რატომ არის გარეული ცხოველების ვირუსები ადამიანისთვის ასეთი საშიში

გააზიარე:

 

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია უკანასკნელი მაგალითია დაავადებისა, რომელიც ცხოველისგან ადამიანს გადაედო. მედიცინა აქამდეც არაერთხელ შეჯახებია ზოონოზური ანუ ცხოველებისგან შეძენილი ინფექციებით გამოწვეულ საფრთხეს. 2012 წელს გამოქვეყნებული საერთაშორისო მოხსენების თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად 56 ასეთი დაავადება 2.5 მილიარდ ადამიანს ემართება, რომელთაგან 2.7 მილიონი სიკვდილით სრულდება.  ამ დაავადებათა შორისაა ცოფი, ტოქსოპლაზმოზი, Q ცხელება, დენგეს ცხელება, ფრინველის გრიპი, ებოლა, ჯილეხი. გასული საუკუნის ოციან წლებში ესპანურ გრიპს (იწვევს ფრინველური წარმოშობის ვირუსი H1N1) 50 მილიონი ადამიანი შეეწირა, 1968 წელს ჰონკონგის გრიპს (იწვევს ფრინველის გრიპის A ტიპის ვირუსი, H2N2) – 700 000. ისტორიული მეხსიერება და ახლანდელი პანდემია ბადებს კითხვას: რატომ არის საშიში ამ ტიპის ინფექციები ადამიანისთვის?

რა გზით გადაეცემა მიკროორგანიზმები ცხოველისგან ადამიანს?

* პირდაპირი კონტაქტით (გულისხმობს შეხებას ინფიცირებული ცხოველის ნერწყვთან, სისხლთან, ლორწოსა და სხვა სითხეებთან);

* არაპირდაპირი კონტაქტით  – იქ, სადაც ცხოველებს უწევთ ყოფნა და გარემო შეიძლება მიკროორგანიზმებით იყოს დაბინძურებული;

* ტრანსმისიურად – ტკიპას ან მწერის (კოღოს, რწყილის) ნაკბენით;

* საკვებისმიერი გზით, მაგალითად, არაპასტერიზებული (ან აუდუღარი) რძის, არასათანადოდ მოხარშული ხორცისა და კვერცხის, ინფიცირებული ცხოველის ფეკალიებით დაბინძურებული უმი ხილისა და ბოსტნეულის საშუალებით. მხოლოდ ამერიკაში ამ გზით 6-დან 1 ადამიანი ინფიცირდება;

* წყლისმიერი გზით – ინფიცირებული ცხოველის ფეკალიებით დაბინძურებული წყლის საშუალებით (დალევისას, ბანაობისას, საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოყენებისას).

ახალი ზოონოზური დაავადება

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსის წყარო საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩOVID-19-ის გამომწვევი ვირუსი შAღშ-ჩOV-2 სათავეს სწორედ ცხოველებისგან იღებს. ჩOVID-19-ის შემთხვევათა რიცხვი მთელ მსოფლიოში თავბრუდამხვევი სისწრაფით იზრდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  მონაცემების თანახმად, 3 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული და ასეულათასობით გარდაცვლილი.

მაინც რატომ არის ასეთი საშიში გარეული ცხოველებისგან გადაცემული ინფექციები ადამიანისთვის?

ამ კითხვაზე პასუხი, ერთი მხრივ, ადამიანის იმუნურ სისტემაშია საძიებელი, მეორე მხრივ კი ბუნებრივ გადარჩევაში. განსაზღვრულ როლს ასრულებს დაავადების გადამტანი ცხოველის სახეობაც.

ცხოველის ვირუსი ადამიანის იმუნური სისტემის წინააღმდეგ

ადამიანის იმუნური სისტემისთვის უცხოა ცხოველის ვირუსი, ამიტომ მან არ იცის, როგორ ებრძოლოს დაუპატიჟებელ სტუმარს. მეცნიერებისთვის ცნობილია, რომ ვირუსების უმრავლესობას ადამიანის ორგანიზმი ეფექტურად ანადგურებს იმუნური სისტემის დახმარებით ან გამოდევნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის საშუალებით. ადამიანის ორგანიზმში შეჭრისას ცხოველის ვირუსისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამრავლებას. მას შეუძლია, განიცადოს მუტაცია, ადაპტირდეს ანუ შეეგუოს ახალ მასპინძელს, გამრავლებისა და განვითარებისთვის საჭირო ახალი უნარები გამოიმუშაოს. ამასობაში ადამიანის იმუნური სისტემა საპასუხო იერიშისთვის ემზადება, მაგრამ უცნობ მტერთან საბრძოლველი არსენალი ცარიელი აქვს და ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედოს. თავდაცვის გეგმას, რომელიც ადაპტაციური იმუნური სისტემის ნაწილია, გასააქტიურებლად დღეები და ზოგჯერ კვირები სჭირდება, ვირუსი კი უფრო სწრაფია, მალევე იძენს გამრავლების უნარს და შესაძლოა, სულაც დაუსხლტეს იმუნურ სისტემას.

უხილავი ბრძოლა

ამრიგად, ცხოველის ვირუსისა და ადამიანის იმუნური სისტემის ბრძოლის ველი ადამიანის ორგანიზმია. საბოლოოდ ან ერთი მათგანი იმარჯვებს, ან ორივე ჩიხში ექცევა. ვირუსი ცდილობს, შეეგუოს მასპინძელ ორგანიზმს და მის წიაღში განვითარდეს, თავისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას ისე, რომ მასპინძელი არ მოკლას, მანამდე მაინც, სანამ გამრავლებს უნარს არ გამოიმუშავებს. ცხოველის ვირუსებს შორის კორონავირუსის ოჯახის სხვა აგრესიული წევრებიც გვხვდება: ქათმის ინფექციური ბრონქიტის ვირუსი, კატის ინფექციური პერიტონიტის ვირუსი, გოჭების ტრანსმისიული გასტროენტერიტის ვირუსი, რომლის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100%-ს აღწევს. ადამიანის დასნებოვნებას არცერთი მათგანი არ იწვევს. ის ვირუსი კი, რომელსაც შეუძლია, განვითარდეს ცხოველის ორგანიზმში და, ამასთანავე, ადამიანის ინფიცირების უნარიც აქვს, გაცილებით საშიშია. საქმე ის არის, რომ ცხოველების იმუნური სისტემა მკვეთრად განხვავდება ადამიანის იმუნური სისტემისგან. მათ თავდაცვის ისეთი მექანიზმები აქვთ, რომლებიც ადამიანს აკლია.

ღამურები და მათი ზემძლავრი იმუნიტეტი

ისეთი საშიში ვირუსები, როგორებიცაა შAღშ, MEღშ და ებოლა, სათავეს ღამურებისგან იღებენ. საინტერესოა, რა აქვთ ამ ძუძუმწოვრებს ისეთი, რაც ადამიანს არ გააჩნია? რისი ბრალია, რომ ადამიანისთვის უკიდურესად სახიფათო ვირუსი მშვიდად მრავლდება ღამურას ორგანიზმში, მაგრამ მასპინძელს ვერაფერს აკლებს? კალიფორნიაში, ბერკლის უნივერსიტეტის, მკვლევრები სწორედ ამით დაინტერესდნენ და აღმოაჩინეს, რომ ღამურებს უნიკალური იმუნური შესაძლებლობები აქვთ: მაშინაც კი, როცა მათ სხეულში ვირუსი დაუბრკოლებლად მრავლდება, არ ავადდებიან. ზოგიერთი ღამურას ორგანიზმში ვირუსის საწინააღმდეგოდ აღიძვრება იმუნური პასუხი, რომელსაც მუდმივად ჩართული ინტერფერონის მექანიზმს უწოდებენ. ბევრი სხვა ძუძუმწოვრის სხეულში ასეთი ზემძლავრი იმუნიტეტი მათსავე დამაზიანებელ ანთებას გამოიწვევდა, ღამურას ორგანიზმი კი ანთების საწინააღმდეგო უნიკალური მექანიზმის წყალობით ამისგან დაზღვეულია. ღამურების უნიკალური იმუნური შესაძლებლობები თანდათან აძლიერებს ვირუსს და ის სწრაფად მრავლდება.

ამერიკელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს ღამურას ორი სახეობის უჯრედულ ხაზებზე. დადგინდა, რომ ორივე სახეობასთან ძლიერ ანტივირუსულ რეაქციებს ვირუსები უჯრედიდან უჯრედზე უფრო სწრაფი გავრცელებით პასუხობდნენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ღამურების იმუნური სისტემა ხელს უწყობს უფრო სწრაფად გავრცელებადი ვირუსების განვითარებას და ვიდრე ღამურები კარგად იცავენ თავს მათთვის დამახასიათებელი ვირუსებისგან, საფრთხე ემუქრებათ სხვა ძუძუმწოვრებს, მათ შორის – ადამიანებს.

ჩOVID-19: ღამურა, პანგოლინი თუ გველი?

ახალი კორონავირუსის გავრცელებამ წარმოშვა მრავალი თეორია იმის თაობაზე, რომელ ცხოველს შეიძლებოდა გადაეცა ადამიანისთვის შAღშ-ჩOV-2. შესაძლო გადამტანებად მეცნიერები ღამურასთან ერთად პანგოლინს და გველსაც კი განიხილავენ. გადამტანი სახეობის დადგენა მკვლევრებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაიცნონ ვირუსის გენეტიკური სტრუქტურა და მასთან ბრძოლის მეთოდები დახვეწონ. არც ახალი კორონავირუსის რამდენიმე წყაროს არსებობას გამორიცხავენ, როგორც ეს სხვა ტიპის კორონავირუსების შემთხვევაშია. მაგალითად, MEღშ კორონავირუსის წყარო აქლემებთან ერთად აქლემისებრთა ოჯახის სხვა ძუძუმწოვრებიც არიან.

განურჩევლად იმისა, რომელი ცხოველისგან გადაეცა ადამიანს ახალი კორონავირუსი, ამჟამად უფრო მნიშვნელოვანია, სად და როდის განიცადა მან მუტაცია.

ორი სცენარი

კალიფორნიაში მდებარე სკრიპსის კვლევით ინსტიტუტში მეცნიერთა ჯგუფმა სცადა, ამჟამად ხელმისაწვდომი გენომური მონაცემების საფუძველზე განესაზღვრა, ბუნებრივი წარმოშობისაა ახალი კორონავირუსი თუ ხელოვნურადაა შექმნილი ადამიანის მიერ. დაადგინეს, რომ ვირუსი ბუნებრივი ევოლუციის შედეგია, ხოლო პანდემიის გამოსავალი, მკვლევართა აზრით, მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, ვირუსი ახლანდელი ფორმით ადამიანის სხეულში ადაპტირდა თუ ცხოველისაში. თუ შAღშ-ჩOV-2-მა ახლანდელი ფორმა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრამდე, ცხოველებში მიიღო, დაავადების განმეორებითი განვითარების ალბათობა მაღალია, რადგან ცხოველები გააგრძელებენ ერთმანეთისთვის მის გადაცემას და ვირუსიც ნებისმიერ დროს შეიძლება დაუბრუნდეს ადამიანებს. მეცნიერთა აზრით, ამით შეიძლება აიხსნას ვირუსის ასეთი სწრაფი გავრცელებაც. ცხოველებში ვირუსმა პათოგენური ნიშან-თვისებები განივითარა და სწრაფად გავრცელებისა და გამრავლებისთვის უკვე მომზადებულმა შეაღწია პირველი მასპინძელი ადამიანის ორგანიზმში. ამის საპირისპიროდ, თუ ვირუსმა ახლანდელი ფორმა ადამიანის ორგანიზმში მიიღო, მაშინ ცხოველიდან ადამიანზე ხელახალი გადაცემის შემთხვევაშიც კი დაავადების გავრცელება ნაკლებად მძიმე სცენარით წარიმართება. მეცნიერებს ჯერჯერობით უჭირთ იმის დაბეჯითებით თქმა, რომელი ვარიანტია სარწმუნო. ამისთვის კიდევ უფრო საფუძვლიანი კვლევებია ჩასატარებელი.

 მარიამ რამაზაშვილი

 

 

 

გააზიარე: