პარაზიტები გვიტევენ
გააზიარე:
სხვის ხარჯზე მცხოვრები, უსაქმური, არაფრის მაქნისი, მავნე… ასეთები მხოლოდ ადამიანები არ ყოფილან. ბუნებაში ეს თანაცხოვრების გავრცელებული ფორმაა. ბალახი რომ ბალახია, იმასაც ჰყავს თავისი მუქთამჭამელები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ადამიანს კი – მით უმეტეს, თუმცა ეს არავის გვიკვირს. ასკარიდა და მახვილა, მაგალითად, ბიოლოგიის წიგნიდანაც გვახსოვს, ისიც კარგად ვიცით, რომ ჭუჭყიანი ხელების ანდა ნივთების პირში ჩადებით გადაედება და უმთავრესად ბავშვები ავადდებიან. ბოლო დროს ისიც გავარკვიეთ, რომ გლობალური დათბობისა თუ საპროფილაქტიკო ღონისძიებების შესუსტების გამო ლეიშმანიოზი და მალარიაც მოგვეძალა… ეს არის და ეს. ჩვენი ცოდნა ამაზე შორს იშვიათად მიდის. არადა, საქართველოში სულ მცირე 25 ისეთი პარაზიტი ყოფილა გამოვლენილი, რომელსაც ადამიანის დაავადება შეუძლია.
საქართველოსთვის პრობლემურ რამდენიმე პარაზიტულ დაავადებაზე გვესაუბრება ვირსალაძის სახელობის სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ნაწლავთა პარაზიტოზების განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლემ ზირაქიშვილი.
ტრიქინელოზი
ტრიქინელა – ასეთი მჟღერი სახელი აქვს ჭიას, რომლის ლარვები კუნთებში სახლდება და მძიმე დაავადებას იწვევს. ამ პარაზიტით შეიძლება გარეულმა მხეცებმა (დათვმა, ტახმა), შინაური ცხოველებიდან კი ღორმა დაგვასაჩუქროს. მათ უმეტესად მღრღნელები აავადებენ. ეს ცხოველები პარაზიტგამძლეობით გამოირჩევიან. ღორს, მაგალითად, დაკვლამდე არაფერი ეტყობა.
ტრიქინელოზი ძლიერი ალერგოზით მიმდინარე დაავადებაა. დასნებოვნებული ღორის ხორცის ჭამიდან 2-3 კვირის შემდეგ ადამიანს უშუპდება ქუთუთოები, შემდეგ – მთელი სახე, ეწყება კისრისა და კიდურების კუნთების აუტანელი ტკივილი, უწევს სიცხე. სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეობა, ე.წ. ეოზინოფილები, ამ დროს საგრძნობლად იმატებს (ნორმაში მათი რაოდენობა 5%-ს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო ტრიქინელოზისას ზოგჯერ 30-70%-საც კი აღწევს). თავიდანვე შეიძლება გამოვლინდეს გართულებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. თუ დიაგნოზი დროულად დაისვა, განკურნება ძნელი არ გახლავთ, თუმცა არის შემთხვევები (მადლობა ღმერთს, იშვიათად), როდესაც ავადმყოფი ჩვენთან ისე გვიან მოდის, რომ უკვე უძლურნი ვართ.
ადამიანს ასნებოვნებს ღორის არასაკმარისად მოხარშული ან შემწვარი ხორცი. დამარილებისას, შებოლვისა თუ გაყინვისას პარაზიტი არ კვდება, ამიტომ ლორთანაც სიფრთხილეა საჭირო. თუმცა საქართველოში უმი ხორცის ჭამა მიღებული არ არის, ზოგჯერ დაავადება მაინც ამ გზით გადაედება – დიასახლისები, მოგეხსენებათ, ხშირად სინჯავენ ფარშს და ზოგჯერ მის გადაყლაპვასაც არ ერიდებიან. ეგ კი არა, ბავშვებს ჰემოგლობინის მოსამატებლად უმ ხორცს საგანგებოდ აჭმევენ. აქ, როგორც იტყვიან, კომენტარიც ზედმეტია. ცვრიანი მწვადების მოყვარულებს კი მხოლოდ და მხოლოდ ლაბორატორიულად შემოწმებული ხორცის მოხმარებას ვურჩევდი.
ტენიიდოზები
დაავადებათა ამ ჯგუფს რამდენიმემეტრიანი ბრტყელი ჭია სოლიტერი იწვევს. ღორის სოლიტერი სიგრძით 6 მეტრამდეა, ხარისა კი 12-დან 18 მეტრამდეც კი აღწევს. ის ადამიანის ორგანიზმში წლობით ცხოვრობს და პარაზიტობს. იწოვს და თავისი განვითარებისთვის იყენებს ნაწლავების შიგთავსის (ანუ ადამიანის ჩაყლაპულ-გადამუშავებული, შესაწოვად გამზადებული საკვების) ნახევარზე მეტს. გარდა ძლიერი სიგამხდრისა, დაავადება საერთო სისუსტით, თავბრუხვევით, ინტოქსიკაციითაც ვლინდება. ღორის სოლიტერმა შეიძლება უმძიმესი გართულება გამოიწვიოს: კვერცხები სისხლში მოხვდეს და ფინებმა (ახალგაზრდა ზრდადაუსრულებელმა ფორმებმა) სხვადასხვა შინაგან ორგანოში (თავის ტვინში, თვალში) დაიწყოს ზრდა.
ღორის ხორცის შესახებ საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ. საქონლის ხორცთანაც ასეთივე სიფრთხილეა საჭირო. პარაზიტის კვერცხებსა და ნაწილაკებს დაავადებული ადამიანიც ავრცელებს. ერთადერთი გამოსავალი არსებობს: სისუფთავე და ისევ სისუფთავე. ავადმყოფებისა და შინაური ცხოველების გამოვლენა და მკურნალობაც პროფილაქტიკის ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა.
ექინოკოკოზი
რამდენიმემეტრიანი სოლიტერებისგან განსხვავებით, ექინოკოკი მოკრძალებული ზომის, სულ რამდენიმემილიმეტრიანი პარაზიტია, თუმცა მის მიერ გამოწვეულ დაავადებას მოკრძალებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ. მასპინძლები, ჩვეულებრივ, მგელი, მელა, ტურა და შინაური ძაღლი არიან. დაავადებული ცხოველი განავალთან ერთად გამოყოფს ექინოკოკის ნაწილაკებსა და კვერცხებს, რომლებიც მიკროსკოპული ზომისაა და ყველაფერს შეიძლება მიეწებოს. თუ კვერცხი ადამიანს გადაეყლაპა, პარაზიტი განვითარებას უკვე მის ორგანიზმში დაიწყებს. ყველაზე ხშირად ღვიძლს ირჩევს, თუმცა სხვა შინაგან ორგანოებშიც შეიძლება დაიბუდოს. აქ ყალიბდება სიმსივნისმაგვარი ნელა მზარდი ცისტები (პარაზიტების თავებით სავსე ბუშტები), რომელთა ზომამ შეიძლება ძალიან დიდ მაჩვენებლებს მიაღწიოს. განსაკუთრებული საფრთხე ბავშვებს ემუქრებათ ცხოველებთან თამაშის დროს – დაავადებულ ცხოველს ბეწვზე ხშირად აქვს მიკრული კვერცხები, ამიტომ მისი მოფერება და, მით უმეტეს, კოცნა ძალიან საშიშია.
ჩვენი სტატისტიკით, ექინოკოკოზით ავადობამაც მოიმატა. ოჯახში ძაღლის ყოლა მოდური გახდა. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ მინდა, მშობლები გავაფრთხილო, რომ ძაღლს არანაკლები მოვლა სჭირდება, ვიდრე ბავშვს. ის ყოველი გასეირნების შემდეგ უნდა დაბანოთ, ყოველ 2-3 თვეში ერთხელ კი ვეტლაბორატორიაში შეამოწმოთ და თუ საჭიროა, უმკურნალოთ. კიდევ ერთი პრობლემაა მაწანწალა ძაღლები, რომელსაც ასევე განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.