ფილარიაზი – ლიმფური სისტემის ცოცხალი მტერი
გააზიარე:
ლიმფურ ფილარიაზს, დაავადებას, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, მხოლოდ ლიმფური სისტემის დაავადებად ვერ მივიჩნევთ. ის ადამიანს გარეგნობას უცვლის, შრომის უნარს უკარგავს და სოციალური სტიგმის მსხვერპლად აქცევს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ლიმფური ფილარიაზის აღმოსაფხვრელად 2000 წელს გლობალური პროგრამა აამოქმედა. მართალია, გეგმა სრულფასოვნად ვერ შესრულდა და ფილარიაზი დღესაც არსებობს, მაგრამ მისი გავრცელება შესამჩნევად შენელდა.
ლიმფური ფილარიაზი, იგივე ელეფანტიაზი, გასპილოვნება, სპილოს დაავადება, ტროპიკული სნეულებაა. ის გავრცელებულია აფრიკაში, აზიის სამხრეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის დასავლეთით მდებარე კუნძულებზე, ბრაზილიაში, გაიანაში... 2018 წლის მონაცემებით, ქრონიკული ფილარიაზი მთელ მსოფლიოში 36 მილიონ ადამიანს ჰქონდა, ხოლო 893 მილიონს მისი განვითარების რისკის გამო პრევენციული მკურნალობა სჭირდებოდა.
ფილარიაზის გამომწვევი კოღოს გადააქვს. დაავადება მას შემდეგ ვითარდება, რაც კოღოს ნაკბენიდან პარაზიტი ადამიანის სხეულში მოხვდება. ფილარიაზი ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა უმეტესობა ბავშვობაშივე ინფიცირდება, პარაზიტი ლიმფურ სისტემაში იდებს ბინას და ფარულად აზიანებს მას. დაავადების ხილული ნიშნები: ტკივილი, ლიმფური შეშუპება, გასპილოვნება, სათესლე პარკების შეშუპება და სხვა, – შედარებით გვიან იჩენს თავს.
მიზეზები
ლიმფურ ფილარიაზს იწვევს პატარა, ძაფისებრი ნემატოდას (მრგვალი ჭიის) სამი სახეობა Filarioidea-ს ოჯახიდან:
* Wuchereria bancrofti(შემთხვევათა 90%);
* Brugia malayi (დარჩენილი შემთხვევების უმრავლესობა);
* Brugia timori (იშვიათად).
ზრდასრული ჭიები, როგორც უკვე ვთქვით, ადამიანის ლიმფურ სისტემაში ცხოვრობენ. მამრების სიგრძე 3-4 სმ-ია, მდედრებისა – 8-10 სმ. ჭიები 6-8 წელს ცოცხლობენ და ამ ხნის განმავლობაში მილიონობით მიკროფილარიას წარმოქმნიან. მიკროფილარიები სისხლში მოძრაობენ. თუ ინფიცირებულ ადამიანს კოღომ უკბინა, სისხლთან ერთად მიკროფილარიებსაც შეიწოვს. მიკროფილარიები კოღოს სხეულში მწიფდებიან და ლარვებად გარდაიქმნებებიან. როდესაც ასეთი კოღო ადამიანს კბენს, მიკროფილარიები კანზე, კანიდან კი ლიმფურ სისტემაში ხვდებიან, იქ უკვე ზრდასრულ ჭიებად იქცევიან და პარაზიტის გავრცელების ახალ ციკლს იწყებენ.
კოღოს სახეობათაგან ფილარიების ძირითადი გადამტანები არიან Culex mosquito, რომელიც ქალაქებშიც და სოფლებშიც ფართოდაა გავრცელებული, Anopheles, რომელიც უმთავრესად სოფლებში გვხვდება და Aedes – წყნარი ოკეანის კუნძულების ბინადარი.
ნიშნები
ფილარიაზი უსიმპტომოდ, მწვავედ ან ქრონიკულად მიმდინარეობს. შემთხვევათა უმეტესობა უსიმპტომოა – ადამიანი არაფერს უჩივის, თუმცა დაავადებას ავრცელებს. მიუხედავად სიმპტომების არარსებობისა, ინფიცირებულს უზიანდება ლიმფური სისტემა, იმუნური სისტემა და შემთხვევათა 40%-ში – თირკმელებიც (რაც შარდში ცილისა და სისხლის გაჩენით – პროტეინურიითა და ჰემატურიით ვლინდება).
დაავადების ქრონიკულ ეტაპზე კიდურები შუპდება, კანი უხეშდება (ვითარდება გასპილოვნება). შუპდება სათესლე პარკები და ჯირკვლებიც. სხეულის დეფორმაცია ხშირად სოციალურ სტიგმაციას იწვევს, რაც, ბუნებრივია, მძიმე გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დაავადებულები ხშირად კარგავენ სამსახურს, ემატებათ სამედიცინო ხარჯი, მომვლელის ხარჯი.
ქრონიკულად მიმდინარე დაავადება საკმაოდ ხშირად მწვავდება, რაც კანის, ლიმფური კვანძების ან ლიმფური ძარღვების ანთებით ვლინდება. ზოგჯერ ანთება იმუნური პასუხია სხეულში პარაზიტის არსებობაზე, თუმცა უმეტესად მეორეული ბაქტერიული ინფექციითაა გამოწვეული. ასეთი გამწვავებები, რომლებიც შესაძლოა კვირებიც გაგრძელდეს, ადამიანს ძალ-ღონეს აცლის და ჯანმრთელობას ურყევს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ფილარიაზის დიაგნოზს სისხლში მიკროფილარიების აღმოჩენა ადასტურებს. მათ შეღებვის სპეციალური მეთოდით პოულობენ. გარდა ამისა, ატარებენ პოლიმერაზულ-ჯაჭვურ რეაქციას და სისხლის ანალიზს ანტიგენების აღმოსაჩენად.
ფილარიაზის სამკურნალო ძირითადი საშუალება დიეთილკარბამაზინის პრეპარატებია. ისინი ანადგურებენ მიკროფილარიებს, შესაბამისად, აფერხებენ კოღოების მეშვეობით დაავადების გვარცელებას, მაგრამ ბევრს ვერაფერს აკლებენ ზრდასრულ პარაზიტებს.
გართულებებს შესაბამისად მკურნალობენ. ყურადღება ექცევა ჰიგიენას, კანის მოვლას. დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვარჯიშს, დაზიანებული კიდურის მოძრაობას.
ფილარიაზის პრევენცია ინფექციის გადაცემის შეწყვეტას ეფუძნება. ამისთვის მისი გავრცელების რეგიონებში მოსახლეობას ყოველწლიურად უტარდება პროფილაქტიკური მკურნალობა ქიმიური პრეპარატების ერთჯერადი დოზებით. კოღოებისგან თავის დასაცავად რეკომენდებულია საწოლის ბადეების და ინსექტიციდების გამოყენება.
მარი აშუღაშვილი