სიმსივნე ლიმფურ კვანძებში

გააზიარე:

ვიცით, რომ ლიმფური კვანძის შესივების ყველაზე ხშირი მიზეზი ანთებითი პროცესია, მაგრამ ეს სიმპტომი ზოგჯერ ლიმფურ კვანძში სიმსივნის არსებობაზეც მიუთითებს, ამიტომ შესივებული კვანძი უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.

ლიმფურ კვანძში სიმსივნე ორნაირად ჩნდება: ან კვანძშივე წარმოიქმნება, ან საიდანმე ვრცელდება. იმთავითვე ლიმფურ კვანძში აღმოცენებულ სიმსივნეს ლიმფომას უწოდებენ, სხვა სიმსივნიდან წამოსულს – ლიმფურ მეტასტაზს. ვინაიდან სიმსივნეების ნუსხა მრავალფეროვანია, ლიმფური კვანძის მეტასტაზი გაცილებით ხშირია, ვიდრე ლიმფომა.

გადმოტყორცნილი მეტასტაზი

სიმსივნური უჯრედი ლიმფურ კვანძში რომ მოხვდეს, თავდაპირველ სიმსივნეს უნდა მოსწყდეს, ლიმფურ სადინარს მიაღწიოს, მასში შეიჭრას და ლიმფის ნაკადს შეუერთდეს. ლიმფურ სისტემაში მოხვედრილი სიმსივნური უჯრედები მოგზაურობას უმეტესად ლიმფურ კვანძებში ასრულებენ. მართალია, მათი უმეტესობა თავისთავად თუ იმუნური სისტემის დამსახურებით კვდება, მაგრამ ერთი და ორი გადარჩენილიც საკმარისია, რომ გამრავლდეს და მეტასტაზი წარმოქმნას.

პირველი ლიმფური კვანძები, წესისამებრ, თავდაპირველი სიმსივნის მახლობლად ზიანდება.

როგორ პოულობენ

ნორმალური ლიმფური კვანძი ძალიან პატარა და ძნელი საპოვნელია, მაგრამ ანთებითი თუ სიმსივნური პროცესის დროს სივდება და ადვილი შესამჩნევი ხდება. სხეულის ზედაპირთან ახლოს მდებარე გადიდებული კვანძი ხელითაც შეიგრძნობა, ზოგჯერ კი თვალითაც ჩანს. მაგრამ თუ კვანძში მხოლოდ რამდენიმე სიმსივნური უჯრედია, გარეგნულად ის შესაძლოა საერთოდ არ შეიცვალოს.

თუ სიმსივნე ლიმფურ კვანძებშია გავრცელებული, ძირითადი კერის ამოკვეთის შემდეგ მისი ხელახლა განვითარების რისკი მაღალია, ამიტომ პირველადი კიბოს ამოკვეთისას ხშირად რამდენიმე ახლომდებარე (რეგიონულ) ლიმფურ კვანძსაც კვეთენ.

ზოგჯერ ლიმფური კვანძების გადარჩენა შესაძლებელია. ამისთვის მოდარაჯე კვანძის აღმოჩენის მეთოდს იყენებენ: სიმსივნეში შეჰყავთ სპეციალური ნივთიერება, რომელიც ღებავს პირველი რიგის ლიმფურ კვანძებს. ოპერაციის დროს სწორედ ამ კვანძებს იკვლევენ. თუ მათში ცვლილებები არ აღმოჩნდა, სხვა კვანძებს აღარ ამოკვეთენ.

ერთი კვანძის ამოკვეთას ბიოფსია ეწოდება, რამდენიმესას – დისექცია. შესწავლის მიზნით კვანძის ბიოფსია შეიძლება მისი ამოკვეთის გარეშეც ჩატარდეს ნემსით.

ლიმფური კვანძის ბიოფსიით მიღებული მასალის მიკროსკოპული შესწავლა ექიმს მიახვედრებს, საჭიროა თუ არა ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპია ან რადიოთერაპია.

კვანძიდან აღებული მასალა მიკროსკოპული გამოკვლევისას ძალიან ჰგავს პირველად სიმსივნეს. მაგალითად, ძუძუს კიბოდან მეტასტაზირებული უჯრედები – ძუძუს კიბოს უჯრედებს.

გადიდებული კვანძების პოვნა გამოსახვითი მეთოდების დახმარებითაც შეიძლება. მიიჩნევა, რომ გადიდებული ლიმფური კვანძი, რომელიც კიბოსთან ახლოს მდებარეობს, დიდი ალბათობით, სიმსივნურ უჯრედებს შეიცავს. 

გამოსახვითი კვლევები

კვლევის ეს მეთოდები სხეულში ენერგიის სხვადასხვა ფორმას გზავნის. გამოკვლევა ტარდება რენტგენის სხივების, ულტრაბგერის, რადიაქტიური ნაწილაკების, მაგნიტური ველის დახმარებით. ამ პრინციპს ეფუძნება კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვითი კვლევა (რომელსაც ჩვენში მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც ეძახიან), რენტგენოგრაფია, ულტრასონოგრაფია, ბირთვული სკანირება (ერთი მათგანია პეტი - პოზიტრონემისიური ტომოგრაფია).

კვანძში ჩასახლებული

თუ ლიმფურ კვანძში იმდენად ცოტა გადაგვარებული უჯრედია, რომ მათი აღმოჩენა მხოლოდ სპეციალური ტესტებითაა შესაძლებელი, მკურნალობა შესაძლოა არც შეცვალონ.

თუ სიმსივნემ კვანძის შემომსაზღვრელი შემაერთებელი ქსოვილი გაარღვია და გარსის ანუ კაფსულის გარეთ განაგრძო ზრდა, ექსტრაკაფსულარულ გავრცელებაზე საუბრობენ.

რაც უფრო მეტი სიმსივნური უჯრედია კვანძში, მით უფრო მეტია ალბათობა, ის სხეულის სხვა ნაწილებშიც იყოს გავრცელებული, მაგრამ, ვინაიდან სიმსივნე უპირველესად სწორედ ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში ვრცელდება, ძირითად კერასთან ერთად მათი ამოკვეთა ხშირად იცავს ავადმყოფს სხვა ადგილებში სიმსივნის გავრცელებისგან.

თუ სიმსივნე პირველადი კერისგან შორს მდებარე ლიმფურ კვანძებშია გავრცელებული, ქიმიური ან რადიაციული მკურნალობაა საჭირო.

სტადიის დასადგენად

მკურნალობის სტრატეგია სიმსივნის ტიპსა და სტადიაზეა დამოკიდებული. სტადიის დასადგენად კი ლიმფურ კვანძებში მეტასტაზების არსებობასაც ითვალისწინებენ. ხშირად მიმართავენ TNM კლასიფიკაციას, სადაც T თავდაპირველი სიმსივნეა, N – ლიმფური კვანძები, M – მეტასტაზები.

ვნახოთ, როგორი განისაზღვრება სიმსივნის სტადია ლიმფური კვანძების მიხედვით:

* თუ პირველადი კერის ახლომდებარე ლიმფურ კვანძებში სიმსივნე არ აღმოჩნდა, N-ის მნიშვნელობა 0-ის ტოლი იქნება; იმის მიხედვით, მხოლოდ ახლომდებარე ლიმფურ კვანძებშია გავრცელებული სიმსივნე თუ შორეულშიც, რამდენი კვანძია პროცესში ჩათრეული და რამდენად დიდია ისინი - 1-ის, 2-ის ან 3-ის.

თუ TNM კლასიფიკაციით სიმსივნეს დაბალი რიცხვითი მნიშვნელობა მიენიჭა, სიმსივნის მკურნალობაც ადვილი იქნება და შედეგიც უკეთესი. მაგალითად, T1, N0, M0 სტადია ნიშნავს, რომ სიმსივნე საკმაოდ ადრე აღმოაჩინეს და მეტასტაზები არც ლიმფურ კვანშებშია და არც სხვა ორგანოებში.

ამოკვეთილი კვანძები

ლიმფური სადინარები, რომლებიც პერიფერიებიდან უჯრედშორის სითხეს აგროვებს და გულისკენ გადადენის, როგორც უკვე იცით, გზადაგზა ლიმფური კვანძებითაა დახუნძლული. ლიმფა კვანძში ერთი მხრიდან შედის და მეორიდან გადის. ლიმფური კვანძის ამოკვეთისას ლიმფურ ძარღვებში ჩიხი ჩნდება, ამიტომ ქსოვილში ლიმფა გროვდება, შესაბამისი რეგიონი შუპდება, ვითარდება ლიმფედემა, რაც სერიოზული და სამუდამო პრობლემაა. რაც უფრო მეტი კვანძია ამოკვეთილი, მით უფრო მეტადაა გამოხატული ლიმფედემა. კვანძების ამოკვეთის თანმხლები დისკომფორტის მთავარი მიზეზი სწორედ ის გახლავთ.

ზოგ ავადმყოფს უსაფუძვლოდ ეშინია კვანძების ამოკვეთის გამო იმუნური სისტემის დასუსტებისა. იმუნური სისტემა საკმაოდ დიდია, ის მთელ ორგანიზმშია განაწილებული და რამდენიმე კვანძის ამოკვეთა მას ვერაფერს დააკლებს.

ლიმფომა

ლიმფომა ლიმფურ კვანძში არსებული ლიმფოციტებისგან, სისხლის თეთრი უჯრედებისგან, ვითარდება და ორნაირია: ჰოჯკინისა და არაჰოჯკინის. ისინი სხვადასხვანაირად რეაგირებენ მკურნალობაზე. სხვადასხვანაირია მათი პროგრესირების უნარიც. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მათი და მათივე ქვეტიპების ერთმანეთისგან დიფერენცირება. აქვე გეტყვით, რომ ჰოჯკინის ლიმფომაზე მიუთითებს მიკროსკოპული გამოკვლევისას რიდ-სტენბერგის უჯრედების პოვნა.

ლიმფური კვანძში ბევრი B და T ლიმფოციტია. B უჯრედები ბაქტერიებისა და ვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულებს წარმოქმნიან. T უჯრედების ნაწილი მიკრობებსა და სხეულის გადაგვარებულ უჯრედებს ანადგურებს, ნაწილი კი იმუნური სისტემის სხვა უჯრედების ფუნქციას არეგულირებს, მათ მოქმედებას აჩქარებს ან ანელებს.

ვინაიდან ლიმფური სისტემა მთელ სხეულშია დაქსაქული, ლიმფომის განვითარება ნებისმიერ ადგილასაა მოსალოდნელი: ლიმფურ სადინარებში, ელენთაში, ძვლის ტვინში, თიმუსში, ადენოიდებსა და ტონზილებში, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

ჰოჯკინის ლიმფომა

ჰოჯკინის ლიმფომა B უჯრედების ლიმფომაა. ყველაზე ხშირად ის სხეულის ზედა ნაწილში არსებულ ლიმფურ კვანძებში ვითარდება: გულმკერდში, კისერზე, იღლიის ქვეშ. იშვიათად, გვიან სტადიებზე, შესაძლოა გავრცელდეს ღვიძლში, ფილტვებში, ძვლის ტვინში.

არაჰოჯკინის ლიმფომა

არაჰოჯკინის ლიმფომა, გარდა ლიმფური კვანძებისა და სხვაგან მდებარე ლიმფური ქსოვილისა, იშვიათად კანზეც ვითარდება. ისიც უმეტესად B უჯრედებისგან წარმოიქმნება. მისი კლასიფიკაცია დაფუძნებულია იმაზე, რომელი ტიპის ლიმფოციტისგან წარმოიშვა, როგორია მისი მიკროსკოპული სურათი, რა ქრომოსომული თავისებურებები აქვს და რა პროტეინები აღმოჩნდება მისი უჯედების ზედაპირზე.

არაჰოჯკინის ლიმფომის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ლიმფომის ზრდისა და გავრცელების სიჩქარეს. ინდოლენტური ლიმფომები ნელა იზრდება და ვრცელდება. ექიმი შესაძლოა დაკვირვებას დასჯერდეს და მკურნალობა არც კი დაიწყოს. ამის მაგალითია ფოლიკულური ლიმფომა. აგრესიული ლიმფომის ზრდა და გავრცელება კი სწრაფად  მიმდინარეობს და ამ დროს სასწრაფო მკურნალობაა საჭირო. ასეთია, მაგალითად, დიფუზური B-უჯრედოვანი ლიმფომა.

ლიმფომა, ზრდის ტემპისგან დამოუკიდებლად, შესაძლოა გავრცელდეს როგორც ლიმფური სისტემის სხვა ნაწილში, ისე სხვა ორგანოებშიც: ღვიძლში, თავის ტვინში, ძვლის ტვინში.

საყურადღებო ნიშნები

ლიმფომას, გარდა ლიმფური კვანძის გადიდებისა, ახასიათებს მუდმივი დაღლილობა, მაღალი ტემპერატურა, ღამის ოფლიანობა, ქოშინი, წონის უმიზეზო კლება, კანის ქავილი. ამ ჩივილების შემთხვევაში აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ.

 მარი აშუღაშვილი

გააზიარე: