ხრიკები ტოსტერის და მიკროტალღური ღუმლის გასაწმენდად

გააზიარე:

ტოსტერი

ტოსტერი ბევრ სამზარეულოში საპატიო ადგილს იკავებს. რა გასაკვირია – ტოსტები ხომ ძალიან გემრიელია, თანაც ვარირების საშუალებას იძლევა: შეგიძლიათ, წაუსვათ თაფლი, კარაქი, დაადოთ ავოკადოს ნაჭერი, მოაყაროთ კენკრა...
მაგრამ რამდენადაც მარტივი და სასიამოვნოა ტოსტების მომზადება, იმდენადვე რთული და უსიამოვნოა ტოსტერის წმენდა.
ტოსტერში უამრავი ნასვრეტი და ღრიჭოა, რომლებშიც პურის გახუხვისას ნამცეცები ცვივა. ახლახან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პურის წვისას ჰაერში ნებადართულზე მაღლა იწევს აქროლადი ორგანული ნაერთების დონე. ასე რომ, ტოსტერის რეგულარული გასუფთავება აუცილებელია, რათა მასში დაგროვილმა ნამცეცებმა ხელსაწყოს ყოველი ჩართვისას ჰაერი არ მოწამლოს.
არსებობს ხრიკები, რომლებიც საქმეს ასე თუ ისე გაგიმარტივებთ.

პირველი ნაბიჯი: ვცლით სათავსს
უპირველეს ყოვლისა, გამორთეთ ხელსაწყო დენის წყაროდან.
მოძებნეთ ნამცეცების სათავსი, რომელიც ყველა ტოსტერს აქვს. დააჭირეთ შესაბამის ღილაკს ან მოსწიეთ უჯრის სახელურის მსგავსი ნაწილი. ხელში ნამცეცების სათავსი შეგრჩებათ. ჩააპირქვავეთ სანაგვე ყუთში, გარეცხეთ, კარგად გაამშრალეთ და ტოსტერში დააბრუნეთ.
სათავსის დაცლა კვირაში ერთხელაა სასურველი.

მეორე ნაბიჯი: ვაცილებთ ჩამჯდარ ნამცეცებს
ჩაიხედეთ ტოსტერში – სავარაუდოდ, დაინახავთ სპირალებს, რომელთა გაცხელების შედეგადაც იხუხება პური. სწორედ ამ სპირალებს ეკვრის ნამცეცები, რომლებიც შემდეგ ტოსტერში რჩება.
უპირველეს ყოვლისა, სპირალებს აუსვ– დაუსვით მშრალი ჯაგრისი ნამცეცების მოსაშორებლად. მერე ტოსტერი გადმოაპირქვავეთ და კარგად შეანჯღრიეთ, რომ სპირალებს მოშორებული ნამცეცები გარეთ გადმოცვივდეს. შეგიძლიათ, გამოიყენოთ ხელის ტუმბოსმაგვარი მოწყობილობა, რომელსაც კომპიუტერის კლავიატურის საწმენდად იყენებენ, ან თმის ფენი, რომელიც დიდი სიმძლავრით უბერავს ჰაერს. ჰაერის ჭავლი დაძრავს ჩამჯდარ ნამცეცებს, რომლებიც გადმოპირქვავებისას არ გადმოცვივდა.

მესამე ნაბიჯი: ვწმენდთ
ტოსტერი სამზარეულოს ბინადარია, ასე რომ, არა მარტო შიგნიდან, გარედანაც შეიძლება დაისვაროს. ზედაპირზე მიმხმარი ნარჩენები შეგიძლიათ სველი ხელსახოცით მოაცილოთ. ჯიუტი ლაქები მოწმინდეთ რბილი ან უხეში ღრუბლით (მაგრამ არა ლითონის ბურბუშელათი, რომ კორპუსი არ დააზიანოთ).
ნათითურების მოსაცილებლად, რომლებიც ხშირად რჩება ტოსტერზე, სოდისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალების ნარევი გამოგადგებათ. აურიეთ ეს ორი ნივთიერება ერთმანეთში, გაჟღინთეთ ნაერთით ღრუბელი და რბილი ნაწილით ნაზად გაწმინდეთ ტოსტერის ზედაპირი. ბოლოს გადაუსვით წყლით დასველებული ქსოვილი გაწმინდეთ, ან სველი ხელსახოცი.
შეგიძლიათ, გამოიყენოთ თეთრი ძმარიც. ნუ ჩაალბობთ ძმარში ქსოვილს – მისი რამდენიმე წვეთიც საკმარისია. დანამეთ რბილი ქსოვილი და გაწმინდეთ ტოსტერის ზედაპირი. ძმრის სუნის გასანეიტრალებლად შეგიძლიათ წმენდა სველი ხელსახოცით დაასრულოთ.
ყველა ეს მეთოდი გამოსადეგია უჟანგავი ფოლადის ტოსტერის შემთხვევაში. თუ ტოსტერი მინანქრისა ან პლასტმასისაა, სოდის გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო: შეიძლება, პრიალა ზედაპირი ააცალოს, – ამიტომ ჯერ ძალიან პატარა მონაკვეთზე მოსინჯეთ და თუ ცდამ მშვიდობიანად ჩაიარა, სრულფასოვან წმენდაზე გადადით.

გახსოვდეთ:
* ტოსტერში მხოლოდ მშრალი პურის მოთავსება შეიძლება. არავითარ შემთხვევაში არ ჩადოთ მასში კარაქიანი, ჯემიანი, თაფლიანი პურის ნაჭრები.
* ეცადეთ, იშვიათად შეეხოთ ტოსტერს სველი ხელებით და არავითარ შემთხვევაში არ გარეცხოთ ონკანის ქვეშ.
* სასურველია, ტოსტერის ახლოს არ ეწყოს აალებადი საგნები.


მიკროტალღური ღუმელი
მიკროტალღური ღუმელი ტოსტერზე არანაკლებ ხშირად მოსახმარი ხელსაწყოა, მაგრამ ის, ვინც ისე ჩქარობს, რომ მიკროტალღურ ღუმელში სახელდახელოდ გაცხელებული კერძებით იკვებება, ალბათ ვერც ღუმელის საგულდაგულოდ გასაწმენდად მოიცლის.
დასვრილი მიკროტალღური ღუმელი ძალიან უსიამოვნო სანახავია. თანაც, თუ დიდხანს ვერ მოიცალეთ მის გასაწმენდად, იჟღინთება უსიამოვნო სუნით, რომელიც შემდეგ კერძის ყოველი გაცხელებისას გამოიყოფა და მარტო საკვებს კი არ დაჰყვება, ოთახშიც დგება.
გასწავლით ხრიკებს, რომელთა დახმარებითაც მიკროტალღური ღუმლის გაწმენდას სწრაფად და ადვილად მოახერხებთ.
მიკროტალღური ღუმლის შიგნით ცხელი ნოტიო გარემოს შექმნა მისი გაწმენდის საუკეთესო გზაა. ნესტი დაარბილებს ღუმლის კედლებსა და დეტალებზე შემხმარ საჭმლის ნარჩენებს და მათ გაცილებით ადვილად მოაშორებთ ხელსახოცით, ღრუბლით თუ სამზარეულოს ტილოთი.
ქვემოთ მიკროტალღური ღუმლის წმენდის ორ მეთოდს გაგაცნობთ.
პირველი მეთოდი მოითხოვს ძმრის გამოყენებას, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ბუნებრივი გამწმენდი საშუალებაა.
მეორე მეთოდი მათთვისაა, ვინც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ძმრის სუნის ან შემადგენლობის მიმართ. ამ შემთხვევაში ლიმონის ეთერზეთი და წყალი დაგჭირდებათ.
ორივე მეთოდი ძალიან ეფექტურია, ამიტომ გაეცანით ორივეს და გამოიყენეთ ის, რომელიც უფრო მოხერხებული მოგეჩვენებათ ან რომლისთვის საჭირო ინგრედიენტებსაც სახლში იპოვით.

მეთოდი #1 – ორთქლით და ძმრით წმენდა
დაგჭირდებათ:
* თეთრი ძმარი;
* წყალი;
* მიკროტალღურ ღუმელთან თავსებადი მასალის ჭიქა;
* ხის კოვზი ან ჩხირი;
* ქსოვილი გასაწმენდად.

პირველი ნაბიჯი – მომზადება
ჩაასხით ერთი სტანდარტული ჩაის ჭიქა ძმარი და ერთი სტანდარტული ჩაის ჭიქა წყალი ღუმელში შესადგმელ ჭიქაში. ჩადეთ ნარევში ხის კოვზი ან ჩხირი. შედგით ჭურჭელი მიკროტალღურ ღუმელში.

მეორე ნაბიჯი – გაცხელება
ჩართეთ მიკროტალღური ღუმელი საშუალო სიმძლავრეზე 5-10 წუთით. ეს დრო რომ გავა, ფრთხილად გამოიღეთ ჭურჭელი ღუმლიდან.

მესამე ნაბიჯი – შიგნიდან წმენდა
საწმენდი ქსოვილით კარგად გაწმინდეთ დანესტილი მიკროტალღური ღუმლის შიგნითა მხარე. ამას ზედმეტი ძალდატანების გარეშე მოახერხებთ, რადგან აოთქლებული წყალი და ძმარი საკმარისად დაარბილებდა კედლებზე მიწებებულ ნაწილაკებს.

მეთოდი #2 – წმენდა უძმროდ
დაგჭირდებათ:
* წყალი;
* ლიმონის ეთერზეთი;
* დოზატორიანი ბოთლი (შეგიძლიათ, გამოიყენოთ ყელის ან ცხვირის სპრეის კონტეინერი);
* ღრუბელი.

პირველი ნაბიჯი – მომზადება
ღრუბელი კარგად გაჟღინთეთ წყლით და მიკროტალღურ ღუმელში შედეთ. დოზატორიან ბოთლში ჩაასხით ნახევარზე ოდნავ ნაკლები წყალი და ჩააწვეთეთ 3-5 წვეთი ლიმონის ეთერზეთი. თუ გსურთ, სამზარეულოში ლიმონის მძაფრი სურნელი დატრიალდეს, შეგიძლიათ, ოდნავ მეტიც ჩააწვეთოთ.

მეორე ნაბიჯი – შეასხურეთ
შეასხურეთ ეს ნარევი მიკროტალღურ ღუმელში: კედლებზე, სახურავზე, ძირზე.

მესამე ნაბიჯი – გააცხელეთ
ჩართეთ მიკროტალღური ღუმელი საშუალო სიმძლავრეზე 2-3 წუთით.

მეოთხე ნაბიჯი – გაწმინდეთ
ორი-სამი წუთი რომ გავა და ღუმელი გამოირთვება, კარი არ გამოაღოთ, კიდევ რამდენიმე წუთით დატოვეთ ღრუბელი შიგნით. მერე გამოაღეთ კარი, აიღეთ ღრუბელი და ამ ღრუბლითვე გამოწმინდეთ ღუმელი შიგნიდან. იმავე ღრუბლით შეიძლება ღუმლის გარედან გაწმენდაც.

გახსოვდეთ:
* ნუ შედგამთ მიკროტალღურ ღუმელში იმაზე მეტი წონის საკვებს, ვიდრე ინსტრუქციაშია მითითებული. ნურც 50 გრამზე ნაკლები წონისას.
* ნუ დაადგამთ მიკროტალღურ ღუმელს თავზე მძიმე ნივთებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ სავენტილაციო ჭრილიც აქვეა მოთავსებული.
* ნუ შედგამთ მასში სხვა მასალის ჭურჭელს, გარდა მიკროტალღური ღუმლისთვის განკუთვნილი მასალისა.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: