დამატებითი პროფესია- სტილისტი, როგორ შევიღებოთ თმა სახლში

გააზიარე:

არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერის თმა გვარგუნა ბუნებამ – ადრე თუ გვიან მისი შეღებვის საკითხიც დგება დღის წესრიგში. ზოგს იმიჯის შეცვლა უნდა, ზოგს კი უკვე აქა-იქ გაჩენილი ჭაღარის შენიღბვა. ყველაზე მარტივი გამოსავალი სალონში წასვლაა, თუმცა ბევრი თვითონვე ითავსებს სტილისტის პროფესიას. თუ სრულ გარდასახვას არ აპირებთ, თმის ერთი ან ორი ტონით გაბაცება ან გამუქება სახლშიც შეიძლება, მით უმეტეს – დღეს, როცა საღებავის მწარმოებელი კომპანიები ყველა საჭირო კომპონენტით აღჭურვილ, სათანადოდ დოზირებულ და შეფუთულ პროდუქციას გვთავაზობენ. მაგრამ თუ რამე შეგვეშალა, შესაძლოა, სასურველი შედეგი ვერ მივიღოთ, მეტიც – თმა დავიზიანოთ.

რისი ცოდნაა საჭირო თმის შეღებვისას?

ვარჩევთ ფერს

თმის ფერი მთელ ლუქს განსაზღვრავს, ამიტომ თუ შეღებვას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რომელი ფერი მოგიხდებათ. თმის სტრუქტურასა და ტიპთან ერთად კანის ტიპიც გასათვალისწინებელია.

კარგი ორიენტირია წარბის ფერი. თმის ფერი მისგან დიდად არ უნდა განსხვავდებოდეს. კიდევ უფრო დაგეხმარებათ ფერის თქვენეული ტიპის ცოდნა.

თმის, კანისა და თვალის ფერის მიხედვით ვისაჟისტები ადამიანთა ოთხ ტიპს განასხვავებენ, რომლებსაც მეტი თვალსაჩინოებისთვის სეზონები შეუსაბამეს. მაშასადამე, არსებობენ გაზაფხულის, ზაფხულის, შემოდგომისა და ზამთრის ტიპები. თუ კანს მოლურჯო, გრილი ელფერი დაჰკრავს, ზაფხულის ან ზამთრის ტიპს მიეკუთვნებით, თუ მოყვითალო, თბილი – შემოდგომისას ან გაზაფხულისას.

თქვენს ტიპს ასე ამოიცნობთ: მზით კარგად განათებულ ოთახში სარკის წინ დადექით და სახეზე მონაცვლეობით მიიდეთ ვერცხლისფერი და ოქროსფერი ნაჭრები. თუ ვერცხლისფერი მეტად მოუხდა, მეტი სიცოცხლე შემატა კანს, ესე იგი ზაფხულის ან ზამთრის ტიპს მიეკუთვნებით, თუ ოქროსფერი – გაზაფხულისას ან შემოდგომისას.

გაზაფხული

ამ ტიპის ადამიანებს ბაცი კანი აქვთ, ხშირად – ატმისფერი ელფერითა და ჭორფლით, თვალები – უმეტესად ბაცი ცისფერი, ბაცი ყავისფერი ან მოთაფლისფრო-მომწვანო. ამ ტიპის ადამიანებმა თმის თბილი ფერი უნდა შეარჩიონ: ოქროსფერი ქერა, სპილენძისფერი, მარწყვისებური ქერა, თაფლისფერი, თბილი ბაცი ან საშუალო ყავისფერი.

შემოდგომა

ქალები, რომლებსაც ყავისფერი თვალები და ბრინჯაოსებრი ელფერის კანი აქვთ, შემოდგომის ტიპს ეკუთვნიან. მათ უხდებათ თბილი ყავისფერი, წაბლისფერი, ცეცხლისფერი, სპილენძისფერი. შეიძლება მოიხდინონ ოქროსფერი ქერა ან ნათელი ქერა ჩანართებიც.

ზაფხული

ამ ტიპის ადამიანებს აქვთ ბაცი კანი მოლურჯო ან ნაზი ვარდისფერი ელფერით, ლურჯი, მოლურჯო-მომწვანო ან ნაცრისფერი თვალები. უხდებათ ფერფლისფერი ქერა ან ყავისფერი მონაცრისფრო ელფერით, ასევე – პლატინისფერი ქერა ან წითელი მოლურჯო ელფერით. თბილ ფერებს, უმჯობესია, ერიდონ.

ზამთარი

ეს ეგრეთ წოდებული თოვლის დედოფლის ტიპია – ძალიან ფერმკრთალი კანით, რომელსაც ხშირად მოლურჯო ელფერი დაჰკრავს და შავი თმით. ამავე ტიპს მიეკუთვნება მუქი კანი გრილი, ზეთისხილისებრი ელფერით. ზამთრის ტიპის ადამიანებს აქვთ ლურჯი, მუქი ლურჯი, მოშავო-მოყავისფრო თვალები. უხდებათ შავი და ფერფლისფერი. თბილ ფერებს, უმჯობესია, ერიდონ.

შეღებვა თუ ტონირება?

შეღებვის მეთოდის შესარჩევად უნდა ვიცოდეთ, რა განსხვავებაა შეღებვას, ტონირებასა და ინტენსიურ ტონირებას შორის. არჩევანი სასურველ ფერზეცაა დამოკიდებული. მაგალითად, მუქი ფერიდან ბაცზე გადასასვლელად აუცილებელია თმის გაბაცება ან ქიმიური შეღებვა, რადგან აქ ტონირება ვერ დაგვეხმარება.

ტონირება

ტონირებას უმთავრესად ბუნებრივი ფერის გამოსაცოცხლებლად ან ოდნავ გასამუქებლად მიმართავენ. მისი წყალობით ფერი უფრო ინტენსიური და ბზინვარე ხდება. ტონიკი თმის სტრუქტურას არ არღვევს, მღებავი ნივთიერებები გარედან ეკვრის ღერს, ამიტომ ტონირება თმის ფერს დიდად ვერ ცვლის და ვერც ჭაღარას ერევა. ფერის პიგმენტი დაბანისას ადვილად სცილდება თმას, 8-10 დაბანის შემდეგ კი მთლიანად ჩამოირეცხება.

ინტენსიური ტონირება

ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ინტენსიური ტონიკი ქიმიურ ნივთიერებებსაც შეიცავს, მაგალითად, ამიაკს, ამიტომ ინტენსიური ტონირებისას ღერის გარეთა დამცავი ფენა ოდნავ ირღვევა. შედეგად პიგმენტი უფრო მეტხანს რჩება თმაზე და დაახლოებით 25-28 დაბანას უძლებს. ინტენსიური ტონირებისას შესაძლებელია თმის ერთი ტონით გაბაცებაც.

შეღებვა

თუ თმის ფერის სრულიად შეცვლას, მაგალითად, მუქიდან უფრო ბაცზე გადასვლას აპირებთ ან ჭაღარის შენიღბვა გსურთ, ქიმიურ ღებვას უნდა მიმართოთ. ამ დროს საღებავი ღრმად აღწევს თმის სტრუქტურაში და ადვილად არ ირეცხება. ის ორი კომპონენტისგან შედგება: პიგმენტისა და დამჟანგავი ნივთიერებისგან. შეღებვამდე ისინი ერთმანეთს ერევა. რაც უფრო ძლიერია დამჟანგავი ნივთიერება, მით უფრო მეტად ზიანდება თმა.

ვიღებავთ

სახლის პირობებში თმის ერთი-ორი ტონით გაბაცება-გამუქება სავსებით შესაძლებელია, მაგრამ თუ მუქი ფერის ბაცით შეცვლა გსურთ, უმჯობესია, ეს სპეციალისტს მიანდოთ, რომ მერილინ მონროს მაგივრად პეპი გრძელიწინდად არ იქცეთ.

საღებავის შეფუთვაზე ყოველთვის არის მითითებული, რა ფერის თმისთვისაა განკუთვნილი ეს პროდუქტი, რაც საორიენტაციოდ გამოგადგებათ.

ძალიან მნიშვნელოვანია, თმა ჯანმრთელი და მოვლილი იყოს. თუ გაყოფილი ბოლოები გაქვთ, შეღებვამდე აუცილებლად მოიჭერით. საღებავი მშრალ, დაუბანელ თმაზე წაისვით, რადგან დაბანიდან დაბანამდე წარმოქმნილი ცხიმის თხელი ფენა თავის კანს იცავს. შეღებვამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერ საფიქსაციო საშუალებებს ნუ გამოიყენებთ, რომ ფერი თანაბრად განაწილდეს თმაზე. უკეთესი იქნება, თუ ეს რამდენიმე დღე თმას მკვებავი და დამატენიანებელი საშუალებებით გაინებივრებთ.

ნაბიჯ-ნაბიჯ

1. შეღებვამდე კარგად გაეცანით საღებავის გამოყენების წესს.

2. მხრებზე ძველი პირსახოცი მოიხვიეთ, რომ ტანსაცმელი არ დაგესვაროთ. ლაქა ტანსაცმელს მხოლოდ 60 გრადუსზე გარეცხვისას სცილდება, გამაღიავებელი კი სამუდამოდ ახუნებს.

3. წაისვით საღებავი მთელ თმაზე, შირებიდან ბოლოებამდე, და წვრილკბილებიანი სავარცხლით რამდენჯერმე დაივარცხნეთ. სახეზე ლაქები რომ არ დაგრჩეთ, თმის გასწვრივ კანსა და ყურებზე ცხიმიანი კრემი, მაგალითად, ვაზელინი წაისვით. თუ მაინც დაგესვარათ, მაშინვე მოიცილეთ წყლით.

4. საღებავის მოქმედებისთვის უმეტესად 20-30 წუთიც საკმარისია. ზედმიწევნით დაიცავით ინსტრუქციაში მითითებული დრო და თავიდან რომ არ ამოგივარდეთ, ტაიმერიც დააყენეთ.

5. თმა კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით, ვიდრე სუფთა წყალი არ ჩამოვა, მერე კი შამპუნით დაიბანეთ. ბოლოს აუცილებლად წაისვით ნიღაბი, რომელიც საღებავს მოჰყვება – ის ხელს უწყობს თმის დამცავი ფენის დახურვას, არეგულირებს მის მჟავატუტოვან ბალანსს და ბზინვარებას სძენს თმას.

თმის გაბაცებას აპირებთ თუ გამუქებას, უმჯობესია, ღებვა კეფიდან დაიწყოთ. აქ თმა უფრო მუქია, ვიდრე თხემზე, რომელსაც მზეც ახუნებს, ამიტომ თმის ზედა ფენა უფრო ადვილად იღებს საღებავს. მუქ საღებავს ადვილად იღებს დაზიანებული ან გაღიავებული თმაც, რამაც შესაძლოა ფერის არათანაბარი განაწილება გამოიწვიოს.

ვიღებავთ ძირებს

თუ თმა სწრაფად გეზრდებათ, ორ კვირაში უკვე შეუღებავი ძირები ამოყოფს თავს. თუ ძირების სახლში შეღებვას გადაწყვეტთ, მოგიწევთ, დახმარება ოჯახის წევრს სთხოვოთ. დროც მეტი დაგჭირდებათ.

უპირველეს ყოვლისა, თმა ოთხ თანაბარ ნაწილად გაიყავით სავარცხლით: ჯერ ჰორიზონტალურად (ერთი ყურიდან მეორემდე), მერე კი ვერტიკალურად. თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე შეიკარით.

ღებვა ქვემოდან დაიწყეთ. კონა გახსენით, თმა ხელში მოიქციეთ და წამოზრდილ ძირებზე სპეციალური ფუნჯით წაისვით საღებავი. ამოუყევით ქვემოდან ზემოთ და ყოველი 0,5-1 სმ-ის შემდეგ თმის ფენა ჩამოივარცხნეთ. ასე შეიღებეთ ოთხივე ნაწილი.

ომბრე და ბალაიაჟი

თუ თმის ბუნებრივი ფერი მოგწყინდათ, მაგრამ არც მისი რადიკალურად შეცვლა გინდათ, შეგიძლიათ, ბაცი ზოლები გაიკეთოთ. ამის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ჩვენ ომბრესა და ბალაიაჟის გაკეთებას გასწავლით.

ომბრეს შემთხვევაში თმის ბოლოებია შედარებით ბაცი, ანუ ფერი ჰორიზონტალურად იცვლება, ბალაიაჟის დროს კი ნათელი ზოლები ვერტიკალურად დაჰყვება თმას.

თუ გსურთ, თმა ბუნებრივად გამოიყურებოდეს, ბალაიაჟი კარგი არჩევანია. მთავარია, ერთი ან ორი ტონით ბაცი საღებავი შეარჩიოთ. თუ ზედმეტად ბაცი მოგივიდათ, სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

საღებავი ინსტრუქციის მიხედვით მოამზადეთ. თმა კარგად ჩამოივარცხნეთ, მერე თმის ზედა ფენიდან ერთი ზოლი აიღეთ, სავარცხელი რამდენჯერმე დაისვით უკუღმა, თმის ბოლოებიდან ძირებისკენ, ისე, რომ ძირებთან თმის ღერები შეჯგუფდეს, და მთელ ზოლზე ქვემოდან ზემოთ ფუნჯით ან თითებით წაისვით საღებავი. ზოლები სურვილისამებრ გაანაწილეთ. მეტი ეფექტისთვის ბევრი ზოლი გაიკეთეთ. საღებავი 30-45 წუთი გაიჩერეთ, მერე კი კარგად ჩამოიბანეთ. თუ თმა ზედმეტად გაბაცდა და მოყვითალო ფერი მიიღო, დაიბანეთ სპეციალური შამპუნით, რომელიც სიყვითლეს ანეიტრალებს.

ომბრეს გაკათებისას საღებავის არჩევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ის კარგად უნდა ეხამებოდეს ბუნებრივ ფერს. აქაც ერთი ან ორი ტონით ბაცს გირჩევთ. მაგალითად, თუ მუქი ქერა თმა გაქვთ – ერთი ტონით ნათელ ქერას, თუ ყავისფერი – კარამელისფერს. მეტი ბუნებრიობისთვის მუქი ფერიდან ბაცზე გადასვლა თვალში საცემი არ უნდა იყოს.

უპირველეს ყოვლისა, საღებავი მოამზადეთ, მერე თმა ჩამოივარცხნეთ, ვერტიკალურად რამდენიმე ნაწილად გაიყავით და თითოეული კონა შეიკარით. ჯერ ერთი გახსენით, სავარცხელი რამდენჯერმე დაისვით ქვემოდან ზემოთ – იმ ადგილამდე, საიდანაც ომბრე უნდა დაიწყოს, მერე ასევე ქვემოდან ზემოთ წაისვით საღებავი და თანაბრად გაანაწილეთ. 30-45 წუთის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

მოვლა

ქიმიური საღებავები თმის სტრუქტურას ძალიან აზიანებს. განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც თმას მთლიანად აშორებს ბუნებრივ პიგმენტს. ასეთი პროცედურის შემდეგ ღერები ადვილად იმტვრევა, ბოლოები იყოფა. ამიტომ შეღებილი თმა კიდევ უფრო გულმოდგინე მოვლას მოითხოვს. ხარისხიანი საღებავი შედარებით დამზოგველია, ამიტომ მისთვის ფულს ნუ დაინანებთ.

განსაკუთრებული მოფრთხილება კი შეღებილ თმას ზაფხულში სჭირდება, რადგან მზე და ზღვის მლაშე წყალი უფრო მეტად აზიანებს მას. დილით, შინიდან გასვლამდე, ოდნავ ნოტიო თმაზე ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სპრეი ისხურეთ.

შეღებილ თმას ფენი არ უხდება – უფრო მეტად აშრობს, ამიტომ მის ხშირად გამოყენებას ერიდეთ.

შეღებილი თმა ხშირად უნდა დაიტენიანოთ. ამისთვის კი ქოქოსის, ჟოჟობას, არგანის ან ზეითუნის ზეთი გამოიყენეთ. დაბანის შემდეგ აუცილებლად წაისვით კონდიციონერი. უამისოდ თმა არ დაივარცხნოთ. შეარჩიეთ მშრალი დაზიანებული თმისთვის განკუთვნილი პროდუქცია.

ხშირად გაიკეთეთ ნიღაბი. მაგალითად, ასეთი: გაალღვეთ 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი, შეადღვიბეთ ერთი კვერცხი და კარგად შეიზილეთ თმაში. ნახევარი საათის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.

გამომშრალ თმას ძალიან უხდება ჰიბისკუსის (კარკადეს) ნაყენი. ერთი მუჭა ჰიბისკუსი ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ ადუღებულ წყალში და 20 წუთი გააჩერეთ, თბილ-თბილი შეიზილეთ თმაში და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ.

 ჯილდა გაჩეჩილაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: