ობის სოკო

გააზიარე:

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ობის სოკო მილიონობით წლის წინ გაჩნდა. ის თითქმის ყველგანაა და ზოგჯერ კვალსაც ტოვებს, მაგალითად, შავ ან თეთრ ლაქებს, თუმცა უმეტესად შეუმჩნეველია. ობის სოკოს შეუძლია, ახალთახალი ნივთი რამდენიმე კვირაში გამოუსადეგარი გახადოს, მაგრამ უფრო საინტერესოა, უქმნის თუ არა ის საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას.

სად შეიძლება შეგვხვდეს

ობის სოკო სპორებით მრავლდება. ის ღია ცის ქვეშაც იზრდება და შენობებშიც, თუმცა ყველაზე უკეთესად ნესტიან და თბილ ადგილებში გრძნობს თავს. სწრაფად მრავლდება სააბაზანოს კედლებსა და ჭერზე, ფარდებზე, ხალიჩებზე, რბილ ავეჯზე.

შენობებში უმეტესად ობის სოკოს რამდენიმე სახეობა გვხვდება: კლადოსპორიუმი, პენიცილიუმი, ალტერნარია და ასპერგილუსი. შედარებით იშვიათია შავი ობის სოკო, რომელიც ცელულოზის შემცველ ზედაპირებს (გალაქულ ავეჯს, შპალერს) ამჯობინებს.

როგორ ხვდება შენობაში

შენობაში ობის სოკო კარებიდან, ფანჯრებიდან, სავენტილაციო, გათბობისა და ჰაერის კონდიცირების სისტემებიდან ხვდება. შეიძლება, ადამიანის ტანსაცმელს ან შინაური ცხოველის ბეწვსაც მიეწებოს და ამ გზითაც მოხვდეს სახლში.

ობის სოკო მრავლდება სპორებით, რომლებიც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. სპორები ძალიან გამძლეა და ისეთ პირობებშიც კი ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს, სადაც თავად ობის სოკო ვერ ხარობს.

სპორები ჰაერის საშუალებით გადაადგილდება, ნესტიან ადგილას მოხვედრისას ზრდა–გამრავლებას იწყებს და აზიანებს ზედაპირს, რომელსაც ედება.

ობის სოკო უმეტესად სააბაზანოებსა და სარდაფებში გვხვდება, რადგან იქ ყველაზე მეტი ნესტია, თუმცა შესაძლოა, ნებისმიერ ადგილას გამრავლდეს, თუ ტენიანობა მაღალია, ჰაერი კი ცუდად მოძრაობს. მაგალითად, დახშულ ოთახში, კარადის უკან, წყალსადენი მილის გარშემო, ნიჟარის ქვემოთ. ხშირად შეუმჩნევლად მრავლდება ხალიჩის ქვეშ, შპალერის ან პანელის უკან. 

რა საფრთხეს უქადის ჯანმრთელობას

ობის სოკო სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვანაირად მოქმედებს: ზოგი მასზე მძიმედ რეაგირებს, ზოგი კი ვერც ამჩნევს მის არსებობას. ჯანმრთელობის პრობლემები უმთავრესად მათ ემუქრებათ, ვინც ალერგიას, სასუნთქი სისტემის დაავადებებს, იმუნური სისტემის სისუსტეს უჩივის.

ობის სოკოს ზოგიერთი სახეობა (მაგალითად, შავი ობის სოკო) წარმოქმნის მომწამლავ ნივთიერებებს – მიკოტოქსინებს, რომლებსაც კანისა და სასუნთქი გზების გაღიზიანება შეუძლია, თუმცა ყველაზე ხშირად ობის სოკოს მოქმედება მაინც ალერგიული რეაქციით ვლინდება. რეაქცია შეიძლება განვითარდეს როგორც კონტაქტისთანავე, ისე კონტაქტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ. სიმპტომები ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი სხვა წარმოშობის ალერგიის დროს: ცხვირის გაჭედვა, გამონადენი, ქავილი, თვალების ქავილი და ცრემლდენა, ყელის ფხაჭნის შეგრძნება, ცემინება, ხველა. თუ ადამიანს ასთმა აქვს, ობის სოკოსთან კონტაქტისას იმატებს ასთმური შეტევის რისკი. მძიმე რეაქციები – ცხელება, სუნთქვის გაძნელება – მოსალოდნელია მაშინ, როდესაც სამუშაო გარემოში დიდი რაოდენობითაა ობის სოკო (მაგალითად, ასეთი რამ შეიძლება დაემართოთ ობიან თივაზე მომუშავე ფერმერებს), ხოლო თუ ადამიანს აქვს სუსტი იმუნური სისტემა ან ფილტვების ქრონიკული დაავადება, შესაძლოა, საქმე ფილტვების მძიმე ინფექციამდე მივიდეს.

ობის სოკოს ერთ-ერთი სახეობა, ასპერგილუსი, იწვევს ინფექციურ დაავადება ასპერგილოზს.

ობის სოკოს შეუძლია, ხელი შეუწყოს სხვა მიკრობების, უპირველეს ყოვლისა, ბაქტერიების გამრავლებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ბრონქიტისა და სოკოვანი ინფექციის რისკს. გარდა ამისა, არსებობს მონაცემები, რომ ის იწვევს ალერგიულ ალვეოლიტს, სინუსიტს, ჰიპერმგრძნობიარე პნევმონიტს, უძილობას, ლორწოვანი გარსების გაღიზიანებას. აღწერილია ისეთი შემთხვევაც, როცა სახლში, რომელშიც ობის სოკო იყო მოდებული, ჯანმრთელ ადამიანს ზედა სასუნთქი გზების დაავადების მსგავსი ნიშნები გამოუვლინდა.

ზოგიერთი კვლევა კი საფუძველს იძლევა, ასთმისადმი გენეტიკურად განწყობილ ბავშვებთან ვივარაუდოთ კავშირი ობის სოკოსა და ასთმის განვითარებას შორის.

ასეა თუ ისე, წინასწარ ვერავინ იტყვის, რა ზიანს მიაყენებს ადამიანს სახლში ობის სოკოს არსებობა, რადგან ეს, ერთი მხრივ, ჯანმრთელობის ინდივიდუალურ მახასიათებლებზე, მეორე მხრივ კი სოკოს ტიპსა და გავრცელების ხარისხზეა დამოკიდებული.

სპეციფიკური ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ობის სოკოსთან ადამიანის კონტაქტს დაადასტურებს, არ არსებობს. მისი ალერგენული ზემოქმედების გამოსავლენად ზოგიერთი ექიმი ატარებს ალერგენულობის ტესტს, თუმცა მისი შედეგების საფუძველზე შეუძლებელია იმის თქმა, როდის და სად ჰქონდა ადამიანს ობის სოკოსთან შეხება.

ობის სოკოს მიმართ ალერგიას ისევე მკურნალობენ, როგორც სხვა ტიპის ალერგიებს. მათთან, ვისაც იმუნური სისტემა დასუსტებული აქვს, მთელ ორგანიზმში გავრცელებული სოკოვანი ინფექციები მოითხოვს სპეციფიკურ მკურნალობას სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით და სხვა დამხმარე საშუალებებით სტაციონარულ პირობებში. 

დაცვა და პრევენცია

იმისთვის, რომ შენობაში ობის სოკოს გამრავლებას ხელი შევუშალოთ, უპირველეს ყოვლისა, ტენიანობის კონტროლია საჭირო. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია სისუფთავე და კარგი ვენტილაციაც. მართალია, სპორების ბოლომდე მოსპობა შეუძლებელია, მაგრამ თუ გარემო ნესტიანი არ იქნება, ისინი ვერ გამრავლდებიან და, შესაბამისად, ვეღარც ჩვენს ჯანმრთელობას ავნებენ.

ამრიგად, სპეციალისტები გირჩევენ:

* შეინარჩუნოთ სახლში ოპტიმალური ტენიანობა – 30-დან 50 პროცენტამდე. ამაში ჰაერის კონდიციონერი და ტენიანობის მარეგულირებელი დაგეხმარებათ. შენობაში ჰაერის ტენიანობა და ტემპერატურა გარემოს ტენიანობისა და ტემპერატურის მიხედვით იცვლება, ამიტომ მისი შემოწმება დღეში რამდენჯერმეა რეკომენდებული.

* შეამოწმოთ, საკმარისად ნიავდება თუ არა სახლი. სააბაზანოსა და სამზარეულოში გამოიყენოთ ჰაერის გამწოვი. ერიდოთ ისეთ საქმიანობას, რომელიც შენობაში ტენიანობას ზრდის (მაგალითად, სარეცხის სახლში გაშრობას, ჯერ კიდევ ნესტიანი სარეცხის შენახვას).

* შეაკეთოთ ნებისმიერი მჟონავი წერტილი სახლის სახურავზე, სანტექნიკასა თუ  კედლებზე.

* არ დააგოთ ხალიჩა სააბაზანოში, სარდაფში და ისეთ ოთახებში, სადაც შესაძლოა უფრო მეტი ნესტი იყოს.

* დროდადრო დაცალოთ და გაანიაოთ ისეთი კარადები და სათავსები, რომლებსაც იშვიათად იყენებთ.

* რეგულარულად წმინდოთ ავეჯი (როგორც მაგარი, ისე რბილი ზედაპირები).

* სათანადოდ გაასუფთაოთ და გააშროთ ის ადგილი, სადაც წყალმა გამოჟონა და დაგროვდა.                

თუ ობის სოკო შენობაში მაინც გამრავლდა, ეს, უპირველეს ყოვლისა, წყლის სისტემის გაუმართაობაზე მიუთითებს. გაწმენდის პროცედურა სოკოს გავრცელების დონეზეა დამოკიდებული. დიდ ფართობზე გავრცელებისას შესაძლოა პროფესიონალის დახმარება დაგჭირდეთ. კედლები უნდა დამუშავდეს სარეცხი საშუალებითა და წყლით, მერე კი კარგად გაშრეს. სოკოთი დაზიანებული ფორებიანი და შემწოვი ქსოვილები – ხალიჩა, ტანსაცმელი – უმჯობესია გადაიყაროს. ზოგჯერ შედეგიანია ძლიერ განზავებული ქლორის შემცველი ან სხვა საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებით დამუშავება, ოღოდნ ამ დროს წყალგაუმტარი ხელთათმანები და დამცავი სათვალე არ უნდა დაგავიწყდეთ.

ობის სოკოზე მგრძნობიარე და ალერგიულმა ადამიანებმა სოკოსთვის ბრძოლის გამოცხადებამდე ექიმთან უნდა გაიარონ კონსულტაცია.                         

რომ არ გამეორდეს

ობის სოკოსგან შენობის გასუფთავების შემდეგ, მისი ხელახალი გამრავლების თავიდან ასაცილებლად, სოკოთი დაზიანებული ადგილები რაც შეიძლება მშრალად შეინარჩუნეთ.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: