განაჩენი თუ გადარჩენის გზა

გააზიარე:

არცთუ დიდი ხანია მას შემდეგ, რაც ქიმიოთერაპია საშინელ განაჩენად ითვლებოდა, რადგან მას უიმედო პაციენტებს უნიშნავდნენ, თმაგაცვენილ ადამიანებს კი კეთროვნებივით ერიდებოდნენ. მიიჩნეოდა, რომ სიმსივნიან ავადმყოფს აღარაფერი ეშველებოდა და ქიმიოთერაპია მისი საბოლოო მცდელობა იყო. დღეს ქიმიოთერაპიისადმი მიდგომა მკვეთრად შეიცვალა. ძალიან ხშირად ის სიმსივნის ადრეული, განკურნებადი სტადიების დროს ინიშნება, რათა სამომავლო მეტასტაზირება თავიდან იქნეს აცილებული, თმაგაცვენილი ადამიანები კი ლამაზი პარიკებით იწონებენ თავს და ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს მისდევენ.
გვესაუბრება თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ქიმიოთერაპევტი მედიცინის დოქტორი ეკა დგებუაძე.

  • – როდის ენიშნება პაციენტს ქიმიოთერაპია და რა პრინციპით მოქმედებს ის დაავადებაზე?

– ქიმიოთერაპია მხოლოდ და მხოლოდ ონკოლოგიური პაციენტებისთვის გამოიყენება, მათთვის, ვისაც უკვე დადასტურებული აქვს სიმსივნის დიაგნოზი.
ქიმიოთერაპიულ წამლებს ციტოტოქსიკური მოქმედება ახასიათებს. ისინი ~ანადგურებენ~ გადაგვარებულ უჯრედებს, ზომაში ამცირებენ წარმონაქმნს, საუკეთესო შემთხვევაში, ქიმიოთერაპიის შედეგად სიმსივნე სრულიად ქრება, თუ არადა დაავადება ხანგრძლივ რემისიაში გადადის (საუბარია მეტასტაზურ ფორმაზე).
არსებობს ტაბლეტირებული და ინტრავენური ქიმიოთერაპიული საშუალებები. უმეტესად ქიმიოთერაპია სწორედ ინტრავენური ინფუზიების სახით გამოიყენება.
ქიმიოთერაპია შეიძლება ჩატარდეს როგორც მეტასტაზების არსებობისას, ისე დაავადების ადრეულ სტადიაზე (ადიუვანტური ან ნეოადიუვანტური თერაპია). მაგალითად, ადიუვანტური თერაპია პოსტოპერაციულ პერიოდში არასახარბიელო პროგნოზული ფაქტორების შემთხვევაში ინიშნება, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამომავლო გართულებები და მეტასტაზირება.

  • – რის მიხედვით ირჩევა წამლის კომბინაციები?

– მეტასტაზური დაავადებისას, როგორც წესი, ინიშნება პოლიქიმიოთერაპიული სქემები, რომლებიც ორ და მეტ პრეპარატს მოიცავს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ქიმიოთერაპიას მონოთერაპიის რეჟიმშიც უნიშნავენ. ეს კომბინაციები უჯრედული ციკლის სხვადასხვა ეტაპზე ზემოქმედების მიხედვით ირჩევა. არსებობს სიმსივნური უჯრედების გამრავლების, ზრდის და სხვა ფაზებზე მოქმედი საშუალებები. გაიდლაინებში ყველა ნოზოლოგიისთვის სხვადასხვა სქემაა მოწოდებული.

  • – გამოიყენება თუ არა ქიმიოთერაპია მკურნალობის სხვა მეთოდებთან ერთად?

– ცალკეულ შემთხვევებში ქიმიოთერაპია კომბინირებულია სხივურ თერაპიასთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასეთ დროს მისი სქემა და დოზირება სხვაგვარია, ვიდრე მონორეჟიმში ჩატარებული ქიმიოთერაპიის დროს.

  • – რა კრიტერიუმებით ადგენენ, დასაშვებია თუ არა პაციენტისთვის ქიმიოთერაპიული მკურნალობა?

– უპირველესად, ვაფასებთ პაციენტის ზოგად სომატურ მდგომარეობას, ვითვალისწინებთ თანმხლებ დაავადებებს, ვამოწმებთ სხვადასხვა ორგანოს ფუნქციურ მაჩვენებლებს. თუ თანმხლები დაავადება დამძიმებულია, შესაძლოა, ამან მკურნალობაში ხელი შეგვიშალოს, რადგან ქიმიოთერაპიას ისედაც აქვს თავისი გვერდითი ეფექტები, რამაც შეიძლება პაციენტი უფრო მეტად დაამძიმოს, ამიტომ ქიმიოთერაპიას მხოლოდ პაციენტის კომპლექსური გამოკვლევის შემდეგ ვატარებთ.
საჭიროებისამებრ ინიშნება სხვადასხვა გამოკვლევა: სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური ანალიზი, კოაგულოგრამა, ონკომარკერები, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია… და ა.შ. თავდაპირველად, მკურნალობის დაწყებამდე, ვატარებთ გამოკვლევების უფრო ფართო სპექტრს, მერე კი, კონტროლის მიზნით, საშუალოდ 3-4 კვირაში ერთხელ, ვაფასებთ პაციენტის როგორც ზოგად მდგომარეობას, ისე და მიღებულ შედეგს. კვირაში ერთხელ აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის მონიტორინგი, განისაზღვრება ქიმიოთერაპიის შემდგომი ჰემოგრამა. ხშირია სისხლის ფორმულის ცვლილება – ლეიკოციტების, ჰემოგლობინის, თრომბოციტების შემცირება.
დინამიკაზე დაკვირვება გრძელდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც. საკონტროლო გამოკვლევებიც ინდივიდუალურად ინიშნება.

  • – ქიმიოთერაპიის სქემის დასრულების შემდეგ ვინ მეთვალყურეობს პაციენტს?

– მეტასტაზური დაავადების შემთხვევაში პაციენტი ძირითადად მაინც ქიმიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა ეს არ გამორიცხავს მკურნალობის პროცესში სხვადასხვა მიმართულების ონკოლოგის ჩართვას.

  • – რა გვერდითი ეფექტები ახლავს მკურნალობას?

– ქიმიოპრეპარატების გვერდითი ეფექტები უპირველესად სისხლის ფორმულაზე აისახება. ამიტომაცაა საჭირო მონიტორინგი, ექიმთან მუდმივი კავშირი და ყოველკვირეული ვიზიტი. 
ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა და თმის ცვენა. ამ უკანასკნელს ყველა პრეპარატი არ იწვევს, მაგრამ, რომც გამოიწვიოს, არც ეს არის საშიში – ქიმიოპრეპარატები თმის ძირს არ აზიანებენ, ამიტომ პროცესი ნებისმიერ შემთხვევაში შექცევადია.

  • – რა განსაკუთრებული მითითებების გათვალისწინებაა საჭირო ქიმიოთერაპიით მკურნალობისას?

– მსოფლიოში სოლიდური სიმსივნეების ქიმიოთერაპია უმთავრესად ამბულატორიულ პირობებში ტარდება და ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს, თუ ეს არ არის გახანგრძლივებული, 24-საათიანი ინფუზია ან სხვა ამდაგვარი შემთხვევა. პაციენტები დადიან სამსახურში, რაც მათი ფსიქოლოგიური სტატუსისთვის ძალიან კარგია, არ იცვლიან ცხოვრების წესს, ჩართულნი არიან საზოგადოებრივ საქმიანობაში. ერთადერთი, იზღუდება ფიზიკური გადატვირთვა, თუმცა ძლიერი ფიზიკური აქტივობის უნარი თავად პაციენტსაც არ შესწევს. სისხლში ლეიკოციტების რაოდენობის შემცირების შემთხვევაში ორგანიზმის იმუნური სისტემაც სუსტდება, ამიტომ თუ ამ პერიოდში ვირუსული ინფექციაა გავრცელებული, პაციენტებს ვთხოვთ, ნიღბით იარონ და ვირუსით დაავადებულებს მოერიდონ, რადგან იმუნიტეტდაქვეითებულებს ინფიცირების მეტი ალბათობა აქვთ.

  • – როგორია ამ დროს კვების რეჟიმი?

– ბევრს რატომღაც ჰგონია, რომ მსუყედ უნდა იკვებოს. პირიქით, სასურველია ზომიერი, ხშირი და მცირე ულუფებით და ნაკლებცხიმიანი, დიეტური კვება, მწარე, მჟავე, ცხარე საკვების შეზღუდვა, განსაკუთრებით – პირველი ათი დღის განმავლობაში. 
ყველაზე მნიშვნელოვანია ჰიდრატაცია, ანუ დიდი რაოდენობის სითხის მიღება, რათა ქიმიოთერაპიის ინტოქსიკაციური მოვლენები, მაგალითად გულისრევა და ღებინება, თავიდან ავიცილოთ. ზოგიერთს ჰგონია, რომ ჰიდრატაცია წამლის მოქმედებას შეასუსტებს – “გამორეცხავს”, წამალი აღარ დარჩება ორგანიზმშიო, ამბობენ. წამალი თავის დანიშნულებას ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებს, ჰიდრატაცია კი მაქსიმალურად მოხსნის გვერდით ეფექტებს. მათთვის, ვისაც სითხის ჭარბად მიღება უჭირთ, რეკომენდებულია ინტრავენური ინფუზია. 
ერთ-ერთმა პაციენტმა, რომელიც დღეისათვის განკურნებულად ითვლება, ქიმიოთერაპიის შესახებ ბროშურა დაწერა, სადაც აღწერილია პაციენტის თვალით დანახული ქიმიოთერაპია, მკურნალობის პროცესში გადატანილი განცდები, არის რჩევებიც ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენების შესამსუბუქებლად. ეს ბროშურა ძალიან ოპტიმისტური განწყობითაა შემქნილი. შესაძლოა, იგივე ექიმმაც უთხრას პაციენტს, მაგრამ იმ ადამიანის ნათქვამი, ვისაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ეს ყველაფერი, უფრო სარწმუნოდ ჟღერს და პაციენტებს მისი გაცნობა დიდად ეხმარებათ.

  • – არის თუ არა საჭირო განსაკუთრებული მიდგომა ბავშვებისა და მოხუცებისადმი?

– ბავშვებთვის პრეპარატების დოზირება განსხვავებულია. რაც შეეხება მოხუცებს, ასაკი მათ მკურნალობას ხელს არ უშლის, ყურადღება უმთავრესად თანმხლებ დავადებებსა და ზოგად მდგომარეობას ექცევა.

  • – ბევრ ჰგონია, რომ ქიმიოთერაპია ზოგჯერ აჩქარებს სიკვდილს...

– ქიმიოთერაპია არ აჩქარებს სიკვდილს, რა თქმა უნდა, თუ სქემა სწორად არის შერჩეული და პაციენტის ზოგადი მდგომარეობა – შეფასებული.
საზოგადოდ, ქიმიოთერაპია წინათ უფრო მძიმე დანიშნულებად აღიქმებოდა. ამჟამად გამოიყენება ახალი თაობის მედიკამენტები, ანტიემეტური (ღებინების საწინააღმდეგო) პრეპარატებიც წინამორბედებთან შედარებით გაცილებით ძლიერი და ეფექტურია და თუ პაციენტი ექიმს მიჰყვა, შესაძლოა ინტოქსიკაციური გამოვლინებებიც მინიმუმამდე დავიდეს.

  • – დაახლოებით რამდენი კურსის ჩატარებაა შეიძლება ერთი პაციენტისთვის?

– ერთმნიშვნელოვნად ამის თქმა შეუძლებელია. ხოლო ისეთი ცნება, როგორიცაა მსუბუქი ქიმია, ანუ მკურნალობის მხოლოდ 1-2 კურსის ჩატარება, რასაც ითხოვენ პაციენტები, არ არსებობს. ჩვენი მიზანია, ჩავატაროთ ეფექტური ქიმიოთერაპია.

  • – საშიში ხომ არ არის გარშემო მყოფებისთვის პაციენტი, რომელიც ქიმიოთარაპიას იტარებს?

– სხვათა შორის, ამ კითხვას ხშირად მისვამენ პაციენტის ოჯახის წევრები, განსაკუთრებით – ბავშვის პატრონები. ქიმიოთერაპია სხვა ადამიანა არავითარ საშიშროებას არ უქმნის. მართალია, სამკურნალოდ ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყენება, მაგრამ ისინი სხვებისთვის არ არის მავნე.

  • – რამდენად მართებულია, დავუმალოთ პაციენტს მისი დაავადება?

– ამ მიდგომას ხშირად ვაწყდები. წინასწარ მოდის პაციენტის ნათესავი გაყალბებული დასკვნებით, რომ პაციენტმა შემთხვევით არ ნახოს დიაგნოზი და მთხოვს, დავუმალო ავადმყოფს მისი მდგომარეობა. მე ამას არ ვეთანხმები და ვცდილობ, საპირისპიროში დავარწმუნო. რას უპასუხებენ, როდესაც თმა გასცვივა? თუ არაფერი სჭირს, რატომ უნდა გაიკეთოს ქიმიოთერაპია? ყველა პაციენტს აქვს უფლება, სიმართლე იცოდეს საკუთარი დაავადების შესახებ. 
რა თქმა უნდა, პაციენტის ფსიქოლოგიური ტიპიც უნდა გავითვალისწინოთ – ზოგი დიაგნოზის გაგებისას ითრგუნება, ზოგი კი, პირიქით, საბრძოლველად განეწყობა. ფაქტია, ამ დროს ის დიდ სტრესს იღებს. ასეთ დროს სასურველია ფსიქოლოგის დახმარება. სამწუხაროდ, საქართველოში ექიმს უწევს პაციენტის ფსიქოლოგობაც...
როდესაც პაციენტმა იცის საკუთარი მდგომარეობის შესახებ, ექიმსაც უადვილდება მასთან ურთიერთობა. თუ ექიმი ახლობლების ნებას დაჰყვა, პაციენტს მოატყუა, მან კი ნამდვილი დიაგნოზი შეიტყო, შესაძლოა ექიმის მიმართ ისეთი უნდობლობა გაუჩნდეს, რომ მკურნალობაზე საერთოდ უარი თქვას. 
ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების ინფორმირება გვერდითი მოვლენების შესახებ. ისინი მწვავედ აღიქვამენ თმის ცვენას და არამხოლოდ ქალები. საბედნიეროდ, დღეს პარიკების დიდი არჩევანია.

  • – როგორ დააიმედებთ სიმსივნიან პაციენტებს?

– ვეტყვი, რომ სიმისვნე არ არის განაჩენი. მთავარია, ის ადრეულ სტადიაზე აღმოვაჩინოთ, რისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკრინინგპროგრამებში აქტიურ ჩართვას. ქიმოთერაპიას დღეს ფართო შესაძლებლობები აქვს. წინათ თუ მიიჩნეოდა, რომ ის მხოლოდ უიმედო პაციენტებისთვის იყო განკუთვნილი, ახლა ხშირად ადრეულ სტადიებზეც გამოიყენება და პაციენტს განკურნების ძალიან დიდ შანსს აძლევს.

გააზიარე: