ჭინჭარი - ბუნების სწორუპოვარი საჩუქარი

გააზიარე:

ჭინჭრის ხსენებაზე ბევრს ალბათ უსიამოვნო შეგრძნება დაეუფლება, რადგან ის ბავშვობის მტკივნეულ მოგონებებს უკავშირდება. ეზოში თამაშის დროს მეც ხშირად დავუსუსხივარ ჭინჭარს, ბებოსაც მაშინვე დავუმშვიდებივარ: ნუ გეშინია, სასარგებლოაო. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რა უნდა ყოფილიყო ამაში სასარგებლო და სადაც დავინახავდი, იქვე ვანადგურებდი ამ "ბოროტ" მცენარეს.

მრავალმხრივი სარგებლობა

გავიდა ხანი და გავიგე, რომ ეს კბენია უამრავი ღირსებით ყოფილა დაჯილდოებული. ჭინჭრის ზოგიერთი სამკურნალო თვისება მეცნიერულადაც დადასტურებულია. მას შეუძლია სისხლდენის შეჩერება, ჭრილობის შეხორცების დაჩქარება, აქვს ანთების საწინააღმდეგო, შარდმდენი, ნაღველმდენი მოქმედება, რასაც მასში უხვად შემავალ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს უნდა უმადლოდეს. ჭინჭრის თესლი კარგი მატონიზებელი საშუალებაა. ნაყენს ნიადაგის გასანოყიერებლად იყენებენ ქიმიური სასუქის ნაცვლად. ჭინჭრის ბოჭკოსგან ძაფს ამზადებენ, ფოთლებისგან კი მწვანე საღებავი მზადდება, რომელსაც ფარმაცევტულ და პარფიუმერულ მრეწველობაში იყენებენ. რაც მთავარია, ჭინჭარი შესანიშნავი საკვებია – არა მხოლოდ ნუტრიენტებით მდიდარი, არამედ გემრიელიც.

ზოგადი ცნობები

ჭინჭარი (Urtica) ჭინჭრისებრთა ოჯახის ერთ– ან მრავალწლოვანი მცენარეა. ის ველურად ხარობს ბუნებაში და ყველა კონტინენტზეა გავრცელებული, გარდა ანტარქტიდისა. საქართველოშიც თითქმის ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. მისი დანახვა განსაკუთრებით მებაღეებს უხარიათ, რადგან იქ, სადაც ჭინჭარი ხარობს, ნიადაგი ორგანული ნივთიერებებით მდიდარი და მოსავლიანია.

ჭინჭრის მრავალი სახეობა არსებობს. ევროპაში ყველაზე მეტად გავრცელებულია ეგრეთ წოდებული დიდი ჭინჭარი (Urtica dioica), რომელიც 1,5 მეტრამდე სიმაღლისა იზრდება და პატარა ჭინჭარი (Urtica urens), რომლის სიმაღლეც 50 სმ-ს აღწევს. საკვებად ორივე სახეობა გამოიყენება.

ჭინჭარს ძლიერ დაკბილული ფოთლები აქვს. ნორჩი ფოთლები ბაცი მწვანეა, შედარებით ხანდაზმული – მუქი მწვანე. ფოთლები წვრილი ბუსუსებით არის დაფარული, რომლებიც შეხებისას იმტვრევა და ჭიანჭველამჟავას შემცველ წვენს გამოყოფს. შხამი კანზე ხვდება და სწორედ ეს იწვევს უსიამოვნო, მაგრამ უვნებელ გაღიზიანებას.

გამოსადეგია ჭინჭრის ყველა ნაწილი – ფოთლები, ფესვები, ღერო, თესლი.

ჭინჭრის ნორჩ ფოთლებსა და ღეროებს მაისსა და ივნისში კრეფენ, რადგან ყვავილობის შემდეგ მცენარის სამკურნალო თვისებები სუსტდება.

კვებითი ღირებულება

იცოდით, რომ ჭინჭარში ექვსჯერ მეტი კალციუმია, ვიდრე ძროხის რძეში და შვიდჯერ მეტი ჩ ვიტამინი, ვიდრე ფორთოხალში?

მოდი, გავიგოთ, რითია მდიდარი ეს მცენარე (მონაცემები მოყვანილია 100 გრამზე გათვლით):

კვებითი ღირებულება – 42 კილოკალორია

ცხიმი – 0,6 გ

ნახშირწყლები – 1,3 გ

ცილები – 7,3 გ

ვიტამინები და მინერალები

A ვიტამინი – 400 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 44%)

ბეტა კაროტინი – 2.400 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 120%)

E ვიტამინი  – 800 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 6%)

ვიტამინი B1 – 200 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 18%)

ვიტამინი B2 – 150 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 13%

ვიტამინი B3 – 800 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 5%)

ვიტამინი B5 – 300 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 5%)

ვიტამინი B6 – 160 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 11%)

ვიტამინი B7 – 0,5 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 1%)

ფოლიუმის მჟავა – 30 მკგ

C ვიტამინი – 333000 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 333%)

K ვიტამინი – 600 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 10%)

ნატრიუმი – 80 მგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 5%)

კალიუმი – 475 მგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 12%)

კალციუმი – 713 მგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 71%)

მაგნიუმი – 80 მგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 23%)

ფოსფორი – 138 მგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 20%)

გოგირდი – 40 მგ

ქლორიდი – 150 მგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 7%)

რკინა – 4120 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 33%)

თუთია – 1020 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 12%)

სპილენძი – 240 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 19%)

მანგანუმი – 1260 მკგ (სადღეღამისო ნორმის დაახლოებით 36%)

ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ

ჭინჭარს ჯერ კიდევ ავიცენა იყენებდა სისხლდენის შესაჩერებლად – მასში შემავალი K ვიტამინი ააქტიურებს ღვიძლში პროთრომბინის სინთეზს, რაც სისხლის შედედების აუცილებელი ფაქტორია.

სახალხო მკურნალები ჭინჭრის მიღებას რკინის დეფიციტით გამოწვეული დაღლილობისა და ზოგადი სისუსტის დროს გვირჩევენ. ის თითქმის ოთხჯერ მეტ რკინას აწვდის ორგანიზმს, ვიდრე სტეიკი და სამჯერ მეტს, ვიდრე ისპანახი.

ჭინჭარი წმენდს ორგანიზმს წიდისგან. უხდება ღვიძლს, ნაღველს და საჭმლის მომნელებელ სისტემას. ჭინჭრის წვენს პარაცელსუსი ჰეპატიტიან პაციენტებს ასმევდა.

ჭინჭარი დადებითად მოქმედებს პანკრეასზე – ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის მოწესრიგებას, აუმჯობესებს ნერვული და ენდოკრინული სისტემების მუშაობას.

ჭინჭრის ჩაი საუკეთესოა სახის გამწმენდად, როცა კანქვეშ ანთებითი პროცესი მიმდინარეობს (მაგალითად, აკნეს დროს). ამცირებს ალერგიულ გამონაყარს, უხდება ეგზემას.

ჭინჭარი (როგორც შინაგანი, ისე გარეგანი გამოყენებისას) ხელს უშლის უჯრედებზე თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, აფერხებს დაბერების პროცესს.

მოდი, უფრო დეტალურად გავეცნოთ მის სამკურნალო თვისებებს.

ნაწლავის ანთებითი დაავადება

ჭინჭარი ძალიან უხდება ნაწლავის ანთებით დაავადებებს: კრონის დაავადებას, წყლულოვან კოლიტს. მათი პრევენციისთვის ამ მცენარის მენიუში შეტანაც საკმარისია.

ართრიტი

ანთებასაწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების გამო ჭინჭარი ძალიან კარგია ართროზის (განსაკუთრებით – მისი ყველაზე გავრცელებული ფორმის, რევმატოიდული ართრიტის) და პოდაგრის დროს.

ფრანკფურტისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ 50 გ ორთქლზე მოწალული ჭინჭრის ყოველდღიური მიღება საგრძნობლად ამცირებს ტკივილს და შესაძლოა, ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებიც კი შეცვალოს. პაციენტებს, რომლებიც ჭინჭარს ყოველდღე მიირთმევდნენ, საგრძნობლად შეუმსუბუქდათ ტკივილი. საგრძნობლად დაიკლო სისხლში რევმატული პროცესის მარკერებმა, ხოლო მოძრაობა გაცილებით თავისუფალი გახდა.

მაგრამ მაინც ნუ მიიღებთ ჭინჭარს თვითნებურად მწვავე ართრიტის დროს. უმჯობესია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია.

შარდის ბუშტისა და საშარდე გზების ინფექციები

ჭინჭარი კარგი შარდმდენია. მისი ჩაი საუკეთესოა საშარდე გზების ინფექციებისა და შარდის ბუშტის გაღიზიანების დროს: შარდი მალ-მალე გამოიყოფა და ინფექციის გამომწვევი მიკრობებიც თან მოჰყვება. რაც უფრო მაგარია ჩაი, მით უფრო ინტენსიურად მოქმედებს.

ჭინჭარი ხელს უშლის შარდის ბუშტსა და თირკმელში ქვების ჩამოყალიბებას – მისი წყალობით ქვის წარმომქნელი მინერალური მარილები შარდში აღარ კრისტალიზდება.

ბაქტერიები

ჭინჭრის ფოთლები შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ბაქტერიების გამრავლებას აფერხებს. ძველად ერთ მუჭა ჭინჭრის ფოთოლს ძროხის ახალმოწველილ რძეში ყრიდნენ, რომ რძეს უფრო მეტხანს გაეძლო, ხორცსა და თევზს მათში ახვევდნენ, მალე რომ არ გაფუჭებულიყო.

პროსტატის პრობლემები

ჭინჭრის ფესვი კარგი ფიტოთერაპიული საშუალებაა პროსტატის დაავადებების, მაგალითად, კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (კეთილთვისებიანი გადიდების) დროს. კვლევამ, რომელშიც ამ დიაგნოზის მქონე 558 პაციენტი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ ჯგუფში, სადაც ჭინჭრის თერაპიას ატარებდნენ, პაციენტთა 81 პროცენტი ისე გამოკეთდა, მკურნალობა თითქმის აღარ სჭირდებოდა.

სხვა კვლევის მონაწილეები ნახევარი წლის განმავლობაში ყოველდღე იღებდნენ ჭინჭრისა და სერენოას პალმის ექსტრაქტებს. მათ საგრძნობლად შეუმცირდათ საშარდე გზების პრობლემები, რომლებიც პროსტატის გადიდებით იყო გამოწვეული, თანაც არა მარტო საწყის და საშუალო ეტაპებზე, არამედ უკვე კარგად გამოხატული სიმპტომების შემთხვევაშიც კი.

იმუნური სისტემა

ექინაცეა იმუნიტეტის გასაძლიერებელი ცნობილი საშუალებაა, თუმცა კვლევებმა ცხადყო, რომ ჭინჭარი უფრო ძლიერ ეფექტს ახდენს. ის აძლიერებს ანტისხეულების წარმოქმნას და ფაგოციტების მოქმედებას. 

წნევა

ჭინჭარი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ხალხურ მედიცინაში მას მაღალი არტერიული წნევის დროს იყენებენ. მოქმედების მექანიზმი და წნევის დამწევი ეფექტი მეცნიერულადაც არის შესწავლილი. ამასთან, ჭინჭარი ადუნებს დაჭიმულ სისხლძარღვებს.

უნაყოფობა და იმპოტენცია

ძველად ჭინჭრის თესლს აგროვებდნენ და საერთო სისუსტის დროს ჭამდნენ, რადგან ძალას მატებდა.

ჭინჭრის თესლში არის ჰორმონის მსგავსი ნივთიერებები და ვიტამინები, რომლებიც შეუცვლელია ერექციული დისფუნციის აღმოსაფხვრელად და ტემპერამენტის ასამაღლებლად. ამასთან, ჭინჭრის თესლი საუკეთესოა მეძუძური დედებისთვის, რადგან ხელს უწყობს რძის წარმოქმნას.

თმის ცვენა

ჭინჭრის თესლს აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიაში თმის ცვენის შესაჩერებლად და თმის გასახშირებლად.

თესლი პირველ ყინვებამდე უნდა მოაგროვოთ. გააშროთ მზეზე ან ღუმელში, ნელ ცეცხლზე, დაახლოებით 15 წუთი გააჩეროთ. შეგიძლიათ, მოაყაროთ მიუსლის, სალათას, წვნიანს ან ასევე მიირთვათ 1-2 სუფრის კოვზი. ჭინჭრის თესლი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი საკვებდანამატია დედამიწაზე.

თმის ზრდის გასააქტიურებლად შეგიძლიათ ჭინჭრის ჩაი თმაზე გადაივლით. ის ააქტიურებს სისხლის მოძრაობას. შედეგად თმის ძირები უკეთესად მარაგდება საკვები ნივთიერებებით, რაც ხელს უწყობს თმის ზრდას.

თმის ცვენას ძალიან უხდება ჭინჭრის ფესვების ნაყენი. 200-300 გ ფესვი დაჭერით, გახეხეთ, დაასხით 1 ლიტრი წყალი და 1 ლიტრი ღვინის ძმარი, წამოადუღეთ, საცერში გაატარეთ და გააგრილეთ. ყოველდღე გადაივლეთ თმაზე. ნუ ჩამოიბანთ.

ჭინჭრის მათრახი

ჭინჭრის მათრახი არა მხოლოდ რევმატიზმს, არამედ ლუმბაგოსაც (სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული წელის უეცარი ტკივილი) უხდება. თუ მტკივან ადგილზე რამდენჯერმე დაირტყამთ ახალმოკრეფილ ჭინჭარს ან დაისრესთ მის ფოთლებს, სისხლის მიმოქცევა გააქტიურდება, კუნთები მოეშვება და ტკივილი იკლებს.

უკუჩვენებები

ჭინჭარს უკუჩვენებები არ აქვს, თუმცა შეიძლება, მისი ინდივიდუალური აუტანლობა აღმოგაჩნდეთ, რომელიც გამოიხატება შებერილობით, გულისრევის შეგრძნებით, ფაღარათით. ვისაც ალერგია აქვს, უმჯობესია ჭინჭრის სამკურნალოდ გამოყენებამდე ექიმთან გაიაროს კონსულტაცია. არ არის რეკომენდებული ჭინჭრით მკურნალობა მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული შეშუპება აწუხებს. ნუ მიიღებთ თრომბოფლებიტის, ვარიკოზისა და ორსულობის დროს. 

სამზარეულოში

ჭინჭრის ფოთლები გაზაფხულზე უნდა დაკრიფოთ, სანამ ჯერ კიდევ ნორჩია, ზაფხულში კი მხოლოდ ნორჩი ბოლოები წააწყვიტეთ. ეცადეთ, გზის სავალი ნაწილის მახლობლად არ დაკრიფოთ – უმჯობესია, გზიდან მოშორებული, სუფთა ადგილი იპოვოთ. ფოთლებმა რომ არ დაგსუსხოთ, ხის საგორავით კარგად გადაუარეთ ან სქელ ცელოფანში ჩაყარეთ და ორივე მხრიდან კარგად დატკეპნეთ.

ჭინჭრის ფოთლები შეგიძლიათ მოწალოთ და ნიგვზითა და ცოცხალი მწვანილით შეანელოთ ან, როგორც ისპანახს, ზეთში მოშუშული ხახვი მოასხათ. შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერ სალათას ან სმუზი გააკეთოთ. ჭინჭარი განსაკუთრებულ გემოს სძენს სოუსს, კარტოფილის პიურეს, რძის ნაწარმს, უხდება ომლეტს, ცომეულს. ძალიან გემრიელია ჭინჭრის პესტოც.

არც ჩაი დაგავიწყდეთ. ჭინჭრის ფოთლების ჩაის არც ისე სასიამოვნო სურნელი აქვს, ამიტომ მათ ხშირად სხვა მცენარეთა ფოთლებსაც ურევენ, მაგრამ თუ სამკურნალოდ სვამთ, უმჯობესია, მხოლოდ ჭინჭრის გამომშრალი ფოთლები გამოიყენოთ. 2 ჩაის კოვზს 250 მლ ადუღებული წყალი დაასხით და 10 წუთი გააჩერეთ. შეგიძლიათ, სვათ დღეში 1-2 ჭიქა არა უმეტეს 6 კვირის განმავლობაში, მერე 2-3 კვირა შეისვენოთ.

არ დაგავიწყდეთ ჩაისთან ერთად წყლის სმა, თორემ შესაძლოა, ორგანიზმი გამოშრეს.

 ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: