მზის ჩასვლის შემდეგ - ღამის ძილი ჩვილებში

გააზიარე:

ყველა ადამიანს ცხოვრების საკუთარი რიტმი აქვს, რომელიც ღამის ჯანსაღი ძილის გარეშე წარმოუდგენელია. როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება, ყველაფერი იცვლება – როგორც მშობლების გეგმები და ჩვევები, ისე მათი დამოკიდებულებაც ზოგიერთი მოვლენის მიმართ.

მშობლის როლი დღის განმავლობაში რადიკალურად განსხვავდება იმ როლისგან, რომელიც მზის ჩასვლის შემდეგ უნდა მოირგოთ. ძილი არ არის ისეთი რამ, რასაც ვინმეს დააძალებ – ახალშობილს თუ მოზრდილს. იყო კარგი მშობელი ღამით, არ ნიშნავს, მხოლოდ დააძინო პატარა. ეს მთელი ხელოვნებაა, რადგან სიცოცხლის პირველი დღეებიდანვე შემუშავებული დისციპლინა, გარემო და დამოკიდებულება ახალშობილისა და მის დასვენების რეჟიმის მიმართ განსაზღვრავს პიროვნების დამოკიდებულებებს ზრდასრულ ასაკში.

დაე, იტიროს

ბავშვის აღზრდის სახელმძღვანელოებში 1900 წელს გაჩნდა ძილისადმი ისეთი მიდგომა, როგორიცაა "დაე, იტიროს". მას შემდეგ მან მრავალგვარი მოდიფიკაცია განიცადა, თუმცა დღემდე მაინც საკამათოდ რჩება. ზოგი მას ახალშობილისადმი სისასტიკედ აღიქვამს, ზოგის აზრით კი ეს საკმაოდ ეფექტური მიდგომაა და როგორც მშობლისთვის, ისე ბავშვისთვისაც დიდი სარგებლობა მოაქვს.

დღეს ძილის პრობლემები როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს შორისაც საკმაოდ ხშირია, რის გამოც მსოფლიოში ძილის შემსწავლელი უამრავი სამედიცინო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა. შესაბამისად, იმისთვის, რომ რამე გირჩიოთ ან თავად შეიმუშაოთ რამე მიდგომა, ბავშვის ძილის თავისებურებათა შესახებ გარკვეული ინფორმაცია უნდა გქონდეთ.

ფაქტები ძილზე

ხომ გაგიგონიათ გამოთქმა, ბავშვივით სძინავსო? როდესაც მეცნიერულად გაერკვევით ბავშვის ძილის ფაზებსა და მათ თავისებურებებში, არასოდეს ინატრებთ ბავშვივით ძილს.

ღამით დიდებიც და პატარებიც ძილის რამდენიმე ფაზას გადიან.

ზრდასრული ადამიანის ძილის ციკლი მოიცავს ღვიძილს, თვლემას, ღრმა ნელ ძილს და პარადოქსულ (სწრაფ) ძილს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო ორია.

ჩაძინებისას ადამიანი ნელ-ნელა ეშვება ძილის პირველ ფაზაში. ამ დროს სუნთქვა ხდება მოწესრიგებული და მშვიდი, სხეული მოდუნებულია, ტვინის ფუნქციური აქტივობაც – დაქვეითებული, თვალის კაკლები კი ნელა მოძრაობს, ამიტომ პირველ ფაზას, მეორის საპირისპიროდ, non-REM (rapid eye movement – თვალების სწრაფი მოძრაობა) ეწოდება. ის 1-1,5 საათის განმავლობაში გრძელდება.

ამის შემდეგ ტვინის აქტივობა ნელ-ნელა იმატებს და ძილი აქტიურ – REM ფაზაში გადადის. ამ დროს თვალის კაკლები შესამჩნევად, სწრაფად მოძრაობს, ორგანიზმი შედარებით ფხიზლობს. ტვინის უმაღლესი ცენტრები აქტიურდება და მენტალურ ვარჯიშს იწყებს – სწორედ ამ ფაზაში ხედავს ადამიანი სიზმრებს. ამ დროს გარეგან თუ შინაგან გამღიზიანებელს (მაგალითად, ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებას) ადვილად შეუძლია მისი გამოღვიძება, თუმცა ადვილადვე იბრუნებს ძილს.

ეს ციკლი ღამის განმავლობაში რამდენჯერმე მეორდება. მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი ძილის პირობებში ადამიანს ჰგონია, რომ მთელი ღამე კარგად ეძინა, სინამდვილეში ის ძილის ერთ მეოთხედს პარადოქსული (სწრაფი) ძილის ფაზაში ატარებს.

ბავშვის ძილი

ბავშვებს არა მარტო ჩაძინების, არამედ თვითონ ძილის პროცესიც უფროსებისგან განსხვავებული აქვთ. ახალშობილს ძილის ციკლი უფრო მოკლე აქვს, ძილი – უფრო ფრთხილი და ზედაპირული და უფრო ხშირადაც ფხიზლდება.

წარმოიდგინეთ, რომ თქვენს პატარას ღამით დიდი ადამიანივით ღრმად სძინავს და იშვიათად იღვიძებს. ეს, ალბათ, ბევრი მშობლის ოცნებაა. მაგრამ ბავშვის ძილის სპეციფიკურობას თავისი მიზეზები აქვს. თუ პატარას ძილის დროს შესცივდა, მოშივდა ან რამე დისკომფორტი იგრძნო, მან უნდა ანიშნოს მშობლებს, რომ დახმარება სჭირდება. ამიტომაც გახდა ევოლუციურად ახალშობილის ძილი ასეთი ფრთხილი და ზედაპირული, რათა ორგანიზმი, მისი მოთხოვნილებების შესაბამისად, ადვილად გამოფხიზლდეს.

ბავშვის ძილის სასარგებლო მხარეები

ძილის სპეციალისტები ამბობენ, რომ ზედაპირული ძილის დროს ტვინი მენტალურ ვარჯიშს ასრულებს. ახალშობილის ტვინი დღის განმავლობაში აღქმულ ვიზუალურ ხატებს ამუშავებს. ეს ავტოსტიმულაცია ხელს უწყობს ტვინის განვითარებას.

როდის დაიწყებს ბავშვი გადაბმულ ძილს?

ასაკი, როდესაც ბავშვის ძილის პროცესი უფროსებისას უახლოვდება, ინდივიდუალურია. ზოგ პატარას არ უჭირს ჩაძინება, მაგრამ უჭირს ძილის გახანგრძლივება და ადვილად და ხშირად ეღვიძება, ზოგი კი პირიქითაა – ჩაძინებას დიდხანს ანდომებს, მაგრამ უშფოთველად სძინავს.

სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში ძილი კვებაზეა დამოკიდებული – ბავშვს უფრო ხშირად შივდება, შესაბამისად, ხშირად იღვიძებს, ჭამს ცოტ-ცოტას და ძილის ხანმოკლე პერიოდები აქვს. ამ ასაკში ის დღისა და ღამის რეჟიმებს დიდად ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან, დღე-ღამის განმავლობაში კი 14-18 საათი სძინავს.

სამიდან ექვს თვემდე ასაკის პატარები უკვე ეგუებიან გარემოს. მათ უფრო მეტხანს ღვიძავთ, ღამით კი შეიძლება 5-6 საათი ეძინოთ გადაბმულად და სულ 1-2-ჯერ გამოეღვიძოთ.

ბავშვის ზრდასთან ერთად ხანგრძლივდება ღრმა ძილის ფაზა, ზედაპირული ძილისა კი მოკლდება, შესაბამისად, ღამით გაღვიძებაც იშვიათდება. ამ პროცესს ძილის დაღვინება (sleep maturity) ეწოდება.

თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება. რაც უფრო მეტად ვითარდება და რაც უფრო მეტს სწავლობს პატარა, როცა თავისი სიცოცხლის მნიშვნელოვან ეტაპებს გადის (კბილები ამოსდის, სწავლობს გადატრიალებას, ხოხვას, სიარულს) – მით უფრო ხშირად ჩნდება მის ნერვულ სისტემაში გამომაფხიზლებელი სტიმულები. ამ დროს ბავშვი ხშირად იღვიძებს, რათა ახლად ნასწავლი უნარები გამოიყენოს ან გაივარჯიშოს.

როგორ გავხდეთ კარგი მშობლები ღამით?

უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, როგორი დამოკიდებულება აქვს მშობელს ბავშვის ღამის ძილის მიმართ.

თუ თქვენს პატარას ხშირად ეღვიძება, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი მშობელი ხართ. არ არსებობს უნივერსალური მეთოდი, რომელიც ყველას დააძინებს. ზრდასრულთა მსგავსად, პატარებსაც აქვთ თავიანთ ხასიათი, ტემპერამენტი და ჩვევები. ასე რომ, ძილის რეცეპტიც თითოეული მათგანისთვის ინდივიდუალურია.

პატარები ან იბადებიან ძილისგუდებად, ან შემდეგ ხდებიან ასეთები, მაგრამ ძილის იძულება დაუშვებელია. სპეციალისტები გირჩევენ, რაც შეიძლება მეტი ხერხი მოსინჯოთ. რომელიმე აუცილებლად მოერგება თქვენს პატარას. თუმცა არსებობს უნივერსალური რჩევებიც. 

როგორ მოვიქცეთ დღისით?

ის, რაც ღამით ხდება, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, როგორ ჩაიარა დღემ. იმისთვის, რომ მშვიდად გაატაროს ღამე, პატარა დღისით არ უნდა გადაიტვირთოს – არ აღმოჩნდეს ზედმეტად ხმაურიან გარემოში, დღის რეჟიმი მოწესრიგებული  ჰქონდეს.

ახალშობილებს უჭირთ გარემოსთან ადაპტირება – მათი ფიზიოლოგიური სისტემები ჯერ კიდევ გაუმართავია, ამიტომ წესრიგი სჭირდებათ, რაც კვებისა და ძილის მწყობრ მონაცვლეობასაც გულისხმობს. შეაჩვიეთ პატარა დღისით ხშირად კვებას; ასევე იმასაც, რომ დღე კვებისთვისაა, ღამე კი – ძილისთვის.

სასურველია, დღის განმავლობაში დიდხანს ატაროთ ბავშვი სლინგით – ეს მის კვებას გაამარტივებს. ამასთან, მშობლის ახლოს ყოფნა და მისი ყოველდღიური რუტინის გაზიარება პატარებს ამშვიდებს, განსაკუთრებით – ისეთ პატარებს, რომლებიც ადვილად ღიზიანდებიან, შფოთავენ და ტირიან.

ბავშვის ძილის პირობები

სად ჯობია ეძინოს პატარას – მშობლების საწოლში, თავის საწოლში თუ სხვა ოთახში, ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ოჯახის შესაძლებლობებზეც არის დამოკიდებული. სპეციალისტები ხშირად უწევენ რეკომენდაციას სიცოცხლის პირველ თვეებში ერთად ძილს – მშობელი და ჩვილი ასე უფრო ეჩვევიან ერთმანეთს.

ნუ მოერიდებით ექსპერიმენტებს ბავშვის ჩაცმულობასთან დაკავშირებით. წინასწარ არავინ იცის, როგორ გარემოში მოეწონება თქვენს პატარას ძილი. შესაძლოა, ყველაზე მყუდროდ საძილე ტომარაში იგრძნოს თავი, განსაკუთებით – ზამთარში; შესაძლოა, თავის საწოლში ერჩივნოს, საბანში ჩაფუთნულს; შესაძლოა, სითბოსა და სიახლოვის მოყვარული იყოს და ყველაზე უშფოთველად მშობლებთან ეძინოს.

ამასთან ერთად, გახსოვდეთ: პატარები ძალიან სწრაფად იცვლებიან. შესაბამისად ეცვლებათ ტემპერამენტიც და მოთხოვნილებებიც. ასე რომ, თუ გეგონათ, რომ ამოცანის ამოხსნას მიაგენით, მაგრამ მალევე დაინახეთ, რომ რაღაც შეიცვალა და პატარას ძველებური რეჟიმი აღარ მოსწონს, ნუ შეშინდებით, ძებნა გააგრძელეთ.

როგორ განვაწყოთ პატარა ძილისთვის?

ვინაიდან ძილს ვერავის დააძალებ, მშობლის მისია ბავშვისთვის ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც მას ძილისთვის განაწყობს. "დაე, იტიროს" მიდგომას განგებ ავუვლით გვერდს, რადგან სპეციალისტები და გამოცდილი მშობლები სიცოცხლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში მის გამოყენებას არ გვირჩევენ. ახალშობილობის პერიოდი მშობლებსა და შვილს შორის ნდობის ჩამოყალიბების პერიოდია, ამიტომ ბავშვის საჭიროებებისა და ყურადღების მოთხოვნილების უგულებელყოფა არ შეიძლება.

რეჟიმი და ისევ რეჟიმი!

ყოველდღიური რუტინა მშობლების საუკეთესო დამხმარეა. მიაჩვიეთ პატარა დროის ერთსა და იმავე შუალედებში კვებას, გამოცვლას, სეირნობასა თუ ბანაობას, ასევე – დღის განმავლობაში თქვენთან ერთად ძილს.

პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში, როცა უფრო მეტ ენერგიას ხარჯავთ, ვიდრე აღიდგენთ, შეიმუშავეთ შუადღის ძილის ტაქტიკა იმ დროს, როცა თქვენთვის იქნება მოხერხებული. ისე არაფერი ამშვიდებს პატარას, როგორც მშობლის გულმკერდზე ძილი. შეეცადეთ, ისე მოაწყოთ, რომ შიმშილმა ან გამოსაცვლელმა პამპერსმა შუადღის დასვენება არ დაგირღვიოთ.

ძილისპირული რიტუალები

როცა ბავშვთან უმეტესად დედაა, მამიკო კი საღამოს ბრუნდება სამსახურიდან, რა თქმა უნდა, მასაც სურს პატარასთან ურთიერთობა და მასზე ზრუნვაში მონაწილეობა.

შეგიძლიათ, ძილის წინ რამე საერთო რიტუალი შეიმუშაოთ, რომელიც ჩვილს ძილისთვის განაწყობს და დროთა განმავლობაში დასვენების სიგნალად იქცევა (წარმოიდგინეთ, რომ ბავშვის ტვინი კომპიუტერია, რომელიც უამრავ ინფორმაციას იღებს, ალაგებს და საბოლოოდ ლოგიკური ჯაჭვის სახეს აძლევს). მაგალითად, ძილის წინ ჩააწვინეთ თბილ აბაზანაში, უმღერეთ იავნანა, გაუკეთეთ მსუბუქი მასაჟი ან მასთან ერთად ჩაჯექით სარწეველა სავარძელში და არწიეთ.

გულზე დაწვენა ბავშვის დამშვიდებისა და დაძინების კიდევ ერთი ტექნიკაა, რომელსაც ორივე მშობელი თავს გაართმევს წარმატებით. როცა პატარა თქვენს გულმკერდზე ან მკლავებში დაიძინებს, მაშინვე ნუ გადააწვენთ საწოლში. აცადეთ, სანამ ძილი – უფრო ღრმა, სუნთქვა კი თანაბარი არ გაუხდება. ასე თავსაც დაიზღვევთ, რომ უეცარი მოძრაობის გამო არ გამოეღვიძოს.

ხელის შემშლელი პირობების აღკვეთა

ძილისთვის ხელის შემშლელი ბევრი მიზეზი არსებობს. პირველი კბილების ამოჭრაა. ეს პროცესი ყველა ბავშვთან ინდივიდუალურად მიმდინარეობს. ის შეიძლება 3 თვიდან 2 წლამდე გაგრძელდეს სხვადასხვა ინტენსივობითა თუ პერიოდულობით. ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ვერ შეაჩერებთ, თუმცა ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების დახმარებით სიმპტომების შემსუბუქება შეიძლება.

მომდევნო პრობლემა სველი პამპერსია. ძნელია, პატარა მის გამოსაცვლელად გააღვიძო. თუ ბავშვს სველი პამპერსი ან ამით გამოწვეული გამონაყარი არ აწუხებს და ამის გამო არ ეღვიძება, პედიატრები გვირჩევენ, სიმშვიდე არ დავურღვიოთ.

ყველაზე ხშირად ახალშობილს შიმშილი აღვიძებს. ამ ასაკის ბავშვის საჭმლის მომნელებელი სისტემა პატარა ულუფებსა და ხშირ კვებაზეა გათვლილი, ამიტომ მას 3-4 საათში ერთხელ სჭირდება კვება. პატარას ენერგეტიკული მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს, ეცადეთ, დღის განმავლობაში ინტენსიურად კვებოთ, რათა ღამით დამატება ნაკლებად დაგჭირდეთ.

ხშირია ალერგიის გამო ძილის დარღვევაც. ამ დროს პატარებს ცხვირი ეჭედებათ, სუნთქვა უჭირთ და ტირიან. იზრუნეთ საწოლი ოთახის სისუფთავეზე, ნუ გამოიყენებთ მძაფრ პარფიუმს, არასაბავშვო სარეცხ საშუალებებს. სეზონის შესაბამისად არეგულირეთ ოთახის ტემპერატურა და ტენიანობა.

რაც უფრო იზრდება ბავშვი, გარემოს მიმართ მით უფრო მგრძნობიარე ხდება. თუ ჩვილ ასაკში ხმაური ჩვეული ამბავი იყო მისთვის და არ აღვიძებდა, დროთა განმავლობაში, როცა ხმების აღქმასა და გარჩევას ისწავლის, უცნობი ხმები ძილს დაუფრთხობს, ამიტომ ეცადეთ, მოარიდოთ ხმაურს და კომფორტული გარემო შეუქმნათ.

ჯანმრთელობის პრობლემები

ზოგჯერ ესა თუ ისე სამედიცინო პრობლემა უეცრად იჩენს თავს და ძილის დარღვევით ვლინდება. ეს შეიძლება იყოს მუცლის ტკივილი, ყურის ინფექცია, გაციება, საშარდე გზების ინფექცია, ჭიები...

თუ ღამით უძილობა ჯანმრთელობის პრობლემებითაა გამოწვეული, ამას დაკვირვებული მშობელი აუცილებლად მიხვდება – პატარა ამ დროს უფრო ჭირვეული ხდება, წრიალებს, ტირის და ძნელად მშვიდდება. რა თქმა უნდა, ავადმყოფობის სხვა სიმპტომებიც იჩენს თავს. თუ ასე მოხდა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იმისთვის, რომ ღამით კარგი მშობლობა გაუწიოთ პატარას, გახსოვდეთ: მთავარია, ისეთი პირობები შეუქმნათ, რომლებიც ძილსაც მოანდომებს და ძილის გახანგრძლივებასაც შეუწყობს ხელს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ: მშობლის მიზანი ის კი არ არის, ბავშვს რაც შეიძლება მეტხანს და ღრმად ეძინოს, არამედ ის, რომ მან ძილი სასიამოვნო და საჭირო პროცესად აღიქვას.

 სესილი ცირეკიძე

გააზიარე: