შავი ღრმული – დროა, იმოქმედო!

გააზიარე:


  კბილების მთავარი გასაჭირი ნადები და კარიესია. გულმოდგინე მოვლის შედეგად ნადების თავიდან აცილება, ასე თუ ისე, შესაძლებელია, თუმცა, სტომატოლოგების რეკომენდაციით, წელიწადში საშუალოდ ორჯერ კბილების პროფესიული წმენდა მაინც მოგიწევთ. რაც შეეხება კარიესს, წესითა და რიგით, არც ის უნდა განვითარდეს, თუ სტომატოლოგის ყველა რჩევას გულისყურით მოვეკიდებით, მაგრამ კაცნი ვართ, ხან ფლოსის – სპეციალური ძაფის – გამოყენება დაგვეზარება, ხან სიჩქარეში კბილებს საფუძვლიანად ვერ გავისუფთავებთ... ისეც ხდება, რომ ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებთ, მაგრამ პაწია შავი ღრმულები კბილებზე მაინც ჩნდება.
ასეთ დროს ჩვენ, რა თქმა უნდა, უძლურნი ვართ – სასწრაფოდ უნდა მივმართოთ სტომატოლოგს, რომელიც ღრმულს ოსტატურად და საიმედოდ ამოავსებს.
გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ექიმი სტომატოლოგი სოფიო საბანაძე.
– კბილის კარიესი ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა მსოფლიოში. ამ კუთხით ის მხოლოდ ჩვეულებრივ გაციებას თუ ჩამორჩება. დადგენილია, რომ მოსახლეობის 90%–ს ერთი კარიესული ღრუ მაინც აქვს.
კარიესისთვის დამახასიათებელია კბილის სტუქტურის გამოფიტვა, რაც, თავის მხრივ, კბილის ქსოვილის (მინანქრის, დენტინის) კალციფიცირებულ უჯრედებში მინერალების ნაკლებობითაა გამოწვეული.
კარიესის უშუალო მიზეზია საშიში სამკუთხედი: კბილის ბაქტერიული ნადები, შაქარი და ბაქტერიების მიერ შაქრის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი მჟავები, ხოლო ხელშეწყობი ფაქტორები – იმუნური სისტემის სისუსტე, ტკბილი და რაფინირებული საკვების ჭარბი მიღება, ვიტამინების (განსაკუთრებით – ცხიმში ხსნადის) და მინერალების ნაკლებობა.
გარდა ამისა, კარიესის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს ჰიგიენის უგულებელყოფას და ნახშირწყლებით მდიდარ რაციონს. თუ სათანადო ჰიგიენური პროცედურებით კბილის ზედაპირს ბაქტერიები არ მოვაცილეთ, ისინი წარმოქმნიან ნადებს და მჟავებს საკვების საშუალებით მიღებული ნახშირწყლების გადამუშავების გზით. სწორედ ეს მჟავები შლის მინანქარს და აჩენს კარიესულ ღრუს.
კარიესის განვითარების ალბათობას ზოგიერთ შემთხვევაში საგრძნობლად ზრდის სისტემური, გენეტიკური და გარემო ფაქტორები.
როგორ ვითარდება
– კარიესის საწყის სტადიაში კბილის მინანქარზე ჩნდება თეთრი ლაქა, რომელიც შესაძლოა ისე გაქრეს, რომ კბილი არც კი დააზიანოს. თუ პროცესი გაგრძელდა, მინანქარი იშლება და კბილში ღრუ ჩნდება. ასეთ დროს ტარდება მკურნალობა: სტომატოლოგი ამუშავებს კბილს, აცილებს მას კარიესით დაზიანებულ ქსოვილს და წარმოქმნილ ღრუს შესაბამისი მასალით ავსებს. დამუშავებული კბილის ღრუს ამოსავსებად სხვადასხვა ტიპის ბჟენს იყენებენ. თანამედროვე საბჟენი მასალები სხივგამყარებადია (ჰელიო), თუმცა სხვადასხვა ხარისხისა და შემადგენლობისაა. საბჟენი მასალა აღადგენს კბილის ქსოვილს და შემდგომი დაზიანებისგან იცავს. თუ ინფიცირებულია პულპა, საჭიროა კბილის არხების მკურნალობაც.
კბილის ქსოვილის აღდგენა ჩანართებით და ვინირებითაც შეიძლება. აქვე განვმარტოთ, რომ ვინირი ძირითადად წინა კბილებზე კეთდება და კოსმეტიკური თვალსაზრისით მეტად მომგებიანია. ის კერამიკისგან ან სხივგამყარებადი მასალისგან დამზადებული თხელი ფირფიტაა, რომელიც მჭიდროდ მაგრდება კბილის ზედაპირზე. ჩანართი კი განსაკუთრებით მოხერხებულია დიდი ზომის კარიესის შემთხვევაში. ის წინასწარ გამზადებული უკვე ფორმამიცემული, გამყარებული მასალაა, რომელიც მჭიდროდ ერგება და ემაგრება წინასწარ დამუშავებულ კარიესულ ღრუს.
როცა კბილის ქსოვილი ძლიერ არის დაზიანებული, კბილს ხელოვნური გვირგვინით ვფარავთ. თუ კბილი მეტისმეტად დაშლილია ან შეუძლებელია მისი განკურნება ენდოდონტიური მკურნალობის შემდეგ, გარდაუვალია ექსტრაქცია – კბილის ამოღება. მაგრამ აუცილებელია, ყველა დაკარგული კბილი რაც შეიძლება სწრაფად ჩავანაცვლოთ, რათა თავიდან ავიცილოთ კბილის უქონლობით გამოწვეული ზიანი.
–  რა ზიანს გულისხმობთ, რა მოხდება, თუ კარიესს არ ვუმკურნალეთ?
– მკურნალობის გარეშე კარიესული ღრუ გაღრმავდება და დააზიანებს მინანქრის ქვეშ მდებარე, ნაკლებად მყარ, მინერალური ნივთიერებებით შედარებით ღარიბ დენტინს. თუ არც ამჯერად ვიმკურნალეთ და დენტინის საკმაოდ სქელი ფენა დაზიანდა, მოხდება პულპის ინფიცირება. ამ შემთხვევაში საჭიროა უფრო რადიკალური ჩარევა, რომელიც გულისხმობს ენდოდონტიურ მკურნალობას ანუ მანიპულაციებს კბილის შიგნით – კბილის ღრუსა და არხებში.
პულპა დენტინის ქვეშ მდებარე რბილი ქსოვილია, რომელსაც ხალხში ნერვს ეძახიან. მის ანთებას თან ახლავს გაუსაძლისი ტკივილი. პულპა მხოლოდ ნერვისგან არ შედგება _ ის მოიცავს შემაერთებელ ქსოვილს, რომლის სისხლმომარაგებასა და ინერვაციას მრავალრიცხოვანი სისხლძარღვი და ნერვული დაბოლოება ახდენს. აქედან სხვადასხვა ზომის ლიმფური ძარღვებით გაედინება ლიმფა. პულპა კბილის კვებასა და ფუნქციობაშიც მონაწილეობს. განსაკუთრებით დიდია მისი როლი კბილის ჩამოყალიბებაში. ამასთან, ცოცხალი კბილი ყოველთვის სჯობს თუნდაც საუკეთესოდ ნამკურნალებ, “ნერვამოღებულ” კბილს.
თუ დიაგნოსტიკა და მკურნალობა უფრო მეტად დაგვიანდა, ჩამოყალიბდება კბილის აბსცესი – ჩირქგროვა ფესვის ირგვლივ მდებარე ქსოვილზე, აბსცესი ყბა–სახის სხვადასხვა მიდამოში, ფლეგმონა და პატარა კარიესულმა ღრუმ საბოლოოდ შესაძლოა კბილი დაგვაკარგვინოს. კბილის დაკარგვა კი სხვა გართულებებს იწვევს: ღეჭვის ფუნქცია იშლება, კბილები გადაადგილდება, ყბა–კბილთა სისტემა ირღვევა, შესაძლოა სახის სტრუქტურაც შეიცვალოს, გაჩნდეს ზედმეტი ნაოჭი. ამასთან, უკბილობა ადამიანს ასაკსაც მატებს.
– მედიცინის მიღწევების მიუხედავად, ზოგიერთს დღემდე აქვს შემორჩენილი სტომატოლოგთან ვიზიტის შიში. რამდენად უმტკივნეულოა კარიესის მკურნალობა?
– თანამედროვე სტომატოლოგიაში ტკივილის პრობლემა არ არსებობს. ზედაპირული ანესთეზია გვაძლევს საშუალებას, ნემსის ჩხვლეტაც კი უმტკივნეულო გავხადოთ. ზედაპირული ანესთეზიისთვის ანესთეტიკს იყენებენ აეროზოლის ან ჟელეს სახით. საანესთეზიო ჟელეს მარწყვის, ფორთოხლის ან მენთოლის სასიამოვნო გემო აქვს. საჭიროებისამებრ, სტომატოლოგმა შეიძლება გამოიყენოს ინფილტრაციული ანესთეზია, რომელიც აუტკივარებს რამდენიმე კბილს, ან რეგიონული ანესთეზია, რომელიც მოიცავს უფრო დიდ მონაკვეთს. ეს უკანასკნელი უფრო ხშირად გამოიყენება ქვედა ყბაზე. ანესთეზიისთვის იყენებენ სხვადასხვა ჯგუფისა და შემადგენლობის ადგილობრივ საშუალებებს. მათ ინდივიდუალურად, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით არჩევენ. განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ალერგია და გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიები. საეჭვო შემთხვევაში საჭიროა ალერგოლოგის ან თერაპევტის კონსულტაცია.
– რა შემთხვევაში ტარდება ალერგიული სინჯი და ვინ აკეთებს მას?
– სტომატოლოგმა აუცილებლად უნდა შეკრიბოს პაციენტის ალერგიული ანამნეზი, რათა გაიგოს, ხომ არ უჩივის ის ალერგიას საკვებზე ან მედიკამენტზე. საეჭვო ანამნეზის შემთხვევაში, მით უმეტეს _ თუ ადამიანი პირველად მოხვდა სტომატოლოგთან ან დიდი ხანია გასული მასთან უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ, ექიმი პაციენტს სინჯის ჩასატარებლად ალერგოლოგთან გზავნის.
– რა რეკომენდაციები ეძლევა ადამიანს კბილის დაბჟენის შემდეგ?
– თანამედროვე ბჟენები შეზღუდვას, ფაქტობრივად, არ ითხოვს. ჭამა სტომატოლოგის სავარძლიდან ადგომისთანავე შეიძლება, თუმცა წინა კბილების დაბჟენის შემთხვევაში სასურველია მეორე დღემდე ვერიდოთ ფერად საკვებსა და სასმელს (ყავას, მუქ ჩაის, წითელ ღვინოს, ჭარხლისა და სტაფილოს წვენს, ფერად ხილს, უალკოჰოლო გაზიან შეფერილ სასმელებს). 
– როგორ შეიძლება კარიესის თავიდან აცილება? 
– ცნობილია, რომ ჯანსაღ მინანქარს კარიესი ძნელად აზიანებს, ამიტომ ამ დაავადების პროფილაქტიკა მოიცავს:
1. პირის ღრუს ჰიგიენას – კბილების წმენდას დღეში ორჯერ, ყოველდღიურ ფლოსინგს (კბილებს შორის არსებული სივრცის სპეციალური ძაფით წმენდას), წყლის გამოვლებას ყოველი ჭამის შემდეგ, საღეჭი რეზინის ხმარებას (მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში – ხანგრძლივად ღეჭვა არც კბილებისთვის არის სასურველი და არც კუჭ–ნაწლავისთვის).
2. ფთორის მიღებას – ფთორი ელემენტია, რომლიც ხელს უშლის მინანქრის დესტრუქციას და ახდენს კბილის სტრუქტურის რემინერალიზაციას. ფთორის წყაროა კბილის პასტა, სავლები, ფთორირებული სასმელი წყალი და კვებითი დანამატები, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ელემენტის ჭარბი მიღება არათუ სასარგებლო არ არის, შესაძლოა, საზიანოც კი აღმოჩნდეს როგორც კბილებისთვის, ისე მთელი ორგანიზმისთვისაც;
3. სილანტების გამოყენებას ანუ ფისურების (კბილის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ჩანაჭდევების) ჩაბეჭდვას დენადი საბჟენი მასალით. ამ მეთოდს უმთავრესად კბილის ამოჭრისთანავე მიმართავენ, ასევე _ შემდეგაც, თუ კბილი კარიესით არ არის დაზიანებული;
4. სწორ კვებას – შაქრის დაბალი შემცველობის მქონე დიეტას, ცილებით, ნახშირწყლებითა და ცხიმებით დაბალანსებულ, კალციუმისა და ფოსფორის პროპორციული რაოდენობის და საჭირო მიკროელემენტების საკმაო დოზების შემცველ რაციონს. 
ასე რომ, ჯანსაღი კბილების შენარჩუნება სრულიადაც არ არის ძნელი. არსებობს მინანქრის დემინერალიზაციის დადგენისა და მკურნალობის ახალი ტექნოლოგიებიც. გახსოვდეთ, სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტი დაგეხმარებათ, საწყის სტადიაშივე დაისვას კბილის კარიესისა და სხვა დენტალური პრობლემების დიაგნოზი, კარიესის ადრეული დიაგნოსტიკა კი თავიდან აგაცილებთ კბილის შემდგომ დაზიანებას და ძვირად ღირებულ მკურნალობას.

გააზიარე: