ზაფხულის ნაწლავური ინფექციები
გააზიარე:
ზაფხულის დადგომასთან ერთად ადამიანი ბუნებასთან უფრო მჭიდრო კონტაქტში შედის. იმართება ლაშქრობები, ექსკურსიები, იგეგმება სხვადასხვა კურორტზე დასვენება, მშობლებს კი ახალი საფიქრალი უჩნდებათ: როგორ გადაურჩნენ ნაწლავურ ინფექციებს.
ნაწლავური ინფექცია ნაწლავების ანთებითი პროცესია, რომლისთვისაც დამახასიათებელია დიარეა, ხანდახან – ღებინება და მაღალი ტემპერატურა. მისი გამოწვევა შეუძლიათ როგორც ბაქტერიებს, ისე ვირუსებს და უმარტივესებს.
ინფექციური გასტროენტერიტისთვის დამახასიათებელმა დიარეამ და ღებინებამ არასათანადო მართვის შემთხვევაში შესაძლოა გაუწყლოება, წყლისა და ელექტროლიტების მძიმე დანაკარგი გამოიწვიოს, რაც ბავშვებისთვისაა განსაკუთრებით საშიში.
ნაწლავური ინფექცია ნაწლავთა დისფუნქციაა, რომლის დროსაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. მას, როგორც წესი, დიარეაც სდევს თან, თუმცა დიარეა ყოველთვის ნაწლავთა ინფექციაზე არ მიუთითებს – ის შესაძლოა არაინფექციური პროცესებითაც იყოს განპირობებული.
ნაწლავური ინფექციები მთელი წლის განმავლობაში გვხვდება, თუმცა გამომწვევებს სეზონურობა ახასიათებს. ზამთარში ხშირია ვირუსული წარმოშობის ნაწლავური ინფექციები, ზაფხულში კი – ბაქტერიული წარმოშობისა.
ვირუსული გასტროენტერიტის პერიოდი ნოემბრიდან იწყება და მარტის ბოლომდე გრძელდება, გამომწვევი კი უმეტესად ნოროვირუსია, თუმცა ნაწლავური დისფუნქციის გამოწვევა ბევრ სხვა ვირუსსაც შეუძლია, მათ შორის – ზოგიერთი ჯგუფის ადენოვირუსებს, გრიპის ვირუსს და უკანასკნელი პანდემიის გამომწვევ SARS COV-2-ს. გაზაფხულის მიწურულს კი ასპარეზზე გამოდის ბაქტერიული ნაწლავური ინფექცია, რომელსაც ყველაზე ხშირად შიგელა, სალმონელა და ეგრეთ წოდებული ნაწლავის ჩხრი იწვევს.
გამომწვევის იდენტიფიკაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს მკურნალობისა და მისი შედეგისთვის.
რით განსხვავდება ერთმანეთისგან სხვადასხვა მიკრობით გამოწვეული ნაწლავური ინფექციები?
მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ინფექციური აგენტით გამოწვეული დიარეა დაახლოებით ერთნაირად ვლინდება: ნაწლავთა მოქმედება გახშირებულია (აღინიშნება დღე-ღამეში სამჯერ და მეტად), განავლოვანი მასა ჩვეულებრივზე თხელია, ფაღარათს თან ახლავს გულისრევა, ღებინება, ტემპერატურის მატება, – ვირუსული და ბაქტერიული გასტროენტერიტები კლინიკურად მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან: ვირუსული ინფექცია იწყება ღებინებით, ტემპერატურის მომატებით, დიარეა კი ბოლოს ვითარდება, მაშინ როდესაც ბაქტერიულ ინფექციას ავადმყოფობის ამგვარი დასაწყისი ახასიათებს: თავდაპირველად თავს იჩენს მუცლის შეტევითი ტკივილი; ტკივილს მოჰყვება დიარეა, ზოგჯერ (არა ყოველთვის!) – ღებინება და გულისრევაც.
განავლის ხასიათის მიხედვით შეგვძლია წინასწარ ვიმსჯელოთ გამომწვევზე: თუ ვირუსებისთვის ხელსაყრელი დრო დგას, განავალი თხიერია, ყვითელი, არ შეიცავს პათოლოგიურ მინარევებს (ლორწოს და სისხლს), ხოლო კუჭის მოქმედება დღე-ღამეში 8-9-ს აღწევს, საქმე გვაქვს ვირუსულ გასტროენტერიტთან, ბაქტერიული გასტროენტერიტის დროს კი განავალი მომწვანოა, შესაძლოა, შეიცავდეს ლორწოს ან სისხლს.
სისხლიანი დიარეის, ეგრეთ წოდებული ჰემოკოლიტის, მძიმე და საშიში გართულებაა ჰემორაგიულ-ურემიული სინდრომი (HUS), რომლისთვისაც დამახასიათებელია თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰემოლიზური ანემია და თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობის შემცირება). ჰუს-ის მქონე პაციენტთა 50%-ს სჭირდება დიალიზი, სიკვდილიანობა კი 3-5%-ს აღწევს.
ინფექციის წყარო
ნაწლავური ინფექციის წყარო უმეტესად საკვები, წყალი და ის გარემოა, სადაც ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს ატარებს. ამასთანვე, პატარებს უჭირთ დამოუკიდებლად პირადი ჰიგიენის დაცვა – თამაშის შემდეგ, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, ჭამის წინ ხელების საგულდაგულოდ დაბანა და ა.შ.
რა გასაკვირიც უნდა იყოს, ოჯახიც საკმაოდ ხშირად იქცევა ინფექციის წყაროდ – ზრდასრულებთან ნაწლავური ინფექცია უმეტესად მარტივად მიმდინარეობს, ამიტომ დიდი ყურადღება არ ექცევა და უფროსები საერთო ჭურჭლისა და საერთო სივრცის მეშვეობით უნებურად ინფექციის გამავრცელებლები ხდებიან. ამიტომაც შეშფოთებული მშობლების კითხვაზე, სად შეხვდა ნაწლავური ინფექცია მის მცირეწლოვან შვილს, რომელიც ამ დღეებში გარეთ საერთოდ არ გაუყვანია, პასუხი მარტივია.
როგორ მივაგნოთ გამომწვევს
გამომწვევის იდენტიფიკაცია აუცილებელია მკურნალობის სწორი ტაქტიკის შესარჩევად. თავდაპირველად კეთდება განავლის საერთო ანალიზი. ბატერიული ინფექციის შემთხვევაში მასში მომატებული იქნება ლორწო, ლეიკოციტები, ზოგიერთ შემთხვევაში – ერითროციტებიც და, რაც მთავარია. აღმოჩნდება ინფექციის გამომწვევი აგენტი. აქვე უნდა ითქვას, რომ თუნდაც განავლის ბაქტერიოლოგიური ანალიზით გამომწვევი ვერ აღმოაჩინონ, ეს მის არსებობას არ გამორიცხავს. ამ დროს გადამწყვეტი როლი ეკისრება ექიმს, რომელიც განავლის ხასიათისა და კლინიკური სიმპტომების მიხედვით მოახდენს გამომწვევის იდენტიფიცირებას.
ვირუსული გასტროენტერიტების შემთხვევაში განავალში ლეიკოციტები მომატებული არ არის.
განავლის საერთო ანალიზთან ერთად კეთდება სისხლის საერთო ანალიზიც, განისაზღვრება C-რეაქტიული ცილა, შიდა ტოქსინი.
ამ ანალიზების პასუხებზე დაყრდნობით ექიმი სვამს დიაგნოზს და იწყებს მკურნალობას.
როდის მივმართოთ ექიმს
ნაწლავური ინფექციის დროს, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ორგანიზმის წყლითა და ელექტროლიტებით შევსება, რაც იმას ნიშნავს, რომ მშობელმა ინფექციის ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა დაიწყოს ბავშვისთვის ორალური რეჰიდრატაციული საშუალებების (აისოლი, რეჰიდროლის) მიცემა. სიმპტომურ თერაპიას კი ოჯახის ექიმი დაუნიშნავს.
გაითვალისწინეთ: სიმპტომური თერაპია არამც და არამც არ გულისხმობს დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო საშუალებების მიცემას. თუ ტემპერატურა შემაწუხებელი არ არის, არც მისი დამწევი საშუალება ინიშნება, რადგან როგორც სხეულის ტემპერატურის მომატება, ისე დიარეა და ღებინებაც თავდაცვის მექანიზმია, რომლითაც ორგანიზმი ებრძვის გამომწვევს.
თუ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით დაწყებულმა სიმპტომურმა თერაპიამ ორი-სამი დღის განმავლობაში მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვალა, პაციენტი სტაციონარში გადაჰყავთ, უტარებენ ინტრავენურ რეჰიდრატაციას (ფიზიოლოგიური ხსნარისა და ელექტროლიტების გადასხმას ვენაში), ეტიოტროპულ და პათოგენეზურ (გამომწვევის წინააღმდეგ მიმართულ) თერაპიას.
გართულებები
დიარეისა და ღებინების დროს ორგანიზმი უხვად კარგავს სითხეს და თუ სამაგიერო ვერ მიიღო (სწორედ ამისთვისაა საჭირო რეჰიდრატაციული საშუალებები), განვითარდება დეჰიდრატაცია – ორგანიზმის გაუწყლოება. მისთვის დამახასიათებელია პირის სიმშრალე, შარდის ოდენობის შემცირება, მივარდნილობა. მძიმე დეჰიდრატაციის დროს ეცემა არტერიული წნევა და ორგანიზმი ჰიპოვოლემიურ შოკში ვარდება.
გაუწყლოების საშიშროება თეორიულად ნებისმიერ ადამიანს ემუქრება, მაგრამ ახალშობილებისა და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის რისკი გაცილებით მაღალია. ცნობილია, რომ დიარეით გამოწვეული დეჰიდრატაცია მსოფლიოში ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია.
რა ვჭამოთ
ნაწლავური დისფუნქციის დროს კვების რაციონი ექიმთან შეთანხმებით უნდა შედგეს, რათა თავიდან ავიცილოთ სიმპტომების გამწვავება. ჩვილებს რეჰიდრატაციულ თერაპიასთან ერთად შეუფერხებლად უნდა გაუგრძელდეთ ძუძუთი კვება. მეტიც – სასურველია, ვკვებოთ უფრო ხშირად და ხანგრძლივად. ყველა სხვა შემთხვევაში კვება უნდა გაგრძელდეს რეჰიდრატაციული თერაპიის დაწყებიდან არა უმეტეს 4-6 საათის შემდეგ. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს პაციენტი იღებს ასაკის შესაბამის საკვებს. იზღუდება მხოლოდ უჯრედისით მდიდარი პროდუქტები და ძნელად მოსანელებელი ნახშირწყლების შემცველი სასმელები.
როგორ ავიცილოთ თავიდან
* ზედმიწევნით დავიცვათ პირადი, განსაკუთრებით – ხელის, ჰიგიენა.
* დროებით მოვარიდოთ ბავშვები ინფექციური დაავადების მქონე პირთან კონტაქტს.
* კარგად გავრეცხოთ ხილ-ბოსტნეული.
* ვჭამოთ მხოლოდ თერმულად დამუშავებული საკვები.
* უცხო ქვეყანაში ვერიდოთ აუდუღარ წყალს, უმი და ნახევრად უმი თევზისა და ხორცის პროდუქტებს.
* თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, ყველას საკუთარი ჭურჭელი გამოვუყოთ.
თამთა კაპანაძე