ნაწოლები

გააზიარე:

ნაწოლები უძველეს დროშივე აღიარეს დაავადებად. ისინი ეგვიპტურ მუმიებსაც აღმოუჩინეს, რომელთაგან ზოგიერთის ასაკი 5000 წელზე მეტია.

მას შემდეგ მედიცინამ დიდი გზა გაიარა. ანტიბიოტიკების შექმნის კვალდაკვალ დაიხვეწა ნაწოლების მკურნალობაც, თუმცა შორს წასულ სტადიებზე ის კვლავაც გამოწვევად რჩება.

რა არის და რა იწვევს

ნაწოლს უწოდებენ კანისა და რბილი ქსოვილების დაზიანებას, რომელიც ხანგრძლივი ერთგვაროვანი ზეწოლის შედეგად ვითარდება. ის სხვადასხვა სიმძიმისაა: კანის უმნიშვნელო შეწითლებიდან ღრმა წყლულამდე, რომელიც ძვლამდე აღწევს. ნაწოლები მას ემუქრება, ვისაც სიბერის, ავადმყოფობისა თუ ფიზიკური უძლურების გამო დიდხანს უწევს გაუნძრევლად ჯდომა ან წოლა. ის შესაძლოა არასწორად მორგებულმა თაბაშირის ყალიბმაც გამოიწვიოს. სხეულის რომელიმე ნაწილზე მუდმივი ზეწოლა ამცირებს სისხლის, შესაბამისად, ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების მიწოდებას, რის გამოც კანი და მის ქვეშ მდებარე ქსოვილები ნელ-ნელა კვდება. ნაზი და თხელი კანი მეტად მოწყვლადია და შესაძლოა, ტანსაცმლის ან ზეწრის ხახუნმაც კი დააზიანოს, განსაკუთრებით – თუ ნესტიანიცაა. შესაძლოა, მწოლიარე ჩამოცურდეს საწოლიდან (მაგალითად, როცა საწოლის თავი მეტისმეტადაა აწეული) ან ეტლიდან და ამ დროს კანისა და მის ქვეშ მდებარე ძვლის ურთიერთსაპირისპირო მოძრაობამ ქსოვილის დაზიანება გამოიწვიოს. ნაწოლები შესაძლოა 2-3 საათშიც კი გაჩნდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, თუმცა მათ ჩამოყალიბებას უმეტესად რამდენიმე დღე სჭირდება.

სიმპტომები

ეტლით მოსარგებლე ადამიანებს ნაწოლები უმეტესად უჩნდებათ დუნდულებსა და კუდუსუნზე, ხერხემლის გასწვრივ, ბეჭებზე, ზედა და ქვედა კიდურების უკანა მხარეს, ხოლო მწოლიარე ავადმყოფებს – კეფაზე, ბეჭებზე, ზურგზე, იდაყვებზე, კუდუსუნზე, თეძოებზე, კოჭებზე.

გამოყოფენ ნაწოლების განვითარების 4 სტადიას:

* პირველ სტადიაზე კანი წითელია, შეხებით – თბილი. თუ კანი მუქია, დაზიანებულ ადგილს მოლურჯო-მოიისფრო ელფერი დაჰკრავს. შესაძლოა, თან ახლდეს წვა, ტკივილი და ქავილი.

* მეორე სტადიაზე ყალიბდება მტკივნეული ღია ჭრილობა ან წყლული, მის გარშემო კანი ფერშეცვლილია.

* მესამე სტადიაზე კანქვეშა ქსოვილების დაზიანების გამო ჩნდება ჩაღრმავება.

* მეოთხე სტადიაზე შესაძლოა მოზრდილი ჭრილობა ჩამოყალიბდეს. ზოგჯერ პროცესში კუნთები, მყესები, ძვლები და სახსრებიც ერთვება.

ამ სტადიაზე დიდია ნაწოლის ინფიცირების ალბათობაც. ინფიცირება შესაძლოა გამოიხატოს სქელი ყვითელი ან მწვანე, ჩირქით, სიმყრალით, ნაწოლის ირგვლივ ქსოვილების შეშუპებით, მგრძნობელობის მომატებით. ასეთ დროს განკურნება მეტ დროს მოითხოვს. ინფექციის ორგანიზმში გავრცელებისას მოსალოდნელია ცხელება, ციება, ცნობიერების დარღვევა, კონცენტრირების უნარის დაქვეითება, გულისცემის აჩქარება, საერთო სისუსტე.

ნაწოლი სტადიის გარეშეა, თუ მის შიგნით შეინიშნება მუქი ფერის ფუფხი ან ნეკროზული, მკვდარი ქსოვილოვანი მასები. ამ დროს ქირურგის ჩარევაა საჭირო, რათა დაზიანების მასშტაბი დაზუსტდეს.

რა ზრდის რისკს

როგორც ვთქვით, ნაწოლები უმეტესად ტრავმას, ავადმყოფობას, ხანგრძლივ იმობილიზაციას ახლავს თან. სხვა რისკფაქტორებია:

* ასაკი. რაც უფრო ხანში შედის ადამიანი, მით უფრო თხელდება და ადვილად ზიანდება კანი; 

* სისხლის ცუდი მიმოქცევა დიაბეტის, სისხლძარღვების დაავადების, მწეველობის გამო;

* ცილებით, ჩ ვიტამინით და თუთიით ღარიბი საკვები, არასაკმარისი ჰიდრატაცია;

* დროსა და გარემოში დეზორიენტაცია ავადმყოფობის, ტრავმის, მედიკამენტების გამო, რაც ამცირებს პრევენციული მოქმედების უნარს;

* შარდის`განავლის შეუკავებლობა, რაც იწვევს კანის მუდმივ სინოტივეს, არღვევს მის ბუნებრივ ბარიერს, ხელს უწყობს ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლებას და ამგვარად ზრდის კანის დაზიანების რისკს.

* სხეულის მასის დაბალი (სმი<18.5კგ`მ2) ან მაღალი (სმი>25კგ`მ2) ინდექსი. კვლევების თანახმად, პირებს, რომელთა სხეულის მასის ინდექსი 30-40 კგ`მ2-ია, სხვებზე 1.5-ჯერ ხშირად უჩნდებათ ნაწოლები. რისკი მაღალია წონის დეფიციტის შემთხვევაშიც.

რით რთულდება

მკურნალობის გარეშე ნაწოლებს შეიძლება მოჰყვეს სერიოზული გართულებები, რომელთაგან ზოგიერთი სიცოცხლისთვის სახიფათოა:

* ცელულიტი – კანისა და მასთან დაკავშირებული რბილი ქსოვილების ინფექცია. ახასიათებს ტემპერატურის ადგილობრივი მატება, სიწითლე და შეშუპება.

* ძვლებისა და სახსრების ინფიცირება –ნაწოლებიდან ინფექცია ძვლებამდე და სახსრებამდე აღწევს, ზიანდება ხრტილები და სხვა ქსოვილები, ირღვევა კიდურისა და სახსრის ფუნქცია.

* სიმსივნე – ხანგრძლივმა, ნებაზე მიშვებულმა დაზიანებამ შესაძლოა სიმსივნური გადაგვარება განიცადოს.

* სეფსისი (იშვიათად, მაგრამ მაინც).

როგორ ავიცილოთ თავიდან

ავადმყოფის საუკეთესო მოვლის პირობებშიც კი ნაწოლების თავიდან აცილება ყოველთვის ვერ ხერხდება. მიუხედავად ამისა, პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე მკურნალობა. ამისთვის საჭიროა კანის დათვალიერება ნაწოლების პირველი ნიშნების – შეწითლებული უბნების აღმოსაჩენად. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ძვლოვან ადგილებს. კანი შეძლებისდაგვარად სუფთა და მშრალი უნდა იყოს, პოზიციის მწოლიარემ პოზა, სულ ცოტა, 2 საათში ერთხელ უნდა იცვალოს, ეტლში მჯდომმა – 15 წუთში ერთხელ. ზეწოლის შესამცირებლად შეიძლება რბილი ბალიშების ან საფენების გამოყენება. რეკომენდებულია სრულფასოვანი კვება, მოწევისთვის თავის დანებება.

სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად გვირჩევენ ვარჯიშს, თუნდაც მწოლიარე მდგომარეობაში დამხმარე პირთან ერთად. ფიზიოთერაპევტმა პაციენტს უნდა შეურჩიოს ყველაზე შესაფერისი პოზიცია, რომლითაც მაქსიმალურად აიცილებს თავიდან ნაწოლების განვითარებას. საწოლის თავი არ უნდა აიწიოს 30 გრადუსზე მეტად.

როგორ სვამენ დიაგნოზს

ექიმი კანის დათვალიერებით სვამს დიაგნოზს და ადგენს ნაწოლის სტადიას. მკურნალობის ტაქტიკაც მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით განისაზღვრება. შედარებით მსუბუქი ნაწოლები სათანადო მკურნალობის შედეგად რამდენიმე კვირაში ხორცდება, მძიმე დაზიანება კი ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს.

ნაწოლების მკურნალობა გულისხმობს დაზიანებულ კანზე ზეწოლის შემცირებას, მის მოვლას, ტკივილის მართვას, ინფექციის თავიდან აცილებას, სრულფასოვან კვებას.

* ნაწოლზე ზეწოლის შემცირება შესაძლებელია ბალიშებით ან რბილი საფენებით.

* თუ დაზიანებულ ადგილს წამლით დაფარული დოლბანდით გადავახვევთ, წარმოიქმნება ინფექციის საწინააღმდეგო ბარიერი და შეხორცების პროცესი აჩქარდება.

პირველ სტადიაზე ნაწოლები ფაქიზად უნდა დამუშავდეს წყლითა და რბილი საპნით, წყალი არ უნდა იყოს ცხელი; მეორე სტადიაზე – გასუფთავდეს ფიზიოლოგიური ხსნარით სახვევის ყოველ გამოცვლისას; მესამე და მეოთხე სტადიებზე უკვე ექიმის ჩარევაა საჭირო.

შეძლებისდაგვარად, უნდა გაკონტროლდეს შარდისა და განავლის შეუკავებლობა.

მკვდარი ქსოვილები უნდა მოცილდეს – მათი არსებობისას ჭრილობის შეხორცება ჭიანურდება, ამიტომ ქირურგიული დამუშავება აუცილებელია.

ინფექციის დროს ინიშნება სისტემური (შინაგანად მისაღები) ან ადგილობრივი (მალამო) ანტიბიოტიკები.

მძიმე ფორმის ნაწოლების არსებობისას საჭიროა უფრო საფუძვლიანი სამედიცინო ჩარევა:

* წყლულს მკურნალობენ უარყოფითი წნევით, იმავე ვაკუუმთერაპიით. ნაწოლზე მაგრდება შემწოვი მილი, რომელიც იწოვს სინესტეს, რითაც საგრძნობლად აჩქარებს შეხორცებას და ამცირებს ინფიცირების რისკს. დაზიანებული უბანი ამ მეთოდით დაახლოებით 6 კვირაში ხორცდება. ეს ქირურგიულ ჩარევაზე 2-ჯერ იაფია.

•  ზოგიერთი ნაწოლი შესაძლოა ისე დამძიმდეს, რომ ოპერაცია აუცილებელი გახდეს. მისი მიზანი ნაწოლის გასუფთავება, ინფექციის პრევენცია, შემდგომი გართულებების რისკის შემცირებაა. ჭრილობის დასაფარავად და ძვლის დაზიანების შესამცირებლად გამოიყენება პაციენტის კუნთების, კანის ან სხვა ქსოვილისგან მიღებული საფარი. ეს მეთოდი ფლაპ ქირურგიის სახელით არის ცნობილი.

მარიამ რამაზაშვილი

 

 

 

გააზიარე: