უსაფრთხო მგზავრობა

გააზიარე:

ზუსტი სტატისტიკა არ გაგვაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ ცივილიზაციის გარიჟრაჟიდან დღემდე დაავადებებთან ერთად – და მათზე  არანაკლებ – უბედური შემთხვევებიც გვისწრაფავს სიცოცხლეს, სატრანსპორტო საშუალებებს კი ამაში განსაკუთრებული “წვლილი” შეაქვთ.
ძრავაზე მომუშავე საშუალებით გამოწვეული მსოფლიოში პირველი სატრანსპორტო შემთხვევა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა, 1869 წლის 31 აგვისტოთი 
თარიღდება: ირლანდიელი მეცნიერი მერი უორდი თავისი ბიძაშვილების ორთქლის მანქანიდან გადმოვარდა და გადაუარეს.
პირველი ავტოავარია, 1891 წლის ოჰაიოს შტატის ქალაქ ოჰაიოში რომ მოხდა, გაცილებით ნაკლებდრამატული იყო: ჯონ უილიამ ლამბერტი თავისივე დაპატენტებული ერთცილიანდრიანი ბენზინზე მომუშავე მანქანით ხის ფესვს წამოედო, მართვა დაკარგა და ბოძს შეეჯახა.
მსოფლიოს გზებზე ყოველწლიურად 1.3 მილიონი ადამიანი იღუპება, 20-დან 50 მილიონამდე სხვადასხვა სიმძიმის ტრავმას იღებს, 15-დან 44 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში კი დღესაც  პირველ ადგილზეა.

რა და როგორ დავთვალოთ
ტერმინებზე არათუ ქართული, საერთაშორისო ორგანიზაციებიც ვერ შეთანხმებულან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიღებულ ტრავმებს საგზაო მოძრაობის ტრავმებს (road traffic injury) უწოდებს, აშშ-ის ოფიციალური სტრუქტურებისთვის კი ძრავიანი სატრანსპორტო საშუალების საგზაო უბედური შემთხვევა უფრო მისაღებია.
ზოგიერთი ორგანიზაცია ბოლო წლებში ტერმინ უბედურ შემთხვევას თავს არიდებს. მათი აზრით, თუმცაღა მანქანების რაოდენობისა და მათ მიერ განვლილი მანძილის გათვალისწინებით, შეჯახება არც ისე ხშირია, გამომწვევი ფაქტორების გამოვლენა და მათზე ზემოქმედება ალბათობას საგრძნობლად შეამცირებს. ასე, მაგალითად : საგზაო ნიშნების თვალსაჩინო ადგილზე გამოკვრა და გზის დახაზვა ავტოკატასტროფის ალბათობას მესამედით და მეტითაც ამცირებს.
მეორე მხრივ, თუ საავტომობილო ავარიის უბედურ შემთხვევად კლასიფიცირებაზე უარი ვთქვით და დამნაშავის ძიება დავიწყეთ, მონაწილეებმა შესაძლოა ზოგი რამ დამალონ, ინფორმაციის ნაკლებობა კი უსაფრთხოებას ნამდვილად ვერ გაზრდის.
ცნება ავტოკატასტროფაში გარდაცვლილსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად განმარტავენ. ამერიკაში, მაგალითად, მსხვერპლად ითვლება ადამიანი, რომელიც დაიღუპა ამერიკის სახელმწიფო გზაზე მომხდარი ავარიიდან მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ მისი სიკვდილის მიზეზი ავტოკატასტროფა იყო. უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, თუ მძღოლს საჭესთან მიოკარდიუმის ინფარქტი დაემართა, ამის გამო ავარია მოუვიდა და დაიღუპა, ავტოკატასტროფის მსხვერპლად ითვლება, მაგრამ თუ ინფარქტმა სიკვდილი შეჯახებამდე გამოიწვია, გარდაცვლილი ამ კატეგორიაში აღარ მოხვდება.
საფრანგეთში 2005 წლამდე ავტოკატასტროფის მსხვერპლად ავარიიდან 6 დღის განმავლობაში დაღუპულ ადამიანს მიიჩნევდნენ, 2005 წლიდან კი ვადა 30 დღემდე გაზარდეს.

რაც უკვე დავითვალეთ
სხვადასხვა მონაცემებით, ავტოკატასტროფების 93% მთლიანად ან ნაწილობრივ მძღოლის შეცდომის, ინტოქსიკაციისა და სხვა ადამიანური ფაქტორების ბრალია.
რომელი ქვეყნის მძღოლები უფრო თავზე ხელაღებულები არიან, ჯერჯერობით ვერ დაადგინეს. თითქმის ყველა მძღოლი, ვისაც ეს კითხვა დაუსვეს, თავს ყველაზე მოწესრიგებულად მიიჩნევს. ერთ-ერთ ორგანიზაციას სპეციალური კვლევაც კი ჩაუტარებია ავტოავარიის მონაწილეებს შორის – როგორც მოსალოდნელი იყო, პრაქტიკულად ყველა მათგანმა უბედურ შემთხვევაში მეორე მანქანის მძღოლი დაადანაშაულა. კიდევ ერთი გამოკვლევის შედეგების საფუძველზე კი კარგი მძღოლის ძირითადი კრიტერიუმები ჩამოაყალიბეს:
- მანქანის კონტროლი, მათ შორის – მანქანის ზომისა და შესაძლებლობის ზუსტი ცოდნა;
- საგზაო პირობების, ამინდის, საგზაო ნიშნებისა და გარემოს შემჩნევა და სწრაფი რეაქცია;
- სიფხიზლე, სხვა მძღოლების ქცევის დანახვა და ამოცნობა.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ავტოავარიის ალბათობას ყოველთვის არ ამცირებს; თავდაჯერება არცთუ ისე საიმედო მრჩეველია, მით უმეტეს, გზებზე. 
იმავე სტატისტიკის მიხედვით, თურმე ირლანდიელი მძღოლები უფრო მეტად ღელავენ უსაფრთხოებაზე, თუმცა ეს ავტოშეჯახების ალბათობაზე გავლენას ვერ ახდენს.
ქვეყნებს რომ თავი დავანებოთ, ავარიების სიხშირე დემოგრაფიულ განსხვავებებსაც აფიქსირებს. ახალგაზრდებს რეაქციის სისწრაფე ბევრად უფრო უკეთესი აქვთ, მაგრამ ავარიაში არაპროპორციულად მეტი ახალგაზრდა ვაჟი ხვდება. მიზეზი, ბუნებრივია, რისკის სიყვარულია. ასაკოვანი მძღოლები, რომელთაც უფრო ნელი რეაქცია აქვთ, წესით, უფრო ხშირად უნდა ხვდებოდნენ ავარიაში, მაგრამ სტატისტიკა ამას არ ადასტურებს. ალბათ იმიტომ, რომ გზაზე ნაკლებ ხანს ატარებენ და უფრო ფრთხილადაც იქცევიან.
ამქვეყნად უამრავია ისეთი ადგილი, რომელიც სახიფათოდ გამოიყურება, მაგრამ ავარიები იშვიათად ხდება ან საერთოდ არ ხდება. სავარაუდოდ, მძღოლები მონაკვეთს სახიფათოდ აღიქვამენ და მეტ სიფრთხილეს იჩენენ. უბედური შემთხვევები უფრო მეტად ერთი შეხედვით ჩვეულებრივ უბნებზეა მოსალოდნელი.

ავტოპილოტი უპილოტოდ
მომდევნო გვერდებზე დაწვრილებით გაეცნობით, რა გავლენას ახდენს ავტოკატასტროფების ალბათობასა და შედეგების სიმძიმეზე მანქანის სიჩქარე, ფსიქოლოგიური განწყობა, უსაფრთხოების ღვედები...  აქ კი გვინდა, მოკლედ ვისაუბროთ იმ შემთხვევებზე, როცა ნებით თუ უნებლიეთ მძღოლი მართვაზე უარს ამბობს.
საჭის მართვა ისედაც მრავალკომპონენტიანი სამუშაოა: რამდენიმეცენტნერიანი მექანიზმის მაღალ სიჩქარეზე მართვა გიწევთ, ნავიგაციას ახდენთ ცვალებად რელიეფზე, ანგარიშობთ სიჩქარესა და მანძილს, რეაგირებთ ყველა სხვა მძღოლის საქციელსა და დაბრკოლებაზე... თუ ამ მიქსს კიდევ ერთი საქმიანობა დაემატა, მობილურზე საუბარი იქნება ეს, მგზავრთან კამათი თუ წახემსება, ამოცანა პრაქტიკულად გადაუჭრელი გახდება.
რეაქციის შენელებისა თუ წამიერი გათიშვის მიზეზად შეიძლება იქცეს:
- უძილობა;
- დაღლილობა;
- მხედველობის დაქვეითება;
- ხანდაზმული ასაკი.
კიდევ უფრო საშიშია ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, განურჩევლად იმისა, ლეგალური მედიკამენტი იქნება ეს, აკრძალული ნარკოტიკი თუ ალკოჰოლი. პირველ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაეცნოთ მედიკამენტის ინსტრუქციას და საჭის მართვაზე დროებით უარი თქვათ, ორ დანარჩენზე კი არაფერს ვიტყვით. საბედნიეროდ, გამკაცრებულმა კანონებმა გზებზე მდგომარეობა საგრძნობლად გამოასწორა.

*********

მსოფლიო სტატუსი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 2009 წელს უსაფრთხოების თვალსაზრისით 178 ქვეყნის გზები შეისწავლეს. სწორედ ამ ფართომასშტაბიან შეფასებას – Global Status Report on Road Safety – ეყრდნობა ჯანმოს მიერ დასახული სამოქმედო გეგმაც და ქვემოთ მოყვანილი ფაქტებიც.

გლობალური პრობლემა
ავტოსაგზაო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობის 90% მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე  მოდის, მაშინ როცა მსოფლიოს ამ ნაწილში სატრანსპორტო საშუალებათა მხოლოდ 48%-ია რეგისტრირებული.

გზის ყველაზე მოწყვლადი მომხმარებლები
ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლთა 46% ფეხითა და ველოსიპედით მოსიარულე, ორთვლიანი მოტორიზებული მანქანის მძღოლი და მათი მგზავრია. განვითარებად ქვეყნებში ეს მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოებში.

სიჩქარე
სიჩქარის კონტროლი მნიშვნელოვანი საშუალებაა ავტოსაგზაო ტრავმების შესამცირებლად, განსაკუთრებით – ფეხით მოსიარულეთა, ველოსიპედისტთა და მოტოციკლისტთა შორის. სათანადო ღონისძიებებს, მაგალითად, საქალაქო დასახლებებში სიჩქარის შეზღუდვას, მსოფლიოს ქვეყნების მესამედზე ნაკლები მიმართავს.

ნასვამი მძღოლი
ალკოჰოლური თრობის დროს საჭის მართვა საგრძნობლად ზრდის ისეთი შეჯახების ალბათობას, რომელიც სიკვდილს ან მძიმე ტრავმას გამოიწვევს. ჯანმო ზრდასრული მძღოლებისთვის სისხლში ალკოჰოლის მაქსიმალურ დასაშვებ კონცენტრაციად 0.05გ/დლ-ს მიიჩნევს, ასეთი ზღვარი კი მსოფლიოს ქვეყნების ნახევარსაც არ აქვს დაწესებული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მსოფლიოს ქვეყნების ნახევარზე მეტს მსუბუქი სიმთვრალის დროს მანქანის მართვა... უსაფრთხოდ მიაჩნია. შედეგს კი სავალალო სტატისტიკით იმკის.

ჩაფხუტის გამოყენება
ხარისხიანი ჩაფხუტი ავტო (უფრო სწორად, მოტო) ავარიის დროს სიკვდილის ალბათობას თითქმის 40%-ით ამცირებს, მძიმე ტრავმის ალბათობას კი 70%-ზე მეტით. სამწუხაროდ, მსოფლიოს ქვეყნების მხოლოდ 40%-ში მოითხოვენ, რომ მოტოციკლისტსაც და მის თანამგზავრსაც ჩაფხუტი ეხუროთ და ამ უკანასკნელისთვის სპეციალური ნორმებიც აქვთ დაწესებული.

ღვედები
ღვედის გადაჭერა წინა სავარძლებზე მსხდომთათვის უბედური შემთხვევის დროს სიკვდილის რისკს 40-65%-ით ამცირებს, უკანა სავარძლებზე  მსხდომთათვის კი 25-75%-ით. მსოფლიოს ქვეყნების მხოლოდ 57% მოითხოვს, ღვედები როგორც წინა, ისე უკანა სავარძლის მგზავრებსაც ჰქონდეთ შეკრული.

ბავშვები მანქანაში
ასაკის შესაბამისი სპეციალური მოწყობილობები ავარიის შემთხვევაში ბავშვთა სიკვდილიანობას და მძიმე ტრავმის ალბათობას 54-80%-ით ამცირებს, თუმცა შესაბამისი კანონი კი ქვეყნების ნახევარსაც არ მიუღია.

პირველი დახმარება
დროულ, ხარისხიან პირველ სამედიცინო დახმარებას ავტოსაგზაო შემთხვევების დროს მრავალი ადამიანის გადარჩენა შეუძლია. ქვეყნების 76%-ს აქვს ჰოსპიტლამდელი დახმარების სისტემა, თუმცა ზოგს – კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული, ზოგს კი შემთხვევითი მოწმეების აქტივობაზე დამყარებული. მსოფლიოში 90-მდე სატელეფონო ნომერია, რომლებიც ერთ საყოველთაო ანდა რამდენიმე რეგიონულ ნომრამდე უნდა შემცირდეს. ასე სასწრაფო დახმარების გამოძახება ბევრად უფრო გაადვილდება.

პროგრესის პოტენციალი
ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან აცილება შესაძლებელია. რამდენიმე ქვეყანამ, ძირითადად – განვითარებულ მსოფლიოში, ბოლო რამდენიმე დეკადის მანძილზე ავტოსაგზაო სიკვდილიანობის მნიშვნელოვან შემცირებას მიაღწია. მარტივი ზომებით მაჩვენებლის კიდევ უფრო შემცირება შეიძლება.
უკანასკნელი 20-30 წლის განმავლობაში ავტოკატასტროფებით გამოწვეულმა საერთო სიკვდილიანობამ იმატა. სამაგიეროდ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში სიტუაცია კარდინალურად განსხვავებულია. მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნების – ჩრდილოეთ ამერიკის, დასავლეთ ევროპისა და იაპონიის – გზებზე 1980-დან 2000 წლამდე სიკვდილიანობა 20%-ით შემცირდა. ამის საპირისპიროდ, მცირე და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 50-100%-ით გაიზარდა.

სწორედ ახლა უნდა ვიმოქმედოთ
სიკვდილიანობის მიზეზებს შორის ავტოსაგზაო შემთხვევებს დღეს მე-9 ადგილი უჭირავს. სტატისტიკა საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ტენდენცია გაგრძელდება და 2020 წლისთვის ავტოკატასტროფებით გამოწვეული სიკვდილიანობა საშუალო და მცირე შემოსავლის მქონე ქვეყნებში 83%-ით გაიზრდება, მაღალი შემოსავლის ქვეყნებში კი 27%-ით შემცირდება, ამ ციფრების საშუალო არითმეტიკული კი იმაზე მიუთითებს, რომ მსოფლიოში ავტოავარიის შედეგად სიკვდილიანობის 76%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. 2030 წლისთვის საგზაო კატასტროფები სიკვდილიანობის მიზეზთა რეიტინგის მეხუთე ადგილზე გადაინაცვლებს და ყოველწლიურად 2.4 მილიონ სიცოცხლეს შეიწირავს.


აღმოაჩინე აგრესორი შენსავე თავში
რომელ ჩვენგანს სურს, ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლოს, მაგრამ თურმე მძღოლის ფსიქოტიპი ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ყოფილა შემთხვევის ალბათობის გაზრდისა თუ შემცირებისთვის. აგრესიული  მართვა სახიფათო ქცევაა, რომელიც საფრთხეს უქმნის თქვენსავე თუ სხვის ჯანმრთელობასა და საკუთრებას. ამ საკითხზე თურმე ტომებია დაწერილი, ამერიკის ავტომომოტორისტთა ასოციაციის გზების უსაფრთხოების ფონდმა კი აგრესიული მძღოლების გამოსავლენად სპეციალური ტესტი შეიმუშავა. ამ ტესტსაც და საკუთარ თავთან სამუშაო სავარჯიშოებსაც აქვე გთავაზობთ.
თითოეულ კითხვას პასუხის ოთხი ვარიანტი აქვს: ყოველთვის, ხშირად, ხანდახან და არასოდეს. პირველ შემთხვევაში 3 ქულა დაიწერეთ, მეორეში – 2, მესამეში – 1, ხოლო მეოთხეში – 0. თითოეული კატეგორიისთვის ქულების ჯამი ცალკე გამოიყვანეთ.

ბრაზი
1. ნერვებს გიშლიან სხვა მძღოლები.
2. ნერვები გეშლებათ, როცა სხვა მანქანები ჩქარა დადიან.
3. ნერვები გეშლებათ, როცა სხვა მანქანები ნელა დადიან.
4. ბრაზობთ, როცა გისწრებენ.
5. ბრაზობთ, როცა შუქნიშანი გაფუჭებულია.
6. ბრაზობთ, როცა საცობში ხვდებით.
7. მეუღლე ან მეგობარი გთხოვთ, დაწყნარდეთ.
8. ნერვები გეშლებათ, როცა ვინმე კუდში მოგყვებათ.
9. გაბრაზებენ თქვენივე მგზავრები.
10. ბრაზობთ, როცა მრავალზოლიანი შარაგზა ვიწროვდება.

მოუთმენლობა
1. მგზავრები თქვენს მანქანაში ჩასხდომას მეტისმეტად დიდხანს უნდებიან.
2. ძრავის გათბობასაც მეტისმეტად დიდი ხანი სჭირდება.
3. შუქნიშანი წითელს თქვენ უფრო მეტხანს გინთებთ.
4. ნებისმიერი რიგი უსაშველოდ იწელება.
5. ვერ ითმენთ, სანამ მანქანის დასაყენებელ ადგილს იპოვიდეთ.
6. თუ საჭეს თქვენ არ უზიხართ, ერთი სული გაქვთ, მძღოლს საჭე ხელიდან გამოგლიჯოთ ან მანქანის მართვის შესახებ ლექცია მაინც წაუკითხოთ.
7. ვერ მოგითმენიათ, როცა წინ მიმავალი მანქანა სიჩქარის შემცირებას იწყებს.
8. ნერვები გეშლებათ, როცა მგზავრობისთვის დაგეგმილზე მეტი ხანი გეხარჯებათ.
9. ნერვებს გიშლით განაპირა, ნელ ზოლში მოძრაობა.
10. ფეხით მოსიარულენი გზის გადაკვეთას უსაშველოდ დიდ ხანს ანდომებენ.

შეჯიბრება
1. შარაგზას შეჯიბრების ადგილად აქცევთ.
2. ეჯიბრებით საკუთარ თავს (რამდენად ჩქარა დაფარავთ ერთსა და იმავე მარშრუტს).
3. ეჯიბრებით სხვა მძღოლებს.
4. სხვა მძღოლებს შეჯიბრებაში იწვევთ.
5. გასწრება სიხარულს განიჭებთ.
6. ქორწილში ცდილობთ, მეფე-პატარძლის მანქანის შემდეგ პირველი თქვენ იყოთ.
7. ეჯიბრებით სხვებს საცობიდან თავის დაღწევაში.
8. ეჯიბრებით მანქანებს შუქნიშნიდან შუქნიშნამდე მისვლაში.
9. იღებთ გამოწვევას, როცა სხვა მძღოლი გეჯიბრებათ.
10. ხანდახან გასწრობანას მხოლოდ მოწყენილობის გასაფანტად თამაშობთ.

დასჯა
1. “სჯით” ცუდ მძღოლებს.
2. თქვენს მგზავრებთან ჩივით სხვა მძღოლების შეცდომებზე.
3. სხვა მძღოლების ახლო ნათესავებს იხსენიებთ.
4. მათდამი თქვენს დამოკიდებულებას საკმაოდ გასაგები ჟესტებით გამოხატავთ.
5. გზას უღობავთ, როცა ცდილობენ გაგისწრონ.
6. გზას უღობავთ, როცა ზოლიდან ზოლში გადასვლას ცდილობენ.
7. სხვა მანქანას კუდში მისდევთ.
8. მდევრის დასასჯელად ერთბაშად და გაუფრთხილებლად ამუხრუჭებთ.
9. ცუდი მძღოლის დასასჯელად საყვირს იყენებთ.
10. ცდილობთ, მანქანა გააჩეროთ და მყუდროების დამრღვევს საქმე პირისპირ გაურჩიოთ.
ნებისმიერ კატეგორიაში 0-4 ქულა დაბალ რისკს შეესაბამება, 5-9 – საშუალოს, 10-30 – მაღალს. თუმცა დამოკიდებულების შეცვლა შესაძლებელია, რისთვისაც ამერიკელი ექსპერტები მზა რჩევებს გვთავაზობენ.

დავამარცხოთ ბრაზი
ზოგჯერ შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ თუ თავგასულ მძღოლს თავისას გავატანინებთ, საკუთარი თავის პატივისცემას დავკარგავთ. თუ მერრე საჭესთან მყოფმაც იგივე იგრძნო, ადვილი შესაძლებელია, იგივე დაგემართოთ, რაც ვიწრო ხიდზე შეხვედრილ ორ ჯიუტ თხას. ყოველი თავხედი და უზრდელი, ბუნებრივია, ბრაზს უფრო და უფრო მეტად გაგვიღვივებს.
მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევას მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ უხეშობის ნაცვლად ყურადღებას სასიამოვნო ფაქტებზე გავამახვილებთ. დამშვიდდით, მოეშვით, სასიამოვნო (და აუცილებლად მშვიდ) მუსიკას მოუსმინეთ და მგზავრებს საინტერესო თემებზე ესაუბრეთ. მნიშვნელობა არ აქვს, საჭესთან რამდენიმე წუთს ატარებთ თუ მრავალ საათს, ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორისკენ მიემართებით თუ სამსახურისკენ მიმავალ ერთსა და იმავე გზას მეათასედ გადიხართ, – ნუ იფიქრებთ, რომ გზაში გატარებული დრო დაკარგულია; ეცადეთ, ეს დრო სასიამოვნოდ და აზრიანად გაატაროთ.
რომ არ დაგაგვიანდეთ, შინიდან მგზავრობისთვის საჭირო დროზე ათიოდე წუთით ადრე გადით. ამ შემთხვევაში საცობები ნერვებს ისე აღარ მოგიშლით. ისიც გახსოვდეთ, რომ ვინც ეძებს, პოულობს, ამიტომ თუ გზაზე ბრაზის გადმოსანთხევად დამნაშავეების ძებნა დაიწყეთ, აუცილებლად იპოვით.
საზეპირო
 . თუ ცდილობენ, რომ რბოლაში გამოგიწვიონ, ეცადეთ, თქვენი რეაქცია ასეთი იყოს: “მიბრძანდი, ბატონო!”
. ნაცვლად იმისა, რომ საუკეთესო დრო აჩვენოთ, ეცადეთ, ეს დრო საუკეთესოდ გაატაროთ.
. თუ სხვა მძღოლისთვის საკადრისის მიზღვის სურვილი გაგიჩნდათ, იფიქრეთ: “ჩავჯდებოდი კი იმ თვითმფრინავში, რომლის პილოტიც ჩემსავით იქცევა?”
. სხვა მძღოლების განსჯის ნაცვლად სცადეთ წარმოიდგინოთ, რატომ იქცევიან ასე.

მოთმინება, მოთმინება, თავადო!
თუ მოუთმენლობისგან გული ყელში გებჯინებათ, ეჭვის უფლება სხვა მძღოლებსაც დაუტოვეთ და ზუსტად ისე მოიქეცით, როგორც თქვენ გინდათ მოგექცნენ. ეს თქვენს მანქანაში უკეთეს ატმოსფეროს შექმნის.
თუ გზას თანამშრომლობისა და შეთანხმების განწყობით შევუდგებით, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნება და ეს ბევრად უფრო საიმედო მძღოლად გაქცევთ.
თუ გეჩვენებათ, რომ წინ მიმავალი მანქანა მეტისმეტად ნელა მოძრაობს, გასწრება კი შეუძლებელია, თავი მოთოკეთ და თქვენს მანქანებს შორის დისტანცია კი არ შეამოკლოთ, გაზარდეთ. თუ წინა მანქანა რაიმე მოულოდნელს ჩაიდენს, რეაგირებისთვის დრო გექნებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ უბედური შემთხვევის ალბათობას გაზრდით.
საზეპირო:
 . ნუ ბრაზობთ, როცა ვინმე სიჩქარის ლიმიტს იცავს – ეს უბრალოდ კანონია და ზოგიერთი მას პატივს სცემს.
. თქვენსა და წინა მანქანას შორის მინიმუმ ორწამიანი დისტანცია დაიცავით.
. გზაში თავი მასპინძლად იგრძენით, ამიტომაც თუ სხვა გზას გიჭრით, როგორც სტუმარი გაატარეთ.

რა დროს ჯიბრია?!
ცხოვრება შეჯიბრებისა და თამაშის უამრავ შანსს გვაძლევს, მაგრამ გზატკეცილი ერთ-ერთი მათგანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახდეს. ვინ იცის, იქნებ ჩვენი ქვეცნობიერი ასფალტს მართლაც ჯუნგლებად აღიქვამს და ჩვენში პირველყოფილ ველურს აღვიძებს. ასეა თუ ისე, მთავარი იმპულსი, რომელიც გზატკეცილზე აგრესიასა და შეჯიბრების სურვილს იწვევს, ჩვენსავე თავშია.
 სცადეთ, გზისადმი დამოკიდებულება შეცვალოთ და მგზავრობა უფრო სასიამოვნო გახადოთ. თუ მაინცდამაინც თამაში გინდათ, იქნებ ყველაზე თავაზიანი მძღოლის ნომინაციაში გამარჯვებისთვის იბრძოლოთ.
როცა სიჩქარეს უმატებთ და სხვა მძღოლებს უკან იტოვებთ, – თამაშის გამო, რომელსაც მარტო თამაშობთ! – საკუთარ თავს ჰკითხეთ: “სისულელე არ იქნება ამის გამო სიკვდილი?!” სამანქანო გზა თამაშისთვის ყველაზე შეუფერებელი ადგილია.
საზეპირო:
- რაც მეტი სიჩქარით მგზავრობთ, ნაკლები დრო დაგრჩებათ გარემო დაათვალიეროთ;
- თანამგზავრებთან საუბრით და ურთიერთობით ისიამოვნეთ; თუ გასწრებასა და შეჯიბრებაზე იფიქრეთ, ამას ვეღარ მოახერხებთ;
- იმის ნაცვლად რომ მოგებაზე იფიქროთ, გაითავისეთ რომ ყველაზე მთავარი შინ (ან იქ სადაც მიდიხართ) მშვიდობით მისვლაა;
- მგზავრობისთვის მეტი დრო გამოყავით. გაგიკვირდებათ სულ ორიოდე ზედმეტი წუთი, რამდენად მშვიდად გაგრძნობინებთ თავს.

რა სეირს ვაჩვენებთ
თავხედი მძღოლებისთვის ჭკუის სწავლებას იშვიათად მოაქვს სასურველი შედეგი სწავლების ობიექტისთვის, პირადად თქვენთვის და, მით უმეტეს, თქვენი მგზავრებისთვის. ეს პატრულის საქმეა და არა თქვენი. მოსამართლის მანტიის მორგებითა და წესრიგის დამყარების მცდელობით სიტუაციას მხოლოდ და მხოლოდ გაამწვავებთ და საკუთარ თავსაც და თქვენს მგზავრებსაც საფრთხეს შეუქმნით.
სხვა თვალით შეხედეთ სხვების შეცდომებს. გახსოვდეთ, რომ მათ სულაც არ სურთ, განზრახ გავნონ და საფრთხე შეგიქმნან. უბრალოდ, დაიღალნენ, გონება გაეფანტათ ან დაავიწყდათ.
როცა წესრიგს ის ამყარებს, ვისაც ამის უფლება არ აქვს, ძნელი წარმოსადგენია, მეორე მხარემ ეს დამსახურებულ სასჯელად მიიღოს; სავარაუდოდ, იფიქრებს, რომ ცხვირს სხვის საქმეში ყოფთ.
შორეულ ამერიკაში აგრესიული მძღოლების სამხილებლად პატრულს მობილურის სპეციალურ ნომრები აქვს გამოცხადებული. როცა ჩვენში უმეტესობა წესების დაცვას დაიწყებს და გზებზე წესრიგი დამყარდება, იქნებ ეს პრაქტიკა ჩვენმა პატრულმაც გადმოიღოს...
საზეპირო
 . დასჯის მცდელობა სხვა მძღოლებს უფრო მეტად გააბრაზებს.
. თუ სხვა მძღოლი ჩხუბს იწყებს, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ დახმარება. არც მანქანიდან გადახვიდეთ და არც სახლში წახვიდეთ.
. გახსოვდეთ, რომ უშეცდომო არც თქვენ ხართ, ამიტომ სხვის შეცდომებზე ფიქრს სჯობს, ეს დრო საკუთარ თავსა და საკუთარ გზას მოახმაროთ.


სიჩქარე პირველი და გადამწყვეტი
ავტოტრანსპორტის გამოგონებისა თუ გამოყენების მთავარი კოზირი სამგზავროდ დახარჯული დროის შემოკლებაა. დროს რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ სასიამოვნოა, როცა ქარივით მიქრი, სიჩქარეს გრძნობ, რკინის რაში კი თვალის დახამხამებაში ასრულებს შენს ყოველ მითითებას. მაგრამ ფაქტს ვერსად  გავექცევით: თუ უსაფრთხო მოძრაობა გვინდა, მოგვიწევს ავტომობილს თუ არა, სიჩქარეს მაინც შეველიოთ. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები. თუმცა ეს უკანასკნელნი არც მზამზარეულ რეცეპტებს იძლევიან და არც უნივერსალური ნებადართული სიჩქარის დაწესებას ითხოვენ. ამ ლოგიკით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობას ნულამდე დავიყვანთ, თუ კაცობრიობა საერთოდ უარს იტყვის… ავტომობილზე.

ფიზიკურ-ფიზიოლოგიური აქსიომები
სიჩქარე საგზაო ტრავმატიზმის გადამწყვეტი რისკფაქტორია – გავლენას ახდენს როგორც მის ალბათობაზე, ისე გამოწვეული ტრავმების სიმძიმეზეც. რაც უფრო მეტი სიჩქარით მოძრაობს ტრანსპორტი, მეტია ალბათობა, რომ ავარია მოხდება და მძღოლი ან მგზავრი მძიმედ დაშავდებიან. მიზეზი, არც მეტი, არ ნაკლები, ფიზიოლოგიისა და ფიზიკის კანონებია: დრო ჩვენც გვჭირდება, რომ საპასუხო რეაქცია მოვიფიქროთ და განვახორციელოთ და მანქანასაც, ინერცია რომ დაძლიოს და, ვთქვათ, დამუხრუჭებისას გაჩერდეს.
რეაქციისთვის მოკვდავთა უმრავლესობას 1.5-დან 4 წამამდე დრო სჭირდება. გაიხსენეთ სკოლაში ნასწავლი სიჩქარისა და მანძილის ურთიერთმიმართება და თუ გსურთ, თავად გამოიანგარიშეთ, რამდენ მეტრს უდრის ეს წამები გზაზე. ამას კი მუხრუჭზე ფეხის დადგმიდან მანქანის გაჩერებამდე გასული დროც უნდა დავუმატოთ. თუმცა ანგარიშისთვის დრო რომ არ დავკარგოთ, უკვე სხვების გამოთვლილ-დაზუსტებულს მოგაწვდით, თქვენ კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ მანქანიდან 13-იოდე მეტრზე გზაზე ბავშვმა გადაირბინა. 30კმ/სთ-ით მოძრავი მანქანა, როგორც ხედავთ, გაჩერებას ასწრებს, 50 კმ/სთ-ით მოძრავი კი რეაქციის დროს უკვე 14 მეტრს გადის. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ სიჩქარე მძღოლის შეცდომის შედეგებსაც რამდენჯერმე ამძიმებს.
ექსპერტები ერთხმად აღიარებენ, რომ ადამიანის ქცევის პროგნოზირება გზების ურთულეს სინამდვილეში უბრალოდ არარეალურია და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება ვერ მოხერხდება, ამიტომ გზების დაგეგმარებისას სხეულის ამტანობაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი. ამ შემთხვევაში მრავალ ადამიანს ვიხსნით სიკვდილისა და ინვალიდობისგან.
მეცნიერთა დასკვნით, ტრავმა ენერგიის ურთიერთმიმოცვლის შედეგია. შეჯახებისას ადამიანის სხეული ენერგიას იძენს და ეს ენერგია აზიანებს მის უჯრედებს, ქსოვილებს, სისხლძარღვებსა და ორგანოებს. როცა ავარიისას წინა სავარძლის მგზავრის თავი საქარე მინას ან საჭეს ურტყამს, ეს კინეტიკური ენერგიის გავლენით ხდება. განურჩევლად იმისა, კინეტიკური ენერგიის წარმოქმნას ავტომობილის შეჯახება იწვევს, გასროლილი ტყვია თუ დაცემა, ძალა, რომელიც მსხვერპლის ორგანიზმზე მოქმედებს, სიჩქარისა და მასის ნამრავლის პროპორციულია. შთასანთქმელი კინეტიკური ენერგია უდრის მასის  ნახევრისა და სიჩქარის კვადრატის ნამრავლს. მიყენებული ზიანი დამოკიდებული იქნება შეჯახებული საგნისა თუ ზედაპირის ფორმასა და დრეკადობის უნარზე, მაგრამ, როგორც ფორმულიდან ჩანს, ყველაზე კრიტიკულ როლს სიჩქარე ასრულებს.
როცა მანქანა ფეხით მოსიარულეს, ველოსიპედისტს ან მოტოტრანსპორტის მძღოლს ეჯახება, ბუნებრივია, ამ უკანასკნელს მძიმე ან საბედისწერო ტრავმის მიღების მეტი საფრთხე ემუქრება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა სპეციალური გრაფიკიც შეადგინეს, რომელიც ავტოტრანსპორტის სიჩქარის მიხედვით შეჯახებისას ფეხით მოსიარულის ფატალური ტრავმის ალბათობას ასახავს.
მძიმე და საბედისწერო ტრავმებს მანქანის რომელიმე ნაწილის ისეთი ზეწოლა ან აჩქარება იწვევს, რომლის ატანა ადამიანის სხეულს არ ძალუძს. როგორც ხედავთ, ამის ალბათობა დრამატულად იზრდება, როცა მანქანის სიჩქარე 30კმ/სთ-ს აჭარბებს. 50კმ/სთ-ზე ხუთიდან ერთ ადამიანსაც არ რჩება გადარჩენის შანსი. მანქანაში მსხდომებს გაცილებით უკეთესად აქვთ საქმე, თუ ეს უკანასკნელი კარგად არის დაპროექტებული და უსაფრთხოების ღვედიც ყველას უკეთია. ამ შემთხვევაში, თუ სიჩქარე 70 კმ/სთ ან ნაკლებია, წინიდან შეჯახებას, სავარაუდოდ, ყველა გაუძლებს, გვერდიდან შეჯახებისთვის კი სიჩქარე 50კმ/სთ ან ნაკლები უნდა იყოს.

კანონი და კანონმორჩილები
ზემოთქმულიდან შთაბეჭდილება რჩება, რომ უამრავი ადამიანის გადარჩენა მხოლოდ ერთი ამკრძალავი საგზაო ნიშნით შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს ასე მარტივი არ არის. აკრძალვა ერთია, რამდენი დაემორჩილება მას – მეორე. სიჩქარის ლიმიტის გადაჭარბება ან შეუფერებელი (მოცემული პირობებისთვის ზედმეტი) სიჩქარე მრავალ ქვეყანაში გზების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ყველაზე დიდი პრობლემაა და სხვადასხვა გამოთვლით, სერიოზული ავარიების მესამედი მის წილად მოდის.
უბედური შემთხვევების ალბათობასა და მათ შედეგებზე სიჩქარის ლიმიტზე მეტად საშუალო სიჩქარე მოქმედებს. საშუალო სიჩქარის 55კმ/სთ-იდან ქალაქის  გზებზე – 5კმ/სთ-ით, სოფლის გზებზე კი 10კმ/სთ-ით გაზრდა აორმაგებს საბედისწერო უბედური შემთხვევების რისკს.
სამაგიეროდ საშუალო სიჩქარე მნიშვნელოვნად ყოფილა დამოკიდებული დაწესებულ ზღვარზე (ყოველ შემთხვევაში, კანონმორჩილ ქვეყნებში; ქართული სინამდვილე ჯერ შესასწავლია). 1987-დან 1988 წლამდე აშშ-ის 40-მა შტატმა შტატების დამაკავშირებელ გზატკეცილებზე ნებადართული სიჩქარე 88 კმ/სთ-დან 104 კმ/სთ-მდე გაზარდა. საშუალო სიჩქარემ სულ 5 კმ/სთ-ით მოიმატა. იმავე პერიოდში ამ გზებზე სიკვდილიანობა 20-25%-ით გაიზარდა. 
მხოლოდ ამკრძალავი ნიშნის გამოკვრა, თუ მას სხვა ზომებიც – მოსახლეობის განათლება, ჯიბისთვის შესამჩნევი ჯარიმებიც – არ მოჰყვა განვითარებულ ქვეყნებშიც კი სიჩქარის შემცირებას მძღოლების მხოლოდ მეოთხედს აიძულებს.

დასკვნა
სიჩქარის ლიმიტის დაწესება საკმაოდ რთული საქმეა. გზის ყოველი კონკრეტული მონაკვეთისთვის მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სიჩქარის მაჩვენებლები, ტრანსპორტის ნაკადი, უბედური შემთხვევების სტატისტიკა, გზისა და გზისპირა არეების ფიზიკური მაჩვენებლები, რამდენად ხშირად ხვდებიან ამ გზაზე ფეხით მოსიარულეები, ველოსიპედისტები და მოტოციკლისტები, რა დანიშნულება აქვს გზის სიახლოვეს არსებულ მიწას და ა.შ. მაგალითად, თურმე აზრი არ აქვს სოფლის გზებზე სიჩქარის 50 კმ/სთ-მდე (ანუ სიჩქარემდე, როცა გვერდიდან შეჯახებას მგზავრების უმრავლესობა გადაურჩება) შემცირებას, თუ გადამკვეთ გზას ხეები ფარავს. ამ შემთხვევაში დაბრკოლების მოცილება გაცილებით უკეთეს შედეგს გამოიღებს. ამავე დროს უტროტუარო გზებზე სიჩქარის 30 კმ/სთ-მდე შემცირება საგრძნობლად შეამცირებს ფეხით მოსიარულეთა ავტოავარიებში დაღუპვის რისკს.
მოკლედ, ოქროს შუალედი უნდა მოიძებნოს, რომელიც მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და მანქანებს ამ გზაზე მგზავრობის საშუალებასაც დაუტოვებს. მოსახლეობამ კი ამ შეზღუდვების აზრი უნდა გაიგოს, სწორი მართვა მოითხოვოს და საგზაო მოძრაობის წესებს (სიჩქარის ლიმიტის ჩათვლით) დაემორჩილოს.

სასიცოცხლოდ აუცილებელი შეზღუდვა
გამკაცრებული კანონები უკვე მესამე თვეა ძალაში შევიდა, მაგრამ კამათი ჯერაც არ შეწყვეტილა. ეჭვი გვღრღნის, რა იყო მიზანი: ბიუჯეტის შევსება თუ ჩვენივე თავისგან ჩვენი დაცვა. უახლოეს მომავალში აუცილებლად მივმართავთ შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს და შევეცდებით დავადგინოთ, რამდენად აისახა კანონის გამკაცრება ავტოკატასტროფების სტატისტიკაზე, მანამდე კი სხვა ქვეყნების გამოცდილებას გაგაცნობთ და თეორიულ დასკვნებსაც შემოგთავაზებთ.

დაცვის მექანიზმი
ავარიის დროს, თუ სავარძელზე მიბმული არ ხარ, სხეულს თურმე სამი შეჯახების გადატანა უხდება: მანქანა ჯერ სხვა საგანს – მაგალითად, სხვა მანქანას, უძრავ ობიექტს (ხეს, ბორდიურს, კედელს), ადამიანს ან ცხოველს ეჯახება; მეორე შეჯახება მგზავრსა და მანქანის ინტერიერს  შორის ხდება (მაგალითად,  მძღოლი მკერდს – საჭეს, თავს კი ფანჯარას მიარტყამს), ბოლოს კი ამ შეჯახებით აჩქარებული შინაგანი ორგანოები გულმკერდის კედლებსა და ჩონჩხის სტრუქტურებს ეჯახებიან.
ტრავმებს ყველაზე ხშირად მეორე შეჯახება იწვევს. სწორედ ამ ყველაზე საშიში დარტყმის თავიდან ასაცილებლად ან დაშავების ხარისხის შესამცირებლად არის მოგონილი უსაფრთხოების ღვედი. ღვედით დაფიქსირებული მგზავრი შეჯახების დროსაც თავის სავარძელზე დარჩება და მისი სიჩქარეც იმავე ტემპით შემცირდება, როგორითაც მანქანისა, რაც საგრძნობლად შეამცირებს სხეულზე მოქმედ კინეტიკურ ენერგიას. დარტყმის ძალა სხეულის შედარებით ძლიერ უბნებზე ნაწილდება, მგზავრი მანქანიდან გადმოვარდნისგანაც დაცულია და იმის ალბათობაც მცირდება, რომ სხვა მგზავრები დაშავდებიან.
რამდენიმე წლის წინ საქართველოს ერთ-ერთ ქალაქში პოლიციამ (თუმცა იმხანად მას ჯერ კიდევ მილიცია ერქვა) ავტომობილი ღვედების გამო გააჩერა. საკმაოდ უცნაური დიალოგი გაიმართა მილიციელსა და საქართველოში სამუშაოდ ჩამოსულ უცხოელ ქალბატონს შორის: პირველს ვერაფრით გაეგო, როგორ მოხვდა “ვოლგის” უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედი და რატომ იყენებდა მას მგზავრი, მეორე კი, მგზავრების უსაფრთხოებისთვის დამატებითი ინვესტიცია რომ გაიღო, მილიციელის გაკვირვებით იყო გაკვირვებული... ჩვენს კანონს ჯერ ასე არ გავუწირავართ, ათწლეულების განმავლობაში ფესვგადგმული ჩვევებისა და დამოკიდებულებების ერთ დღეში შეცვლა არ მოუთხოვია, – მიიჩნიეს, რომ პირველ ჯერზე მძღოლისა და წინა სავარძელზე მჯდომის უსაფრთხოების დაცვაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, – თორემ როგორც მეცნიერებმა, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კარგა ხანია იციან, რომ უკანა სავარძელზე უღვედოდ მჯდომი მგზავრი ავარიის შემთხვევაში უშუალოდ მის წინ მჯდომისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ასე რომ, უკანა სავარძლებზე ღვედების დამონტაჟება და გამოყენება ამცირებს როგორც იქ მსხდომთა, ასევე მძღოლისა და წინა სავარძლის მგზავრის დაშავების ალბათობასაც.

მხოლოდ ციფრები
. უსართხოების ღვედი 50%-ით ამცირებს ავარიის დროს საბედისწერო ტრავმის ალბათობას.
* მაქსიმალური უსაფრთხოებისთვის ღვედი უნდა იქნეს გამოყენებული ნებისმიერი დისტანციისა და სიჩქარის დროს, რადგან ავტოკატასტროფაში დაღუპულთა და დაშავებულთა 75% სახლიდან მაქსიმუმ 25 კილომეტრის მოშორებით იმყოფებოდა.
* ავტოკატასტროფაში დაშავებულთა ნახევარზე მეტი 60 კმ/სთ და ნაკლები სიჩქარით მოძრაობდა.
გამოთვლილია რომ მხოლოდ აშშ-ში 2004 წელს ღვედებმა 15200 ადამიანი გადაარჩინა. მანქანის 4 წელს გადაცილებულ ყველაზე მგზავრს ღვედი რომ ჰკეთებოდა, ეს რიცხვი 21000-ს მიაღწევდა (ესე იგი კიდევ 5800 სიცოცხლის გადარჩენა გახდებოდა შესაძლებელი).
1975-დან 2000 წლის ჩათვლით უსაფრთხოების ღვედების გამოყენებით აშშ-მა 588 მილიარდი დოლარი დაზოგა. რაც უფრო მეტ ადამიანს უკეთია ღვედი, დანაზოგიც უფრო მეტია. 1975 წელს ეკონომიკური დანაზოგი სულ 1.5 მილიონი დოლარი იყო, 2000 წელს კი 49.9 მილიონს მიაღწია. და მაინც ავტოკატასტროფები და ღვედების გამოუყენებლობა აშშ-ს წლიურად 26 მილიარდი უჯდება სამედიცინო მომსახურების, შრომის უნარის დაკარგვის და ტრავმასთან დაკავშირებული სხვა დანახარჯის გამო.
მხოლოდ ალიანსში
თანამედროვე მანქანა ავარიის შემთხვევაში უკეთესად დაცვას გვპირდება, მაგრამ მხოლოდ ტექნიკის იმედით ყოფნა უგუნურებაა. აირბალიშები მართლაც საგრძნობლად ამცირებს სიკვდილიანობას და მძიმე ტრავმების ალბათობას, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მგზავრს უსაფრთხოების ღვედი უკეთია. თავად განსაჯეთ: საკმაოდ დიდი ტომარა თვალის დახამხამებაში იბერება, ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, მეტისმეტად ახლოს მჯდომ ადამიანს თვითონვე მიაყენოს ტრავმა. 
ორსულებმა ასევე უნდა გამოიყენონ უსაფრთხოების ღვედი და არ გათიშონ აირბალიში, თუმცა სასურველია, სავარძელი რაც შეიძლება უკან გასწიონ, რომ მკერდის ძვალსა და საჭეს შორის 25 სმ მაინც დარჩეს.
ბავშვების უსაფრთხოების წესებს კი ცალკე უფრო დაწვრილებით განვიხილავთ.

ამერიკული გამოცდილება
დავუბრუნდეთ კანონს. თურმე ამერიკის ზოგიერთ შტატში პოლიციელს უფლება აქვს, ნებისმიერი მანქანა გააჩეროს და მძღოლი მხოლოდ იმიტომ  დააჯარიმოს, რომ რომელიმე მგზავრს ღვედი არ უკეთია, ზოგან კი ამის გაკეთება მხოლოდ სხვა დარღვევის გამო მანქანის გაჩერებისას არის ნებადართული. აშშ-სავე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, იმ შტატებში, სადაც პირველი  კანონი მოქმედებს, ღვედებს მგზავრთა 88% იყენებს, მეორე კანონის მოქმედების არეალში კი სულ 79%, ამიტომ დკეც ყველა შტატის კანონმდებლებს ურჩევს, პოლიციელებს მეტი უფლება მიანიჭონ და იმაზეც იზრუნონ, რომ ჯარიმა ეფექტური (ანუ დაჯარიმებულის ჯიბისთვის საგრძნობი) იყოს.
ბუნებრივია, აღნიშნული სახელმწიფო ორგანიზაცია რეკომენდაციებს არც სხვებისთვის იშურებს.

დამსაქმებლებისთვის:
- დასასვენებელ ოთახებსა და მანქანების გასაჩერებელ ადგილას სპეციალური პოსტერები გამოაკრან და თანამშრომლებს ღვედების გამოყენებისკენ უბიძგონ;
- გამოთვალონ, რა უჯდებათ ავტოავარიები მათ თანამშრომლებს სამედიცინო ხარჯებისა და დაკარგული ხელფასის სახით;
- შემოიღონ შინაგანაწესი, რომელიც სავალდებულოს გახდის ღვედების გამოყენებას კომპანიის მანქანით, ასევე – სამუშაო დროს საკუთარი მანქანით მგზავრობისას.

მედიცინის მუშაკებისთვის:
- წაახალისონ პაციენტები, რომ უსაფრთხოების ღვედების ტარება ჩვევად აქციონ;
- თვითონ ყოველთვის გაიკეთონ უსაფრთხოების ღვედები და ასეთივე საქციელისკენ უბიძგონ კოლეგებსაც;
- შეახსენონ პაციენტებს უსაფრთხოების ღვედების მნიშვნელობა.

თითოეული ადამიანისთვის:
– შეიკრან ღვედი ყოველთვის, განურჩევლად იმისა, ხანმოკლე მგზავრობა ელით თუ ხანგრძლივი;
- მანქანაში ყველას, ნებისმიერ სავარძელზე მჯდომს, მოსთხოვონ ღვედის შეკვრა.


როგორ დავაბათ ბავშვი
გავიხსენოთ, რა გავლენას ახდენს მასა და სიჩქარე შეჯახებისას სხეულზე მოქმედ ძალასა და მისთვის მინიჭებულ აჩქარებაზე (იხ. გვ 22). იმავე კანონზომიერებით, ფიზიკურად შეუძლებელია, ავარიის დროს რომელიმე მგზავრმა რომელიმე დაუფიქსირებელი ობიექტი უსაფრთხოდ დაიჭიროს. ფიზიკისთვის ბავშვიც ობიექტია, რომლის წონაც სულ რაღაც 50კმ/სთ სიჩქარით შეჯახებისას წამის მეათასედში 20-ჯერ იზრდება და ხუთკილოგრამიანი ჩვილი უცებ 100 კგ ხდება.
მოზრდილთათვის გამოგონილი უსაფრთხოების სამგან დასამაგრებელი თუ დიაგონალური ღვედები ბავშვების სწრაფცვალებად სიმაღლესა და წონას არ ითვალისწინებს. მაგალითად, მენჯის ძვლები და ნეკნები ბავშვის მუცლის ღრუს პროპორციულად უფრო მცირე ნაწილს ფარავს, თანაც უფრო მეტად არის მოსალოდნელი, ნეკნები კი არ გატყდეს, გაიღუნოს, ამიტომაც დარტყმის ძალა გულსა და ფილტვებს გადაეცემა, ზემოთ ნახსენები დამცავი საშუალებები კი პატარას ვერც ეფექტურად დააკავებს სავარძელში და ვერც დაზიანებისგან დაიცავს.
ბავშვის ავტოუსაფრთხოების მოწყობილობა ისეთი უნდა იყოს, რომ ახალშობილიც, ჩვილიც და  უკვე ფეხადგმული ბავშვიც მარტო ავარიის კი არა, უცაბედი დამუხრუჭების, მკვეთრი მანევრის ან მოძრაობისას კარის გაღების დროსაც დაიცვას.
ახალშობილის თავი ბავშვის სიგრძის დაახლოებით მეოთხედს და წონის მესამედს შეადგენს. ქალას ძვლები დრეკადია და შედარებით მცირე ძალის მოქმედებამაც შეიძლება ქალასა და ტვინის ძლიერი ტრავმა გამოიწვიოს. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო ნაკლები ძალას საკმარისი ტრავმის გამოსაწვევად. ნეკნთა ყაფაზიც უფრო დრეკადია.
ზეწოლამ შეიძლება გულსა და ფილტვებზე გულმკერდის კედლების ზეწოლა გამოიწვიოს. მენჯის ღრუც არასტაბილურია და საეჭვოა, გაუძლოს იმ ზეწოლას, მოზრდილთათვის განკუთვნილი ღვედი ავარიის დროს რომ ახდენს.
ამდენი მხოლოდ იმისთვის ვილაპარაკეთ, რომ მარტივ ჭეშმარიტებამდე მივსულიყავით: მცირე ასაკის ბავშვებს განსაკუთრებული, საგანგებოდ მათთვის შექმნილი სავარძელი (ან საწოლი) სჭირდებათ თავისივე დასაბმელებით.
ჩვილებისთვის განკუთვნილი თავისებური აკვანი თუ ეტლი წინა სავარძლის ზურგზე მაგრდება, ისე, რომ შიგ მჯდომი და საიმედოდ დაბმული ბავშვი უკან იყურებოდეს. ექსპერტები გვირჩევენ, ასეთი სავარძელი მძღოლის სავარძლის შუაში, ფანჯრისგან მოშორებით დავამაგროთ, მეტადრე – თუ მანქანა გვერდითი აირბალიშებითაც არის აღჭურვილი.
13კგ-ზე მძიმე და ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვების ასე ჩასმა ფიზიკურად ვეღარ ხერხდება. მათ უკვე წინ საყურებელი სავარძელი სჭირდებათ. ასეთი სავარძელი დარტყმის ძალას მეტ ფართობზე ანაწილებს და მანქანის სალონთან შეჯახებისგანაც იცავს.
მშობლების ჯიბის დასაზოგავად ზოგიერთი მწარმოებელი კომბინირებულ სავარძლებს უშვებს. თავდაპირველად ისინი წინა სავარძლის საზურგეზე მაგრდება და ჩვილის საწოლად გამოდგება, ხოლო წამოზრდილისთვის იმავე მოწყობილობას უკვე უკანა სავარძელზე ამაგრებენ.
პატარას სავარძელი, ჩვეულებრივ, 3-4 წლამდე ემსახურება, ანდა მანამდე, სანამ მისი წონა 18 კგ-ს გადააჭარბებს.
პატარა ბავშვის სავარძლები თუ ქართულ სინამდვილეში უკვე მეტ-ნაკლებად იკიდებს ფეხს, წამოზრდილი ბავშვების დაცვა ჯერ კიდევ სასწავლი გვაქვს. ისინი, ცხადია, უსაფრთხოების ღვედით უნდა დავაბათ, მაგრამ ეს საკმარისი ჯერ არ ყოფილა. პატარა სხეული საიმედოდ რომ დაფიქსირდეს, სავარძელზე სპეციალური დამხმარე მოწყობილობა (booster) უნდა დავამაგროთ. 15-დან 25 კგ-მდე განკუთვნილ ბუსტერს დასაჯდომიც აქვს და საზურგეც, 22-დან 36 კგ-მდე კი მხოლოდ ბალიშები.
ბაზარზე უკვე 15-დან 36 კგ-მდე წონის ბავშვის ჩასასმელი სავარძლებიც გამოჩნდა. ჯანდაცვის ექსპერტები ამას მხოლოდ მიესალმებიან. ასეთი მოწყობილობა ავარიის დროს 4-7 წლის ბავშვის დაშავების ალბათობას უსაფრთხოების ღვედებთან შედარებით 59%-ით ამცირებს.
თუ ასაკისთვის შესაფერისი დამცავი სავარძელი არ გვაქვს, ექსპერტები გვირჩევენ, ბავშვი უსაფრთხოების ღვედით დავაბათ – ასეა თუ ისე, ეს მაინც ნაკლებ სარისკოა, ვიდრე ღვედის გარეშე დატოვება.

გააზიარე: