ბავშვთა ჰიპოთირეოზი

გააზიარე:

ბავშვობაში განვითარებული ზოგიერთი დაავადება გავლენას ახდენს ზრდა-განვითარებაზე და არცთუ იშვიათად – აკადემიურ მოსწრებაზეც. ერთი მათგანი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტია. ჰიპოთირეოზის მიზეზებზე, სიმპტომებსა და მკურნალობაზე ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე კვარაცხელია გვესაუბრა.

რა არის ჰიპოთირეოზი

– ჰიპოთირეოზი კლინიკური მდგომარეობაა, რომელსაც ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, თიროიდული ჰორმონების უკმარისობა იწვევს. ბავშვთა ჰიპოთირეოზის ორ ძირითად ტიპს გამოყოფენ – თანდაყოლილს და შეძენილს.

თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათ პათოლოგიად მიიჩნევა, სათანადო ყურადღების გარეშე გონებრივი განვითარების მძიმე დარღვევებს იწვევს.

თიროიდული ჰორმონები მონაწილეობს ყველა სახის ნივთიერებათა ცვლაში, მეტაბოლიზმში, სითბოს წარმოქმნაში. მათი ნორმალური დონე აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ჩამოყალიბებისა და ნორმალური ფუნქციონირებისთვის, რასაც კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მუცლად ყოფნის პერიოდიდან სამ წლამდე. ორსულობის პირველი დაახლოებით 11 კვირა ჩანასახი მთლიანად დედისგან გადაცემულ თიროდულ ჰორმონებზეა დამოკიდებული, ამიტომ აუცილებელია, ორსულობის დადგომამდე დედის ორგანიზმში იყოს თიროიდული ჰორმონების ნორმალური დონე. ქალებს, რომლებიც ორსულობას გეგმავენ, ექიმები მოვუწოდებთ, მიმართონ ენდოკრინოლოგს და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური გამოკვლევა ჩაიტარონ. თუ დარღვევა გამოვლინდა, ენდოკრინოლოგი შეაფასებს ორსულობის შესაძლებლობას და დაგეგმავს მკურნალობას, რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპოთირეოზის არასასურველი გავლენა როგორც ორსულობასა და მშობიარობაზე, ისე ნაყოფის განვითარებაზეც.

მთელ მსოფლიოში, მათ შორის – ჩვენს ქვეყანაშიც, ახალშობილებს დაბადებიდან მესამე დღეს უტარდებათ სისხლის ანალიზი რამდენიმე თანდაყოლილი დაავადების გამოსავლენად. ერთი მათგანია თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი. სკრინინგს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი დროულად გამოვლენისა და მკურნალობისთვის.

გამომწვევი მიზეზები

– მიზეზები მრავალფეროვანია. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის აუცილებელია იოდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში და, მაშასადამე, გარემოში, ნიადაგსა და საკვებში ეს ელემენტი საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს. სანამ დაიწყებოდა მსოფლიოში იოდის დეფიციტის ენდემური კერების შესწავლა, იოდიანი მარილის გამოყენება, იოდის პრეპარატებით ინდივიდუალური პროფილაქტიკა, იოდის დეფიციტი იწვევდა როგორც თანდაყოლილი, ისე შეძენილი ჰიპოთირეოზის მძიმე ფორმებს, ასევე – ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას, ენდემურ ჩიყვს. დღესდღეობით იოდის დეფიციტით გამოწვეული ჰიპოთირეოზის წილი მკვეთრად შემცირდა, რადგან მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობამ იოდის დეფიციტის პრობლემა მოაგვარა.

თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის ძირითად მიზეზებს შორისაა ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურის ანომალიები, დისპლაზია (ქსოვილის ანომალიური განვითარება), ჰიპოპლაზია (ქსოვილის არასაკმარისი განვითარება), ჯირკვლის ან მისი წილის ექტოპიური მდებარეობა (მდებარეობა მისთვის უჩვეულო ადგილას). თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი ასევე შეიძლება იყოს თიროდული ჰორმონების სინთეზის დარღვევის, დედის მიერ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დამაქვეითებელი პრეპარატების მიღების, ფარისებრი ჯირკვლის საწინააღმდეგო ზოგიერთი ანსტისხეულის ტრანსპლაცენტური გადაცემის შედეგი. იშვიათად თავის ტვინის, კერძოდ, ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის სისტემის არასრულფასოვანი ფუნქციონირებაც შეიძლება იქცეს თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის მიზეზად. ჰიპოთირეოზის ეს ფორმა, ე.წ ცენტრალური ჰიპოთირეოზი, უმეტესად კომბინირებულია სხვა ჰორმონების, კერძოდ, ზრდისა და სასქესო ჰორმონების, უკმარისობასთან და შესაძლოა, ოდნავ მოგვიანებით გამოვლინდეს.

შეძენილი ჰიპოთირეოზი მოზარდობის ხანაში ვითარდება. იოდით საკმარისად უზრუნველყოფილ რეგიონებში ის უმეტესად ქრონიკული აუტოიმუნური თირეოდიტით, ე.წ. ჰაშიმოტოს თირეოიდიტით არის გამოწვეული. აუტომუნური დაავადება იმუნური სისტემის ფუნქციის ისეთი დარღვევის შედეგია, როცა ორგანიზმი საკუთარ ორგანოსა თუ ქსოვილს უცხოდ აღიქვამს და ებრძვის. ეს ბრძოლა საკუთარი ორგანოს/ქსოვილის დამაზიანებელი ანტისხეულების – ე.წ. აუტოანტისხეულების – მეშვეობით მიმდინარეობს. ზოგჯერ ერთი ორგანოს მიმართ რამდენიმე სახის ანტისხეული გამომუშავდება, ზოგჯერ ერთი და იგივე ანტისხეული სხვადასხვა ორგანოზე ახდებს დამაზიანებელ ზემოქმედებას. აუტოაგრესიით მიმდინარე დაავადებები ენდოკრინულ სისტემას, მათ შორის – ფარისებრ ჯირკვალსაც აზიანებს. ამ მექანიზმით ვითარდება ჰაშიმოტოს თირეოიდიტიც.

ბავშვებში ჰიპოთირეოზის განვითარების მიზეზად შესაძლოა ფარისებრ ჯირკვალზე ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია ან სხვა სახის რადიკალური მკურნალობაც იქცეს. მაგალითად, მკურნალობა რადიაქტიური იოდით. არსებობს ჰიპოთირეოზის სხვა, უფრო იშვიათი ფორმებიც, მაგალითად, თიროიდული ჰორმონებისადმი რეზისტენტობის სინდრომი, რომლის დროსაც საკუთარი ჰორმონების მოქმედება და ქსოვილების მათდამი მგრძნობელობაა დაქვეითებული.

– რამდენად ხშირია ეს დაავადება?

– თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის სიხშირე, ახალშობილთა სკრინინგის მონაცემების თანახმად, საშუალოდ 1:2500-3000-დან 1:4000-მდე მერყეობს. ზოგიერთი ფორმა უფრო იშვიათია. სხვათა შორის, ბოლო ხანს მზარდ ტენდენციას ამჟღავნებს ბავშვთა და მოზარდთა ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადება, კვანძოვანი წარმონაქმნები კი ყველა ასაკობრივ ჯგუფში და მეტადრე ბავშვთა ასაკში დიდ ყურადღებას და სათანადო კვლევას მოითხოვს.

სიმპტომები

– ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტით თუ სხვა მიზეზით გამოწვეული ჰიპოთირეოზი კლინიკურად ვლინდება:

* ზრდის შეფერხებით;

* უმადობის, კვების რაციონისა და რეჟიმის ცვლილების მიუხედავად სხეულის მასის მატებით;

* კანის სიმშრალით, თმის ცვენით;

* ანემიით;

* ყაბზობით;

* მცივანობით;

* მეხსიერების დაქვეითებით.

ხანდახან დაავადებას თან ახლავს განწყობის ცვლილებები, ღამით უძილობა, დღისით კი ძილიანობა, ემოციური ლაბილურობა და ფარისებრი ჯირკვლის გადიდება – ჩიყვი. თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის მქონე ახალშობილთა უმრავლესობას კლინიკური ნიშნები არ აქვს გამოხატული, მაგრამ თუ დედას ორსულობისას ჰიპოთირეოზი ჰქონდა, დაბადებისთანავე იქცევს ყურადღებას მშრალი კანი, შედარებით დიდი ენა, ანემია, ყაბზობა, ჰიპოდინამია ან ადინამია (აქტიური მოძრაობის ნაკლებობა, არარსებობა), კუნთების ჰიპოტონია (არასათანადო დაჭიმულობა, მოდუნება), გახანგრძლივებული სიყვითლე, ჭიპის თიაქარი და დიდი ყიფლიბანდი.

როდის მივმართოთ ექიმს

– ენდოკრინოლოგს შეიძლება ნებისმიერ ასაკში მიმართოთ, განსაკუთრებით – თუ ამის საფუძველს იძლევა ოჯახური ანამნეზი, ორსულობისას დედის თიროდული სტატუსი, სკრინინგის მონაცემები, ბავშვის არასათანადო განვითარება და ზემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნები.

დიაგნოსტიკა

– ექიმთან ვიზიტის დროს დაავადების გამოსავლენად ტარდება სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური კვლევა. თავდაპირველად ექიმი გამოკითხავს პაციენტს და მის მშობელს, შეკრებს ანამნეზს (სიმპტომების ერთობლიობა, მათი ხანგრძლივობა, ოჯახური ისტორია), შემდეგ გადადის უშუალოდ გასინჯვა-დათვალიერებაზე, მერე კი იწყება დიაგნოსტიკური კვლევები:

● სისხლის ანალიზები

* თირეოტროპული ჰორმონის დონის დასადგენად;

* თიროქსინის თავისუფალი ფრაქციის განსასაზღვრად (თირეოტროპული ჰორმონი თავის ტვინში, კერძოდ, ჰიპოფიზში წარმოიქმნება და ასტიმულირებს და არეგულირებს ფარისებრ ჯირკვალში საბოლოო ჰორმონების – თიროქსინისა და ტრიიოდთირონინის – სინთეზს);

* იმუნოლოგიური მარკერების თიროიდული ანტისხეულების განსასაზღვრად;

● რადიოლოგიური კვლევები – ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფია, სცინტიგრაფია და სხვა.

მკურნალობა

– მკურნალობის ტაქტიკას ინდივიდუალურად, ექიმ სპეციალისტთან კონსულტირების საფუძველზე ირჩევა. ჰიპოთირეოზის კლინიკური და ლაბორატორიული დადასტურებისას ინიშნება ლევოთიროქსინის – თიროიდული ჰორმონის, თიროქსინის, სინთეზური ანალოგის – ან იოდის პრეპარატები. მედიკამენტი მოითხოვს ზუსტ დოზირებას, ცვლას-ტიტრაციას ასაკის, ლაბორატორიული პარამეტრებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა ჰიპოთირეოზის მიზეზზეა დამოკიდებული. ჰიპოთრეოზის ზოგიერთი ფორმა დროებითია, გარდამავალი ხასიათისა, ზოგიერთი კი – პერმანენტული, მუდმივი. ასეთი ფორმები მშობლის, მერე კი თავად პაციენტის მუდმივ ყურადღებას, ენდოკრინოლოგის უწყვეტ მეთვალყურეობას მოითხოვს. დროული და ადეკვატური მკურნალობის ფონზე ბავშვი ასაკის შესაბამისად ვითარდება.

– რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ნებაზე მიშვებულ ჰიპოთირეოზს?

– მკურნალობის გარეშე ან არაადეკვატური და დაგვიანებული მკურნალობის ფონზე ბავშვთა ჰიპოთირეოზი იწვევს ფიზიკური განვითარების, ზრდის შეფერხებას, სხეულის მასის სიჭარბეს, ნივთიერებათა ცვლის, მათ შორის – ცხიმოვანი ცვლის, მოშლას, კანისა და კანქვეშა ქსოვილების შეშუპებას (მიქსედემა), სქესობრივი მომწიფების დაგვიანებას, იშვიათად – ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას, მოზარდ გოგონებში – მენსტრუალური ციკლის დარღვევას. მიშვებულმა ჰიპოთირეოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის შეუქცევადი სტრუქტურული ცვლილებები, მისი დიფუზური გადიდება და ჩიყვის ჩამოყალიბება, ასევე – კეროვანი ცვლილებები, კვანძოვანი წარმონაქმნების გაჩენა და ზრდა, რაც არცთუ იშვიათად ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობას წარმოშობს.

თანდაყოლილი ფორმის შემთხვევაში სიმპტომთა ამ კომპლექსს ემატება და წინა პლანზე წამოიწევს ნევროლოგიური პრობლემები, გონებრივი განვითარების მძიმე დარღვევა – კრეტინიზმი.

პროგნოზი

– შესაძლებელია თუ არა ჰიპოთირეოზისგან სრულად განკურნება?

– რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ არა ყველა ფორმისა. გააჩნია მიზეზს. ერთი და იგივე დაავადებაც კი სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვანაირად, ძალზე ინდივიდუალურად და თავისებურად მიმდინარეობს.

– რას ურჩევდით მშობლებს ჰიპოთირეოზის პრევენციისთვის?

– მშობლებს, განსაკუთრებით კი მომავალ დედებს ვურჩევ, დაორსულებამდე ენდოკრინოლოგს მიმართონ თიროდული სტატუსის შესაფასებლად, მშობიარობის შემდეგ კი მუდმივი კავშირი ჰქონდეთ პედიატრთან ბავშვის ფიზიკური, გონებრივი და სქესობრივი განვითარების დინამიკაზე დასაკვირვებლად.

კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ ჰიპოთირეოზის სპეციფიკური სიმპტომები: დაღლილობა, სხეულის მასის უმიზეზო მატება, ძილის დარღვევა, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, მეხსიერების დაქვეითება, ყაბზობა, ზრდის შეფერხება, კისრის კონფიგურაციის ცვლილება, უიშვიათეს და შორს წასულ შემთხვევებში – ხმის ჩახლეჩა, სმენის დაქვეითება. ზოგჯერ ყველა სიმპტომი აღინიშნება, ზოგჯერ – მხოლოდ რამდენიმე მათგანი. გვქონია შემთხვევები, როცა ექიმთან კონსულტაციები არასპეციფიკური სიმპტომის, თავის ტკივილის გამო დაწყებულა, საბოლოოდ კი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის საკმაოდ მძიმე დარღვევა დაგვიდგენია.

როგორც ქალბატონმა ეკამ აღნიშნა, ზრდაში ჩამორჩენა ბავშვთა ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი სიმპტომია, თუმცა ის ასევე შეიძლება განვითარდეს

*  არასრულფასოვანი კვების,

* სხვა ავადმყოფობის,

* სხვა სახის ჰორმონული დისბალანსის (მაგალითად, ზრდის ჰორმონის დეფიციტის),

* ფსიქონევროლოგიური დარღვევის,

* გენეტიკური დარღვევის,

* არახელსაყრელი სოციალური თუ ბუნებრივი პირობების ფონზე.

ჩამოთვლილ მიზეზებს პირობითად ორ ჯგუფად ყოფენ. შესაბამისად, განასხვავებენ ავადმყოფობით (ენდოკრინული და არაენდოკრინული მიზეზებით) გამოწვეულ ზრდაში ჩამორჩენას და ნორმის ვარიანტად მიჩნეულ დროებით დარღვევებს, როგორიცაა ფიზიკური და სქესობრივი განვითარების კონსტიტუციური ტიპის შეფერხებაა.

ზრდაში ჩამორჩენამ ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი, თუმცა ენდოკრინოლოგები გამოყოფენ სამ ძირითად პერიოდს:

1. 3-4 წელი – ბავშვები, რომლებსაც ამ ასაკში ზრდაში ჩამორჩენა აღენიშნებათ, ახალშობილობის პერიოდიდანვე ჩამორჩებოდნენ თანატოლებს;

2. 6 წელი – ესენი ის ბავშვები არიან, რომელთა ჩამორჩენა თვალში საცემია სკოლაში შესვლის დროს;

3. დაბოლოს, სქესობრივი გარდატეხის პერიოდი, 12-14 წელი – ვსაუბრობთ მოზარდებზე, რომლებსაც უგვიანდებათ მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება.

სიმაღლის გაზომვას ექიმები ჯანმრთელობის სკრინინგის მარტივ და იაფ ინსტრუმენტს უწოდებენ. წლამდე ასაკის ბავშვების გაზომვა თვეში ერთხელაა რეკომენდებული, ერთიდან სამ წლამდე – 6 თვეში ერთხელ, ხოლო სამი წლიდან – წელიწადში ერთხელ. ამის გაკეთება მშობლებსაც შეუძლიათ პედიატრის დაუხმარებლად და სიმაღლის საზომი სპეციალური ინსტრუმენტის – სტადიომეტრის გარეშე:

მოზარდი დააყენეთ ფეხზე, ზურგით კედლისკენ, ისე, რომ ქუსლებით, ბეჭებითა და კეფით კედელს ებჯინებოდეს, ხელები დაშვებული ჰქონდეს, თავი კი ისე ეჭიროს, რომ პირდაპირ იყურებოდეს. კედელზე მონიშნეთ უმაღლესი წერტილი და გაზომეთ მანძილი იატაკიდან ამ წერტილამდე.

ამ მარტივი მეთოდით, პედიატრთან ერთად და მასთან მუდმივი კონსულტაციის რეჟიმში, შეძლებთ შეადგინოთ ბავშვის ინდივიდუალური ზრიდის მრუდი, აკონტროლოთ მისი ზრდის ტემპი და საჭიროების შემთხვევაში განგაშის სიგნალი ჩართოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიმაღლის გაზომვა მხოლოდ დამხმარე საშუალებაა. ბავშვისა თუ მოზარდის ზრდის დინამიკის დოკუმენტირება უნდა ხდებოდეს პედიატრთან, ზუსტი სტადიომეტრის მეშვეობით და გაზომვის ტექნიკის წესების დაცვით.

თამთა კაპანაძე 

 

 

 

 

გააზიარე: