თვალებმა რომ არ გაგვცეს - უპეების მოვლის რუტინა

გააზიარე:


იდეალურ კანზე ოცნებისას უნდა გვახსოვდეს, რომ მისი მთავარი მტერი ნაოჭებია. პირველი ნაოჭები კი თვალების გარშემო ჩნდება. ძალისხმევას არ ვიშურებთ მათ გასაქრობად, არ ვერიდებით ძვირად ღირებულ პროცედურებს, ვეძებთ “სასწაულმოქმედ” კრემებს... სინამდვილეში კი ნაოჭებთან ბრძოლა მათ გაჩენამდე უნდა დავიწყოთ.
როგორ მოვუაროთ კანს თვალების გარშემო ან რა ასაკიდან დავიწყოთ ამაზე ზრუნვა, რომ დიდხანს მოვიწონოთ თავი ახალგაზრდული და გლუვი კანით? ამაზე გვესაუბრება გია გვარამიას კლინიკის ექიმი დერმატოლოგი, ევროპის დერმატოვენეროლოგთა აკადემიის წევრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი თამარ ბასილაძე:

– თვალების გარშემო კანი სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით თხელი და მგრძნობიარეა, მის ქვეშ თითქმის არ არის კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილი, ამიტომ ძალიან ადვილად შრება და ნაოჭდება. სამაგიეროდ, აქ მრავლადაა კაპილარები და ლიმფური ძარღვები, რის გამოც ამ არეს შეშუპებისა და ჩამუქებისკენ მიდრეკილება ახასიათებს.
თვალების გარშემო კანი, იმის მიხედვით, შეშუპებულია, ჩაშავებული თუ გამომშრალი, სხვადასხვანაირ მოვლას და მოსავლელ საშუალებას მოითხოვს.
მოვლის რუტინა კი ასეთია:
* მოიშორეთ მაკიაჟი და კანი საფუძვლიანად გაისუფთავეთ.
* 10-15 წუთის შემდეგ წაისვით თვალის შრატი.
* კიდევ 10-15 წუთის შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.

გამწმენდი
– თვალის კრემმა კარგად რომ იმოქმედოს, კანი ჯერ გულდასმით უნდა გაისუფთაოთ, მაშინაც კი, როცა მაკიაჟი არ გისვიათ.
მაკიაჟი მოიშორეთ სპეციალური ორფაზიანი გამწმენდით, რომელიც წყალსა და ზეთს შეიცავს. ის წყალგამძლე მაკიაჟსაც კარგად აშორებს. ბამბა დაასველეთ და რამდენიმე წამით დახუჭულ თვალებზე დაიდეთ, რომ მაკიაჟი დარბილდეს. მერე ფრთხილად გადაისვით შიდა კუთხიდან გარეთასკენ, ისე, რომ კანი არ დაიჭიმოს. მოერიდეთ ზედმეტ ხეხვას. თუ კონტაქტურ ლინზას ხმარობთ, კანის გაწმენდამდე აუცილებლად მოიხსენით.
ორფაზიან გამწმენდს შეგიძლიათ მიაშველოთ სპეციალური თვალის გამწმენდი რძე ან ლოსიონი. ნუ გამოიყენებთ საპონს და სხვა აგრესიულ (სპირტის შემცველ) საშუალებებს – მათ შესაძლოა კანი არა მარტო გამოაშრონ, არამედ გააღიზიანონ კიდეც.

თვალის შრატი
– შრატში მაღალი კონცენტრაციითაა აქტიური კომპონენტები, რის გამოც ის ინტენსიურად მოქმედებს. შრატი, შემადგენლობის მიხედვით, სხვადასხვანაირ ზემოქმედებას ახდენს: ღრმად ატენიანებს კანს, ამცირებს მის შეშუპებას და სიშავეს, აგრილებს და ანიჭებს ახალგაზრდულ იერს. ასაკოვანი კანისთვის კოენზიმ Q10-ის და ჰიალურონის მჟავას შემცველი შრატია რეკომენდებული. ის ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას. იდეალურია მისი წასმა საღამოს. ნაზად წაისვით თვალების გარშემო, 10-15 წუთის შემდეგ კი დამატენიანებელი კრემი გადაისვით.

თვალის კრემი
– თუ თავიდანვე სწორად შეარჩევთ თვალის კრემს, ბოტოქსი, მეზოთერაპია და სხვა პროცედურები კარგა ხანს არ დაგჭირდებათ.
როგორც გითხარით, თვალების გარშემო კანი იმდენად თხელი და ნაზია, რომ არასწორი მოვლისა და ცხოვრების არაჯანსაღი წესის გამო მიმიკური ნაოჭები და მუქი წრეები შესაძლოა ადრეულ ასაკშივე გაჩნდეს. წლების მატებასთან ერთად კანის სტრუქტურაც იცვლება, ამიტომ თვალის საცხი სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ნივთიერებით უნდა იყოს გაჯერებული.
თანამედროვე თვალის კრემების წარმოებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ნივთიერებებს, რომლებიც აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, – ასეთია კუნელის, არნიკას, გინკგოს ექსტრაქტები, – და ხელს უშლის პიგმენტაციას – ასეთია C ვიტამინი, ბუდლეიასა (Buddleja davidii) და თუთის ხის ფესვის ექსტრაქტები.
მთავარია, კრემი რეგულარულად, დილა-საღამოს გამოიყენოთ. უნდა წაისვათ სწრაფად, ამოღებისთანავე, თითის ბალიშების დარტყმითი მოძრაობით – ეს აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და აცხრობს შეშუპებას. არამც და არამც არ შეიზილოთ, რომ კანი არ დაიჭიმოს. წაისვით თვალის შიდა კუთხიდან გარეთასკენ, ყვრიმალის ზედა კიდეზე, ზომიერად. სიჭარბემ შესაძლოა უარყოფითი ეფექტი მოახდინოს – შეშუპება ან ფორების დახშობა გამოიწვიოს. თუ ზედმეტი მოგივიდათ, ჭარბი საცხი ნახევარი საათის შემდეგ ხელსახოცის დადებით მოიცილეთ. საცხი დაძინებამდე ორი საათით ადრე წაისვით.

მოდი გავიგოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თვალის კრემის შერჩევისას სხვადასხვა ასაკში.

20-დან 30-მდე
– კანზე ზრუნვა 20 წლიდანვე უნდა დაიწყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, აქედანვე დაიცვათ კანი მზის ულტრაიისფერი სხივებისგან, რომლებიც ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და შედეგად – კანის კოლაგენის ბოჭკოების განადგურებას. ამისთვის დამატენიანებელი საცხის შემადგენლობაში უნდა შედიოდეს მზისგან დამცავი ფაქტორი SPF 30. საცხი ასევე უნდა შეიცავდეს ანტიოქსიდანტებს (A, C და E ვიტამინებს) თავისუფალი რადიკალებისა და გარე ფაქტორების მიერ გამოწვეული ზიანისგან დასაზღვევად.

30-დან 40-მდე
– ამ პერიოდში ჩნდება დაბერების პირველი ნიშნები, ვითარდება ჰიპერპიგმენტაცია და თვალების გარშემო მუქი წრეები წარმოიქმნება. კანი უფრო მეტად თხელდება და უჯრედების საკვებით მომარაგება იკლებს. ჩნდება ნაოჭები. ამ ასაკში შეარჩიეთ დამატენიანებელი კრემი:
* რეტინოლით ან რეტინოიდების მაღალი შემცველობით – ეს ნივთიერება ააქტიურებს უჯრედების რეგენერაციას, რაც ხელს უწყობს მუქი წრეების შემცირებას და წვრილი ნაოჭების გასწორებას;
* კოლაგენით – ჭიმავს და სიმტკიცეს ანიჭებს მოშვებულ კანს;
* A, C და E ვიტამინებით – ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს და ააქტიურებენ კოლაგენის სინთეზს.

40-დან 60-მდე
– ასაკთან ერთად პრობლემებიც იმატებს და 40 წლიდან უკვე შესამჩნევი ხდება. თვალების ირგვლივ კანი მოშვებულია, ხშირად – შეშუპებული და ჩამუქებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, საცხის შემადგენლობაში შედიოდეს რეტინოიდები, კოლაგენი, ჰიალურონი და ვიტამინები. მთავარი კომპონენტი კი ჰიალურონია. ის ღრმად ატენიანებს კანს, სიცოცხლეს უბრუნებს და ახალგაზრდულ იერს ანიჭებს. ამ ასაკში შეგიძლიათ მეზოთერაპიასაც მიმართოთ.
40 წლიდან უმჯობესია, დილა-საღამოს სხვადასხვა კრემი წაისვათ: დილით მსუბუქი დამატენიანებელი, საღამოს კი – უფრო ნაჯერი მკვებავი. ის უხვად შეიცავს მკვებავ კომპონენტებს და კანს საჭირო ნივთიერებებით მთელი ღამის განმავლობაში ასაზრდოებს.

თვალის გელი
– როცა თვალების გარშემო კანი გამუქებული და შეშუპებულია, ძალიან დაგეხმარებათ თვალის გელი. ის შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც კანს აგრილებს (მაგალითად, პიტნა) და ხელს უწყობს შეშუპების, სიწითლისა და სიშავის შემცირებას. გელი არ შეიცავს ცხიმს, ამიტომ კარგია ნებისმიერი ტიპის კანისთვის. წაისვით დილაობით.

თვალის ნიღაბი
– კანმა დიდხანს რომ შეინარჩუნოს სიმკვრივე და ელასტიკურობა, აუცილებელია რეგულარული დატენიანება და ვიტამინებით კვება როგორც შიგნიდან, ისე გარედან. ამაში კი დამანოტივებელ კრემთან ერთად ნიღბებიც დაგეხმარებათ.
30 წლიდან კვირაში 2-3-ჯერ თვალების გარშემო კანის მკვებავი ნიღბის წასმა აუცილებელია.
ნიღაბი შეგიძლიათ შეიძინოთ მზა ან თვითონვე მოამზადოთ შინ.
მზა ნიღბები გამოდის როგორც კრემის, ისე რბილი საფენების სახით. ღრმად ატენიანებს კანს, ხსნის დაძაბულობასა და დაღლილობას, აგრილებს და აცოცხლებს. კრემი უხვად წაისვით თვალის ირგვლივ, 10-15 წუთი გაიჩერეთ და ხელსახოცის დადებით ნაზად მოიშორეთ. რბილი საფენიც თვალის ირგვლივ დაიფინეთ, 20-30 წუთი გაიჩერეთ, მერე ნაზად დაიმასაჟეთ.
ძალიან კარგია კოლაგენის ნიღაბი. ის ღრმად ატენიანებს კანს, ამცირებს შეშუპებას და ასწორებს წვრილ ნაოჭებს. როგორც ვიცით, კოლაგენი უჯრედშორისი მატრიქსის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. ის ტენის შენარჩუნებაში ეხმარება კანს და ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას. ასაკთან ერთად კანში კოლაგენის გამომუშავება მცირდება, ამიტომ კარგი იქნება, თუ მას გარედან მივაწოდებთ.
თვალების გარშემო კანისთვის ასევე იდეალურია ნიღაბი ლოკოკინას ჟელეს ექსტრაქტით, ქოქოსის ზეთით ან რეტინოლით.

მარტივი ნიღბები
– თუ მზა ნიღბის შეძენა არ შეგიძლიათ, თვალების გარშემო ჩაის ან გვირილის საფენები დაიფინეთ: გამომშრალი მცენარის ორი პაკეტი კარგად დაასველეთ და მაცივარში შედეთ; ცოტა რომ შეგრილდება, თვალებზე დაიდეთ და 10-15 წუთი გაიჩერეთ. ეს მოგიხსნით დაღლილობას და შეგიმცირებთ შეშუპებას თვალების ირგვლივ. კიტრის გრილი ნაჭერიც აგრილებს და აცოცხლებს კანს, გრილი ხაჭო ან მაწონი კი კარგად ატენიანებს, ამცირებს წვრილ ნაოჭებს და სიშავეს თვალების გარშემო. დაიდეთ დახუჭულ თვალებზე და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.
კარტოფილის ნიღაბი. გახეხეთ უმი კარტოფილი და დაიდეთ თვალების გარშემო. 20 წუთი გაიჩერეთ და ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეგიძლიათ, უმი კარტოფილის ნათალიც დაიფინოთ. ის ამშვიდებს კანს, ამცირებს შეშუპებასა და სიშავეს. გაიკეთეთ კვირაში 2-3-ჯერ.
ავოკადოს ნიღაბი (B და E ვიტამინების წყალობით ის კარგად ატენიანებს კანს და ხელს უწყობს წვრილი ნაოჭების გასწორებას). ავოკადო კარგად დასრისეთ და ფაფა თვალის გარშემო დაიდეთ. 20-30 წუთის შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ზეთოვანი ნიღბები. ძალიან კარგია საღამოობით ნატურალური – ქოქოსის, ნუშის, არგანის, ჟოჟობას – ზეთის ნიღბების გაკეთება. 15-20 წუთი გაიჩერეთ და ხელსახოცით ნაზად მოიწმინდეთ.

პრობლემები და სწორი მოვლა

შეშუპებული თვალები
– ქუთუთოების შეშუპება ბევრი ქალისთვის ნაცნობი პრობლემაა. ის შესაძლოა გამოიწვიოს კანქვეშ ლიმფის დაგროვებამ, უძილობამ, გადაღლამ...
თვალების ქვეშ ტომრები ზოგს გენეტიკურად დაჰყვება. ამ შემთხვევაში მათი მოშორება მხოლოდ პლასტიკური ქირურგიის საშუალებით გახლავთ შესაძლებელი. ისინი შესაძლოა გამოიწვიოს:
* არასწორ ან ერთსა და იმავე პოზაში (გაუნძრევლად) ძილმა;
* ძილის უკმარისობამ;
* ჭარბმა ალკოჰოლმა;
* სტრესმა;
* ალერგიამ და ზოგიერთმა დაავადებამ, მაგალითად, თირკმლისამ, ღვიძლისამ;
* ასაკმა.
თუ თვალის ტომრები სითხის დაგროვებითაა გამოწვეული, შესაძლოა, რამდენიმე ხნის შემდეგ თვითონვე დაცხრეს. ამ დროს ძალიან დაგეხმარებათ მასაჟი: საჩვენებელი და შუა თითები დაიდეთ თვალის ქვეშ, ნაზად დააწექით და ტალღოვანი მოძრაობით გაატარეთ შიგნიდან გარეთ. ეს მოძრაობა ხუთჯერ გაიმეორეთ.
ასაკთან ერთად ტომრები უფრო და უფრო თვალში საცემი ხდება, რადგან თვალების გარშემო არსებული ქსოვილები სუსტდება, კანი თხელდება და ცხიმოვანი ქსოვილი კანქვეშ ჩამოდის, რაც ქუთუთოებს შესივებულის შესახედაობას აძლევს.

რჩევები
* შეასრულეთ თვალების სპეციალური ვარჯიში რეგულარულად, დღეში 3-4-ჯერ.
* ეცადეთ, ძილის დროს ზურგზე იწვეთ და თავი მაღალ ბალიშზე გედოთ.
* დილით თვალების გარშემო დაიდეთ ყინულის კუბიკები. შეგიძლიათ, გაიკეთოთ შავი ან მწვანე ჩაის ან კიტრის გრილი ნიღაბი.
* გამოიყენეთ ჰიალურონის, კოენზიმ Q10-ის, რეტინოლის, კოფეინის შემცველი ნიღაბი, შრატი ან კრემი – ეს ნივთიერებები კანს სიმტკიცეს და ელასტიკურობას ანიჭებს.
* იკვებეთ დაბალანსებულად, მცირე რაოდენობით მიიღეთ ალკოჰოლი, უარი თქვით სიგარეტზე და სვით დღეში 2-3 ლიტრი წყალი – ამგვარად კანი უფრო მეტხანს იქნება ფორმაში.

ჩაშავებული თვალები
თვალების გარშემო მუქი ჩრდილების გაჩენას ხელს უწყობს:
* ძილის უკმარისობა, რის შედეგადაც თვალბუდისქვეშა სისხლძარღვებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა;
* გადაღლა;
* სტრესი;
* გაუწყლოება;
* ჭარბი ალკოჰოლი – კანი კარგავს ტენს და თხელდება;
* ნიკოტინი – ავიწროებს სისხლძარღვებს; სისხლს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება, რის გამოც მუქდება და სისხლძარღვებიც ამის გამო უფრო მუქად მოჩანს;
* გულის, თირკმლის, ღვიძლისა და სხვა შინაგანი ორგანოების ზოგიერთი დაავადება;
* რკინის ნაკლებობა;
* კანის დაბერება – ასაკთან ერთად კანი ბუნებრივად თხელდება, კარგავს ელასტიკურობას, სიმკვრივეს და ბუნებრივ ფერს;
* გენეტიკა.

თვალების გარშემო კანს შესაძლოა ფერი შეუცვალოს ლიმფის მიმოქცევის დარღვევამ. როცა არასწორ პოზაში გვძინავს, ლიმფა ძარღვებში კარგად ვერ მოძრაობს და თვალების ქვეშ, რბილ უბნებში გროვდება, რაც კანს მუქ შეფერილობას აძლევს.
შესაძლოა, სიმუქე გამოიწვიოს ჰიპერპიგმენტაციამ. რაც მეტია მელანინი, მით მუქია კანი. თუ მელანინი კანში არათანაბრადაა განაწილებული და თვალის ქვეშ უფრო მეტია თავმოყრილი, აქ კანი უფრო მუქი იქნება. მელანინის სიჭარბე შესაძლოა მემკვიდრეობითი იყოს ან გამოიწვიოს ჭარბმა ულტრაიისფერმა დასხივებამ, ქავილმა, სტრესმა, ზოგიერთმა მედიკამენტმა და დაავადებამ.
მუქი წრეების მოსაშორებლად, უპირველეს ყოვლისა, მათი გაჩენის მიზეზს უნდა მივაგნოთ.
ჰიპერპიგმენტაციის შემთხვევაში უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაგინიშნავთ.
თუ სისხლძარღვებს უკავშირდება, მოგიწევთ უარი თქვათ ნიკოტინზე, ზომიერად მიიღოთ ალკოჰოლი, რეგულარულად ივარჯიშოთ, კარგად განიავებულ ოთახში საკმარისად იძინოთ, საღამოობით სუფთა ჰაერზე ისეირნოთ, დაბალანსებულად იკვებოთ, დღის განმავლობაში 2-3 ლიტრი წყალი დალიოთ, თავი არიდოთ სტრესს.

დღეს მედიცინა არაერთ მეთოდს გვთავაზობს მუქი წრეების სწრაფად და ეფექტურად გასაქრობად: კანქვეშ საკუთარი ცხიმის შეყვანას, რის შედეგადაც კანი სქელდება და სისხლძარღვები აღარ ჩანს, მეზოთერაპიას და ბიორევიტალიზაციას, ამისთვის კი ექიმ დერმატოლოგს უნდა მიმართოთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: