ლიმფანგიტი – წითელი ზოლები კანზე

გააზიარე:

ლიმფური კვანძების შეშუპებასა და ანთებას ხშირად ვხვდებით. გაცილებით იშვიათია ლიმფური სადინარების ანთება – ლიმფანგიტი, რომელზეც კანზე გაჩენილი წითელი ზოლები მიგვანიშნებს, მაგრამ პროცესს ძალიან სწრაფი გავრცელება ახასიათებს, ამიტომ მას დროულად უნდა მივაქციოთ ყურადღება.

ლიმფანგიტს უმეტესად სტრეპტოკოკი იწვევს, ზოგჯერ – სტაფილოკოკიც. ანთება განსაკუთრებით ადვილად ემართებათ ადამიანებს, რომლებსაც სუსტი იმუნური სისტემა აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიმფანგიტის განვითარების ალბათობას ზრდის დიაბეტი, იმუნოდეფიციტი, სტეროიდების ქრონიკული გამოყენება, ქიმიოთერაპიული მკურნალობა და სხვა.

ლიმფანგიტის გამომწვევი სხეულში შესაძლოა შეიჭრას ნაჩხვლეტი ჭრილობიდან (მაგალითად, ლურსმანზე დაბიჯებისას), მდინარეში ან ტბაში ბანაობისას მიღებული ჭრილობიდან, კანიდან მიშვებული ინფექციის, მაგალითად, ცელულიტის დროს, ინფიცირებული ქირურგიული  ჭრილობიდან, კატის, ძაღლის, მწერის ნაკბენიდან, ნიადაგიდან (ასეთია, მაგალითად, სოკოვანი დაავადება სპოროტრიქოზი, რომელიც ხშირად ემართებათ მებაღეებსა და ფერმერებს).

თუმცა ლიმფანგიტი ყოველთვის ინფექციის ბრალი არ არის. მისი გამოწვევა ასევე შეუძლია კრონის დავადებას, ძუძუს, ფილტვის, კუჭის, პანკრეასის, სწორი ნაწლავის, პროსტატის კიბოს.

ნიშნები

ლიმფანგიტის დროს კანზე ჩნდება წითელი ზოლი, რომელიც ინფიცირებული ადგილიდან ახლოს მდებარე ლიმფურ კვანძებამდე მიდის, ხშირად – იღლიამდე ან საზარდულამდე. სიწითლე შესაძლოა ძლივს შესამჩნევიც იყოს და მკვეთრიც. შეხებისას მგრძნობიარეა. ზოგჯერ მასზე ბუშტუკებიც ჩნდება. გარდა ამისა, ლიმფანგიტს ახასიათებს:

* ჭრილობა, რომელიც არ ხორცდება;

* სისუსტე, უღონობა;

* შემცივნება;

* ლიმფური კვანძების შესივება;

* ცხელება;

* უმადობა;

* თავის ტკივილი;

* კუნთების ტკივილი.

ნებაზე მიშვებული პროცესის შემთხვევაში ინფექცია შესაძლოა სისხლში გავრცელდეს და სეფსისი გამოიწვიოს. სეფსისს ახასიათებს მაღალი სიცხე, გრიპისმაგვარი სიმპტომები და ზოგჯერ – ორგანოთა უკმარისობაც, ამიტომ თუ ადამიანს ტრავმის შემდეგ ლიმფანგიტის ნიშნები გამოაჩნდა და თავი ცუდად იგრძნო, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან სასწრაფო დახმარება გამოიძახოს.

დიაგნოზი და მკურნალობა

ლიმფანგიტს ექიმი მხოლოდ სიმპტომების საფუძველზეც ივარაუდებს. ის კარგად გასინჯავს პაციენტს, შეუმოწმებს ლიმფურ კვანძებს, მოძებნის ინფექციის წყაროს. შესაძლოა, მოითხოვოს სისხლის ანალიზი, გამომწვევის დასადგენად კი – სისხლის კულტურის შესწავლა. თუმცა მკურნალობას, როგორც წესი, პასუხის მიღებამდე იწყებენ, პასუხის მიღების შემდეგ კი, საჭიროებისამებრ, ცვლიან წამალს ან სხვასაც ამატებენ. სხვა მიზეზების გამოსარიცხად ექიმმა შესაძლოა საჭიროდ მიიჩნიოს შეშუპებული კვანძის ბიოფსიაც.

მკურნალობის მიზანი ინფექციის გავრცელების შეჩერებაა. ამისთვის ანტიბიოტიკებს უნიშნავენ, სწრაფი შედეგის მისაღწევად – დიდი დოზით ან ინტრავენურად. სოკოვან ინფექციას სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებით მკურნალობენ, ვირუსულს –ვირუსის საწინააღმდეგოთი. ლიმფანგიტი ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია. ამ შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლებს და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს გამოწერენ. თუ აბსცესი ჩამოყალიბდა, ქირურგიულად ახდენენ მის დრენირებას. ზოგჯერ დაზიანებულ ქსოვილებს ან ლიმფურ კვანძსაც ამოკვეთენ. ასეთი ჩარევის შემდეგ პაციენტს შესაძლოა ფიზიოპროცედურები დასჭირდეს.

სახლში

ტკივილის გაყუჩება თბილი კომპრესებითაც შეიძლება: ცხელ წყალში დასველებული პირსახოცი დღეში სამჯერ ან მეტჯერ დაიდეთ მტკივან ადგილზე. სითბო სისხლის ნაკადს აძლიერებს და განკურნებას აჩქარებს. იმავე მიზნით შეგიძლიათ ცხელი შხაპის მიღებაც. გარდა ამისა, დაზიანებული ადგილი შეძლებისდაგვარად მაღლა ასწიეთ – ეს შეშუპებასაც დააცხრობს და ინფექციის გავრცელებასაც შეანელებს. ტკივილის დასამებლად პარაცეტამოლი ან იბუპროფენი მიიღეთ, თუმცა აჯობებს ესეც ექიმს შეუთანხმოთ.

ლიმფანგიტისგან განკურნებას დღეები, ზოგჯერ კვირები და თვეებიც კი სჭირდება. აღდგენის ტემპი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სერიოზული იყო ინფექცია და რამდენად ჯანმრთელი იყო ადამიანი ინფიცირებამდე. სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს, ჩვილებს და მოხუცებს გამოჯანმრთელებისთვის უფრო მეტი დრო სჭირდებათ. ზოგჯერ ლიმფანგიტი აზიანებს კანს, კუნთს ან სხვა ქსოვილს, რაც უფრო აგვიანებს განკურნებას. ზოგჯერ მორეციდივე ლიმფანგიტიც ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ავადმყოფობა გაივლის, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ისევ იჩენს თავს. უმეტესად მაშინ, როცა მისი მიზეზი რჩება, მაგალითად, ათლეტის ტერფის – სოკოვანი ინფექციით გამოწვეული დაავადების დროს.

ასე რომ, თუ კანზე წითელი, მტკივნეული ზოლები გაგიჩნდათ, ნუ დაელოდებით, თავისით როდის გაივლის – დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დროულად დაწყებული მკურნალობა პროცესსაც აჩერებს და გამოჯანმრთელებასაც აჩქარებს.

 მარი აშუღაშვილი

გააზიარე: