ზაფხულის გამოწვევები

გააზიარე:

ზაფხული წელიწადის ის დროა, როდესაც სიცოცხლე ჩქეფს. ქუჩები, ეზოები, სკვერები, სანაპიროები ხალხითაა სავსე. მაგრამ ამ ნათელ დღეებს ჩრდილიც ახლავს. ზაფხული უამრავ გამოწვევას გვთავაზობს და თუ მას მოუმზადებლები შევხვდით, შესაძლოა, ეს მშვენიერი სეზონი ჩაგვშხამდეს.

მოდი, გავიხსენოთ ზაფხულის ყველაზე გავრცელებული დაავადებები და გავიგოთ, როგორ დავიცვათ მათგან თავი, რათა ზაფხული მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად დაგვრჩეს.

სეზონური ცვლილები და ორგანიზმი

ზაფხულს შემოდგომა მოსდევს, შემოდგომას – ზამთარი, ზამთარს – გაზაფხული და ისევ ზაფხული. ჩვენს ორგანიზმს კი ამასთან შეგუება უწევს. ჰაერის მასების მოძრაობა და ტემპერატურის ცვალებადობა, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ალერგენის, ვირუსისა თუ ბაქტერიის გააქტიურება ახალ დაავადებებს და უკვე არსებულ დაავადებათა სეზონურ გამწვავებას იწვევს. კონტროლს აღარ ემორჩილება არტერიული წნევა, თავს იჩენს გაღიზიანებადობა, განწყობის ცვალებადობა, თავის ტკივილი, დაღლილობა, ირღვევა მენსტრუალური ციკლი...

მზე – ჩვენი მეგობარი და მტერი

ზაფხულობით უფრო ამაღლებულ განწყობაზე ვდგებით, რადგან მზის სინათლე ხელს უწყობს სეროტონინის – ბედნიერების ჰორმონის – გამომუშავებას. სეროტონინის წყალობით ადამიანი უფრო კონცენტრირებული და მშვიდი ხდება. ღრუბლიან დღეებში სეროტონინის დონე იკლებს, რასაც სეზონურ დეპრესიამდე მივყავართ. მზის სხივებისავე გავლენით კანში გამომუშავდება D ვიტამინი, რომელზეც დამოკიდებულია ძვლებისა და კბილების სიმაგრე. მზის გამოსხივება ასტიმულირებს და აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, მაღლა სწევს სხეულის საერთო ტონუსს.

მაგრამ რამდენადაც მაცოცხლებელია მზის ზომიერი ზემოქმედება, იმდენადვე სახიფათოა ჭარბი. მზის გულზე დიდხანს ყოფნამ შესაძლოა ორგანიზმის გადახურება და დეჰიდრატაცია – გაუწყლოება – გამოიწვიოს, ძლიერი გაუწყლოება კი სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობაა. მზის ჭარბი აბაზანების შესაძლოა გამოიწვიოს კანის დამწვრობა. მაღალ ტემპერატურაზე ჰაერი მეტად ბინძურდება, იმატებს ნახშირორჟანგისა და ოზონის დონე. ოზონი აირია, რომელიც ბუნებრივად გროვდება ატმოსფეროს ერთ–ერთ შრეში, სტრატოსფეროში, და ულტრაიისფერ სხივებს შთანთქავს, რითაც მზის მავნე ზემოქმედებისგან გვიცავს. ადამიანებისა და მცენარეებისთვის კი ეს აირი მომწამვლელია, ამიტომ დედამიწის ზედაპირზე მისი დაგროვება საშიშია. მავნე აირები წარმოიქმნება ავტომობილებისა თუ საწარმოების გამონაბოლქვის და სხვა ქიმური ნივთიერებების მზის სხივებთან ურთიერთქმედების შედეგად. მაღალი კონცენტრაციის ოზონით დიდხანს სუნთქვა ვნებს სასუნთქ სისტემას, არღვევს ფილტვების ფუნქციას და იწვევს სასუნთქი გზების ანთებას, ამწვავებს ასთმას და ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას. მაღალი ტემპერატურა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის, ამიტომ ზაფხულობით ხშირია წყლითა და საკვებით მოწამვლა. მზის სითბოს დღის სინათლეზე გამოჰყავს სისხლისმწოველი და ინფექციის გადამტანი მწერები – ბუზები, კრაზანები, მოსკიტები, ტკიპები – და შხამიანი ქვეწარმავლები, მათთან კონტაქტი კი, დიდი შანსია, ადამიანისთვის სავალალოდ დასრულდეს.

მაინც რა გვემუქრება ზაფხულში?

მზის დარტყმა

სხეულზე მზის სხივების ხანგრძლივი და ინტენსიური ზემოქმედება სხეულის გადახურებას და გაუწყლოებას იწვევს, რა, როგორც უკვე ვთქვით, სიცოცხლისთვის სახიაფათოა. გადახურების დროს ორგანიზმი მთელი ძალით ცდილობს გაგრილებას – დიდი რაოდენობით სისხლი მიედინება კანის ზედაპირისკენ, შედეგად კი სისხლმომარაგება აკლდება თავის ტვინს, კუნთებს და სხვა ორგანოებს.

მზით დამწვრობა

თუ მცხუნვარე მზის ქვეშ ზომაზე მეტ დროს გაატარებთ, შესაძლოა, კანის ძლიერი დამწვრობა მიიღოთ. პირველი რამდენიმე საათი ეს შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოთ, მოგვიანებით კი კანი აგეწვათ, აგიწითლდეთ და ბუშტუკები გადასხდეთ. რაც მთავარია, მზით დამწვრობა ზრდის მომავალში მელანომის – კანის სიმსივნის – განვითარების რისკს.

ბაქტერიული ინფექციები

მაღალი ტემპერატურა, როგორც უკვე ვთქვით, ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბაქტერიების გამრავლებისთვის. ამიტომაც ხშირდება ზაფხულობით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბაქტერიული ინფეციები. ისინი დაბინძურებული საკვებითა და წყლით გადაეცემა და მაღალი სიცხით, დიარეით, ღებინებით მიმდინარეობს.

ვირუსული ინფექციები

შეამჩნევდით, რომ ზაფხულობით გრიპი და გაციება იშვიათია. ეს ნორმალურია, რადგან ვირუსებს დაბალი ტემპერატურა ურჩევნიათ, მაგრამ ინფიცირების ალბათობა ზაფხულშიც არსებობს. დამნაშავე უმეტესად ენტეროვირუსია. ის ადამიანის ორგანიზმში იჭრება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მრავლდება (ენტეროვირუსიც ამიტომ ჰქვია), რაც ტემპერატურის უეცარ მატებას (38-39 გრადუსამდე), თავის ძლიერ ტკივილს, სურდოს, ყელის ტკივილს, ხველას, კონიუნქტივიტს, გულისრევა-ღებინებას და ზოგჯერ დიარეასაც იწვევს. გადაცემის ძირითადი მექანიზმი ფეკალურ-ორალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფიცირება ხდება ცხვირის, პირის, თვალების ლორწოვანზე დაუბანელი ხელის შეხებით ფეკალიებით დაბინძურებულ ზედაპირთან კონტაქტის შემდეგ.

ბავშვთა ასაკის ინფექციური დაავადებებიც: წითელა, ჩუტყვავილა, ყბაყურა და სხვები –  სწორედ ზაფხულში, ცხელ და ტენიან ამინდში ხშირდება.

აკნე

აკნე კანის დაავადებაა, რომელიც კანის მკვდარი უჯრედებითა და ჭარბი ცხიმით თმის ფოლიკულების დახშობის შედეგად ვითარდება. გამონაყარი შეიძლება მთელი წელი გაგრძელდეს, მაგრამ მაღალი ტემპერატურა ერთიორად ზრდის ცხიმის გამოყოფას, რაც აკნეს ხელშემწყობი მძლავრი ფაქტორია.

სოკოვანი დაავადება

ქალების 75 პროცენტზე მეტს სიცოცხლეში ერთხელ მაინც გადაუტანია საშოს სოკოვანი ინფექცია – ვაგინალური კანდიდოზი. ეს დაავადებაც უმეტესად ზაფხულის ცხელ დღეებში გვახსენებს თავს, რადგან ამ დროს როგორც გარემოში, ისე ადამიანის ორგანიზმშიც   ხელსაყრელი პირობებია სოკოს გამრავლებისთვის.

უთხარით ავადმყოფობას "არა"

დაავადების რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მისი შემცირება ჩვენს ხელთაა.

უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეთ საფრთხე, რომელსაც მზესთან შეთამამება გვიქადის. დიდხანს ნუ გაჩერდებით მზეზე, ხოლო შინიდან გასვლამდე ოცდაათი წუთით ადრე წაისვით მზისგან დამცავი კრემი. ნუ მიიღებთ მზის აბაზანებს დილის თერთმეტიდან საღამოს ოთხ საათამდე. სვით ბევრი წყალი.

ბაქტერიული ინფექციების თავიდან ასაცილებლად აუცილებლად დაიბანეთ ხელები საპნით შინ დაბრუნებისას, ტუალეტით სარგებლობის შემდეგ, ჭამამდე და საჭმლის მომზადებამდე. გულდასმით გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული. თუ ისეთ ადგილას მოხვდით, სადაც წყლის ბუნებრივი რეზერვუარების სისუფთავე ეჭვს იწვევს, გამოიყენეთ მხოლოდ ბოთლებში ჩამოსხმული წყალი. თუ მასზე ხელი არ მიგიწვდებათ – ონკანის (წყაროს, ჭის) წყალი გამოყენებამდე (დალევამდე, საკვების ან ჭურჭლის გარეცხვამდე) აუცილებლად გადაადუღეთ.

ერიდეთ აუდუღარ რძეს და არაპასტერიზირებული რძის ნაწარმს.

ნუ დატოვებთ მზა კერძს უმაცივროდ. ნუ იყიდით საჭმელს და სასმელს ქუჩის მოვაჭრეებისგან.

სოკოვანი ინფექციის თავიდან ასაცილებლად კი სოკოს ზრდისა და გამრავლებისთვის არახელსაყრელი გარემო უნდა შეუქმნათ, რაც იმას ნიშნავს, რომ:

* თუ დიაბეტი გაქვთ, მუდმივად აკონტროლოთ და არეგულიროთ ორგანიზმში გლუკოზის დონე;

* მოიწესრიგოთ ჰორმონული ფონი.

* ერიდოთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშვილოსნოსშიდა იმპლანტის ჩადგმას.

* ზედმიწევნით დაიცვათ გარეთა სასქესო ორგანოების სისუფთავე და სიმშრალე, მაგალითად, აუზში ან ზღვაში ბანაობის შემდეგ დიდხანს არ დარჩეთ სველი საცურაო კოსტიუმით.

* დაიბანოთ მხოლოდ წყლით ან ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებებით.

* მიიღოთ თბილი და არა ცხელი აბაზანა.

* არ გამოიყენოთ ვაგინალური სპრეი – ის ანადგურებს სასარგებლო მიკროორგანიზმებს და ზრდის სოკოვანი ინფექციის განვითარების ალბათობას.

* ერიდოთ მოჭერილ შარვალს – შესაძლოა, გაოფლიანდეთ, ტენი და სითბო კი, როგორც უკვე გითხარით, სოკოს გამრავლების ხელშემწყობი ფაქტორებია.

* ჩაიცვათ მხოლოდ ბამბისზედაპირიანი საცვლები და კოლგოტები. აბრეშუმისა და ნეილონის ტარებას ერიდოთ, რადგან ეს ქსოვილები ზრდის გაოფლიანების ალბათობას.

თუ აკნე გაწუხებთ, ზაფხულის დადგომისთანავე მიმართეთ დერმატოლოგს, რათა თავიდან აიცილოთ გამონაყარის გამწვავება.

მწერებისგან თავის დასაცავად ბუნების წიაღში გასეირნებისას ჩაიცვით გრძელტოტებიანი შარვალი და გრძელმკლავებიანი ბლუზა/მაისური/პერანგი.

ქვეწარმავლებთან უსიამოვნო შეხვედრა თავიდან რომ აიცილოთ, ერიდეთ მაღალ ბალახს. თუ საკუთარი ეზო გაქვთ, რეგულარულად გაკრიჭეთ. მინდორში და ტყეში სიარულისას გამოიყენეთ ჯოხი და დაკვირვებით იარეთ. თავის დასაზღვევად ჩაიცვით გრძელტოტებიანი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი.

სასუნთქი სისტემის დაავადებათა გამწვავების თავიდან ასაცილებლად დაისვენეთ მთის კურორტებზე.

თუ ამ რჩევებს გაითვალისწინებთ, ზაფხულს ნამდვილად სასიამოვნო მოგონებად აქცევთ.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: