არაგულისმიერი ტკივილი გულის არეში

გააზიარე:

გულის არეში აღმოცენებულ ტკივილს დაუდევარი პაციენტებიც კი არ ტოვებენ უყურადღებოდ, რადგან ყველამ იცის, რომ ეს ინფარქტის ნიშანია. ყურადღება ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, თუმცა არსებობს გულის არაკარდიული ტკივილიც. ის ძალიან ჰგავს გულისმიერ ტკივილს – ხშირად მკერდის ძვლის უკან აღმოცენდება, მწვავეა, ძლიერი, მოჭერითი, ზეწოლითი ხასიათისა, გადაეცემა კისერს, მარცხენა ხელს, ზურგს, ზოგჯერ საათობითაც გრძელდება. ვინაიდან სურათი ძალიან ჰგავს გულის შეტევას, ასეთი ჩივილების მქონე ადამიანები ხშირად ხვდებიან გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში, უტარდებათ ლაბორატორიული ტესტები, ელექტროკარდიოკრაფია და გულის სხვა კვლევები, ზოგჯერ – კორონარული ანგიოგრაფიაც კი. თუ გამოკვლევამ გულის დააავადება არ გამოავლინა, მათ გულის არაკარდიული ტკივილის დიაგნოზს უსვამენ და მიზეზის ძებნას იწყებენ.

გულის არაკარდიულ ტკივილს სხვა სახელებითაც მოიხსენიებენ: გულის ატიპური ტკივილი, გულის აუხსნელი ტკივილი, გულის ფუნქციური ტკივილი, ჯარისკაცის გული, გაღიზიანებული გული, მგრძნობიარე გული, ნეიროცირკულატორული ასთენია, დაკოსტას სინდრომი...

არაგულისმიერი ტკივილი ბავშვსაც შეიძლება განუვითარდეს და ხანდაზმულსაც, კაცსაც და ქალსაც, მაგრამ უმეტესად მაინც ქალებთან გვხვდება. დაავადების სხვა სპეციფიკური რისკფაქტორები არ გამოვლენილა.

ტკივილს შესაძლოა საკვების მიღებასთან ჰქონდეს კავშირი – ზოგიერთი პაციენტი იმავდროულად უჩივის გასტროეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომებსაც: გულძმარვას, წვის შეგრძნებას მკერდის ძვლის უკან, პირში მწარე ან მჟავე გემოს კუჭის წვენის პირში ამოსვლის გამო.

რატომ ჰგავს

გული და საყლაპავი გულმკერდის ღრუში ერთმანეთს ედება. მათ მსგავსი ნერვული დაბოლოებებიც აქვთ. გარდა ამისა, მათში აღმოცენებული ნერვული იმპულსები ერთი და იმავე მგრძნობიარე ნერვის გავლით მიემართება თავის ტვინისკენ. შედეგად ერთი მათგანის ტკივილი შესაძლოა მეორისად აღვიქვათ. სწორედ ამიტომ გვევლინება საყლაპავი გულის არეში არაგულისმიერი ტკივილის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად.

სხვა მიზეზები

განასხვავებენ გულის არაკარდიული ტკივილის ორ ფორმას – საყლაპავისმიერს და არასაყლაპავისმიერს. რამდენიმე გამოკვლევამ აჩვენა, რომ ამ სიმპტომის მქონე ათიდან, სულ ცოტა, ექვს ადამიანს გასტროეზოფაგური რეფლუქსიც აქვს, ამიტომ, როდესაც გულის დაავადებას გამორიცხავენ, ასეთ პაციენტებს გასტროენტეროლოგთან გზავნიან, რათა მან საყლაპავის მდგომარეობა შეაფასოს.

საყლაპავისმიერი მიზეზებიდან გულის არაკარდიულ ტკივილს იწვევს:

* გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ) – ტკივილთან ერთად პაციენტები ხშირად უჩივიან გულძმარვას, რეგურგიტაციას (კუჭის წვენის ამოსვლას პირში);

* საყლპავის მოტორიკის მოშლა და მისი კუმშვადობის დარღვევა, მაგალითად: საყლაპავის სპაზმი, რასაც მისი კუნთების შეუთანხმებელი შეკუმშვები იწვევს; მაკნატუნას საყლაპავი – კუნთების ერთიანი, ძლიერი შეკუმშვა; აქალაზია – ნერვული უჯრედების დაზიანების გამო შეკუმშვის უნარის დაკარგვა;

* საყლაპავის ჰიპერმგრძნობელობა, იგივე ვისცერული ჰიპერმგრძნობელობა. ამ შემთხვევაში საყლაპავში წნევისა თუ სიმჟავის მცირე ცვლილებაც კი ძლიერ ტკივილს იწვევს. ამ დარღვევის გამოსავლენად მარტივ ტესტს მიმართავენ: საყლაპავში პატარა ბალონს ათავსებენ და ბერავენ. ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტები, სხვებისგან განსხვავებით, მისი ზომის მცირედ მატებასაც კი გრძნობენ. საყლაპავის ჰიპერმგრძნობელობის მიზეზი უცნობია, თუმცა მისი შემამსუბუქებელი მკურნალობა არსებობს.

არასაყლაპავისმიერი მიზეზებიდან გულის არეში ტკივილს იწვევს: გულმკერდის ან ხერხემლის ჩონჩხისა და კუნთების პრობლემები, ფილტვებისა და პლევრის დაავადებები, პერიკარდიუმის (გულის პერანგის, გულის გარეთა შრის) ზოგიერთი მდგომარეობა, კუჭსა და საყლაპავზე არსებული წყლულები, ნაღვლის ბუშტის პრობლემები, პანკრეასის დაავადებები, იშვიათად – სიმსივნეები.

გულის არაკარდიული ტკივილის მქონე ზოგიერთ პაციენტს სტრესი და ამით გამოწვეული დეპრესია, შფოთვა, პანიკური აშლილობა დაუდასტურდა, თუმცა დაუდგენელი დარჩა, სტრესმა გამოიწვია გულის ტკივილი თუ, პირიქით, ტკივილი იქცა სტრესის მიზეზად. ასეა თუ ისე, სტრესული მდგომარეობის მკურნალობა ტკივილის დამარცხების აუცილებელი პირობაა.

როგორ გავიგოთ

გულის არეში ნებისმიერი ხასიათის ტკივილის დროს, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია გულის დაავადების გამორიცხვა. ამის შემდეგ პაციენტს შეიძლება შესთავაზონ ორკვირიანი საცდელი მკურნალობა მჟავაწარმოქმნის დამთრგუნველი პრეპარატით – პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით. ამგვარ თერაპიას ორი მიზანი აქვს – სადიაგნოსტიკო და სამკურნალო. თუ წამლის მიღების შემდეგ გულის არეში ტკივილი ჩაცხრა, მის მიზეზად საყლაპავში მჟავას რეფლუქსი მიიჩნევა. ამ შემთხვევაში მკურნალობა ამავე პრეპარატით, ოღონდ მცირე დოზებით, კიდევ ორი თვე გრძელდება.

თუ ორკვირიანი მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა, კვლევას აგრძელებენ. შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს საყლაპავის მჟავატუტოვანი წონასწორობის განსაზღვრა, გასტროსკოპია – საყლაპავისა და კუჭის ენდოსკოპიური დათვალიერება სხვა პათოლოგიების გამოსარიცხად, საყლაპავის კუნთების მოძრაობის შესწავლა, ნაღვლის ბუშტის ექოსკოპიური გამოკვლევა...

მკურნალობა

როცა ტკივილის მიზეზად გაზრდოეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ითვლება, ინიშნება პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი საუზმემდე 0.5–1 საათით ადრე. ასეთი მკურნალობა გერდ-ის მქონე ათიდან რვა პაციენტთან შედეგიანია. თუ ტკივილი ამ წამალზე არ რეაგირებს, ვარაუდობენ, რომ მიზეზი გერდი არ არის. ასეთ პაცეინტებს უნიშნავენ მედიკამენტებს, რომლებიც შეამცირებს საყლაპავიდან ტვინში ტკივილის გადაცემას. მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების მცირე დოზებს.

თუ მკურნალობის არცერთი მეთოდი არ აღმოჩნდა შედეგიანი, იკვლევენ საყლაპავის კუნთების კუმშვადობას, რათა გამორიცხონ სხვა მიზეზები, მაგალითად, აქალაზია. ეს დაავადება კი შესაბამის მკურნალობას ემორჩილება.

ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ საყლაპავში არსებული ადენოზინური რეცეპტორებიც შეიძლება ვისცერული ტკივილის მიზეზად იქცეს. ამ რეცეპტორებზე თეოფილინის ზემოქმედება ეფექტიანი აღმოჩნდა, თუმცა ამ წამალს გვერდითი მოვლენების გამო შეზღუდვით იყენებენ.

იმ პაციენტებს კი, რომლებსაც აქვთ დეპრესია, შფოთვა ან პანიკური აშლილობა, ფსიქიატრიული კონსულტაცია და მკურნალობა სჭირდებათ.

კოსტოქონდრიტი – დამნაშავეა მკერდის ძვალი

გულის არეში არაგულისმიერი და არასაყლაპავისმიერი ტკივილის ერთ–ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი კოსტოქონდრიტია – მკერდის ძვლისა და ნეკნების შემაერთებელი ხრტილის ანთება. სხვაგვარად მას გულმკერდის კედლის ტკივილს, კოსტოსტერნალურ სინდრომს ან კოსტოსტერნალურ ქონდროდინიას უწოდებენ. კოსტოქონდრიტი უმთავრესად ორმოც წელს გადაცილებული ქალების ხვედრია. მას ახასიათებს მწვავე ტკივილი მკერდის ძვლის მარცხენა მხარეს, რომელიც ღრმა ჩასუნთქვისას ან ხველებისას ძლიერდება. პროცესში, როგორც წესი, ერთზე მეტი ნეკნია ჩართული.

კოსტოქონდრიტის სავარაუდო მიზეზებია:

* დაზიანება, ტრავმა, მაგალითად გულმკერდზე დარტყმის შედეგად;

* ფიზიკური დატვირთვა – მძიმე საგნების რეგულარული აწევა ან ტარება, ინტენსიური ვარჯიში, ძლიერი ხველა;

* ართრიტი – შესაძლოა, კოსტოქონდრიტი რომელიმე სპეციფიკურ დაავადებას: ოსტეოართრიტს, რევმატოიდულ ართრიტს, მაანკილოზებელ სპონდილიტს – უკავშირდებოდეს;

* სახსრის ინფექცია, რომელიც შესაძლოა ვირუსით, ბაქტერიით ან სოკოთი იყოს გამოწვეული. მაგალითად ტუბერკულოზი, სიფილისი, ასპერგილოზი;

* სიმსივნე – კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. ეს უკანასკნელი შესაძლოა სხეულის სხვა ნაწილიდან გავრცელდეს, მაგალითად, მკერდიდან, ფარისებრი ჯირკვლიდან, ფილტვებიდან.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ვინაიდან კოსტოქონდრიტით გამოწვეული ტკივილი ძალიან ჰგავს გულის შეტევის, ფილტვის დაავადებების, კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ოსტეოართრიტის თანმხლებ ტკივილს, კოსტოქონდრიტის დამადასტურებელი სპეციალური ლაბორატორიული და გამოსახვითი კვლევები კი არ არსებობს, შესაძლოა, ექიმმა ეკგ, რენტგენი, კტ, მრი სხვა პათოლოგიების გამოსარიცხად დანიშნოს.

კოსტოქონდრიტი, წესისამებრ, თავისთავად გაივლის, თუმცა გამორიცხული არ არის, რამდენიმე კვირას და უფრო მეტხანსაც გასტანოს. მკურნალობის მიზანი ტკივილის შემსუბუქებაა, რისთვისაც ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებს ან უფრო ძლიერ გამაყუჩებლებს იყენებენ.

რეკომენდებულია გაწელვითი ვარჯიშები, ნერვის ელექტრული სტიმულაცია... თუ ვერცერთმა საშუალებამ ვერ გამოიღო შედეგი, კორტიკოსტეროიდული პრეპარატი უშუალოდ მტკივან სახსარში შეჰყავთ.

სახლში კი ტკივილის დაამება შეიძლება თბილი (ან ცივი) საფენების დღეში რამდენჯერმე დადებით და იმ მოძრაობების შეზღუდვით, რომლებიც ტკივილის მომატებას იწვევს.

მარი აშუღაშვილი     

 

გააზიარე: