ექიმი დისტანციურად - ტელემედიცინამ მანძილი გააქრო
გააზიარე:
“ტელემედიცინამ უნიკალური შანსი მომცა, ვიცხოვრო საქართველოში და ვიმუშაო ამერიკაში”
პანდემიის გამო მთელი მსოფლიო საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს. ადამიანთა უმრავლესობა დისტანციურად მუშაობს ან სწავლობს. თუმცა ცხოვრების ასეთი სტილი ბევრისთვის მანამდეც ნაცნობი იყო. სულ ცოტა ხნის წინ თბილისიდან, ჩემი სამუშაო ოთახიდან, ინტერვიუ ჩავწერე ექიმ ნევროლოგ დავით მრელაშვილთან, რომელიც თელავში იმყოფებოდა და პარალელურად აშშ-ს 26 სხვადასხვა შტატში მდებარე 180 ჰოსპიტალში ერთდროულად მორიგეობდა. “ტელემედიცინამ მომცა უნიკალური შანსი, ვიცხოვრო საქართველოში და ვიმუშაო ამერიკაში”, – მითხრა მან. ვფიქრობ, ესეც კი საკმაოდ მკაფიო წარმოდგენას შეგიქმნით ტელემედიცინის შესაძლებლობებზე, უფრო დეტალური სურათისთვის კი ჩვენი საუბრის ჩანაწერს გთავაზობთ.
– ძალიან მოკლედ თუ განვმარტავთ, ტელემედიცინა პაციენტის დისტანციური მართვაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მას ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების გაჩენასთან ერთად ჩაეყარა საფუძველი. ტელემედიცინა უბრალო ტელეფონითაც შეიძლება განხორციელდეს, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილია, რომ შემიძლია, თელავიდან ამერიკის შეერთებული შტატების რომელიმე კლინიკის გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში ვმართო რობოტი. ის ჩემი ბრძანებით მიგორდება პაციენტთან, რომელსაც ამ რობოტში ჩამონტაჟებული ეკრანიდან გავესაუბრები და კონსულტაციას გავუწევ.
ტელემედიცინის ტიპები
– ტელემედიცინა გულისხმობს:
* ორ ექიმს შორის კავშირს, მაგალითად, ზოგადი პროფილის ექიმის სატელეფონო კონსულტაციას კონკრეტული დარგის სპეციალისტთან;
* პაციენტსა და ექიმს შორის ორმხრივ სინქრონულ კავშირს რეალურ დროში, როდესაც ექიმს პაციენტთან ურთიერთობის, კითხვების დასმის საშუალება ეძლევა;
* პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის (მათ შორის – გამოკვლევების შედეგების) შეგროვებას და ექიმისთვის გადაგზავნას. ექიმი მათ აანალიზებს და დასკვნას წერს. ეს გახლავთ ტელემედიცინა ასინქრონულ რეჟიმში;
* პაციენტის დისტანციურ მონიტორინგს – ექთანი ან თავად პაციენტი გარკვეული ხნის განმავლობაში აგროვებენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მაჩვენებლებს (არტერიული წნევა, გლუკოზის დონე სისხლში და სხვა), ექიმები კი მათ დინამიკას აკვირდებიან.
– მედიცინის რომელ დარგებშია შესაძლებელი ტელემედიცნის გამოყენება?
– რაც დრო გადის, ტელემედიცინა მით უფრო ფართოდ იკიდებს ფეხს. მისი დანერგვა შესაძლებელია მედიცინის ფაქტობრივად ყველა დარგში, განსაკუთრებით იქ, სადაც უმთავრესად კონსულტაციებია საჭირო და არა პროცედურები. ასეთია ოჯახის ექიმის, თერაპევტის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, გასტროენტეროლოგის, ნევროლოგის, ფსიქიატრის სამუშაო... ტელემედიცინის გამოყენების სიხშირით პირველ და მეორე ადგილებს სწორედ ნევროლოგია და ფსიქიატრია იყოფენ (თუმცა დღეს, პანდემიის გამო, პირველ ადგილზე ოჯახის ექიმის მომსახურებამ გადაინაცვლა), მესამე კი, თქვენ წარმოიდგინეთ, ინტენსიური დაავადებების მართვას უკავია. ტელემედიცინის გამოყენებით ექიმები დისტანციურად ეწევიან კონსულტირებას, ძირითადი დატვირთვა კი დამხმარე პერსონალზე მოდის. ოპერაციის წინა პერიოდში ქირურგსაც შეუძლია ტელემედიცინის გამოყენება ინფორმაციის შესაგროვებლად თუ კონსულტაციისთვის.
ხელმისაწვდომობა
– ბევრს ჰგონია, რომ რობოტიზების გამო ეს მომსახურება მილიონობით დოლარი ჯდება. ასე არ არის. ძალიან კარგია, თუ საავადმყოფოს აქვს დისტანციურად მართვადი რობოტის შეძენის საშუალება, მაგრამ რომც არ ჰქონდეს, ტელეკავშირის განხორციელება უმარტივესად შეიძლება ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობით – თუნდაც ყველაზე იაფფასიანი სმარტფონით, პლანშეტით, კომპიუტერით. ინტერნეტი დღეს ყველგან არის, ტელეფონი ყველას აქვს, მაგრამ მომსახურებას სჭირდება ორგნიზება.
– რამდენად დეტალურადაა შესაძლებელი დისტანციურად პაციენტის გასინჯვა?
– გასინჯვის საჭიროება იშვიათად დგება, მაგრამ შესაძლებელია. ტელემედიცინაში ჩართულ ზოგიერთ კლინიკას ისეთი კამერები აქვს, რომ ზუმის რეჟიმით გადიდებისას პაციენტის გუგაში იმაზე უკეთ ვხედავ ცვლილებებს, ვიდრე უშუალო გასინჯვისას დავინახავდი. რობოტები, რომლებსაც მე ვმართავ, სტეთოსკოპითაა აღჭურვილი. ექთანს შეუძლია მისი გამოშლა, პაციენტის გულმკერდზე დადება, ექიმს კი – მოსმენა. თუმცა დღეს სტეთოსკოპით და ფონენდოსკოპით დიაგნოსტიკა იშვიათად ხდება. გამოკვლევის ამ მეთოდებმა საუკუნეების განმავლობაში უკვე შეასრულა თავისი როლი. დღეს დიაგნოზი ისმება სხვადასხვა ინსტრუმენტული თუ ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უდიდესი როლი ენიჭება ავადმყოფობის ისტორიას – სრულფასოვან ანამნეზს.
მედიცინაში პრობლემის 99% დიაგნოზის დასმით წყდება. მკურნალობის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტსივრცეში პრაქტიკულად უფასოა. თუ სწორი დიაგნოზი ექნება ხელთ, მკურნალობის დანიშვნას ნებისმიერი ჭკვიანი ექიმი შეძლებს. დიაგნოზის დასმაში კი ტელემედიცინას პრაქტიკულად არაფერი უშლის ხელს. იმ იშვიათი შემთხვევებისთვის კი, როცა რამე დაბრკოლება იჩენს თავს, ტელეკონსულტაციით ჩართულ კოლეგას ადგილზე მყოფი ექიმები ეხმარებიან, მაგალითად, უმოწმებენ პაციენტს მუხლის რეფლექსს და სხვა.
– თანდათან ექიმსაც ხომ არ ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი?
– ჯერ არ შექმნილა რობოტი, რომელიც დიაგნოზს დასვამს. ჩემი აზრით, საქმე ის არის, რომ ადამიანის ტვინს პარალელური ფიქრის უნარი აქვს, ერთდროულად მრავალი ფაქტორის გათვალისწინება, მრავალი კუთხით ხედვა შეუძლია, ხელოვნურ ინტელექტს კი, ჯერჯერობით მაინც, ამის უნარი არ შესწევს. ასე რომ, ადამიანის ტვინი ამ სფეროში შეუცვლელია.
უპირატესობები
– ტელემედიცინის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ადამიანური რესურსის, ამ შემთხვევაში – ექიმის, ძალიან ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. შედარებისთვის წარმოიდგინეთ ანგარიში ქვეშმიწერით და ანგარიში კალკულატორით, გადაადგილება ურმით და გადაადგილება მანქანით... ერთ ექიმს მოკლე ხანში ბევრი პაციენტის ნახვა შეუძლია, რაც ამაღლებს ჯანდაცვის ხარისხს. სიმძიმის მიხედვით პაციენტებს უმცროსი ექიმები ანაწილებენ, მსუბუქებს თავად იღებენ, მძიმეებს წამყვან სპეციალისტებთან ამისამართებენ. წამყვანი სპეციალისტები ახერხებენ უფრო მეტი ისეთ პაციენტის ნახვას, რომლებსაც მათი კონსულტაცია სჭირდებათ. ამას დაუმატეთ დროის ფაქტორი – თბილისში ბევრი ექიმი რამდენიმე კლინიკაში მუშაობს და ამის გამო უამრავ დროს კარგავს საცობებში, პარკირებაში და ა.შ. სახლიდან კონსულტაციის შემთხვევაში კი ეს დრო იზოგება.
ამასთან ერთად, ტელემედიცინას შეუძლია, იგივე რესურსი სწორად გაანაწილოს რეგიონებშიც. მისი მეოხებით ყოველთვის იქნება შესაძლებელი საჭირო ადგილას ექიმის კონსულტაცია. საქართველოში ტელემედიცინა რომ გვქონოდა, კორონავირუსის აფეთქების გამო არ გახდებოდა აუცილებელი აჭარაში ექიმების თბილისიდან წაყვანა. ტელემედიცინა ექიმებს ინფიცირებისაგანაც დააზღვევს.
– ნაკლი თუ აქვს ტელემედიცინას? მაგალითად, რა მოხდება მოულოდნელი ტექნოლოგიური შეფერხების შემთხვევაში?
– ტელემედიცინის ძირითად ნაკლოვანებად შეიძლება მივიჩნიოთ სოციალური ურთიერთობის ნაკლებობა, ადამიანთან უშუალო კონტაქტის უქონლობა და ამით გამოწვეული ფსიქოლოგიური დისკომფორტი. მაგრამ არ მინახავს პაციენტი, ერთხელ მაინც გამოეცადოს კვალიფიციური ტელეექიმის კონსულტაცია და უკმაყოფილო დარჩენილიყოს. როგორც წესი, მეორედ უკვე აღარ ყოყმანობენ, პირიქით, სახლიდან გაუსვლელად კონსულტაცია უფრო ეადვილებათ და მოსწონთ.
რაც შეეხება ტექნოლოგიურ შეფერხებას, ჩვეულებრივი კონსულტაციის დროს ეს არ არის პრობლემა, შეფერხება გამოსწორდება და კონსულტაცია გაგრძელდება. თეორიულად პრობლემა შეიძლება წარმოიშვას ოპერაციის დროს. მართალია, ჯერჯერობით დისტანციური ოპერაციები არ ტარდება, მაგრამ არსებობს და ვინჩის აპარატი, რობოტი, რომელიც ოპერაციებს ატარებს. მას ექიმი ადგილზე მართავს. თუ მისი მართვა დისტანციურად დაიწყეს, შესაძლოა, ტექნიკური შეფერხების გამო ექიმს ხელი შეეშალოს ოპერაციის ჩატარებაში. ამიტომ ადგილზე აუცილებლად უნდა იყოს ქირურგი, რომელიც საქმეს გააგრძელებს. ასე რომ, არც ეს პრობლემაა მოუგვარებელი.
პირადი გამოცდილება
– მე უმთავრესად მწვავე იშემიური ინსულტის მქონე პაციენტებს ვმკურნალობ. იშემიურ ინსულტს ტვინის სიხლძარღვის თრომბით დახშობა იწვევს. ზიანის უკუქცევა შესაძლებელია თრომბოლიზისით, თრომბების დამშლელი პრეპარატის გადასხმით. ინსულტის განვითარების მომენტიდან ადამიანის სხეულში წუთში დაახლოებით მილიონ ცხრაასი ათასი ნეირონი კვდება. თითოეულ დაგვიანებულ წუთს, ფაქტობრივად, ორ მილიონამდე ნერვული უჯრედი ეწირება. ამიტომაც მკურნალობის სასწრაფოდ დაწყება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
აშშ-ში უამრავი ისეთი კლინიკაა, სადაც ნევროლოგი არ მორიგეობს. თუ ინუსლტიანი პაციენტი მიიყვანეს, სახლიდან ან სხვა კლინიკიდან მის გამოძახებაზე ძვირფასი დრო დაიკარგება. ამიტომ ასეთ კლინიკებში ექიმები დისტანციურად ვმორიგეობთ, საჭიროებისას მაუსის ერთი დაწკაპებით ვჩნდებით იქ, ვაფასებთ ვითარებას, ვაძლევთ დანიშნულებას და შემდეგ მდგომარეობის დინამიკას ვაკონტროლებთ.
უკვე ათი წელია, ამ ფორმატით ვმუშაობ, რაც ერთდროულად ბევრ კლინიკასთან თანამშრომლობის და ბევრი პაციენტის კონსულტირების საშუალებას მაძლევს. შარშან დაახლოებით 6 000 პაციენტს გავუწიე კონსულტაცია, რომელთა ნახევარზე მეტს მწვავე ინსულტი ჰქონდა.
ინსულტის შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვუნიშნავ თრომბოლიზისს, ვაკონტროლებ მის შედეგს, ვმართავ გართულებებს და თუ თრომბოლიზისი უეფექტო აღმოჩნდა, შესაძლოა, პაციენტი თრომბექტომიაზეც გავგზავნო, რაც თრომბის ქირურგიული გზით ამოღებას ნიშნავს. მისი ჩატარება ინსულტიდან 14-16 საათის შემდეგაც შეიძლება, რაც იძლევა პაციენტის ისეთ ცენტრში გადაყვანის საშუალებას, სადაც ქირურგი მორიგეობს.
ჩემი დისტანციური მორიგეობის დროს საავადმყოფოში არ იმყოფება სხვა ნევროლოგი, რომელიც თრომბოლიზისის საჭიროების მქონე პაციენტებზეა სპეციალიზებული. უმეტესად არიან ემერჯენსის ექიმი, ექთანი და სხვა დამხმარე პერსონალი.
– როგორ ნაწილდება ექიმის რესურსი ერთდროულად 180 საავადმყოფოში მორიგეობისას, მით უფრო – მაშინ, როცა ერთდროულად რამდენიმე სასწრაფო შემთხვევაა სამართავი?
– რამდენიმე პაციენტის ერთდროული მართვა არ არის შეუძლებელი. რეალურად, მიმღების ექიმიც ერთდროულად რამდენიმე პაციენტს მართავს. მე უფრო სწრაფად შემიძლია ქვეყნის ერთი ბოლოდან მეორეში პაციენტთან გადართვა, ვიდრე ასეთი ექიმი ერთი პალატიდან მეორეში გავა. თანაც ყველა პაციენტს ერთდროულად არ ვჭირდები, დამხმარე პერსონალს მითითებებს ვაძლევ და ველოდები. 180 საავადმყოფო ერთი შეხედვით შესაძლოა ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემი მორიგეობისას თითოეულ მათგანში იშემიური ინსულტის მხოლოდ ერთიდან სამამდე შემთხვევა შედის. ამისთვის იქ თრომბოლიზისზე სპეციალიზებული ნევროლოგის მთელი ცვლის განმავლობაში დასმა რესურსის ძალიან არასწორი გამოყენებაა. თუმცა ტელემედიცინის კომპანიას სისტემაში ჰყავს სარეზერვო ექიმები და პაციენტების პიკის შემთხვევაში მათაც ჩართავენ.
ვიცი, რომ უკვე საქართველოშიც ტარდება თრომბოლიზისური თერაპია. მისი დროული დაწყების შემთხვევაში დიდი შანსია, მთლიანად ალაგდეს ინსულტით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემები – მოძრაობისა თუ მეტყველების გაძნელება თუ შეუძლებლობა და სხვა. ამიტომ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენს მკითხველს შევახსენო ინსულტის ნიშნები, რომელთა უეცარი განვითარებისას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიმართონ სასწრაფო დახმარებას. ესენია:
* მეტყველების ან მხედველობის დარღვევა;
* ხელის და`ან ფეხის სისუსტე და`ან დაბუჟება;
* სახის ასიმეტრია.
– როგორ წარმოგიდგენიათ უახლოეს მომავალში საქართველოში ტელემედიცინის განვითარების პერსპექტივა?
– ტელემედიცინის განვითარება მთელ მსოფლიოში გარდაუვალია. დღეს ტექნოლოგიებს იმდენად დიდი ადგილი უკავია ჩვენს ცხოვრებაში, რომ დისტანციურ რეჟიმში სამედიცინო მომსახურების უფრო დიდი სეგმენტის გადატანა ლოგიკური იქნება. ამასთან, პროცესი ძალიან დააჩქარა კორონავირუსული ინფექციის პანდემიამ. ასეთ ვითარებაში ტელემედიცინა ადამიანური რესურსის დაზოგვის საუკეთესო გზა. საკითხი ასე არ დგას, დაინერგება თუ არა ტელემედიცინა საქართველოში. საკითხი დგას ასე: როდის მოხდება ეს. და, როგორც ხედავთ, უკვე ხდება.
საინტერესო ფაქტები ტელემედიცინის შესახებ
ტელემედიცინა ჯანმრთელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზრის დაახლოებით მეოთხედს იკავებს და დაახლოებით 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
ტელემედიცინას შეუძლია, მხოლოდ აშშ-ს წელიწადში 6 მილიარდ დოლარზე მეტის დაზოგვის საშუალება მისცეს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ასეთ მომსახურებაში ინვესტიციის დაბანდება ღირებულ იდეად მიიჩნევა.
ტელემედიცინა ექიმთან ვიზიტის ეფექტური ალტერნატივაა, განსაკუთრებით – სოფლად მცხოვრები პაციენტებისთვის, ამიტომ აშშ-ში ის ყველაზე მეტად იმ შტატებშია გავრცელებული, სადაც ბევრია სოფლის ტიპის დასახლება. უპირველეს ყოვლისა, ალასკაში (75%), არკანზასსა (71%) და სამხრეთ დაკოტაში (70%).
პაციენტების დაახლოებით 67% აღნიშნავს, რომ ტელემედიცინის დანერგვის შემდეგ სამედიცინო მომსახურებით გაცილებით კმაყოფილები არიან. მათი თქმით, შინიდან გაუსვლელად ექიმთან ურთიერთობის შესაძლებლობა ტელემედიცინას განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებს.
მარი აშუღაშვილი