კონტაქტური დერმატიტი

გააზიარე:

 

იცოდით, რომ სურნელოვანი ლოსიონი, დეოდორანტი, სუნამოც კი შეიძლება უსიამოვნების წყაროდ გვექცეს? ზოგსაც საყვარელ სამკაულსა თუ საათზე უწევს უარის თქმა... მიზეზი ალერგიაა – გამონაყარი, ქავილი და დისკომფორტი.

თუ სიტუაცია გეცნოთ, აუცილებლად დაგაინტერესებთ ეს სტატია, რომელიც კონტაქტურ დერმატიტს ეხება.

 

დაავადება, რომელსაც კონტაქტურ დერმატიტს ვუწოდებთ, ვლინდება წითელი მქავანა გამონაყარით, რომელიც კანთან ამა თუ იმ ნივთიერების კონტაქტის შედეგია. გამონაყარი არც გადამდებია და არც სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ საკმაოდ შემაწუხებელია.

 

რა იწვევს

ცნობილია ათასობით ალერგენი, რომელსაც კონტაქტური დერმატიტის გამოწვევა შეუძლია.

კონტაქტური დერმატიტის ყველაზე გავრცელებული ტიპი გაღიზიანების კონტაქტური დერმატიტია – სტატისტიკის თანახმად, შემთხვევათა 80% სწორედ მის წილად მოდის. ეს არის არაალერგიული ანთებითი რეაქცია, რომელიც მაშინ ვითარდება, როცა გამღიზიანებელი აზიანებს კანის მხოლოდ გარეთა, დამცავ შრეს.

გაღიზიანების კონტაქტურ დერმატიტს ყველაზე ხშირად იწვევს გამხსნელები, მათეთრებლები, ალკოჰოლი, პირადი ჰიგიენის საშუალებები (საპონი, დეოდორანტი), ალტერნატიულ მედიცინაში გამოყენებული მცენარეები, ჰაერში არსებული ნივთიერებები (მტვერი, შალის ნაწილაკები) და სხვა.

ზოგიერთს რეაქცია ალერგენთან პირველივე შეხებისას უვითარდება, ზოგთან კი სიმპტომები მხოლოდ განმეორებითი კონტაქტის შემდეგ იჩენს თავს. ისიც შესაძლოა, განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში ალერგენთან კონტაქტის შემდეგ ადამიანს მის მიმართ ტოლერანტობა ჩამოუყალიბდეს.

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი კი შედეგია იმუნური რეაქციისა, რომელიც კანისმიერი სიმპტომებით (გამონაყარით, ქავილით) გამოვლინდება იმ ადგილას, სადაც ალერგენი სხეულს შეეხო.

ორგანიზმში ალერგენი საკვების ან მედიკამენტის საშუალებითაც შეიძლება მოხვდეს. ამ დროს ვითარდება სისტემური რეაქცია, რომელსაც სისტემურ კონტაქტურ დერმატიტს უწოდებენ.

ისეთი ძლიერი ალერგენით სენსიბილიზაციისთვის, როგორიცაა, მაგალითად ჭინჭარი, ერთი შეხებაც საკმარისია, სუსტ ალერგენზე ალერგიის განვითარება კი მხოლოდ მრავალჯერადი და ხანგრძლივი კონტაქტის დროს ხდება. თუ ერთხელ მაინც გქონიათ ალერგია კონკრეტულ ალერგენზე, მომავალში მისი ძალიან მცირე რაოდენობაც კი ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს გამოიწვევს.

ალერგიული კონტაქტური დერმატიტის ყველაზე ხშირი გამომწვევებია: სამკაულებისთვის გამოყენებული ლითონები, მედიკამენტები (ანტიბიოტიკის შემცველი მალამოები), პერუს ბალზამი, რომელიც სუნამოების, კოსმეტიკის და სხეულის მოვლის სხვა საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება, ფორმალდეჰიდი (შეიცავს გამხსნელები, წებოები), ტატუირებისთვის გამოყენებული საღებავები, ინა, ძლიერ ალერგიული ნივთიერების, ურუშიოლის, შემცველი მცენარები (მაგალითად, შხამიანი თუთუბო და მანგო).

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ბავშვებსა და მოზრდილებთან თანაბარი სიხშირით გვხვდება. ბავშვებთან ალერგენებად ხშირად გვევლინება ტანსაცმელი, მანქანის სავარძელი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტუალეტის პლასტმასის დასაჯდომიც კი.

არსებობს დერმატიტის კიდევ ერთი სახესხვაობა – ოკუპაციური კონტაქტური დერმატიტი, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის დროს განვითარებულ დერმატიტს გულისხმობს. ზოგიერთი საქმიანობა მართლაც ზრდის ალერგიული რეაქციის განვითარების რისკს, მაგალითად, ისეთი, რომელიც ლითონებთან, საღებავებთან, საოჯახო თუ სასოფლო-სამეურნეო ქიმიასთან კონტაქტს მოითხოვს.

 

რა ახასიათებს

კონტაქტური დერმატიტი შეიძლება გამოვლინდეს სხეულის ნებისმიერ ადგილას, რომელსაც კონტაქტი აქვს გამღიზიანებელთან. გამონაყარი ვითარდება შეხების შემდეგ, რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე შუალედში, და 2-დან 4 კვირამდე რჩება.

გამონაყარის სიმძიმე დამოკიდებულია: გამღიზიანებელთან კონტაქტის ხანგრძლივობაზე, მის ალერგენულ (ალერგიის გამომწვევ) უნარზე, გარემო ფაქტორებზე (ტემპერატურა, ჰაერის დინება, ოფლიანობა) და გენეტიკურ განწყობაზე.

კონტაქტური დერმატიტის ნიშნები და სიმპტომებია:

* ამობურცული წითელი გამონაყარი;

* ქავილი, ზოგჯერ – ძალიან ძლიერი;

* მშრალი, აქერცლილი კანი (დამახასიათებელია ქრონიკული ფორმისთვის);

* სითხით სავსე ქერქიანი მუწუკები (დამახასიათებელია მწვავე ფორმისთვის);

* შესივება, წვა, მტკივნეულობა

 

გართულებები

კონტაქტურ დერმატიტს შეიძლება მოჰყვეს შემდეგი გართულებები:

* ქრონიკული ქავილი, აქერცლილი კანი;

* ინფექციები (ქავილის შედეგად კანი ზიანდება, ზედაპირი იფცქვნება, სველდება და ძალზე ხელსაყრელი გარემო იქმნება სოკოებისა და ბაქტერიების გასამრავლებლად, რის გამოც ხშირია კანის ინფიცირება).

 

დიაგნოსტიკა

მდგომარეობისთვის თავის დაღწევის საუკეთესო გზა ალერგენის პოვნაა, რაც შესაძლებელია, ერთი მხრივ, ანამნეზისა და კლინიკური სურათის, მეორე მხრივ კი კანის აპლიკაციური ალერგიული ტესტის დახმარებით. ტესტი გამოიყენება იმ ნივთიერებათა სადეტექციოდ, რომლებიც შეხებისას კანს აღიზიანებს და კონტაქტურ დერმატიტს იწვევს. სპეციალურ აპლიკანტს, რომელზეც ალერგენია დატანილი, 48 საათით ამაგრებენ პაციენტს წინამხარზე ან ზურგზე. ამ ხნის განმავლობაში არ უნდა დაიბანოთ და ერიდოთ გაოფლიანებას. ტესტი საშუალებას იძლევა, პაციენტი 20-30 სახის ნივთიერებაზე ერთდროულად გამოიკვლიონ. აპლიკანტის მოშორების შემდეგ ექიმი აფასებს კანზე მომხდარ ცვლილებებს და დიაგნოზს სვამს.

 

მკურნალობა

კონტაქტური დერმატიტის მკურნალობა, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ალერგენისთვის  თავის არიდებას. ალერგენის აღმოჩენიდან ორ-ოთხ კვირაში სიმპტომები, წესისამებრ, ქრება.

თუ გამომწვევი დროულად არ მოვიშორეთ, დაავადება შესაძლოა ქრონიკულ ფორმაში გადაიზარდოს.

თუ გამოვლენილი გამღიზიანებლისთვის თავის არიდება შეუძლებელია, საჭიროა მისგან თავის ზედმიწევნით დაცვა შესაბამისი სამოსითა და ხელთათმანებით.

ხელთათმანები უმჯობესია იყოს რეზინისა ან პოლივინილქლორიდისა (სინთეზური ნივთიერება) და წყალგაუმტარი. მათ ქვეშ ბამბის ხელთათმანები უნდა ჩაიცვათ. ხელთათმანები დროდადრო უნდა გავიხადოთ და ხელები, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ამოვასუნთქოთ, რადგან თუ გაგვიოფლიანდა, შესაძლოა დაამძიმოს დერმატიტი. კანის დასაცავად ასევე შეიძლება დიმეთიკონის შემცველი სპეციალური კრემებისა და ლიპიდური შემადგენლობის დამცავი საცხების გამოყენება.

მკურნალობაში დიდ როლს ასრულებს კანის თვითმოვლა და მისი აღმდგენი საშუალებების გამოყენება.

არსებობს ისეთი მალამოებიც, რომლებიც იმუნურ სისტემაზე მოქმედ ნივთიერებებს შეიცავს. ასეთებია, მაგალითად, პროტოპიკი და ელიდელი. ისინი ხანგრძლივი თერაპიისთვის არის მოწოდებული, მაგრამ არსებობს ეჭვი ლიმფომისა და კანის სიმსივნის განვითარებასთან მათი კავშირის შესახებ.

თვითმოვლის საშუალებების უეფექტობის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს სტეროიდების შემცველი მალამოს დანიშვნა. გართულებულ შემთხვევებში კი ინიშნება: ორალური კორტიკოსტეროიდები – ანთების ჩასაცხრობად, ანტიჰისტამინები – ქავილის საწინააღმდეგოდ და ანტიბიოტიკები – ინფექცით გართულების შემთხვევაში.

სიმპტომებს შეგიმსუბუქებთ მცენარეული აბაზანები, მცენარეული ლოსიონები. განსაკუთრებით ეფექტურია ევკალიპტის, გულყვითელას, როზმარინის შემცველი საშუალებები. სასურველ ეფექტს იძლევა ცივი, სველი საფენები და უბრალოდ გრილი აბაზანა. ეცადეთ, ჩაიცვათ ბამბის თავისუფალი სამოსი.

გახსოვდეთ: არ მოიქავოთ გაღიზიანებული კანი და უფრო მეტად არ გაართულოთ სიტუაცია.

თუ ყველა ამ რეკომენდაციას გაითვალისწინებთ, ძალიან გაგიადვილდებათ იმ უსიამოვნო სიმპტომების მართვა, რომლებიც თან ახლავს კონტაქტურ დერმატიტს.

 

თამთა ხელიძე

 

 

 

 

გააზიარე: