ტკბილი ძილისპირული

გააზიარე:

უძილობა, დარღვეული ძილი, გაჭიანურებული ჩაძინება, ძილისწინა სცენები და ჭირვეულობა მრავალი მშობლისთვის მტკივნეული თემაა.

ხშირად ბავშვს დაღლილობისგან თვალები ეხუჭება, მაგრამ არამცთუ ძილზე, ლოგინში ჩაწოლაზეც კი უარს ამბობს. საკუთარი ნებით ასეთი ბავშვები თითქმის არასოდეს იძინებენ და ნებისმიერ წინადადებას, სადაც საწოლი ოთახი ფიგურირებს, ისტერიკით 
პასუხობენ. ისეც ხდება, რომ ბავშვს საწოლში “ვიტყუებთ“, მაგრამ ვერაფრით “ვაიძულებთ“, თვალები დახუჭოს და დაიძინოს.
თუ ასეთია თქვენი ჩვეული ყოველდღიურობა, სტატია სწორედ თქვენთვისაა.
თავდაპირველად იმის გარკვევა ვცადოთ, რას ნიშნავს ბავშვისთვის დაძინება.
ჩვენ, უფროსებმა, ვიცით, რომ ძილი ფიზიოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც განსაზღვრავს თავის ტვინის მრავალი სტრუქტურის კოორდინაციული მოქმედება, რომ ძილი აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი პირობაა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რომ ძილი გვეხმარება დახარჯული ენერგიის აღდგენაში და მის გარეშე ადამიანი, უბრალოდ, ვერ იარსებებს, რომ ღამით ადამიანს აუცილებლად უნდა ეძინოს, რათა თავი დღისით მხნედ და ჯანსაღად იგრძნოს. მოკლედ, ვიცით, რატომ უნდა გვეძინოს, როდის უნდა დავიძინოთ და რა სარგებლობა მოაქვს ძილს.
ახლა წარმოიდგინეთ, რომ სამი წლის ხართ, თუნდაც ოთხის ან ექვსის. ირგვლივ იმდენი საინტერესო რამ ხდება, იმდენი გასართობია, იმდენი რამაა შესასწავლი, გასაფუჭებელი, მაგრამ ყველა ეს საინტერესო საქმიანობა უეცრად უნდა შეწყდეს, მხოლოდ იმისთვის, რომ გაუნძრევლად დაწვე და დაიძინო! ეს დიდი უსამართლობაა!
სწორედ ასე აღიქვამს ბავშვების უმრავლესობა დაძინებას. ძილისთვის მზადება ნიშნავს თამაშის შეწყვეტას, თანატოლებთან, მშობლებსა და სხვა უფროსებთან გამოთხოვებას (უფროსებთან, რომლებიც, სხვათა შორის, სულაც არ აპირებენ დაძინებას – თავიანთ საინტერესო საქმიანობებს აგრძელებენ) და ბნელ, მოსაწყენ ოთახში განმარტოებას, სადაც, კაცმა არ იცის, რა იმალება საწოლის ქვეშ ან ფარდის უკან (ბავშვების წარმოდგენით, ეს სწორედ ის სამალავებია, რომლებიც მგლებსა და ბუებს აქვთ ამოჩემებული).
ახლა ისიც გაიხსენეთ, თავად როგორ არ გინდოდათ დათქმულ დროს, სატელევიზიო ძილისპირულის შემდეგ, მშობლების დაჟინებული მოთხოვნით იმავეს კეთება და აღარ გაგიჭირდებათ საკუთარი შვილის გაგება, მისი საქციელის „გამართლება“.
როგორ მოვიქცეთ? ბავშვს უფლება მივცეთ, მაშინ დაიძინოს, როცა თავად მოისურვებს, დაველოდოთ, როდის მოერევა ძილი და უკვე ჩაძინებული გადავიყვანოთ თავის საწოლში თუ ძალით, ისე, რომ ისტერიკას ყურადღება არ მივაქციოთ, ჩავაწვინოთ საწოლში?
ცხადია, არა. პირველი, რასაც უნდა მივაღწიოთ, არის ის, რომ ბავშვს შევაგნებინოთ – ძილი აუცილებელი და გარდაუვალია და კამათი და ჯიუტობა მას ვერ გადაავადებს.
საერთოდ, ბავშვები, გამოცდილი ფსიქოლოგების მსგავსად, აკვირდებიან და შეისწავლიან გარშემო მყოფების საქციელს და მიზეზშედეგობრივ კავშირს საკუთარ ქცევასა და მშობლის რეაქციას შორის მალევე ადგენენ. ორი წლიდან პატარას უკვე მშვენივრად შეუძლია განსაზღვროს, რა საქციელისთვის დაიმსახურებს ქებასა და კეთილგანწყობას, ასევე – როგორ შეიძლება სასურველის მიღება და რა “მეთოდით” მიაღწიოს მიზანს უფრო მალე. შესაბამისად, თუ მას არაერთხელ გაუვიდა ტირილი და ფეხების ბაკუნი, სავარაუდოდ, იგი ამ ქცევას განიმტკიცებს, მეთოდებს დახვეწს და შეეცდება, საწადელის მისაღებად ნაცადი ხერხი გამოიყენოს. ამიტომ შეეცადეთ, თავიდანვე არ წამოეგოთ ხაფანგს. გახსოვდეთ: კაპრიზი და ისტერიკა, ისევე როგორც ბავშვის მხრიდან “სამოქალაქო დაუმორჩილებლობის” ყოველგვარი გამოვლინება, თქვენს სამართავად დადგმული აქტია და ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ რეაქციას.
თუ ბავშვს არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე თავისებურება, საუკეთესო გამოსავალი ისტერიკის უყურადღებოდ დატოვებაა, თუმცა ვცადოთ, საკითხს სხვა კუთხით მივუდგეთ და ძილისწინა პერიოდი წინასწარ და ისე გულმოდგინედ  დავგეგმოთ, რომ მსგავსი “დადგმების“ იძულებით მაყურებლებად არ ვიქცეთ.
პირველ რიგში, ვისაუბროთ იმაზე, რისი გაკეთება არ ღირს ძილის წინ არავითარ შემთხვევაში:
. არ გირჩევთ ბავშვთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების გამართვას საწოლ ოთახში შესატყუებლად. ასე ზედმეტად გაათამამებთ მას. თანაც ნაკლებსავარაუდოა, რომ ბავშვს გამოელიოს არგუმენტები საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად. ფრაზა “არ მეძინება“ კამათს დაუსრულებელ და მომქანცველ პროცესად აქცევს.
. ნუ ეცდებით ბავშვის მოსყიდვას სათამაშოებისა და საჩუქრების დაპირებით. ასე ბავშვი სპეკულაციას მიეჩვევა, თქვენ კი ზედმეტი თავსატეხი გაგიჩნდებათ – ყოველ ჯერზე ახალი ჯილდოს მოფიქრება არცთუ სახარბიელო საქმეა.
. დაუშვებელია “უფლებამოსილების გადამეტება” და ბავშვის იძულება საძინებელში გადასაბარგებლად. მართალია, საწადელს მიაღწევთ, მაგრამ ძილი კიდევ უფრო უსიამოვნო და პრობლემურ ვალდებულებად იქცევა.
. ერიდეთ ბავშვის ემოციურად და ფიზიკურად გადატვირთვას საღამოს საათებში. მაგალითად, რვა საათზე ნაჩუქარი დიდი ხნის ნანატრი სათამაშო, პრაქტიკულად, გარანტიაა იმისა, რომ ბავშვს ჩვეულ დროს ჩაძინება გაუჭირდება. ემოციურ გადატვირთვას ხელს უწყობს ასევე ტელევიზორი და კომპიუტერული თამაშები. სწრაფად ცვალებადი კადრები, აგრესიული ხასიათის მულტფილმები და საბავშვო ფილმები (დღესდღეობით კი საბავშვო მედიაპროდუქციის უმრავლესობა სწორედ ასეთია) ღლის და აღაგზნებს ბავშვის ფსიქიკას. აღსანიშნავია ისიც, რომ საღამოს საათებში დაუშვებელია ბავშვთან დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი ურთიერთობა. მშობელი უნდა მოერიდოს საღამოს ბავშვის დატვირთვას ფიზიკურად აქტიური თამაშებითაც. ენერგიის მარაგი, უმჯობესია, დღისით და სუფთა ჰაერზე დაიხარჯოს.
. არავითარ შემთხვევაში არ დააშინოთ ბავშვი ძილის წინ ბუათი და გუდიანი კაცით, რომლებიც ჯიუტ, გაუგონარ ან ისეთ ბავშვებს იტაცებენ, ვისაც ჯერ არ სძინავს. მფრთხალი, მხდალი და დაშინებული ბავშვი გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე ძილისწინა თავსატეხი.
წინასწარ და სიფრთხილით შეარჩიეთ ძილისპირული ზღაპარიც (ამაზე დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ).

როგორ მოვამზადოთ ძილისთვის ბავშვი სწორად, შფოთვისა და აღელვების გარეშე?
თავდაპირველად სწორად შეარჩიეთ დრო.
პედიატრების დაკვირვებით, ბავშვის დასაძინებლად საუკეთესოა დრო 19.00-დან 21.30 საათამდე. დროის შერჩევისას გაითვალისწინეთ ოჯახის ყოველდღიური რიტმი (მაგალითად, მშობლების სამსახურიდან დაბრუნების დრო), ბავშვის ასაკი (რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო ახლოს უნდა იყოს დაძინების დრო ქვედა ზღვართან) და მისი თავისებურებები (რამდენ ხანს ანდომებთ ბავშვის მოწესრიგებას დასაძინებლად – დაბანას, ვახშამს და ა.შ.)

ძილისწინა რიტუალი
ეს არის აუცილებელი რუტინა, რომელიც ერთგვარ გარდამავალ რგოლად უნდა იქცეს თამაშის დასრულებასა და ძილისწინა პროცედურებს შორის.
მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლისთვის ნამდვილად არ იქნება რთული ამ “რიტუალის“ ბავშვისთვის საყვარელ და სასიამოვნო საქმიანობად ქცევა. უამრავი რამ შეიძლება მოიფიქროთ. მაგალითად, დაღლილ-დაქანცული სათამაშოების “დაძინება“, რათა მათაც მოახერხონ დასვენება მომავალი დღისთვის. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისთვის შეიძლება სპეციალური დღიურის შემოღებაც, სადაც ჩაინიშნავთ დღის განმავლობაში მომხდარ საინტერესო ან უცნაურ ამბებს. შეიძლება რაიმე ახალი სიუჟეტის მოფიქრება – მიეცით გასაქანი ბავშვის ფანტაზიას, მოიგონეთ ახალი პერსონაჟები ან გადააკეთეთ ძველი ზღაპრები თქვენი შეხედულებისამებრ. დღეების დასახასიათებლად შემოიღეთ “კოდური ეპითეტები“. მაგალითად, ცხელი და გრძელი დღე შეიძლება შეადაროთ კუს (“დღეს კუს დღე იყო”), ცელქობითა და თამაშით დატვირთული – მაიმუნს (“მაიმუნის დღე”), ნაირ-ნაირი მოვლენით გამორჩეული დღე – თუთიყუშს (თუთიყუშის დღე); თუ ბავშვმა იშრომა, იმეცადინა ან რაიმე სასარგებლო საქმე გააკეთა – ეს ფუტკრის დღე იყოს. აქვე დაგეგმეთ ხვალინდელი დღეც (“ნეტავ ხვალ თუთიყუშის დღე იყოს”). ეს შესანიშნავია ურთიერთობის გასამყარებლად და ბავშთან სულიერი სიახლოვის ჩამოსაყალიბებლად.
დამეთანხმებით, რომ ბავშვთან გულწრფელი, მეგობრული დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. წესისამებრ, ჩვენ ცალმხრივად ვითხოვთ მათგან უშუალო და გულღია ურთიერთობას. ძილისწინა პერიოდი კი მშვენიერი დროა ბავშვთან ორმხრივი, გულახდილი და მეგობრული ურთერთობის დასამყარებლად. სცადეთ და თავად მოუყევით რაიმე იმ მოვლენებიდან, რაც დღის განმავლობაში გადაგხდათ, თანაც ისე, როგორც საუკეთესო მეგობარს მოუყვებოდით (ცხადია, ბავშვისთვის შესაფერისი თემა უნდა შეარჩიოთ). ეს იქნება თითქმის ასპროცენტიანი გარანტია იმისა, რომ თქვენსა და თქვენს შვილს შორის არ იარსებებს საიდუმლო და უკვე მოზრდილ ასაკში ბავშვს თქვენთვის გულის გადაშლა აღარ გაუჭირდება.

მშვიდი სტიქია – წყალი
თბილი წყლის აბაზანა და შხაპი ბავშვს ამშვიდებს.
თუ აბაზანისთვის ემზადებით, შეიძლება წყალში სპეციალური ზეთების ან დამამშვიდებელი ნაყენების ჩამატება, შხაპს კი, გარდა ჰიგიენური დანიშნულებისა, მთელი დღის ნაგროვები შფოთვისა და უსიამოვნების ჩამომრეცხავის ფუნქციაც შეგიძლიათ მიანიჭოთ.
წყალში მშვიდი თამაში სიამოვნებას მოჰგვრის პატარას და სასიამოვნოდ მოთენთავს მას (ბავშვებს ძალიან მოსწონთ, როცა სათამაშოებს აცურავებენ წყალში, ან ერთი ჭურჭლიდან მეორეში ასხამენ წყალს). ეს აქტივობა დაასრულეთ კბილების გამოხეხვით და სხვა ჰიგიენური პროცედურებით.

საყვარელი პიჟამა
ეს არცთუ უმნიშვნელო დეტალია. აუცილებელია, ბავშვს მოსწონდეს სამოსი, რომელშიც მთელი ღამის გატარება მოუწევს. პიჟამა უნდა იყოს ნატურალური ქსოვილისა, რბილი და თბილი, სეზონის მიხედვით შერჩეული. ერიდეთ ჭყეტელა და უხეშაპლიკაციებიანი ქსოვილისგან შეკერილ ღამის სამოსს. სასურველია, პატარას პიჟამა უკვე საწოლში ჩააცვათ.

ზღაპარი – ბავშვებისთვის მორგებული სიბრძნე
ზღაპარი ამოუწურავი შესაძლებლობებისა და გასაოცარი თვისებების მქონე ხალხური სიბრძნეა. პედაგოგები და ფსიქოლოგები ხშირად მიმართავენ ამ ჯადოსნურ სამყაროს ბავშვებთან სხვადასხვა ტიპის სირთულის გადასალახავად და აღმოსაფხვრელად. ეს საუკეთესო და უმტკივნეულო საშუალებაა ბავშვებთან ფსიქოლოგიური პრობლემების კორექციისთვის.
ზღაპარი ბავშვებისთვის ერთგვარი მზა “რეცეპტის“ ფუნქციასაც ასრულებს სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში სწორი ორიენტირებისთვის.
ძილის წინ ბავშვს საინტერესო და სასარგებლო შთაბეჭდილებებითაც სწორედ ზღაპარი ავსებს.
როგორი უნდა იყოს ზღაპარი?
ეს კითხვა ბევრ მშობელს უჩნდება. ზოგს ის აშფოთებს, რომ ზღაპრებში ხშირად საზარელი ამბებია მოთხრობილი, ზოგს უკვირს, რატომ ითხოვენ ბავშვები ყოველ საღამოს ერთი და იმავე ზღაპრის წაკითხვას, ან რა ნიშნით უნდა შევურჩიოთ ზღაპრები სხვადასხვა ასაკის ბავშვებს.
ეს სწორედ ის საკითხებია, რომლებსაც გვინდა განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ, რადგან, როგორც უკვე ითქვა, ზღაპარი არ არის მხოლოდ გასართობად გამოგონილი ისტორია. მას გაცილებით მეტი შემეცნებითი და პედაგოგიური დატვირთვა აქვს და სასურველია, მის შერჩევას მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ.
ადამიანს წლები და გამოცდილება სჭირდება იმისთვის, რომ სწორი დამოკიდებულება გამოიმუშაოს სხვადასხვა მოვლენის მიმართ. კეთილისა და ბოროტის, ცუდისა და კარგის გარჩევა ყოველთვის ადვილი არ არის. ზღაპარი კი საუკეთესო საშუალებაა, რომ ბავშვმა თავისი ასაკის შესაბამისად შეიმეცნოს საჭირო და გამოსადეგი ინფორმაცია. ადამიანური ურთიერთობები, ღირსება, სიმამაცე, სიკეთე და სხვა მნიშვნელოვანი ღირებულებები უკლებლივ ყველა ზღაპარში ფიგურირებს. აქვეა მხდალი, ბოროტი, მავნე და საშიში პერსონაჟების მთელი გალერეაც. ბავშვი, სიუეჟტიდან გამომდინარე (იგულისხმება ყველა ზღაპრის უმთავრესი პრინციპი – “კეთილმან სძლია ბოროტსა“) თავად აკეთებს არჩევანს და სწორედ ამ მორალის გათვალისწინებით იყალიბებს ქცევის სწორ მოდელს (ბოროტები და მავნეები ყოველთვის მარცხდებიან, კეთილი და გულადი გმირები კი ჯილდოს იღებენ).
საჭიროა თუ არა საშიში პერსონაჟების არსებობა საბავშვო ზღაპრებში?
არათუ საჭირო, აუცილებელია!
დევები, ცხრათავიანი ურჩხულები და კუდიანი დედაბრები ის პერსონაჟები არიან, რომლებიც უცილობლად მარცხდებიან კეთილ და მამაც გმირთან ორთაბრძოლაში. მშობელი, მიუხედავად დიდი სურვილისა, ვერ შეძლებს ბავშვისთვის ჰერმეტული და იდეალური სამყაროს შექმნას. რეალურ ცხოვრებაში, ცხადია, არ არსებობენ ზღაპრული ურჩხულები, მაგრამ შიშისა და ხიფათის წყაროს ნაკლებობა ნამდვილად არ არის. ზღაპრის მოსმენისას განცდილი შიში ერთგვარი “აცრის“ ფუნქციას ასრულებს. სპეციალისტები ლიტერატურულ ტერმინსაც იშველიებენ – ამბობენ, რომ ზღაპარი ერთგვარი კათარზისია, რადგან საშუალებას იძლევა, შიშისა და თანაგანცდის გზით ბავშვს განაცდევინოს “ამგვარ ვნებათაგან განწმენდა“. გარდა ამისა, ბავშვი განიცდის შიშს და რწმუნდება, რომ მისი დაძლევა და დამარცხება შესაძლებელია.
მნიშვნელოვანია ზღაპრების, განსაკუთრებით კი ასეთი საშინელი ეპიზოდების მოყოლისა და წაკითხვის ტექნიკაც. საღამოს, ძილის წინ, ზღაპარი უნდა წავიკითხოთ მშვიდი ინტონაციით, ზედმეტი თეატრალიზაციის გარეშე. გაითვალისწინეთ შვილის ხასიათის თავისებურებები და სურვილები. შესაძლოა, ბავშვს არ უნდოდეს საშინელპერსონაჟებიანი ზღაპრების მოსმენა. ამ შემთხვევაში “გადააკეთეთ“ სიუჟეტი და მოარგეთ ის საკუთარი შვილის გემოვნებას და სურვილს.
ბავშვებს ერთი და იმავე ზღაპრის მოსმენა უყვართ.
უფროსებს გვიკვირს, როგორ არ ბეზრდებათ, ან რატომ ირჩევენ პატარები ათასჯერ მოსმენილ და ლამის დაზეპირებულ ისტორიებს. თანაც ისინი ყურადღებით აკონტროლებენ მოყოლილს და უმნიშვნელო ცვლილებასაც კი ადვილად ამჩნევენ.
საქმე ის არის, რომ ერთი და იმავე ზღაპრის ყოველდღიური გამეორება ბავშვს სტაბილურობის და უსაფრთხოების შეგრძნებას ანიჭებს. იგი ადვილად ახერხებს პეროსნაჟთან იდენტიფიცირებას (საკუთარ თავს აიგივებს მასთან) და მშვიდადაა, რადგან იცის, რა მოხდება მომავალში.

ძალიან სასარგებლო იქნება, კითხვის დასრულების შემდგეგ ხუთიოდე წუთი მოსმენილი ტექსტის გაანალიზებასაც დაუთმოთ. თუ ბავშვმა თხრობა შეკითხვით გაგაწყვეტინათ, პასუხს ნუ დაიზარებთ. ერთად სცადეთ იმის გარკვევა, რა და რატომ ხდება ზღაპარში. აქ მნიშვნელოვანია, მასწავლებლად და მენტორად არ იქცეთ. ნუ დაიწყებთ მზა დასკვნების გამოტანას და ზღაპრის მორალის გარჩევას. იყავით, უბრალოდ, თანამოსაუბრე და შეეცადეთ, კითხვების მეშვეობით ბავშვი სწორ გადაწყვეტილებამდე თავად მივიდეს.
გაარჩიეთ სიუჟეტი და ჩაეკითხეთ პატარა მსმენელს, თვითონ როგორ მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში, ან ამართლებს თუ არა გმირის საქციელს თუ გადაწყვეტილებას. ასეთი ინტერაქტივი საკუთარი შვილის ბევრ ახალ და საინტერესო თვისებას აღმოგაჩენინებთ.
ზღაპრების კითხვა ბავშვებისთვის შეიძლება დაიწყოთ სულ მცირე ასაკიდან. არსებობს კანონზომოერება: ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე ისმენენ ზღაპრებს, ადვილად იდგამენ ენას და გაცილებით მდიდარი და მრავალფეროვანი ლექსიკა აქვთ.
ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მიზანშეწონილია ზღაპრები, სადაც მთავარი მოქმედი გმირები ცხოველები არიან. სამი წლიდან შეიძლება უფრო რთული სიუჟეტისა და პერსონაჟების შერჩევა, ხუთი წლიდან კი ბავშვებისთვის ზედგამოჭრილია ჯადოსნური ზღაპრები, რომლებიც ბავშვურ ლოგიკურ აზროვნებასაც აკმაყოფილებენ და გასაოცარი ამბებითაც ანებივრებენ მათ ფანტაზიას.

დასასრულ, ისღა დაგვრჩენია, საკუთარ შვილთან საინტერესო, სასიამოვნო და უშფოთველი ძილისწინა ურთიერთობა გისურვოთ. ერთად შექმენით დაუვიწყარი და ხალასი მოგონებები ყველაზე უზრუნველ და საყვარელ პერიოდზე, რომელსაც ბავშვობა ჰქვია.

გააზიარე: