიღო, წაქცევისას, თუ ადამიანი გაშლილ ხელზე დაეცა...

ზოგიერთ ადამიანს კი ამოვარდნილობისადმი გენეტიკური განწყობა აქვს, რაც იოგების სისუსტით ვლინდება.

როგორ ამოვიცნოთ

ამოვარდნილი სახსარი შესაძლოა იყოს:

* ფორმაშეცვლილი,

* შეშუპებული,

* გაფითრებული,

* ძლიერ მტკივნეული,

* უმოძრაო.

მოტეხილობისა და სახსრის ამოვარდნილობის ერთმანეთისგან გარჩევა საკმაოდ ძნელია, თუმცა ორივე შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მანამდე კი, თუ საშუალება გაქვთ, დაშავებულს უნდა დაადოთ ყინული, უზრუნველყოთ სახსრის იმობილიზაცია (უმოძრაობა). ნუ ეცდებით ამოვარდნილობის ჩასწორებას – შესაძლოა, დააზიანოთ სახსრის შემადგენლობაში შემავალი და მის ირგვლივ არსებული რბილი ქსოვილები: კუნთები, იოგები, ნერვები და სისხლძარღვები.

დიაგნოზი

ამოვარდნილობის დასადგენად სახსრის გასინჯვასთან ერთად შესაძლოა საჭირო გახდეს რენტგენი და მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა, შესაბამისად, ძვლოვანი სტრუქტურებისა და რბილი ქსოვილების შესაფასებლად.

რა გართულებას ველოდოთ

ამოვარდნილობამ შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების, იოგების ან მყესების გაგლეჯა, სახსარში ან მის გარშემო არსებული ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანება, ტრავმისადმი ან განმეორებითი ამოვარდნილობისადმი მიდრეკილება, ასაკის მატებასთან ერთად კი ართრიტის განვითარებაც დაზიანებულ სახსარში. იოგების, მყესების, სისხლძარღვების, ნერვების დაზიანებისას საჭიროა ქირურგიული მკურნალობა.

მკურნალობის პრინციპები

ამოვარდნილობის მკურნალობა დაზიანების ადგილსა და ხარისხზეა დამოკიდებული. მკურნალობის საშუალებებია:

* ამოვარდნილობის ჩასწორება – ექიმი რბილი მანევრების საშუალებით ძვლების საწყის პოზიციაში დაბრუნებას შეეცდება. მანიპულაციის ჩატარებამდე, ტკივილისა და შეშუპების ხარისხის გათვალისწინებით, შესაძლოა საჭირო გახდეს ადგილობრივი ან ზოგადი ანესთეზია.

* იმობილიზაცია – როგორც კი ძვლებს საწყის პოზიციას დაუბრუნებს, ექიმი მას ფიქსატორით დაამაგრებს და ასე დატოვებს რამდენიმე კვირა. რამდენ ხანს მოგიწევთ ფიქსატორის ტარება, სახსრისა და მისი მიმდებარე ქსოვილების დაზიანების ხარისხზეა დამოკიდებული.

* ოპერაცია – ტარდება, თუ ვერ მოხერხდა სახსრის საწყის პოზიციაში დაბრუნება ან დაზიანებულია სისხლძარღვები, ნერვები, იოგები. ზოგჯერ ოპერაციითვე მკურნალობენ განმეორებით ამოვარდნილობას, განსაკუთრებით – მხრისას.

* რეაბილიტაცია – მას შემდეგ, რაც სახსრის ამოძრავების უფლებას მოგცემენ, საჭიროა რეაბილიტაციის პორგრამის დაწყება სახსრის მოძრაობის დიაპაზონისა და ძალის აღსადგენად.

სახლში

* თავის ადგილას დაბრუნებულ ძვლებს მოფრთხილება სჭირდება. ნუ გაიმეორებთ მოძრაობას, რომელმაც ტრავმა გამოიწვია, მოერიდეთ სხვა მტკივნეულ მოძრაობებსაც.

* პირველი ორი დღის განმავლობაში ორ საათში ერთხელ 15-20 წუთით დაიდეთ ყინულიანი პაკეტი ან პირსახოცში გახვეული ყინული (პირადაპირ ყინული არ შეიძლება). 2-3 დღის შემდეგ, როცა ტკივილი და ანთება დაცხრება, დაიდეთ თბილი კომპრესები, რომ დაჭიმული, ანთებადი კუნთები მოდუნდეს. სათბურს ერთ ჯერზე 20 წუთზე მეტხანს ნუ გაიჩერებთ.

* ტკივილის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ მიიღოთ პარაცეტამოლი, იბუპროფენი ან ნაპროქსენი.

* ეცადეთ, დაიცვათ სახსრებში მოძრაობის დიაპაზონი. ექიმის რეკომენდაციით შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიში, თორემ სრული უმოძრაობა სახსრის შებოჭილობას გამოიწვევს.

პრევენცია

ამოვარდნილობა თავიდან რომ აიცილოთ, უპირველეს ყოვლისა, წაქცევას უნდა ერიდოთ. ამისთვის რეგულარულად შეიმოწმეთ მხდეველობა. გაარკვიეთ, თავბრუხვევას ხომ არ იწვევს თქვენი რომელიმე წამალი, სახლი კარგად გაანათეთ და შეამოწმეთ, იმ ადგილას, სადაც სიარული გიწევთ, ხომ არ არის ფეხის აცურების ან რამეზე წამოკვრის საშიშროება. თუ სპორტული თამაშები გიტაცებთ, დაიცავით უსაფრთხოების წესები, ატარეთ დამცავი აღჭურვილობა. მოუფრთხილდით ერთხელ უკვე ამოვარდნილ სახსარს, რადგან მეორედ უფრო ადგილად ამოვარდება. შეასრულეთ ექიმის ან ფიზოთერაპევტის მიერ რეკომენდებული ვარჯიშები.

 

როგორ გავუფრთხილდეთ სახსრებს

დროთა განმავლობაში ყველაფერი ცვდება. არც სახსრებია გამონაკლისი. ასაკის მატება, ტრავმები, სხეულის დიდი მასა ასუსტებს და აზიანებს მათ ხრტილებს, რაც საბოლოოდ სახსრის ნორმალური ფუნქციობის შეზღუდვის და ართრიტის მიზეზად იქცევა.

ამის თავიდან ასაცილებლად კეთილისმსურველები რჩევებს არ იშურებენ. სინამდვილეში სახსრების ჯანმრთელობის ანი და ჰოე კუნთების, იოგებისა და ძვლების სიმტკიცეა. ამისთვის კი შემდეგი რეკომენდაციები უნდა შეასრულოთ:

1. აკონტროლეთ წონა

ჯანსაღი წონის შენარჩუნება საუკეთესო რამაა, რაც სახსრებისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ. ჭარბი წონა ტვირთავს მუხლებს, მენჯ-ბარძაყს, ხერხემალს, ამიტომ ამ სახსრების დაზიანებას ხშირად უჩივიან ჭარბწონიანი ადამიანები. ყველანაირად ეცადეთ, სხეულის მასის ინდექსი ნორმის ფარგლებში შეინარჩუნოთ.

2. ივარჯიშეთ

ვარჯიშით ორ კურდღელს დაიჭერთ: ზედმეტ კილოგრამებსაც გაუმკლავდებით  (თუ ზედმეტი არ გაქვთ – ჯანსაღ წონას შეინარჩუნებთ) და შეშუპებულ სახსრებსაც დაიცხრობთ. რამდენიმე კვლევამ დაადასტურა, რომ აერობული ვარჯიში (ვარჯიში, რომელიც გულის აჩქარებას იწვევს, მაგალითად, სირბილი) სახსრების შეშუპებას ამცირებს. თუ სახსრები უკვე გაწუხებთ, ისეთი დატვირთვა შეარჩიეთ, რომლებიც მათ მეტისმეტად არ დატვირთავს, მაგალითად, ცურვა, ველოსიპედის მართვა.

დიდხანს ნუ იჯდებით. სკამებს მიჯაჭვულ ადამიანებს უფრო მეტად ემუქრებათ სახსრების ტკივილი. ნაკლები მოძრაობა სახსრების მეტ შებოჭილობას უდრის, ამიტომ ხშირად ადექით, გაიარ-გამოიარეთ და წაივარჯიშეთ. ჯდომისას ხშირად იცვალეთ პოზიცია, ტელეფონით საუბრისას ფეხზე ადექით.

3. დაიყენეთ კუნთები

ძლიერი კუნთები ამაგრებს სახსრებს. როცა კუნთოვანი ქსოვილი საკმარისი არ არის, სახსრები ყანყალებს, განსაკუთრებით – ხერხემლისა, მენჯ-ბარძაყისა და მუხლის. კუნთების მასის გასაზრდელად, კუნთებისა და იოგების სიმტკიცის მოსამატებლად ძალისმიერი ვარჯიშები უნდა შეასრულოთ, ოღონდ სწორად, ამიტომ კონსულტაცია ინსტრუქტორთან გაიარეთ.

4. გაიმაგრეთ ტანიც

შეასრულეთ ისეთი ვარჯიშებიც, რომლებიც გულმკერდის, ზურგისა და მუცლის კუნთებს გაგიმაგრებთ. შედეგად უფრო ადვილად დაიცავთ წონასწორობას და არ წაიქცევით.

5. დაადგინეთ საზღვრები

თუ ვარჯიშმა სახსარი გატკინათ, ინსტრუქტორთან შეთანხმებით აუცილებლად შეცვალეთ ეს ვარჯიში. მაგრამ ტკივილი არ აგერიოთ კუნთების ტკივილში, რომელიც ვარჯიშიდან რამდენიმე დღე, განსაკუთრებით – მეორე და მესამე, ჩვეულებრივი ამბავია.

6. იზრუნეთ ტანდეგობაზე

მოშვებული, მობრეცილი დგომა და ჯდომა სახსრებს არ უხდება. გამართული დგომისა და ჯდომის დროს იცავთ სახსრებს კისრიდან მუხლების ჩათვლით. ტანის სწორად დაჭერა მნიშვნელოვანია სიმძიმეების აწევისა და ტარების დროსაც. ზურგჩანთის სიმძიმე ორივე მხარზე თანაბრად უნდა იყოს განაწილებული. სიმძიმის აწევისას კი თქვენი დიდი კუნთები გამოიყენეთ – მოიდრიკეთ მუხლებში და არა წელში.

7. დაიცავით უსაფრთხოების წესები

რაც უნდა პროფესიონალად მიგაჩნდეთ თავი, თუ სახიფათო აქტივობაში მონაწილეობთ ან ხშირად გიწევთ მუხლებზე დადგომა თუ ჩაბუქვნა, აუცილებლად გამოიყენეთ შესაბამისი აღჭურვილობა: ჩაფხუტი, ღვედი, მუხლის, იდაყვის, მაჯის დამცავები. მათ გარეშე ველოსიპედის მართვა და გორგოლაჭებით სრიალიც კი არ შეიძება, რადგან ერთმა შემთხვევამ შესაძლოა სამუდამო კვალი დააჩნიოს თქვენს ცხოვრებას.

8. იმეგობრეთ ყინულთან

ყინული საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელი და შეშუპების დამცხრობია. თუ სახსარი აგტკივდათ, ყინული პირსახოცში გადაახვიეთ და 20 წუთით დაიდეთ მტკივან ადგილზე. არასოდეს დაიდოთ ყინული პირდაპირ კანზე! ყინულის მაგივრად შეიძლება საყინულეში არსებული გაყინული საკვების გამოყენება. 

9. იკვებეთ სწორად

ძვლების სიმტკიცისთვის ყოველდღე უნდა მიიღოთ კალციუმი. ჩართეთ ყოველდღიურ რაციონში რძე, მაწონი, ბროკოლი, ლეღვი, კალციუმით გამდიდრებული მზა პროდუქტები. თუ ექიმი საჭიროდ მიიჩნევს, ეს ელემენტი დანამატის სახითაც მიიღეთ.

ორგანიზმს საკვებიდან კალციუმის შესაწოვად D ვიტამინი სჭირდება. სასურველია, შეიმოწმოთ სისხლში მისი შემცველობა და საჭიროების შემთხვევაში დანამატის სახით ისიც მიიღოთ.

კუნთების მუშაობისთვის აუცილებელია ცილა. მისი მოთხოვნილება დამოკიდებულია ასაკზე, სქესსა და ცხოვრების წესზე. ცილის წყაროა ხორცი, ზღვის პროდუქტები, სოია, ლობიო და სხვა პარკოსნები, თხილეული. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, სახსრებს უხდება ჩ ვიტამინი და სხვა ანტიოქსიდანტებიც.

 მარი აშუღაშვილი

 

 

 

გააზიარე: