ემა გეიტვუდი

გააზიარე:

 

არიან ქალები, რომლებიც თავიანთი გადაწყვეტილებებით, ქმედებებით, სითამამით და გაბედულებით აღგაფრთოვანებენ და გაფიქრებინებენ: “მეც შემიძლია!”

რა კარგია, რომ არიან...

 

ემა გეიტვუდი შორეულ 1887 წელს, 25 ოქტომბერს მოევლინა ქვეყანას. თავად 11 შვილი შობა.

67-ის რომ გახდა, გადაწყვიტა, ახლა კი დროა, ის ვაკეთო, რაც თავად მე მინდაო და იმ ასაკში, როცა ეს წარმოუდგენელი და ბევრისთვის მიუღებელიც კია, ახალი ცხოვრება დაიწყო.

ბავშვობა

ემა ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქში დაიბადა. 15 დედმამიშვილს მოცუცქნულ ოთახში ერთად ეძინა. ემას მამამ სამოქალაქო ომის დროს ფეხი დაკარგა, ამის გამო სმას მიჰყო ხელი და აზარტული თამაშებით იქცევდა თავს. ასე ივიწყებდა ომის საშინელებებს. დედას მძიმე ჭაპანი დააწვა – მარტო უმკლავდებოდა ლოთ ქმარს და 15 შვილს.

ფერმერის ცოლი

19 წლისა ცოლად გაჰყვა 27 წლის განათლებულ ახალგაზრდა კაცს, პერი ეტვუდს. ქმარი თავდაპირველად სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. ემა ოჯახს უძღვებოდა და ნათელი მომავლის გეგმებს აწყობდა. მალე ქმარმა სკოლას თავი დაანება და თამბაქოს მოშენებას მიჰყო ხელი.

მასწავლებლობის დროს ქმარი არ მონაწილეობდა საოჯახო საქმეებში. რაც ფერმერი გახდა, შინ მეტ დროს ატარებდა და ცოლს გასაქანს არ აძლევდა. ამ კაცს ცოლი რაღაც საშუალო ეგონა შინამოსამსახურესა და მუშა სახედარს შორის. ქალს ცემენტის ზელას და საჭირო ნაგებობების მშენებლობას აიძულებდა. ემა საოჯახო საქმეებსაც უნდა გასწვდენოდა და ქმრის ახალი გატაცებისთვის საჭირო შავი სამუშაოებიც უდრტვინველად შეესრულებინა, იმიტომ რომ შეპასუხებას ან ბრძანების შეუსრულებლობას სასტიკი ცემა მოსდევდა. კაცისთვის ცოლთან ურთიერთობის ერთადერთი ფორმა ძალადობა იყო. ფსიქიკურად დაავადებულთა ჰოსპიტალში გამოკეტვით ემუქრებოდა. რამდენჯერმე სიკვდილის პირასაც კი მიიყვანა ცემით.

ერთხელაც ქალმა ვეღარ მოითმინა, ძალადობის ისტერიკაში ჩავარდნილ კაცს ფქვილის ტომარა გაუქანა და კედელს მიაჭყლიტა. ემა ამ გაუგონარი საქციელისთვის დაიჭირეს. საბედნიეროდ, ოლქის შერიფი ნორმალური ადამიანი აღმოჩნდა, ემას დალეწილი სახის შემხედვარემ ციხის საკნის ნაცვლად საკუთარ სახლში წაიყვანა ქალი. ბოლოს და ბოლოს, ემას დასვენების და გამოძინების საშუალება მიეცა.

ამ შემთხვევის შემდეგ ემამ განქორწინება მოითხოვა და მიიღო კიდეც. თავისუფლების მოპოვება ენით აუწერელი ბედნიერება იყო მისთვის.

ახალი ცხოვრების დასაწყისი

ერთადერთი შვება ემასთვის “ნეიშენალ გეოგრაფიკის” ჟურნალების კითხვა იყო. ქალი გატაცებით კითხულობდა ველური ბუნების შესახებ. ეცნობოდა მოგზაურთა ისტორიებს, ცხოველებისა და მცენარეების თავისებურებებს. ზოგჯერ ქმრის მუშტებს ტყეში გაურბოდა. “ერთხელაც ჟურნალში ამოვიკითხე, რომ ამერიკაში არის ერთი მარშრუტი, რომელიც არც ერთ ქალს არასდროს გაუვლია და ვიფიქრე, რა იქნება, მე რომ ვიყო ის ქალი-მეთქი. ასეც მოვიქეცი”. 

ემა მწვერვალებს იპყრობს

1955 წელს 67 წლის ემამ უფროს შვილებს შესძახა, ცოტას გავისეირნებო და პატარა ნაბიჯებით გაუყვა 3000 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზას. ყოველგვარი სპეციალური აღჭურვილობის გარეშე. ფეხზე კედები ამოიცვა, საბანი და საწვიმარი საკუთარი ხელით შეკერილ ჯინსის ჩანთაში ჩაიწყო, მხარზე გადაიკიდა და წავიდა. სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში ამოკითხული ცნობები ძალიან გამოადგა. უმეტესად ღია ცის ქვეშ ეძინა, მიტოვებულ შენობებში ან საპიკნიკე ადგილებზე. როცა საგზალი შემოელეოდა, ტყის ნობათით იკვებებოდა. როცა ძალიან შესცივდებოდა, ცეცხლს ანთებდა და გამთბარ ქვებზე იძინებდა. უცნაური ქალი მოგზაურის შესახებ ხმები სწრაფად გავრცელდა – ზოგჯერ ემა დასახლებულ პუნქტებს ჩაუვლიდა და ხალხს დახმარებას სთხოვდა.

მარშრუტი ემამ 142 დღეში გაიარა. შინ დაბრუნებული, უკვე საქვეყნოდ ცნობილი იყო. ტელევიზიები და ჟურნალ-გაზეთები ინტერვიუებს სთხოვდნენ...

ემა გეიტვუდი 85 წლისა გარდაიცვალა გულის შეტევით.

ემა გეიტვუდი გირჩევთ:

“შეიკერეთ საწვიმარი, გადაიკიდეთ სამგზავრო აბგა, შეიძინეთ გამძლე კედები, მოიმარაგეთ საკვები. ყველაფერ დანარჩენს, რაც დაგჭირდებათ, გზადაგზა იშოვით და მოიწყვეთ თავგადასავალი”.

ნინო ლომიძე

გააზიარე: