ზურაბ შევარდნაძე: ვარ მებაღე და ჩემს სამყაროს ვქმნი

გააზიარე:

– ჩემი ბაღი სხვის სურვილებსა და გემოვნებას არ არის მორგებული, ვქმნი სამყაროს, რომელიც საკუთარი სახლის გარშემო მინდა მქონდეს და მადლობა ღმერთს, რომ ის სხვებსაც მოსწონთ, – გვითხრა მებაღე ზურაბ შევარდნაძემ, რომელსაც ულამაზეს “გარდენიაში” ვესტუმრეთ. ბაღში შესულებს, სულ მთლად გადაგვავიწყდა, რომ მსოფლიო პანდემიას ებრძვის. აქ სიმშვიდე და ფერად-ფერადი ყვავილებია. ყოველ კუთხეს მზრუნველი ხელი ეტყობა.

– შინ დარჩენის უფლება საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი ვერ მივეცი თავს. ბაღს ხომ ვერ გაახმობ, მცენარეს ხომ ვერ აუხსნი, პანდემიაა და ვერ მოგივლიო... სამი დღე დამჭირდა ადაპტაციისთვის: სათბურები დავცალეთ, ყვავილები გარეთ გამოვიტანეთ და ბოსტნეულის თესვა დავიწყეთ, მივხვდით, რომ პირველ რიგში ბოსტნეულის თესლსა და ჩითილებზე გაიზრდებოდა მოთხოვნა. ადამიანს კი, სანამ არსებობს, ყოველთვის დასჭირდება სილამაზე, კარგი განწყობა, ესთეტიკური გარემო... ასე რომ, არც სტუმარი გვაკლია.

ბავშვობა

გურიაში, სოფელ ასკანაში გაიზარდა, სადაც, მისი თქმით, არაჩვეულებრივი, ლაღი ხალხი ცხოვრობს:

– მამა ზოოვეტერინარია, დედა – ბუღალტერი. ჩვეულებრივი ქართული ოჯახი გვქონდა, სადაც ვისწავლე, რომ ამქვეყნად მარტო არ ვარ, რომ ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომლებზეც უნდა ვიზრუნო.

მაშინდელ გურულ ოჯახებში რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობდა. ზურაბიც ბებიებისა და ბაბუების გარემოცვაში იზრდებოდა. მის ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა მერი ბებიას მოუხდენია:

– გლეხის ქალისთვის უჩვეულო ხედვა, ურთიერთობის უნარი, ესთეტიკის გრძნობა ჰქონდა, – იხსენებს ზურაბი, – ქალაქელი ნათესავი გამონაცვალ კაბას რომ აჩუქებდა, პირდაპირ არ ჩაიცვამდა – არშიებს მიაკერებდა, გულისპირს, საყელოს გადაუკეთებდა და ისე მოირგებდა. ბოსტნიდან პომიდორს, კიტრს, მწვანილს რომ მოიტანდა და გობზე დაალაგებდა, უკვე ნატურმორტი იყო.

სულ მოკოპწიავებული და მოკოხტავებული ჰქონდა კარ-მიდამო, – როგორც გურულებმა იციან ხოლმე თქმა, მოკიწკიწებული და მოკრუჭუნებული...

ბიძაც განსაკუთრებული მყავდა – ნიკო შევარდნაძე. აგრონომი გახლდათ. კარგი ბოსტანი ჰქონდა – თავად თესავდა ბოსტნეულს, უვლიდა, ჩითილები გამოჰყავდა...

მინდოდა, ეს ყველაფერი მეც შემძლებოდა. ხუთი წლისა უკვე ვრგავდი, ვთესავდი და ვამყნობდი. მებაღეობა რომ მინდოდა, ჯერ კიდევ მაშინ ვიცოდი, როცა ამ პროფესიის სახელიც კი არ გამეგონა.

ბაღის უკანა ჭიშკარი

– ბიოლოგიის ფაკულტეტი ავირჩიე. ჯერ კიდევ სტუდენტმა, თბილისის ბოტანიკურ ბაღში დავიწყე მუშაობა. ერთ მშვენიერ დღეს ბონისა და მიუნხენის ბოტანიკური ბაღების დირექტორები გვესტუმრნენ, დაინტერესდნენ ჩემით და სამთვიან პრაქტიკაზე მიმიწვიეს. მაშინ ეს დიდი ამბავი იყო, რადგან ცოტას თუ ეძლეოდა საზღვარგარეთ წასვლის შანსი. ასე რომ, ცხრამეტი წლის ასაკში ჩემი ცხოვრება ერთბაშად შეიცვალა. მოვხვდი უცხო გარემოში, შევეჯახე განსხვავებულ ღირებულებებს, ცხოვრების წესს... დიდი გამოცდილება მივიღე – არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ცხოვრებისეულიც.

სწავლის იქ გაგრძელება გადავწყვიტე. გერმანულს სკოლაშიც ვსწავლობდი, ინსტიტუტშიც, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. კერძო მასწავლებელთან დავიწყე სიარული და ერთი წლის შემდეგ ისევ გავემგზავრე გერმანიაში.

იოლი ცხოვრება არ მქონია, თუმცა ბოტანიკურ ბაღებში მუშაობამ ბევრი უცხოელი მებაღე მეგობარი შემძინა. ჩემს პროფესიონალად ჩამოყალიბებაში მათი წვლილი ძალიან დიდია. უფლებას მაძლევდნენ, ბაღებში არა როგორც დამთვალიერებელი, არამედ როგორც მებაღე, სხვა თანამშრომლებთან ერთად, უკანა ჭიშკრიდან შევსულიყავი. დიდი ფუფუნებაა, როცა სამუშაო პროცესის გულის გულში ხვდები. ჩემს პატარა ბაღსაც ორი ჭიშკარი აქვს ორი სხვადასხვა სამყაროსთვის... უკანა კარიდან დანახული სამყარო უფრო საინტერესოა, ვიდრე გაპრანჭული და სტუმრებისთვის მოლამაზებული.

ცნობილი გვარი

– საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შორეული ნათესავი გახლავართ. ჩემი გვარის გამო საქართველოში ლანძღვაც ბევრი მომისმენია. სამაგიეროდ, გერმანიაში მანებივრებდნენ – გვარს როგორც კი ვახსენებდი, ჩემთვის ყველა კარი ღია იყო... თუმცა, მახსოვს, უნივერსიტეტის სტუდენტთა სამდივნოში ქალბატონი მუშაობდა, რომელსაც სულ ეშლებოდა ჩემი გვარი და ასე მომმართავდა: “ჰერ გორბაჩოვ!”

გარდენია

– გერმანიიდან დაბრუნებულმა, დედა თეკლესთან ერთად სამებაღეო სასწავლებელი გავხსენი, რომელიც პირადად დააფინანსა უწმინდესმა და სამუშაოდ სამების ტაძრის ეზოც დაგვითმო. აქაც დიდი გამოცდილება მივიღე. მასწავლებლებად ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად გერმანელი კოლეგებიც მოვიწვიე. ეს სასწავლებელი ახლა კოლეჯია, რომლის დირექტორიც თავად გახლავართ.

პარალელურად “გარდენიას” გაშენება დავიწყე. ვიყიდე პატარა მიწის ნაკვეთი, სადაც ნაგავსაყრელისა და ჭაობის მეტი არაფერი იყო. მე ვიყავი და ერთი თანამშრომელი მყავდა. ერთი ვაგონი გვედგა, უფრო ზუსტად, ხის მწვანე ჯიხური. ვშრომობდით ყოველდღე... თანდათან აქაურობა ბაღს დაემსგავსა. ჯიხურის ადგილას მებაღის პატარა სახლი ჩავდგით.

პირველი კაცი ვიყავი, ვინც თავს მებაღე უწოდა. არც დეკორატორი, არც დიზაინერი – გაპრანჭული სახელი არ მინდოდა. მებაღეობა პოპულარული პროფესია არ იყო და ამ ნაბიჯს გამბედაობა სჭირდებოდა.

– იმიჯიც არაორდინარული გაქვთ...

– სიმართლე გითხრათ, იმიჯზე არ მიზრუნია. უბრალოდ, ყველაზე მოხერხებული ჩაცმულობა ავირჩიე – ჩალის ქუდი, მზეზე რომ არ გადავხურდე და ნატურალური ქსოვილის კაშნე ოფლის მოსაწმენდად. გრძელსახელოიან პერანგებს კი მწერებისგან თავის დასაცავად ვიცვამ.

ჩემი საქმიანობით ტელევიზიები დაინტერესდნენ – ალბათ, მეტყობოდა, რომ სიხარულით და სიყვარულით ვაკეთებდი ჩემს საქმეს. მერე “რუსთავი 2-მა” დილის გადაცემაში თხუთმეტი წუთი დამითმო და უკვე ფართო აუდიტორიამაც გამიცნო.

– რა შეცვალა პოპულარობამ თქვენს ცხოვრებაში?

– ახლაც ისევე ვცხოვრობ, როგორც ოცი წლის წინ, მხოლოდ მასშტაბებია სხვა. დამოკიდებულება არც მცენარეების მიმართ შემცვლია, არც ადამიანების მიმართ. ისევ ბაღში ვარ, ისევ ვხეხავ, ისევ ვრეცხავ, ვუვლი მცენარეებს, ნივთებს – ჩემ გარშემო ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს, თორემ თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობ.

მეამაყება, რომ ხალხი გვენდობა. ჩვენც ვცდილობთ, იმედი არ გავუცრუოთ და საინტერესო ამბები დავახვედროთ. მაგალითად, სკოლებისთვის მწვანე გაკვეთილებს ვატარებთ. ბავშვები სიხარულით მოდიან და კიდევ უფრო გახარებულები ბრუნდებიან შინ.

ჭიშკრიდან მოშორებით ერთი სკამი მიდგას, იქიდან ვაკვირდები სტუმრების პირველ რეაქციას. სახე უნათდებათ, სისუფთავის, სიმშვიდის განცდა ეუფლებათ.

დღეს ბაღის წინ ქუჩის დაგვით ვიწყებ. არ მესმის მათი, ვინც სადარბაზოს, სახლის გარშემო არეს არ უვლის. ფანჯრის რაფაზე ქოთნით ყვავილის დადგმა ხომ მაინც შეუძლიათ?! იმის მაგივრად, რომ თავად შეავლონ ხელი უსახურ ბარიკადებს, სხედან და მერიას შეჰყურებენ...

ავტოპოტრეტი

– ფიცხი ვარ, როგორც ყველა გურული, მოუთმენელი, კატეგორიული, პრინციპული... ხისტი და ცოტა უხეშიც, განსაკუთრებით – როცა საქმე ბაღს და მცენარეებს ეხება. რასაც ვაკეთებ, მთელი გულით ვაკეთებ. იმავეს ვითხოვ სხვებისგანაც.

ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა და რა – არა. ზოგმა არ იცის, რა უნდა, ზოგს კი საერთოდ არაფერი უნდა. ეს ძალიან გამაღიზიანებელია.

სპორტული ვარ-მეთქი, ვერ მოგატყუებთ. ჩემს დღეში ფეხბურთი არ მითამაშია. გემრიელი ჭამა-სმა მიყვარს, მეტყობა კიდეც. ჩემი ცხოვრების წესს ჯანსაღს ვერაფრით დაარქმევთ, თუმცა ეს კია, რომ პროფესიის წყალობით სულ მოძრაობაში ვარ.

მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო ყველას. ვფიქრობ, საუკეთესო წამალი კარგი განწყობაა. თუ ძალიან მოინდომებ, კარგად იქნები.

 თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: