ვებრძვით ცელულიტს
გააზიარე:
ცელულიტი ადრე თუ გვიან თითქმის ყველა ქალს უჩენს თავსატეხს. უკვე შორს წასული პროცესისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, ამიტომ მის შეჩერებაზე თავიდანვე უნდა იზრუნოთ.
კოსმეტიკის დახლები სავსეა ნაირ-ნაირი დასახელების ანტიცელულიტური კრემით. ჰამბურგის "კოსმედ კლინიკის" დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ვალტერ თრეთელი გვარწმუნებს, რომ ცელულიტის დამარცხებაში მხოლოდ კრემები ვერ დაგვეხმარება, მაგრამ ანტიცელულიტური თერაპიის სხვა მეთოდებთან ერთად მართლაც გამოიღებს შედეგს.
რა აჩენს?
ცელულიტი კანქვეშა ცხიმოვანი შრის სტრუქტურული ცვლილებაა. მისი განვითარება სისხლის მიკროცირკულაციის დარღვევით იწყება. სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო ფერხდება ცხიმოვან ქსოვილში ნივთიერებათა ცვლა, რის შედეგადაც ცხიმოვანი ქსოვილი ზომაზე მეტად იზრდება. გამკვრივებული ცხიმის უჯრედები ქვემოდან აწვება შემაერთებელ ქსოვილს, რაც კანის ზედაპირზე აისახება – ის კარგავს სიგლუვეს, უჩნდება ღრმულები და ბორცვაკები.
ცელულიტი ყველაზე მეტად იმ ადგილებზეა შესამჩნევი, სადაც სისხლის მიმოქცევა სუსტია და სადაც ქალებს ცხიმის რეზერვუარები აქვთ: ბარძაყებზე, დუნდულებზე, მუცელსა და მკლავებზე, – ამიტომ მასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ვარჯიშია.
ანტიცელულიტური ვარჯიში
ორგანიზმში ცხიმის წილის მიხედვით სპეციალისტები გვირჩევენ ძალისმიერ ვარჯიშს (ცხიმის წილი – 20%-მდე), აერობულ ვარჯიშს (ცხიმის წილი – 25%-ზე მეტი) ან მათ კომბინაციას. ფორთოხლის ეფექტის გასაქრობად ასევე მიმართავენ პილატესს, იოგას და EMS-ს (ელექტრული იმპულსებით კუნთების სტიმულაციას), თუმცა კვლევები მოწმობს, რომ ყველაზე ეფექტური ხანმოკლე ინტენსიური დატვირთვაა, მაგალითად, 15-18-წუთიანი შIთ ვარჯიში (შჰორტ Iნტენსივე თრაინინგ). მისი შესრულება ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ – როგორც შინ, ისე ოფისშიც. ვარჯიშებს შორის აუცილებელია აქტიური შესვენება, მაგალითად, სიარული ან ხტუნვა.
დავიწყოთ:
1. 20 წამი ადგილზე ირბინეთ, მომდევნო 20 წამი ტემპი ააჩქარეთ და ბოლო 20 წამი იარეთ – ამ დროს მუშაობს ფეხების ყველა კუნთი და დუნდულა კუნთები. გაიმეორეთ 3-ჯერ.
2. ფეხები მხრების სიგანეზე დადგით. ჩაბუქნეთ ისე, რომ მუხლებმა 90-გრადუსიანი კუთხე შექმნას. ხელები უკან წაიღეთ და რაც შეიძლება მაღლა ახტით. შეასრულეთ სამ წყებად, თხუთმეტ-თხუთმეტჯერ. შუალედებში თითო წუთი შეისვენეთ.
3. დადექით სწორად. გადადგით ნაბიჯი წინ და ჩაბუქნეთ ისე, რომ წინ გადადგმული ფეხი მუხლში 90 გრადუსით მოიხაროს. კორპუსი სწორად გეკავოთ. მერე ახტით და ფეხები შეანაცვლეთ. აკეთეთ ეს მოძრაობა ერთი წუთის განმავლობაში, მერე შეისვენეთ. გაიმეორეთ სამჯერ.
4. მარცხენა ფეხი ჯვარედინად გადაიტანეთ მარჯვენას უკან და ჩაბუქნეთ ისე, რომ მარცხენა მუხლი იატაკამდე მიიტანოთ. მერე გასწორდით და მოხრილი ფეხი ჰაერში გააჩერეთ. ცოტა ხანს ბალანსი შეინარჩუნეთ. გაიმეორეთ თხუთმეტჯერ, მერე კი ფეხები შეანაცვლეთ.
ეცადეთ, ყოველდღე ივარჯიშოთ. შედეგი 6-8 კვირის შემდეგ გამოჩნდება.
ანტიცელულიტური საკვები
მკაცრი დიეტით ცელულიტს ვერ უშველით, შესაძლოა, პირიქით, ავნოთ კიდეც ჯანმრთელობას. ვარჯიშიც და კვებაც ხელს უნდა უწყობდეს კუნთოვანი ქსოვილის ზრდას, ამისთვის კი საკმარისი ცილა უნდა მიიღოთ – დაახლოებით 2 გრამი სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე. ამიტომ მიირთვით ოსპი, მჭლე ხორცი, რძის ნაწარმი და წყალმცენარეები.
მიიღეთ ვიტამინებით (განსაკუთრებით – E-თი და C-თი) მდიდარი საკვები, მაგალითად, თხილეული, დაუცეხვავი მარცვლეულის ნაწარმი, ლიმონის წვენი, ტკბილი წიწაკა. არ დაგავიწყდეთ დღეში, სულ ცოტა, ერთი ვაშლის შეჭმა – მასში შემავალი პექტინი ხელს შეუწყობს ცხიმის გადამუშავებას.
ერიდეთ მარილს, შაქარს და ალკოჰოლს. მარილის ნაცვლად კერძები ცხარე საკაზმით (პილპილით, ჩილით) შეაზავეთ – ის ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას.
ანტიცელულიტური მასაჟი
ამ ყველაფერს ყოველდღიური მასაჟიც დაუმატეთ. შხაპის მიღებისას კარგად დაიზილეთ ფეხები – გორგოლაჭიანი მასაჟორი ან შეკრული მუშტი წრიული მოძრაობით გადაიტარეთ ქვემოდან ზემოთ. პროცედურა თითოწუთიანი ცხელი და ცივი შხაპის მონაცვლეობით დაასრულეთ. ბოლოს სველ კანზე ანტიცელულიტური კრემი ან ზეთი წაისვით და წრიული მოძრაობით შეიზილეთ კანში.
ჯილდა გაჩეჩილაძე