9 მითი დაავადებათა შესახებ
გააზიარე:
წინაპართა დანატოვარი მრავალი რეცეპტი თაობიდან თაობას გადაეცემა და მიუხედავად იმისა, რომ წამლის მოქმედების მექანიზმი ალბათ არც ერთმა ჩვენმა წინაპარმა არ იცოდა, საუკუნეებით ნაცადი ამ რეცეპტების ეფექტურობაში ეჭვს ვერ შეიტანთ. თუმცა ხალხში გავრცელებულია უამრავი მცდარი წარმოდგენაც, რომლებიც ხშირად ხელსაც კი უშლის მკურნალობას. მოდი, თვალი გადავავლოთ ამ მითებს და გავარკვიოთ, სად არის დამარხული ძაღლის თავი.
- მაღალი სიცხის დროს კარგია ძმრიანი წინდების ჩაცმა და სხეულის სპირტით დაზელა
ამ მითს თამამად შეიძლება ვუწოდოთ მითების დედოფალი. იშვიათია ოჯახი, სადაც ამ მეთოდს დღემდე არ მიმართავდნენ.
ბავშვებთან სიცხის დამწევი ყველაზე ეფექტური საშუალება პარაცეტამოლი და იბუპროფენია, მაგრამ ზოგჯერ ტემპერატურა მაინც არ იკლებს. სწორედ ამ დროს გამოდიან სცენაზე კარგად ნაცნობი ძმრიანი წინდები. პედიატრები სიცხის დროს ძმრისა და სპირტის გამოყენებას არ გვირჩევენ – ისინი შეიცავენ ალკოჰოლს, რომელიც ორგანიზმში შეიწოვება და ალერგიულ და ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს. ნაცვლად ამისა, შეიძლება, ბავშვი ნელთბილ წყალში დასველებული ხაოიანი პირსახოცით დავზილოთ. მისი ეფექტი იგივეა, ტოქსიკური ზემოქმედება კი არ აქვს.
- ცხვირიდან სისხლდენისას თავი უკან უნდა გადავწიოთ
ცხვირიდან სისხლდენისას თავს თუ უკან გადავწევთ, სისხლი ხახის უკანა კედელზე ჩაედინება და გადაგვეყლაპება, რაც პირღებინებას და სისხლდენის გაძლიერებას გამოიწვევს. შესაძლოა, სისხლი სასუნთქ გზებშიც გადაგვცდეს. თუ ცხვირიდან სისხლი მოგდით, თავი, პირიქით, ოდნავ წინ დახარეთ, ცხვირის ფუძესთან ყინული მიიდეთ და ხუთიოდე წუთის განმავლობაში მაგრად მოიჭირეთ თითები ნესტოებზე – ისე, რომ ნესტოები მაგრად მიებჯინოს ცხვირის ძგიდეს. ამ დროს ზეწოლა ხდება სისხლძარღვებზე და სისხლდენა უმეტესად წყდება.
- ჩუტყვავილას დროს ბანაობა არ შეიძლება
ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომელიც ბუშტუკოვანი გამონაყარით მიმდინარეობს. ალბათ ყველას გაგვიგონია, რომ ამ დროს ბანაობა არ შეიძლება. სინამდვილეში პირიქითაა. ჩუტყვავილას ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულება მეორეული ბაქტერიული ინფექციაა. ამ დროს სხეულზე ჩირქოვანი გამონაყარი ჩნდება და შესაძლოა, აბსცესიც კი ჩამოყალიბდეს. ასეთი გართულება თავიდან რომ ავიცილოთ, საჭიროა წყლის რეგულარული გადავლება და ანტისეპტიკური ხსნარებით კანის გასუფთავება, ოღონდ ფრთხილად, ბუშტუკები რომ არ დააზიანოთ. დაბანის შემდეგ ბავშვი ნაზად გაამშრალეთ რბილი პირსახოცით.
- ტკბილეული კარიესს აჩენს
ბავშვებს ხშირად უკრძალავენ ტკბილეულს. ბევრს ჰგონია, რომ კარიესისგან გაშავებული კბილები ტკბილეულის სიყვარულში გვამხელს. სინამდვილეში კარიესს ტკბილეულის ჭამა კი არა, პირის ღრუში მისი დიდხანს გაჩერება იწვევს. საკვების დაღეჭვის შემდეგ მისი წვრილი ნაწილაკები კბილებს შორის, ლორწოვანი გარსის ნაოჭებში და ენაზე რჩება. შაქარი, ტკბილი სასმელები, შოკოლადი და ზოგიერთი საკონდიტრო ნაწარმი სწრაფად იხსნება ნერწყვში და მალე ტოვებს პირის ღრუს, ხოლო პურ-ფუნთუშეულის, ხორცპროდუქტებისა და ხილის შეემადგენლობაში შემავალი რთული ნახშირწყლების გასახსნელად მეტი დროა საჭირო, ამიტომ მათი დაშლის პროცესი პირდაპირ პირის ღრუში იწყება. ამაში ნერწყვის ფერმენტებთან ერთად მიკროორგანიზმებიც მონაწილეობენ. სწორედ საკვების დასაშლელად მათ მიერ გამოყოფილი აქტიური ნივთიერებებია კარიესის განვითარების ერთ-ერთი მიზეზი.
ექიმები გვირჩევენ, ჭამის შემდეგ ათიოდე წუთის განმავლობაში ვღეჭოთ საღეჭი რეზინი, გავიხეხოთ კბილები ან, უბრალოდ, პირში წყალი გამოვივლოთ.
- ხელების დაბუჟება მაღალმა პროთრომბინმა იცის
გარწმუნებთ, პროთრომბინის ინდექსს ხელების დაბუჟებასთან საერთო არაფერი აქვს. პროთრომბინის ინდექსი სისხლის შედედების ფუნქციის მაჩვენებელია. ხელების დაბუჟებას კი მრავალი მიზეზი აქვს, მაგრამ არა მომატებული პროთრომბინის ინდექსი. თუ ხეელები გიბუჟდებათ, უნდა გამოირიცხოს შემდეგი დაავადებები:
კარპული გვირაბის სინდრომი. თითების მამოძრავებელი მყესები ე. წ. კარპულ გვირაბშია მოთავსებული. აქვეა ნერვი, რომელიც ხელისგულისა და თითების მგრძნობელობას განაგებს. როცა ისეთ სამუშაოს ვასრულებთ, რომელიც ხელს მეტისმეტად ტვირთავს, მყესები შუპდება და ნერვი იჭიმება, რასაც ხელების ტკივილი და დაბუჟების შეგრძნება მოჰყვება;
- ხერხემლის სვეტის კისრის მალების ოსტეოქონდროზული ცვლილებები. ამ დროს ტკივილი და დაბუჟება უფრო მეტად მხრებისა და ბეჭების არეში იგრძნობა;
- ენდოკრინული დაავადებები – შაქრიანი დიაბეტი ან ჰიპოთირეოზი. დიაბეტის დროს ვითარდება პერიფერიული ე. წ. ხელთათმანის ტიპის დაბუჟება;
- კისრის ნერვული წნულის დაზიანება;
- ვიტამინ B12-ის დეფიციტი;
- სისხლძარღვოვანი პათოლოგიები.
- ნატურალური ძროხის რძე ჩვილებისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე ხელოვნური ნარევები
ყველამ იცის, რომ დედის რძე შეუცვლელი საკვებია ახალშობილისთვის. ის ხელს უწყობს ჯანსაღი ნაწლავური მიკროფლორის ჩამოყალიბებას, რომელშიც ბიფიდობაქტერიები ჭარბობენ. დედის რძეში ცოტაა ფოსფორი და ცილა, ცილის დაბალი შემცველობა კი ამცირებს კვებითი ალერგიისა და სიმსუქნის განვითარების რისკს. გარდა ამისა, დედის რძე შეიცავს სპეციფიკურ ნივთიერებებს – პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც აუცილებელია იმუნური სისტემისა და ტვინის ადეკვატური განვითარებისთვის. რაც შეეხება ძროხის რძეს, მასში არ არის საკმარისი რაოდენობის რკინა, E ვიტამინი, უჯერი ცხიმოვანი მჟავები, სამაგიეროდ, 6-ჯერ მაღალია ფოსფორის შემცველობა, რაც მეტისმეტად დიდი დატვირთვაა ახალშობილის თირკმელებისთვის. რძის ასეთი შემადგენლობა კალციუმისა და D ვიტამინის შეწოვასაც არღვევს, კალციუმის დაბალი შემცველობის გამო კი ფერხდება ძვლების ნორმალური განვითარება. ძროხის რძით კვებისას 39%-ით იმატებს ანემიის განვითარების რისკი.
ძროხის რძის მიმართ ალერგია ჩვილებთან ალერგიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ძროხის რძეზე ალერგია მათ 2.5%-ს აღენიშნება. მოზრდილ ასაკში მაჩვენებელი 0,2%-მდე იკლებს. ალერგია შესაძლოა გამოვლინდეს ატოპური დერმატიტით და ალერგიული ეოზინოფილური გასტროენტერიტით, რომლის ნიშნებია მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა და წონის კლება. გამორიცხული არ არის სისხლიანი განავალი ენტეროკოლიტის ნიშნებით.
ხელოვნური ადაპტირებული ნარევები ზედმიწევნითაა მიახლოებული დედის რძის შემადგენლობასთან და პატარას ამგვარი გართულებებისგან იცავს.
- სანამ კატარაქტა არ მომწიფდება ოპერაცია არ არის სასურველი
თვალი, როგორც იცით, რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ერთი მათგანია ბროლი, რომელიც ბუნებრივი ლინზის ფუნქციას ასრულებს. ბროლი გამჭვირვალეა და სინათლეს ატარებს. კატარაქტა ბროლის შემღვრევაა. დაავადებული ადამიანი ისე ხედავს, თითქოს დაორთქლილი მინიდან იყურებოდეს. კატარაქტით გამოწვეული მხედველობის დაბინდვა ართულებს კითხვას, მანქანის ტარებას, განსაკუთრებით – ღამით. კატარაქტა უმეტესად ნელა ვითარდება და პირველ ხანებში საერთოდ არ გვაწუხებს, მაგრამ თანდათან პროგრესირებს და ხელს გვიშლის ყოველდღიურ საქმიანობაში. შესაძლოა, მხედველობა ისე დაქვეითდეს, რომ ადამიანი მხოლოდ სინათლეს ხედავდეს.
კატარაქტის მკურნალობა მხოლოდ ქირურგიულადაა შესაძლებელი. დღემდე გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, რომ ოპერაციის გასაკეთებლად კატარაქტის “მომწიფებაა” საჭირო. სინადვილეში ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე ოპერაციის გაკეთება უფრო ადვილიცაა და უფრო შედეგიანიც.
კატარაქტის ოპერაცია დაახლოებით 15-20 წუთს გრძელდება. ამ დროს შემღვრეულ ბროლს ხელოვნური ბროლით ცვლიან. ამ პროცედურას ფაკოემულსიფიკაცია ეწოდება. ოპერაცია “უსისხლოდ”, ადგილობრივი ანესთეზიით მიმდინარეობს. პაციენტი რამდენიმე დღეში უბრუნდება აქტიურ ცხოვრებას.
- ქუდის ტარება სიმელოტეს იწვევს
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მამაკაცებთან სიმელოტე ასიდან 95 შემთხვევაში გენეტიკურია და ჰორმონ ტესტოსტერონის სიჭარბესთანაა დაკავშირებული. დანარჩენ 5%-ში ბრალი მიუძღვის სტრესს, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონთა ბალანსის დარღვევას და ავტოიმუნურ პროცესებს, როცა ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს საკუთარი თმის ფოლიკულების მიმართ. გამელოტება შეიძლება დაიწყოს როგორც 25, ისე 60 წლის ასაკშიც. ქუდის ტარებასთან მას არავითარი კავშირი არ აქვს. პირიქით, ზამთარში ქუდი სასარგებლოა – ის კანს და თმის ფოლიკულებს მოყინვისა და დაზიანებისგან იცავს.
- ძუძუს კიბო გენეტიკურია
ძუძუს კიბოს წარმოშობაში გენეტიკას მხოლოდ 5-10%-ით მიუძღვის ბრალი, 90%-ით კი ის გარემო ფაქტორებსა და ცხოვრების წესზეა დამოკიდებული.
თეონა ირემაძე